სიახლეები

დაზარალებულები მოსამართლეს წამებაში ბრალდებულების დაკავებას სთხოვენ

08.06.2015 • 1512
დაზარალებულები მოსამართლეს წამებაში ბრალდებულების დაკავებას სთხოვენ

 მარცხნივ: ზაზა ჯიქია, გიორგი ვეკუა

დაზარალებულებს შორის არიან პატიმრები, რომლებიც სასჯელს ციხეებში ახლაც იხდიან. ბოლო სასამართლო პროცესზე სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მისცა სასამართლოს ჩვენება. მან მოსამართლე დავით მამისეიშვილს ბრალდებულების – ჯიქიასა და ვეკუას დაპატიმრება სთხოვა. წამებაში ბრალდებულები პატიმრობიდან სასამართლომ გირაოს საფუძველზე ორი წლის წინ გაათავისუფლა.

“გიორგი ვეკუა ნანახი არ მყავს, ჯიქია საზიზღრად გვექცეოდა, მაყენებდნენ შეურაცხყოფას, სასწაულად გვამცირებდნენ, მკლავდნენ ცემით… თავში გვირტყამდნენ, ცემა ერთია, ფსიქოლოგიურად გვანგრევდნენ, მისი პატიმრებს კი არა თანამშრომლებსაც ეშინოდათ. ცემა ყველა ციხეშია, მაგრამ აქ უმიზეზოდ სცემდნენ… დედაჩემი ამოვიდა, 70 წლის ქალი და მხოლოდ შვიდი წუთი მომცეს უფლება მენახა, პაემნის უფლებას გვიზღუდავდნენ… თქვენ ფიქრობთ, რომ რასაც ვყვები ეს სიმართლე არ არის? 2010 წელს ვინც იხდიდა სასჯელს ყველას ჰკითხეთ, იმავეს მოგიყვებიან. ცემით ხალხი ხერხემალში ჰყავთ გადატეხილი. პირველად ციხეზე რომ ამიყვანეს, 2010 წელი იყო, ტანსაცმელი გამხადეს, მხრებზე ვარსკვლავი მეხატა, ქურდებს შეაგინეო მითხრეს, მე არა ვარ ქურდი, სხვას რატომ უნდა შევაგინო-მეთქი… მომკლეს ცემაში. უფრო ხშირად აბანოში გვცემდნენ, სისხლი ადვილად ირეცხებოდა და იმიტომ. რამდენჯერ მცემეს? – 10-12-ჯერ.

 

მე მაინტერესებს, რატომ არიან ისინი თავისუფლებაში, ჩვენ როცა დანაშაული ჩავიდინეთ, ორ თვეში გაგვასამართლეთ, ეს მწამებლები კი ორი წელია გარეთ არიან. ეს სამართალია, ბატონო მოსამართლე? ესენი ციხეში უნდა იყვნენ, ცუდი ხალხია ესენი, ძალიან ცუდი, საზიზღრობებს სჩადიოდნენ… მე გთხოვ დააპატიმროთ ესენი. როგორც მე გამასამართლეთ ორ თვეში, როცა დანაშაული ჩავიდინე, ესენიც ისე გაასამართლეთ”.

 

პატიმარმა, რომელსაც დაკითხვის პროცესში მთელი სხეული უცახცახებდა, გასვლის წინ ციხის ყოფილ ხელმძღვანელს მიმართა – “მაინტერესებს შვილი ან ცოლი არ გყავს? ცოდვის არ გეშინია?”. ის დარბაზიდან ბადრაგმა გაიყვანა, გასვლის დროს შეგინების გამო მოსამართლემ დარბაზიდან გაყვანილი პატიმარი 400 ლარით დააჯარიმა.

 

აი, რა უამბო კიდევ რამდენიმე პატიმარმა სასამართლოს: „ათასჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე. კედელთან მიგვაყენებდნენ ზურგით, უკნიდან ხელკეტებს გვირტყამდნენ, ადვოკატებმა იცოდნენ რაც ხდებოდა ციხეში, მაგრამ ვერაფერს ამბობდნენ, ეშინოდათ უარესი შედეგის… პასუხი უნდა აგონ ამათ იმ სისასტიკისთვის, რაც გამოვიარეთ…“

 

„გვცემდნენ ყოველ დღე უმიზეზოდ: საბანი ვითხოვე – მცემეს, ექიმს ვერ მოითხოვდი, ერთხელ ჩუსტი გამძვრა- იმიტომ მცემეს. ჯიქია მახსოვს იმიტომ, რომ ნიღაბი არ ეკეთა, სხვები ნიღბებით იყვნენ. ესენი გირაოთი არ უნდა იყვნენ გარეთ~.
ადვოკატები ტრადიციულად ერთსა და იმავე კითხვებს უსვამდნენ დაზარალებულებს: ჰყავდათ თუ არა მათ მოწმეები, როცა ციხეში სცემდნენ, რას ფიქრობდნენ მაყურებლის ინსტიტუტზე და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან. ზოგი პატიმარი ამ კითხვებს პასუხობს, ზოგი კი კითხვებით ღიზიანდება. ბრალდებულების ინტერესებს ადვოკატები – სოსო ჯალაღონია და პაატა ბოლქვაძე იცავენ, სახელმწიფო ბრალმდებელი კი პროკურორი ირაკლი გაჩეჩილაძეა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო მეორე წელია განიხილავს. ჯერ მოწმეების ნახევარიც არ ჰყავთ დაკითხული.

გადაბეჭდვის წესი