სიახლეები

ფოსტის ფასადის ახალი სიცოცხლე

08.06.2015 • 2092
ფოსტის ფასადის ახალი სიცოცხლე

ფოსტის ფასადზე დამაგრებულ ხარაჩოებზე უკვე ერთი თვეა დილის 9 საათიდან საღამოს შვიდამდე რესტავრატორ-კონსერვატორები მუშაობენ. სანდრო რუბაშვილი ფოსტის რესტავრატორთა ჯგუფის ხელმძღვანელი და ბათუმის ფოსტის ფასადის რესტავრაციის პროექტის ერთ-ერთი ავტორია. იგი ამბობს, რომ რესტავრატორები აქ დაახლოებით 3-4 თვეს იმუშავებენ. „ჩვენი პროექტის მიზანია ძველი ფასადის შენარჩუნება, კონსერვაცია და რესტავრაცია. ფასადი საკმაოდ დაზიანებულია ნალექის ზემოქმედებით, სამწუხაროდ, ბევრი დეტალი დაკარგულია, ფოსტის უნიკალური გუმბათი საერთოდ გამქრალია, დაკარგულია ლითონისა და თაბაშირის დეტალებიც. ახლა ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ფასადი ისე, როგორიც ის იყო წლების წინ“, – ამბობს სანდრო.

სანამ რესტავრატორები ფოსტაზე მუშაობას დაიწყებდნენ, მანამდე ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა კვლევა მოამზადა, სადაც დაწვრილებითაა მოცემული შენობაზე არსებული დაზიანებები, დაზიანების ფაქტორები და ფასადზე ჩასატარებელი სამუშაოები, შენობის ისტორია და ფოტომასალა. პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არსებულმა სარეკომენდაციო საბჭომ მოიწონა და შპს „აქთივ ბათუმი“, რომლის მფლობელობაშიცაა ამჟამად შენობა, დაავალდებულა ფოსტის ფასადზე რესტავრატორებს ეზრუნათ.

სანდრო რუბაშვილი ამბობს, რომ რესტავრატორთა ჯგუფს, რომელიც ამჟამად ფოსტის შენობის ფასადზე მუშაობს, კულტურული მემკვიდრეობის არაერთ ძეგლზე უმუშავია. ჯგუფის წევრები პარალელურად მუშაობენ გელათის მონასტერში, ატენის სიონში, მცხეთაში მდებარე სამთავროს დედათა მონასტერსა და თბილისის მეტეხში.

ელენე თორღლაიძე რესტავრატორია. იგი ამბობს, რომ ჯგუფი წინასწარ გაწერილი გრაფიკით მუშაობს. ფასადი უკვე შეიწამლა და მისი დიდი ნაწილი გასუფთავდა. „ფასადი წყლის ჩამოდინებისგან დაზიანებულია, არის ბიოლოგიური დაზიანებები – ხავსი, ობი, რაც უნდა მოშორდეს, ამიტომ შეიწამლა სპეციალური ხსნარით. ამ დროს სუფთავდება ფიგურებიც“, _ განმარტავს ელენე. იგი ამბობს, რომ სამუშაო საკმაოდ რთული და შრომატევადია, რადგან რესტავრაციის დროს სპეციალისტს შეიძლება ბევრი გაუთვალისწინებელი დაზიანება შეხვდეს. „ფოსტაზე ასეთი ბევრი შემთხვევა არ არის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე სკულპტურა იმაზე მეტად არის დაზიანებული, ვიდრე მივიჩნევდით. იყო რამდენიმე ადგილი, რომელიც თითქმის მყარად ზის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გასამაგრებელია და ეს აუცილებელად უნდა გაკეთდეს. თუმცა საგანგაშო არაფერია, ყველა სამუშაო შესრულდება“, – ამბობს ელენე.

რესტავრატორები ამბობენ, რომ ფოსტის ფასადზე დაზიანებული ორნამენტები და სკულპტურები იმავე მასალით აღდგება, რა მასალითაც იყო გაკეთებული თავის დროზე. „ეს აუცილებელია, რომ ერთიანობის აღქმა არ დაიკარგოს“, – განმარტავს ელენე, – „შენობას სხვანაირი მიდგომა სჭირდება. მხატვრობაში კონსერვაციას ვანიჭებთ უპირატესობას და არასოდეს არ აღვადგენთ არაფერს თავიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა აღდგეს, ნახევრად ჩამოშლილ ფიგურებს ვერ დავტოვებთ. ყველაფერი აღდგება ისე, როგორც იყო. შენობის ფასადი თავის პირვანდელ ფერსაც კი დაიბრუნებს.“

რესტავრატორები ახალი, პატარა აღმოჩენების მომსწრეც არიან. ფოსტის აღმოსავლეთ კედელზე საღებავების ფენის ქვეშ წარწერები გამოჩნდა. ელენე ამბობს, რომ ერთგან სლავური შრიფტით იკითხება „კანტორა“ [შენობას ადრე ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა ეწოდებოდა], მეორე წარწერის ამოკითხვა კი ვერ შეძლეს. რესტავრაციის პროცესში ისიც გამოჩნდა, თუ რა ფერად ღებავდნენ ფოსტის შენობას სხვადასხვა დროს.

„ძირითადად ბაცი და თბილი ფერები, თეთრი დომინირებს, მოვარდისფრო, სპილოსძვლისფერი, ღია ყვითელი, ღია მწვანე… სინჯების მიხედვით დავადგინეთ თავდაპირველი ფერები და შევეცდებით იგივე ფერები გამოვიყენოთ სამუშაოს დასრულებისას“, რესტავრაციის დროს ძალიან ბევრ დეტალზე გიწევს მუშაობა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, იწერება ანგარიშში და თან ერთვის ფოტომასალაც“ – ამბობს ელენე.

ფოსტის ფასადის რესტავრაციას თვალყურს ადევნებენ საქართველოს და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოები.

სარესტავრაციო სამუშაოები ბათუმის ფოსტის ფასადზე წლის ბოლომდე დასრულდება. 2016 წლის დასაწყისში კი იმ ადგილას, სადაც ბათუმის ფოსტა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იდგა, გამოჩნდება ახალი აბრა – სასტუმრო და კაზინო „პრინცესა“. ახალი აბრა ბათუმის ფოსტის განახლებულ და მაინც ძველ ფასადზე.

გადაბეჭდვის წესი