კვირის ამბები

1 800 რეპრესირებული გაზრდილ კომპენსაციას ელოდება

06.06.2015 • 1922
1 800 რეპრესირებული გაზრდილ კომპენსაციას ელოდება

 

 

საიას აჭარის ფილიალში რეპრესირებულთა რიგებია

 

რეპრესირებულ მოქალაქეებზე კომპენსაციის გაცემა ხელისუფლებამ 2011 წლიდან დაიწყო. მოქალაქეებმა თავიანთი და მათი ოჯახის წევრების რეპრესიის შესახებ დოკუმენტაციის მოძიება არქივებში დაიწყეს, სწორედ ამ მასალების საფუძველზე უნდა ეღიარებინა სასამართლოს ისინი რეპრესიების მსხვერპლად. საარქივო დოკუმენტაციის მოპოვება გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებდა, საკომპენსაციო თანხა კი, რომელსაც სახელმწიფო რეპრესირებულებზე გასცემდა, ძალიან დაბალი იყო – 200-300 ლარი. მაქსიმალური თანხა, რაც ამ პერიოდში რეპრესირებულებზე გაიცა, 500 ლარი იყო.

რეპრესირებულები ან მათი პირდაპირი შთამომავლები მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფომ მათ დასცინა, რადგან საკომპენსაციო თანხა არ იყო იმ ზიანის ადეკვატური, რაც თვითონ თუ მათმა ოჯახის წევრებმა მიიღეს საბჭოთა რეჟიმისგან. ამ მიზეზით ადამიანების გარკველმა ნაწილმა დოკუმენტების მოძიების პროცესი შეწყვიტა, რის გამოც ეს პირები კანონში შეტანილი ცვლილების მიუხედავად, გაზრდილ კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ.

„სასამართლოს ეს ადამიანები რეპრესირებულად 2014 წლის ბოლომდე უნდა ეღიარებინა. ეს იყო კანონით დადგენილი ვადა. გამომდინარე იქედან, რომ თავდაპირველად კომპენსაციის თანხა იყო ძალიან დაბალი, გარკვეულმა პირებმა ჩათვალეს, რომ პროცესის გაგრძელება აღარ ღირდა, არც სასამართლოსთვის მიუმართავთ. რადგან ვადები გაშვებულია, ისინი გაზრდილ კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ“, –  ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი.

იურისტის განცხადებით, ეს დეტალი საკანონმდებლო ორგანოს კანონში ცვლილებების შეტანის განხილვის დროს უნდა გაეთვალისწინებინა და შეზღუდვა მოეხსნა.

ამ დროისთვის საიას ახალი სარჩელის მომზადების მიზნით 1300-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა და ეს ციფრი დღითი დღე მატულობს.
„მათ, ვინც პირველ ეტაპზე მიმართა სასამართლოს და აიღო კომპენსაცია, გაზრდილი კომპენსაციის მისაღებად ხელმეორედ უნდა მიმართონ სასამართლოს. ამ შემთხვევაში საკმარისია მოქალაქემ სასამართლოში წარადგინოს ის გადაწყვეტილება, რომელიც პირველად გამოიტანა სასამართლომ. გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს სასამართლო ბეჭდით დამოწმებული“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

ამ კატეგორიის მოქალაქეებს ზედმეტი პროცედურის გავლა აღარ უწევთ. ხოლო ის პირები, რომლებიც რეპრესირებულად აღიარა სასამართლომ, მაგრამ მათ კომპენსაცია ჯერ არ მიუღიათ, გაზრდილ თანხას მიიღებენ.

„კომპენსაციის ოდენობაზე ახლაც იმსჯელებს სასამართლო. განსხვავება ის არის, რომ საკომპენსაციო თანხა ვეღარ იქნება ათას ლარზე ნაკლები. ხოლო ის თანხა, რაც მოქალაქემ პირველ ეტაპზე აიღო, ბუნებრივია, გამოაკლდება იმ თანხას, რომელსაც კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ აიღებს“.
მოქალაქეებმა განცხადებით მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებს უნდა მიმართონ. როგორც გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, ადგილობრივ საქალაქო სასამართლოებს არ მიეცათ საქმეების განხილვის უფლება.

„თუ მოქალაქეს ექნება სურვილი, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს, მაშინ უნდა ჩავიდეს თბილისში ან ქუთაისში. თუმცა, სასამართლოს შეუძლია მათი პროცესზე დასწრების გარეშეც მიიღოს გადაწყვეტილება“.

რეპრესირებულ პირებს საიას უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევს. გიორგი ხიმშიაშვილი: „არიან ისეთი პირებიც, ვინც თავის დროზე კერძო ადვოკატები დაიქირავა და მათი მომსახურების საფასურის გადახდა ვეღარ შეძლო მცირე კომპენსაციის მიღების გამო. ამიტომ, მათ შესაძლებლობა აქვთ აიღონ გაზრდილი კომპენსაცია და ეს ვალი დაფარონ.“

 
სასამართლო გადაწყვეტილებას რეპრესირებული პირი წარადგენს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, მას პირად ანგარიშზე უნდა დაერიცხოს სასამართლოს მიერ დადგენილი კომპენსაციის თანხა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებით რეპრესირებულთა გაზრდილი კომპენსაციის მისაღებად მოქალაქეებს უფლება აქვთ, სასამართლოს 2018 წლის ბოლომდე მიმართონ.

საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებულ პირთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 1936-1939 წლებში სულ 30 ათასი ადამიანია რეპრესირებული. რეპრესირებულ პირთა ყველაზე დიდი რაოდენობა აჭარაშია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: