მთავარი,სიახლეები

ეროვნულმა ბანკმა ხელფასებში 81 მილიონი ლარი დახარჯა ორ წელში – რა დარღვევებზე წერს აუდიტი

05.05.2025
ეროვნულმა ბანკმა ხელფასებში 81 მილიონი ლარი დახარჯა ორ წელში – რა დარღვევებზე წერს აუდიტი

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ხელფასებში, პრემიებსა და „პერსონალის შენახვის“ სხვა ხარჯებში ჯამში 81,9 მილიონი ლარი დაიხარჯა ორი წლის განმავლობაში.

ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ხარჯებზე ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა.

აუდიტის მიხედვით აღნიშნულ წლებში:

  • საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ზოგ თანამშრომლებზე გაცემული პრემია არ იყო საკმარისად დასაბუთებული;
  • სებ-ის თანამშრომლებზე ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების მიხედვით გაცემულია დამატებითი ანაზღაურება, თუმცა სებ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, თუ რა სახის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება დაევალათ თანამშრომლებს;
  • სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს ოდენობა საბჭომ გაზარდა, თუმცა, აუდიტი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს ოდენობა არა თავად საბჭომ, არამედ პარლამენტმა დაადგინოს;
  • 2023 წლის აგვისტოსა და დეკემბერში სებ-ის 604 თანამშრომელზე გაიცა სადღესასწაულო პრემია. აუდიტის დასკვნით, უქმე დღეებთან დაკავშირებით თანამშრომელთა პრემირების სებ-ის მიერ დადგენილი წესი არ არის სრულ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან.

„საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების აუდიტის ანგარიში“, რომელიც 2022-23 წლებს მოიცავს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა და ის 2025 წლის 2 მაისს გაასაჯაროვა.

ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 წლებში სებ-ში „პერსონალის შენახვის ხარჯების“ მუხლით გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა ჯამში 81 977 761 ლარი შეადგინა. აქედან 11,7 მილიონი ლარი მხოლოდ პრემიებში დაიხარჯა.

2022 და 2023 წლებში ეროვნულ ბანკში შტატით სულ დასაქმებული იყო, შესაბამისად, 575 და 663 ადამიანი.

ეროვნული ბანკის პერსონალის შენახვის ხარჯები

წყარო: სახელმწიფო აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს საქართველოს პარლამენტს მიენიჭა უფლებამოსილება, განესაზღვრა სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგო, თუმცა აღნიშნული სარგოს ოდენობა პარლამენტს შესაბამისი სამართლებრივი აქტით არ დაუმტკიცებია. შესაბამისად, 2016 წელს სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგო 6 500 ლარის ოდენობით დადგინდა საბჭოს მიერ, ხოლო 2022 წლის ნოემბერში საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით 2023 წლიდან მისი ოდენობა განისაზღვრა 10 400 ლარით.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა, მნიშვნელოვანია სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს ოდენობა დაადგინოს პარლამენტმა“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 წლებში სებ-ის 8 თანამშრომელზე გაცემული 48 349 ლარის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მოხსენებითი ბარათები, რომლებშიც მითითებული იქნებოდა ინფორმაცია თანამშრომელთა განსაკუთრებულ დატვირთვასა და შესრულებულ სამუშაოზე.

2022 წელს სებ-ის 12 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიამ 37 704 ლარით გადააჭარბა მათი ხელფასის ორმაგ ოდენობას, რითაც არ არის გათვალისწინებული თანამშრომელთა წახალისების წესის მოთხოვნები – წერს აუდიტი ანგარიშში, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ „პრემიის ზღვრების მონიტორინგის მიზნით, სებ-ში შემუშავდა შესაბამისი კონტროლის მექანიზმები.“

აუდიტი აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მოხელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო სრულდება მხოლოდ მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი დავალების საფუძველზე. 2022-2023 წლებში სებ-ის ზოგიერთ თანამშრომელს დავალებული ჰქონდა სამუშაოს შესრულება შაბათ-კვირას, რითაც მათი სამუშაო დროის ხანგრძლივობამ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროსთან ერთად გადააჭარბა კვირაში 48 საათს.

„სებ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია თუ რა სახის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება დაევალათ თანამშრომლებს. 2022-2023 წლებში სებ-ის თანამშრომელთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას არ იყო გათვალისწინებული მოხელეთა სამუშაო დროის ხანგრძლივობისთვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

2023 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში სებ-ის 43 თანამშრომლის მიერ კვირაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი 518 საათის მიხედვით გაცემულმა დამატებითმა ანაზღაურებამ 22 427 ლარი შეადგინა, თუმცა დოკუმენტურად არ დასტურდება, თუ რა სახის სამუშაოს შესრულება დაევალათ მათ [2024 წელს სებ-ში დამტკიცდა ახალი შინაგანაწესი, რომელშიც გათვალისწინებულია ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების და ანაზღაურების წესი.“ – წერია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სებ-ის პრეზიდენტი განსაზღვრავს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა წახალისების და პრემირების წესს.

2023 წლის აგვისტოსა და დეკემბერში სებ-ის 604 თანამშრომელზე გაიცა სადღესასწაულო პრემია. უქმე დღეებთან დაკავშირებით თანამშრომელთა პრემირების სებ-ის მიერ დადგენილი წესი, არ არის სრულ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან.

„სებ-ის მოსამსახურეთა წახალისების წესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სებ-მა უნდა შეიმუშაოს შესაფერისი ნორმები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საჯარო სამსახურის ერთიან პრინციპებთან.“ – აცხადებს აუდიტი.

რამდენიმე დეტალი ეროვნულ ბანკზე

აღსანიშნავია, რომ ზოგადად სებ-ის ბიუჯეტი ცალკეა და ის არ არის ასახული ქვეყნის ბიუჯეტში.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონით კი, „ეროვნული ბანკის მოხელეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს“, ხოლო „შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.“

2024 და 2025 წლის ბიუჯეტები ეროვნულ ბანკს გამოქვეყნებული არ აქვს.

„ბათუმელები“ შეეცადა ინფორმაციის მოპოვებას,  რამდენი იყო ბიუჯეტი 2024 წელს და რამდენია 2025 წელს, თუმცა ეს ინფორმაცია  ვერ მოვიპოვეთ. 2024 წლის წლიურ ანგარიშს ეროვნული ბანკი სავარაუდოდ ზაფხულში გამოაქვეყნებს. სების ინფორმაციით „ანგარიში კანონმდებლობის შესაბამისად უკვე წარდგენილია პარლამენტში და ბანკის ბიუჯეტი იქნება ამ ანგარიშის შემადგენელი ნაწილი“, 2025 წლის ანგარიში კი 2026 წელს გამოქვეყნდება.

საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 816,8 მილიონი ლარია [საერთაშორისო სავალუტო ფონდის – IMF – ვალი].

ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავალი საქართველოს ეროვნული ბანკის მოგებიდან 2023 წელს იყო 462 მილიონი ლარი, 2024 წლის გეგმა – 465 მილიონი, 2025 წლისთვის კი შემოსავლის გეგმა შემცირებულია და 300 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ივნისის დადგენილებით ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტორად არჩეული იქნა აუდიტორული ფირმა – შპს KPMG Georgia, აუდიტორული შემოწმების სრულ ღირებულებად კი 390 ათასი ლარი განისაზღვრა.

ინფორმაციისთვის: KPMG Georgia თავის დროზე საპენსიო სააგენტოს და საქართველოს განვითარების ფონდის [ყოფილი საპარტნიორო ფონდის] გარე აუდიტორიც იყო. ეს კომპანია ოფშორში [კვიპროსში] რეგისტრირებულმა კომპანიამ დააფუძნა 2013 წელს. ამჟამად კი კომპანიის მესაკუთრეები ყაზახეთის და დანიის მოქალაქეები არიან].

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე და პრეზიდენტი ნათია თურნავა ამ თანამდებობაზე 2025 წლის თებერვალში დაინიშნა. თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია 2022 წლის ივნისიდან, 2023 წლიდან კი – ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ლარის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზება-ჩატარებაში კი 771 ათას ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.

ამ თემაზე:

ლარის საიუბილეო ფორუმის ჩატარებაში ეროვნული ბანკი 771 ათას ლარს დახარჯავს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: