მთიანი აჭარა

მარწყვის ბიზნესის პრობლემები ქედაში

08.06.2015 • 2963
მარწყვის ბიზნესის პრობლემები ქედაში


მარწყვი ქედაში მაისის შუა რიცხვებიდან ივლისის თვის დასაწყისამდე მწიფს და ერთი თვის განმავლობაში იკრიფება. მას შემდეგ, როდესაც სოფლებში მოსავალი მიილევა, მარწყვის სეზონი ბარიდან მთაში ინაცვლებს. მთის მარწყვის ფასი უფრო მაღალია. 

 

გლეხები, რომლებსაც მარწყვი მოჰყავთ, ამბობენ, რომ წინა წელთან შედარებით წელს მოსავალი ნაკლებია. მოსავლის შემცირებას აქ ცივი ამინდით ხსნიან. ამბობენ, რომ სიცივემ მარწყვის პირველად გამოღებული ყვავილი დააზრო, რამაც მოსავალი შეამცირა.
მიუხედავად იმისა, რომ ქედაში მარწყვის მოყვანის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ახლა სოფლებში გასაყიდად თითო-ოროლა ოჯახს მოჰყავს მარწყვი. სოფელი აბუქეთა და კვაშტა ის სოფლებია, სადაც დღემდე მოჰყავთ ეს კულტურა. მარწყვის ყოფილი დიდი მწარმოებლები ამბობენ, რომ დღევანდელ მოთხოვნას ეს კულტურა ვერ აკმაყოფილებს, ნაკლებშემოსავლიანია, სეზონურია და ოჯახის რჩენა მარწყვიდან მიღებული თანხით შეუძლებელია.

 

სოფელ აბუქეთაში, რომელიც ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს, არის უბანი, რომელსაც აქ მცხოვრებლები ნაომარს ეძახიან. აქ ზოგიერთი ოჯახისთვის მარწყვი დღემდე შემოსავლის წყაროდ ითვლება, თუმცა ზოგიერთმა ოჯახმა, მრავალწლოვანი გამოცდილების მიუხედავად, ან უარი თქვა მარწყვის გამოყვანაზე და მის ნაცვლად თამბაქო მოაშენა, ან შეამცირა ნაკვეთი.

 

ნაომარი იმდენად ცივი ადგილია, რომ აქ მარწყვის კრეფის სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ვიდრე მათთან კრეფის სეზონი დაიწყება, მარწყვი სხვა სოფლებში მოილევა და შესაძლოა, ფასმა მოიმატოს კიდეც.

 

ციური დოლიძე სკოლის პედაგოგია. მის ოჯახს მარწყვი რამდენიმე წელია მოჰყავს. ერთი წელია, რაც ოჯახმა ნაკვეთი შეამცირა და წელს შედარებით ნაკლებ მოსავალს ელოდება. ციური ამბობს, რომ მეურნეობისთვის დრო ნაკლებად რჩება და ამავდროულად ურჩევნია მარწყვის ნაცვლად თამბაქო მოიყვანოს.

 

„წლის განმავლობაში ხუთასი კილო მარწყვი მომყავდა, წელს 100 კილომდე მოსავალს ველოდები. მარწყვის გამოყვანას თამბაქო ჯობია, გაცილებით მომგებიანია, მარწყვი მალფუჭებადია და თან სეზონური, ერთი თვე იძლევა ნაყოფს, იმდენს კი ვერ მოიყვან, ოჯახი წლიდან წლამდე არჩინო, მარწყვს მხოლოდ ის აქვს დადებითი, რომ იმ დროს მოდის, როდესაც სოფელში ძალიან ჭირს, გაყიდი და ხელს მოიბრუნებ“, – ამბობს ციური.

 

მარწყვს აქაური მწარმოებლები ბათუმის ბაზარზე ყიდიან. წინა დღით დაკრეფილი მარწყვი კალათებით ბათუმში ჩააქვთ გასაყიდად და ე.წ. „გადამყიდველებს“ აბარებენ, მათი მთავარი პრობლემაც სწორედ მოსავლის გადატანას უკავშირდება.

 

მზევინარ ბერიძის თქმით, კარგი მოსავალი რომ მიიღო, მცენარეს სასუქი უნდა მისცე, „თუ აზოტს მისცემ, კარგ ნაყოფს გაიზრდის“, მაგრამ ასეთი მარწყვი შორ მანძილზე გადატანისას მალე ფუჭდება.

 

„ამიტომ გვირჩევნია, რაც მოვა, იმით დავკმაყოფილდეთ. წინა წლებში პრობლემას ისიც გვიქმნიდა, რომ სოფელს მარშუტკა არ ჰყავდა, გადატანის პრობლემა გვექმნებოდა, ვცდილობდით ყველას ერთ დღეს დაგვეკრიფა და მეზობლის მანქანით გადაგვეტანა ბათუმში, წელს ეს პრობლემა არ იქნება, პირველად სოფელში მარშუტკა დადის“, – ამბობს მზევინარ ბერიძე.

 

„მარწყვის მოშენებას თამბაქოს დარგვა ჯობია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შრომა სჭირდება. ყველაზე ძნელი ის არის, რომ მოხრილმა უნდა იმუშაო, წელში ვერ იმართები, ხშირად უნდა მარგლო მარწყვი, თორემ ბალახი გააქრობს. დაკრეფაც კი ძნელია, არ ღირს“, – ამბობს 76 წლის დარიკო არძენაძე.

 

ნაომარისგან განსხვავებით მარწყვი მოვიდა სოფელ კვაშტაში. მალხაზ ჯაყელს მარწყვი აქ 20 წელია გამოჰყავს. წელს მოსავლით კმაყოფილია, ფასით კი – არა.

 

„20 წელია მომყავს მარწყვი, გასულ წელს 1000 კილო მოვიყვანე. წელს იმ რაოდენობის მოსავალს ვერ მივიღებ, რადგან განვაახლე და განახლებული მარწყვი პირველ წელს ნაკლებ მოსავალს იძლევა. შარშან 1 კილოგრამს 5 ლარში ვაბარებდი, წელს შედარებით ნაკლები ღირს. გლეხი კაცის შრომას არასდროს აქვს ფასი, თუმცა ვერ ვიტყვი, სულ უკმაყოფილო ვარ-მეთქი, ყოფილა სეზონი 20-ჯერაც დამიკრეფია, ეს დამოკიდებულია ამინდზე, წვიმა აფუჭებს, მზე უხდება, უნდა იცოდე და ხელი შეუწყო“, – ამბობს მალხაზი.

 

სახელმწიფოს ხელშეწყობა ქობულეთს, ხელვაჩაურს და არა ქედას

 

ქედაში მარწყვის ბიზნესის ხელშეწყობის ერთ-ერთი ფორმა სასათბურე მეურნეობების განვითარებაა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ამბობს, რომ სახელმწიფო მარწყვის მეურნეობის გასავითარებლად მიზნობრივ ქვეპროგრამას –  „ფერმერულ მეურნეობებში სასათბურე ტექნოლოგიების დანერგვის გზით მარწყვის კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობას“ ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ოთხი ცალი 200 კვ.მ სასათბურე კონსტრუქცია (ლითონის კარკასით, პოლიეთილენის ფირით, მულჩფირით, ორტონიანი სარწყავი ავზით, წვეთოვანი სარწყავი მილებითა და წყლის საქაჩი ტუმბოთი) გაიცემა, თუმცა არა ქედაში. ავთანდილ მესხიძის განმარტებით, სასათბურე კონსტრუქციას ნერგებითა და სხვა საჭირო აღჭურვილობით, სახელმწიფოს თანადაფინანსებით წელს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მიიღებს, სოფლად მცხოვრები ფერმერი კი პროგრამაში ვერ მოხვდება.

 

„აქცენტი სასათბურე მეურნეობაზე იქნება გადატანილი. აუცილებელია ჯიშები განახლდეს. მიზნობრივი პროგრამით, სპეციალურად მარწყვისთვის ოთხი სათბური გვაქვს გაწერილი, 200 კვადრატულ მეტრ სასათბურე კონსტრუქციას მხოლოდ კოოპერატივი მიიღებს. ვფიქრობთ, ორი ქობულეთში გავცეთ, ორი – ხელვაჩაურში. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, წელს სათბური აქ არ გაიცემა, სათბურში მარწყვის გამოყვანას სპეციალური ცოდნა სჭირდება. ჩვენ გვაქვს მარწყვის სადემონსტრაციო მეურნეობა სოფელ გვარაში, სადაც შეუძლიათ გაეცნონ ინოვაციებს. ქედის კლიმატურ პირობებში უკეთესია პატარა კონსტრუქციების მოწყობა საკარმიდამო ადგილებში“, – ამბობს ავთანდილ მესხიძე. მისი თქმით, მარწყვის სასათბურე კონსტრუქციის პროგრამული ღირებულება 26 000 ლარია, შერჩეული კოოპერატივი კონსტრუქციას 80%-იანი თანადაფინანსებით მიიღებს.

 

კითხვაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მარწყვის კულტურა განვითარდეს ქედაში და აქ მოყვანილი მოსავალი კონკურენტუნარიანი გახდეს? – ავთანდილ მესხიძე პასუხობს: „ჯიშის შეცვლა, რომელიც ღია გრუნტში ყვავილობას აპრილიდან დაიწყებს და სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. მაგრამ საზღვარგარეთიდან შემოტანილი ჯიშების პირდაპირ ქედაში გავრცელება არ იქნება მართებული. თუმცა, ჯიშის შეცვლის გარეშე არაფერი გამოვა“.

 

ქედაში მცხოვრები მალხაზ ჯაყელი ამბობს, რომ ინფორმაციას სამინისტროს პროგრამის შესახებ ფლობს: „ამ პროგრამებს თანხა სჭირდება, რასაც გლეხი ვერ მიწვდება. იაფი სესხი რომ იყოს, შეიძლება გარისკო. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის, მათ შორის მარწყვის წარმოების განვითარებისთვის აუცილებელია იაფი სესხი გაიცეს და გლეხმა პროდუქციის მოყვანის შემდეგ გადაიხადოს თანხა, სხვანაირად სოფლის მეურნეობა და გლეხი ვერ განვითარდება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: