ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ხარისხიანად აშენებენ ბათუმში მე-3 სკოლის შენობას? – „გასწორდება… ხვალ მოვა ხელოსანი“

05.05.2025 •
ხარისხიანად აშენებენ ბათუმში მე-3 სკოლის შენობას? – „გასწორდება… ხვალ მოვა ხელოსანი“

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, მე-3 სკოლის ახალი კორპუსი შენდება, თუმცა მშენებლობის ხარისხი კითხვებს აჩენს. ქუჩიდან ჩანს, რომ ბლოკის ნაწილი ჩამომტვრეულია, კედლებში ბევრგან ღრიჭოებია დარჩენილი.

სკოლის მშენებლობის ხარისხი ამ ქუჩაზე ჩავლისთანავე შესამჩნევია, თუმცა ამას არც განათლების სამინისტრო იმჩნევს და არც საჯარო სკოლის ადმინისტრაცია.

„4 ცალი ბლოკია არასწორად დაშენებული. ხელოსანმა მითხრა, შიგნიდან რომ ავაშენე, ბოლოში ვიყავი ასული, გარედან ვერ დავინახე, რომ ჩამოვედი, მერე კი დავინახე, მაგრამ მერე გვიანი იყოო,“ – ეს სამშენებლო კომპანია „ალიგატორი 1“-ის მენეჯერის პასუხია, რომელიც მე-3 საჯარო სკოლის ახალ სასწავლო კორპუსს აშენებს.

მშენებლობას რომ პრობლემა აქვს, ამას თავად მშენებელი ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ პრობლემას ხვალვე გამოასწორებს. პრობლემაზე არ საუბრობს სკოლის მშენებლობის დამკვეთი – აჭარის განათლების სამინისტრო, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე აშენებს სკოლას.

სკოლის ახალი შეობა ბათუმში, გორგასალის ქუჩა

მე-3 სკოლის ეზოში ახალი კორპუსის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო.

მე-3 საჯარო სკოლის ამ კორპუსში მოსწავლეებმა სწავლა 2026 წლის ბოლოდან უნდა დაიწყონ.

ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის ეზოში ახალი კორპუსის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო. ამ მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 627 700 ლარი დაიხარჯება. აჭარის განათლების სამინისტრომ მშენებელ კომპანიას „ალიგატორი 1“ უკვე ჩაურიცხა 750 728 ლარი.

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც აჭარის განათლების სამინისტროს გაუფორმებია „ალიგატორთან“, აღნიშნულია, რომ სახურავის საგარანტიო ვადა 10 წელია, კონსტრუქციებისა – 25 წელი.

სკოლის ფანჯარა

შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია „ალიგატორმა“ სამუშაოები დათქმულ დროში შეასრულა, თუმცა შპს „გეომშენექსპერტი+“-ის დასკვნა მხოლოდ ფინანსურ ნაწილს ეხება.

რამდენად ხარისხიანად შენდება სკოლის ახალი კორპუსი? – ამ კუთხით ზედამხედველობას „ალფა პროექტი“ ახორციელებს, თუმცა ამ კომპანიის მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტები შესყიდვის ელექტრონულ გვერდზე ხელმისაწვდომი არ არის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ „ალფა პროექტის“ წარმომადგენელს, თუმცა მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოქალაქემ გვითხრა, რომ ის ამ კომპანიის ყოფილი თანამშრომელია და სურვილის შემთხვევაში კომპანიიდან თავად დაგვიკავშირდებოდნენ.

ახალი სკოლის მშენებლობის ხარისხზე „ბათუმელები“ ასევე აჭარის განათლების სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა.

„მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება უფლებამოსილი აკრედიტებული პირის მიერ, ასევე, შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა ხორციელდება სპეციალურად უფლებამოსილი აკრედიტებული პირის მიერ. ასევე, ხდება გამოსაყენებელი მასალების შემოწმება,მათ შორის ლაბორატორიულად,“ – მოგვწერეს აჭარის განათლების სამინისტროდან.

სამინისტრომ არ მოგვაწოდა დოკუმენტი, სადაც მე-3 სკოლის ეზოში მიმდინარე ახალი კორპუსის მშენებლობის ხარისხია შეფასებული. სამინისტროში არც ის განმარტეს, ხარისხიანად შენდება თუ არა სკოლა.

„ხარისხიანად შენდება, აბა რა. ეს არის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია. ერთადერთი ფანჯრის თავი ჰქონდათ არასწორად ჩამოსხმულ, გვერდზეა გადახრილი. ის როგორ უნდა ჩამოვარდეს, იმას ხომ არ დავატოვებინებ ასე?  მე ის ვერ გავიგე, საფრთხე რა ადგილას არის? მივირბინე გულგახეთქილი, როცა დამირეკეს,“ – გვითხრა სკოლის მშენებელი კომპანიის „ალიგატორი 1“-ის მენეჯერმა, სოსო ჭელიძემ.

მშენებელს უკვირს, რატომ გაჩნდა კითხვა უსაფრთხოებაზე, როცა მშენებლობა ღობით შემოსაზღვრულია და კონსტრუქციიდან ჯერ არაფერი გადმოვარდნილა. მას შევახსენეთ, რომ საქმე ბავშვების უსაფრთხოებას ეხება.

„ხელოსნებმა არასწორად დააშენეს ბლოკი, გასწორდება… ხვალ მოვა ხელოსანი. 4 ცალი ბლოკი ცოტა არასწორადაა დაშენებული, ხვალ საღამოს იქნება განახლებული.

რაც შეეხება ჩამოტეხილს, ბლოკი არის 20-იანი, როცა არ ეტევა, ბლოკს ვტეხავთ და ვაწყობთ ზევით, მერე შიგნით ხდება ჩამაგრება და ვაკეთებთ „შიკატურკას“, – „ბათუმელებს“ სოსო ჭელიძემ განუმარტა, რა წესით შენდება სკოლა ბათუმში.

მშენებლის თქმით, პერიოდულად მოწმდება მიმდინარე სამუშაოების ხარისხი, თუმცა დასკვნა არც ბიზნესმენმა მოგვაწოდა.

„ამ დოკუმენტებს იბარებს სამინისტრო… შესაძლოა მიგზავნიან კიდეც, არ დავინტერესებულვარ. რამე რომ ყოფილიყო, მეტყოდნენ.

რკინა-ბეტონის კონსტრუქცია დასრულებულია და ამის თანხა აღებული მაქვს. არქიტექტურულ ნაწილზე ჯერ შეტანილი არ მაქვს,“ – გვიპასუხა სოსო ჭელიძემ.

სკოლის მშენებლობა

მე-3 სკოლის მშენებლობა ბათუმში

ბიუჯეტის ხარჯზე მშენებლობის ხარისხი ხშირად პრობლემაა და ამას ერთ-ერთი ბოლო შემთხვევაც ადასტურებს: 2018 წელს გახსნილი, ახლადაშენებული 35-ე საბავშვო ბაღი ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაცალეს. ამ ახალი საბავშვო ბაღის შენობას მოულოდნელად ბზარები გაუჩნდა და ბავშვები სხვადასხვა ბაღში გადაანაწილეს.

რატომ გაუჩნდა ბზარები საბავშვო ბაღის ახალ შენობას, ვინ არის პასუხისმგებელი? – „ბათუმელების“ ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს, როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, ისე ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: