„აჭარ ენერჯი-2007“-ს, რომელიც აჭარაში, მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ კერძო საკუთრებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა. ექსპროპრიაციას დაექვემდებარა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოთხი მქალაქის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთები, ჯამში 9750 კვ/მეტრი.
ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველ კომისიას ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-მა 2014 წლის 19 ივნისს მიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „მოცემულ შემთხვევაში გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის მე-13-მე-14 კილომეტრის სარეკონსტრუქციო ტერიტორიაზე მოხვედრილი ფიზიკური პირების: მამუდა, აბდულა, თემურ და რომან თავდგირიძეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ვინაიდან დასახელებულ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს საავტომობილო გზის მშენებლობა მისი ამაღლების მიზნით, მანამ სანამ მოხდება ჰიდროელექტროსადგურის ოპერირება. აღნიშნული სამუშაოს შედეგად თავიდან იქნება აცილებული ჰესის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა, რომელზედაც განთავსებულია სასაფლაო. ამასთან, ,,კომპანიის“ მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთებზე უნდა გაკეთდეს დიაფრაგმული კედელი, ასევე საავტომობილო გზის დამცავი ქვის საყარი, რომელიც მთელს ტერიტორიას დაიცავს დატბორვისაგან“.
ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღსანიშნავია, რომ ,კომპანიამ განახორციელა მთელი რიგი სამუშაოები და შეისყიდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. მაგრამ, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ ოთხ მესაკუთრესთან, რომლებმაც შესაბამის საკომპენსაციო თანხის მიღებასა და მიწის ნაკვეთების გასხვისებაზე უარი განაცხადეს.
შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-ს მიენიჭა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება. კერძოდ: მამუდა თავდგირიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მიწის ნაკვეთი 2898 კვ.მ; აბდულა თავდგირიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მიწის ნაკვეთი 896 კვ.მ; თემურ თავდგირიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მიწის ნაკვეთი 2932 კვ.მ და რომან თავდგირიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მიწის ნაკვეთი 3024 კვ.მ.
2011 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობასა და შპს ,,აჭარ ენერჯი-2007”-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, ,,კომპანიამ“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უნდა უზრუნველყოს 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა – მათ შორის უნდა აშენდეს ,,კირნათისა” და ,,ხელვაჩაური I” ჰიდროელექტროსადგურები, ხოლო მესამე პროექტი არჩევითია და გადაწყდება ,,კომპანიის“ ინიციატივით.