საეჭვო შესყიდვა – რა გზით დაუშვეს კომპანია „ოაზისი“ ბულვარში?


ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კერძო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციამ საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვაზე კითხვები გააჩინა. კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ პროცესი არასწორად მიმდინარეობს.

ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და   კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე ხელშეკრულება [თანხა 240 ათასი ლარი] გამარტივებული შესყიდვის წესით, ყოველგვარი ტენდერისა თუ კონკურსის გარეშე, შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისთან“ 2015 წლის 7 ოქტომბერს გააფორმა.

ბულვარის ადმინისტრაციას თანხმობა, რომ „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“ აღნიშნული შესყიდვა განეხორციელებინა  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ერთი დღით ადრე, 6 ოქტომბერს მისცა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბულვარის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ იყო გადაუდებელი აუცილებლობა და საზოგადოებრივი საჭიროება. თუმცა, ეს დრო,  დაახლოებით რვათვიანი პერიოდი, შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ პერიოდად, როცა ბულვარის ადმინისტრაციას შეეძლო მოეხდინა სატენდერო პროცედურების წარმოება და ისე გამოევლინა გამარჯვებული კომპანია. რადგან ასე არ მოხდა, ეს ბადებს ეჭვს, ხომ არ გვაქ საქმე საბიუჯეტო რესურსის არარაციონალურ გამოყენებასთან. ამასთან, ვფიქრობთ, რომ ეს შესყიდვა, არ არის კანონის დარღვევა ცალსახად და უხეშად, მაგრამ არის კანონის ნორმის არასწორი ინტერპრეტირება, რამაც ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანა“, – აცხადებს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.

ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების საერთო კომისია ბულვარის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 9 ივნისს შექმნა. თუმცა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა ამბობს, კონცეფციისთვის თანხა წლის დასაწყისში   ბიუჯეტში უკვე იდო: „როდესაც აჭარის 2015 წლის ბიუჯეტში აღმოვაჩინეთ, რომ იყო ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციისთვის თანხა ჩადებული, მას შემდეგ დავიწყეთ კომუნიკაცია „ბათუმის ბულვართან“, რომ დროულად ყოფილიყო შესაძლებელი ინფორმაციის გავრცელება და ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ, მიეღოთ კონკურსში, თუ ტენდერში მონაწილეობა.  გადავამოწმეთ და 120 ათასი ლარი საკმარისი იყო კონცეფცია დაწერილიყო, თუმცა, ტენდერის გზით წავიდოდა თუ კონკურსის გზით, იმ დროს ბათუმის ბულვარს არ ჰქონდა გადაწყვეტილი და კომისიის შექმნას ელოდებოდნენ“.

ივნისში შექმნილმა კომისიამ ბულვარის კონცეფციისა და ტოპოგრაფიული გეგმის ტექნიკური პირობები 17 სექტემბერს [N2 ოქმი] დაამტკიცა. კომისიამ ასევე დაადგინა, რომ სსიპ „ბათუმის ბულვარმა“ „საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

ბულვარის ადმინისტრაციის მიერ, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, „ჩატარებული კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე მოძიებულ იქნა სამი კომპანია, რომლებსაც დაეგზავნა ტექნიკური პირობები და ეთხოვათ წარმოედგინათ ინფორმაცია მომსახურების განხორციელების ღირებულების შესახებ“. თუმცა, რა კვლევები და გამოკითხვები იქნა ჩატარებული, მიუხედავად „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მოთხოვნისა, ბულვარის ადმინისტრაციამ ვერ წარმოადგინა.

ადმინისტრაციამ ტექნიკური დავალება სამ კომპანიას ელექტრონული ფოსტით დაუგზავნა. ეს კომპანიები და მათ მიერ შემოთავაზებული თანხებია: „ევო ბილდი“ [300 ათასი ლარი]; „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისი“ [240 ათასი ლარი] და „არქ მასტერი“ [305 ათასი ლარი].

ბულვარის ადმინისტრაციის წერილი

„პრობლემა არის იმაში, თუ საიდან შეარჩიეს ეს სამი კომპანია. არც მოგვწერეს თუ რატომ ეს სამი და რატომ გაკეთდა აქცენტი მხოლოდ თანხაზე. ამ შემთხვევაში კრიტერიუმი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ფასი, არამედ გამოცდილება, პროექტები, რომლებიც გაუკეთებია ამა თუ იმ ორგანიზაციას, ვის მოიწვევ  –  ექსპერტებს, სპეციალისტრებს, სად და როდის იქნება საზოგადოებისა თუ პოტენციური ინვესტორების ჩართულობა კონცეფციაზე მუშაობიასას – ეს არ ჩანს. ასეთი მეთოდოლოგია ვერ წარმოადგინეს“, – აცხადებს ნათია აფხაზავა.

რაც შეეხება კონცეფციაზე მუშაობას და ე.წ. საჯარო განხილვებს, ნათია აფხაზავა თვლის, რომ პროცესი არ მიმდინარეობს სწორად: „როცა არ გაქვს კვლევითი სამუშაოები ჩატარებული, არ გაქვს სიტუაციური ანალიზი გაკეთებული,  მოლოდინები/გამოწვევები არ არის შესწავლილი და ამ ყველაფრის გარეშე ქმნი ვიზუალიზაციას [რაც უკვე წარმოადგინეს], ბუნებრივია, შენიშვნები და კომენტარები იქნება უარყოფითი. ვიზუალიზაცია არის შედეგი. სტრატეგიის დაწყება შედეგით კი კითხვებს ბადებს“.

„ეს კითხვები, რაც ჩვენ გვაქვს, უნდა ჰქონდეს ბულვარსაც. სამწუხაროდ, ისინი მოპასუხეებად გვევლინებიან. რა პროდუქტს დადებს კომპანია და სად არის ჩვენი მონაწილეობა ამ შემთხვევაში, კომპანიიდან უნდა ვღებულობდეთ პასუხებს და არა სახელმწიფო უწყებებიდან“, – ამბობს ნათია აფხაზავა. მისივე განცხადებით, პირველი პრობლემა არის ის, რომ კონცეფციაზე მომუშავე კომპანიის გამოვლენა მოხდა არასწორი გზით: „როცა წლის დასაწყისში გაქვს თანხა და სექტემბერში ამბობ, რომ დრო არ გყოფნის ტენდერის გამოსაცხადებლად, ეს არის ბიუჯეტის ხარჯვის არასწორი დაგეგმარება [არსებულ ხელშეკრულებაში  საზღვარიც არ არის დაზუსტებული – რა ფართობზე უნდა გაკეთდეს კონცეფცია. ვიზუალურად მხოლოდ „ძველ ბულვარს“ მოიცავს, ძირითადი იდეა კი კონცეფციისა ის იყო, ახალი და ძველი ბულვარის ინტეგრირების საკითხი გადაწყვეტილიყო]. და მეორე – დიდი მნიშვნელობა აქვს რა კრიტერიუმით უდგები საქმეს. არ არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც არც მოუთხოვია დამკვეთს. პრობლემაა, როცა სხვა კომპანიებს არ აგებინებ ინფორმაციას, იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც რეალურად შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა. მითუმეტეს მზარდი ბიუჯეტი ჰქონდათ – 240 ათასი ლარი. ბულვარი თვლის რომ ცოტაა, თუმცა მე ვფიქრობ, საკმაო თანხაა კონცეფცია და ტოპოგრაფიული რუკა გაკეთდეს“.

„შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამ თანხის ქვემოთ არც ერთი კომპანია არ დათანმხმდებოდა ასეთი სამუშაოების შესრულებას, მაგრამ ყველა იმ კითხვას,  რაომელიც შესაძლოა გაჩნდეს დაინტერესებული პირის მხრიდან, უნდა ჰქონდეს ობიექტური პასუხი და ეს ობიექტური პასუხი იქნებოდა ტენდერი. ამ შემთხვევაში კი ვერ ვიტყვით იმას, რომ კანონის მოთხოვნები ბულვარის ადმინისტრაციამ ზედმიწევნით შეასრულა. იმის ნაცვლად, კონკურენტუნარიან გარემოში საუკეთესო კანდიდატი შეგვერჩია და უფრო მეტი პირი ჩაგვერთო ბულვარის კონცეფციის განვითარებაში [თუ ამის საჭიროება იდგა ნამდვილად], ამ ეტაპზე მივიღეთ მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანია, რომელსაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტი კომერციული ინტერესები აქვს“, – აცხადებს გიორგი ხიმშიაშვილი.

ბულვარის ადმინისტრაციას, „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისთან“ ხელშეკრულების გაფორმების არგუმენტად ფასის გარდა ის ინფრასტრუქტურული პროექტი [„დრიმლენდ ოაზის ჩაქვი“] მოყავს, რომელსაც ეს კომპანია ახორციელებს.

„დრიმლენდ ოაზისის“ მმართველი კომპანია შპს „საქტურკურორტია“, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიის მფლობელობაშია ჩაქვში სანატორიუმ-სასტუმრო „ოაზისი“, რომლის გარშემოც ხდება კომპლექს „დრიმლენდის“ განვითარება.

„სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის“ 100% წილს ფლობს „საქტურკურორტი“. თავის მხრივ, „საქტურკურორტის“ 91,7%-ს ფლობს ავსტრიული კომპანია „ალბერეტა“, ხოლო 8,3%-ს ნათია ბუკია.

„დრიმლენდ ოაზისის“ ვებგვერდზე მითითებულია, რომ „დრიმლენდ ოაზისი“, „ბანკ ქართუსთან“ ერთად, იპოთეკური სესხის საუკეთესო პირობებს სთავზობს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებს.

ბათუმის ბულვარს დოკუმენტების მიხედვით [2 ნოემბრის მდგომარეობით], „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისისთვის“ ავანსად უკვე გადარიცხული აქვს 96 ათასი ლარი. კომპანიისთვის კი საბანკო გარანტია „ბანკ ქართუს“ აქვს გაცემული.

„ოაზისმა“ ბათუმის ბულვარის კონცეფციისა და ტოპოგრაფიული გეგმის სრული ვერსია 2016 წლის 16 მაისამდე უნდა წარმოადგინოს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com