„იოსების შემთხვევაში ეს გააკეთეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სადაც ის იხდიდა სასჯელს. დარწმუნებული ვარ ამაში და ამის ფაქტებიც არსებობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ძმა, შოთა გორგაძე.
46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. პაციენტი 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.
იოსებ გორგაძე კლინიკაში 2025 წლის 29 იანვარს გადაიყვანეს დაზიანებებით, რომლებიც მას ციხეში მიაყენეს. გასულია დაახლოებით 3 თვე. გარდაცვლილი პატიმრის ძმის, შოთა გორგაძის თქმით, ამ დრომდე გამოძიებას არავინ დაუსჯია.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, 5 მაისს გაავრცელა. ეს სამსახური გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „ჩხუბის და ძალადობის ფაქტები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება“.
„აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება. ამჟამად, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ ეცნობება შედეგების შესახებ“, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საიდან მოხვდა ციხეში მყოფი ბრალდებული სასტიკად ნაცემი კლინიკა „ვივამედში“?
„ყველაფერზე ლაპარაკობს „ვივამედის“ დასკვნა და კერძო ექსპერტის დასკვნა.
ჩემს ძმას 27 მოტეხილობა აქვს თავის არეში, ამას ვერც პატიმარი გააკეთებდა ისე, რომ კვალი არ დაეტოვებინა…“ – ამბობს შოთა გორგაძე, – „მთელ საქართველოს უნდა მოვუწოდო ის, რომ პატიმრები მართლაც დაუცველნი არიან და კიდევ აღარ განმეორდეს.
ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს საქართველოში.
მე ციხის უფროსთან მქონდა საუბარი… მათ აქვთ სცენარი, რომ თითქოს საკანში მოხდა ეს ყველაფერი. ეს უკვე სასაცილოა. მე-10 სართულიდან რომ გადმოვარდეს ადამიანი, ამ სიმძიმის ტრავმას ის ვერ მიიღებდა,“ – გვითხრა შოთა გორგაძემ.
გარდაცვლილი პატიმრის ძმა ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება, თუმცა როდის, ჯერ უცნობია.
იოსებ გორგაძე ბრალდებული იყო, როცა ის სავარაუდო წამების, ან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. იოსებ გორგაძეს გამოძიება ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ედავებოდა, რამაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საუბარია 2024 წლის 24 ოქტომბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე:
„დაახლოებით 02:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ 4 მოქალაქეს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით 3 პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მე-4 კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია,“ – იუწყებოდა 2024 წლის 24 ოქტომბერს შსს.
ავარიის შედეგად დაღუპული პირები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და თბილისში გამართული წინასაარჩევნო, პარტიული შეხვედრიდან უკან ბრუნდებოდნენ.
შოთა გორგაძე „ბათუმელებთან“ საუბრის დროს გამორიცხავს მისი ძმის ცემის საქმესა და მომხდარ ავარიასთან კავშირს.
„ამის წინაპირობა არ იყო, რომ ეს მეფიქრა. ისინი [ავარიის შედეგად დაღუპულები] ჩემი ძმის მეზობლები არიან წალკაში, 4-5 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ.
რა იყო ამის მიზეზი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შიდა სამზარეულოში რა ხდებოდა, არ ვიცი. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს შურისძიების მოტივაცია არ არის და არც პატიმრების შესრულებულია… შურისძიება რომ ყოფილიყო, მაშინ გამოდის, რომ ციხის უფროსი და სახელმწიფოს მეთაურები ყოფილან ჩარეულები ასეთ საქმეში. არ ვიცი. ეს გასარკვევია გამოძიების,“ – გვითხრა შოთა გორგაძემ.
დაღუპული პატიმრის, იოსებ გორგაძის ძმა და ადვოკატი მუხრან ღურწკაია მიიჩნევენ, რომ პატიმარს ციხის ბადრაგებმა სასტიკად სცემეს. ადვოკატის თქმით, საქმეში მოიპოვება ციხის ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ პატიმარს კლინიკაში გაწერის წინ ტვინის ინსულტი ჰქონდა. სინამდვილეში კი, კლინიკა „ვივამედში“ ეს დიაგნოზი არ დადასტურდა და აღმოჩნდა, რომ კაცს სახისა და თავის მიდამოებში 30-ზე მეტი ტრავმა აქვს მიყენებული.
მრავლობით ტრავმას „ვივამედის“ მიერ გაცემული სამედიცინო ცნობაც ადასტურებს.
„ყველა ფაქტი მიანიშნებს რომ იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმას დაექვემდებარა და შემდგომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე.
ამ თემაზე: