ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ვიხრჩობით მტვერში“ – ჩახერგილი და დანაგვიანებული ქუჩები ბათუმში

05.05.2025 •
„ვიხრჩობით მტვერში“ – ჩახერგილი და დანაგვიანებული ქუჩები ბათუმში

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათ წელზე მეტია ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა ბათუმის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ყველაზე დიდი ფულიც სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება, მოქალაქეები ჩივიან, რომ ქალაქი დანაგვიანებულია და ამის მიზეზი, ძირითადად, სამშენებლო კომპანიების და კომერციული ობიექტების დაუდევრობაა.

„არ შეიძლება მშენებელმა ტროტუარი, თავისი შესასვლელი გარეცხოს და ცემენტიანი არ დატოვოს?“ – გვეკითხება ნოდარ ბედინაძე, პენსიონერი. მას ჭავჭავაძის ქუჩაზე შევხვდით. პენსიონერი ამბობს, რომ ფეხით სიარული უყვარს – „ჯანმრთელობაა, მაგრამ ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა“ – გვეუბნება ნოდარ ბედინაძე და საკანალიზაციო ჭაზე მიგვითითებს, რომელზეც სახელდახელოდ დაუფარებიათ ხის ფიცრები, თუმცა წყალი მაინც ჟონავს.

ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა

„მე რას მეკითხებით, თქვენ ვერ ხედავთ?“ – აგრესიულად გვპასუხობს ნოდარის თანმხლები პირი. მან სახელი არ გვითხრა: „ სახელი გითხრათ და გამომწერეთ ახლა ყველგან“.

ბათუმში გაგიჭირდებათ იპოვოთ ქუჩა, სადაც ან ასფალტს არ აგებენ, ან ადრე დაგებული ასფალტის დაზიანებულ ნაწილებზე ორმოებს არ ავსებენ, რაღაცას არ თხრიან, არ ხერხავენ, საკანალიზაციო სისტემიდან წყალი არ ამოდის, მშენებელმა რაღაც არ დააზიანა და ასე შემდეგ.

ერთი მხრივ მოქალაქეები სვამენ კითხვას – „რა არის ამაში ცუდი? – კეთდება“ – მეორე მხრივ კი სწუხან – „ქუჩაში ვერ გაივლი, ვიხრჩობით მტვერში, კანალიზაციის სუნია, ბავშვს გარეთ ვერ გაიყვან, ტროტუარზე ვერ გაივლი, ასეთი ჭუჭყიანი ქალაქი სხვა დროს არ ყოფილა“.

მოქალაქეები ინფრასტრუქტურული პრობლემების ნაწილად განიხილავენ დისტრიბუციის მომსახურებასაც:

„ვცხოვრობდი ევროპაში და იქ დისტრიბუციას თავისი ვადები აქვს დაწესებული, რა დროს უნდა მოამარაგონ დიდი მაღაზიები. ჩვენთან ისე აქვთ ჩახერგილი გასასვლელები დისტრიბუციის მანქანებს დღის ნებისმიერ დროს, როცა ვერ გადადიხარ, ან ბავშვი ვერ გადაგყავს, არც კი სწუხან… წარმოუდგენელია ასეთი რამ მოწესრიგებულ ქალაქში.

ან კართან რომ დგანან მაღაზიების თანამშრომლები, ეწევიან გარე სივრცეში და იქვე ყრიან სიგარეტის ნამწვებს, მათ შესასვლელებში დიდი გროვა დგას ხოლმე. თავად თუ არ აქვთ დისკომფორტი, მერიამ უნდა დაავალდებულოს, რომ მათივე სამუშაო სივრცის შესასვლელები მოაწესრიგონ. ჩემი ბინის წინ დიდი მაღაზიაა, გამოიტანენ ყუთებს, ყველაფერი ტროტუარზე უყრიათ, სველდება, ლპება. აივნიდან გამოხედვაც აღარ მინდა. ყველამ უნდა მოვუაროთ ქალაქს“ – გვითხრა გურამ სვანიძემ.

მოქალაქე მელიქიშვილის ქუჩაზე გვიყვება, რომ სამშენებლო კომპანია დიდი სატვირთო მანქანების შემოსვლისას ტროტუარის დიდ ნაწილს სხვადასხვა სამშენებლო მასალებით იკავებს, რომ მანქანა არავინ გააჩეროს: „მთელი დღის განმავლობაში დიდი სატვირთო შემოჰყავდა, რაც დაუცვივდათ, დატოვეს, აატალახეს იქაურობა. წავიდნენ და დატოვეს ისე, თითქოს არაფერი“.

ბათუმში ტროტუარებზე ფილები მეტწილად არეულია, რიგ ადგილებში ღია სადენებს შეხვდებით, ჰაერში სამშენებლო მტვრის ბუღი ტრიალებს, ქალაქის კვარტლებში ცემენტის ან ცხელი ასფალტის სუნია. ბევრგან გზის სავალ ნაწილზე სამშენებლო მასალები ალაგია, რიგ ადგილებზე კი კანალიზაცია ჟონავს.

ჭავჭავაძის ქუჩა

სამშენებლო ღობის ირგვლივ მეტწილად დანაგვიანებული ან დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მეზღვაურთა ქუჩა, ახალი ბულვარის მიმდებარედ.

მშენებლებს ნაკლებად აინტერესებს რა ზიანდება მათი სამშენებლო ღობის მიღმა, მით უმეტეს, რომ ქალაქში ეფექტურად არ მუშაობს რეგულაცია, რომელიც მათ დაავალდებულებდა სამშენებლო ღობის მიღმა გარემოს გაუფრთხილდნენ.

ბათუმი, მეზღვაურთა ქუჩა – მდგომარეობა სამშენებლო ღობის მიღმა, ტროტუარზე.

2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ბათუმის მერია წელს 266 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. მათ შორის 115 მილიონი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს; 2 მილიონ 600 000 ლარი გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობისთვის გაითვალისწინეს. გასულ წელს ამავე მიზნით 108 მილიონი დაიხარჯა, 2023 წელს კი – 85 მილიონი.

ბათუმი კაჩინსკის ქუჩა, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია

პარკინგი

ბათუმში აღარავინ უფრთხილდება უსინათლოთა ბილიკებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ბილიკებით სარგებლობა უსინათლოსთვის საფრთხის შემცველია.

შეხვდებით ღია სადენებსაც.

სადენი სავალ ნაწილზე

სამშენებლო მასალები სავალ ნაწილზე

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე, ქალაქში არსებულ მდგომარეობას შესაბამისი რეგულაციების არქონას არ უკავშირებს. ის აცხადებს, რომ კონტროლის უზრუნველსაყოფად საკმარისი რეგულაციები არსებობს, თუმცა კონტროლი არასათანადოა. რაც შეეხება საკრებულოს, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს ჩართულობას ამაში, ნოდარ დუმბაძის თქმით, კონტროლი ამ მხრივაც სუსტია:

„ჩვენ ვერ ვახერხებთ შესაბამისი მუნიციპალური სტრუქტურების ხელმძღვანელების დაბარებას, მათგან ინფორმაციის მიღებას. „ოცნება“ საერთოდ არ ითვალისწინებს ოპოზიციის შენიშვნებს. მეტიც, რაღაც კონკრეტული შესაძლოა მხოლოდ იმის გამოც არ გააკეთონ, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნაა“ – გვითხრა მან.

სამშენებლო მასალებია დალაგებული გორგილაძის ქუჩაზე ბათუმის მერიასთან მდებარე სკვერში და საშვთა ბიუროსთან მისასვლელ ბილიკებზეც. აქ ქალაქის მერიისა და საკრებულოს შენობას არემონტებენ.

ბათუმის მერიისა და საკრებულოს შენობის რემონტი / 5.05.2025

ბათუმის მერიისა და საკრებულოს შენობის რემონტი / 5.05.2025

გადაბეჭდვის წესი


ასევე: