კვირის ამბები

მუჰაჯირები და მათი შთამომავლები

08.06.2015 • 6012
მუჰაჯირები და მათი შთამომავლები

 

თურქეთში მცხოვრები ნური ილდირიმი ქართველი მუჰაჯირის შთამომავალია ბურსადან. ის ერთ-ერთი მათგანია იმ ათიათასობით ქართველს შორის, რომლებიც დღეს თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და რომელთა წინაპრებმაც 140 წლის წინ  დატოვეს საქართველო.

 

„ბაბუაჩემის მამა და მისი ექვსი ძმა ჩამოსულა ბურსაში საქართველოდან, სავარაუდოდ ხულოდან. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. ბაბუას მამას ერქვა ბეჰლული, მის ძმებს: მევლუდი, ეუბი, სეიდალი და შაბანი. სამწუხაროდ, ერთის სახელი არ მახსოვს. ძმებს შორის ყველაზე პატარა იყო ბეჰლული. ძალიან ახალგაზრდა იყო, ბურსაში, ინეგოლის რაიონში რომ ჩამოვიდა და დასახლდა. ზუსტი ცნობები, თუ როგორ მოახერხეს აქ ჩამოსვლა, არ მაქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, საკმაოდ რთულ გზას გამოივლიდნენ,“- იხსენებს ნური ილდირიმი თავის წინაპრების ისტორიას.

 

ნური ილდირიმი

 

ნურის წინაპრების ისტორია იმ ადამიანების ისტორიის მსგავსია, რომლებმაც მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში საკუთარი სამშობლო დატოვეს და ემიგრაციაში წავიდნენ. მათი კრებითი სახელი საქართველოს ისტორიის ფურცლებზე არის – ქართველი მუჰაჯირები.  

 

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა. აჭარაში მცხოვრები მუსულმანი ქართველები კი სამშობლოდან გადაიხვეწნენ. ქართველების მასობრივად გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში, ომის დამთავრებისთანავე დაიწყო. მთელს მხარეში შიმშილი და გაჭირვება მძვინვარებდა. ოსმალეთის ჯაშუშების კარგმა მუშაობამ ბევრი ქართველი დაარწმუნა, რომ იქ, ოსმალეთის იმპერიაში, უკეთესი ცხოვრება ელოდათ. საქართველოში დარჩენის შემთხვევაში კი მათ  რუსები რჯულს შეუცვლიდნენ. ათასობით ქართველი მუსულმანი ქედიდან, ხულოდან, შუახევიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდან აიყარა და უკეთესი ცხოვრების საძიებლად ოსმალეთის იმპერიას მიაშურა. ამ პროცესს მუჰაჯირობა უწოდეს და გადასახლების მსურველებს სპეციალური ვადა დაუწესეს, თუ რა დროში უნდა მოესწროთ სამშობლოს დატოვება. 

 

წასვლის მსურველებს 1878 წლის 3 თებერვლიდან 1882 წლის 3 თებერვლამდე უნდა დაეტოვებინათ საქართველო. თუმცა პროცესი სინამდვილეში 1921 წლამდე, საქართველოს გასაბჭოებამდე გაგრძელდა.

 

მუჰაჯირობით დაინტერესებული იყვ¬ნენ ოსმალები, ყველა მხრივ უწყობდნენ ხელს  წასვლის მსურველებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადასულიყო ოსმალეთის იმპერიაში საცხოვრებლად. მუჰაჯირობის მსურველები ოჯახებით წასვლამდე სოფლიდან აგზავნიდნენ ე.წ. „დელეგატებს“. ოსმალეთში ჩასულ დელეგატებს ხელგაშლილი ხვდებოდნენ და „ოქროს მთებს“ ჰპირდებოდნენ. უკან დაბრუნებულებს თავიანთ სოფლებში ჩამოჰქონდათ ამბავი ზღაპრული ცხოვრების შესახებ, რომელიც ელოდათ უცხო ქვეყანაში. ამ ისტორიების პარალელურად, რეალური ცხოვრება აჭარაში ყოვლად აუტანელი იყო. იმ პერიოდის პრესაში ბევრი წერილი იბეჭდებოდა აჭარაში გამეფებულ უსამართლობასა და უკიდურეს სიდუხჭირეზე.

 

მუჰაჯირად წასვლა გარკვეული წესით ხდებოდა. წასვლის მსურველი ვალდებული იყო რუსული ადმინისტრაციისთვის ჩაებარებინა მიწის ნასყიდობის საბუთი ანდა ხელწერილი მიწაზე სამუდამოდ უარის თქმის შესახებ. ამის შემდეგ მას უფლება ჰქონდა, გაეყიდა ან გაეჩუქებინა თავისი ქონება.

 

აჭარიდან მკვიდრი მოსახლეობის მუჰაჯირად წასვლას რუსეთის ხელისუფლებაც დიდად უწყობდა ხელს. ერთადერთი, ვინც მუჰაჯირობით იმ პერიოდში შეწუხებული იყო, ქართველი საზოგადო მოღვაწეები იყვნენ. სერგეი მესხმა გაზეთ „დროების“ ფურცლებზე არაერთი სტატია მიუძღვნა მუჰაჯირების თემას. მესხი თავის წერილებში ხელისუფლებას და პირველ რიგში, ქართველ საზოგადოებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რომლებსაც ისინი ახლადშემოერთებული აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების მიმართ იჩენდნენ.

 

„თითქმის არც ერთი ფაქტით, არც ერთი სახსრით და ჩვენი მოქმედებით, ჯერ არ დაგვიმტკიცებია ამ ხალხისთვის, რომ ჩვენ ამათთვის ბედნიერება და სიკეთე გვსურს, რომ ჩვენ ნამდვილ ძმებად მიგვაჩნია ისინი და ვზრუნავთ მათთვის, და ამის შემდეგ რად უნდა გვიკვირდეს, რომ ისინი მიდიან ოსმალეთში, სადაც საქმით თუ ვერ უსრულებენ, სიტყვით ჰპირდებიან გაჭირვებულ მდგომარეობაში ხელის გამართვას და დახმარებას. ამაზე ყველა ქართველმა უნდა იფიქროს, რომ ნაპოვნი ძმა ხელახლა არ დაგვეკარგოს“, – წერდა „დროების“ ფურცლებზე სერგეი მესხი.

 

იმ პერიოდის საქართველოში სამშობლოდან წასასვლელად გამზადებული ადამიანების ბედზე საზრუნავად საზოგადო მოღვაწეების გარდა არავის ეცალა. მათი წერილები და გულისტკივილი კი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ემიგრაციის ტალღა შეეჩერებინა. დაპირებული სამოთხე მუჰაჯირებმა ვერც ოსმალეთის იმპერიაში იპოვეს. ნური ილდირიმი თავისი წინაპრის ისტორიას იხსენებს და ამბობს:

 

„როცა ბაბუაჩემის მამა და მისი ძმები ბურსაში ჩამოვიდნენ, ოსმალეთის იმპერიის ბოლო წლები იყო. იყო ომი. თითქმის ყველა ოჯახიდან ხალხი ომში მიდიოდა. 9-10 წელი მაინც დაჰყვეს ჯარში.

 

როგორც გადმოცემით ვიცი, ბეჰლულ ბაბუას ცოლი სადღაც 75 წლის ყოფილა, რომ  გარდაცვლილა. ამის შემდეგ ცოლად მოუყვანია ახალგაზრდა ქვრივი ქალი. სწორედ იმ ქალთან შეეძინა ბეჰლულს ბაბუაჩემი – აბდულლაჰი. თუმცა ისე მომკვდარა, შვილის ნახვას ვერ მოსწრებია. ორი წლის ყოფილა ბაბუაჩემი, როცა დედაც გარდაცვლია. ექვს წლამდე დედის მამასთან ცხოვრობდა, რომლებიც გვარად მამალაძეები ყოფილან. ბაბუაჩემი თავის უფროს ძმას ბაბუას ეძახდა, რადგან ძმა სამოცი წლით უფროსი იყო მასზე“.

 

ინეგოლში, სადაც ნური ილდირიმი ცხოვრობს, სულ  18 ქართული სოფელია. როგორც ის ამბობს, ერთი სოფელი მაჭახელადან ჩამოსული ქართველი მუჰაჯირების შთამომავლებითაა დასახლებული, ორი სოფელი – ჩაქვიდან. „ჩემს სოფელს ჰქვია გულბაჰჩე, კიდევ ორი სოფელია, სადაც ხულოდან ჩამოსულები ცხოვრობენ. დანარჩენ სოფლებში კი სულ შუახევიდან ჩამოსულები არიან დასახლებულნი“,- ამბობს ნური.

 

ის რამდენიმე წელია საკუთარ გენეოლოგიას იკვლევს. დედის მხრიდან მისი წინაპრები  ქამადაძეები ყოფილან, მამის მხრიდან გვარი კი ჯერ ვერ დაადგინა.

„მამაჩემის მხრიდან გვარის ისტორია არ ვიცი. ოსმალეთის იმპერიის დროის გვარი ოღლი იყო. ბაბუას როგორც ახსოვდა – ვეჯელოღლი, ველეზოღლი ან ჯეჯელოღლი. მინდოდა გვარის ისტორია გამომეკვლია, წერილიც მივწერე, მაგრამ მომწერეს ოსმალური არქივები რემონტშიაო. მე ახლა ვეძებ და მაინტერესებს ჩემი გენეოლოგია. მიკვირს ადრე, მაგალითად, ბაბუაჩემის უფროს ძმას რატომ არ დააინტერესა თავისი წარმოშობა? რატომ არ ჰკითხა თავის მამას წარსული? სამწუხაროდ, ჩემს გარდა ეს საკითხი არც ჩემს ოჯახში აინტერესებს არავის.

 

პატარაობაში, როცა სკოლაში დავდიოდი, ვხვდებოდი, რომ ჩვენ განსხვავებულები ვიყავით. სკოლაში, ქალაქსა და ქუჩებში თურქული ლაპარაკი მესმოდა, სახლსა და სოფელში – ქართული. ჩემებს ვეკითხებოდი, თუ რატომ ამბობდნენ, ჩვენ გურჯები ვართ, ბათუმელი აჭარლებიო.

 

პირველად 2006 წელს ჩამოვედი საქართველოში ჩემს დეიდაშვილთან ერთად. რადგან მამაჩემის მხარის ისტორია არ ვიცოდი, დედაჩემის მხარის ნათესავების ძებნა დავიწყე. ბიძაჩემმა დამაბარა, ნახე კიდევ თუ არიან ჩვენი ნათესავებიო. შუახევში, სოფელ ფურტიოში უნდა ცხოვრობდნენ ჩვენი ნათესავები, ადრე მათ მელიქოღლები ერქვაო.  2006-ში ვიყავი პირველად ფურტიოში და ჩემი ნათესავები ვიპოვე.

 

აღფრთოვანებული დავრჩი შუახევის, ბათუმის და მთლიანად საქართველოს ნახვით. მთელი დღეები, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ვფიქრობდი, ნეტავ ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ? აქ დადიოდნენ?

 

თურქეთში 140 წელია ვცხოვრობთ და ჩემს ოჯახში, ჩემს ნათესავებში მხოლოდ მე ვარ მონდომებული, ვიპოვო საკუთარი ფესვები. ბევრ ჩემს ნათესავს ჰგონია, რომ თურქია. აქ ჩვენი ოჯახის მსგავსი ოჯახები ბევრია. თუმცა არიან ოჯახებიც, რომლებმაც იციან თავიანთი ისტორია“. 

 

ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ჭოროხი იმიტომაა ჩქარი მდინარე, რომ „გურჯისტანში ჩამოიტანოს მუჰაჯირთა სულები და ფიქრები“.

 

„გურჯისტანს, ანუ საქართველოს ისინი „დიდმემლექეთს“ ეძახიან. მეორე თქმულების თანახმად, იქაური ქალები ქმრების ჩუმად ტირიან, ცრემლებს ე.წ. გუგუმებში (თუნგი) აგროვებენ და ზაფხულში, ჩურუგას (ივლისი) თვეში გვალვების დროს უწყვეტად ადიან კოლადან, არტანიდან, შავშეთიდან, კლარჯეთიდან, სპერიდან, ერუშუთიდან, სხვა ქართული პროვინციებიდან მტკვრის სათავესთან, მიაქვთ დაგროვილი ცრემლი და უმატებენ თითქმის დამშრალ მტკვარს, რომელსაც საქართველოში ჩამოაქვს იქაურთა დარდი და ტკივილი“,- წერს ასოცირებული პროფესორი თამაზ ფუტკარაძე თურქეთის ქართულ მოსახლეობაზე მომზადებულ ნაშრომში.

გადაბეჭდვის წესი