საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონი მესამე დღეა ამოქმედდა. კანონი განსაზღვრავს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფორმებს, ხოლო კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა.
კანონის მიხედვით ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ბიზნესომბუდსმენი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია. მასზე რაიმე ზემოქმედება და მის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია.
ბიზნესომბუდსმენი განცხადების განხილვისას ნეიტრალურია და არ წარმოადგენს განმცხადებელს ან იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილების/ქმედების მართლზომიერებასაც საეჭვოდ ხდის განმცხადებელი. ბიზნესომბუდსმენი მხარეთა ინტერესების სამართლიანი ბალანსის დაცვით ცდილობს კონსენსუსის მიღწევას.
ბიზნესომბუდსმენს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მას, როგორც ბიზნესომბუდსმენს, გაანდეს. ეს უფლება ბიზნესომბუდსმენს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება.
ბიზნესომბუდსმენს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით. ბიზნესომბუდსმენს უფლება არ აქვს, ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა.
ბიზნესომბუდსმენს ასევე უფლება არ აქვს, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
კანონი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ პარლამენტმა 28 მაისს მიიღო და ძალაში 4 ივნისს შევიდა. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა „საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილება.
თავის დროზე კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, რომლის ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ ახალ კანონს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები შეექმნა.