კვირის ამბები

როგორ იმუშავებს საუნივერსიტეტო კლინიკა და ახალი უნივერსიტეტი ბათუმში

08.06.2015 • 2861
როგორ იმუშავებს საუნივერსიტეტო კლინიკა და ახალი უნივერსიტეტი ბათუმში

 

ქალბატონო ლეილა, ვინ ისწავლის ამ კლინიკაში?

ეს არის საერთაშორისო უნივერსიტეტთა ქსელის – ბაუ გლობალის (ბაჰჩეშეჰირის გლობალური საუნივერსიტეტო ქსელი) ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი. რახან უნივერსიტეტი საერთაშორისოა, სწავლება ინგლისურ ენაზე იქნება, სტუდენტებს მივიღებთ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. უნივერსიტეტი ავტორიზებულია, პროგრამა – აკრედიტებული. წელს, სექტემბერში მხოლოდ უცხოელი სტუდენტების მიღება შეგვიძლია, მომავალი წლის სექტემბრიდან კი, ქართველ სტუდენტებსაც მივიღებთ. უნივერსიტეტში ჯერ მხოლოდ ერთი ფაკულტეტია – სამედიცინო, რომელზე სწავლაც უცხოელი სტუდენტებისთვის 15 000 დოლარი ღირს, ქართველი სტუდენტებისთვის კი – 7500 დოლარი. ყოველწლიურად ჩვენ 50-60 სტუდენტის მიღება შეგვეძლება.
ჩვენი უნივერსიტეტი სიამოვნებით ითანამშრომლებს ქართული სივრცის ნებისმიერ უნივერსიტეტთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე დადებული გვაქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ანატომიის ლაბორატორიულ მეცადინეობებზე გვამებთან მუშაობას დაესწრონ.

რა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს უნივერსიტეტს/ჰოსპიტალს?


გვაქვს უახლესი მიკროსკოპებით და ხელსაწყოებით აღჭურვილი ჰისტოლოგიური ლაბორატორია. გარდა ამისა გვაქვს ბიოქიმიური, მიკრობიოლოგიური და ანატომიური ლაბორატორიები, კლინიკური უნარ-ჩვევების შესწავლის ცენტრი (სადაც მულაჟებზე მოხდება პრაქტიკული უნარების გამომუშავება), უკვე დაკვეთილი გვაქვს და ზაფხულის ბოლოს ჩამოვა სპეციალურად დამუშავებული და დეზინფეცირებული გვამები ანატომური ლაბორატორიისათვის. სტუდენტები ანატომიას, სწორედ გვამებზე შეისწავლიან, რაც ქართულ სივრცეში დიდი ფუფუნებაა.
ლექციები ჩატარდება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებიში.
ასევე გვაქვს დისტანციური სწავლების კაბინეტები – დისტანციური ლექციების და ტელეკონფერენციების ჩასატარებლად. ის ლექტორები, რომლებიც კონკრეტული მიზეზების გამო ვერ მოახერხებენ ჩამოსვლას ბათუმში, ჩაერთვებიან სტამბულის ბაჰჩეშეირის უნივერსიტეტიდან. ასევე, ჩვენს სტუდენტებს ექნებათ საშუალება დისტანციურად დაესწრონ იშვიათ ოპერაციებს, რომელიც ბაჰჩეშირის უნივერსიტეტის აფილირებულ „მედიკა პარკის“ კლინიკაში ჩატარდება.
მეხუთე- მეექვსე კურსებზე ჩვენი სტუდენტები კლინიკურ პრაქტიკას გაივლიან ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე (ბაუ-სტამბულში) და მასთან აფილირებულ კლინიკა – მედიკალ პარკში, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ჩადის ხოლმე სამკურნალოდ.

 

ვინ ასწავლის ბაუ ბათუმის უნივერსიტეტში?


 იმის გამო, რომ ძალიან გაგვიჭირდა ინგლისური ენის მცოდნე სპეციალისტების პოვნა, უნივერსიტეტის პროფესორების უმრავლესობა მოწვეულია თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და სტამბულის ბაუ-ს სამედიცინო ფაკულტეტიდან, რამდენიმე კი ჩვენს რეგიონში მომუშავე პროფესორია.
რადგან რეგიონში ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების უნარის მქონე კადრების დეფიციტია, საბაზისო სამედიცინო დარგებში, როგორიცაა ანატომია, ციტოლოგია, ჰისტოლოგია და ფიზიოლოგია, ჩვენ ვიზრუნებთ ახალგაზრდა კადრების მომზადებაზეც. ამჟამად ანატომიის მიმართულებით ვეძებთ კადრს, რომელსაც გავუშვებთ სტამბულში, სადაც იგი ისწავლის მუშაობას გვამებთან. ბაუ საკუთარ თავზე იღებს ასეთი კადრების მომზადების ხარჯებს. მომავალში ციტოლოგსაც, ჰისტოლოგსაც და ფიზიოლოგსაც სიამოვნებით გავუშვებთ, თუ ასეთი ახალგაზრდა კადრები გამოჩნდებიან.

 

მაღალი გადასახადის გათვალისწინებით, დააწესებს თუ არა უნივერსიტეტი სახელმწიფო გრანტის გარდა თავის, საუნივერსიტეტო გრანტს?


სტუდენტებს, რომელთაც ეროვნულ გამოცდებზე მაღალი სარეიტინგო ქულა ექნებათ, სახელმწიფო გრანტის გარდა ჩვენთან დაენიშნებათ სტიპენდია. ძალიან მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე სტუდენტები შესაძლებელია საერთოდ გათავისუფლდნენ სწავლის საფასურისაგან. სტიპენდიას მიიღებენ ის სტუდენტებიც, რომელთაც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ექნებათ მაღალი აკადემიური მოსწრება.

 

 

საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მარკეტინგის მენეჯერის ნოდარ ფუტკარაძის თქმით, კლინიკა ივლისის ბოლოს გაიხსნება, ამჟამად კი კადრების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, ჰოსპიტალი ითანამშრომლებს ყველა სადაზღვევო კომპანიასთან და ამოქმედებისთანავე ჩაერთვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებშიც. წინასწარი ცნობით, ჰოსპიტლის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, ფასები სხვა კლინიკებთან შედარებით დაახლოებით 10%-ით მაღალი იქნება. ნოდარ ფუტკარაძე ამბობს, რომ კლინიკის ძლიერი მხარე კარდიოლოგია და ნეონატოლოგია იქნება – ”ბავშვთა ინტენსიური მოვლის ცენტრი და ბავშვთა ქირურგია, ის რაც რეგიონში დეფიციტურია”.
ჰოსპიტალი 120 პაციენტზეა გათვლილი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: