მთავარი,სიახლეები

რატომ გადაიყვანეს ბესელია კრიმინალურ პოლიციაში – „მოძალადეების დაწინაურებას გააგრძელებენ“

05.05.2025 •
რატომ გადაიყვანეს ბესელია კრიმინალურ პოლიციაში – „მოძალადეების დაწინაურებას გააგრძელებენ“

„ისინი [„ოცნება“] გააგრძელებენ მოძალადეების დაწინაურებას, რათა არავის ჰქონდეს იმედი, რომ დაუსჯელობის ატმოსფერო შეიცვლება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ უჩა ნანუაშვილი, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი.

რატომ გადაიყვანეს აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში დირექტორის მოადგილედ? – „ბათუმელები უჩა ნანუაშვილს ამ თემაზე ესაუბრა.

  • ბატონო უჩა, გრიგოლ ბესელია ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია მზია ამაღლობელის საქმეში. მან დააკავა პირველად მზია ამაღლობელი კედელზე სტიკერის გაკვრის გამო და სასამართლოს აძლევდა ცრუ ჩვენებას. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიყვანეს ის კრიმინალურ პოლიციაში?

საერთაშორისო სტანდარტი ასეთია, რომ როდესაც მიმდინარეობს გამოძიება და კონკრეტული პირის თუ პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეა საუბარი, ასეთ დროს აუცილებელია თანამდებობის პირს დროებით მაინც შეუჩერდეს უფლებამოსილება, სანამ არ დასრულდება გამოძიება.

ასეთ დროს შესაძლოა დაიწყოს დისციპლინური მოკვლევაც, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი პირიქით ხდება.

ბესელიას დაწინაურება არ არის პირველი შემთხვევა. იგივე როლანდ მესხის მაგალითის შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა რამდენიმე კვირის წინ, უშუალოდ ძალადობდა აქციის მონაწილე გოგონაზე, თმებზე მოქაჩა დღისით-მზისით, კამერების წინ, როცა ადამიანი იდგა ტროტუარზე.

ყველამ ვნახეთ ეს, მაგრამ მცირე დროის შემდეგ, ეს ადამიანი მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. პრაქტიკულად დაწინაურდა, ხომ?!

ყველა მოძალადის, ყველა უფლებადამრღვევის, ყველა იმ ადამიანის დაწინაურება ხდება, ვისაც პრაქტიკულად რეჟიმი იყენებს.

  • ბესელიასთვის კრიმინალურ პოლიციაში დირექტორის მოადგილედ გადაყვანა დაწინაურება გამოდის? თუ ის უბრალოდ განარიდეს ქალაქს მზია ამაღლობელის საქმის გამო, თქვენ როგორ ფიქრობთ?

მე ვფიქრობ, რომ დაწინაურებაა, რადგან კრიმპოლი არის ცენტრალური სტრუქტურა შს სამინისტროში.

უბრალოდ განრიდების შემთხვევაში კი შესაძლოა დაენიშნათ სულ სხვა პოზიციაზე, სადაც ნაკლები გავლენა ექნებოდა, თუნდაც მიმდინარე საქმეებზე.

იგივე მოხდა თუნდაც თამაზაშვილთან [აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ახალი თავმჯდომარე] დაკავშირებითაც და იყო ასევე სხვა შემთხვევებიც, როცა სისტემამ დააწინაურა ის პირები, ვინც რეალურად ძალადობს, არღვევენ მოქალაქეების უფლებებს, ამიტომ არც ბესელიას შემთხვევაა გამონაკლისი.

  • გრიგოლ ბესელიამ 28 აპრილს მისცა ჩვენება მზია ამაღლობელის საქმეზე. „ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა” – ამ შეძახილებით გააცილეს იგი მოქალაქეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობიდან. ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ამ დისკომფორტს განარიდეს ბესელია?

ნებისმიერი ასეთი შემთხვევა არის დისკომფორტი მათთვის და სისტემა ცდილობს თავისი ერთგული ჩინოვნიკები აარიდოს ასეთ დისკომფორტს. თუკი შესაძლებელია პროცესებსაც ხურავენ, ბევრნაირად ცდილობენ გავლენა მოახდინონ პროცესებზე და ასეთ განრიდებასაც აქვს ადგილი.

  • მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, იყო მოთხოვნა, რომ შეჩერებოდა უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძეს, ბათუმის პოლიციის უფროსს, რომელიც ბესელიას კადრია. თუმცა დგებუაძეს არც უფლებამოსილება შეუჩერეს და არც სხვაგან გადაიყვანეს. როგორ ფიქრობთ, რატომ დატოვეს დგებუაძე?

მე არ გამოვრიცხავ, რომ დგებუაძესთან დაკავშირებითაც იყოს გადაწყვეტილება მიღებული, რადგან სისტემა უფრთხილდება თავის თანამშრომლებს და არც მახსენდება რომელიმე შემთხვევა, როცა კონკრეტული სამართალდამცავი რაიმე ფორმით დასჯილიყო.

ჯერ-ჯერობით საქმე არ არის დასრულებული, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დგებუაძეც ვიხილოთ რაიმე სხვა თანამდებობაზე.

რა თქმა უნდა, როცა სისტემა ძალადობაზეა დამყარებული, მაშინ ძალადობაა მთავარი. დაშინების პოლიტიკა გრძელდება, ისინი გააგრძელებენ მოძალადეების დაწინაურებას, რადგან არავის ჰქონდეს იმედი, რომ დაუსჯელობის ეს ატმოსფერო შეიცვლება.

არავის არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ვინმე შეიძლება დაისაჯოს. იმიტომ, რომ როგორც კი დაისჯება ერთი პოლიციელი, ჩათვალეთ რომ სისტემა ჩამოიშლება, რადგან ეს სისტემა მთლიანად დაუსჯელობაზეა დაფუძნებული.

როგორც კი ეს სისტემა შეირყევა, მაშინ სრულიად სხვა პროცესებთან გვექნება საქმე.

მათ აღარ აქვთ უკან დასახევი გზა პრაქტიკულად, ამიტომ, შეიძლება ითქვას, სისტემას ბოლომდე ერთგულობენ და სისტემაც ცდილობს დააწინაუროს და მაქსიმალურად დაუფასოს ეს ერთგულება. ამისთვის გამოიყენებენ ყველა მეთოდს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: