„ბათუმელების“ მენეჯერის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შს სამინისტრომ კიდევ ერთი დავა წამოიწყო.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, შეადგინეს ახალი ოქმი, სადაც მზია ამაღლობელს შენობის იერსახის დამახინჯებას ედავებიან.
„ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძრეს.
შეგახსენებთ, რომ მზია ამ ქმედების გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყავდათ, თუმცა, მიხვდნენ, რომ პლაკატის გამო დაკავების უფლება არ ჰქონდათ, ოქმები გააყალბეს და ჩაწერეს, რომ 173-ე მუხლის ჩადენას ედავებოდნენ. ეს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე განიხილა და მზია უსამართლოდ დააჯარიმა.
მზიას მიმართ ჩადენილი უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის კიდევ ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას“ – წერს ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე.
ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლო პროცესი დღეს, 7 მაისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო.
სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
მზია ამაღლობელს შსს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას ედავება, თითქოსდა ამ ქმედებით იერსახე დამახინჯდა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითაა სასამართლოში შესული.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა გრიგოლ ბესელიამ, პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობის კედელზე სტიკერის გაკვრის გამო.
დაკავების კადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელის დაკავების პარალელურად ააძრეს ეს სტიკერი იქვე მდგარმა პოლიციელებმა.
იურისტების განმარტებით, პოლიციას არ აქვს ასკ-ის 150-ე მუხლით ჩადენილის სამართალდარღვევის გამო დაკავების უფლება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს, 7 მაისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იმართებოდა, მედიისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს განრიგიდან.
ამ დროისთვის უცნობია მიაწოდეს თუ არა სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია თავად მზია ამაღლობელს.
მზია ამაღლობელი ოთხი თვეა წინასწარპატიმრობაშია, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელის საქმის შესახებ მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
40 წელია ჯუნო ჩიბურდანიძის ყველა დილა ერთმანეთს ჰგავს, თუმცა „დილის რუტინას“ მას მაინც ვერ დაარქმევ.
გარიჟრაჟზე დგება- ზაფხულში 05:00 საათზეც კი. პირველ რიგში ბატკნების კვებაზე ზრუნავს, რომლებიც ცალკე სადგომში არიან დაბინავებულები და მეტ ყურადღებას საჭიროებენ. შემდეგ კი მოზრდილი ცხვრები გაჰყავს საძოვარზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მანამდე მოესწროს, სანამ დაცხება. შუადღის მზეში, ცხვრები „სიესტას“ იწყობენ და ბალახს პირს აღარ აკარებენ.
ჯუნო ჩიბურდანიძის ოჯახი თავიდანვე მესაქონლეობას მისდევდა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ისიც ახალსოფელში დაბრუნდა და მამის საქმე გააგრძელა.
დილა და საქმე კი იგივე იყო, თუმცა 15 წლის წინ მასშტაბები შეიცვალა. ჩიბურდანიძეებმა შეღავათიანი აგროკრედიტით ახალი ფერმის აშენება შეძლეს, მეცხვარეები დაიქირავეს და 3 000 თუშურ ცხვარს დაუწყეს მოვლა-მწყემსვა.
„ფერმა არ გაპატიებს სიზარმაცეს, დაუგეგმავ დღეს, ცუდად მომზადებულ ზამთარს. უამრავი წვრილმანია, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო. ხშირად შეუცვალო საძოვარი, მუდმივად აკონტროლო ცხვრების ჯანმრთელობა. ეს ყველაფერი შრომასა და ცოდნას მოითხოვს. თიბისი არა მხოლოდ მე მეხმარება განვითარებაში, საშუალებასაც მაძლევს მინიმუმ ათი ადამიანი დავასაქმო“- გვიხსნის ჯუნო.
საქართველოში მეცხვარეობა ათასწლეულებს რომ ითვლის, ამას არგონავტების მითიც კი ადასტურებს. ამ ლეგენდაშიც ბერძნების მთავარი ინტერესი ოქროს საწმისი – იგივე მოოქრული ცხვრის ტყავია.
უცნაური, მაგრამ ჯიუტი ფაქტია, რომ ცხვრის მოვლის ამხელა ტრადიციისა და ავთენტური ჯიშების გამორჩეულობის მიუხედავად, საქართველოში ცხვრის სიყვარული მთებში შეფენილი თეთრი ფარას ფოტოებს, ან აღდგომის დღეებში მომზადებულ ბატკნის ჩაქაფულს ვერ გასცდა. ის ვერ იქცა ყოველდღიურ საკვებ პროდუქტად. ჯინო ჩიბურდანიძეც ყოველწლიურად 1500- მდე ცხვარს უცხოელებზე ჰყიდის.
„ჩვენი ძირითადი სარეალიზაციო არეალი გალფის ქვეყნები, ასევე ირანია. დაახლოებით აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში იწყებენ რეალიზატორები ჩამოსვლას. ჩვენ მხოლოდ მამალ ცხვარს ვყიდით, მათი ასაკი 4-5 თვეა. საოცრად მოსწონთ, რადგან მთელი წლის მანძილზე გამორჩეული ბალახით იკვებება საძოვრებზე, რაც მის ხორცს განსაკუთრებულს ხდის“-ამბობს ჯუნო.
იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული. მატყლის გადაყრა უწევთ. არადა, თანამედროვე მსოფლიოში მატყლი ეკომეგობრულ ნედლეულად მიიჩნევა, რომლისგანაც იწარმოება თერმულად რეგულირებადი ტანსაცმელი, სახლის თბოიზოლაცია და ბიოდეგრადირებადი ტომრები.
ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ცხვრის ხორცი არაპოპულარულია, მისი სპეციფიკური სუნია. ფერმერი ამის მიზეზსაც გვიხსნის.
„აუცილებელია რომ ცხოველს მუდმივად შეუცვალო საძოვარი, მოუარო. მრავალფეროვანი საკვების და ყურადღების პირობებში ცხვარს სუნი არ აქვს“.
საძოვარი მინდვრები იჯარით აქვთ აღებული. ზაფხულობით ფარას ნინოწმინდისკენ, ჯავახეთის მთებში მიერეკებიან, თურქეთის საზღვართან. გზა პატარა ბატკნებისთვის დამღლელია, ამიტომ ხშირად მანქანებში ისვამენ.
„ბუნებრივია, წლებმა გამოცდილება შემძინა. როგორც კი შევხედავ ცხვარს უკვე ვხვდები რა აწუხებს“- გვიყვება ჯუნო, რომელიც საუბრის მომენტშიც მინდორში, სხვა მწყემსებთან ერთადაა.
მსოფლიოში ცხვრის ხორცი მე-4 ადგილზეა მოხმარების მიხედვით, ხოლო ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას ცხვრის ექსპორტით მილიარდიანი ბრუნვა აქვთ. ავსტრალიის რამდენიმე უნივერსიტეტში ცხვრის გენეტიკასა და მეცხვარეობის მენეჯმენტს სამაგისტრო პროგრამაშიც კი სწავლობენ.
მსოფლიოში უკვე არსებობს პლატფორმები, სადაც ფერმერი თითოეული ცხვრის GPS ლოკაციას, ჯანმრთელობის მონაცემებს და საკვების სტატუსს „ლაივ“ რეჟიმში ამოწმებს ამოწმებს. ჩიბურდანიძის ფერმაში ეს ყველაფერი ჯერ თვალით და გამოცდილებით ხდება მაგრამ ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მათ ბატკნებსაც ჰქონდეთ პროფილები ციფრულ ფარაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 960 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
ტანკი – 10 780 ერთეული [+14]
ჯავშანტექნიკა – 22 419 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 27 502 ერთეული [+71]
MLRS – 1 378 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 155 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 35 266 ერთეული [+124]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 47 484 ერთეული [+131]
სპეცტექნიკა – 3 873 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
662 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
55 452 უპილოტო საფრენი აპარატი
605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 153 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 558 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
24 435 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
35 005 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აქტივისტებს, რომლებსაც თბილისში, 5 მაისს, ლიფტიდან გამოსვლისას წიწაკის სპრეი და საღებავი შეასხეს სახეზე, პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ.
ამის შესახებ ერთ-ერთი აქტივისტი ნუცა მახარაძე წერს ფეისბუქზე.
„კარგად ვართ, მხნედ, შემართებით და ამათი დაშინებული არ გაიშვას.
აქვე ვიტყვი, რომ მხნეობასთან ერთად ქეთევანს [ჯანანაშვილს] და სალომეს [სარიშვილი] აქვთ პირველი ხარისხის დამწვრობა. სალომეს დაზიანებული აქვს თვალის რქოვანა, აქვს საშინლად შეშუპებული და ეწვის. სიბნელეში ზის, რადგან სინათლეზე რეაგირებს “- წერს ნუცა მახარაძე.
„ბათუმელები“ სალომე სარიშვილს ესაუბრა. ის ამბობს, რომ სითხე რომელიც სახეში შეასხა ნიღბიანმა, ბრილიანტის მწვანეა, ე.წ. „ზელიონკა“.
იქონიებს თუ არა ეს გავლენას მხედველობაზე, ამას გამოკვლევა დაადგენს. სალომე ხვალ განმეორებით გეგმავს ექიმთან ვიზიტს.
„გუშინ რაც მოხდა, რუსული მეთოდით თავდასხმაა, რუსული დამოკიდებულებაა მოქალაქეების მიმართ, სიძულვილი, ზიზღი და თან უკიდურესი სიმხდალე და სილაჩრე. სინამდვილეში, შიშით ასეთ არარაობებს მართავს ეს რუსული, ბნელი სისტემა და ვერანაირად ვერ გვიმორჩილებს ჩვენ – ასე იქნება მუდამ!
მებრძოლ და წესიერ ადამიანებს ვერ შეაშინებთ, შიშები თქვენკენ მოიკითხეთ ცვედანო არაკაცებო! ყველა დაისჯება, აუცილებლად!” – წერს ნუცა მახარაძე სოციალურ ქსელში.
გუშინ, 5 მაისს, რუსთაველის გამზირიდან სახლში მიმავალ სამ ქალს – ნუცა მახარაძეს, ქეთევან ჯანანაშვილს და სალომე სარიშვილს სადარბაზოსთან დახვდა უცნობი მამაკაცი და ლიფტში შესულებს სახეში მწვანე სითხე და წიწაკის სპრეი შეასხა. გარდა ამისა, მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
შს-ს განცხადებით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის მუხლით.
„უნდა გაირკვეს როგორ გადაადგილდებოდნენ გოგონები, რომლებსაც სახეში მწვანე სითხე შეასხეს. სად გადაადგილდებოდნენ, სად შენიშნეს თვალთვალი, რომელ ქუჩებზე, საიდან გაუჩნდათ ეს შეგრძნება რომ უთვალთვალებდნენ და მოიმოქმედეს თუ არა რაიმე. როცა საშიშროებას გრძნობ, ამაზე დროულად და ხმამაღლა უნდა ილაპარაკო“ – ამბობს გიორგი მელაძე, ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი.
რა ეტაპზე გადადის აქტივისტების დევნა, როცა ქალებს ღამით, სახლთან ჩასაფრებით ესხმიან თავს? – „ბათუმელები“ გიორგი მელაძეს ამ თემაზე ესაუბრა.
ბატონო გიორგი,აქტივისტებისთვის სახეში საღებავის შესხმის პრაქტიკა აქამდე არ გვინახავს საქართველოში. რა არის ეს, როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზე გადავიდა აქტივისტების დევნა?
მე მგონი, თავიდან უკრაინაში იყო ასეთი რაღაცები, იქ დატესტეს რუსებმა. უტევდნენ უფრო დასავლელ პოლიტიკოსებს. სააკაშვილსაც შეასხეს არაერთხელ უკრაინაში, დათო საყვარელიძეს, იაცენუკს და პოროშენკოს და იქ იყო ეს ამბები.
ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელსაც სითხე შეასხეს, გვითხრა, რომ ეს იყოს ბრილიანტის მწვანე, ე.წ. „ზელიონკა“. რუსული ხელწერაა „ზელიონკის“ შესხმა სახეში?
ადვილად ხელმისაწვდომია. მიდიხარ აფთიაქში და ყიდულობ. საღებავებსაც ასხამენ ხოლმე, მაგრამ ბრილიანტის მწვანეს მოშორებას ბევრი დრო სჭირდება და ალბათ ამიტომ იყენებენ, რომ დიდი ხანი იყოს ასეთ მდგომარეობაში ადამიანი.
ასევე, თვალს აზიანებს ძალიან.
არ დაგვავიწყდეს, რომ შარშან, ბოლნისში ახალგაზრდა ქალს დაუსვეს სამართებელი სახეზე, ამიტომ ფიზიკური ძალადობა სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ინტენსივობით სულ არის.
მაგრამ რატომ არის, ეს არის მთავარი და მე მგონი აქ რამდენიმე მომენტია, რაზეც აუცილებლად, სულ უნდა ვფიქრობდეთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაიწყება ხოლმე, რომ „რაღაც არ გამოგვდის“, „რაღაც ისე არ ხდება“ და ასე შემდეგ.
პირველი არის ის, რომ „ოცნებას“ ჰქონდა წინააღმდეგობის მოლოდინი, მაგრამ ასეთი პროტესტი თუ იქნებოდა, ვერ წარმოედგინათ.
თბილისში აქტივისტ ნუცა მახარაძეს ლიფტიდან გამოსვლისას მწვანე სითხე შეასხა ნიღბიანმა პირმა
მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომ იყვნენ შარაგზის ყაჩაღები, საქართველოს გეოგრაფიული, სტრატეგიული უპირატესობა გამოიყენონ გამდიდრებისთვის, შეიქმნან რაღაც ახალი წყობის ფეოდალიზმი, იმიტომ, რომ კომუნისტი ფეოდალების შთამომავლები არიან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
მათთვის წარმოუდგენელია ძალაუფლების გადაადგილება ერთი ჯგუფიდან მეორეში, ამიტომ ისინი არასდროს იქნებიან დემოკრატები, რაც არ უნდა უცხოურ ორგანიზაციებში იყვნენ ნამუშევარი და ჰქონდეთ უცხოეთში განათლება მიღებული. უბრალოდ, შუა საუკუნეების ფეოდალები არიან, ასე აზროვნებენ და უნდათ, რომ საქართველოს გზა იყოს მათი, ძარცვონ ეს გზა და ასე იცხოვრონ სულ, ჯერ მათ და შემდეგ კი მათმა შვილებმა.
ჰქონდათ მოლოდინი, რომ ჩვენი ეროვნული თვისება, სიზარმაცეც დაეხმარებოდათ მიზნის მიღწევაში.
პრინციპში ეს მოლოდინი გააჟღერა კიდეც ბიძინა ივანიშვილმა, როცა თქვა, რომ ბოლოს და ბოლოს დაიღლებიან ახალგაზრდები…
ამას ამბობენ კიდეც ღიად – „კარგი ახლა, გეყოფათ, წადით გერმანიაში ტაქსისტებად იმუშავეთ, რა დემოკრატია აგიტყდათ“.
რაც შეეხება აი, ამ პროცესებს, რაც დღეს ხდება. ყველაფერი შეცვალა. აღმოჩნდა, რომ არის საზოგადოების მასობრივი მობილიზება, რომელიც არის პიკურიც და აქვს თავისი პასიური მომენტიც, მაგრამ დაიწყო რეალური მობილიზება, ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების შენება დაიწყო. არა კაბინეტებში, როგორც ეს იყო, მაგალითად, 90-იან წლებში, როცა პატარა ორგანიზაციები იქმნებოდა წინააღმდეგობებისთვის, ახლა მიდის ახალი ტიპის საზოგადოების მშენებლობა, როდესაც ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები სპონტანურ კავშირებს ამყარებენ, რაღაცას ერთად აღწევენ, მერე იშლებიან, ახალი კავშირები მყარდება და ეს არის ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება.
დააკვირდით, როგორ შეიქმნა ფულის შეგროვების კულტურა, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. ნამდვილი სოლიდარობა და არა ფურცელზე დახატული.
ეს ყველაფერი რეჟიმს ნერვებს უშლის, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი მთავარი ლოზუნგი არის ფული. ფულია ამათი მთავარი იდეა. რუსები არიან და ის ვერ წარმოიდგინეს, რომ საქართველოში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც კოლექტიურად ახერხებს ორგანიზებას, თავისი საჯარო ინტერესის გამოხატვას და ჩემი აზრით, ეს არის მთავარი, რასაც მოჰყვა ფიზიკური ძალადობა.
ვინ არწმუნებს მათ, რომ წინააღმდეგობა შესუსტდება და მსგავსი მეთოდები უნდა გამოიყენონ?
არ დაგვავიწყდეს, „ოცნებამ“ რომ ბელარუსებთან გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება. ეს სიმბოლური ამბავი იყო, ტერორიზმს ვებრძვით ჩვენო, განაცხადეს. სინამდვილეში, ეს იყო ღიად ნათქვამი მსოფლიოსთვის – „ჩვენ რუსულ კლუბთან ვიწყებთ ურთიერთობას და მათ გამოცდილებებს გამოვიყენებთ“.
რუსებმა არაერთი სამოქალაქო წინააღმდეგობა ჩაახშეს ბოლო 25 წლის მანძილზე და მათ რაღაც სქემა დაამუშავეს. მე დარწმუნებული ვარ, არსებობს კომპიუტერული მოდელირება, სტრატეგიული თამაში რომ წარმოვიდგინოთ, რომელშიც შესაძლებელია სხვადასხვა სცენარის ჩატვირთვა და ეს თამაში ავტომატურ სქემებს გაძლევს, რა უნდა აკეთო.
დარწმუნებული ვარ, რუსებს აქვთ ეს გაწერილი, იმდენად დიდი ხანია რაც ამაში არიან, რადგან ბიუროკრატები იცვლებიან ფსბ-ში თუ სხვა სამსახურებში და ეს ცოდნა რაღაცნაირად უნდა დარჩეს.
მეორე საკითხია ის, რომ როგორც კი დაინახეს, რომ ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება იქმნება, ეს მათთვის უკვე არის სასიცოცხლო საფრთხე, იმიტომ, რომ ამათი მთელი სქემა იშლება- ფეოდალები ვეღარ იქნებიან.
ჩნდებიან გოგო-ბიჭები, ახალგაზრდები, ვინც მათ ბოროტებას ამჟღავნებს, ლაპარაკობენ ამ ყველაფერზე, არ ეშინიათ, არ ერიდებათ. ეს მათთვის მთავარი პრობლემაა, ამიტომ შემოდის ეს ძალადობა.
სხვადასხვა დროს სახეზე ბრილიანტის მწვანე ან საღებავი შეასხეს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს; რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორ დიმიტრი მურატოვს და სხვა პირებს.
აქ არის ინტენსივობაზე ლაპარაკი. თუ შენ ხედავ, რომ პროტესტი ძალიან მატულობს, ცდილობ ერთი ტიპის შემაკავებლები გამოიყენო. როცა შეგრძნება გაქვს, რომ პროტესტი მცირდება, შეიძლება გადახვიდე ფიზიკურ ძალადობაზე. მაგრამ არ ითვალისწინებენ ქართულ ფაქტორს. ქართული ფაქტორი არის გაბრაზება, მაგრამ მათ ეს მომენტი არ იციან და რამდენჯერაც ასეთი ბოროტება გააკეთეს, წააგეს.
ეს გოგოები რატომ გახდნენ თავდასხმის სამიზნე, ამის თქმა ზუსტად მიჭირს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ქმედებებით ისინი იღებენ მეტ ზიზღს საზოგადოებისგან. ვის შეეშინდა? ყველა გამოდის, ამ ყველაფერზე ლაპარაკობენ ნათელი სახეებით და არავის ეშინია.
ორსულ ქალს რომ შეუვარდნენ დილის რვა საათზე სახლში, შეაშინეს?! ზიზღის მეტი რა მიიღეს, მაგრამ ეს არის რუსული სქემები, რაც შეიძლება რუსეთში მუშაობს, მაგრამ ჩვენს შემთხვევებში – ვერა. ჩვენ შემთხვევაში ეს იწვევს ზიზღს, აგრესიას და დაუმორჩილებლობის მეტ სურვილს.
ჩვენ უკვე ვხედავთ სამოქალაქო მოძრაობის დაუმორჩილებლობის რამდენიმე სტრატეგიულ უპირატესობას – კოლექტიური მოქმედების უნარი ძლიერდება.
ბევრი ადამიანი, რომელიც შეიძლება აქამდე სრულიად გაუცხოებული იყო ამ აქტივიზმთან, ახლა უკვე აქტივიზმის ცენტრში აღმოჩნდა. ანუ ცოდნა ვრცელდება. 160 დღეა ეს მუშაობს.
გამოდის, რომ „ოცნება“ კრიზისს გრძნობს?
კრიზისს გრძნობს კი არა, ამ კრიზისში ცხოვრობს. შიდა პარტიული სტრუქტურები ერღვევა. მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეხვდათ საზოგადოებისგან, ლეგიტიმაციას ვერ იქმნიან და ახლა საერთოდ, ამერიკული სანქციები ხუმრობა ამბავი არ არის. მთავარი პროკურორი რომ სანქცირებულია, საერთოდ არ არის სასაცილოდ საქმე.
ფაქტია, რომ შეეშინდათ სანქციების. ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის შიგნით აქვთ უწესრიგობა. ეს დროებითია თუ არა, ამაზე ლაპარაკი ახლა ძნელია, მაგრამ ამ მომენტისთვის აქვთ უწესრიგობა.
რა შეიძლება იყოს შემდეგი, ანუ უფრო უარესი ნაბიჯი, თქვენი აზრით?
სამი კვირის წინ იყო, ბიჭს ქუჩაში თავს დაესხნენ, ისე ურტყეს თავში, ოპერაცია დასჭირდა. აი, ეს ფორმაც აითვისეს. ჩვენ სახეზე გვაქვს ფიზიკური თავდასხმა, უხეში, დანებით, რაღაც მძიმე ნივთების გამოყენებით დაზიანების მიყენება, გვაქვს სახეზე სამართებლის სახეზე დასმა, ახლა გააკეთეს ეს – ბრილიანტის მწვანე შეასხეს გოგონებს, აქციებზე მიზანმიმართულად უმიზნებენ თვალებში აქტივისტებს… ამ ყველაფერზე უარესი არის ერთი – გამოაცხადონ სამხედრო მდგომარეობა, სცადონ, რომ საერთოდ ჩაკეტონ ქვეყანა.
ეს რას გამოიწვევს ქვეყანაში?
რეალურად, ჩვენ ახლა ვართ სასწორზე, სადაც ერთ მხარეს არის სამოქალაქო საზოგადოება, მეორე მხარეს – პოსტსაბჭოური, კომუნისტური პარტიის აპარატი და ყოფილი საბჭოთა უშიშროების რესურსი, რუსეთიდან ჩამოსული ვიღაცებით, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველები არიან. მიდის რეალური წინააღმდეგობა ამ ორ ძალას შორის. წინააღმდეგობა იმაზე, თუ ვის ექნება ამ ტერიტორიაზე კონტროლი – ამ ფეოდალურ დაჯგუფებას, რომელიც აზერბაიჯანში რომ ვხედავთ, ასეთი ტიპის რეჟიმის შექმნას შეეცდება, თუ ეს ყველაფერი დასრულდება, როგორც ძალიან ცუდი ეტაპი საქართველოს ისტორიაში და საქართველო ევროპული დემოკრატიისკენ წავა.
„ოცნების“ მთავრობას აქვს რაღაც ბერკეტები, მას შეუძლია მცირე ინტერესთა ჯგუფზე გავლენის მოხდენა, შეუძლია გამოიყენოს პოლიტიკური სახეები, ათასი სიბინძურეები ალაპარაკოს, საჯარო დებატებში შექმნას ქაოსი, მაგრამ ერთ რამეს ვერ აკეთებს, ვერ ახერხებს სამოქალაქო წინააღმდეგობის მოთვინიერებას.
თქვენ ახსენეთ ჩაკეტილობა. გამოუვათ კი ეს? და ამ შემთხვევაში რა დაემართება სამოქალაქო წინააღმდეგობას?
ამ ყველაფერს უშველის ის, რაც დღეს გვაქვს – სამოქალაქო მობილიზაცია.
მე საერთოდ მომხრე ვარ ისეთი აქტივიზმის, რომელიც ნაკლებ მსხვერპლს მოიტანს აქტივიზმის მხარეს. აქ მოქნილობაა მთავარი და ამას სწავლობს პროტესტი.
საქართველოა, ძალიან პატარა საზოგადოებაა, ადამიანი ჩამოვიდა ფეხით ხევსურეთიდან აქციაზე, თავისი თვალით რომ ენახა რა ხდებოდა და წაიღო ეს სიტყვა თავის თემში. ასე მოიქცა ბევრი და რაც არ უნდა საგანგებო მდგომარეობები შექმნან, ამ სისტემას ვერ დაარღვევენ.
მართალია, ასეთი რთული წინააღმდეგობის გამოცდილება აქამდე არ გვქონია, არც პარტიზანული მოქმედებების გამოცდილება გვაქვს ასეთი რთული, მაგრამ ვხედავთ, რომ ადამიანებში არის ინტერესი, რომ იყოს წინააღმდეგობა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ცდილობს მოიფიქროს წინააღმდეგობის კრეატიული ფორმები და ამას ვერ ცვლიან, რაც უნდა ჩაგვრთონ ამ რაღაც ბნელ „ცარცის წრეში“, უკეთესი ცხოვრებისკენ ახალგაზრდების მისწრაფებას მაინც ვერ შეაჩერებენ.
თქვენ წერდით ფეისბუქზე, რომ „ყველაფერზე წამსვლელის, შემსრულებლების“ სიმცირე გაძლევთ იმედს, რომ ასეთი თავდასხმები შესაძლოა დიდხანს ვერ გაგრძელდეს. თუმცა, რა შეიძლება იყოს პრევენცია, როგორია ამის გამოცდილება?
9 აპრილი გახსოვთ? ვიღაც ერთი წაშლილი ადამიანი რომ გამოიყვანეს, რომელიც აგინებდა ყველას, გადალახა ყველა საზღვრები- ადამიანობის, კაცობის, ზრდილობის, მაგრამ რამდენი მოიყვანეს ასეთი? რამდენიმე.
ეს კატეგორია მართლა თითზე ჩამოსათვლელია და თან ესენიც იმალებიან.
ვინც ამ გოგოებზე იძალადა, მისი მოძებნაც შეიძლება. შესაძლოა უკვე იციან კიდეც, ვინ არის.
მაგრამ მოულოდნელობის მთელი აზრი ის არის, რომ თავდაცვის გარეშე ხარ დარჩენილი. ერთადერთი გამოცდილება ის არის, გქონდეს რუტინა, თავდაცვის კულტურა. აი, მაგალითად, იცოდე სად არის საფრთხილო ადგილები და ამ ადგილებს სიბნელეში ერიდო, თუ გვიან გიწევს სახლში მისვლა, შეეცადო, რომ ოჯახის რომელიმე წევრი გააფრთხილო და ვიღაც შუქანთებული იყურებოდეს ქუჩაში და გელოდეს. ლიფტში, სადარბაზოში როდესაც შედიხარ, ხედავ რაიმე საეჭვოს? – ეცადო, რომ გქონდეს ტელეფონი მომარჯვებული და არც ხმამაღლა დაძახება მოგერიდოს.
ასეთი ელემენტარული ზომები ამგვარი თავდასხმების რისკს დიდი პროცენტით შეამცირებს.
რეალურად ეს თავდამსხმელები მშიშრები არიან, არ უნდათ, მათი სახე რომ გამოჩნდეს. ვისი სახეებიც გამომჟღავნდა, არა მგონია ეს ადამიანები კომფორტულად გრძნობდნენ თავს ქალაქში.
სახეების გამოჩენა არ უნდათ იმის გამოც, რომ შეიძლება ვიღაცები რუსეთიდან ჰყავთ ჩამოყვანილი და მერე უკან აბრუნებენ. დღეში 5 რეისი დადის წინ და უკან.
ეს ამბავი არის გამოსაძიებელი და მედიამ უნდა გაარკვიოს, როგორ გადაადგილდნენ, სად გადაადგილდნენ, სად შენიშნეს თვალთვალი, რომელ ქუჩებზე, საიდან გაუჩნდათ ეს შეგრძნება, რომ უთვალთვალებდნენ და თუ ამას გრძნობდნენ, მოიმოქმედეს რაიმე თუ არა და ესეც იქნება გარკვეული გაკვეთილი ყველასთვის, რომ როცა საშიშროებას გრძნობენ, სჯობს ამაზე ილაპარაკონ დროულად და ხმამაღლა.
დროული ლაპარაკი, რაღაც ფოტოების გადაღება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეტი ადამიანი იჩენდეს სიფრთხილეს. ამ ინფორმაციის გაზიარებით შეიძლება დავგეგმოთ ჩვენივე უსაფრთხოება.
„მიუხედავად იმ მოლოდინისა, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ მოხდებოდა აშშ – საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა, ასე არ მოხდა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი შეხედვით იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე ტრამპის და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც „ბათუმელები“ მეგობარი აქტის მხარდაჭერაზე ესაუბრა.
პოლიტიკის ანალიტიკოსი აქტის მხარდამჭერი ამერიკელი კონგრესმენების რაოდენობაზეც ამახვილებს ყურადღებაზე – „მეგობარ აქტს“ 349 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი. კორნელი კაკაჩია საუბრობს იმაზეც, რომ ეს მხარდაჭერა ორპარტიული იყო.
რა იცვლება „ქართული ოცნებისთვის“ და საქართველოსთვის „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერით? – „ბათუმელები“ ამ თემაზე „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
მიუხედავად იმ მოლოდინისა, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ მოხდებოდა აშშ – საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა, ასე არ მოხდა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი შეხედვით იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე ტრამპის და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის: ბოლო პერიოდში „ოცნება“ აქტიურად ცდილობდა თავისი რიტორიკა მიემსგავსებინა ტრამპის რიტორიკისთვის გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღების მოლოდინში.
მოსალოდნელია, რომ რამდენიმე კვირაში სენატიც უყრის კენჭს ამ გადაწყვეტილებას. დიდი ალბათობით ამ აქტს სენატიც დაამტკიცებს, შემდეგ კი, გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ტრამპმა გადაწყვიტოს, ხელს მოაწერს თუ არა. ეს გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესია, მაგრამ ეს პროცესი დაიწყო.
„ქართულ ოცნებას“ ჰყავდა დაქირავებული ლობისტური ჯგუფები, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას არ ჰქონდა ის გავლენა, რასაც „ოცნებაში“ მოელოდნენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ „მეგობარ აქტს“ 349 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 168 რესპუბლიკელია, 181 – დემოკრატი. ასევე, 42 მოწინააღმდეგეს შორის 34 იყო რესპუბლიკელი და 8 – დემოკრატი.
ასეა. ორპარტიული მხარდაჭერა იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი თანდათან შეუქცევადი ხდება, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს „ქართული ოცნების“ იზოლაციას.
ეს იზოლაცია დიდი ხანია დაწყებულია ევროკავშირთან ურთიერთობაში. ევროპას ფაქტობრივად „ოცნება“ ეუბნება: გვინდა ვიყოთ აზერბაიჯანის მსგავსი, ავტოკრატიული სახელმწიფო, საჭიროა უბრალოდ, რომ თქვენ აღიაროთ ეს რეალობა. „ოცნებას“ იმედი ჰქონდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო ადვილი გახდებოდა დასავლეთთან ტრანზაქციულ ურთიერთობებში შესვლა, რადგან ტრამპისთვის საქართველო არაა მნიშვნელოვანი და დემოკრატიის წინ წაწევა არ არის მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტული მიზანი.
გეოპოლიტიკურად დღეს არსებული რთული მდგომარეობა ზოგადად ხელს უწყობს „ქართულ ოცნებას“ მთლიანობაში: ტრამპის პოლიტიკა უკრაინის მიმართ, რუსეთის მიმართ, თუმცა ამ გადაწყვეტილებით არ დადასტურდა, რომ საქართველოსთან მიმართებითაც აუცილებლად მოხდებოდა ცვლილებები აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან.
ამის თქმა წინასწარ რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ სენატმა დაუჭირა მხარი „მეგობარ აქტს“, აშშ-ს პრეზიდენტს გაუჭირდება უარის თქმა, მით უმეტეს, როცა არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა. თუ ტრამპს არ ექნება პერსონალური ინტერესი, დიდია შანსი, რომ მან ამ აქტს ხელი მოაწეროს.
არ არის გამორიცხული, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაამძიმოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მდგომარეობა. რატომღაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰგონია, რომ რაც უფრო ძლიერდება ზეწოლა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ავტოკრატიულ მმართველობაზე, მან კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს და დრაკონული კანონებით ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, თავისუფალ მედიაზე, უბრალოდ მოქალაქეებზე.
ასე რომ, ერთი შეხედვით, კარგი ამბავია „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერა, თუმცა სავარაუდოდ ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდება ისედაც მძიმე მდგომარეობა.
თავადივანიშვილისმდგომარეობაარდამძიმდება?
რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო საშუალოვადიან პერიოდში, მოკლევადიან პერიოდში კი, მაგალითად, თვის ბოლოს, რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროში ახალი კანონის ამოქმედების საკითხზე ექნება შეხვედრები…
ძალიან მნიშვნელოვანია ამჯერად: განაგრძობენ რეპრესიულ მიდგომას და ისე მიიტანენ აგრესიას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მიმართ, თუ ეს იქნება გარკვეულწილად იმის ნიშანი, რომ ისინი სადღაც უნდა გაჩერდნენ?!
შეერთებული შტატებიდან თუ ევროკავშირიდან ზეწოლა ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ რეჟიმის საერთაშორისო იზოლაცია შეუქცევადია. თუ ამას მოჰყვა ფინანსური სანქციებიც, ეს ნიშნავს, რომ მმართველ პარტიაში ერთიანობის შენარჩუნების რისკი იზრდება.
ამიტომაც, „ქართული ოცნება“ ეცდება მოკლევადიან პერიოდში გადატეხოს ეს წინააღმდეგობა, რათა მანამდე მოახდინოს ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაცია.
შეიძლება „ქართულიოცნება“ მზადიყოსამმასშტაბისიზოლაციისთვის?
ეს იზოლაცია უცებ არ მოხდება. „ქართულ ოცნებას“ აქვს ცდუნება, ძალისმიერი გზით ჩაახშოს ეს პროტესტი. „ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ ადვილად მოახერხებენ საპროტესტო მოძრაობის მოშთობას. ისინი მზად არიან ოპოზიციური პარტიების გასაუქმებლადაც, უბრალოდ ელოდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მის შედეგებს როგორ მიიღებს დასავლეთი. მერე უკვე დაანონსებული პარტიების აკრძალვაც არ იქნება გამორიცხული.
ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რომ „ოცნებამ“ ასე სწრაფად უკან დაიხიოს, თუ ძირეული ცვლილებები არ მოხდა ქვეყნის შიგნით. „მეგობარი აქტი“, ერთის მხრივ, იმედის მომცემია, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ ჯავრი ისევ საქართველოს მოსახლეობაზე იყაროს.
როცა არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არ დასტურდება მოლოდინი, თითქოს შტატების ინტერესი საქართველოსთან მიმართებით ჩაიხსნებოდა და ვაშინგტონი უბრალოდ დაუთმობდა რუსეთს ან ჩინეთს სტრატეგიულ გავლენებს რეგიონში.
თუმცა გამოკვეთილი არ არის ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესი. ამ ეტაპზე ჩანს , რომ საქართველო არ არის მისი პრიორიტეტი, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სხვა გლობალური საკითხები, მათ შორის – უკრაინა.
თუ ავტოკრატიულმა მმართველობამ საქართველოში განაგრძო რეპრესიები და ამან უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ამას მოჰყვება ფლირტის გაგრძელება ჩინეთთან, არ არის გამორიცხული, შეერთებულმა შტატებმა და ტრამპის ადმინისტრაციამაც შეცვალოს პოლიტიკა საქართველოს მიმართ და უკვე სხვა ტიპის პოლიტიკა აწარმოოს.
ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტული ინტერესი, მაგრამ ვართ კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ს სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ინტერესი.
თუ „ქართულმა ოცნებამ“ გაბედა და შტატებთან პირდაპირ კონფრონტაციაში შევიდა, ეს მას კიდევ უფრო გაურთულებს სიტუაციას არამარტო საერთაშორისო დონეზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც.
„ოცნება“ ცდილობდა შეერბილებინა პოზიცია იგივე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თუმცა რაც უფრო უჭერენ ქართულ საზოგადოებას ავტოკრატიულ მარწუხებს და ქვეყანას უსპობენ დემოკრატიულ მომავალს, მით უფრო რთულდება პარტნიორების მხრიდან ამ ხელისუფლებისადმი ხელის ჩამორთმევა.
მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასთან“ რთულდება იქიდან გამომდინარე, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება, საბოლოოდ გავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე. არა მგონია, რომ რაღაც დათმობებზე წამოვიდეს შეერთებული შტატები, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ჩარჩოში დაბრუნება.
ყველაზე მთავარი ამ პროცესში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების უკან გაწვევაა. „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს იმასაც, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, მაშინ პირიქით, გაძლიერდება თანამშრომლობა. ამიტომაც ჰქვია მას „მეგობრობის აქტი“ და უკვე სხვა სიმაღლეზე ავა ორმხრივი ურთიერთობები. ამას დაემატება საკანონმდებლო და ბევრი სხვა კომპონენტი, რაც მთლიანობაში გაზრდის ჩვენს უსაფრთხოებას და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას.
ივანიშვილს სურს, რომ აღიარონ, როგორც ავტოკრატიული სახელმწიფო, სადაც ის იქნება განუსაზღვრელი ვადით, როგორც ეს სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებშია. მას აქვს მოსაზრება, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით იმდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე და შუა კორიდორის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი წავა დათმობაზე და უარს იტყვის ფასეულობებზე დამყარებულ საგარეო პოლიტიკაზე.
ივანიშვილს აქვს მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთს ექნება ტრანზაქციული ურთიერთობები საქართველოსთან, რა ურთიერთობაც აქვს, მაგალითად, ევროკავშირს აზერბაიჯანთან.
მთავარი განსხვავება აქ ისაა, რომ აზერბაიჯანს აქვს ნავთობი, გაზი და ეს სჭირდება ევროკავშირს. საქართველოს ამ კუთხით რუსული სტილის ავტორიტარიზმის გარდა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია დასავლეთისთვის. ერთადერთი, რასაც საქართველო სთავაზობდა ევროპას და ამერიკას და იქცევდა ყურადღებას, ის იყო, რომ საქართველო იყო დემოკრატიის ერთგვარი კუნძული, ფორპოსტი ამ რეგიონში დასავლეთისთვის.
ივანიშვილს უნდა, რომ საქართველო, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, დააბრუნოს ჩვეულებრივ, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოდ, დავბრუნდეთ ნაცრისფერ ზონაში, სადაც 30 წლის წინ ვიყავით და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეძლოს ხელისუფლების შენარჩუნება განუსაზღვრელი ვადით.
რამნიშვნელობასიძენსახლაწინააღმდეგობა?
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის შენარჩუნება. შესაძლოა, შტატების ამ გადაწყვეტილებას მიბაძონ სხვა ქვეყნებმა: არაა გამორიცხული ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებმაც გამოიყენონ ეროვნული სანქციები, რაც კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს „ქართულ ოცნებას“.
26 მაისს ჩასატარებელ ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტრო 2 მილიონ 200 ათასამე ლარს ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით დახარჯავს.
თავდაცვის სამინისტროს თბილისსა და ქვეყნის ხუთ რეგიონში ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების ჩატარება, ტექნიკის გამოფენა, სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა, ავიაციის საჩვენებელი გადაფრენის მოწყობა და ფიცის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევების დაბეჭდვა-დარიგება ევალება.
აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება თავდაცვის სამინისტროს „26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმით“ დაევალა. ეს გეგმა „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 15 აპრილს დაამტკიცა.
გასამართი ღონისძიებები და შესასყიდი მომსახურებები უფრო კონკრეტულად ნახეთ ამ ცხრილში:
თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები 2025 წლის 26 მაისისთვის / წყარო: შესყიდვების პორტალი
„ღონისძიებების მასშტაბურობიდან გამომდინარე, შესასყიდი საქონლის/მომსახურების დეტალურად განსაზღვრას თავდაცვის სამინისტროს საწყობებში არსებული მარაგების გათვალისწინებით დაჭირდა გარკვეული დრო.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მიმართვამდე საჭიროა ჩატარდეს გარკვეული ბაზრის კვლევა შესასყიდი საქონლის/მომსახურების შესახებ რათა, მოწოდების ვადების გათვალისწინებით განისაზღვროს მათი სავარაუდო ღირებულებები ერთიანი ელექტრონული სისტემის მოდულში ასატვირთად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდვების პროცესის უფრო ადრე დაგეგმვა, ვიდრე ეს მოხდა, შეუძლებელი იყო“ – წერს სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს 2025 წლის 2 მაისს.
„ვინაიდან გარდა ტენდერის პროცედურის ჩატარებისა, საქონლის/მომსახურების მოწოდებისათვის/ტრანსპორტირებისათვის საჭიროა დამატებით ვადები, 26 მაისამდე ტენდერის პროცედურის საშუალებით საქონლის/მომსახურების მოწოდება შეუძლებელია“ – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში წინა წლების ტრადიციისგან განსხვავებით, არ ფიგურირებს რუსთაველის გამზირი.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 მაისს საქართველოს მთავრობის ღონისძიებაში გაუქმდა აშშ-ის მონაწილეობა. მიზეზი იმავე წლის 29 აპრილს თბილისში „ბიძინა ივანიშვილის“ სიტყვით გამოსვლა გახდა.
29 აპრილს მმართველმა პარტიამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ფონზე შეკრება გამართა. ღონისძიებაზე დასასწრებად „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეები, ძირითადად საჯარო მოხელეები, რეგიონებიდანაც ჩამოიყვანა.
უკვე მეექვსე თვეა რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს იკეტება პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ. უწყვეტი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე გადაავადა. საპროტესტო აქციის მოთხოვნებია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების დანიშვნა და არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წელს ვერ შეძლეს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან მისვლა, სადაც პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილნი.
„გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ, [ხალხმა] ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად — პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი, კულტურა, ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს. 26 მაისი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოა და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია!“.
__________________
მთავარი ფოტოზე: 26 მაისი, 2024 წელი, თბილისი / ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სთხოვენ, გადაცემა „ღამის კურიერში“ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ირაკლი კობახიძის ცრუ ბრალდებებს პასუხი გასცეს.
სწორედ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 16 აპრილს, რომ თითქოს მზია ამაღლობელმა ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა.
„რუსთავი 2-ს“ ჩავაბარეთ განცხადება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში 6 ადამიანი ვაწერთ ხელს: ეთერ თურაძე, ნინია კაკაბაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, თამარ რუხაძე და ზვიად ქორიძე.
ამ განცხადებით ვითხოვთ, რომ გადაცემა „ღამის კურიერში“, რომელიც მიჰყავს ნინო შუბლაძეს, მიეცეს საშუალება მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველს, მის ადვოკატს, მაია მწარიაშვილს, საეთერო დროის კონკრეტულ ინტერვალში, გასცეს პასუხი იმ არაზუსტ, შეცდომაში შემყვან და მცდარ ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამავე გადაცემაში გაავრცელა ირაკლი კობახიძემ.
მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება არ უნდა დარჩეს უპასუხოდ და გამომდინარე იქიდან, რომ ჯეროვანი სიზუსტე უნდა დაიცვას მაუწყებელმა, სამართლიანად უნდა მოექცეს ყველა მოქალაქეს და აუცილებლად უნდა დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, მაუწყებლობის ქცევის კოდექსის ამ ნორმებიდან გამომდინარე, ვითხოვთ, მაია მწარიაშვილს, მზია ამაღლობელის ადვოკატს, მიეცეს საშუალება, ეს არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი განცხადებები გააბათილოს თავისი გამოსვლით. ამიტომ ვითხოვთ ღია ეთერს, რომელშიც მაია მწარიაშვილი იქნება „ღამის კურიერის“ სტუმარი“, – თქვა ზვიად ქორიძემ განცხადების ჩაბარების შემდეგ.
16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა კობახიძემ მზია ამაღლობელის საქმეზე ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა. მსგავსი განცხადებები გაავრცელეს „ოცნების“ სხვა წევრებმაც.
________________
ფოტოზე: მზია ამაღლობელის ადვოკატები: მაია მწარიაშვილი და გიორგი ხიმშიაშვილი
დღეს, 6 მაისს, ბრიფინგი გამართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი გამოეხმაურა „მეგობარი აქტის“ მიღებას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში და საქართველოში მიმდინარე უახლეს ამბებს.
„წინააღმდეგობის პლატფორმის“ დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც ქვეყანაშია. ეს თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი პატიმარი, რომელსაც 30 დაზიანება დაუფიქსირდა ოფიციალურ დოკუმენტში. ეს არის სურათი ჩვენი დღევანდელი ქვეყნის და კიდევ უფრო მძიმე ამ სურათიდან გამომდინარე ისაა, რომ არ შეიძლება დღეს გვქონდეს რამე მოლოდინი, ან იმედი ან გამოძიების, ან სასამართლოსი.
ეს არის სწორედ ის, რაც ამ ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, რომ დავიბრუნოთ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ჩაატარებენ გამოძიებას, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება და მთავარი ეს არის – დავიბრუნოთ სასამართლო“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ბრიფინგზე ისაუბრა „მეგობარი აქტის“ მიღებაზეც და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ოცნების“ რეჟიმი შეიცვლება, საქართველო დაიბრუნებს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან.
„ჩვენ დაგვეწია „მეგობარი აქტის“ მიღება აშშ-ში, რაც არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ეს რეჟიმი დასასანქცირებელია, სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან. არ შეიძლება საქართველოდან ოფიციალური პირები ამერიკას აბრალებდნენ ხან “ომის პარტიობას”, ხან „დიფ სთეითობას“ და ხან რას და ხან რას, ეს არის მიუღებელი და ეს არის ამერიკის, როგორც მეგობრის პასუხი.
ჩვენ მეგობარს დავიბრუნებთ, როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება, ეს არის ჩვენი განაცხადი. დავიბრუნებთ არამხოლოდ ამერიკის მეგობრობას, დავიბრუნებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც დაიკარგა ამ პერიოდში და ასევე, დავიბრუნებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან და არა იმ ქვეყნებთან, რომლის სია გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ და დავიბრუნებთ თავისუფალ ვაჭრობას. ეს არის ჩვენი მომავალი ამ რეჟიმის გარეშე“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
მან ასევე დააანონსა აქციები 9 და 26 მაისს. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უნდა ჩაიბარონ საქართველოს მოქალაქეებმა:
„მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და ამასთან, პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე, რომელსაც დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ ჩვენს ქუჩებში, ჩვენს მაღაზიებში, ჩვენს რესტორნებში.
სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად, რუსები არიან, რომლებიც ამ ქვეყანაში კომფორტულად ცხოვრობენ. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და სამაგიეროდ, რუსები ხეირობენ.
ჩვენ 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას; დავუპირისპიროთ ის ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ.
და რაც მთავარია, გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ, ვინც იყო, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად – პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა, ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ერთად ჩავიბარებთ 26 მაისს.
იმიტომ, რომ 26 მაისი ჩვენია! 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას, ამისთვის ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს, შემდეგ – 26 მაისს“.
ბათუმში, რუსთაველის ქუჩიდან „საოცრებათა პარკთან“ მისასვლელ ტერიტორიაზე განათებები გამორთულია.
აქ ათამდე რკინის მაღალი ბოძია განთავსებული. თითო ბოძზე რამდენიმე ნათურაა დამაგრებული, თუმცა ყველა გამორთულია. მხოლოდ ერთ ბოძზე მუშაობს რამდენიმე ნათურა.
სკვერში, რკინის ბოძებზე დამაგრებული ნათურები არ მუშაობს.
რატომ არ მუშაობს განათება? – ვკითხეთ ბათუმის მერიას, თუმცა აქ გვითხრეს, რომ პარკი ბულვარის საკუთრებაა და მიზეზის გასარკვევად ბულვარისთვის უნდა მიგვემართა. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ განათების აღნიშნული ბოძები არა ბულვარს, არამედ ქუჩას ეკუთვნის.
„ჩვენი ელექტრიკოსების განცხადებით, ჩვენი არაა. ჩვენს ტერიტორიაზე მუდმივად ხდება მონიტორინგი და თუ სადმე პრობლემაა, იცვლება ეტაპობრივად“ – გვითხრეს ბათუმის ბულვარში.
საჯარო რეესტრის მიხედვით, ანბანის კოშკსა და რუსთაველის ქუჩას შორის არსებული ტერიტორია, სადაც აღნიშნული განათების ბოძებია განთავსებული, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და იჯარით ან სხვა ფორმით სარგებლობაში არ არის გადაცემული.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] ქვეყნიდან გაძევების შეჩერებას მოითხოვს. ამის თაობაზე საიამ დღეს, 6 მაისს განაცხადა.
საიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების პროცედურები უკვე დაიწყო.
„გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი უარი.
ამ საქმეს იხილავდა მოსამართლე, რომელმაც წლების წინ არ დააკმაყოფილა თემურ ქათამაძის მოთხოვნა მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. სწორედ ამიტომ, მან შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს აცილების მოთხოვნით, რაც უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა. ამასთან, სასამართლომ ამჯერადაც უარი თქვა მოწმეთა დაკითხვაზე, რომლებიც სასამართლოს მიაწვდიდნენ ინფორმაციას იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რაც თემურ ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საფუძველია.
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება ამ ეტაპზე იყო ის ერთადერთი შესაძლებლობა, რაც თემურ ქათამაძეს უფლებას მისცემდა, კანონიერი საფუძვლით დარჩენილიყო საქართველოში და არ მომხდარიყო მისი გაძევება.
გაძევების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მეორე დღესვე, 30 აპრილს მიიღო. ამავე გადაწყვეტილებით მას ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის 10-დღიანი ვადა განესაზღვრა.
თემურ ქათამაძე დღეს მიმართავს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებამდე, ამ აქტის მოქმედება უნდა შეჩერდეს და ამდენად, უნდა შეჩერდეს გაძევების პროცედურებიც. ამასთან, თემურ ქათამაძეს აქვს მიმდინარე დავა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან, რომელიც ეხება მოქალაქეობის მინიჭების საკითხს და რომელზეც ამ დროისთვის სასამართლოს არ დაუწყია საქმის განხილვა“ – აცხადებს საია.
თემურ ქათამაძე 2012 წლიდან ცხოვრობს საქართველოში. საია, რომელიც თემურ ქათამაძის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ მის გაძევებასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყება კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მის აქტიურ და საჯარო პროტესტთან. ამას ცხადყოფს ფაქტები:
„გაძევების პროცედურების დაწყებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი მიმდინარე წლის 11 და 16 იანვარს დააკავა. ადმინისტრაციული წესით, 2025 წლის 11 იანვარს დაკავებისას, იგი მიიყვანეს ბათუმის პოლიციის სამმართველოში, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ სამართალდამცავებს შორის იყო ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება.
თემურ ქათამაძის საქმეში გამოვლენილი პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს სამართლებრივ მექანიზმებს იმ ინდივიდების წინააღმდეგ, რომელთა სამოქალაქო აქტივობა ან კრიტიკა მათთვის მიუღებელია.
სასამართლოს მხრიდან მოწმეთა დაკითხვის გაუმართლებელი უარყოფა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამასთან, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაძევების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყება, სასამართლოს საბოლოო დასაბუთებული დასკვნის გარეშე, თემურ ქათამაძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ რეპრესიაზე მეტყველებს“ – აცხადებს საია.
შსს-ს ინფორმაციით, აქტივისტებზე სახეში საღებავისა და წიწაკის სპრეის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას.
5 მაისს, საღამოს, თბილისში, აქტივისტებს ნუცა მახარაძეს, სალომე სარიშვილსა და ქეთევან ჯანანაშვილს, ლიფტიდან გამოსვლისას სახეში მომწვანო-მოლურჯო ფერის საღებავი და წიწაკის სპრეი შეასხეს, ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
როგორც ნუცა მახარაძე პირდაპირ ჩართვაში ამბობდა, პირი, რომელმაც მას საღებავი და წიწაკის სპრეი სახეში შეასხა, ნიღბით იყო, თუმცა ხმის მიხედვით, კაცი იყო.
აქტივისტის თქმით, საღებავის და სპრეის შესხმის შედეგად, საღებავმა გამოიწვია ალერგიული რეაქცია, რის შემდეგაც გამოიძახეს სასწრაფო და მოვიდა პოლიციაც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 მაისის 21 საათიდან 7 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 8 და 9 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 959 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430]
ტანკი – 10 766 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 22 416 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 27 431 ერთეული [+61]
MLRS – 1 378 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 155 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 35 142 ერთეული [+145]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 196 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 47 353 ერთეული [+103]
სპეცტექნიკა – 3 873 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
662 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
55 452 უპილოტო საფრენი აპარატი
605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 153 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 558 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
24 435 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
35 005 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
5 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას და აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის.
5 მაისს გამართულ კენჭისყრაზე კანონპროექტ მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 42-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. მხარდამჭერებს შორის 168 რესპუბლიკელი კონგრესმენია და 181 – დემოკრატი.
მანამდე, 27 მარტს, „მეგობარი აქტი“ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა.
თუმცა კანონპროექტს საბოლოოდ მიღებისთვის სჭირდება როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა. კანონპროექტმა კონგრესის ორივე პალატაში ერთი და იგივე პროცედურა უნდა გაიაროს, სანამ ხელმოსაწერად პრეზიდენტს წარედგინება.
წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერის შემდეგ დარჩენილი პროცედურებია:
„მეგობარი აქტის“ სენატის საერთო სესიაზე კენჭისყრა, საჭიროა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა;
თუ სენატიც და წარმომადგენელთა პალატაც „მეგობარი აქტის“ იდენტურ ვერსიას მიიღებს, მაშინ ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატა და სენატი განსხვავებულ ვერსიებს მიიღებენ, მაშინ კანონპროექტი „მომრიგებელ კომიტეტს“ გადაეცემა, რომელიც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებისგან შედგება. ამ კომიტეტში განხილვის შედეგად მიღებული კანონპროექტი უბრუნდება წარმომადგენელთა პალატასა და სენატს საბოლოოდ დასამტკიცებლად;
მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატაც და სენატიც „მეგობარი აქტს“ დაამტკიცებენ, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეცემა;
აშშ-ის პრეზიდენტს 10 დღე აქვს იმისთვის, რომ კანონპროექტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.
„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში, იმ დროს წარადგინა, როცა „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებდა. ის 2025 წლის იანვარშიც წარადგინეს ხელმეორედ. სენატში კანონპროექტი რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარადგინეს.
კანონპროექტის ავტორების თანახმად, „მეგობარი აქტი“:
აინიციირებს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
მოითხოვს, პრეზიდენტმა დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანაში;
მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს;
გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მუდმივი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, მე-3 სკოლის ახალი კორპუსი შენდება, თუმცა მშენებლობის ხარისხი კითხვებს აჩენს. ქუჩიდან ჩანს, რომ ბლოკის ნაწილი ჩამომტვრეულია, კედლებში ბევრგან ღრიჭოებია დარჩენილი.
სკოლის მშენებლობის ხარისხი ამ ქუჩაზე ჩავლისთანავე შესამჩნევია, თუმცა ამას არც განათლების სამინისტრო იმჩნევს და არც საჯარო სკოლის ადმინისტრაცია.
„4 ცალი ბლოკია არასწორად დაშენებული. ხელოსანმა მითხრა, შიგნიდან რომ ავაშენე, ბოლოში ვიყავი ასული, გარედან ვერ დავინახე, რომ ჩამოვედი, მერე კი დავინახე, მაგრამ მერე გვიანი იყოო,“ – ეს სამშენებლო კომპანია „ალიგატორი 1“-ის მენეჯერის პასუხია, რომელიც მე-3 საჯარო სკოლის ახალ სასწავლო კორპუსს აშენებს.
მშენებლობას რომ პრობლემა აქვს, ამას თავად მშენებელი ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ პრობლემას ხვალვე გამოასწორებს. პრობლემაზე არ საუბრობს სკოლის მშენებლობის დამკვეთი – აჭარის განათლების სამინისტრო, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე აშენებს სკოლას.
სკოლის ახალი შეობა ბათუმში, გორგასალის ქუჩამე-3 სკოლის ეზოში ახალი კორპუსის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო.
მე-3 საჯარო სკოლის ამ კორპუსში მოსწავლეებმა სწავლა 2026 წლის ბოლოდან უნდა დაიწყონ.
ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის ეზოში ახალი კორპუსის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო. ამ მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 627 700 ლარი დაიხარჯება. აჭარის განათლების სამინისტრომ მშენებელ კომპანიას „ალიგატორი 1“ უკვე ჩაურიცხა 750 728 ლარი.
ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც აჭარის განათლების სამინისტროს გაუფორმებია „ალიგატორთან“, აღნიშნულია, რომ სახურავის საგარანტიო ვადა 10 წელია, კონსტრუქციებისა – 25 წელი.
სკოლის ფანჯარა
შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია „ალიგატორმა“ სამუშაოები დათქმულ დროში შეასრულა, თუმცა შპს „გეომშენექსპერტი+“-ის დასკვნა მხოლოდ ფინანსურ ნაწილს ეხება.
რამდენად ხარისხიანად შენდება სკოლის ახალი კორპუსი? – ამ კუთხით ზედამხედველობას „ალფა პროექტი“ ახორციელებს, თუმცა ამ კომპანიის მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტები შესყიდვის ელექტრონულ გვერდზე ხელმისაწვდომი არ არის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ „ალფა პროექტის“ წარმომადგენელს, თუმცა მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოქალაქემ გვითხრა, რომ ის ამ კომპანიის ყოფილი თანამშრომელია და სურვილის შემთხვევაში კომპანიიდან თავად დაგვიკავშირდებოდნენ.
ახალი სკოლის მშენებლობის ხარისხზე „ბათუმელები“ ასევე აჭარის განათლების სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა.
„მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება უფლებამოსილი აკრედიტებული პირის მიერ, ასევე, შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა ხორციელდება სპეციალურად უფლებამოსილი აკრედიტებული პირის მიერ. ასევე, ხდება გამოსაყენებელი მასალების შემოწმება,მათ შორის ლაბორატორიულად,“ – მოგვწერეს აჭარის განათლების სამინისტროდან.
სამინისტრომ არ მოგვაწოდა დოკუმენტი, სადაც მე-3 სკოლის ეზოში მიმდინარე ახალი კორპუსის მშენებლობის ხარისხია შეფასებული. სამინისტროში არც ის განმარტეს, ხარისხიანად შენდება თუ არა სკოლა.
„ხარისხიანად შენდება, აბა რა. ეს არის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია. ერთადერთი ფანჯრის თავი ჰქონდათ არასწორად ჩამოსხმულ, გვერდზეა გადახრილი. ის როგორ უნდა ჩამოვარდეს, იმას ხომ არ დავატოვებინებ ასე? მე ის ვერ გავიგე, საფრთხე რა ადგილას არის? მივირბინე გულგახეთქილი, როცა დამირეკეს,“ – გვითხრა სკოლის მშენებელი კომპანიის „ალიგატორი 1“-ის მენეჯერმა, სოსო ჭელიძემ.
მშენებელს უკვირს, რატომ გაჩნდა კითხვა უსაფრთხოებაზე, როცა მშენებლობა ღობით შემოსაზღვრულია და კონსტრუქციიდან ჯერ არაფერი გადმოვარდნილა. მას შევახსენეთ, რომ საქმე ბავშვების უსაფრთხოებას ეხება.
„ხელოსნებმა არასწორად დააშენეს ბლოკი, გასწორდება… ხვალ მოვა ხელოსანი. 4 ცალი ბლოკი ცოტა არასწორადაა დაშენებული, ხვალ საღამოს იქნება განახლებული.
რაც შეეხება ჩამოტეხილს, ბლოკი არის 20-იანი, როცა არ ეტევა, ბლოკს ვტეხავთ და ვაწყობთ ზევით, მერე შიგნით ხდება ჩამაგრება და ვაკეთებთ „შიკატურკას“, – „ბათუმელებს“ სოსო ჭელიძემ განუმარტა, რა წესით შენდება სკოლა ბათუმში.
მშენებლის თქმით, პერიოდულად მოწმდება მიმდინარე სამუშაოების ხარისხი, თუმცა დასკვნა არც ბიზნესმენმა მოგვაწოდა.
„ამ დოკუმენტებს იბარებს სამინისტრო… შესაძლოა მიგზავნიან კიდეც, არ დავინტერესებულვარ. რამე რომ ყოფილიყო, მეტყოდნენ.
რკინა-ბეტონის კონსტრუქცია დასრულებულია და ამის თანხა აღებული მაქვს. არქიტექტურულ ნაწილზე ჯერ შეტანილი არ მაქვს,“ – გვიპასუხა სოსო ჭელიძემ.
სკოლის მშენებლობამე-3 სკოლის მშენებლობა ბათუმში
ბიუჯეტის ხარჯზე მშენებლობის ხარისხი ხშირად პრობლემაა და ამას ერთ-ერთი ბოლო შემთხვევაც ადასტურებს: 2018 წელს გახსნილი, ახლადაშენებული 35-ე საბავშვო ბაღი ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაცალეს. ამ ახალი საბავშვო ბაღის შენობას მოულოდნელად ბზარები გაუჩნდა და ბავშვები სხვადასხვა ბაღში გადაანაწილეს.
რატომ გაუჩნდა ბზარები საბავშვო ბაღის ახალ შენობას, ვინ არის პასუხისმგებელი? – „ბათუმელების“ ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს, როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, ისე ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოში.
„ისინი [„ოცნება“] გააგრძელებენ მოძალადეების დაწინაურებას, რათა არავის ჰქონდეს იმედი, რომ დაუსჯელობის ატმოსფერო შეიცვლება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ უჩა ნანუაშვილი, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი.
რატომ გადაიყვანეს აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში დირექტორის მოადგილედ? – „ბათუმელები უჩა ნანუაშვილს ამ თემაზე ესაუბრა.
ბატონო უჩა, გრიგოლბესელია ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია მზია ამაღლობელის საქმეში. მან დააკავა პირველად მზია ამაღლობელი კედელზე სტიკერის გაკვრის გამო და სასამართლოს აძლევდა ცრუ ჩვენებას. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიყვანეს ის კრიმინალურ პოლიციაში?
საერთაშორისო სტანდარტი ასეთია, რომ როდესაც მიმდინარეობს გამოძიება და კონკრეტული პირის თუ პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეა საუბარი, ასეთ დროს აუცილებელია თანამდებობის პირს დროებით მაინც შეუჩერდეს უფლებამოსილება, სანამ არ დასრულდება გამოძიება.
ასეთ დროს შესაძლოა დაიწყოს დისციპლინური მოკვლევაც, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი პირიქით ხდება.
ბესელიას დაწინაურება არ არის პირველი შემთხვევა. იგივე როლანდ მესხის მაგალითის შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა რამდენიმე კვირის წინ, უშუალოდ ძალადობდა აქციის მონაწილე გოგონაზე, თმებზე მოქაჩა დღისით-მზისით, კამერების წინ, როცა ადამიანი იდგა ტროტუარზე.
ყველამ ვნახეთ ეს, მაგრამ მცირე დროის შემდეგ, ეს ადამიანი მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. პრაქტიკულად დაწინაურდა, ხომ?!
ყველა მოძალადის, ყველა უფლებადამრღვევის, ყველა იმ ადამიანის დაწინაურება ხდება, ვისაც პრაქტიკულად რეჟიმი იყენებს.
ბესელიასთვის კრიმინალურ პოლიციაში დირექტორის მოადგილედ გადაყვანა დაწინაურება გამოდის? თუ ის უბრალოდ განარიდეს ქალაქს მზია ამაღლობელის საქმის გამო, თქვენ როგორ ფიქრობთ?
მე ვფიქრობ, რომ დაწინაურებაა, რადგან კრიმპოლი არის ცენტრალური სტრუქტურა შს სამინისტროში.
უბრალოდ განრიდების შემთხვევაში კი შესაძლოა დაენიშნათ სულ სხვა პოზიციაზე, სადაც ნაკლები გავლენა ექნებოდა, თუნდაც მიმდინარე საქმეებზე.
იგივე მოხდა თუნდაც თამაზაშვილთან[აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ახალი თავმჯდომარე] დაკავშირებითაც და იყო ასევე სხვა შემთხვევებიც, როცა სისტემამ დააწინაურა ის პირები, ვინც რეალურად ძალადობს, არღვევენ მოქალაქეების უფლებებს, ამიტომ არც ბესელიას შემთხვევაა გამონაკლისი.
გრიგოლ ბესელიამ 28 აპრილს მისცა ჩვენება მზია ამაღლობელის საქმეზე. „ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა” – ამ შეძახილებით გააცილეს იგი მოქალაქეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობიდან. ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ამ დისკომფორტს განარიდეს ბესელია?
ნებისმიერი ასეთი შემთხვევა არის დისკომფორტი მათთვის და სისტემა ცდილობს თავისი ერთგული ჩინოვნიკები აარიდოს ასეთ დისკომფორტს. თუკი შესაძლებელია პროცესებსაც ხურავენ, ბევრნაირად ცდილობენ გავლენა მოახდინონ პროცესებზე და ასეთ განრიდებასაც აქვს ადგილი.
მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, იყო მოთხოვნა, რომ შეჩერებოდა უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძეს, ბათუმის პოლიციის უფროსს, რომელიც ბესელიას კადრია. თუმცა დგებუაძეს არც უფლებამოსილება შეუჩერეს და არც სხვაგან გადაიყვანეს. როგორ ფიქრობთ, რატომ დატოვეს დგებუაძე?
მე არ გამოვრიცხავ, რომ დგებუაძესთან დაკავშირებითაც იყოს გადაწყვეტილება მიღებული, რადგან სისტემა უფრთხილდება თავის თანამშრომლებს და არც მახსენდება რომელიმე შემთხვევა, როცა კონკრეტული სამართალდამცავი რაიმე ფორმით დასჯილიყო.
ჯერ-ჯერობით საქმე არ არის დასრულებული, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დგებუაძეც ვიხილოთ რაიმე სხვა თანამდებობაზე.
რა თქმა უნდა, როცა სისტემა ძალადობაზეა დამყარებული, მაშინ ძალადობაა მთავარი. დაშინების პოლიტიკა გრძელდება, ისინი გააგრძელებენ მოძალადეების დაწინაურებას, რადგან არავის ჰქონდეს იმედი, რომ დაუსჯელობის ეს ატმოსფერო შეიცვლება.
არავის არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ვინმე შეიძლება დაისაჯოს. იმიტომ, რომ როგორც კი დაისჯება ერთი პოლიციელი, ჩათვალეთ რომ სისტემა ჩამოიშლება, რადგან ეს სისტემა მთლიანად დაუსჯელობაზეა დაფუძნებული.
როგორც კი ეს სისტემა შეირყევა, მაშინ სრულიად სხვა პროცესებთან გვექნება საქმე.
მათ აღარ აქვთ უკან დასახევი გზა პრაქტიკულად, ამიტომ, შეიძლება ითქვას, სისტემას ბოლომდე ერთგულობენ და სისტემაც ცდილობს დააწინაუროს და მაქსიმალურად დაუფასოს ეს ერთგულება. ამისთვის გამოიყენებენ ყველა მეთოდს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათ წელზე მეტია ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა ბათუმის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ყველაზე დიდი ფულიც სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება, მოქალაქეები ჩივიან, რომ ქალაქი დანაგვიანებულია და ამის მიზეზი, ძირითადად, სამშენებლო კომპანიების და კომერციული ობიექტების დაუდევრობაა.
„არ შეიძლება მშენებელმა ტროტუარი, თავისი შესასვლელი გარეცხოს და ცემენტიანი არ დატოვოს?“ – გვეკითხება ნოდარ ბედინაძე, პენსიონერი. მას ჭავჭავაძის ქუჩაზე შევხვდით. პენსიონერი ამბობს, რომ ფეხით სიარული უყვარს – „ჯანმრთელობაა, მაგრამ ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა“ – გვეუბნება ნოდარ ბედინაძე და საკანალიზაციო ჭაზე მიგვითითებს, რომელზეც სახელდახელოდ დაუფარებიათ ხის ფიცრები, თუმცა წყალი მაინც ჟონავს.
ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა
„მე რას მეკითხებით, თქვენ ვერ ხედავთ?“ – აგრესიულად გვპასუხობს ნოდარის თანმხლები პირი. მან სახელი არ გვითხრა: „ სახელი გითხრათ და გამომწერეთ ახლა ყველგან“.
ბათუმში გაგიჭირდებათ იპოვოთ ქუჩა, სადაც ან ასფალტს არ აგებენ, ან ადრე დაგებული ასფალტის დაზიანებულ ნაწილებზე ორმოებს არ ავსებენ, რაღაცას არ თხრიან, არ ხერხავენ, საკანალიზაციო სისტემიდან წყალი არ ამოდის, მშენებელმა რაღაც არ დააზიანა და ასე შემდეგ.
ერთი მხრივ მოქალაქეები სვამენ კითხვას – „რა არის ამაში ცუდი? – კეთდება“ – მეორე მხრივ კი სწუხან – „ქუჩაში ვერ გაივლი, ვიხრჩობით მტვერში, კანალიზაციის სუნია, ბავშვს გარეთ ვერ გაიყვან, ტროტუარზე ვერ გაივლი, ასეთი ჭუჭყიანი ქალაქი სხვა დროს არ ყოფილა“.
მოქალაქეები ინფრასტრუქტურული პრობლემების ნაწილად განიხილავენ დისტრიბუციის მომსახურებასაც:
„ვცხოვრობდი ევროპაში და იქ დისტრიბუციას თავისი ვადები აქვს დაწესებული, რა დროს უნდა მოამარაგონ დიდი მაღაზიები. ჩვენთან ისე აქვთ ჩახერგილი გასასვლელები დისტრიბუციის მანქანებს დღის ნებისმიერ დროს, როცა ვერ გადადიხარ, ან ბავშვი ვერ გადაგყავს, არც კი სწუხან… წარმოუდგენელია ასეთი რამ მოწესრიგებულ ქალაქში.
ან კართან რომ დგანან მაღაზიების თანამშრომლები, ეწევიან გარე სივრცეში და იქვე ყრიან სიგარეტის ნამწვებს, მათ შესასვლელებში დიდი გროვა დგას ხოლმე. თავად თუ არ აქვთ დისკომფორტი, მერიამ უნდა დაავალდებულოს, რომ მათივე სამუშაო სივრცის შესასვლელები მოაწესრიგონ. ჩემი ბინის წინ დიდი მაღაზიაა, გამოიტანენ ყუთებს, ყველაფერი ტროტუარზე უყრიათ, სველდება, ლპება. აივნიდან გამოხედვაც აღარ მინდა. ყველამ უნდა მოვუაროთ ქალაქს“ – გვითხრა გურამ სვანიძემ.
მოქალაქე მელიქიშვილის ქუჩაზე გვიყვება, რომ სამშენებლო კომპანია დიდი სატვირთო მანქანების შემოსვლისას ტროტუარის დიდ ნაწილს სხვადასხვა სამშენებლო მასალებით იკავებს, რომ მანქანა არავინ გააჩეროს: „მთელი დღის განმავლობაში დიდი სატვირთო შემოჰყავდა, რაც დაუცვივდათ, დატოვეს, აატალახეს იქაურობა. წავიდნენ და დატოვეს ისე, თითქოს არაფერი“.
ბათუმში ტროტუარებზე ფილები მეტწილად არეულია, რიგ ადგილებში ღია სადენებს შეხვდებით, ჰაერში სამშენებლო მტვრის ბუღი ტრიალებს, ქალაქის კვარტლებში ცემენტის ან ცხელი ასფალტის სუნია. ბევრგან გზის სავალ ნაწილზე სამშენებლო მასალები ალაგია, რიგ ადგილებზე კი კანალიზაცია ჟონავს.
ჭავჭავაძის ქუჩასამშენებლო ღობის ირგვლივ მეტწილად დანაგვიანებული ან დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მეზღვაურთა ქუჩა, ახალი ბულვარის მიმდებარედ.
მშენებლებს ნაკლებად აინტერესებს რა ზიანდება მათი სამშენებლო ღობის მიღმა, მით უმეტეს, რომ ქალაქში ეფექტურად არ მუშაობს რეგულაცია, რომელიც მათ დაავალდებულებდა სამშენებლო ღობის მიღმა გარემოს გაუფრთხილდნენ.
ბათუმი, მეზღვაურთა ქუჩა – მდგომარეობა სამშენებლო ღობის მიღმა, ტროტუარზე.
2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ბათუმის მერია წელს 266 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. მათ შორის 115 მილიონი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს; 2 მილიონ 600 000 ლარი გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობისთვის გაითვალისწინეს. გასულ წელს ამავე მიზნით 108 მილიონი დაიხარჯა, 2023 წელს კი – 85 მილიონი.
ბათუმი კაჩინსკის ქუჩა, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაპარკინგი
ბათუმში აღარავინ უფრთხილდება უსინათლოთა ბილიკებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ბილიკებით სარგებლობა უსინათლოსთვის საფრთხის შემცველია.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე, ქალაქში არსებულ მდგომარეობას შესაბამისი რეგულაციების არქონას არ უკავშირებს. ის აცხადებს, რომ კონტროლის უზრუნველსაყოფად საკმარისი რეგულაციები არსებობს, თუმცა კონტროლი არასათანადოა. რაც შეეხება საკრებულოს, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს ჩართულობას ამაში, ნოდარ დუმბაძის თქმით, კონტროლი ამ მხრივაც სუსტია:
„ჩვენ ვერ ვახერხებთ შესაბამისი მუნიციპალური სტრუქტურების ხელმძღვანელების დაბარებას, მათგან ინფორმაციის მიღებას. „ოცნება“ საერთოდ არ ითვალისწინებს ოპოზიციის შენიშვნებს. მეტიც, რაღაც კონკრეტული შესაძლოა მხოლოდ იმის გამოც არ გააკეთონ, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნაა“ – გვითხრა მან.
სამშენებლო მასალებია დალაგებული გორგილაძის ქუჩაზე ბათუმის მერიასთან მდებარე სკვერში და საშვთა ბიუროსთან მისასვლელ ბილიკებზეც. აქ ქალაქის მერიისა და საკრებულოს შენობას არემონტებენ.
ბათუმის მერიისა და საკრებულოს შენობის რემონტი / 5.05.2025ბათუმის მერიისა და საკრებულოს შენობის რემონტი / 5.05.2025
20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მიმართულებების გარშემო გააერთიანებს, როგორებიცაა:
ხელოვნურიინტელექტი (AI), ფინტექი (FinTech), გეიმინგი, WEB3, აგროტექნოლოგიები (AgriTech), მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი (E-Sport) და სხვა.
ღონისძიების პარტნიორები არიან: TBC, GITA | StartUp in Georgia, Adjara Group, ATARI, Totally Human, Game Nations.
იდეებისა და ინოვაციების ვიქენდზე, საქართველოს დედაქალაქში თავს ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექ პროფესიონალები მოიყრიან.
Radio City | District 4-ში მისულ სტუმრებს დახვდებათ მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე და Outdoor სცენა, Co-Working და მედია სივრცეები, Chillout და სპორტული ზონები, 3 ბარი, ტექნოლოგიური და SME ექსპო, არტ-ინსტალაციები და სხვა.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ინვესტორთა დახურულ ლაუნჯებში შეხვდნენ გლობალური ბრენდების წარმომადგენლებს, საერთაშორისო მედიას, ინფლუენსერებს.
Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით – “Shaping the New Era” 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდება და 3000-ზე მეტ სტუმარს, 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასა და 80 სპიკერს გააერთიანებს.
სპიკერებს შორის იქნებიან:
Jessica Tams – Atari-ს მმართველი გუნდის დირექტორი, Griffin Gaming-ის ვენჩურული პარტნიორი;
Israel Pons – PITCH to the WORLD-ის თანადამფუძნებელი;
John Nee – Marvel-ის გამომცემლობის ყოფილი ხელმძღვანელი // DC Comics-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი;
JP Isham – Gala-Games, Film and Music-ის მრჩეველთა ბორდის წევრი, Alchemist investment fund-ის მმართველი დირექტორი;
Dmitri M. Johnson – Story Kitchen-ის დამფუძნებელი პარტნიორი და პროდიუსერი;
More speakers/partners TBA
Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს და სურს, ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების მოსმენისა და გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ბილეთების შესაძენად, ისარგებლეთ ბმულით – https://tkt.ge/GlobalTechWeekend2025
დამატებითინფორმაციას სტარტაპ კონკურსის, გამოფენის, მოხალისეობრივი ჩართულობისა და ღონისძიების სხვა დეტალების შესახებ, Global Tech Weekend Tbilisi-ის ვებ-გვერდზე იხილავთ.
Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი მისიაა, გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ. პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი და ერთად აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.
„იოსების შემთხვევაში ეს გააკეთეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სადაც ის იხდიდა სასჯელს. დარწმუნებული ვარ ამაში და ამის ფაქტებიც არსებობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ძმა, შოთა გორგაძე.
46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. პაციენტი 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.
იოსებ გორგაძე კლინიკაში 2025 წლის 29 იანვარს გადაიყვანეს დაზიანებებით, რომლებიც მას ციხეში მიაყენეს. გასულია დაახლოებით 3 თვე. გარდაცვლილი პატიმრის ძმის, შოთა გორგაძის თქმით, ამ დრომდე გამოძიებას არავინ დაუსჯია.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, 5 მაისსგაავრცელა. ეს სამსახური გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „ჩხუბის და ძალადობის ფაქტები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება“.
„აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება. ამჟამად, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ ეცნობება შედეგების შესახებ“, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საიდან მოხვდა ციხეში მყოფი ბრალდებული სასტიკად ნაცემი კლინიკა „ვივამედში“?
„ყველაფერზე ლაპარაკობს „ვივამედის“ დასკვნა და კერძო ექსპერტის დასკვნა.
ჩემს ძმას 27 მოტეხილობა აქვს თავის არეში, ამას ვერც პატიმარი გააკეთებდა ისე, რომ კვალი არ დაეტოვებინა…“ – ამბობს შოთა გორგაძე, – „მთელ საქართველოს უნდა მოვუწოდო ის, რომ პატიმრები მართლაც დაუცველნი არიან და კიდევ აღარ განმეორდეს.
ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს საქართველოში.
მე ციხის უფროსთან მქონდა საუბარი… მათ აქვთ სცენარი, რომ თითქოს საკანში მოხდა ეს ყველაფერი. ეს უკვე სასაცილოა. მე-10 სართულიდან რომ გადმოვარდეს ადამიანი, ამ სიმძიმის ტრავმას ის ვერ მიიღებდა,“ – გვითხრა შოთა გორგაძემ.
გარდაცვლილი პატიმრის ძმა ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება, თუმცა როდის, ჯერ უცნობია.
იოსებ გორგაძე ბრალდებული იყო, როცა ის სავარაუდო წამების, ან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. იოსებ გორგაძეს გამოძიება ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ედავებოდა, რამაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საუბარია 2024 წლის 24 ოქტომბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე:
„დაახლოებით 02:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ 4 მოქალაქეს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით 3 პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მე-4 კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია,“ – იუწყებოდა 2024 წლის 24 ოქტომბერს შსს.
ავარიის შედეგად დაღუპული პირები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და თბილისში გამართული წინასაარჩევნო, პარტიული შეხვედრიდან უკან ბრუნდებოდნენ.
შოთა გორგაძე „ბათუმელებთან“ საუბრის დროს გამორიცხავს მისი ძმის ცემის საქმესა და მომხდარ ავარიასთან კავშირს.
„ამის წინაპირობა არ იყო, რომ ეს მეფიქრა. ისინი [ავარიის შედეგად დაღუპულები] ჩემი ძმის მეზობლები არიან წალკაში, 4-5 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ.
რა იყო ამის მიზეზი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შიდა სამზარეულოში რა ხდებოდა, არ ვიცი. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს შურისძიების მოტივაცია არ არის და არც პატიმრების შესრულებულია… შურისძიება რომ ყოფილიყო, მაშინ გამოდის, რომ ციხის უფროსი და სახელმწიფოს მეთაურები ყოფილან ჩარეულები ასეთ საქმეში. არ ვიცი. ეს გასარკვევია გამოძიების,“ – გვითხრა შოთა გორგაძემ.
დაღუპული პატიმრის, იოსებ გორგაძის ძმა და ადვოკატი მუხრან ღურწკაია მიიჩნევენ, რომ პატიმარს ციხის ბადრაგებმა სასტიკად სცემეს. ადვოკატის თქმით, საქმეში მოიპოვება ციხის ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ პატიმარს კლინიკაში გაწერის წინ ტვინის ინსულტი ჰქონდა. სინამდვილეში კი, კლინიკა „ვივამედში“ ეს დიაგნოზი არ დადასტურდა და აღმოჩნდა, რომ კაცს სახისა და თავის მიდამოებში 30-ზე მეტი ტრავმა აქვს მიყენებული.
მრავლობით ტრავმას „ვივამედის“ მიერ გაცემული სამედიცინო ცნობაც ადასტურებს.
„ყველა ფაქტი მიანიშნებს რომ იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმას დაექვემდებარა და შემდგომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე.
„პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში, 26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიცირებული მექანიკოსები თავად ეწვივნენ ქალაქს.
პორშეს პროფესიონალთა გუნდი სპეციალურად ბათუმისთვის შეირჩა და ადგილზე შესთავაზა პრემიუმ ბრენდის ავტომობილის მფლობელებს მაღალი სტანდარტის ტექნიკური მომსახურება, დროისა და კომფორტის მაქსიმალური შენარჩუნებით.
ბათუმი პირველია, სადაც Service Clinic-ის პროექტი განხორციელდა. ბოლო წლებში ქალაქში საგრძნობლად გაიზარდა პორშეს მფლობელების რაოდენობა, თუმცა ამ ეტაპზე პორშეს ოფიციალური სერვისცენტრი არ ფუნქციონირებს. სწორედ ამ ტენდენციის საპასუხოდ მიიღო გადაწყვეტილება „პორშე ცენტრი თბილისმა“, მომსახურება მომხმარებელთან ადგილზე მიეტანა. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პორშეს მყარ ღირებულებას — ყოველ მომხმარებელზე ინდივიდუალური ზრუნვა და ყოველ დეტალში სრულყოფილება.
თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „Service Clinic“-ის მთავარი მიზანია, მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს და ადგილზე მივიტანოთ ის სერვისები, რომელთა მიღებაც აქამდე მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი.
პროექტის ფარგლებში, ბათუმში გაემგზავრნენ ჩვენი სპეციალისტები სავალი ნაწილისა და ელექტროდიაგნოსტიკის მიმართულებით, რომლებმაც პორშეს ავტომობილებს ადგილზე გაუწიეს ყველა საჭირო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ „პორშე ცენტრი თბილისის“ მექანიკოსები სისტემატურად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს გერმანიაში, რაც ხარისხისა და მომსახურების სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ეს იყო Service Clinic-ის პირველი ვიზიტი ბათუმში და ვფიქრობ, ორივე დღე ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყო, რასაც მომხმარებლის დადებითი უკუკავშირიც ადასტურებს“.
ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა Test Drive-ის ფორმატმა, სადაც წინასწარ რეგისტრირებულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად გამოეცადათ პორშეს მართვით მიღებული განსაკუთრებული ემოციები და ავტომობილის შესაძლებლობები.
ორდღიანი ღონისძიება პორშეს ოთხი მოდელის Test Drive-ს მოიცავდა. სტუმრებს საშუალება მიეცათ, გამოეცადათ პორშეს უახლესი მოდელები: Taycan, Macan BEV, Cayenne და Panamera. მომხმარებლები განსაკუთრებით ელექტრომობილებით, Taycan-ითა და Macan BEV-ით დაინტერესდნენ. Taycan-ი უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოს ბაზარზეა, რაც შეეხება Macan-ს, ეს მოდელი რამდენიმე თვეა გამოჩნდა.
„პორშე ცენტრი თბილისის“ ღონისძიებამ 60-მდე სტუმარს უმასპინძლა. Service Clinic-ის პროექტი გრძელდება. მომდევნო ღონისძიება ბათუმში, ივლისში გაიმართება.
—
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს.
პარალელურად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო კონსულტანტების დაქირავებაში მიმდინარე წელს 3,4 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს უტენდეროდ. კიდევ ერთმა სახელმწიფო კომპანიამ – „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“კი პორტის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შეიტანა.
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ ინფორმაციით, პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო საჭირო გახდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] პროცედურების [სკრინინგის] ხელახლა გავლა გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს დამტკიცებული გზშ მოიცავდა პროექტის მხოლოდ პირველ ფაზას – სამშენებლო სამუშაოებს, ნავსადგურის სხვადასხვა საზღვაო-სახმელეთო ინფრასტრუქტურისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციას.
მთლიანობაში პროექტი 9 ფაზად უნდა განხორციელდეს, ამიტომ 2-9 ფაზებისათვის, სამომავლოდ, საჭირო იქნება ცალკე გზშ-ს პროცედურები და შესაბამისი ნებართვების [გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების] მოპოვება.
რა შეცვალეს პროექტში
სკრინინგის განცხადების მიხედვით:
2017 წლის გზშ-ს მიხედვით I ფაზა მოიცავდა სამშენებლო სამუშაოებს, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ახალი სკრინინგის ანგარიშის მიხედვით კი, საზღვაო სამუშაოები და სახმელეთო სამუშაოები ერთმანეთისგან გაიმიჯნა და ცვლილების პროექტი მოიცავს მხოლოდ საზღვაო სამუშაოების ნაწილს [ფსკერდაღრმავებითი, ტალღმტეხის, მისასვლელი არხის და მოსაბრუნებელი აუზის მშენებლობა].
ამოღებული ფსკერული მასალის რაოდენობა განსაზღვრული იყო 21 მილიონი კუბური მეტრით. ცვლილების შემდეგ კი, ამ მასალის ჯამური რაოდენობა შემცირდა დაახლოებით 7,5 მილიონ კუბურ მეტრამდე.
ამასთან, 15 მილიონი კუბური მეტრი ამოღებული ფსკერული მასალა უნდა განთავსებულიყო ზღვაში, წყალქვეშა კანიონში, 6 მილიონი კი – სახმელეთო ტერიტორიის ამაღლებისთვის უნდა გამოეყენებინათ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2017-2018 წლებში ჩატარდა გარკვეული სამუშაოები და ფსკერდაღრმავებისას ამოღებული მასალით საინვესტიციო ტერიტორიის ძირითადი ნაწილი აამაღლეს ამიტომ სახმელეთო ტერიტორიის ამაღლების საჭიროება აღარ არსებობს.
შესაბამისად, 7,5 მილიონი კუბური მეტრი ამოღებული მასალა მთლიანად განთავსდება ზღვაში, წყალქვეშა კანიონში.
ფსკერიდან ამოღებული მასალის წყალქვეშა კანიონში განსათავსებლად განხილული იყო როგორც თვითმცლელი მიწახაპიას, ასევე საფრეზი მიწახაპიას გამოყენება. დაზუსტებული მონაცემებით კი, გამოყენებული იქნება მხოლოდ თვითმცლელი მიწახაპია.
მცირედით იცვლება საზღვაო ნაწილის კონფიგურაცია; მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხის ფართობი იყო 123.5 ჰექტარი, დაზუსტებული მონაცემებით, ეს ფართობი შემცირდა და იქნება 113.1 ჰექტარი;
საზღვაო ინფრასტრუქტურა, ნაცვლად ადრე გათვლილი 10 000 TEU ტვირთამწეობის საკონტეინერო გემებისა, გათვლილი იქნება 10 600 TEU ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მიღებაზე;
ტალღმტეხის სიგრძე, რომელიც 1 500 მეტრი უნდა ყოფილიყო, შემცირდა და დაახლოებით 1 370 მეტრი იქნება;
შემცირდა მოსაბრუნებელი ადგილის [აუზის] რადიუსიც 300 მეტრიდან 271 მეტრამდე; ამასთან, მოსაბრუნებელმა ადგილმა მცირედით გადაინაცვლა ჩრდილოეთით.
სკრინინგის ახალ ანგარიშში ყველა ეს ცვლილება დეტალურადაა აღწერილი. ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა 2025 წლის 17 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში გარემოს ეროვნულ სააგენტოს წერს, რომ სააგენტომ კანონით დადგენილ უმოკლეს ვადაში განიხილონ სკრინინგის ახალი ანგარიში და მიიღოს გადაწყვეტილება.
„იმ პირობებში როდესაც საქართველოს არ გააჩნია დიდი გამოცდილება მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ნავსადგურის განვითარების I ფაზის ფარგლებში ცალკე გაიმიჯნოს საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა. შესაბამისად, სამუშაოები უნდა შესრულდეს მოწვეული უცხოელი კომპანიების მიერ, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ასეთი მასშტაბური სამუშაოების შესრულებაზე.
ასეთი გადაწყვეტილების მიღების მთავარი არგუმენტია ჩასატარებელი სამუშაოების ოპტიმიზაცია. ამავე დროს მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ტექნიკური [ასევე გარემოსდაცვითი] ვალდებულებები შესაბამისი სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიებისთვის.“ – აღნიშნულია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ სახელმწიფომ 2023 წელს დააფუძნა. საწყის ეტაპზე კომპანიამ უნდა უზრუნველყოფს საზღვაო ინფრასტუქტურის [ფსკერდაღრმავების, ტალღმტეხელის] პროექტირება და მშენებლობა.
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობას ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაუფორმებია. კონსორციუმი პროექტისთვის რომ შეირჩა, ამის შესახებ მთავრობამ განცხადება 2024 წლის მაისში გააკეთა.
საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული კონსორციუმის წამყვანი ჩინური კომპანია აშშ-ში სანქცირებულია. მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრებმა ორი პარტიიდან ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და შეშფოთება გამოხატეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლებების აშშ-ის მიერ სანქცირებულ ჩინურ კონგლომერატზე მოსალოდნელი გადაცემის გამო.
რა ინტერესები აქვს შავ ზღვაზე ჩინეთს, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორ აისახება ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე თუ ჩინურ-სინგაპურულ სახელმწიფო კომპანიას გაუფორმებს საქართველოს ხელისუფლება ხელშეკრულებას? – აღნიშნულ თემაზე ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:
„ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 7 თებერვლის განკარგულებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მისცა უფლება ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა იურიდიული საკონსულტაციო მომსახურება შეისყიდოს გამარტივებული შესყიდვით [უტენდეროდ]. სააგენტო 2025 წლის განმავლობაში ამ კუთხით 3,4 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
ცნობისთვის: სააგენტო 2017 წლის მარტში შეიქმნა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის [BOT] შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგის მიზნით.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო კი უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუქვემდებარა. სამინისტრომ იმავე წელს სააგენტოს ახალიდებულებაც დაამტკიცა.
აღნიშნულ სააგენტოს „იურიდიულ მომსახურებებში“ დღემდე მილიონობით ლარი აქვს დახარჯული, თანაც ყველა უტენდეროდ – გამარტივებული წესით. როგორც სააგენტოს დოკუმენტებშია აღნიშნული, კონსულტანტები ძირითადად ერთი და იგივე კომპანიები არიან.
„პროექტის დაწყების დღიდან ამ ეტაპამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები [White & Case; Dechert Georgia (MG Law); Port Consultants Rotterdam; Maritime & Transport Business Solutions B.V. (MTBS), Squire Patton Boggs და სხვა].
სააგენტოს 2024 წელს კონსულტაციას უწევდნენ იურიდიულ საკითხებში – Squire Patton Boggs/MG Law, კომერციულ საკითხებში – MTBS, ხოლო ტექნიკურ საკითხებში – Port Consultants Rotterdam;
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ სწორედ მსგავსი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით ფულად რესურსსა და დროს“ – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.
სააგენტოს განმარტებით, ასეთი მომსახურებები „ხელს უწყობს პროექტთან დაკავშირებული შესაძლო სამართლებრივი, ეკონომიკური თუ სხვა სახის რისკების მინიმალიზებას და სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალურ წარმოჩენასა და დაცვას.“
„შესყიდვის პროცედურების განხორციელება ტენდერის საშუალებით გამოიწვევს საქმიანობის არსებით შეფერხებას და საფრთხის ქვეშ დააყენებს აღნიშნული ღონისძიების სრულფასოვნად განხორციელებას.“ – ასკვნის სააგენტო.
კითხვები ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტოს და პასუხები
პროექტთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვით „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ წერილობით 2025 წლის 24 თებერვალს მიმართა. სააგენტომ წერილზე 20 მარტს გვიპასუხა. აქვე გთავაზობთ კითხვა-პასუხს სრულად:
„ბათუმელები“:დაიდო თუ არა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება შერჩევის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან? თუ კი – გთხოვთ მოგვაწოდოთ ხელშეკრულების ასლი ელექტრონულად; თუ არა – რა ეტაპზეა ეს პროცესი და როდისთვის იგეგმება ხელშეკრულების დადება?
სააგენტო: ამ ეტაპზე, საქართველოს მთავრობის მიერ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს დაზუსტებების პროცესი კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რაც გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული.
დაზუსტებების ეტაპის დასრულების შემდგომ, განაცხადის შეფასებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია და რეკომენდაციები წარედგინება შესარჩევ კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
შესარჩევი კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა და კანდიდატის გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში, გამარჯვებულ კანდიდატთან დაიწყება კონცესიისა და პარტნიორთა ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების პროცესი.
„ბათუმელები“: როგორც ცნობილია კონსორციუმის წამყვანი კომპანია China Communications Construction Company Limited [CCCC] სანქცირებულია აშშ-ში. ხომ არ ქმნის ან/და შექმნის ეს ბარიერს კონსორციუმთან მოლაპარაკებების/ხელშეკრულების დადების და შემდგომში კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში?
სააგენტო: კითხვასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულ თემაზე არაერთხელ გაკეთდა საჯარო განცხადება, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან.
„ბათუმელები“: „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ მიერ შერჩეულია თუ არა კონსულტანტები? რომელია ეს კონსულტანტი კომპანიები? რომელ კომპანიებთან არის გაფორმებული ამ დროისთვის ხელშეკრულებები ანალოგიური მომსახურებების გაწევაზე 2025 წლის განმავლობაში? გთხოვთ, მოგვაწოდოთ ამ ხელშეკრულებების ასლები ელექტრონულად.
სააგენტო: მოცემულ ეტაპზე, რაიმე სახის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, საკონსულტაციო მომსახურების მიღებაზე, საერთაშორისო ან ადგილობრივ კონსულტანტებთან გაფორმებული არ არის და მათი გაფორმება მოხდება წლის განმავლობაში, შესაბამისი საჭიროებების გათვალისწინებით.
„ბათუმელები“: თქვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს თუ არა ანაკლიაში რაიმე სამუშაოები სახელმწიფო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ? ზედამხედველობს თუ არა თქვენი სააგენტო ამ სამუშაოებს?
სააგენტო: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები [მობილიზაცია] აქტიურ ფაზაშია. აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ კონტრაქტორი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. [იან დე ნულ ენ ვი] მეშვეობით.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოს“ კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა და ამ მიზნით შერჩევის პროცესის წარმართვა და შემდგომი მონიტორინგი. შესაბამისად, სააგენტო აღნიშნული სამუშაოების ზედამხედველობას არ ახორციელებს, თუმცა როგორც შერჩევის პროცესი, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სააგენტოსა და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მჭიდრო კოორდინაციით.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2024 წლის 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებული იყო და გამარჯვებული ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდებოდა.
მისივე თქმით, კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული იყო ორი კომპანია: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული T.I.L Holding S.A და ჩინურ-სინგაპურული China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), თუმცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა.
ჩინური კონსორციუმის ქვეკონტრაქტორები, დავითაშვილის თქმით, China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co., Ltd არიან.
კერძო ინვესტორთან ერთად უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.
„უახლოეს ხანებში გვექნება წინადადებების შეფასება… დაზუსტდება შემოსული წინადადების დეტალები, რომლის შემდეგაც გამოცხადდება გამარჯვებული და საპარტნიორო შეთანხმებისა და საკონცესიო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება“, – განაცხადამაშინ დავითაშვილმა.
ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩინური კონსორციუმის შერჩევაზე განცხადების გაკეთებით ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორებს მორიგი გამოწვევა გაუგზავნა – განაცხადა მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის შერჩეული ჩინური კონსორციუმის წამყვანი კომპანია China Communications Construction Company Limited [CCCC] სანქცირებულია აშშ-ში, რასაც ეკონომიკის სამინისტრო მანიპულაციურად უარყოფდა.
როგორც „ნეტგაზეთმა“ გაარკვია, ჩინური კომპანია იძებნება სანქციების კონსოლიდირებულ სიაში, რაც არ ნიშნავს, რომ CCCC-სთან თანამშრომლობით საქართველო არღვევს რამე საერთაშორისო სანქციების რეჟიმს, თუმცა აღნიშნულ სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიას ეკრძალება ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.
რა ხდება?
ანაკლია. 2018 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.
კიდევ ერთ საარბიტრაჟო დავას აწარმოებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი. ამ საქმეზე ჯერჯერობით არბიტრაჟს გადაწყვეტილება არ გამოუტანია.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია.
2023 წლის 20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, თუმცა ისინი მაშინ არ დაასახელა.
მთლიანობაში კი, მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობაში კერძო პარტნიორობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ. იმ ორი კომპანიიდან, რომელიც შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, ერთი ისრაელიდანაა, ხოლო მეორე – ასევე ჩინეთიდან.
სინდისის პატიმარი საბა სხვიტარიძე, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ფეისბუქზე წერს, რომ მისი აზრით, „ოცნების“ მხრიდან რეპრესიები მოიმატებს და „რეჟიმთან ბრძოლა და კომფორტის ზონაში დარჩენა ერთად არ გამოვა“.
„პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნანუკა ჟორჟოლიანს და ფონდებს.
რეპრესიები იმატებს და კიდევ უფრო მოიმატებს, სანამ ხალხისგან წნეხი არ გაიზრდება. სამწუხაროდ დაქსაქსულები ვართ და ერთმანეთის კრიტიკაზე ვართ გადასულები.
თუ არ გავერთიანდით საერთო მტრის წინააღმდეგ, სათითაოდ მოგვადგებიან და გაგვანეიტრალებენ, უკვე სახლებში გვივარდებიან და ეს მხოლოდ დასაწყისია.
უნდა გავიაზროთ, რომ რეჟიმთან ბრძოლა და კომფორტის ზონაში დარჩენა ერთად არ გამოვა, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს სანამ რეჟიმი მართავს ქვეყანას.
ვერც დასავლეთი და ვერავინ ვერ შეაჩერებს რეჟიმს, თუ ხალხმა, თითოეულმა მოქალაქემ არ ავიღეთ პასუხისმგებლობა და არ გავუწიეთ წინააღმდეგობა რუსულ პოლიციურ რეჟიმს.
თითოეულმა მოქალაქემ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, უნდა შევეშვათ ერთმანეთის კრიტიკას, უნდა გავერთიანდეთ რეჟიმის წინააღმდეგ. არც თეთრ ცხენზე ამხედრებულ ლიდერს არ უნდა დაველოდოთ და არც ტყუილი იმედები არ უნდა დავისახოთ.
გზის გადაკეტვა საღამოობით არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, მიზანია რეჟიმი გავუშვათ სახლში, რაც უფრო გავწელავთ დროში პროტესტს, უფრო ბრუტალური იქნება რეჟიმი. დროა წნეხი გავზარდოთ, უნდა გვესმოდეს რომ რუსთაველზე საღამოობით გასეირნებით დიქტატურას ვერ დავამარცხებთ!
ბოდიში თუ კრიტიკული ვარ, მაგრამ ესაა სამწუხარო რეალობა“ – წერს საბა სხვიტარიძე ფეისბუქზე.
საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, პროკურატურა მას ედავება, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარედ, თავს დაესხა პოლიციელს – მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს,რომ სხვიტარიძისთვის წარდგენილი ბრალდება გამოგონილია. გარდა ამისა, საბა სხვიტარიძე დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
საბა სხვიტარიძე ბრალს არ აღიარებს. მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ხელფასებში, პრემიებსა და „პერსონალის შენახვის“ სხვა ხარჯებში ჯამში 81,9 მილიონი ლარი დაიხარჯა ორი წლის განმავლობაში.
ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ხარჯებზე ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა.
აუდიტის მიხედვით აღნიშნულ წლებში:
საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ზოგ თანამშრომლებზე გაცემული პრემია არ იყო საკმარისად დასაბუთებული;
სებ-ის თანამშრომლებზე ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების მიხედვით გაცემულია დამატებითი ანაზღაურება, თუმცა სებ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, თუ რა სახის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება დაევალათ თანამშრომლებს;
სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს ოდენობა საბჭომ გაზარდა, თუმცა, აუდიტი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს ოდენობა არა თავად საბჭომ, არამედ პარლამენტმა დაადგინოს;
2023 წლის აგვისტოსა და დეკემბერში სებ-ის 604 თანამშრომელზე გაიცა სადღესასწაულო პრემია. აუდიტის დასკვნით, უქმე დღეებთან დაკავშირებით თანამშრომელთა პრემირების სებ-ის მიერ დადგენილი წესი არ არის სრულ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან.
„საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების აუდიტის ანგარიში“, რომელიც 2022-23 წლებს მოიცავს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა და ის 2025 წლის 2 მაისს გაასაჯაროვა.
ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 წლებში სებ-ში „პერსონალის შენახვის ხარჯების“ მუხლით გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა ჯამში 81 977 761 ლარი შეადგინა. აქედან 11,7 მილიონი ლარი მხოლოდ პრემიებში დაიხარჯა.
2022 და 2023 წლებში ეროვნულ ბანკში შტატით სულ დასაქმებული იყო, შესაბამისად, 575 და 663 ადამიანი.
ეროვნული ბანკის პერსონალის შენახვის ხარჯები
წყარო: სახელმწიფო აუდიტი
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს საქართველოს პარლამენტს მიენიჭა უფლებამოსილება, განესაზღვრა სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგო, თუმცა აღნიშნული სარგოს ოდენობა პარლამენტს შესაბამისი სამართლებრივი აქტით არ დაუმტკიცებია. შესაბამისად, 2016 წელს სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგო 6 500 ლარის ოდენობით დადგინდა საბჭოს მიერ, ხოლო 2022 წლის ნოემბერში საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით 2023 წლიდან მისი ოდენობა განისაზღვრა 10 400 ლარით.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა, მნიშვნელოვანია სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს ოდენობა დაადგინოს პარლამენტმა“ – აცხადებს აუდიტი.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 წლებში სებ-ის 8 თანამშრომელზე გაცემული 48 349 ლარის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მოხსენებითი ბარათები, რომლებშიც მითითებული იქნებოდა ინფორმაცია თანამშრომელთა განსაკუთრებულ დატვირთვასა და შესრულებულ სამუშაოზე.
2022 წელს სებ-ის 12 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიამ 37 704 ლარით გადააჭარბა მათი ხელფასის ორმაგ ოდენობას, რითაც არ არის გათვალისწინებული თანამშრომელთა წახალისების წესის მოთხოვნები – წერს აუდიტი ანგარიშში, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ „პრემიის ზღვრების მონიტორინგის მიზნით, სებ-ში შემუშავდა შესაბამისი კონტროლის მექანიზმები.“
აუდიტი აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მოხელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო სრულდება მხოლოდ მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალების საფუძველზე. 2022-2023 წლებში სებ-ის ზოგიერთ თანამშრომელს დავალებული ჰქონდა სამუშაოს შესრულება შაბათ-კვირას, რითაც მათი სამუშაო დროის ხანგრძლივობამ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროსთან ერთად გადააჭარბა კვირაში 48 საათს.
„სებ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია თუ რა სახის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება დაევალათ თანამშრომლებს. 2022-2023 წლებში სებ-ის თანამშრომელთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას არ იყო გათვალისწინებული მოხელეთა სამუშაო დროის ხანგრძლივობისთვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.
2023 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში სებ-ის 43 თანამშრომლის მიერ კვირაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი 518 საათის მიხედვით გაცემულმა დამატებითმა ანაზღაურებამ 22 427 ლარი შეადგინა, თუმცა დოკუმენტურად არ დასტურდება, თუ რა სახის სამუშაოს შესრულება დაევალათ მათ [2024 წელს სებ-ში დამტკიცდა ახალი შინაგანაწესი, რომელშიც გათვალისწინებულია ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების და ანაზღაურების წესი.“ – წერია აუდიტის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სებ-ის პრეზიდენტი განსაზღვრავს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა წახალისების და პრემირების წესს.
2023 წლის აგვისტოსა და დეკემბერში სებ-ის 604 თანამშრომელზე გაიცა სადღესასწაულო პრემია. უქმე დღეებთან დაკავშირებით თანამშრომელთა პრემირების სებ-ის მიერ დადგენილი წესი, არ არის სრულ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან.
„სებ-ის მოსამსახურეთა წახალისების წესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სებ-მა უნდა შეიმუშაოს შესაფერისი ნორმები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საჯარო სამსახურის ერთიან პრინციპებთან.“ – აცხადებს აუდიტი.
რამდენიმე დეტალი ეროვნულ ბანკზე
აღსანიშნავია, რომ ზოგადად სებ-ის ბიუჯეტი ცალკეა და ის არ არის ასახული ქვეყნის ბიუჯეტში.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონით კი, „ეროვნული ბანკის მოხელეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს“, ხოლო „შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.“
2024 და 2025 წლის ბიუჯეტები ეროვნულ ბანკს გამოქვეყნებული არ აქვს.
„ბათუმელები“ შეეცადა ინფორმაციის მოპოვებას, რამდენი იყო ბიუჯეტი 2024 წელს და რამდენია 2025 წელს, თუმცა ეს ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. 2024 წლის წლიურ ანგარიშს ეროვნული ბანკი სავარაუდოდ ზაფხულში გამოაქვეყნებს. სების ინფორმაციით „ანგარიში კანონმდებლობის შესაბამისად უკვე წარდგენილია პარლამენტში და ბანკის ბიუჯეტი იქნება ამ ანგარიშის შემადგენელი ნაწილი“, 2025 წლის ანგარიში კი 2026 წელს გამოქვეყნდება.
საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 816,8 მილიონი ლარია [საერთაშორისო სავალუტო ფონდის – IMF – ვალი].
ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავალი საქართველოს ეროვნული ბანკის მოგებიდან 2023 წელს იყო 462 მილიონი ლარი, 2024 წლის გეგმა – 465 მილიონი, 2025 წლისთვის კი შემოსავლის გეგმა შემცირებულია და 300 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ივნისის დადგენილებით ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტორად არჩეული იქნა აუდიტორული ფირმა – შპს KPMG Georgia, აუდიტორული შემოწმების სრულ ღირებულებად კი 390 ათასი ლარი განისაზღვრა.
ინფორმაციისთვის: KPMG Georgia თავის დროზე საპენსიო სააგენტოს და საქართველოს განვითარების ფონდის [ყოფილი საპარტნიორო ფონდის] გარე აუდიტორიც იყო. ეს კომპანია ოფშორში [კვიპროსში] რეგისტრირებულმა კომპანიამ დააფუძნა 2013 წელს. ამჟამად კი კომპანიის მესაკუთრეები ყაზახეთის და დანიის მოქალაქეები არიან].
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე და პრეზიდენტი ნათია თურნავა ამ თანამდებობაზე 2025 წლის თებერვალში დაინიშნა. თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია 2022 წლის ივნისიდან, 2023 წლიდან კი – ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ლარის30 წლის იუბილეს აღნიშნავს, იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზება-ჩატარებაში კი 771 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ადიგენის თვითმმართველობის ათამდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, 2017-2025 წლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებით 2,189,863 ლარი მიიღეს, აქედან 1,713,942 ლარი (78.2%) პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით დაერიცხათ.
„გამჭვირვალობის“ ცნობით, არის შემთხვევები, როდესაც ძმა ძმის შესრულებულ სამუშაოებს ისე იბარებს, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ უთითებს.
„ადიგენი მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტია. მისი საკუთარი შემოსავლები 2021-2025 წლებში 9-დან 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მცირე თანხებს ადიგენის მუნიციპალიტეტი მისი გარემოცვის 15 პირს, ძირითადად პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით უნაწილებს“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შესწავლილი შემთხვევები:
„მერის, გოჩა ქიმაძის შვილის ბიზნესპარტნიორი – 105,919 ლარი
ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის შვილს, გიორგი ქიმაძეს რევაზ ათანელიშვილმა კუთვნილი შპს „ელევენ ქონსთრაქშენი“ 2023 წლის 25 მაისს აჩუქა და დირექტორადაც დანიშნა. თუმცა, მანამდე, 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის მარტში, ამ კომპანიამ ადიგენის მერიის ორი ტენდერი სატვირთო და თვითმცლელი მანქანების შესყიდვაზე, ჯამში 71,400 ლარით მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კომპანია მერის შვილის საკუთრება არ იყო, გიორგი ქიმაძე კომპანიაში ფიგურირებს. 2022 წლის სატენდერო დოკუმენტების მიხედვით იგი რევაზ ათანელიშვილის მინდობილი პირია.
2024 წლის 2 ოქტომბერს, გიორგი ქიმაძემ შპს „ელევენ ქონსთრაქშენის“ დირექტორად დავით მიქაუტაძე დანიშნა. მას შემდეგ, დავით მიქაუტაძემ, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, ადიგენის მერიიდან 34,519 ლარის 4 პირდაპირი შესყიდვა მიიღო.
დავით მიქაუტაძეს, სულ 2023-2025 წლებში 23 პირდაპირი შესყიდვა აქვს მიღებული და ყველა ადიგენის მერიიდან, ან მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 107,582 ლარზე.
მერის გოჩა ქიმაძის ბიძაშვილის მეუღლე – 261,690 ლარი
ადიგენში, სოფელ ლელოვანში მცხოვრები ზურაბ ქურციკიძე მეწარმედ 2024 წლის აპრილში დარეგისტრირდა. ზურაბ ქურციკიძის მეუღლე, ნინო ქიმაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის და სოფელ ბულაჯურში, მერის წარმომადგენლად 2021 წელს დანიშნული ჯემალ ქიმაძის ბიძაშვილია (სამივე ძმების შვილები არიან).
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ ზურაბ ქურციკიძეს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებიდან 7 თვეში, 2024 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით, სამშენებლო სამუშაოებზე, 12 სახელმწიფო შესყიდვა გაუფორმა და ქურციკიძემ ჯამში 261,690 ლარი მიიღო. აქედან ორი მოგებეული ტენდერით 33,415 ლარი დაერიცხა 10 პირდაპირი შესყიდვით კი – 228,275 ლარი.
„ოცნების“ დეპუტატი, ჯაბა ხოზრევანიძე და მისი ბიცოლა – 197 114 ლარი
ჯაბა ხოზრევანიძე ადიგენის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატია ზანავის თემიდან. საკრებულოში შესვლიდან 2024 წლის ჩათვლით, მან ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ტრანსპორტით მომსახურებისთვის 9 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო, ჯამში, 57,791 ლარზე. მას ეს თანხა უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა (7 ტენდერი 57,109 ლარზე) და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა.
2021 წელს, ზანავში, მეწარმედ დარეგისტრირდა მერი ბარამიძე. იგი, ჯაბა ხოზრევანიძის ბიძის, თამაზ ხოზრევანიძის მეუღლეა. მერი ბარამიძემ ზანავსა და მის თემში, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოს შესასრულებლად 2021-2024 წლებში 11 პირდაპირი შესყიდვა მიიღო, ჯამში, 139,323 ლარზე.
უდეს რწმუნებულის, შოთა ყულიჯანიშვილის ბიძა და სიდედრი – 476,017 ლარი
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს რწმუნებულად შოთა ყულიჯანიშვილი 2022 წელს დაინიშნა. ამავე წელს დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ მისი ბიძა (დედის ძმა) ფრიდონ თათოშვილი. თათოშვილმა 2022-2024 წლებში, ადიგენის მერიის 19 სახელმწიფო შესყიდვით, 368,153 ლარი მიიღო. აქედან 316,294 ლარი (85.9%) პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა.
2023 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა მეწარმედ შოთა ყულიჯანიშვილის სიდედრი ნანული აფრიამაშვილიც. მან 2023-2024 წლებში, ადიგენის მერიის 5 სახელმწიფო შესყიდვით, 107,864 ლარი მიიღო. აქედან, 4 პირდაპირი შესყიდვით, 69,834 ლარი (64.7%) დაერიცხა.
სულ, უდეს რწმუნებულის ბიძასა და სიდედრს, 2022-2024 წლებში, 476,017 ლარი დაერიცხათ და აქედან 386,128 ლარი (81.1%) პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით.
ზედუბნის ყოფილი რწმუნებულის, ასლან ბერიძის დის ოჯახი – 492,021 ლარი
2015-2022 წლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბნის რწმუნებულის, ასლან ბერიძის სიძემ (დის, მაყვალა ნადირაძის ქმარმა) 2019-2024 წლებში, ადიგენის მერიის შესყიდვებით 116,849 ლარი მიიღო. აქედან, 2022-2024 წლებში, 2 უკონკურენტოდ მოგებული ტენდერით 32,306 ლარი, 2019-2023 წლებში კი 11 პირდაპირი შესყიდვით 116,849 ლარი დაერიცხა.
გელა ნადირაძის მამა, ვაჟა ნადირაძე, 2016-2020 წლებში, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი კოპაძის ბიუროს წევრი იყო ადიგენში.
ვაჟა ნადირაძემ, 2022-2025 წლებში, ადიგენის მერიის 21 შესყიდვით 375,172 ლარი მიიღო. აქედან 166,604 ლარი (44.4%) უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა.
ჯამში, ნადირაძეების ოჯახმა 2019-2024 წლებში ადიგენის მერიიდან 492,021 ლარი მიიღეს და აქედან 283,453 ლარი (57.6%) უკონკურეტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხათ.
წახანის ყოფილი რწმუნებულის, ნუგზარ კარკაძის შვილი და ძმა – 183,873 ლარი
ნუგზარ კარკაძე 2014 წლიდან 2017 წლამდე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში რწმუნებული იყო. 2017 წლის ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებზე ადიგენში „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობდა. მისი შვილი, გურამ კარკაძე ინდივიდუალურ მეწარმედ 2016 წელს დარეგისტრირდა და ძირითადად სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2017-2024 წლებში, უკონკურენტოდ მოგებული ტენდერითა და 5 პირდაპირი შესყიდვით, 69,772 ლარი მიიღო.
ნუგზარ კარკაძის ძმამ, ელგუჯა კარკაძემ, 2018-2022 წლებში, ადიგენის მერიის 10 სახელმწიფო შესყიდვით 114,101 ლარი მიიღო. აქედან, უკონკურენტოდ მოგებული 4 ტენდერით 36,455 ლარი დაერიცხა, დანარჩენი კი 6 პირდაპირი შესყიდვით.
ნუგზარ კარკაძის ოჯახის წევრებმა, 2017-2024 წლებში, სულ 184,873 ლარი მიიღეს. აქედან 106,227 ლარი (57.4%) უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხათ.
„ოცნების“ დეპუტატის, ბადრი ვაშაყმაძის შვილი – 87,405 ლარი
ადიგენის საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, ბადრი ვაშაყმაძის შვილმა, ნუგზარ ვაშაყმაძემ, 2022-2024 წლებში, ადიგენის მერიის 9 სახელმწიფო შესყიდვით, 87,405 ლარი მიიღო.
ნუგზარ ვაშაყმაძე მეწარმედ 2021 წლის 22 დეკემბერს, მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც მამა ადიგენის საკრებულოში მმართველი პარტიიდან შევიდა. მას ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე, 8 პირდაპირი შესყიდვა 79,405 ლარზე გაუფორმა, ერთი უკონკურენტოდ მოგებული ტენდერით კი 8,000 ლარი დაურიცხა.
ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ვაჟა გუტაშვილის ძმა – 78,845 ლარი
ადიგენის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ვაჟა გუტაშვილი ადიგენის მერიის შესყიდვების მიღება-ჩაბარების კომისიის წევრად 2023 წლის ოქტომბრიდან ჩნდება. ამ პერიოდიდან 2024 წლის ჩათვლით, მისმა ძმამ, მამუკა გუტაშვილმა ადიგენის მერიის 6 სახელმწიფო შესყიდვით 78,845 ლარი მიიღო. აქედან ერთი პირდაპირი შესყიდვითა და ერთი უკონკურენტოდ მოგებული ტენდერით 35,150 ლარი (44.4%) დაერიცხა.
ძმის შესრულებული ყველა სამუშაო (CMR240122328, NAT240008365, NAT240003212 , NAT230017160, NAT230014529, როგორც მიღება-ჩაბარების სამუშაო ჯგუფის წევრმა, ვაჟა გუტაშვილმა ჩაიბარა. ის, ამავე მიღება-ჩაბარების აქტებში უთითებს, რომ არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში მიმწოდებელთან. მიუხედავად იმისა რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით, ძმა ახლო ნათესავია.
გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, ავთანდილ კაჭკაჭაშვილის შვილი – 255,996 ლარი
ავთანდილ კაჭკაჭაშვილი 2014-2015 წლებში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე იყო, მანამდე კი ადიგენში „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობდა. ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 2021 წლის აგვისტოში, 20,000 ლარი შესწირა. მისი კომპანიების შესაძლო კორუფციულ სახელმწიფო შესყიდვებზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2020 წელს წერდა.
ავთანდილ კაჭკაჭაშვილის შვილს, გოგა კაჭკაჭაშვილს ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ, 2022-2025 წლებში, 9 სახელმწიფო შესყიდვით, ხელშეკრულებები 255,996 ლარზე გაუფორმა. აქედან უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით 233,288 ლარი (91.1%) დაერიცხა.
ვარხნის ყოფილი რწმუნებული, ვიქტორ მინაძე – 50 983 ლარი
ვიქტორ მინაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში რწმუნებულად 2014-დან 2020 წლამდე მუშაობდა. მან, 2024 წელს ადიგენის მერიის 3 პირდაპირი შესყიდვით 44,023 ლარი მიიღო. მის მეუღლეს, მთვარისა მინაძეს კი ადიგენის მერიისა და მისი იურიდიული პირების 7 პირდაპირი შესყიდვით, 2018-2024 წლებში, 6,960 ლარი დაერიცხა“.
„ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების ერთგვაროვნება და მათი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის უბრალო დამთხვევა. როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ფული საკუთარ და საკუთარი გარემოცვის ჯიბეში ჩაიდონ და ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ“ – წერს „გამჭვირვალობა“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 958 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260]
ტანკი – 10 763 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 22 411 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 27 370 ერთეული [+43]
MLRS – 1 377 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 155 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 34 997 ერთეული [+137]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 196 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 47 250 ერთეული [+109]
სპეცტექნიკა – 3 870 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
662 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
55 452 უპილოტო საფრენი აპარატი
605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 153 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 558 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
24 435 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
35 005 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დანიშნეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
გრიგოლ ბესელია 2022 წელს დაინიშნა აჭარის პოლიციის უფროსად, მანამდე იგი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, პოლიციაში მუშაობდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ოცნების“ დროს.
ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებას. სწორედ გრიგოლ ბესელიამ დააკავა მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის, თუმცა პოლიციამ დაკავების ოქმი გააყალბა, იმის მიუხედავად, რომ არსებობს მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოკადრები.
გრიგოლ ბესელიამ 28 აპრილს მისცა ჩვენება მზია ამაღლობელის საქმეზე. „ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა” – ამ შეძახილებითგააცილეს იგი მოქალაქეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობიდან.
გრიგოლ ბესელიამ 2025 წლის 4 აპრილს დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი. ოფიციალური ინფორმაციით, ცვლილების საფუძველი როტაცია იყო.
ბესელია „ოცნების“ იმ თანამდებობის პირებს შორისაა, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირეს.
ბათუმში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე, სადაც იუსტიციის სახლი, პროკურატურა, სასტუმროები და გმირთა ხეივანია, მოუწესრიგებელი და არაადაპტირებულია ზებრა გადასასვლელები.
შარტავას გამზირზე ზებრა გადასასვლელი [ფოტოები იხილეთ ქვემოთ] მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებას გმირთა ხეივანთანაკავშირებს. უფრო სწორად, უნდა აკავშირებდეს, რადგან თუ ამ ზებრაზე გადახვალთ, სამანქანო გზას ვერ გასცდებით – ზებრა გმირთა ხეივნის ნაცვლად ბეტონის ქოთნებთან მიგიყვანს. შემდეგ კი გზა სამანქანო გზაზე უნდა განაგრძოთ, როგორმე გმირთა ხეივანში რომ აღმოჩნდეთ.
ეს ზებრა გადასასვლელი ავტობუსის მოსაცდელის მხრიდან ადაპტირებულია.
გმირთა ხეივნის რეაბილიტაციაში 22 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქ საფეხმავლო ხიდების აშენება ხელისუფლებამ სწორედ ქვეითთა უსაფრთხოების მიზნითა და შშმ პირთა საჭიროებებით ახსნა.
იუსტიციის სახლის მიმდებარედ, გმირთა ხეივანში მხოლოდ ეს ერთი ზებრაა, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს და ტროტუარზე ასასვლელებიც ადაპტირებულია. მართალია, ეს ზებრა შესაღებია და ნაწვიმარზე ძნელად მისადგომია, მაგრამ მაინც:
იუსტიციის სახლთან, ოდნავ მოშორებით, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ორი ზებრა გადასასვლელია. აქედან ერთი არაადაპტირებულია, მეორე ადაპტირებულია, თუმცა ტროტუარზე ასასვლელი მოუხერხებელია და ქვეითებისთვის არც თუ უსაფრთხოა:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 მაისის 21 საათიდან 5 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად – უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 7 და 8 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 956 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340]
ტანკი – 10 758 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 22 403 ერთეული [+24]
საარტილერიო სისტემა – 27 327 ერთეული [+52]
MLRS – 1 376 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 155 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 372 ერთეული [+2]
ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 34 860 ერთეული [+163]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 196 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 47 141 ერთეული [+129]
სპეცტექნიკა – 3 870 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
662 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
55 183 უპილოტო საფრენი აპარატი
605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
23 128 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 555 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
24 388 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
34 914 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციები გაამკაცრა. ბანკის პრეზიდენტის სხვა ბრძანებებით სანქციები გამკაცრდა ასევე სესხის გამცემი სუბიექტების, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს [სებ] ამ დრომდე უფლება ჰქონდა დარღვევების დროს პუნქტი დაეჯარიმებინა. ახალი ბრძანებით კი, ერთხელ უკვე დაჯარიმებულ პუნქტს, დარღვევის განმეორების შეთხვევაში, ბანკმა შესაძლოა: რეგისტრაცია გაუუქმოს; დირექტორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება; პუნქტს აუკრძალოს მოგების განაწილება, ხელფასის გაზრდა, პრემიების გაცემა და სხვა.
სებს ზოგადად უფლება აქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ გამოიყენოს სხვადასხვა სანქცია, თუ ეს პუნქტები ან მისი ფილიალები არღვევენ კანონმდებლობით, მათ შორის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სხვადასხვა უფლებამოსილი უწყების მითითებებს.
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით 2020 წლის თებერვალში დამტკიცდა. მომდევნო წელს, აღნიშნული წესი, რომელიც მხოლოდ დაჯარიმებას ითვალისწინებს, გავრცელდა უშუალოდ დირექტორებზეც.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის პირველი მაისის ბრძანებით, აღნიშნულ წესში შევიდა ცვლილება და მას დაჯარიმების გარდა დაემატა სხვა სანქციების გამოყენების წესი.
ახალი ცვლილების მიხედვით:
„ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, იმავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ან/და მისი დირექტორის/დირექტორების მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია [მითითება] მოთხოვნით, რომ ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დირექტორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა;
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები;
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუუქმოს რეგისტრაცია“.
ამავე ცვლილებით „დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე“, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ან/და მისი დირექტორის/დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს ზემოთ აღნიშნული სანქციები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ეს ახალი ბრძანება 2025 წლის 2 მაისიდან ამოქმედდა.
3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, საქართველოში მედიასაშუალებები ერთობლივი პირდაპირი ეთერით აღნიშნავენ.
საერთო ეთერი დღეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ხმოვანი მიმართვით გაიხსნა:
„მოგმართავთ კოლეგებს,
კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ.
შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია, თქვენს გვერდით რომ არ ვარ ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა, ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით ახშობს ოლიგარქის რეჟიმი.
აქ პატიმრობისას განსაკუთრებით გამიძლიერდა რწმენა ჩემი პროფესიის. ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება.
ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქიის სამყაროში ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და იდეალებისთვის, უკეთესი, ევროპული მომავლისთვის მუშაობა.
მჯერა, სანამ კიდევ იქნებიან, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ მარტო არ ხართ, მანამდე შევძლებთ საკუთარი პროფესიის და ქვეყნის შენარჩუნებას და განვითარებასაც.
ამიტომაც მოვუწოდებ ჩემს მოქალაქეებს, ითანამშრომლონ მედიასთან და ჟურნალისტებთან ერთად ამხილონ ყველა ის პირი, ის წრე და ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა; ვინც გვძარცვავს, გვაღარიბებს და გვღალატობს.
მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა თავისუფალი, კრიტიკული მედიის გადარჩენაზე.
მივმართავ თანამედროვე, ცივილურ სამყაროს – ნუ დაგვტოვებს რუსეთის და მისი ინტერესების გამტარ ავტორიტარულ რეჟიმთან პირისპირ, მარტო.
ნუ დაკარგავს თავისუფლების ხმას საქართველოდან,“ – თქვა მზია ამაღლობელმა ხმოვან მიმართვაში.
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს საქართველო დახურული მედია საშუალებებით, დაპატიმრებული და ნაცემი ჟურნალისტებით ხვდება.
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღირიცხა.
ლომბარდის შერჩევაზე შეგიძლიათ აღარ იდარდოთ, რადგან ექსპრეს ლომბარდი ბათუმშია.
მისამართები:
✔️ ჭავჭავაძის N6 ✔️ ზუბალაშვილის N18
მის ფილიალებშიმიიღებთ ყველა იმ მომსახურებას, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ, იქნება ეს: ოქროს, ვერცხლის და ბრილიანტის ლომბარდი თუ ვალუტის გაცვლა ან გზავნილების მიღებ-გაგზავნა. სერვისების მრავალფეროვნებასთან ერთად, ექსპრეს ლომბარდში საუკეთესო პირობებს, კონკურენტულ ფასებს და ნივთების შეფასების უმაღლეს სტანდარტებს მიიღებთ.
აქვე, იმ 5 ძირითად მიზეზსაც გაგაცნობთ, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ექსპრეს ლომბარდის მომსახურება.
1. ნივთების შეფასება დაზიანების გარეშე
ოქრო მხოლოდ ძვირფასი ლითონი არ არის. ხშირად მასთან ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები ასოცირდება, მაგალითად: ოჯახის ტრადიციები, ქორწილი, შვილების შეძენა და დაუვიწყარი მოგონებები. ექსპრეს ლომბარდში ამას კარგად აცნობიერებენ და ზუსტად ამიტომ თითოეულ ნივთს განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობიან.
ექსპრეს ლომბარდის ფილიალებში ნივთების შეფასება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ხორციელდება, რაც საშუალებას იძლევა, რომ ნივთი არ დაზიანდეს, არ გაიქლიბოს და მას არ დაეკარგოს თავდაპირველი სახე. მაქსიმალური სიზუსტისთვის, ექსპრეს-შემფასებლები სპეციალურ ტრენინგებს გადიან, რათა ყოველთვის სწორი შეფასება გააკეთონ და ჩაბარებულ ნივთს ზიანი არ მიაყენონ.
2. მაღალი შეფასება ოქროზე, ვერცხლსა და ბრილიანტზე
ექსპრეს ლომბარდში დარწმუნებული შეგიძლია იყოთ, რომ თქვენი ნივთების სანაცვლოდ ყოველთვის მაღალ შეფასებას მიიღებთ. არ აქვს მნიშვნელობა ნივთი ოქროსია, ვერცხლის თუ ბრილიანტის – ექსპრეს ლომბარდში თითოეულ მათგანს განსაკუთრებული სიზუსტითა და მაღალი საბაზრო ღირებულებით აფასებენ.
შეგიძლიათ თავადვე, სახლიდან გაუსვლელად შეამოწმოთ, თუ რა მოცულობის თანხას მიიღებთ ექსპრეს ლომბარდის ონლაინ კალკულატორის დახმარებით.
რაც მთავარია, შეგიძლიათ სესხის მომსახურების მოქნილი გრაფიკი აირჩიოთ და გადახდები ყოველთვიურად ან 3 თვეში ერთხელ განახორციელოთ.
3. 24/7 სერვისი – მომსახურება მარტივად და სწრაფად
ექსპრეს ლომბარდში თანხის მიღებას 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში შეძლებთ. თანაც, მომსახურების მისაღებად შემოსავლების დადასტურება არ არის საჭირო და მხოლოდ პირადობის მოწმობის წარმოდგენაა საკმარისი.
თავად სესხი ნებისმიერი მიზნით შეგიძლიათ აიღოთ, იქნება ეს: ბიზნესის განვითარება, მეურნეობის დაფინანსება, გაუთვალისწინებელი ხარჯების მომსახურება თუ ყოველდღიურ საჭიროებებთან გამკლავება. არ აქვს მნიშვნელობა, ფული რაში გჭირდებათ – ექსპრეს ლომბარდში მომსახურებას მარტივად, ზედმეტი შეკითხვების და ბიუროკრატიის გარეშე მიიღებთ.
4. კომფორტული და პრივატული გარემო ყველა ფილიალში
ლომბარდის მიმართ ხშირად არსებობს გარკვეული სტიგმა და დისკომფორტი. ექსპრეს ლომბარდში ეს სტერეოტიპები იმ წამიდან იმსხვრევა, როდესაც ფილიალში შედიხართ. ექსპრეს ლომბარდის ყველა ფილიალში შექმნილია კომფორტული და პრივატული გარემო, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვასა და კმაყოფილებაზე.
ფილიალებში მისვლისას დაგხვდებათ მშვიდი, თანამედროვე და მყუდრო გარემო, სადაც მარტივად შეძლებთ, მიიღოთ საჭირო მომსახურება, თანაც ნებისმიერ დროს და საუკეთესო პირობებით.
უცხოეთიდან თუ თანხის მიღებას ელოდებით ან პირიქით – საზღვარგარეთ ფულის გაგზავნა გსურთ, ექსპრეს ლომბარდი სწორედ თქვენთვისაა.
ექსპრეს ლომბარდში ფულადი გზავნილის მიღება სრულიად უფასოა. თანხას სრული მოცულობით იღებთ, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. ამასთან, ექსპრეს ლომბარდში მიღებული თანხა შეგიძლიათ ერთ-ერთი საუკეთესო კურსით გადაცვალოთ, რომელიც ბაზარზეა წარმოდგენილი.
თანაც, გზავნილების საერთაშორისო სისტემა 24/7-ზე მუშაობს, ამიტომ თანხას მაშინ მიიღებთ ან გააგზავნით, როცა მოგესურვებათ, თავად ტრანზაქცია კი 100%-ით დაცულია, ამიტომ შეგიძლიათ არაფერზე იდარდოთ.
აი, სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, ლომბარდის შერჩევაზე შეგიძლიათ ბევრი აღარ იფიქროთ და ექსპრეს ლომბარდის დახმარებით ქვეყანაში საუკეთესო მომსახურება მიიღოთ.
ეწვიეთ ბათუმის ექსპრეს ლომბარდის სასურველ ფილიალს:
უკრაინას არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტია მისცეს ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებიც 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე გეგმავენ ყოფნას, რადგან რუსულ მხარეს შეუძლია ნებისმიერი ქმედება განახორციელოს სტუმრების წინააღმდეგ და უკრაინული მხარე არ არის პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, ვინც 9 მაისს მიდის ან აპირებს წასვლას: ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ისინი უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოებას და შესაბამისად, ჩვენ ვერ მოგცემთ ვერანაირ გარანტიას, რადგან არ ვიცით, რას იზამს რუსეთი ამ ხანებში“ – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა შეიძლება რაღაც მოიმოქმედოს და ამაში უკრაინა დაადანაშაულოს.
„ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვუთხარი, რომ ჩვენთან დაკავშირებულ ადამიანებს უნდა ვუთხრათ: „ჩვენ არ გირჩევთ რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს, უსაფრთხოების თვალსაზრისით. და თუ ამას გააკეთებთ, ნუ გვკითხავთ. ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა…
… უკრაინას ნამდვილად არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს რუსეთში ხდება. ეს ფაქტია“ – განაცხადა ზელენსკიმ.