გააჩუქე თბილი ტანსაცმელი, რომელიც არ გჭირდება – საქველმოქმედო აქცია ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხესთან არასამთავრობო ორგანიზაცია „სანშაინის“ მოხალისეები სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ადამიანებისთვის თბილ ტანსაცმელს აგროვებენ.

„სანშაინის“ თავმჯდომარე ედო მჟავანაძე ამბობს, რომ აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს და ჯერჯერობით მათ უფრო მეტმა ბენეფიციარმა მიმართა, ვიდრე დახმარების მსურველმა და მხოლოდ მცირე რაოდენობით თბილი ტანსაცმელი შეგროვდა.

„ვაგროვებთ თბილ ტანსაცმელს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება დახმარება. 27 დეკემბერს, 12-დან 3 საათამდე შეგიძლიათ მობრძანდეთ და მოიტანოთ თბილი, კარადაში ჩამალული ტანსაცმელი, რომელიც უკვე დაგავიწყდათ და არ იყენებთ. მოიტანეთ და გაათბეთ ადამიანები.

უკვე მეორე დღეა აქ ვართ, შედარებით ცოტა ტანსაცმელია მოტანილი, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, ხვალ ველოდებით ძალიან ბევრ ტანსაცმელს. ჩვენ გვაქვს ბაზა იმ ადამიანების, ვინც დახმარებას საჭიროებს, მაგრამ 15-მდე ადამიანი მოვიდა უკვე ჩვენთან და გვთხოვა დახმარება. მათი მონაცემები ჩავიწერეთ და როდესაც ტანსაცმლის დარიგებას დავიწყებთ, მათაც აუცილებლად დავუკავშირდებით“, – ამბობს ლელა ცინარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სანშაინის“ მოხალისე.

მსგავი ტიპის საქველმოქვედო აქციას ორგანიზაცია მეხუთედ მართავს.

საქველმოქმედო აქცია ევროპის მოედანზე
საქველმოქმედო აქცია ევროპის მოედანზე

ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია 2 მილიონზე მეტი დოლარითაა დაჯარიმებული

ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე  ხელშეკრულება ტენდერისა და კონკურსის გარეშე გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც ნასყიდობის სხვა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, ადრე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაჯარიმებული ჰყავს. საუბარია შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისზე“.

კომპანიას მაშინ ჯარიმა აპატიეს, თუმცა პირობები მაინც ვერ შეასრულა, რის გამოც გაუცოცხლდა ძველი და დაეკისრა ახალი საჯარიმო სანქციები.

ბულვარის კონცეფციასთან დაკავშირებით შექმნილი კომისის წევრის, მირანდა ჩარკვიანის განცხადებით, კომპანიის შერჩევაში კომისიაც მონაწილეობდა. თუ რა კრიტერიუმით შეირჩა „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისი“? – „ბათუმელების“ კითხვაზე ჩარკვიანმა ასეთი პასუხი გასცა – „მე სპეციალურად ჩავედი ჩაქვში და ვნახე მათი გაკეთებული პროექტი. მე ვნახე ლანდშაფტურ დიზაინს როგორ უყურებენ“. თუმცა, იქვე განაცხადა, რომ ის არ არის ლანდშაფტის სპეციალისტი.

მომდევნო კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა ამ კომპანიის საქმიანობით, რომ იყო დაჯარიმებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მირანდა ჩარკვიანმა გვიპასუხა, რომ ამითი არ დაინტერესებულა: „მე მაინტერესებს რა პროდუქტს ქმნის და ბულვარში რას შემოგვთავაზებს“.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ მართვის უფლებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზეა გადაცემული. ბულვარის კონცეფციასთან დაკავშირებით შექმნილი კომისის წევრები, მირანდა ჩარკვიანის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ, კომისიას კი უშუალოდ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარეობდა.

სახელმწიფო აუდიტის  [2014 წლის პერიოდის, N7/105] ანგარიშის მიხედვით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში: „ადგილი აქვს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არათავისდროული და არასათანადო კონტროლის დაწესების ფაქტებს. მაგალითად, შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისს“ ნასყიდობის ხელშეკულების პირობების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო სანქციები, 2013 წლის 17 ოქტომბრის შეთანხმების აქტის თანახმად ჩამოეწერა, ვალდებულების სრულად და დროულად შესრულების პირობით.

ვალდებულებები არ შესრულებულა, რის გამოც გაუცოცხლდა ჩამოწერილი და დაეკისრა ახალი საჯარიმო სანქციები, რამაც 2015 წლის 15 იანვრის მდგომარეობით 2 მილიონ 380 ათასი აშშ დოლარი და 832 ათას 800 ლარი შეადგინა. ზემოთ აღნიშნული თარიღიდან ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები აუდიტის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი“.

აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე, რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ზეპირი განმარტება ვერ მიიღო. სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ კითხვებზე პასუხებს წერილობით მოგვაწვდიან.

„ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემდეგი კითხვებით მიმართა:

  1. რა პირობების დარღვევისთვის და როდის დაეკისრა საჯარიმო სანქციები შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისს“ და რა ოდენობით?
  2. რა ღონისძიებები გაატარა სამინისტრომ აღნიშნული კომპანიის მიმართ დარიცხულ საჯარიმო სანქციებთან [რამაც 2015 წლის 15 იანვრის მდგომარეობით 2380,0 ათასი აშშ დოლარი და 832,8 ათასი ლარი შეადგინა] დაკავშირებით? გადაიხადა ჯარიმა კომპანიამ [თუ კი, რამდენი და როდის]? თუ კვლავ ჩამოეწერა [რამდენი, რის საფუძველზე და რა პირობით]?
  3. რატომ მოახდინა სსიპ „ბათუმის ბულვარმა“ ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის გზით და რატომ არ მოხერხდა ტენდერის ან კონკურსის გამოცხადება?
  4. რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისი“, რომელთანაც გაფორმდა კიდეც ზემოაღნიშნული მომსახურების [ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარება] გაწევაზე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება?

შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა, 24 დეკემბრიდან ცალკე იურიდიულ კომპანიად აღარ არსებობს. სამი კომპანიის შერწყმა/რეორგანიზაციის შემდეგ ახალი კომპანია – შპს „დრიმლენდ ოაზისი“ მუშაობს. სწორედ ამ სახელწოდების პროექტი ხორციელდება ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ ირგვლივ.

25 დეკემბერს, ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან.

გამაფრთხილებელი აქცია ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად. ბათუმი, 25 დეკემბერი, 2015 წ.
გამაფრთხილებელი აქცია ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად. ბათუმი, 25 დეკემბერი, 2015 წ.

ნინო ქათამაძის კონცერტი და ნაძვის ხის ანთება ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე საღამოს რვის ნახევარზე აანთეს, რის შემდეგაც ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „ინსაითის“ კონცერტი დაიწყო, რომელიც საათ ნახევარს გაგრძელდა.

ნაძვის ხის ანთება ბათუმში 2016 | 25 დეკემბერი, 2015

კონცერტი თბილისიდან მოწვეულმა ალტერნატიულმა ბენდმა “LOUDSPEAKER” გააგრძელა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
კონცერტის ორგანიზატორია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რომლის ორგანიზებითვე  ღონისძიებები ჩატარდება 26 და 27 დეკემბერსაც.
26 დეკემბერს, 20:00 საათზე, მსმენელის წინაშე 2014 წლის „X ფაქტორის“ გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი და ბენდი, ლაშა ღლონტისა და ვაჟა ტუღუშის ტრიო წარდგება. 27 დეკემბერს, კი ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული ჯგუფები „Gravity“, „The Mins“ და „Young georgian lolitaz“ მსმენელს ორ საათიან პროგრამას წარუდგენენ.
28 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ჩატარებული საახალწლო ღონისძიებებს კი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერიის „კულტურის ცენტრი“ უხელმძღვანელებს.
საახალწლო ღონისძიებების დეტალური განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მთავარ ვებ-გვერდზე gobatumi.com
შენიშვნა: ტურიზმის დეპარტამენტის პრესამსახურის ინფორმაციით, 26-27 დეკემბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო კონცერტები, წვიმის შემთხვევაში, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის ნაცვლად, ისევ ევროპის მოედანზე გაიმართება.
ნაძვის ხის ანთება ბათუმში 2016 | 25 დეკემბერი, 2015

აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად [ვიდეო]

დღეს, ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. აქციაზე იმყოფებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანიც, რომელიც აქციის მონაწილეების კითხვებსა და შენიშვნებს პასუხობდა.


ახალი კონცეფციის თანახმად, ბულვარში უქმდება ფეხით სავალი ერთი ზოლი, ამ ნაწილს გამწვანება და კაფე-ბარები ემატება, იცვლება სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაც. ფეხით სავალი ზოლის გაუქმების სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 

ადვოკატი ირაკლი შავაძე ბათუმში მოსამართლედ აირჩიეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში იუტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სამი მოსამართლე გაამწესეს: ხათუნა ბოლქვაძე, ირაკლი შავაძე და გიორგი გრატიაშვილი. არჩევნები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ხათუნა ბოლქვაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში წლებია მუშაობს, ირაკლი შავაძე კი ადვოკატია.

რაც შეეხება გიორგი გრატიაშვილს, იგი 2009-2011 წლებში აჭარაში ზედამხედველ პროკურორად მუშაობდა. მისი სახელი ბიზნესმენებისთვის ძვირადღირებული მანქანების ჩამორთმევის სკანდალს უკავშირდება. ეს მანქანები ახალმა ხელისუფლებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მფლობელებს უკან დაუბრუნა. ასევე, ბათუმში ის იყო 2008 წელს მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის საქმის ზედამხედველი პროკურორი. ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლეობის მსურველი 19 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კი – 20. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლეობის მსურველი 19 კანიდატი იყო დარეგიტრირებული.

ბათუმის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა წარუდგინა. ბიუჯეტი 141 462 900 ლარით განისაზღვრა. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებას მხარი ოპოზიციურმა ფრაქციებმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭირა.

სხდომაზე წარმოდგენილი პროექტით მომავალ წელს ბათუმის მერია  ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე 75 მილიონ 157 000  ლარის დახარჯვას გეგმავს.  პროგრამები  საგზაო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სერვისის , საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის  სერვისების განვითარებას; ქალაქის გაფორმებას და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია – დემონტაჟს; მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას გულისხმობს.
14 მილიონ 271 ათასი ლარი გაითვალისწინეს განათლების მიმართულებით. ამ პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება სკოლამდელი განათლების, ზოგადი განათლების, ასევე, პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამები.
კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის პროგრამების მხარდაჭერისთვის 2016 წლისთვის 16 მილიონ 198  000 ლარია გამოყოფილი.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისთვის გათვალიწინებულია 10 მილიონ 997 000 ლარი.
მომავალი წლის ბიუჯეტი 15 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ბიუჯეტის პროექტისთვის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წევრებს მხარი არ დაუჭერიათ. პროექტის განხილვას არ ესწრებოდნენ ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამ ფორმით მათ ფრაქციის თავმჯდომარისთვის გიორგი კირთაძისთვის თანამომხსენებლად გამოსვლაზე  საკრებულოს თავმჯდომარის უარი გააპროტესტეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა განმარტა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით თანამომხსენებლად  ოპოზიციური ფრაქციის წევრის გამოსვლას რეგლამენტი არ ითვალისწინებს. თუმცა მოგვიანებით მან ამაზე უარი არ უთხრა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეს კობა ჩხეიძეს.

ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე

ახლახან შექმნილი პარტიის – „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი, კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვიცკი განცხადებას ავრცელებს. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ეხება. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დემოკრატიას საქართველოში ბზარი გაუჩნდა და ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა საქართველო სახელისუფლებო კოლაფსამდე მიიყვანოს.

პირველად გავიგე ევროპული ქვეყნის შესახებ, სადაც საზოგადოება მთავრობის მეთაურისგან, თავისი გადადგომის მიზეზების შესახებ მკაფიო განმარტებას არ იღებს. რა უნდა მომხდარიყო: პრემიერი ავად გახდა, ჩაიდინა გაუგებარი საქციელი, არ ეთანხმება პარლამენტის უმრავლესობას, ვერ ატარებს საკუთარ პოლიტიკურ ხაზს, თუ არის რამე სხვა მიზეზები, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს? ნებისმიერ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ეყოს გამბედაობა, გამოავლინოს პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ და თქვას, თუ რა მოხდა სინამდვილეში… რა გახდა ასე

თი ნაჩქარევი გადადგომის მიზეზი?!

ამავე დროს, როგორც პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი, ვთვლი, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები  უნდა ჩატარდეს მკაცრად განსაზღვრულ კონსტიტუციურ ვადაში, რათა დარჩენილი 10 თვის განმავლობაში,  საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა გაარკვიონ, თუ ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს მომავალ მთავრობასა და პარლამენტში. არჩევნების დაჩქარებამ შესაძლოა საქართველოს მოსახლეობისთვის,  ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს“.

გამაფრთხილებელი აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად

25 დეკემბერს ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. ახალი კონცეფციის თანახმად, ბულვარში უქმდება ფეხით სავალი ერთი ზოლი, ამ ნაწილს გამწვანება და კაფე-ბარები ემატება, იცვლება სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაც. სწორედ ამ ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდნენ დღეს ძველ ბულვარში მოქალაქეები.

დღის პირველ საათზე ბულვარში, სასტუმრო „ინტურისტის“ წინ ხალხი აქციაზე ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად მოვიდა. არ ყოფილა ტრასპარანტები, ლოზუნგები და მიმართვები, თუმცა აქცია ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. აქ მოსულ მოქალაქეებს ერთი მთავარი კითხვა ჰქონდათ: რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ძველი, ისტორიული ბულვარის გადაკეთება, მაშინ როცა არის ახალი ბულვარი, სადაც ამ კონცეფციის განხორციელებას მოწინააღმდეგეები არ ჰყავს?!

აქცია ბათუმის ბულვარში
აქცია ბათუმის ბულვარში

ბათუმელი მარინა მეგრელიშვილი უკვე მეორედ გამოვიდა ბულვარის დასაცავად. პირველად იგი რამდენიმე წლის წინ, ბულვარის შესასვლელში ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მწვანე საფარზე აშენებას აპროტესტებდა, ამჟამინდელი მთავრობის ზოგიერთ წევრთან ერთად, რომლებიც ახლა ბულვარის გადაკეთების მომხრეები არიან. „მაშინ არ შეიძლებოდა და ახლა შეიძლება?!“ – ეს არის მთავარი კითხვა, რაც მარინა მეგრელიშვილს აწუხებს.

„მირანდა ჩარკვიანი [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი] მაშინ ჩვენს გვერდით იდგა. მე ვერ გავიგე რა ხდება. მინდა ვკითხო მირანდას, დავით ბაციკაძეს [აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი], კაკო ძნელაძეს [ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში], რა სჭირთ, რა დაემართათ?!

ძალიან მწყდება გული, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, წინა ხელისუფლების დროს წინააღმდეგები იყვნენ და ახლა რატომღაც თანახმა არიან ბულვარი შეიცვალოს. დაავიწყდათ ხალხის განწყობა ბულვარის მიმართ? ის, რომ ბათუმი და ბულვარი ერთი და იგივეა და ეს მარტო ტურისტებისთვის არ არის, ჩვენია, ბათუმელების.

ბათუმი ძველი, ისტორიული ბულვარის გარეშე წარმოუდგენელია. შეაკეთონ, რაც შესაკეთებელია და გადავიდნენ ახალ ბულვარში, სადაც უამრავი რამ არის გასაკეთებელი, ფართიცაა, ადგილიცაა და თანხაც ჰქონიათ ამისთვის – ათი მილიონი გამოუყვიათ, რაც ძალიან ამაყად გამოგვიცხადეს და იმ წუთშივე მივხვდი, რომ ცუდადაა საქმე. ვიცი, რომ უნდათ ცენტრალური გზის გაუქმება, რაც წარმოუდგენელია. როგორც წავიდა ის მთავრობა, ისე წავლენ ესენიც, რატომ უნდა დამიმახინჯონ ბულვარი?! ყოველ დილას და საღამოს აქ დავდივარ, ვვარჯიშობ, ზღვაზე გადავდივარ. ახალი კონცეფციით აქ სერიოზული ცვლილებები დაიწყება, რაზეც არ ვარ თანახმა და დარწმუნებული ვარ, ბათუმელების უმრავლესობა ამაზე არ იქნება თანახმა“ – ამბობს მარინა მეგრელიშვილი.

მსგავსი მოსაზრება აქვს ბათუმელ ნინა ოგანეზოვას. მისი აზრით, მთავრობამ უმჯობესია ბათუმის იტორიულ ტერიტორიას თავი დაანებოს და ახალი სივრცეების შექმნაზე იზრუნოს: „ბათუმის ბულვარი ჩვენი ისტორიაა, ჩვენი მოგონებები, ყველაფერი მშვენიერი, რაც უკავშირდება ქალაქ ბათუმს. ვთხოვთ, გააკეთონ ახალი ადგილები, ააშენონ გასართობი ცენტრები, კაფე-ბარები, მაგრამ ახალ ტერიტორიაზე და არა ძველ, ისტორიულ ბულვარში. მე არ ვარ სიაახლეების წინააღმდეგი, მაგრამ ძველის დანგრევა არ შეიძლება – ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. თუ აპირებენ ძველი ალეების მოშლას, ეს უკვე ძალიან ცუდია. ეს არის დასვენების ზონა ჩვენი ბავშვებისათვის, ჩვენი მომავალი თაობისათვის. მე აქ გავიზარდე, ჩემი შვილები აქ გაიზარდნენ, მინდა ჩემმა შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმაც ისეირნონ ძველ ბულვარში.“

მარინა მეგრელიშვილი და ნინა ოგანეზოვა
მარინა მეგრელიშვილი და ნინა ოგანეზოვა

ბათუმელი მხატვარი, თორნიკე აბესაძე ამბობს, რომ კონცეფციას გაეცნო, არ მოეწონა და ამიტომაც გადაწყვიტა აქციაზე მოსვლა: „ახალი ბულვარი, საერთოდ არ არის ათვისებული და რაღაც საოცრებებს გვთავაზობენ აქ, რაშიც უნდა დახარჯონ ფული. კი, მართალია, უნდა აიღონ ეს საშინელი კაფეები და რესტორნები, მაგრამ დანარჩენ არაფერს არ უნდა შეეხონ, ბულვარი უნდა იყოს სარეკრეაციო ადგილი, რომ დაისვენოს ადამიანმა, გამოვიდეს მინდორზე დაჯდეს, ისეირნოს.“

ძველი ბულვარის განვითარების კონცეფცია დაუსაბუთებლად მიაჩნია მალხაზ ნაკაშიძეს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორს: „კონცეფცია სხვაგვარად წარმომიდგენია, უნდა იყოს დოკუმენტი, დასაბუთება, მიზნები, შედეგები და ა.შ. რაც ვნახე, არ მგონია ეს იყოს კონცეფცია. ბულვარს სჭირდება მიხედვა, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი რადიკალური ჩარევა არ ვიცი რატომ არის აუცილებელი. შეიძლებოდა სხვაგან დაეხარჯათ ეს თანხა, ბულვარის სხვა ტერიტორიაზე, ქალაქის სხვა ადგილზე, სადაც არის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ეს კონცეფცია ნაჩქარევი მეჩვენება“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

25 დეკემბერს ძველი ბულვარის დასაცავად გამართულ აქციას ის თბილისელებიც შემოურთდნენ, რომლებიც ამჟამად ბათუმში იმყოფებიან. თამარ მირიანაშვილი ფოტოგრაფი და ბლოგერია. იგი ამბობს, რომ ნახა ვიდეორგოლი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის კონცეფციას ასახავს და ამიტომაც გადაწყვიტა აქციაზე მოსვლა: „მიმაჩნია, რომ ძალიან არასწორად დაიხარჯება თანხა, ძალიან არაპრაქტიკული იქნება საერთო ინფრასტრუქტურისთვის. ცოტა უფრო გამოცდილი ხალხის მოწვევა კარგი იქნებოდა, რომ ადგილობრივებისთვის და არა მხოლოდ ტურისტებზე მორგებული ინფრასტრუქტურა შეიმუშაონ საბოლოოდ. რაც ვნახე, ეს მკვეთრი ცვლილებების მომტანი იქნება, სჯობს განავითარონ ბულვარის ის ნაწილი, სადაც არაფერი არ ხდება, ვიდრე ძველ ბულვარში განახორციელონ ეს ცვლილებები“ – ამბობს თამარი.

„ქალაქი პირველ რიგში არის მოქალაქეების და არა ხელისუფლების“ – ამბობს ანა მარგველაშვილი, „ტფილისის ჰამქარის“ მოხალისე: „შემთხვევით ვარ ბათუმში, გავიგე, რომ იყო ეს აქცია. როგორც ჩანს ძალიან ბევრ შეკითხავს ბადებს პროცესი, რომელიც ძველ ბულვარს უკავშირდება, განსაკუთრებით სავალი ნაწილების გაუქმება. ვფიქრობ, ადგილობრივი ხელისუფლება გაცილებით მეტად უნდა მუშაობდეს მოსახლეობასთან მსგავსი კონცეფციების დამუშავების დროს“.

აქცია ბათუმის ბულვარში
აქცია ბათუმის ბულვარში

ბულვარში აქციის პარალელურად ბულვარის ახალი კონცეფცია მწვავე განხილვისა და დებატების მიზეზი გახდა ბათუმის საკრებულოშიც.

აჭარის მთავრობა რომ ძველი ბულვარის რეკონსტრუქციას აპირებს, ამის შესახებ ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. ძველი ბულვარის რეკონსტრუქციის აუცილებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში იმით ხსნიან, რომ ბულვარი განახლებას საჭიროებს.

ძველი ბულვარის რეკონსტრუქციის იდეას მალევე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობის, კულტურული მემკვიდრეობის დამცველებისა და ბულვარში მდებარე კაფე-ბარების მფლობელების ინტერესები ამ შემთხვევაში ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა. ძველი ბულვარი უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ იერსახე არ უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღარ იქნება – ასეთია მათი პოზიცია.

დებატები ბათუმის საკრებულოში ბულვარის კონცეფციაზე [ვიდეო]

25 დეკემბერს ბათუმის ძველი ბულვარის კონცეფცია მწვავე განხილვისა და დებატების მიზეზი გახდა ბათუმის საკრებულოში. ქალაქის საკრებულოში სხდომა ბათუმის ბულვარში, ძველი ბულვარის დასაცავად გამართული აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ქრისტეშობის დღე ბათუმში

ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს იესო ქრისტეს შობას ზეიმობს. საზეიმო ღვთისმსახურება ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს, ღამით დაიწყო. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კი ქრისტეშობას ძველი სტილით, 7 იანვარს აღნიშნავს.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის გაბრიელ ბრაგანტინის თქმით, წლევანდელი შობის ზეიმი განსაკუთრებულია:

„რომის პაპის მიერ ეს წელიწადი გამოცხადდა გულმოწყალების წლად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთონ გაჭირვებული ადამიანებისთვის, თუმცა პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ღმერთზე, რადგან მოწყალება თვითონ ღმერთია“-აღნიშნა პადრემ.

შობის ღამეს კათოლიკურ ეკლესაში ორი ბავშვი მოინათლა, წირვის შემდეგ კი გაიმართა საშობაო ტრაპეზი.

ევანგელური მიმდინარეობის ექვსმა ეკლესიამ, ბათუმში, ქრისტეშობის დღე ერთად აღნიშნა. საზეიმო მსახურება წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში საღამოს ათ საათზე დაიწყო. მსახურების შემდეგ გაიმართა საშობაო კონცერტი. მოზარდებმა წარმოადგინეს პერფორმანსი.

სადღესასწაულო წირვაზე არცერთ ეკლესიაში, ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

 

კომპანია, რომელიც ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა აღარ არსებობს

შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა, 24 დეკემბრიდან ცალკე იურიდიულ კომპანიად აღარ არსებობს. რეორგანიზაციის შედეგად მოხდა სამი კომპანიის, მათ შორის „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისის“ შერწყმა და ახალი კომპანია დარეგისტრირდა. „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“ და „ჰოტელ ოაზისი“ შეერწყა „კომპანია საქტურკურორტს“, რეორგანიზაციის შედეგად კი ფუნქციონირებას აგრძელებს ახალი კომპანია სახელწოდებით: შპს „დრიმლენდ ოაზისი“.

კომპანიების რეორგანიზაციის გადაწყვეტილება ავსტრიაში, ქალაქ ვენაში 2015 წლის 20 ოქტომბერს მიიღო შპს „კომპანია საქტურკურორტის“  წილის 91,7%-ის მფლობელი  ავსტრიული კომპანია „ალბერეტას“ დირექტორმა ფლორიად კოშათმა [ჰოლანდიის მოქალაქე]. თავის მხრივ „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“ და „ჰოტელ ოაზისი“ „კომპანია საქტურკურორტის“ შვილობილი კომპანიები იყო.

ვენაში ასევე გადაწყდა, რომ შპს „დრიმლენდ ოაზისი“ იყოს ყოფილი სამი საწარმოს სამართალმემკვიდრე, „ანუ ყველა საწარმოს აქციები და ობლიგაციები პირდაპირ გადატანილია ახალ კომპანიაში“.

რეესტრის მონაცემებით, შპს „დრიმლენდ ოაზისის“ 91,7%-ის მფლობელად რჩება ავსტრიული კომპანია „ალბერეტა“, ხოლო 8,3%-ს კვლავ ფლობს საქართველოს მოქალაქე ნათია ბუკია.

„დრიმლენდ ოაზისის“ დირექტორია ნიკოლოზ გეგუჩაძე, რომელიც „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისის“ დირექტორი იყო.

ნიკოლოზ გეგუჩაძემ ვენაში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ საჯარო რეესტრს განცხადებით 2015 წლის 14 დეკემბერს მიმართა. საჯარო რეესტრმა საქმის წარმოება შეაჩერა და „საქტურკურორტის“  წილის 8,3%-ის მფლობელის ნათია ბუკიას თანხმობა მოითხოვა.

ნათია ბუკიას თანხმობის განცხადება „საქართველოში რეგისტრირებული „კომპანიის“ შვილობილი კომპანიების დედა კომპანიასთან შერწყმაზე“ საჯარო რეესტრს 2015 წლის 23 დეკემბერს წარედგინა.

ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და   კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე ხელშეკრულება [თანხა 240 ათასი ლარი] გამარტივებული შესყიდვის წესით, ყოველგვარი ტენდერისა თუ კონკურსის გარეშე, შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისთან“ 2015 წლის 7 ოქტომბერს გააფორმა.

ინფრასტრუქტურული პროექტის „დრიმლენდ ოაზისის“ მმართველი კომპანია კი იყო შპს „საქტურკურორტი“, რომელიც 2015 წლის 24 დეკემბრიდან ფუნქციონირებას აგრძელებს ახალი იურიდიული სახელით  – შპს „დრიმლენდ ოაზისი“.

საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადის “ბათუმი” ზამთრის სერია – 2015 დასკვნითი მესამე ტური გაიმართა

25 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადის –  “ბათუმი” ზამთრის სერია-2015 – დასკვნითი მესამე ტური გაიმართა. ფინალურ ეტაპზე გადასული ექვსი გუნდიდან  სამი  კერძო  და სამი საჯარო სკოლა  იყო.

2

გაიმარჯვებული გახდა #7  საჯარო სკოლის გუნდი  “ფესტინა-ლენტე” (47,1 ქულა) , მეორე ადგილზე გავიდა სასულიერო გიმნაზიის  გუნდი “ჭოტი” (42,0 ქულა)  და მესამე ადგილზე შაჰინის მეგობრობის სკოლა ლიცეუმი, გუნდი “მუზა” (38,7 ქულა).

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა ხელოვნების უნივერსიტეტის, გამომცემლობა “წიგნები ბათუმშის”, აჭარის ა. რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების და აჭარის ა. რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის წარმომადგენლებმა.

ოლიმპიადის  შემდეგი, მესამე სეზონი გაიმართება 2016 წლის გაზაფხულზე.

3

დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოში

რა როლი და ფუნქცია აკისრია საკონსტიტუციო სასამართლოს, რა განასხვავებს მას საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოებისგან, რა ტიპის საქმეებს განიხილავს და რამდენი მოსამართლე, რა ვადითა და ფორმით აირჩევა – ამ თემებზე სტუდენტებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ესაუბრა. დისკუსიაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გარდა მოხსენება, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენელმა გააკეთა.

დისკუსიაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობასა და ბოლო დროს სასამართლოზე საჯარო პირთა მხრიდან გახშირებულ თავდასხმებზე ისაუბრა.

მალხაზ ჭკადუამ აღნიშნა, საკონსტიტუციოს სასამართლოს მისამართით გამოთქმული ბრალდებების ავტორებად საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტიკურ ჯგუფებს მოიაზრებს, რაც არაჯანსაღ დამოკიდებულებას ქმნის ერთ-ერთ უმთავრესი დემოკრატიული ინსტიტუციისადმი.

“ცხადია, საზოგადოებას აინტერესებს, როგორ შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილება მათ ყოველდღიურობას, ჩვენ, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გვაინტერესებს, რამდენად წაადგება და ხელს შეუწყობს ესა თუ ის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას და სხვა მნიშვნელოვანი პროცესის სწორი კალაპოტით წარმართვას ქვეყანაში. გაგახსენებთ, გადაწყვეტილებას, რომელიც ეხებოდა პირის წინასწარ პატიმრობაში ვადასთან დაკავშირებულ სარჩელს – ცხადია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, არა მხოლოდ კონკრეტულმა საჯარო ფიგურამ – გიგი უგულავამ ისარგებლა ამ უფლებით, არამედ ეს ნორმა შეეხო ყველა სხვა პირსაც, ვინც წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა”, – აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა საკუთრივ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სარჩელს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით. ჭკადუას თქმით, ორგანიზაციამ გამოიყენა კანონით მონიჭებული უფლება და საკონსტიტუციო სასამართლოში წარმატებასაც მიაღწია, როცა 2013 წლის ბოლოს უცხოელებზე მიწის გაყიდვის დროებით აკრძალვა სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო.

„ეს აკრძალვა აფერხებდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების შემოდინებას, ინტერესს უკარგავდა მსხვილ თუ საშუალო ბიზნესმენებს, საქართველოში საქმიანობა დაეწყოთ. ამიტომაც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა და შედეგსაც მივაღწიეთ. ახლა სხვა საკითხზეც გვაქვს შეტანილი სარჩელი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: გახსოვთ ალბათ კამპანია “ეს შენ გეხება”, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას ამხელს და ითხოვს კანონმდებლობისა და შესაბამისად, პრაქტიკის შეცვლას. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს არსებული მოდელი სახელმწიფოს ჩვენს პირად მონაცემებზე წვდომის შეუზღუდავ საშუალებას აძლევს, რაც ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ამჯერადაც გაიზიარებს ჩვენს მოსაზრებებს და ქვეყნის პარლამენტს კანონმდებლობის შესწორებას მოსთხოვს”, – აღნიშნა მან.

აღმოჩნდა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხშირად იყენებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ურთიერთობის სხვა ფორმასაც – ორგანიზაციის იურისტებმა არაერთხელ მოამზადეს ე.წ. „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება: კონკრეტული სარჩელის განხილვის დროს მზადდება უცხო ქვეყნის შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებების მიმოხილვა და ეგზავნება მოსამართლეებს, მათი გათვალისწინება კი უკვე თავად მსაჯულთა გადასაწყვეტია.

ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტის, ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტმა, ელზა ლემსაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ჰკითხა, რატომ არ ატარებდნენ საჯარო, ღია ლექციებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სტუდენტებისთვის, რადგან, სტუდენტის შეფასებით, ეს ბათუმელი სტუდენტებისთვის კარგი შესაძლებლობაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ლექციები სკოლის მოსწავლეებისთვის ხშირად ტარდება ბათუმში, რამდენიმე მოსამართლე კი, როგორც მიწვეული სპეციალისტი, უნივერსიტეტშიც ატარებს ლექციებს.

დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოში
დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოში

სტუდენტმა გიორგი ბოლქვაძემ მოსამართლეს ჰკითხა, მიზეზი მედიის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მომატებული ინტერესისა. მაგალითად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება, რამდენიმე ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში გადასცა. მოსამართლე პაპუაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ საქმე მედიის თავისუფლებას ეხებოდა და კოლეგები ამ საქმეს უფრო დეტალურად და ხშირად აშუქებდნენ.

დისკუსიის შედეგად გაირკვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, უფრო მეტ საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო ვიდრე წინა წლებში [2004-დან 20012 წლამდე პერიოდში].

დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოში
დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოში

ბათუმი – “მკვდარი ჩრდილების ქალაქი” [ფოტოპროექტი]

„მკვდარი ჩრდილების ქალაქი“ ფოტოგრაფ ლაშა ფალავანდიშვილის პროექტია. ლაშა ამბობს, რომ ამ პროექტით სურს აჩვენოს ქალაქის ურბანიზაციის ქაოტური პროცესი, უზარმაზარი და გაუგებარი ჩრდილები მთელს პერიმეტრზე, ადამიანთა კოლბებში გამომწყვდევა და მკვდარი ქალაქის რეალობა.

მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი - ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი
მკვდარი ჩრდილების ქალაქი – ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტი

16

კობა ჩხეიძე: „საქმე გვაქვს ბიუჯეტის არასწორ დაგეგვასთან“

ხვალ, 25 დეკემბერს ბათუმის საკრებულო 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 141 მილიონი ლარი იქნება. საკრებულოს ოპოზიციას კი თითქმის იდენტური პრეტენზიები აქვს, რაც გასული წლის ბოლოს ჰქონდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“  საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ესაუბრა.

მერიამ განსახილველად შემოიტანა 137-მილიონიანი ბიუჯეტი, რომელზეც მოვამზადეთ რეკომენდაციები. ამის შემდეგ მერიამ უკან დააბრუნა და სამი მილიონით გაზარდა ბიუჯეტი. ჯანდაცვის კომისია იყო პირველი, რომელიც შეიკრიბა ბიუჯეტთან დაკავშირებით და თავისუფალმა დემოკრატებმა დავსვით კითხვა, რომელ ბიუჯეტს გავიხილავთ? – იმ 137-მილიონიან ბიუჯეტს, რომელზეც ვიმსჯელეთ და შენიშვნები დავწერეთ თუ სამი მილიონით გაზრდილ ბიჯეტს. ამ სამ მილიონზე არ უმსჯელია საკრებულოს არც ერთ წევრს.  ეს სამი მილიონი მერიის მიერ იყო შეგნებულად გადადებული იმისთვის, რომ შენიშვნებზე დაფინანსებების გაზრდით ეპასუხათ. აი მე ვცდილობ მეტი გავაკეთოო, მაგრამ პრაქტიკულად ეს არის ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვა.

და რა პასუხი აქვს მერიას, საიდან გაჩნდა ახლა ეს სამი მილიონი?

ამაზე  უნდა გვიპასუხონ კომისიის სხდომაზე. მთავარი აქ არის ის, რომ მერიამ აიღო და მის მიერ ინიცირებულ ბიუჯეტში ისე გაზარდა თანხა, რომ საკრებულოსთან არც შეუთანხმებია. დამატებულ სამ მილიონ ლარზე მსჯელობა საკრებულოს წევრებმა ვეღარ შეძლეს.

გასული წლის ბოლოსაც იგივე პრობლემა იყო – გაზრდილი ბიუჯეტში შენიშვნების შეტანა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო საკრებულომ. ექსპერტებმა ეს საკანონმდებლო კაზუსით ახსნეს.  მაშინ თქვენ თქვით, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატები“ იმუშავებდნენ…

დიახ, მაგრამ შემდეგ ნოტარიუსის ფუნქციაც კი ჩამოართვეს საკრებულოს. პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რითაც უარესობისკენ წავიდა საქმე. ჩვენი პარტია უმცირესობაშია და ვერ მოახდინა ვერანაირი ზემოქმედება გადაწყვეტილების მიღებაზე.  ამ ცვლილებებით – ქონების განკარგვის, ტარიფების დადგენის, აიპ-ებში სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტის უფლება მერს ერთპიროვნულად მიენიჭა. საკრებულოსთან შეთანხმებაც კი აღარ არის საჭირო.

ამის უფლება მერიას აქვს, როგორც ვიცით…

უფლებები, რა თქმა უნდა, მერიასაც გააჩნია, მაგრამ მან  შემოიტანა ბიუჯეტი და თქვა – მე მაქვს ეს ხედვა მომავალი წლის გეგმებთან დაკავშირებითო. ჩვენ მივწერეთ შენიშვნები. შენიშვნებზე მოგვწერა პასუხი და ეს პასუხი ძირითადად იყო – არა. მეორე საკითხია ის, რომ თანხა დაამატა და საკრებულოს წევრებს წაართვა ამ თანხაზე მსჯელობის უფლება. მერიამ თავადაც შეიტანა ბიუჯეტში კორექტივები, მაგალითად, სანიაღვრე არხებისთვის გამოყოფილი მილიონ 800 000 გადაიტანა სხვა პროგრამაში.  უმრაველესობას ასეთი პოზიცია აქვს – ამატებენ, ხომ არ აკლებენ მხარი დავუჭიროთო. ეს არ არის სწორი და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა.

 

2016 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა

24 დეკემბერს აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს 2016 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს. ახალი ბიუჯეტი არ დამტკიცდა, რადგან ექვსმა დეპუტატმა ხმა არ მისცა, სამმა თავი შეიკავა, ერთი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, სულხან ღლონტი კი სხდომას არ ესწრებოდა.

ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა. ასევე, ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი უმაღლეს საბჭოში თემურ კახიძე, „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ 2016 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტი არარეალურია:

„ჩვენ ვერ ვხედავთ სწორად გაწერილ პრიორიტეტებს, გრძელ და მოკლევადიან გეგმებს, რისგანაც უნდა შედგებოდეს რეალურად ბიუჯეტი. ეს ბიუჯეტი მოკლებულია რეალობას და ხელოვნურად არის გაზრდილი, რადგან საარჩევნო წელია.“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე აცხადებს, რომ დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტი პირადი ინტერესების გამო ჩააგდეს:

„ისინი ცდილობენ რეგიონში პოლიტიკური კრიზისი შექმნან და ეს გააკეთეს პირადი ინტერესებით. მე არ ვარ პირდაპირი ეთერის მოყვარული, მაგრამ დღეს ვგრძნობ პასუხისმგებლობას მოსახლეობასთან და მინდა საზოგადოებას ავუხსნა ის მიმართულებები, რაც გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბიუჯეტში და რა სარგებელი უნდა მოეტანა ამას ხალხისთვის“-განაცხადა დავით ბალაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, „როცა 50 მილიონით გაზრდილ ბიუჯეტს დეპუატია მხარს არ უჭერს, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში კრიზისის შექმნა უნდა“.

 

დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა (ე-პდს)

რა არის პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება?

დიპლომირებული მედიკოსის  საგანმანათლებლო პროგრამის (ე-პდს) შემთხვევაში „პრობლემა“ გულისხმობს პაციენტის შემთხვევის სპეციალური წესით სტრუქტურირებულ სცენარს:

  1. სამედიცინო – საბაზისო და კლინიკური მეცნიერებების პაციენტის შემთხვევასთან დაკავშირებულ საკითხებს სტუდენტი სწავლობს წინასწარ შედგენილი პრობლემების განხილვის და მათი გადაჭრის გზით;
  2. ე-პდს (ელექტრონული პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება) ნიშნავს, რომ მისთვის გამოყენებულია ელექტრონული ფორმატი (ინფორმაციასთან ონლაინ წვდომის საშუალება).

რას ნიშნავს ვირტუალური პაციენტი?
ვირტუალური პაციენტი – პაციენტის შემთხვევის ინტერაქტიული კომპიუტერული სიმულაციაა, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება სამედიცინო განათლების სფეროში.  პროგრამის ფარგლებში ვირტუალური პაციენტის გამოყენება გულისხმობს სტუდენტის მიერ პაციენტის „მართვის“ (დიაგნოზის დასმა, გამოკვლევების შერჩევა, დანიშნულების მიცემა და ა.შ.) სხვადასხვა ეტაპზე დამოუკიდებელი კლინიკური გადაწყვეტილების მიღებას.

  • სტუდენტს აქვს საშუალება „შეამოწმოს“ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება: ნახოს რამდენად სწორი იყო მისი არჩევანი, ნახოს რა მოჰყვა მის სწორ ან არასწორ (რაც სწავლისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია) გადაწყვეტილებას;
  • სტუდენტს (და არც არავის, მათ შორის ექიმსაც) რეალურ გარემოში ამის შემოწმების (მათ შორის სასწავლო მიზნებითაც) საშუალება არ აქვს პაციენტისთვის ზიანის მოტანის გარეშე.

პროგრამაში ჩართული სტუდენტების ჯგუფის მიერ პაციენტის შემთხვევის სცენარის განვითარების პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე, კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიხედვით უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას.

რატომ უნდა ავირჩიო დიპლომირებული მედიკოსის  საგანმანათლებლო პროგრამა (ე-პდს)?

ტვილდიანის უნივერსიტეტი

სწორედ ამიტომ (და მრავალი სხვა მიზეზის გამოც) თანამედროვე სამედიცინო განათლება ვირტუალური პაციენტის და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ფორმატს ყველაზე მიზანშეწონილად მიიჩნევს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის კურსდამთავრებულითვის ისეთი ცოდნის და უნარების გამომუშავებაში, როგორიცაა:

სწავლება და სწავლა *მათ შორის სამედიცინო-საბაზისო უმრავლესი მეცნიერებების) კონტექსტში:

  • უაღრესად სასარგებლო საკითხის სიღრმისეული აღქმის, ანალიზის და გრძელვადიან მეხსიერებაში „შენახვისთვის“;
  • ექიმი-პაციენტი კომუნიკაციის უნარების  „სწორად“განვითარებისთვის;
  • მომავალი ექიმისთვის უმნიშვნელოვანესი უნარის – „გადაწყვეტილების მიღება“ სათანადოდ ტრენინგისთვის და ა.შ.

პროგრამის შექმნის ისტორია

საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მრავალი წლის წინ შეიქმნა და იგი პოსტსაბჭოთა სივრცეში ინოვაციური, ადამიანის ორგანოთა სისტემებზე ორიენტირებით ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელმაც თავისი კურსდამთავრებულებთა მიღწევებით დაასაბუთა პროგრამის თანადროულობა და ხარისხი. ის ამჟამადაც წარმატებით ფუნქციონირებს და სწორედ მასზე დაფუძნებით და ევროგაერთიანების ტემპუსის პროექტის „„Establishment of the Supra-Regional Network of the National Centres in Medical Education, focused on PBL and Virtual Patients“ ფარგლებში შემუშავდა ახალი პროგრამა – დიპლომირებული მედიკოსის  საგანმანათლებლო პროგრამა (ე-პდს).  იგი  ეფუძნება სამედიცინო განათლებაში არსებულ თანამედროვე საერთაშორისო მიდგომებს და იყენებს პრობლემებზე-დაფუძნებული სწავლებისა და ვირტუალური პაციენტის შემთხვევების სასწავლო პროცესში გამოყენების ბრიტანულ გამოცდილებას და სტანდარტებს.

მოკლედ დიპლომირებული მედიკოსის  საგანმანათლებლო პროგრამის (ე-პდს) შესახებ

პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება ტვილდიანის უნივერსიტეტში

დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა 6 წლიანია და მოიცავს 376 კრედიტს. სასწავლო წელი მოიცავს 40 სამუშაო კვირას (240 სამუშაო დღეს) და შედგება ორი სემესტრისგან – შემოდგომის სემესტრი (20 კვირა) და გაზაფხულის სემესტრი (20 კვირა).

სწავლების მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრებში ჩართულია PBL სესიები ვირტუალური პაციენტის გამოყენებით. თითოეული ვირტუალური პაციენტის შემთხვევის განხილვა ხდება კვირაში 2-ჯერ და თითოეულ შეხვედრას ეთმობა 2 საათი.

რას ამბობენ პროგრამაში ჩართული სტუდენტები პრობლემებზე-დაფუძნებული სწავლების ფორმატზე?

 

  • „. . . PBL is excited process”, Victor
  • “. . . PBL for ALL students”,  Isaac
  • “. . . informative, brilliant” , Steffy

 

რეზინის ბოტები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვებისთვის – მიმართვა მოქალაქეებს

ალბათ ყველას გსმენიათ, რომ ხელვაჩაურში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ბავშვები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. მათი მშობლები ვერ ახერხებენ ბავშვების უზრუნველყოფას სრულფასოვანი კვებითა თუ ტანსაცმლით.

ჩვენ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეები, ვეცდებით, ამ ბავშვებს ერთი დღით მაინც გავუმრავალფეროვნოთ ცხოვრება. დაგეგმილი გვაქვს მათი წაყვანა ბავშვთა გასართობ ცენტრში, ამას ჩვენი ორგანიზაციის სახსრებით შევძლებთ.

გარდა ამისა, ძალიან გვინდა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ბავშვებს გადავცეთ მცირე საჩუქარი – რეზინის ბოტები, იმიტომ რომ აქ ყოველ გაწვიმებაზე უზარმაზარი გუბეები დგება და ბავშვებს ძირითადად ოთახის ფლოსტებით უხდებათ ამ გუბეების გადალახვა.

მოგმართავთ თხოვნით, მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, ორგანიზაციებს, საქმიან ჯგუფებს! გთხოვთ, დაგვიჭიროთ მხარი, რომ ამ ბავშვებისთვის რეზინის ბოტების შეძენა შევძლოთ.

აქციის ორგანიზატორია ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი, რომელშიც გაწევრიანებული არიან 25-წლამდე ახალგაზრდები. აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ახალგაზრდულ კომპონენტს.

მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 591 95 03 95

ოცნების ქალაქი
ოცნების ქალაქი
ოცნების ქალაქი
ოცნების ქალაქი

ხვალ, 25 დეკემბერს, ძველი ბულვარის დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართება

„არა ძველი ბულვარის დამახინჯებას“ – ამ სლოგანით აქცია ბათუმში ხვალ, 25 დეკემბერს, 13 საათზე, სასტუმრო „ინტურისტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. აქციის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

„აქციის მიზანია ხელი შეუშალოთ ძველი ბულვარის დამახინჯებას და უგემოვნო რეკონსტრუქციას“ – აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

აჭარის მთავრობა რომ ძველი ბულვარის რეკონსტრუქციას აპირებს, ამის შესახებ ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. ძველი ბულვარის რეკონსტრუქციის აუცილებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში იმით ხსნიან, რომ ბულვარი განახლებას საჭიროებს და ახალი კონცეფციით ძველ ბულვარს მეტი გამწვანება დაემატება, ძველი კაფე-ბარები აღებული იქნება და მათ ახალი კაფეები ჩაანაცვლებს, რომლებიც ბულვარში, სავალი ბილიკის გაუქმებით გამოთავისუფლებულ, გამწვანებულ ადგილებში განთავსდება.

ძველი ბულვარის რეკოსტრუქციის იდეას მალევე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობის, კულტურული მემკვიდრეობის დამცველებისა და ბულვარში მდებარე კაფე-ბარების მფლობელების ინტერესები ამ შემთხვევაში ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა. ძველმა ბულვარი უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ იერსახე არ უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღარ იქნება – ასეთია მათი პოზიცია.

ქობულეთში 20-ზე მეტი მუხის ნერგი გადატეხეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე დარგული 20-ზე მეტი იაპონური მუხის ნერგები შუაზე გადატეხეს. როგორც გამგებელი ამბობს, ნერგები ტენდერით იყო შეძენილი და დაახლოებით ათი ათასი ლარი დაჯდა. გამგებელი ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა  ეჭვმიტანილების ვინაობა არ არის ცნობილი.

„ნეტა დამაჭერინა ვინც ეგ გააკეთა. „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზეა ერთი ვიდეოთვალი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ მოხდა დამნაშავეების დადგენა. კიდევ ერთი ვიდეოთვალის  ჩანაწერები უნდა შემოწმდეს და იმედია, იპოვის პოლიცია დამნაშავეებს“ – აცხადებს სულხან ევგენიძე.

გამგებლის თქმით, ჯერ უცნობია, მოხერხდება თუ არა ნერგების გადარჩენა.

„გამწვანების სამსახური დაათვალიერებს ნერგებს და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს“ – ამბობს გამგებელი.

შუაზე გადატეხილი მუხის ნერგი რუსთაველის ქუჩაზე. ფოტო: qobuleti.com
შუაზე გადატეხილი მუხის ნერგი რუსთაველის ქუჩაზე. ფოტო: qobuleti.com

25 დეკემბერს ბათუმში ნინო ქათამაძე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან იმღერებს

ხვალ, 25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე, საღამოს 7 საათზე, საახალწლო შოუ ევროპის მოედანზე ნინო ქათამაძისა და ჯგუფ ინსაითის კონცერტით გაიხსნება. კონცერტის დაწყებამდე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

ნინო ქათამაში კონცერტის შემდეგ, 20:30 წუთზე, ქართველი მსმენელის წინაშე დედაქალაქიდან მოწვეული ქართული ალტერნატიული ბენდი „LOUDSPEAKER“ წარდგება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, კონცერტის დაწყებამდე, 18:30 წუთზე ევროპის მოედანზე მისული სტუმრები ნახევარი საათის განმავლობაში „ზღაპრულ სამყაროში“ იმოგზაურებენ. მათთვის ადგილობრივი თეატრალური დასების მონაწილეობით გაიმართება თეატრალიზირებული მსვლელობა და საბავშვო-გასართობი კონცერტი.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციიღ, 26-27 დეკემბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო კონცერტები წვიმის შემთხვევაში ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გადაინაცვლებს. 26 დეკემბერს, 20:00 საათზე, ხელოვნების ცენტრში მსმენელის წინაშე 2014 წლის X ფაქტორის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი და ბენდი, ასევე ლაშა ღლონტისა და ვაჟა ტუღუშის ტრიო წარდგება. 27 დეკემბერს კი ხელოვნების ცენტრში ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული ჯგუფები “Gravity”, The Mins და / “Young georgian lolitaz” მსმენელს ორ საათიან პროგრამას წარუდგენენ.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედანზე
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედანზე

საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედნის, გარდა ბათუმის 13 ადმინისტრაციულ უბანშია დაგეგმილი.

31 დეკემბერს, 22:00 საათზე ევროპის მოედანზე უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით გრანდიოზული გალა-კონერტი დაიწყება, რომელშიც ქართულ ორკესტრთან ერთად ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს გიორა ფაიდმენი (კლარნეტისტი, ოსკაროსანი ფილმის “შინდრელის სია” საუნდტრეკის ავტორი და შემსრულებელი). ფაიდმენის გარდა გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბობ მარლის ცნობილი ჰიტების ავტორი, ორი გრემის მფლობელი ჯგუფი „Inner Circle“.

1 იანვარს, კი ევროპის მოედანზე შეკრებილი მსმენელის წინაშე LOU BEGA წარდგება, რომელიც ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად გრანდიოზულ კონცერტს წარმოადგენს.

უფასო კონცერტები როგორც ევროპის მოედანზე, ასევე ბათუმის 13 ადმინისტრაციულ უბანში 15 დღის განმვლობაში ჩატარდება. 25,26,27 დეკემბრის კონცერტები ევროპის მოედანზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერაა ორგანიზებული, 28 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ჩატარებული საახალწლო ღონისძიებები კი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის ა(ა)იპ „კულტურის ცენტრი“-ს მიერ.

საუკეთესო სასტუმრო და რესტორანი აჭარაში – ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულები

22 დეკემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ტურიზმის რეგიონალური ფორუმი „მაგნოლია 2015“ გაიმართა, სადაც ტურიზმის სექტორის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდნენ. ფორუმი წელს პირველად ჩატარდა.

ფორუმზე პროექტ „იდუმალი სტუმრის“ შედეგებიც იყო წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში 2015 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 150 ობიექტში, მათ შორის განთავსებისა და კვების ობიექტში, ასევე ტურისტულ სააგენტოებში ფარული ვიზიტი განახორციელა სერვისების ხარისხის კვლევის მიზნით.

საუკეთესო სასტუმროებად „იდუმალი სტუმრის“ მიხედვით სამი გამარჯვებული დასახელდა: აპარტ-ოტელი „ლე პორტი“, სასტუმრო „ოაზისი“ და „ინტურისტ პალასი“.

ფორუმი "მაგნოლია 2015“
ფორუმი “მაგნოლია 2015“

საუკეთესო რესტორნად, პროექტ „იდუმალი სტუმრის“ მიხედვით, გამოვლინდა ორი გამარჯვებული: „თამარის სამეფო“ (ხელვაჩაური- ერგე) და „ვოქსი“.

საუკეთესო ტურისტული სააგენტოდ „იდუმალი სტუმრის“ მიხედვით სამი სააგენტო დასახელდა: „ბაიარტური“, „არგოტური“ და „გურტრეველი“.

ფურუმზე დაასახელეს სხვა გამარჯვებულებიც, რომლებიც, ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული სააგენტოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე, Booking.com-სა და tripadviser-ზე გამოქვეყნებული შეფასებების საშუალებით გამოვლინდა.

ფორუმზე საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ „დივან სუითი“ დასახელდა, ყველაზე მეგობრული სასტუმროს ნომინაციაში კი სასტუმრო „ევრაზია“ და ქობულეთში მდებარე სასტურმო – „ჩვენი ეზო“ დაჯილდოვდნენ.

ნომინაციაში – საუკეთესო დებიუტი 2015 წელს – სასტუმრო „ჰილტონი“ დასახელდა.

ნომინაციაში – ადგილი, რომელსაც ყველაზე მეტად სტუმრობენ, გამარჯვებულებად ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფნარიუმი დასახელდნენ.

საუკეთესო გიდას ნომინაციაში ზურაბ ჭკუასელი დააჯილდოვეს.

ნომნაციაში – ინოვაციური სერვისი – „ველოექსტრიმმა“ გაიმარჯვა.

ფორუმზე შეაფასეს სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების ვებგვერდებიც. სასტუმროს საუკეთესო ვებგვერდის ნომინაციაში გამარჯვება სასტუმრო „ლე პორტის“ ერგო, საუკეთესო ტურისტული სააგენტოს ვებგვერდად კი „აჭარა ტური“ მიიჩნიეს.

ნომინაციაში – ყველაზე მეგობრული ტურისტული სააგენტო – გამარჯვებულად „არგოტური“ დასახელდა,
საუკეთესო ვებგვერდის მფლობელად – რესტორანი „ბათუმარანი“, ყველაზე მეგობრული რესტორანად კი „ბალაგანი“ დასახელდა.

სააგენტოების გამოკითხვის შედეგად ყველაზე პოპულარული, სოფლად მდებარე საოჯახო მარანიც გამოავლინდა. ამ ნომინაციაში „შერვაშიძის მარანმა“ გაიმარჯვა, სოფლად მდებარე საუკეთესო საოჯახო სასტუმრო სახლის ნომინაციაში გამარჯვებულად კი “ზებო”დასახელდა, რომლის მეპატრონე ზებურ ბოლქვაძეა.

სააგენტოების გამოკითხვის შედეგად დაასახელეს ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მარშრუტი აჭარაში – მახუნცეთი – ბათუმი – მახუნცეთი.

ღონისძიებაზე სულ 17 ნომინაცია იყო წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმის დეტარტამენტმა, ასევე, მადლობის სიგელები გადასცა იმ კომპანიებს, დაწესებულებებსა და კერძო პირებს, რომლებიც აჭარაში ტურიზმის განვითარებას უწყობენ ხელს.

ტურისტული ფორუმი ბათუმში
ტურისტული ფორუმი ბათუმში

ტურიზმის რეგიონალურ ფორუმს „მაგნოლია 2015“ ტურიზმში დასაქმებული კერძო კომპანიების, დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის 200 -მდე წარმომადგენელი დაესწრო.

გადადგება თუ არა არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე დღეს, 24 დეკემბერს სამსახურში არ იმყოფება. ქვეყნის პრემიერის გადადგომის შემდეგ ხომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას არჩილ ხაბაძეც?

საქართველოს და აჭარის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ავტომატურად გადადგომას, იმ შემთხვევაში თუ თანამდებობას ქყვეყნის პრემიერი. თუმცა, იმის გათავალისწინებით, რომ არჩილ ხაბაძე ითვლებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვლის გუნდის წევრად, არ არის გამორიცხული ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ მისი გადადგომის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.

აჭარის მთავრობის პრესამსახურში ადასტურებენ „ბათუმელების“ ინფორმაციას, რომ არჩილ ხაბაძე დღეს სამსახურში არ იმყოფება. პრესსამსახურის ცნობით, ის „წასულია გიორგი კვირიკაშვილის ოჯახის წევრის სამძიმარში“.

არაოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სწორედ გიორგი კვირიკაშვილი ჩაენაცვლება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, 23 დეკემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა თანამდებობიდან.

27 დეკემბერს ყინულის მოედანზე საახალწლო კონცერტი გაიმართება

27 დეკემბერს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ყინულის მოედანზე საახალწლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის მოსწავლეები, ასევე ფიგურული ციგურაობის სინქრონული დასი.
ისინი წარმოადგენენ ზღაპარს, რომელიც შეეხება ფერიებს, ყინულის დედოფალსა და ბოროტი ძალებისგან ფერიების დასახმარებლად ლაპლანდიიდან მოსულ სანტაკლაუსს.
კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება.
დასწრება თავისუფალია.

 

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის ძველი ბულვარის გარშემო [ვიდეო]

23 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ძველი ბულვარის განვითარების კონცეფციის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე შედგა. დარბაზი ხალხით იყო სავსე, პრეზენტაციას მთავრობის წევრები, ბულვარში მდებარე კაფეების მეპატრონეები, არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.

რატომ გახდა აუცილებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ძველი ბულვარის რეკონსტრუქცია, მაშინ როცა ქალაქში არა ერთი ქუჩა თუ სკვერი ცუდ მდგომარეობაშია? ხომ არ დარჩებიან ბულვარს მიღმა ის მეწარმეები, რომელთაც კაფე-ბარები აქვთ ბულვარში? უნდა ვენდოთ თუ რა მთავრობას, როდესაც ის წარადგენს კონცეფციას, რომლის თანახმადაც ბულვარს ხეები ემატება და ახალი შენობები ჯერ-ჯერობით არ სჩანს? – ეს იყო ძირითადი კითხვები, რომელიც პრეზენტაციაზე ისმოდა ხან შეკითხვის, ხან კი შენიშვნის სახით.

კონცეფციის განხილვა
კონცეფციის განხილვა

პრეზენტაციის დასაწყისშივე კოკა გეგუჩაძეს, შპს „ოაზისის“ ხელმძღვანელს, რომლის კომპანიაც კონცეფციის ავტორია, პრეზენტაცია მრავალჯერ შეაწყვეტინეს რეპლიკებითა და მწვავე კრიტიკით, რომლის ადრესატიც ხშირ შემთხვევაში აჭარის მთავრობა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტრო იყო.

„რაღა ბულვარს მიადექით, ჭაობს მიხედეთ, მოწესრიგება არ სჭირდება?!“; „აქ არის მთავრობის ფინანსური ინტერესები“; „არ მოგვწონს ეს კონცეფცია“ – მსგავსი რეპლიკები ხშირად ისმოდა დარბაზში და ჩოჩქოლში იზრდებოდა, რის გამოც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსს, მირანდა ჩარკვიანს, რომელიც პრეზენტაციას უძღვებოდა, ბევრჯერ მოუხდა თავისი ადგილის დატოვება და რეპლიკის ავტორების დაშოშმინება, რომ კოკა გეგუჩაძისთვის პრეზენტაციის ჩატარების საშუალება მიეცა.

ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჯემალ ქიქავასა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, დავით ბაციკაძეს შორის, რის გამოც პრეზენტაცია მცირე დროით შეწყდა.

შეხვედრაზე გაისმა საყვედური აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, კაკო ძნელაძის მისამართითაც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ძველი ბულვარის შესასვლელში ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აგების წინააღმდეგი იყო და ყოფილ მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა კულტურული მემკვდრეობის ხელყოფის გამო.

„თქვენ ყველანი ამაში ჩაერთვებით… ერთი ხე არ უნდა მოიჭრას და ერთი შენობა არ უნდა დაინგრეს, მხოლოდ ამაზეა საუბარი, მოდით, მოვუსმინოთ. აგერ ხართ თქვენ და აგერ ვარ მე, ერთი დეპუტატი. ჩვენ გვინდა, რომ ბულვარში იყოს უფრო მეტი ხე, უფრო მეტი სიმწვანე და არ უნდა იყოს ამდენი „ხოფის ბაზარი“ – განაცხადა კაკო ძნელაძემ.

ხმაურიანი იყო იმ მეწარმეების შენიშვნებიც, რომლებიც სხვადასხვა ობიექტებს ფლობენ ბულვარის ტერიტორიაზე. მირანდა ჩარკვიანმა მათ არაერთხელ მოუწოდა, მოესმინათ პრეზენტაციისთვის და შემდეგ დაესვათ შეკითხვები, თუმცა დისკუსია გამწვავდა და საბოლოოდ ბიზნესმენებმა პრეზენტაცია პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მსმენელების უმრავლესობა ძველ ბულვარში წარმოდგენილი კონფეცფიის განხორციელების წინააღმდეგი იყო.

„ეს არის მშვენიერი კონცეფცია, თუ განხორციელდება სხვა ადგილას, ახალ ბულვარში ან გონიოში და არა ძველ ბულვარში. ამ კონცეფციის განხორციელების შემთხვევაში შუა ბულვარში გაჩენილი კაფეები ძველ ბულვარს დაუკარგავს სიმყუდროვეს, ეს აღარ იქნება ადგილი, სადაც შეიძლება სკამზე ჩამოჯდე, დაისვენო. ამ კაფეებიდან გამოსული მუსიკის ხმაურს როგორ დაარეგულირებთ? კაფედან გამოსულ ადამიანს გაუჩნდება ამ ადგილიდან წასვლის და არა სეირნობის, დასვენების სურვილი“ – აღნიშნა ბლოგერმა და ჟურნალისტმა დათო ტრაპაიძემ.

პრეზენტაციაზე დაისვა შეკითხვა „ფეისბუქზე“ არაოფიციალურად გავრცელებული ვიდეოკონცეცფიის შესახებაც, სადაც ჩანს რომ ძველ ბულვარს ემატება შენობები. „ადასტურებთ თუ უარყოფთ რომ ეს კონცეფციაც თქვენი მომზადებულია?“- ჰკითხა ლევან ხუჯაძემ კოკა გეგუჩაძეს, რაზეც მან ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გასცა: „კონცეფცია შეიძლება არსებობდეს მილიონი“ – განაცხადა კოკა გეგუჩაძემ.

აჭარის მთავრობა რომ ძველი ბულვარის რეკონსტრუქციას აპირებს, ამის შესახებ ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. ამის აუცილებლობას მთავრობა, კერძოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იმით ხსნიან, რომ ბულვარი განახლებას საჭიროებს და ახალი კონცეფციით ძველ ბულვარს მეტი გამწვანება დაემატება, ძველი კაფე-ბარები აღებული იქნება და მათ ახალი კაფეები ჩაანაცვლებს, რომლებიც ბულვარში, სავალი ბილიკის გაუქმებით გამოთავისუფლებულ, გამწვანებულ ადგილებში განთავსდება.

ძველი ბულვარის რეკოსტრუქციის იდეას ჯერ-ჯერობით მხოლოდ მთავრობის წევრები უჭერენ მხარს. არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობის, კულტურული მემკვიდრეობის დამცველებისა და ბულვარში მდებარე კაფე-ბარების მფლობელების, მცირე მეწარმეების ინტერესები ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა. ძველი ბულვარი უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ იერ-სახე არ უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღარ იქნება – ასეთია მათი პოზიცია.

მურმან დუმბაძე: ჩათვალეთ რომ პრემიერი გადამდგარია

დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ.

საგანგებო ბრიფინგი დღეს 18:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია რომ ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება.

რამდენად რეალურია და რას უკავშირდება პრემიერის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია? „ბათუმელებთან“ ამ საკითხზე კომენტარს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აკეთებს.

„შესაძლო არა, ჩათვალეთ რომ პრემიერი გადამდგარია. მე დარწმუნებული ვარ, რომ რვა საათზე ის გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას. მიზეზი უნდა ჰკითხოთ ყოფილ პრემიერს, რადგან მიმაჩნია რომ საქართველოში დღეს ხელისუფლებას მართავს ბიძინა ივანიშვილი.

როცა ბევრი ნაკლი გაქვს და საკუთარი შრომა არ არის ჩადებული ხელისუფლებაში, ასეთი მოულოდნელობები მაშინ არის დამახასიათებელი“.

დისკუსია საბავშვო ბაღების რეფორმაზე, ბაღების თანამშრომლების გარეშე

რატომ არ ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები და პედაგოგები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონპროექტის“ განხილვას და იწყებს თუ არა ხელისუფლება მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყებას იმ სფეროს წარმომადგებლების გარეშე, ვისაც უშუალოდ ეხება რეფორმა? ამ საკითხზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-3 საბავშვო ბაღის გამგეს ნანა თედორაძეს და ბათუმის საბავშვი ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ნატალია ზაქარეიშვილს ესაუბრა.

„მე მივიღე წერილი პარლამენტიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან რომ  მივსულიყავი ამ შეხვედრაზე და მე როგორ წავიყვანდი საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს შეხვედრაზე? ეს კითხვა ჩემი მისამართით არ უნდა დაისვას.  მე ყველა საკითხში ჩახედული ვარ და შემიძლია განვიხილო ბაღების პრობლემები“-გვეუბნება ნატალია ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც კანონპროექტის განხილვისას დააყენა,  ინკლუზიურ პროგრამაში ჩართულ ბავშვებს შეეხებოდა.

„ვფიქრობ რომ შშმ ბავშვების ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია რომ ისინი საბავშვო ბაღებმა მიიღონ, მაგრამ ჯგუფში სადაც 35 ბავშვია, ძალიან რთულია. შეხვედრაზე მითხრეს რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ“.

 

ნატალია ზაქარეიშვილი

მე-3 საბავშვო ბაღის გემგე ნანა თედორაძე მიიჩნევს რომ მსგავს შეხვედრებზე  ამ სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობა მნიშვნელოვანია:

„ჩვენ არც კი ვიცოდით თუ ახალი კანონპროექტის განხილვა იყო. ვფიქრობ, არც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა იცოდა, რადგან ბაღში ღონისძიება გვქონდა და ჩვენთან უნდა მოსულიყო. როცა დავურეკეთ, მაშინ გვითხრა რომ შეხვედრაზე იყო წასასვლელი“-გვეუბნება ნანა თედორაძე.

საბავშვო ბაღის გამგე ამბობს, რომ რეფორმა დაგვიანებულია, თუმცა მისი განხორციელება აუცილებელია:

„ჩვენ უკვე წლებია ამ თემაზე ვსაუბრობთ და რეფორმის საჭიროებას ვხედავ. ჯერ ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. ჩვენს ბაღში ეს მოწესრიგებულია და ცოტა ხნის წინ ერთი სართულიც დავაშენეთ, სტანდარტიზაციის შემთხვევაში იმ რაოდენობის ბავშვს რაც დღეს გვყავს, ვეღარ მივიღებთ.“

სტანდარტიზაციის მიხედვით, ერთ ჯგუფში 25-ზე მეტი ბავშვის მიღება დაუშვებელია. მე-3 საბავშვო ბაღში, რომელიც ერთ-ერთი მაღალკონტინგენტიანი საბავშვო ბაღია,  ჯგუფში 35 აღსაზრდელია. ბაღების დიდ ნაწილს ყველა აღსაზრდელის დაძინების პირობები არ აქვთ, რის გამოც ბავშვებს მაგიდაზე აძინებენ.

„როცა ახალი ბაღები აშენდება, ეს ბავშვებიც იქ გადანაწილდებიან“- გვეუბნება ნანა თედორაძე.

რეფორმა ითვალისწინებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასაც. დღეს საბავშვო ბაღებს სხვადასხვა ტიპის პროგრამებით უწევთ მუშაობა.

„გვქონდა ეროვნული პროგრამა და პროგრამა – „ნაბიჯ-ნაბიჯ“, რომელიც მომწონს, რადგან შედეგზეა ორიენტირებული. ვმუშაობდით „ილიაუნის“ პროგრაგრამითა. ახალი სასწავლო წლიდან მოგვცეს საპილოტე პროგრამა, რომელიც „იუნისეფის“ მხარდაჭერით ხორციელდება და გათვლილია მხოლოდ 5-იდან 6 წლამდე აღსაზრდელებისთვის. ახალი პროგრამებიც ალბათ ამის მსგავსი იქნება“-გვეუბნება  ბაღის გამგე.

კანონპროექტზე მსჯელობისას ითქვა, რომ საბავშვო ბაღებში პროფესიონალი კადრების დეფიციტია და რეფორმა საკადრო სისტემასაც შეხება. საუბარია ასევე აღმზრდელის სტატუსის, მასწავლებლის სტატუსით ჩანაცვლებაზე.

„ის რომ პროფესიონალი კადრების დეფიციტია, ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ვეთანხმები, რადგან ყველა აღმზრდელს არ აქვს უმაღლესი ან პედაგოგიური განათლება. თუმცა, მე ვფიქრობ რომ გამოცდილებაც ძალიან მნიშვნელოვანია“-ამბობს ნანა თედორაძე.

მისი თქმით, აქამდე არც მოეთხოვებოდათ აღმზრდელებს პედაგოგიური  განათლება და საშუალო განათლებაც საკმარისი იყო.

„მაგრამ თუ აღმზრდელს მიეცემა პედაგოგის კვალიფიცია, ბუნებრივია გაიზრდება მისი მოვალეობებიც და სახელფასო ანაზღაურებაც და განათლებაც შესაბამისი მოეთხოვება. საერთოდ, სკოლამდელი  განათლება უნდა ჰქონდეს მიღებული აღმზრდელს, მაგრამ სტაჟიც ძალიან მნიშვნელოვანია“.

ნანა თედორაძის აზრით, საბავშვო ბაღების რეფორმის შემდეგ, შესაძლებელია კერძო ბაღებმა კონკურენციას ვეღარ გაუძლოს.

„საწოლზე ცელოფანს ვიფარებთ, რომ არ დავსველდეთ“ [ვიდეო]

„ჯავახიშვილის 74“ – აწერია რკინის ჭიშკარს, რომელსაც ჟანგი აქვს მოდებული. ეზოს ერთ კუთხეში ძველი მანქანის სავარძლები აწყვია, აქვეა მაგნიტოფონი და ორი სტაფილოსფერი ვედრო. ყველაფერს აწვიმს. 58 წლის თალიკო სილაგაძე თოკებზე გაფენილ ტანსაცმელს ხსნის ქოლგით ხელში და შინ შეაქვს. კარების გაღებისთანავე სამი კატა ეგებება ფეხებში: „ისეთი ამინდია, ამათ გარეთ ვერ ვუშვებ და შევიფარე“.

 

შესასვლელში კარჩამოვარდნილი მაცივარი დგას. ორ ლურსმანზე მიმაგრებულ ფარდას გვერდით წევს  დიასახლისი და სამზარეულოში მეპატიჟება. სამზარეულოცა და საპირფარეშოც ფარდითაა გაყოფილი. უნიტაზის წინ ხის პატარა სკამი დგას, რომელზეც ჟურნალ-გაზეთები და წიგნებია დალაგებული. მიუხედავად იმისა, რომ შუადღის 2 საათია, ოთახში ბნელა – აქ ელექტროენერგია არ არის. სამზარეულოში, ონკანის გვერდით დგას პატარა გაზქურა და საწოლი, რომელზეც პოლიეთინის პარკია გადაფარებული.

„როცა წვიმს, ყველაფერი სველდება, წვიმის დროს ცელოფნის დიდ პარკს ვიფარებთ, რომ არ დავსველდეთ“, – მიყვება თალიკო და თან სახლს ალაგებს, ალუმინის ქვაბებს ერთმანეთში აწყობს.

თალიკოს ქმარი, 68 წლის ემზარ ხოფერია, უკვე ერთი წელია ეტლითაც ვეღარ ახერხებს გადაადგილებას. „გაიღვიძე, ჟურნალისტია მოსული“, – აფხიზლებს მძინარე ქმარს თალიკო და შუბლზე ხელს უსვამს. როგორც თალიკო ამბობს, ემზარს და მასაც ფეხების ძლიერი ტკივილი აწუხებთ. „აქ თუ დავრჩი ამ ზამთარში, ალბათ, მეც ჩავვარდები ლოგინად. მეშინია, არ მინდა სიცივისგან გავიყინოთ, დახმარება ვის ვთხოვო ისიც არ ვიცი, მრცხვენია“, – ამბობს თალიკო და თვალებიდან ცრემლს იწმენდს. – „ეს წამალი 200 ლარი ღირს. ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, ამის წყალობით სძინავს ჩემს ქმარს. მისი პენსია 150 ლარია, დახმარებას ორივე ერთად 60 ლარს ვიღებთ, მაღაზიაში საჭმლის ვალები გვაქვს, ნისიას ვერ ვიხდი, მრცხვენია“.

როგორც თალიკო ყვება, ერთადერთი ადამიანი, ვინც მათ ამ წლების განმავლობაში ეხმარებოდა, ამირან ოქროპირიძეა [უბანში მერიის წარმომადგენელი]. მიუხედავად იმისა, რომ მას სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებმა მაღალი ქულები მიანიჭეს (ეს იმას ნიშნავს, რომ შემწეობა არ ეძლევათ), ამირან ოქროპირიძის დახმარებით უფასო სასადილოში მორჩენილ საკვებს თალიკოს შინ, ავადმყოფ ქმართან ატანენ: „ვიცდი, როდის შეჭამს 500 კაცი და თუ მორჩა მატანენ, ეს ყველაფერი ამირან ოქროპირიძის დამსახურებაა“. ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია, რატომ უთხრეს უარი სოციალურ დახმარებაზე.

თალიკოს უნდა მოხუცთა თავშესაფარში გადავიდეს: „თუ ჩემს ქმარს იქ გადაიყვანენ და მეც წამიყვანენ, შემიძლია ჩემი ქმრის გარდა სხვებსაც მოვუარო. მითხრეს, რომ მე ახალგაზრდა ვარ. მგონი, იქ მარტო პენსიონერებს იღებენ“.

თალიკო ამბობს, რომ მას საკუთარი სახლი ჰქონდა, მაგრამ ბანკში დააგირავა და დაკარგა. შვილიც ჰყავს, რომელიც ბავშვთა სახლიდან აიყვანა და გაზარდა, თუმცა ის ახლა მარტო ცხოვრობს და გამზრდელ დედას არ ეკონტაქტება.

სახლი, სადაც ახლა თალიკო და მისი ქმარი ცხოვრობენ, სხვისი საკუთრებაა, გაზაფხულზე ეს მოძველებული შენობა უნდა დაანგრიონ. ამის შემდეგ კი ცოლ-ქმარი თავშესაფრის გარეშე დარჩება. მათ ზამთრის გადასატანად შეშა და წამალი სჭირდებათ.

საეჭვო შესყიდვა – რა გზით დაუშვეს კომპანია „ოაზისი“ ბულვარში?

ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კერძო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციამ საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვაზე კითხვები გააჩინა. კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ პროცესი არასწორად მიმდინარეობს.

ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და   კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე ხელშეკრულება [თანხა 240 ათასი ლარი] გამარტივებული შესყიდვის წესით, ყოველგვარი ტენდერისა თუ კონკურსის გარეშე, შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისთან“ 2015 წლის 7 ოქტომბერს გააფორმა.

ბულვარის ადმინისტრაციას თანხმობა, რომ „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“ აღნიშნული შესყიდვა განეხორციელებინა  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ერთი დღით ადრე, 6 ოქტომბერს მისცა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბულვარის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ იყო გადაუდებელი აუცილებლობა და საზოგადოებრივი საჭიროება. თუმცა, ეს დრო,  დაახლოებით რვათვიანი პერიოდი, შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ პერიოდად, როცა ბულვარის ადმინისტრაციას შეეძლო მოეხდინა სატენდერო პროცედურების წარმოება და ისე გამოევლინა გამარჯვებული კომპანია. რადგან ასე არ მოხდა, ეს ბადებს ეჭვს, ხომ არ გვაქ საქმე საბიუჯეტო რესურსის არარაციონალურ გამოყენებასთან. ამასთან, ვფიქრობთ, რომ ეს შესყიდვა, არ არის კანონის დარღვევა ცალსახად და უხეშად, მაგრამ არის კანონის ნორმის არასწორი ინტერპრეტირება, რამაც ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანა“, – აცხადებს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.

ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების საერთო კომისია ბულვარის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 9 ივნისს შექმნა. თუმცა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა ამბობს, კონცეფციისთვის თანხა წლის დასაწყისში   ბიუჯეტში უკვე იდო: „როდესაც აჭარის 2015 წლის ბიუჯეტში აღმოვაჩინეთ, რომ იყო ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციისთვის თანხა ჩადებული, მას შემდეგ დავიწყეთ კომუნიკაცია „ბათუმის ბულვართან“, რომ დროულად ყოფილიყო შესაძლებელი ინფორმაციის გავრცელება და ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ, მიეღოთ კონკურსში, თუ ტენდერში მონაწილეობა.  გადავამოწმეთ და 120 ათასი ლარი საკმარისი იყო კონცეფცია დაწერილიყო, თუმცა, ტენდერის გზით წავიდოდა თუ კონკურსის გზით, იმ დროს ბათუმის ბულვარს არ ჰქონდა გადაწყვეტილი და კომისიის შექმნას ელოდებოდნენ“.

ივნისში შექმნილმა კომისიამ ბულვარის კონცეფციისა და ტოპოგრაფიული გეგმის ტექნიკური პირობები 17 სექტემბერს [N2 ოქმი] დაამტკიცა. კომისიამ ასევე დაადგინა, რომ სსიპ „ბათუმის ბულვარმა“ „საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

ბულვარის ადმინისტრაციის მიერ, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, „ჩატარებული კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე მოძიებულ იქნა სამი კომპანია, რომლებსაც დაეგზავნა ტექნიკური პირობები და ეთხოვათ წარმოედგინათ ინფორმაცია მომსახურების განხორციელების ღირებულების შესახებ“. თუმცა, რა კვლევები და გამოკითხვები იქნა ჩატარებული, მიუხედავად „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მოთხოვნისა, ბულვარის ადმინისტრაციამ ვერ წარმოადგინა.

ადმინისტრაციამ ტექნიკური დავალება სამ კომპანიას ელექტრონული ფოსტით დაუგზავნა. ეს კომპანიები და მათ მიერ შემოთავაზებული თანხებია: „ევო ბილდი“ [300 ათასი ლარი]; „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისი“ [240 ათასი ლარი] და „არქ მასტერი“ [305 ათასი ლარი].

ბულვარის ადმინისტრაციის წერილი

„პრობლემა არის იმაში, თუ საიდან შეარჩიეს ეს სამი კომპანია. არც მოგვწერეს თუ რატომ ეს სამი და რატომ გაკეთდა აქცენტი მხოლოდ თანხაზე. ამ შემთხვევაში კრიტერიუმი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ფასი, არამედ გამოცდილება, პროექტები, რომლებიც გაუკეთებია ამა თუ იმ ორგანიზაციას, ვის მოიწვევ  –  ექსპერტებს, სპეციალისტრებს, სად და როდის იქნება საზოგადოებისა თუ პოტენციური ინვესტორების ჩართულობა კონცეფციაზე მუშაობიასას – ეს არ ჩანს. ასეთი მეთოდოლოგია ვერ წარმოადგინეს“, – აცხადებს ნათია აფხაზავა.

რაც შეეხება კონცეფციაზე მუშაობას და ე.წ. საჯარო განხილვებს, ნათია აფხაზავა თვლის, რომ პროცესი არ მიმდინარეობს სწორად: „როცა არ გაქვს კვლევითი სამუშაოები ჩატარებული, არ გაქვს სიტუაციური ანალიზი გაკეთებული,  მოლოდინები/გამოწვევები არ არის შესწავლილი და ამ ყველაფრის გარეშე ქმნი ვიზუალიზაციას [რაც უკვე წარმოადგინეს], ბუნებრივია, შენიშვნები და კომენტარები იქნება უარყოფითი. ვიზუალიზაცია არის შედეგი. სტრატეგიის დაწყება შედეგით კი კითხვებს ბადებს“.

„ეს კითხვები, რაც ჩვენ გვაქვს, უნდა ჰქონდეს ბულვარსაც. სამწუხაროდ, ისინი მოპასუხეებად გვევლინებიან. რა პროდუქტს დადებს კომპანია და სად არის ჩვენი მონაწილეობა ამ შემთხვევაში, კომპანიიდან უნდა ვღებულობდეთ პასუხებს და არა სახელმწიფო უწყებებიდან“, – ამბობს ნათია აფხაზავა. მისივე განცხადებით, პირველი პრობლემა არის ის, რომ კონცეფციაზე მომუშავე კომპანიის გამოვლენა მოხდა არასწორი გზით: „როცა წლის დასაწყისში გაქვს თანხა და სექტემბერში ამბობ, რომ დრო არ გყოფნის ტენდერის გამოსაცხადებლად, ეს არის ბიუჯეტის ხარჯვის არასწორი დაგეგმარება [არსებულ ხელშეკრულებაში  საზღვარიც არ არის დაზუსტებული – რა ფართობზე უნდა გაკეთდეს კონცეფცია. ვიზუალურად მხოლოდ „ძველ ბულვარს“ მოიცავს, ძირითადი იდეა კი კონცეფციისა ის იყო, ახალი და ძველი ბულვარის ინტეგრირების საკითხი გადაწყვეტილიყო]. და მეორე – დიდი მნიშვნელობა აქვს რა კრიტერიუმით უდგები საქმეს. არ არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც არც მოუთხოვია დამკვეთს. პრობლემაა, როცა სხვა კომპანიებს არ აგებინებ ინფორმაციას, იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც რეალურად შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა. მითუმეტეს მზარდი ბიუჯეტი ჰქონდათ – 240 ათასი ლარი. ბულვარი თვლის რომ ცოტაა, თუმცა მე ვფიქრობ, საკმაო თანხაა კონცეფცია და ტოპოგრაფიული რუკა გაკეთდეს“.

„შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამ თანხის ქვემოთ არც ერთი კომპანია არ დათანმხმდებოდა ასეთი სამუშაოების შესრულებას, მაგრამ ყველა იმ კითხვას,  რაომელიც შესაძლოა გაჩნდეს დაინტერესებული პირის მხრიდან, უნდა ჰქონდეს ობიექტური პასუხი და ეს ობიექტური პასუხი იქნებოდა ტენდერი. ამ შემთხვევაში კი ვერ ვიტყვით იმას, რომ კანონის მოთხოვნები ბულვარის ადმინისტრაციამ ზედმიწევნით შეასრულა. იმის ნაცვლად, კონკურენტუნარიან გარემოში საუკეთესო კანდიდატი შეგვერჩია და უფრო მეტი პირი ჩაგვერთო ბულვარის კონცეფციის განვითარებაში [თუ ამის საჭიროება იდგა ნამდვილად], ამ ეტაპზე მივიღეთ მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანია, რომელსაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტი კომერციული ინტერესები აქვს“, – აცხადებს გიორგი ხიმშიაშვილი.

ბულვარის ადმინისტრაციას, „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისთან“ ხელშეკრულების გაფორმების არგუმენტად ფასის გარდა ის ინფრასტრუქტურული პროექტი [„დრიმლენდ ოაზის ჩაქვი“] მოყავს, რომელსაც ეს კომპანია ახორციელებს.

„დრიმლენდ ოაზისის“ მმართველი კომპანია შპს „საქტურკურორტია“, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიის მფლობელობაშია ჩაქვში სანატორიუმ-სასტუმრო „ოაზისი“, რომლის გარშემოც ხდება კომპლექს „დრიმლენდის“ განვითარება.

„სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის“ 100% წილს ფლობს „საქტურკურორტი“. თავის მხრივ, „საქტურკურორტის“ 91,7%-ს ფლობს ავსტრიული კომპანია „ალბერეტა“, ხოლო 8,3%-ს ნათია ბუკია.

„დრიმლენდ ოაზისის“ ვებგვერდზე მითითებულია, რომ „დრიმლენდ ოაზისი“, „ბანკ ქართუსთან“ ერთად, იპოთეკური სესხის საუკეთესო პირობებს სთავზობს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებს.

ბათუმის ბულვარს დოკუმენტების მიხედვით [2 ნოემბრის მდგომარეობით], „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისისთვის“ ავანსად უკვე გადარიცხული აქვს 96 ათასი ლარი. კომპანიისთვის კი საბანკო გარანტია „ბანკ ქართუს“ აქვს გაცემული.

„ოაზისმა“ ბათუმის ბულვარის კონცეფციისა და ტოპოგრაფიული გეგმის სრული ვერსია 2016 წლის 16 მაისამდე უნდა წარმოადგინოს.

 

იაფი სახლი ლიფტის გარეშე და მხოლოდ პირველი სართული შშმ პირებისთვის 

მერიის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, იაფი სახლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით  პროგრამის ბენეფიციარ შშმ პირს ან ოჯახს, რომლის წევრიც შშმ პირია, ბინას პირველ სართულზე შესთავაზებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ე.წ. იაფ სახლს, რომელის მშენებლობისთვისაც მერია  ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარს ხარჯავს, ლიფტი არ ექნება. შესაბამისად, ის ვერც თანამდეროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთავის“  ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე, რომელიც თავადაც შშმ პირია.

„რას ნიშნავს ეს, დიკრიმინაციას ეწევა მერია? რადგან შშმ პირი ხარ არჩევანის საშუალება არ გაქვს? – ეს არ შეიძლება, არჩევანის თავისუფლბა ყველას უნდა ჰქონდეს. რადგან იაფი სახლია არ ნიშნავს იმას, რომ გამონაკლისი დაუშვან. ევროკავშირს, ევროსტანდარტებს და ასე შემდეგ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ  შიდარეგულაციებიც ამას ამბობს. საქართველოს აქვს პრემიერ-მინისტრის მიერ ხემოწერილი #41-ე დადგენილება, რომელიც არეგულირებს მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სტანდარტებს. დადგენილება ამბობს, რომ 2014 წლიდან დაპროექტებული  ობიექტები   მოყვანილი იუნდა იქნას 41 – ე დადგენილებასთან შესაბამისობაში. იქ წერია, რომ შენობები ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირთა საჭიროებებისთვის. გარდა ამისა, 2006 წლის გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის შემდეგ ასე უხეშად, სტანდარტების დარღვევით რაიმე მშენებლობების წამოწყება არ შეიძლება. ეს არის გამორიცხული, ანუ საკუთარ  რეგულაციებს და საკუთარ კანონს, რომელსაც ღებულობს მთავრობა, თვითომ ეწინააღმდეგება და არღვევს. ეს მიუღებელია. აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს“, – ამბობს თომა კაკაბაძე

საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილებაში, რომელზეც თომა კაკაბაძე საუბრობს ნათქვამია:

„… საზოგადოებრივი შენობა-­ნაგებობების პროექტირებასა და მშენებლობაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ამ კატეგორიისათვის. ამ პირობების შესასრულებლად საჭიროა მოეწყოს შედარებით განიერი გასასვლელები, დერეფნები, პანდუსები შენობა­ ნაგებობების შესასვლელებში, ლიფტები ფართო კაბინებით. შენობა­ნაგებობების დაპროექტება მიზანშეწონილია განხორციელდეს უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით.

განაშენიანების რეკონსტრუქციისას, როცა არსებული შენობა-­ნაგებობები, ისტორიული და კულტურული ძეგლები არ იძლევა შესაძლებლობას მთლიანად გათვალისწინებულ იქნეს არსებული მოთხოვნები, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მოხუცებულთათვის შესაფერის გარემოს შექმნას. იმ საზოგადოებრივ ობიექტებზე, რომლებზედაც დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ამ ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლამდე, საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამისობაში მოვიდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დასრულებამდე. აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები მოყვანილი იქნეს შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, მისი ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში.“

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სახლს ლიფტი არ ექნება, რადგან ის ხუთსართულია. რაც შეეხება შენობას – ის შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.“

კითხვებზე თუ შენობა ადაპტირებულია, მაშინ რატომ ჩაწერეს დოკუმენტში, რომ შშმ პირებს მხოლოდ პირველ სართულზე შესთავაზებენ ბინებს?  – ჯერჯერობით, მერიისგან პასუხი არ გვაქვს.

ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბინების გადაცემის, აუცილებელი პირობებისა და კრიტერიუმების დადგენისთვის კომისიის შექმნის შესახებ ბრძანებას ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა 6 ივლისს მოაწერა ხელი. ამავე ბრძანებით კომისიას საკრებულოში ფრაქცია  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე ხელმძღვანელობს. კომისიაში შედიან მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, მთავრობისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

თამაზ თურმანიძის ინფორმაციით, იაფი სახლის კრიტერიუმების შესახებ სამუშაო დოკუმენტს კომისია 15 იანვის შემდეგ განიხილავს.

„მსხვერპლი“ პოლიციელებით დაკნინებული სახელმწიფო

მაკა კანდელაკი, ადვოკატი

მოსაზრებები, ფაქტები და დაუსრულებელი არგუმენტები მთავრდება დოკუმენტში, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეწოდება. ფაქტია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ერთი წლის განმავლობაში, 87 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი – პოლიციის მიმართ წინაღმდეგობის გაწევაზე.

ეს პროცესი ასე იწყება – ბრალდება წარადგენს სასამართლოში დაზარალებულ პოლიციელებს, მოწმე პოლიციელებს, დახეულ მაისურებს, სამხარაულის ექპერტებს. არის შემთხვევები, როცა ერთ მაისურს სამი ექსპერტი ჰყავს. რეალურად კი დაზარალებული ბრალდებულია.

დაცვის მხარეს არ აქვს შესაძლებლობა მტკიცებულება მოიპოვოს, ადგილი აქვს მოწმის დაშინებას (სასამართლოში ამ მოწმის ჩვენება შეიძლება ბრალდებულის სასარგებლოდ გამოდგეს)… რაღა რჩება სასამართლოს, უნდა გაიზიაროს მხარის (პოლიციელის)  მიერ წარდგენილი ჩვენებები და შედეგიც სახეზეა: გამამტყუნებელი განაჩენი 87 პირის მიმართ…

პოლიციელების თავშესაფრად ქცეული 353-ე მუხლის მაღალი სტატისტიკა აკნინებს და აზარალებს სახელმწიფოს იმიჯს, მაგრამ ეს გააზრებული არ აქვს ბრალდების მხარეს (სსკ 353-ე მუხლი პოლიციის წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაული). „ნაცემი“ პოლიციელი იგივეა, რაც ნაცემი სახელმწიფო. საინტერესოა, ვინ იძლევა 353-ე მუხლის ფალსიფიკაციის დირექტივას?!

ამ ნორმის ასე ხშირად გამოყენება არის ქვეყნის პოლიტიკური საზომი. არ შეიძლება კანონიერების დაპირისპირება მიზანშეწონილობასთან, როცა სამართალდამცავი ამართლებს მართლსაწინაღმდეგებო ქმედებას ადგილობრივი ან ინდივიდუალური მიზანშეწონილობით. მათი აზრით, ეს უფრო სასარგებლოა კონკრეტულ სიტუაციაში.

სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის ჩარჩოებში უნდა იქნეს მიღებული ის ზომა, რომელიც მიზანშეწონილია კონკრეტული შემთხვევისთვის და ეს არ უნდა გახდეს პოლიციელის თვითნებურად გადასაწყვეტი. საწინააღმდეგო მიდგომა აკნინებს სახელმწიფოს.

იმ შემთხვევაში, როცა პოლიციელი, მაგალითად, დაკავებულ ქორიძეზე იმის გამო ძალადობს, რომ ის ხელს არ აწერს დაკავების ოქმს, სახელწიფო თავს ვერ მოიწონებს დემოკრატიულობით. დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფო ვერ გამოვა სუფლიორის როლში – სახელმწიფო ხომ ადამიანის უფლებათა დასაცავად იქმნება და არ პირიქით. ეს იყო მთავარი მესიჯი ამერიკელებისთვის, რა აზრიც ჩადო ჯეფერსონმა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში.

ჩემი აზრით, პოლიციელების „წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლეს“ აქვს რამდენიმე მიზეზი და ერთი მძიმე შედეგი.

პოლიცია ცდილობს შიში ჩაუნერგოს ადამიანებს და ის არჩევანის გარეშე დატოვოს. მაგრამ რაც არ უნდა ეცადო, ადამიანს მექანიკურ არსებად ვერ აქცევ.

პროკურატურა, სადაც მუშაობენ ამპარტავნობას აყოლილი ადამიანები, წინასწარ დადგენილი წესით აგრძელებს საქმიანობას. სწორედ ეს არის მიზეზი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების.

პროკურატურას არ სურს აღიაროს თავისი შეცდომები საკუთარ თავთან მაინც. ეს რომ შეძლონ, მომდევნო შეცდომებს არ ექნება ადგილი. ამერიკის ფედერალურ სასამართლოებში საქმის 70% საპროცესო შეთანხმებით იმ მოტივით სრულდება, რომ მხარეს არ აქვს საკმარისი უტყუარი მტკიცებულება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არსებობდეს გამამტყუნებელი განაჩენისთვის. სწორედ ამ მოტივით ხდება გარიგება სამართლებრივ სახელმწიფოში და არა იმ მოტივით, რომ პროკურორს დაკავებულის ოჯახის წევრი შეეცოდა ან კიდევ მას ასე სურს.

ამ მიზეზთა ერთობლიობით ვიღებთ თვითნება პოლიციელების მდინარეს და ამ მდინარეს კალაპოტი არ აქვს.

ვიცი, ჩემი კოლეგებს უმეტესობას ფინანსურად უჭირს, მაგრამ პროფესიული ღირსება არ ღირს არანაირი თანხა… როცა გამომძიებლის მიერ შემოთავაზებულ საქმეს იღებ, ბრალდებულის ინტერესზე უფრო ბრალდების მხარის ინტერესს ემსახურები, რადგან ამ გარიგებაში დამკვეთი გამომძიებელია და არა ბრალდებული.

353-ე მუხლის გამოყენებას კიდევ ერთი მიზეზი აქვს – დაკავებულს პოლიცია სცემს და შემდგომ საპროცესო შეთანხმებას სთავაზობენ… ბრალდებული კი აღიარებს დანაშაულს და უარყოფს პოლიციელის მხრიდან ძალადობას. შედეგად პიროვნული ღირსება ფეხქვეშ ითელება, რაც თავის მხრივ სამართლიანობის იდეას ასამარებს.

ყველაზე დიდი სიბრძნე, რაც მოიტანა დღემდე კაცობრიობამ, არის მოქალაქეობა და ადამიანთა სიყვარული – ეს უნარი მომეტებულად უნდა გააჩნდეს პატარა ერს, რომ გადარჩეს…

მაგრამ, როცა მსჯავრდებულ ქოქოლაძეს სუიციდის მცდელობა ჰქონდა, სად იყვენენ უფლებადამცველები, სად იყვნენ პროკურორები და სად იდგა სახელწიფო?! უფლებადამცველთა ინტერესს გახმაურებული საქმეები იზიდავს, პროკურატურას დროულად დახურული საქმე (ხარისხი ნაკლებ მნიშვნელოვანია), ხელისუფლებას, თავის ოცნებაში, ბაბილონის გოდოლის აშენება გადაუწყვეტია, უბრალოდ, სხვა ენაზე მოსაუბრე „ნაციონალები“ უშლიან ხელს (საზოგადოების ასეთი გამიჯვნა ცინიკური გონების პროდუქტია), ყველას ერთად კი ნაკლებად აღელვებს უდანაშაულო ადამიანი, რომელიც ტყუილად ისჯება.

თქვენ, ვინც ადამიანთა ბედს წყვეტთ და კაბინეტებში დაბრძანებული ხატებით ფიქრობთ უფალთან დაახლოებას, ჯობი მას საკუთარი სულის ამპარტავნობისგან დახსნა თხოვოთ. ამას თუ შეძლებთ, უფრო კარგად დაინახავთ საგნებს და სწორ არჩევნსაც გააკეთებათ.

მინდა მივმართო პოლიციას – სანამ დაკავებულს დაარტყამთ ხელს, იქნებ ერთი წუთით დაფიქრდეთ, ღირს ადამიანზე ხელის აღება საკუთარი სიცრუის გასაფორმებლად? ან დანაშაულთან ბრძოლის სტატისტიკა ღირს ამად?

 

 

შსს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების გამკაცრებას გეგმავს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებებია გათვალისწინებული, რომელთა მიხედვით მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძღოლის მიერ ქვეითებთან მიმართებაში წესების დარღვევაზე. კერძოდ, პირველი დარღვევის შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება – 40 ლარით, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი – 150 ლარით.

ასევე, კანონპროექტის თანახმად, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაწესდება ახალი ნორმა – ადმინისტრაციული ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იზრდება 200-დან 300 ლარამდე იმ პირის მიმართაც, რომელიც საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეისებით მგზავრების რეგულარული გადაყვანისას სიჩქარეს გადააჭარბებს.

კანონპროექტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს, მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობაზე ჯარიმა – 10 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სხვა ცვლილება, რაც ჯარიმის თანხის გაზრდას ითვალისწინებს, არ განხორციელდება. იმ მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები, რომლებიც კონკრეტული დარღვევის დროს მართვის მოწმობის ერთწლიან შეწყევტას გულისხმობდა, შემსუბუქდა და მძღოლს, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, ფულადი ჯარიმა დაეკისრება. ეს ცვლილება კი ქულათა სისტემის დანერგვითაა განპირობებული.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტი შს სამინისტრომ შეიმუშავა. პროგრამა სხვადასხვა კომპონენტისაგან შედგება, კერძდ: – ქულების სისტემა:

უკონტაქტო პატრულირება:

 

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა:

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებები ჯარიმების გამკაცრებასთან მიმართბაში მას შემდეგ ამოქმედდება, როცა კანონპროექტს პარლამენტი მიიღებს.

 

ბათუმი ცენტრალი-ყველაფერი თქვენი სახლისთვის ერთ სივრცეში

“ბათუმი ცენტრალი” ახალ  წელს განსაკუთრებული სიახლეებით ხვდება. კომპანიის მენეჯმენტი ერთიანი, მრავალფეროვანი სივრცის მოწყობას აპირებს, სლოგანით _ “ყველაფერი თქვენი სახლისთვის ერთ სივრცეში”, სადაც ყველა  სოციალური ფენის ადამიანის ინტერესი იქნება გათვალისწინებული.

მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსებულია “საქართველოს ბანკის”  24-საათიანი სერვისცენტრი, აფთიაქი, სუვენირების მაღაზია, თექის ნაწარმის მაღაზია, პროფესიონალური პარფიუმერული პროდუქციის მაღაზია  BELBOIR-ი და რამდენიმე კვების ობიექტი. მალე გაიხსნება ელექტროტექნიკის, განათების, ტესტილის, საოჯახო აქსესუარებისა და ჭურჭლის მაღაზიებიც.

აქ მისულ სტუმრებს უკვე დახვდებათ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც განსაკუთრებით იმ ადამიანებს დააინტერესებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მყუდრო, კომფორტული სახლი და მეგობრებთან, ან ოჯახთან ერთად სასიამოვნო გარემოში გეგმავს შობა-ახალი წლის გატარებას.

ავეჯის ქართული ბრენდი “რანდი”

ავეჯის სახლი რანდი
ავეჯის სახლი რანდი

რამდენიმე კვირაა ავეჯის სახლი “რანდი”  ახალ მისამართზე გადავიდა და “ბათუმი ცენტრალის”  მეორე და მესამე სართულებზე დაიდო ბინა. განახლებული ინტერიერი და 3000 კვ/მ-ზე განლაგებული კონცეპტი, 500 ახალი მოდელი, მომხმარებელზე ორიენტირებული საგრძნობლად დაბალი ფასები  – ავეჯის ქართული ბრენდი “რანდი” უკვე ელოდება ყველას ახალ მისამართზე.

რესტორანი „უკრაინოჩკა” – მალე  “ბათუმი ცენტრალში”

უკრაინოჩკა
უკრაინოჩკა

“ბათუმი ცენტრალი” სტუმრებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს, – რესტორანი “უკრაინოჩკა”  მალე განახლებულ მისამართზე, განახლებული სივრცითა და უცვლელი გუნდით მოემსახურება როგორც თავის ლოიალურ კლიენტებს, ასევე ყველას, ვინც ახალი წლის გატარებას სასიამოვნო გარემოში, მეგობრებთან და ცოცხალი მუსიკის თანხლებით აპირებს.

განახლებულ რესტორანში ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნებაზე ორიენტირებული სამი სხვადასხვა სივრცე დაგხვდებათ: 500 კვ.მ რესტორანი, ბარი და 100 კვ.მ ვერანდა, სადაც გარდა იმისა, რომ შეფმზარეულის მიერ მომზადებულ კერძებს – ქართული და უკრაინული სამზარეულოს საუკეთესო ნაზავი მენიუთი მომზადებულ კერძებს მიირთმევთ, ასევე მოისმენთ კარგ მუსიკას და დატკბებით თანამედროვე ბათუმის მომაჯადოებელი ხედებით.

ავტოსადგური

“ბათუმი ცენტრალში”  მდებარე ავტოსადგურიდან ოპერირებს ოთხი ავტოსატრანსპორტო კომპანია: “სელპანტინ ბათუმი”, “ბექატური”, “გალტრანსი” და “ასტრანტრანსი”.

ავტოსატრანსპორტო კომპანიები მომხმარებლებს ქართული სივრცისთვის განსხვავებულ _ ბინაზე მიკითხვის სერვისს სთავაზობენ და მიმდინარე სეზონზე ყველაზე იაფად ემსახურებიან მგზავრებს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე, საერთაშორისო, რუსეთის მიმართულებით (ქალაქები: როსტოვი, მოსკოვი, კრასნოდარი). რუსეთისკენ რეისები სრულდება სამშაბათსა და პარასკევს.

რკინიგზის სადგური

„ბათუმი ცენტრალის“ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი  რკინიგზის სადგურია , რომელიც რეგიონში ჩამოსული სტუმრებისთვის პირველ შთაბეჭდილებას ქმნის ქალაქზე, როგორც ზოგდად სერვისის და კომფორტის, ასევე მისი განვითარების შესახებ.

ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქისთვის  მნიშვნელოვანია, რომ რკინიგზის სადგურს შეეუძლია  მგზავრების კომფორტულად გატარება, მიუხედავად სეზონური, თუ სადღესასწაულო დატვირთვისა.

,,ბათუმი ცენტრალის“ ადმინსტრაცია სრულიად საქართველოს მოსახლეობას ულოცავს დამდეგ შობა ახალ წელს, უსურვებს მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას!

შსს-მ სარფში 104 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

22 დეკემბერს, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  1982 წელს დაბადებული პაატა ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დააკავეს.

 

შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 104 შეკვრად დაფასოებული 20,9625 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 3,312 გრ ჰეროინს შეიცავს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მათივე ცნობით ნარკოლოგიური შემოწმებისას პაატა ც-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

სექსისტური და სტერეოტიპული ტექსტი მე-9 კლასის ბიოლოგიაში

მე-9 კლასის ბიოლოგიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში, რომლის ავტორები ნ. ზაალიშვილი და ნ. იოსებაშვილი არიან, გენური მუტაციის თემაზე მოცემულ ტექსტში ე.წ. მორისის სინდრომს ასე განმარტავენ: „ამ სინდრომით დაავადებული „გოგონები“ ფლობენ მამაკაცურ ძალას, ამტანობას. სტატისტიკის მიხედვით, ბევრი გამოჩენილი სპორტსმენი გოგონა, რომელიც რეკორდებს ამყარებს, გენეტიკურად სულაც არ არის ქალი. ისტორიამ იცის ერთი ასეთი ცნობილი ქალი – ჟანა დ’არკი, რომელიც თავისი გაბედულებით, შეუპოვრობით, სხარტი გონებითა და ამტანობით ტოლს არ უდებდა მამაკაცებს. მიუხედავად მამაკაცური თვისებებისა, ის ქალურად მომხიბვლელი იყო“.

მე-9 კლასის სახელმძღვანელოს ტექსტში მაგალითები მოყვანილია როგორც მტკიცებულება და არა როგორც ვარაუდი. გაკვეთილში არ არის მითითებული არც ერთი სანდო წყარო, რაზე დაყრდნობითაც შეძლებს მოსწავლე წყაროების შეჯერებას და თემის გაანალიზებას. რა რისკებს შეიცავს ბიოლოგიის წიგნში მოცემული „მორისის სინდრომის“ განმარტებები? – ამ ფაქტზე საქართველოს განათლების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. „ბათუმელები“ გენდერის საკითხების მკვლევარს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორს, ნათია გვიანიშვილის ესაუბრა.

ქალბატონო ნათია, რა არის მორისის სინდრომი და რამდენად სწორად არის ეს სინდრომი მე-9 კლასელი მოსწავლეებისთვის ახსნილი ამ სახელმძღვანელოში?

მორისის სინდრომს რასაც უწოდებენ, ეს საკითხი საერთაშორისო წყაროებში ამ სახელით არ შეგვხვედრია. ძირითადად რუსულ წყაროებშია გამოყენებული ეს ტერმინი. სხვანაირად ამ სინდრომს ანდროგენული უკმარისობა ჰქვია. ეს არის ინტერსექსუალობის ერთ-ერთი გამოვლინება.

როგორ განიმარტება ინტერსექსუალობა?

ინტერსექსუალობას სამედიცინო პრაქტიკაში ადრე ეძახდნენ ჰერმაფროდიტიზმს, თუმცა დასავლეთში ამ ტერმინს ნაკლებად იყენებენ, რადგან უარყოფითი კონვერტაცია შეიძინა. ძირითადად გამოიყენება ტერმინი ინტერსექსუალობა, რაც ნიშნავს „სქესებს შორის“. ადამიანი, რომელიც იბადება ინტერსექსუალობის გამოვლინებით (ამის რამდენიმე კომბინაცია არსებობს), ბილოგიურად მას ვერც მამრობით და ვერც მდედრობით სქესს ვერ მივაკუთვნებთ. ჩვენ რასაც ვგულისხმობთ მამრობითსა და მდედრობითში ის არ არის, ანუ ქრომოსომული, ჰორმონული ნაკრები, შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოები. უხეშად რომ ვთქვათ, ინტერსექსუალობის შემთხვევაში ეს არის ქალისა და მამაკაცის ნაკრები სხვადასხვა პროპორციითა და სხვადასხვა ფორმით. ამიტომ მასზე ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი ქალია ან კაცი.
 სახელმძღვანელოს ავტორები ჟანა დ’არკსა და სპორტსმენ ქალებზე წერენ, რომ ისინი მორისის სინდრომით „დაავადებული გოგონები“ არიან. ეს რას ნიშნავს?

 

ტექსტი
აბსურდულია განმარტება – „ისინი კაცები არიან ან ქალები არიან“. საქართველოში ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობენ, გარდა ერთეული შემთხვევებისა, რომელიც მედიაში შუქდება. წლების წინ დიდი ბჭობა იყო ერთ ბავშვზე, რომელიც ინტერსექსუალური გამოვლინებით დაიბადა და მსჯელობდნენ იმაზე, უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია თუ არა. ეს იმის ბრალიცაა, რომ ჩვენ კანონმდებლობა გვაიძულებს, ბავშვს დაბადებისთანავე მივანიჭოთ სქესი. ინტერსექსუალური გამოვლინებით დაბადების შემთხვევაში, ეს არ არის მარტივი გადასაწყვეტი. გარდა ამისა, საზოგადოებრივი სტიგმაც გვაიძულებს, რომ ბავშვს, რომელიც იბადება იმ კონდიციით, რომელიც არ შეესაბამება „ნორმას“, მივუსადაგოთ რაიმე სქესი. ამიტომ ბავშვს უკეთდება გენიტალიური ოპერაციები. ხშირია შემთხვევა, როცა შემდეგ ამ ადამიანებს უწევთ ჰორმონული თერაპიის მიღება, ეს მინიჭებული სქესი მეტ-ნაკლებად რომ ვითარდებოდეს.
ბავშვის სქესის ხელოვნურად განსაზღვრა მის ბიოლოგიურ ჩამოყალიბებამდე არ არღვევს ბავშვის უფლებებს?

ბუნებრივია, ირღვევა ბავშვის უფლება, რადგან მას არ ეძლევა შესაძლებლობა თვითგამორკვევის, ჰარმონიულად განვითარების და იმის, რომ საკუთარი გენდერული კუთვნილება თვითონ აირჩიოს. ევროპაში თანდათან ძლიერდება ინტერსექსუალური მოძრაობა, რომელიც სწორედ იმისთვის იბრძვის, რომ ბავშვებს არ უკეთდებოდეთ ეს ოპერაციები.
ისტორიულ წყაროებში ჟანა დ’არკის ინტერსექსუალობის შესახებ მე არაფერი წამიკითხავს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

ჟანა დ’არკის ინტერსექსუალობის შესახებ არც მე წამიკითხავს, გარდა რუსული წყაროებისა. ეჭვი მეპარება, რომ იმ პერიოდში, როცა ჟანა დ’არკი იყო ცოცხალი, ინტერსექსუალობა ან თუნდაც ჰერმოფროდიტიზმი, როგორც ფენომენი, ყოფილიყო ცნობილი. მით უმეტეს, როცა სექსოლოგია არ იყო განვითარებული და მით უმეტეს გენეტიკა. ამიტომ, იმის თქმა, თუ როგორ გამოიყურებოდა ჟანად’არკის გენიტალიები, არა მგონია სამეცნიერო დონეზე სადმე დასაბუთებული იყოს.
ჟანა დ’არკის გენდერულ იდენტობასთან უფრო ჰქონდათ პრობლემა, ვიდრე მის ბიოლოგიურ სქესთან, რადგან მან იტვირთა მასკულინური როლი. წინადადება, რომ ჟანა დ’არკი და რეკორდსმენი ქალები „სინამდვილეში კაცები არიან“, – თავიდან ბოლომდე დანაშაულია. მით უმეტეს, როცა ეს არის სასკოლო სახელმძღვანელოში. ტექსტში ჩამოთვლილი თვისებები – სხარტი გონება, შეუპოვრობა, სიმამაცე და ა.შ. პატრიარქალურ საზოგადოებაში მიიჩნევა კაცის დადებით თვისებებად. შესაბამისად, სახელმძღვანელოში მიანიშნებენ, რომ აქ სხვა რაღაცაშია საქმე და ბიოლოგიურ საფუძველსაც უძებნიან.

ბიოლოგიის სახელმძღვანელო
რეკორსმენი ქალები რატომ არიან ნახსენები. პრაქტიკაში ყოფილა მსგავსი შემთხვევა?

ვფიქრობ, განაზოგადეს სამხრეთ აფრიკელი ათლეტის – კასტერ სემენიასი შემთხვევა, რომელიც ინტერსექსუალობის სპექტრზე აღმოჩნდა. ეს მაგალითი ჰქონდა მოყვანილი წიგნში ერთ ფილოსოფოსს, რომელიც გენეტიკას ასწავლის „ილიაუნში“. ის სტერეოტიპებით დახუნძლულ აღწერილობებს იყენებდა და ამ ფაქტს მაშინაც კრიტიკა მოჰყვა. მეტი შემთხვევა მე არ მსმენია. ეს არ არის იმდენად ხშირი მოვლენა, რომ თქვა – „ყველა რეკორდსმენი ქალი სინამდვილეში კაცია“. ადამიანისთვის ქალის ან კაცის დაძახება, მაშინ, როცა თვითონ არ იცის რას ეძახის საკუთარ თავს, პრობლემაა.
ეს ტესქტი ძალიან დისკრიმინაციულია ინტერსექსი ადამიანებისა და ქალების მიმართ – ბიოლოგიურ საფუძველზე ცდილობენ გაამყარონ ის გენდერული სტერეოტიპები, რაც ისედაც მყარად გვაქვს საზოგადოებაში. ამას ნამდვილად არ უნდა ვაწვდიდეთ ბავშვებს მაშინ, როცა მეცნიერებასა და ბიოლოგიაზეა საუბარი.

მიუთითებს ეს ფაქტი იმაზე, რომ გრიფირებულ სახელმძღვანელოების კონტენტს ნაკლებად აკონტროლებს სამინისტრო?

შეიძლება ვიღაც კითხულობს კიდეც ამ ტექსტებს, მაგრამ მე კითხვის ნიშნები მიჩნდება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამოწმებს კონტენტს. ეს იმის ბრალია, რომ ექიმი იქნება თუ მეცნიერი, ცოდნის განახლებას არ ახდენენ და ძირითადად საბჭოთა ეპოქაში მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას ეყრდნობიან.

რუსული წყაროების სიმრავლეც ამაზე მიუთითებს?

სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენ ხშირად არ ვაჯერებთ წყაროებს. რუსული წყაროები თავისთავად დიდი ბოროტება არ არის, რადგან ბევრი რუსული წყაროა, რომელიც იძლევა ადეკვატურ და სწორ ინფორმაციას, მაგრამ არის ტენდენცია, რომ საბჭოთა რეალობიდან წამოსულ ადამიანებს უფრო მეტი ნდობა აქვთ რუსული წყაროების მიმართ შენარჩუნებული და არ ამბობს რევოლუციურად განსხვავებულს იმისგან, რაც ჩვენ გვჯერა. ამიტომ კითხვის ნიშანი მაქვს იმ ადამიანების ცოდნასთან და კომპეტენციასთან, რომლებიც ამგვარ ტექტებს ამოწმებენ და შემდეგ გრიფი ედება.

Exit mobile version