ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია 2 მილიონზე მეტი დოლარითაა დაჯარიმებული


ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე  ხელშეკრულება ტენდერისა და კონკურსის გარეშე გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც ნასყიდობის სხვა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, ადრე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაჯარიმებული ჰყავს. საუბარია შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისზე“.

კომპანიას მაშინ ჯარიმა აპატიეს, თუმცა პირობები მაინც ვერ შეასრულა, რის გამოც გაუცოცხლდა ძველი და დაეკისრა ახალი საჯარიმო სანქციები.

ბულვარის კონცეფციასთან დაკავშირებით შექმნილი კომისის წევრის, მირანდა ჩარკვიანის განცხადებით, კომპანიის შერჩევაში კომისიაც მონაწილეობდა. თუ რა კრიტერიუმით შეირჩა „სანატორიუმი სასტუმრო ოაზისი“? – „ბათუმელების“ კითხვაზე ჩარკვიანმა ასეთი პასუხი გასცა – „მე სპეციალურად ჩავედი ჩაქვში და ვნახე მათი გაკეთებული პროექტი. მე ვნახე ლანდშაფტურ დიზაინს როგორ უყურებენ“. თუმცა, იქვე განაცხადა, რომ ის არ არის ლანდშაფტის სპეციალისტი.

მომდევნო კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა ამ კომპანიის საქმიანობით, რომ იყო დაჯარიმებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მირანდა ჩარკვიანმა გვიპასუხა, რომ ამითი არ დაინტერესებულა: „მე მაინტერესებს რა პროდუქტს ქმნის და ბულვარში რას შემოგვთავაზებს“.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ მართვის უფლებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზეა გადაცემული. ბულვარის კონცეფციასთან დაკავშირებით შექმნილი კომისის წევრები, მირანდა ჩარკვიანის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ, კომისიას კი უშუალოდ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარეობდა.

სახელმწიფო აუდიტის  [2014 წლის პერიოდის, N7/105] ანგარიშის მიხედვით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში: „ადგილი აქვს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არათავისდროული და არასათანადო კონტროლის დაწესების ფაქტებს. მაგალითად, შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისს“ ნასყიდობის ხელშეკულების პირობების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო სანქციები, 2013 წლის 17 ოქტომბრის შეთანხმების აქტის თანახმად ჩამოეწერა, ვალდებულების სრულად და დროულად შესრულების პირობით.

ვალდებულებები არ შესრულებულა, რის გამოც გაუცოცხლდა ჩამოწერილი და დაეკისრა ახალი საჯარიმო სანქციები, რამაც 2015 წლის 15 იანვრის მდგომარეობით 2 მილიონ 380 ათასი აშშ დოლარი და 832 ათას 800 ლარი შეადგინა. ზემოთ აღნიშნული თარიღიდან ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები აუდიტის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი“.

აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე, რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ზეპირი განმარტება ვერ მიიღო. სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ კითხვებზე პასუხებს წერილობით მოგვაწვდიან.

„ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემდეგი კითხვებით მიმართა:

  1. რა პირობების დარღვევისთვის და როდის დაეკისრა საჯარიმო სანქციები შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისს“ და რა ოდენობით?
  2. რა ღონისძიებები გაატარა სამინისტრომ აღნიშნული კომპანიის მიმართ დარიცხულ საჯარიმო სანქციებთან [რამაც 2015 წლის 15 იანვრის მდგომარეობით 2380,0 ათასი აშშ დოლარი და 832,8 ათასი ლარი შეადგინა] დაკავშირებით? გადაიხადა ჯარიმა კომპანიამ [თუ კი, რამდენი და როდის]? თუ კვლავ ჩამოეწერა [რამდენი, რის საფუძველზე და რა პირობით]?
  3. რატომ მოახდინა სსიპ „ბათუმის ბულვარმა“ ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის გზით და რატომ არ მოხერხდა ტენდერის ან კონკურსის გამოცხადება?
  4. რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისი“, რომელთანაც გაფორმდა კიდეც ზემოაღნიშნული მომსახურების [ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარება] გაწევაზე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება?

შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა, 24 დეკემბრიდან ცალკე იურიდიულ კომპანიად აღარ არსებობს. სამი კომპანიის შერწყმა/რეორგანიზაციის შემდეგ ახალი კომპანია – შპს „დრიმლენდ ოაზისი“ მუშაობს. სწორედ ამ სახელწოდების პროექტი ხორციელდება ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ ირგვლივ.

25 დეკემბერს, ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან.

გამაფრთხილებელი აქცია ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად. ბათუმი, 25 დეკემბერი, 2015 წ.

გამაფრთხილებელი აქცია ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად. ბათუმი, 25 დეკემბერი, 2015 წ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com