სინდისის პატიმარი საბა სხვიტარიძე, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ფეისბუქზე წერს, რომ მისი აზრით, „ოცნების“ მხრიდან რეპრესიები მოიმატებს და „რეჟიმთან ბრძოლა და კომფორტის ზონაში დარჩენა ერთად არ გამოვა“.
„პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნანუკა ჟორჟოლიანს და ფონდებს.
რეპრესიები იმატებს და კიდევ უფრო მოიმატებს, სანამ ხალხისგან წნეხი არ გაიზრდება. სამწუხაროდ დაქსაქსულები ვართ და ერთმანეთის კრიტიკაზე ვართ გადასულები.
თუ არ გავერთიანდით საერთო მტრის წინააღმდეგ, სათითაოდ მოგვადგებიან და გაგვანეიტრალებენ, უკვე სახლებში გვივარდებიან და ეს მხოლოდ დასაწყისია.
უნდა გავიაზროთ, რომ რეჟიმთან ბრძოლა და კომფორტის ზონაში დარჩენა ერთად არ გამოვა, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს სანამ რეჟიმი მართავს ქვეყანას.
ვერც დასავლეთი და ვერავინ ვერ შეაჩერებს რეჟიმს, თუ ხალხმა, თითოეულმა მოქალაქემ არ ავიღეთ პასუხისმგებლობა და არ გავუწიეთ წინააღმდეგობა რუსულ პოლიციურ რეჟიმს.
თითოეულმა მოქალაქემ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, უნდა შევეშვათ ერთმანეთის კრიტიკას, უნდა გავერთიანდეთ რეჟიმის წინააღმდეგ. არც თეთრ ცხენზე ამხედრებულ ლიდერს არ უნდა დაველოდოთ და არც ტყუილი იმედები არ უნდა დავისახოთ.
გზის გადაკეტვა საღამოობით არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, მიზანია რეჟიმი გავუშვათ სახლში, რაც უფრო გავწელავთ დროში პროტესტს, უფრო ბრუტალური იქნება რეჟიმი. დროა წნეხი გავზარდოთ, უნდა გვესმოდეს რომ რუსთაველზე საღამოობით გასეირნებით დიქტატურას ვერ დავამარცხებთ!
ბოდიში თუ კრიტიკული ვარ, მაგრამ ესაა სამწუხარო რეალობა“ – წერს საბა სხვიტარიძე ფეისბუქზე.
საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, პროკურატურა მას ედავება, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარედ, თავს დაესხა პოლიციელს – მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ სხვიტარიძისთვის წარდგენილი ბრალდება გამოგონილია. გარდა ამისა, საბა სხვიტარიძე დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
საბა სხვიტარიძე ბრალს არ აღიარებს. მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე:






