Batumelebi | სახალხო დამცველი: ბათუმის ციხეში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებს სამარტოო საკანში ისევ ათავსებენ სახალხო დამცველი: ბათუმის ციხეში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებს სამარტოო საკანში ისევ ათავსებენ – Batumelebi
RU | GE  

სახალხო დამცველი: ბათუმის ციხეში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებს სამარტოო საკანში ისევ ათავსებენ

 

 7-9 მაისს საქართველოს პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განმეორებითი ვიზიტი განახორციელა. მონიტორინგმა პატიმრების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები გამოკვეთა; ფაქტობრივად არ შესრულებულა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2014 წლის 23-24 ოქტომბერს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების უმრავლესობა. 

 

უწყების ცნობით, დაწესებულებაში მწვავედ დგას არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხი. ვიზიტისას აშკარა იყო თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, რაც პატიმრების არასათანადო მოპყრობის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს; სამედიცინო პერსონალი კვლავაც ხარვეზებით აწარმოებს დაწესებულებაში მიღებული დაზიანებების დოკუმენტირებას.

არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად ხდება უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება. დაწესებულების ადმინისტრაცია ძირითადად ეყრდნობა ე.წ. „სტატიკური უსაფრთხოების“ ელემენტებს (განცალკევება, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა), რაც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის პირობებში, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას. შედეგად, დაწესებულებაში რჩება დაძაბული და კონფლიქტური სიტუაცია, თვითდაზიანების, ძალადობისა და აგრესიის გამოვლენის მაღალი რისკი.

სახალხო დამცველის მონიტორიონგის ჯგუფის ინფორმაციით,  “გაზრდილია დისციპლინური სახდელების გამოყენების მაჩვენებელი.  ისევ აქვს ადგილი ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსებას; სრულად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო სამედიცინო მომსახურება; არ ხდება დაწესებულების საკმარისი მედიკამენტებით მომარაგება. დაწესებულებაში არ არის მენიუ დიაბეტით დაავადებული პატიმრებისთვის. საკვების მომზადებისას არ არის გათვალისწინებული  სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა საჭიროებები.

კვლავაც პრობლემად რჩება დაწესებულების ფიზიკური გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მიუხედავად სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციისა, მოუგვარებელია ხელოვნური ვენტილაციის, ბუნებრივი განათებისა და წყალმომარაგების საკითხები.

დაწესებულებაში პრაქტიკულად არ ხორციელდება ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო აქტივობები. ამგვარ აქტივობათა განსახორციელებლად დაწესებულებაში არ არსებობს საკმარისი რესურსი.

დაწესებულებაში განთავსებისას პატიმართა ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილის გაუთვალისწინებლობა აფერხებს პაემნის უფლებით სარგებლობას. ხანმოკლე პაემანი ხორციელდება მინით გადატიხრულ ოთახებში, რის გამოც პატიმარი თავის ოჯახის წევრებთან ფიზიკურ კონტაქტს ვერ ამყარებს. სატელეფონო ზარი საკმარისი რაოდენობითა და კონფიდენციალურობის დაცვით ვერ ხორციელდება. არ ხდება დაწესებულების მაღაზიის პროდუქციით სათანადო მომარაგება.”

სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა სპეციალური ანგარიში მოამზადა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა