უფლებები ყვავილების ნაცვლად

„ჩვენ არ გვინდა ყვავილები, ჩვენ გვინდა უფლებები“, „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, „კაცები ქალების უფლებებისთვის“ – ამ და სხვა შინაარსის პლაკატები გამოფინეს დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ახალგაზრდებმა.

DSCN8211

აქცია-კონცერტი, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეთა თქმით, რვა მარტი არის არა ქალებზე ყვავილების ჩუქების, არამედ  ქალთა უფლებების დაცვის დღე  და საზოგადოებას შეახსენებს, რომ ქალების როლი გაცილებით დიდია საზოგადოებრივ საქმეში.

DSCN8231

სტატისტიკური მონაცემებით,  საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებლი გაზრდილია, ბოლო წლებში ათეულობით ქალი მოკლეს ოჯახში ძალადობის შედეგად. საქართველოში კვლავ აქტუალურია ისეთი პრობლემები, როგორიცაა: არასრულწლოვან გოგონათა იძულებითი ქორწინება, განათლების ხელმისაწვდომობა და ქალთა მიმართ ძალადობა. საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა. 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ VII-IX კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

 

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ქალთა ფემიციდის მზარდი სტატისტიკა შემაშფოთებელია: „ქალთა მკვლელობების ფაქტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წელს 62%–ით მეტი ქალი იქნა მოკლული, მათ შორის 57%–ით მეტი მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობის შემთხვევა მოხდა, ხოლო ოჯახში ჩადენილი დანაშაული ქალის მიმართ (მკვლელობა) 53%–ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით“.  ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები აქტიურად იბრძვიან იმისთვის, რომ  უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი როგორც  საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.

 

DSCN8209

 

„სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აირიდა“ – იურისტი ბათუმში უკანონო მშენებლობაზე

იურისტის განმარტებით, დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში განახლებულ უკანონო მშენებლობაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მოეხდინა და საქმის გარკვევამდე მშენებლობა შეეჩერებინა, რადგან იგივე კომპეტენცია მერიის ზედამხედველობის სამსახურს არ აქვს. საიას იურისტი ამბობს, რომ „სახელმწიფომ დღეს პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის იურისტის, ანა მდინარაძის განმარტებით, „ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს არ აქვს უფლებამოსილება, გააჩეროს მშენებლობა. შეუძლია გასცეს მითითება და მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ეს ეფექტური მექანიზმი ვერ იქნება, რადგან დროშია გაწელილი. ამ შემთხვევაში ზოგად ადმინისტრაციული კოდექსით, ადმინისტრაციულ ორგანოებს აქვთ ერთმანეთისადმი დახმარების ვალდებულება. კარგი პარალელი იქნება ციხისძირის თემა. მივიდა იქ საპატრულო, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და პროცესი გაჩერდა.

ვიდრე სასამართლოს მიმართავენ და დაიწყებოდეს პროცესი, ეს კი დროში საკმაოდ გაწელილი თემაა, მანამდე უმჯობესი იქნება, თუ მიმართავენ ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოისაზღვრება ეს ტერიტორია და არ განხორციელდება სამშენებლო სამუშაოები. მე მიმაჩნია, რომ ასე უფრო ეფექტური იქნება ამ პროლემის მოგვარება.

რადგან დღეს ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში იმყოფებოდა პოლიცია და მშენებლობა არ შეჩერდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფომ არ მოახდინა რეაგირება. სახელმწიფო ორგანოებმა თავიდან მოიშორეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიცით, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრეულია და აღარ არსებობს. ასევე, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. მართალია, დღეს მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩართული იყო პროცესში, მაგრამ შედეგებით უნდა ავხსნათ, რომ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფაქტს აქვს ადგილი“.

დღეს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13 – ში შპს „სლავა 2015“ – მა სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გარეშე განაახლა. მანამდე ამავე კომპანიამ ნებართვის გარეშე დაანგრია ამ ადგილზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რის გამოც კუტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კომპანიას უჩივლა. დღეს ვაჟა-ფშავალას 13- ში მშენებლობა ნებართვის გარეშე განაახლეს, ადგილზე იმყოფებოდა როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე კრიმინალური პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახური – მშენებლობის შეჩერება ვერც ერთმა უწყებამ მოახერხა. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს, რაზეც შეტყობინება გადაგზავნილია აღსრულების ბიუროში.

„სლავა 2015“-მა საპატრულო პოლიციისა და ზედამხედველობის სამსახურის მობილიზების პირობებში დაასრულა საძირკვლის ჩასხმის სამუშაო.

ჟილინის არხის რეკონსტრუქცია [ფოტო]

ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და შპს „მშენებელი 80“-ს შორის 2015 წლის მარტში გაფორმდა 6 317 776 ლარსა და 90 თეთრზე. გასული წლის 2 ნოემბერს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სახელშეკრულებო ღირებულება შემცირდა 6 592 ლარითა და 75 თეთრით. თანხის შემცირების მიზეზი არხის სარეკონსტრუქციო პროექტში შეტანილი ცვლილებები გახდა.

ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია ხელშეკრულების მიხედვით 2016 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით შესაძლებელია სამუშაოები აღნიშნულ ვადაზე ადრეც დასრულდეს.

ჟილინის არხი
ჟილინის არხი აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ ბეტონის გვირაბში. დაახლოებით ამ ადგილიდან წრიულამდე [კობალაძის ქუჩის ბოლო – აღმაშენებლის დასაწყისი] არხის 150 მეტრიან მონაკვეთზე აქვს კომპანიას სამუშაოები ჩასატარებელი. გვირაბის დაფარვა საკანალიზაციო ქსელის მოუწესრიგებლობის გამო ვერ ხერხდება.

 

ჟილინის არხი
ჟილინის არხი აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ ბეტონის გვირაბში. მიმდებარე ტერიტორიაზე ფეკალური მასები ღიად ჩაედინება. ადგილი ერთგვარი ნაგავსაყრელადაცაა ქცეული.

 

ჟილინის არხი
ჟილინის არხი აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ ბეტონის გვირაბში.

 

ჟილინის არხი
აქ ადრე ჟილინის არხში წყალი ღიად მიედინებოდა, ამჟამად ის ბეტონის გვირაბშია მოქცეული. ტერიტორიის მოასფალტება იმ მიზეზითაა შეჩერებული რომ ამ უბანში საკანალიზაციო, სანიაღვრე და წყლის სისტემებია მოსაწესრიგებელი [ინასარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია]
მშრალი ხიდი ჟილინის არხი
„მშრალი ხიდი“ . მე-14 სკოლის მიმდებარედ. ამ ხიდის ქვეშ ჟილინის არხი ბეტონის გვირაბშია მოქცეული.

 

ჟილინის არხი
ჟილინის არხის ამ მონაკვეთში [ზღვასთან ახლოს] აუცილებელია არხის დაღრმავება 1,5 მეტრით მაინც. „მშენებელი 80“-თან დადებული ხელშეკრულებით კი ამ მონაკვეთში სამუშაოების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.
ჟილინის არხი
„ბათუმელების“ ინფორმაციით ამ ადგილზე უნდა მოეწყოს სატუმბი სადგური, რომელშიც ასევე მოხდება წყლის გაფილტრვაც და ისე ჩაშვება ზღვაში, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მერიას აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული არ აქვს.

 

ჟილინის არხი
ჟილინის არხი ზღვის შესართავთან ახლოს. არხის რეკონსტრუქცია ზღვის შესართავთან ამ ეტაპზე არ იგეგმება.

 

ჟილინის არხი
ჟილინის არხისა და ზღვის შესართავი ახალ ბულვართან

 

ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე ტენდერი ბათუმის მერიამ ბოლოს 2015 წლის 4 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

როგორ მოხდება ჟილინის არხის რეკონსტრუქცია
„ჟილინის არხის“ ერთ-ერთი ინვესტორი დააკავეს
სუნი და ანტისანიტარია ღია არხებიდან
ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

ვინ და რატომ სცემა ბათუმის ვიცე-მერს

ბათუმის ვიცე-მერს, ბაგრატ მანველიძესა და ახალგაზრდა მამაკაცს – ზ.ჭ.-ს შორის მომხდარ ინციდენტს “ბათუმელებთან” ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე ადასტურებს, თუმცა არ ადასტურებს ცემის ფაქტს: „მცემა? – მცემა ის ხომ არ არის. არა კაცო, რა მცემა. კონფლიქტი ნამდვილად იყო, დაურეკეთ პოლიციის პირველ განყოფილებას. მე საჭესთან ვარ, თბილისში მივდივარ და ვერ გიპასუხებთ”.

რა იყო კონფლიქტის მიზეზი? – ბათუმის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კონფლიქტი ბაგრატ მანველიძის სამსახურებრივ საქმიანობას არ უკავშირდებოდა. ვიცე-მერი მოდიოდა სამსახურში და ინციდენტი მოხდა ქუჩაში”, – თქვეს პრესცენტრში.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბაგრატ მანველიძემ ზ.ჭ-ს შეაგინა, რის შემდეგაც მამაკაცმა ვიცე-მერს გაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ზ.ჭ-ს აღკვეთ ღონისძიებად სასამართლომ შეუფარდა სათანადო ქცევის ხელწერილი”, რასაც ასევე სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურა ასაჩივრებს. პროკურატურა ზ.ჭ-სთვის გირაოს – 3 000 ლარის  შეფარდებას ითხოვს.

ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ნიშნავს ცემას და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 120-180 საათით, ან გამასწორებელ სამუშაოს – ვადით 15 თვემდე.

ბათუმში ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

9 მარტს, 15:00 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

“9 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებენ რუსეთის მიერ უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს უკანონო პატიმრობას. ვუერთდებით ამ აქციას და გამოვხატავთ პროტესტს იმ საქციელის გამო, რომელიც განვითარებული და ცივილური სამყაროსთვის მიუღებელია”, – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.  

აქცია ფეისბუქზე დაიგეგმა.
ნადეჟდა სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედება. ნადია სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. 3 მარტს სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში წყლის მიღებაზეც იტყვის უარს.

9 მარტს, 00:00 საათზე იგივე შინაარსის აქცია იგეგმება თბილისშიც.

სულ სხვა 8 მარტი

საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღესასწაული ძირითადად ქალებისთვის ყვავილების ჩუქებით აღინიშნება. უკარგავს თუ არა მნიშვნელობას ამ დღესასწაულს ქალთა დღის მხოლოდ მსგავსი ფორმებით აღნიშვნა? ამ თემაზე „ბათუმელებმა” კომენტარი გენდერის მკვლევარს, კინომცოდნე თამთა თათარაშვილს სთხოვა.

თამთა თათარაშვილი
თამთა თათარაშვილი

თამთა თათარაშვილი: 8 მარტის სტერეოტიპულად აღნიშვნა აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობას სძენს ამ დღეს, სრულიად საწინააღმდეგოს იმისა, რისთვისაც ეს დღე დაწესდა. საბჭოთა კავშირში ქალთა უფლებები რაღაც ეტაპზე, დაახლოებით 30-იანი წლებიდან, მხოლოდ წარმომადგენლობით, ზედაპირულ საკითხად იქცა და შესაბამისად 8 მარტმაც დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა.

საბჭოთა კავშირში არ მომხდარა მამაკაცთა ემანსიპაცია. კი, ქალები გავიდნენ სახლიდან, დაიწყეს მუშაობა, მაგრამ საქმეზე, რომელიც დარჩა სახლში: ოჯახზე, ბავშვებზე, არ გაინაწილა პასუხისმგებლობა მამაკაცმა და ქალი ორმაგად და ხშირად სამმაგადაც დაიტვირთა.

გენდერის მკვლევარები ხშირად ამ ორმაგად დატვირთულ ქალებს „სუპერქალების“ სახელითაც მოიხსენიებენ, რომელიც ყველაფერს ასწრებს. ამის კარგი ილუსტრაციაა ლანა ღოღობერიძის ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, ასეთი სუპერქალების სხვადასხვანაირ სახეთა პალიტრაა წარმოდგენილი ფილმში მთავარი გმირის ჩათვლითაც.

საბჭოთა კონტექსტმა საკმაოდ კარგად მოირგო ნაციონალისტური ხედვებიც, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქალი, იდეოლოგიისთვის მისაღები ქალი, და ასე გაჩნდა თბილისის თავზე ქართლის დედის ქანდაკება, ერთგვარი კვინტესენცია მასკულინიზირებული, ყოჩაღი, მეომარი და ამასთანავე კდემამოსილი, არასექსუალური ქალისა, რომელიც მამულს მეომრებს უზრდის და თავზე ლეჩაქი ხურავს. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. ასეთივე ქვეყნის დედის ქანდაკებები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შეგვიძლია ვნახოთ (სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში).

მე ვფიქრობ, ტრადიციული 8 მარტიც სწორედ ასეთ, იდეოლოგიისთვის მისაღებ ქალებს ეძღვნებათ ხოლმე.

ეს სტერეოტიპი თანამედროვე საქართველოშიც დარჩა, ყველაფერი დავიდა იქამდე, რომ მამაკაცი უნდა გავიდეს დილით და მოუტანოს ქალს ყვავილები და როგორც წესი, ამით ამოიწურება 8 მარტის მნიშვნელობა ჩვენთან. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის მედიასაც. სჯობს მედიამ გამოიყენოს 8 მარტის იდეა და ამ დღეს უფრო მეტად პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება. მაგალითად, ოჯახში ძალადობის საკითხზე, ქალთა შრომითი უფლებების პრობლემებზე და ა.შ.

ბოლო წლებში საქართველოში რამდენიმე ფემინისტურმა ჯგუფმა და ორგანიზაციამ სცადა 8 მარტი არასტერეოტიპულად აღენიშნა და საზოგადოებისთვის შეეხსენებინა, რომ ამ დღეს სხვა მნიშვნელობა აქვს, თუმცა რამდენად წვდება ეს ფართო საზოგადოებას, არ ვიცი.

სასამართლომ ექიმი უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის დააჯარიმა

„ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის“ ექიმი ლ.ა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა.  ექიმის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მას შემდეგ შეადგინა, როცა კლინიკაში 4 თვის ჩვილი – გაბრიელ ხალვაში გარდაიცვალა. ბავშვს კლინიკაში  თავდაპირველად ალერგიული შეტევა დაუდგინდა, ერთი კვირის შემდეგ კი, გაბრიელი მწვავე ვირუსული ინფექციით სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

სააგენტოს  ბავშვის გარდაცვალების მიზეზებზე მოკვლევა ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა ამ პროცესში მან პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, ე.წ. „ემერჯენსში“ უნებართვო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დააფიქსირა.  ექიმი ლ.ა. -ს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს პედიატრიის მიმართულებით, თუმცა მას არ აქვს სერტიფიკატი კონკრეტულად „ემერჯენსში“ მუშაობისთვის.

„არ ვარ წინააღმდეგი ავიღო ეს სერტიფიკატი. ამას სჭირდება 6 თვე, რის დროც აქამდე არ მქონდა. ახალია ეს რეგულაციები“ – უთხრა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს ექიმმა ლ.ა.-მ.

„რეგულაცია ახალი ამოქმედებული არ არის, 2011 წლიდან მოქმედებს ამ კლინიკაში „ემერჯენსი“ – თქვა სასამართლო პროცესზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა ნინო წიკლურმა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ექიმს არ ექნება „ემერჯენსში“ მუშაობის უფლებაც, ვიდრე ის შესაბამის სერტიფიკატს არ აიღებს. ექიმი ლ.ა. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს. მანამდე ექიმმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ემერჯენსში“ სულ 12 ექიმი მუშაობს და არავის აქვს სერიტიფიკატი.

რატომ დაისაჯა შერჩევით მხოლოდ ერთი ექიმი და რატომ არ დაისვა თავად სამედიცინო კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხი? – სამედიცინო რეგულირების სააგენტოში გვითხრეს, რომ  ამ შემთხვევამდე სხვა ექიმიც დაჯარიმდა ამავე კლინიკაში უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის, კლინიკაც დაჯარიმდა და მას გამოსასწორებელი დრო – 6 თვე მიეცა. „ამ დროის გასვლის შემდეგ დადგება ხელახლა კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი ისევ დაფიქსირდება უნებართვო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი“ – უთხრა „ბათუმელებს“ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა ნინო წიკლაურმა.

2011 წლიდან დღემდე რატომ ვერ დააფიქსირა სააგენტომ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები, როცა „ემერჯენსის“ ექიმები შესაბამისი ნებართვის გარეშე მუშაობდნენ – ამ კითხვას ვერ პასუხობს სამედიცინო რეგულირების სააგენტო. კითხვებს არ პასუხობენ სამედიცინო კორპორაცია „ევექსში“, ვისი საკუთრებაც არის „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“.

141 600 ლარი „ახალგაზრდული ცენტრისთვის“ ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 141 600 ლარი გამოყო ახალგაზრდული ცენტრისათვის.

როგორც მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ახალგაზრდული ცენტრი იქნება ინტელექტუალური სივრცე ახალგაზრდებისთვის, თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ პიროვნულ განვითარებას, კონფერენციების მოწყობას და დაეუფლებიან პროექტების წერის ტექნიკას; ხოლო შემდგომ თავად დაწერენ და განახორციელებენ პროექტებს.

ახალგაზრდების მიერ ინიცირებული პროექტების [80 000 ლარი], ტრენინგებისა და სემინარების დასაფინანსებად [15 000] ქვეპროგრამაში გამოყოფილია 95 000 ლარი. ერთი პროქტისთვის  გათვალისწინებული გათვალისწინებული იქნება მაქსიმუმ 8 000 ლარი.

ია შალამბერიძის თქმით, ამ ეტაპზე ახალგაზრდული ცენტრისთვის გამოყოფილი ფართობის სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა მიმდინარეობს. ცენტრი მუშაობას დაიწყებს გაზაფხულის ბოლოსთვის. ცენტრს 100 კვ.მ ფართობი ბათუმის აკვარიუმის შენობაში გამოეყო.

ბათუმის მერიის 2016 წლის ბიუჯეტში ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის 244 600 ლარია გამოყოფილი, რომელიც გარდა ახალგაზრდული ცენტრისა, მოიცავს კიდევ ორ – ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერის [18 000 ლარი] და სტუდენტური საზაფხულო დასაქმების [85 000 ლარი] ქვეპროგრამას.

ორსულთა ბრძოლა (ვიდეო)

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება შრომითი უფლებების ევროპული  სტანდარტების დამკვიდრებას და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას ითვალისწინებს.

შეიცვალა შრომის კოდექსი, თუმცა ცვლილება რომ საკმარისი არ არის, ამას აღიარებს ხელისუფლებაც.

სტატიტიკის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველო ყველაზე ცუდი ქვეყანაა ორსულობისთვის.

ორსული ქალები შრომითი უფლებების დასაცავად მიდიან სასამართლოებში. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი სიუჟეტის გმირია. მან სასამართლო ხელვაჩაურის გამგებელს მოუგო.

 

 

„ბათუმელების“ გადაცემაში „მთავარი თემა“ ორსულთა შრომით უფლებებზე ვსაუბრობთ. პირველ ნაწილში ნახავთ, რა ვითარებაა ამ მხრივ ბათუმის სამკერვალო ფაბრიკებში, სადაც ყველაზე მეტი ქალი მუშაობს. გადაცემის მეორე ნაწილში გავიგებთ, რატომ უწოდებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი „ანომალიურს“ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მთავარი თემის“ პირველ ნაწილში პროფესიული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ილია ვერძაძე და დამსაქმებელთა ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ჭყონია საუბრობენ იმაზე, თუ რა მოცემულობა გვაქვს რეგიონში, რატომ ირღვევა ორსულთა უფლებები, როგორი არის თავად დამსაქმებელთა მზაობა. გადაცემის მეორე ნაწილში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე აფასებს კონკრეტული ფეხმძიმე ქალის ისტორიას, რომლის სასამართლო დავის შედეგმა შესაძლოა, სასამართლო პრაქტიკა შეცვალოს.

ვაჟა-ფშაველას 13 – სახელმწიფო უკანონო მშენებლობას ვერ აჩერებს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, სადაც სამი თვის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა დაანგრია, სამშენებლო სამუშაოები უკანონოდ განახლდა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, თუმცა სამუშაოები არ წყდება. მერის ზედამხედველობის სამსახური ადგილზე კრიმინალური პოლიციის მოთხოვნით მივიდა.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მერიას ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ნებართვა არ გაუცია, თუმცა უშუალოდ მათ არ შეუძლიათ სამუშაოების შეჩერება. „საქმე ერთხელ უკვე გადავეცით სააღსრულებლო ბიუროს და კიდევ გადავცემთ, სამუშაოები მათ უნდა შეაჩერონ“ – ამბობენ ზედამხეველობის სამსახურის თანამშრომლები.

უკანონო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას 13-ში
უკანონო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას 13-ში

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი, მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას აცნობა პოლიციას ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო სამუშაოების შესახებ, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ნებართვებს წარადგენენ, საპატრულო პოლიციას კი სამუშაოების შეჩერების უფლება არა აქვთ.

სამშენებლო ობიექტზე გამოკრული არ არის სამშენებლო დაფა, რასაც მშენებელ კომპანიას კანონი ავალდებულებს.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს საბოლოო დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ისე, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015″ 10 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა საქმეს იძიებს პროკურატურაც.

ვაჟა-ფშაველას #13, სახლის დემონტაჟი
ვაჟა-ფშაველას #13, სახლის დემონტაჟი

ამავე თემაზე:

საუკუნის სახლი ბათუმში, რომლის დანგრევასაც აპირებენ [ფოტო]

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმეს

მირანდა ჩარკვიანი ვაჟა-ფშაველას #13-ზე: შესაძლოა უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო საჭირო

ვაჟა-ფშაველას #13-ში საძირკვლის ჩამოსხმის სამუშაოები დაიწყეს

IMG_6998ბათუმში, ვაჟა ფშავალას #13-ში, სადაც კერძო კომპანიამ, “სლავა 2015”-მა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უკანონოდ დაანგრია, დღეს დილიდან შენობის საძირკვლის ჩამოსასხმელი სამუშაოები უკანონოდ განაახლა.

“ბათუმელებმა” სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ აცნობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს. მირანდა ჩარკვიანმა თქვა: „ კიდევ ერთხელ გავაგზავნე შეტყობინება პოლიციის მესამე განყოფილებაში. სხვა ვერაფერს ვიზამ, საძირკველში ხომ ვერ ჩავწვები, რომ იქვე ჩამაბეტონონ”.

ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მათ არაფერი იციან და “უფროსის მოსვლას უნდა დაველოდოთ”.

მირანდა ჩარკვიანის განმარტების შემდეგ, “ბათუმელებმა” თავად დარეკა 112-ში. რამდენიმე წუთის შემდეგ სამშენებლო ობიექტიდან “ბათუმელებში” დარეკეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და ითხოვეს ზარის ავტორი ობიექტზე გასულიყო , რათა მას გასაუბრებოდნენ.

IMG_6994ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო სამუშაოებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის იურისტი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ იყო.

ამ ძეგლის დანგრევის გამო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ განცხადებით მიმართა. სწორედ აქედან გამომდინარე იყო სამუშაოები შეჩერებული. ამის მიუხედავად, კომპანია მაინც ახერხებს სამუშაოების გაგრძელებას.

ცოტა ხსნის წინ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარემ, მირანდა ჩარკვიანმა „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ – „თუ უკანონო სამუშაოები გაგრძელდება, ჩვენ კანონმდებლობა საშუალებას გვაძლევს ისევ მივმართოთ სასამართლოს და ჯარიმის ოდენობა გავასამმაგოთ, შემდეგ ისევ და ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერი ტიპის სამუშაო ამ ტერიტორიაზე ექვემდებარება სანებართვო პროცედურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ საჯარიმო სანქციებს”.

ქურდული სამყაროს წევრობის საქმე ბათუმის სასამართლოში

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის საქმეს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. საქმის მასალების მიხედვით, თბილისიდან ბათუმში სტუმრად ჩამოსული გ.მ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა და ფულს სძალავდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობს. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ბრალდებული სხვა პირებთან ერთად, თურქეთის მოქალაქეს სარფის საბაჟოზე ახალშეძენილი მანქანის გადაყვანაში დაეხმარა.

ბრალდებულის ადვოკატის, ნოდარ მგელაძის თქმით, თურქეთის მოქალაქე ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და ის სისტემატურად არჩევდა სხვადასხვა პირს, ვინც საბაჟოზე მანქანის გადაყვანაში დაეხმარებოდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მომსახურებისთვის წინასწარ დაპირებული თანხის აღებას მოითხოვდა და მეტს არაფერს.

დაზარალებულის, ასევე მოწმეთა ჩვენებების მიხედვით კი, გ.მ. თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდა თურქეთის მოქალაქეს და მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა დამატებით 1400 ლარი გადაეხადა.

გ.მ. ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს და 2012 წლის ზაფხულში გათავისუფლდა. დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა რამაზ შავაძემ დასკვნითი სიტყვაც წაიკითხა, სადაც მოპოვებული მტკიცებულებებიდან, მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მოწერილი წერილი გაახმოვანა. წერილში ნათქვამია, რომ გ.მ. პატიმრობის დროს გ.მ. ქურდული სამყაროს წევრად თვლიდა თავს. პროკურატურის მასალებში ასევე მოხვდა ჩაქვში მომხდარი კონფლიქტი, სადაც ბრალდებულის მხარის მტკიცებით, გ.მ. მონაწილეობდა როგორც ქურდული სამყაროს წევრი.

პროკურორმა რამაზ შავაძემ სხდომაზე ნივთმტკიცების სახით, დაკავების დროს ამოღებული ბრალდებულის მობილური ტელეფონი და ჯვარი წარმოადგინა. „ეს არაფერს ნიშნავს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სატელეფონო საუბრებით მტკიცდება ქურდული სამყაროს მიმართ ინტერესი, მაგრამ უარი მივიღეთ ამ ჩანაწერების ექსპერტიზა დამოუკიდებელ ბიუროს ჩაეტარებია“- უთხრა „ბათუმელებს“   ბრალდეულის ადვოკატმა ნოდარ მგელაძემ.  მისი მტკიცებით, გ.მ.-ს დაკავების მიზეზი ხელისუფლების მიმართ წამოსული კრიტიკაა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ ქურდული სამყაროს წევრებს აღარ აპატიმრებს.

დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი შემდეგ სხდომაზე მოისმენს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გ.მ.-ს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

 

ცოლის ცემაში მხილებული სასამართლოს დარბაზში დააკავეს

„სხვა დროს სასამართლო ასეთი ლმობიერი აღარ იქნება“ – ამ ფრაზით დაასრულა დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სხდომა. მან ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულ ს.ს.-ს 3 თვით პატიმრობა და 100 საათის ოდეობით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა. მოსამართლის მოთხოვნით, ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებული პირი მანდატურებმა სასამარლოს დარბაზშივე დააკავეს.

საქმის მასალების მიხედვით, ს.ს.-მ ცოლს რამდენჯერმე სცემა. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა ს.ს., როცა მან ცოლი ხელახლა სცემა. „მიგვაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნას მკაცრი სასჯელი, რადგან გამოსაცდელი ვადის პერიოდში მოხდა დანაშაულის ჩადენა“- აღნიშნა დასკვნით სიტყვაში პროკურორმა გიორგი რამიშვილმა.

დაცვის მხარის ადვოკატმა – დავით კეკელიძემ სასამართლო სხდომაზე ს.ს.-ს ცოლის წერილი წაიკითხა: „არ მოვითხოვ მის დასჯას, რადგან დავრჩი უმუშევარი და ახლა ერთადერთ მარჩენალს წარმოადგენს ჩემი მეუღლე“- წერს ძალადობის მსხვერპლი. ამავე წერილის მიხედვით, ცოლ-ქმარი შერიგდნენ და ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი.

„ეს აღარ განმეორდება. სასამართლო უნდა იყოს ჰუმანური და როგორც შეგიძლიათ, შემიმსუბუქეთ სასჯელი“ – მიმართა ოჯახურ ძალადობაში მხილებულმა მოსამართლე დავით მამისეიშვილს სხდომის დასრულებამდე.

6432 ავტოსაგზაო შემთხვევა და 602 დაღუპული გასულ წელს

გასული, 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ადგილი ჰქონდა 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევას, ხოლო ამ შემთხვევების შედეგად 602 ადამიანი დაიღუპა და 9 187 დაზარალდა. გასულ წელს 229 ავტოსაგზაო შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული.

12837355_1119259598093141_334174036_o
მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა

 

12825154_881583781963402_336668878_n

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე / 7 მარტი 2016 /ფოტო: „ბათუმელები“

კონკურსი ფილმის პოსტერების შესაქმნელად

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს, ევროკავშირის კინოფესტივალის 2016 წლის მონაწილე ფილმებისთვის პოსტერების შესაქმენლად.

კონკურსანტებმა ევროკავშირის 2016 წლის კინოფესტივალზე საჩვენებელ ფილმებზე (იხილეთ ჩამონათვალი) უნდა შექმნან პოსტერები (ერთი ან რამდენიმე).

„გამოვლიდნება ორი გამარჯვებული. ერთ-ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური (პრიზი 200 ევრო), ხოლო მეორე გამარჯვებულად დასახელდება ის, ვინც მეტ ფეისბუკ მოწონებას დაიმსახურებს (პრიზი 50 ევრო)“-ნათქვამია განცხადებაში.

კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: eucontest2016@gmail.com

პოსტერების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 მარტი.

C ჰეპატიტის მკურნალობისთვის ახალი პრეპარატი „ჰარვონი“ შემოაქვთ

მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა,რომ პროგრამაში ამ რაოდენობის ადამიანის ჩართვა იძლევა იმედს, რომ საქართველო ახლო მომავალში, С ჰეპატიტის გარეშე იქნება.

 
„ძალიან სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა ასეთი წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები, რომლებიც არიან ამ პროგრამაში ჩართული უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში აპირებენ ამ პროგრამაში ჩართვას. სასიხარულოა, რომ არის პრეპარატი „ჰარვონი“, რომელიც რევოლუციურია ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ეს პრეპარატი არის კომპანია „გილეადის“ მიერ მოწოდებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, სამინისტროს მთელ გუნდს, ექიმ ინფექციონისტებს, ასევე იმ პაციენტებს,ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ და გამოცდილებას უზიარებენ სხვებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ამერიკის მთავრობას და კომპანია “გილეადს” საქართველში, რომელმაც პრეპარატი “ჰარვონი” შემოიტანა საქართველოში.


„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის ამ პროგრამაზე 2 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება. სწორედ ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების მთავრობას და ელჩს საქართველოში. ასევე კომპანია „გილეადს“, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება რაიმე სახით ოცნებაც კი ამ პრობლემის გადაჭრაზე. დღეს უკვე 7 000 მეტი პაციენტი გახლავთ ჩართული ამ პროგრამაში და 3 000-ზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა. 90%-ის შემთხვევაში წარმატება იქნა მიღწეული. ეს ძალიან იმედის მომცემია. ამ ახალი პრეპარატის შემთხვევაში წარმატების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აქცია-კონცერტი ქალთა უფლებების დასაცავად

ხვალ 8 მარტს,  ბათუმში ევროპის მოედანზე „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ინიციატივით 16:00 საათზე, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია-კონცეტი გაიმართება.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქციის მიზანია შეახსენოს საზოგადოებას, ქალთა საერთაშორისო დღის რეალური იდეა – ქალთა დღე არ შექმნილა ყვავლების ჩუქებისთვს, 8 მარტი ქალთა უფლებებისთვის ბძოლის დღეა.

 

„საქართველოში კვლავ აქტუალურია ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასრულწლოვან გოგონათა იძულებითი ქორწინება, განათლების ხელმისაწვდომობა და ქალთა მიმართ ძალადობა.
საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა.
2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
საქათველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ქალთა ფემიციდის მზარდი სტატისტიკა შემაშფოთებელია: „ქალთა მკვლელობების ფაქტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წელს 62%–ით მეტი ქალი იქნა მოკლული, მათ შორის 57%–ით მეტი მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობის შემთხვევა მოხდა, ხოლო ოჯახში ჩადენილი დანაშაული ქალის მიმართ (მკვლელობა) 53%–ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით“.

 

აქტივობა ხორციელდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

განათლების სამინისტროს პროგრამა უცხოეთში სწავლის დასაფინანსებლად

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ  სწავლის დასაფინანსებლად.
 დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს აკრედიტებულ საგანმანათლებლო  დაწესებულებებში  სამაგისტრო  და  სადოქტორო პროგრამებზე სწავლა.
„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე   განთავსებულ  ზოგადსაგანმანათლებლო   დაწესებულებაში“- წერია სამინისტროს განცხადებაში.
ქვეპროგრამის მონაწილე სწავლებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით  ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 12 500 ლარის ოდენობით.  აღნიშნული დახმარება გაიცემა 2016 – 2017 სასწავლო   წლის  შემოდგომის  სემესტრის  ხარჯების  დაფარვის  მიზნით.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.
პროგრამა ხორციელდება  „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის  ფარგლებში.
სამინისტროში საბუთების მიღება საზღვარგარეთ სწავლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იწარმოებს 2016 წლის 10 მარტიდან  10 მაისის ჩათვლით.

ბულვარში მიმდინარე სამუშაოები 15 მაისამდე დასრულდება

ბულვარიბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის პირველ ნახევარში, სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის ირაკლი კოტიას განცხადებით ძველ ბულვარში ორ ალეაში სამუშაოები ხელშეკრულებით 15 აპრილამდე უნდა დასრულდეს, პარალელურად კი დაიწყება მესამე [შუა] ალეას აღდგენის სამუშაოები რისთვისაც ჯერ ტენდერი გამოცხადდება.

IMG14527„შუა ალეას აღდგენაზე პროექტი შეთანხმებულია ბათუმის მუნიციპალიტეტთან და გადაგზავნილი გვაქვს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. ამ ეტაპზე ველოდებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან სანებართვო მოწმობას, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს. შუა ალეას აღდგენა სადღაც 5 მაისამდე მაინც უნდა დასრულდეს.“ – განაცხადა ირაკლი კოტიამ.

რაც შეეხება ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ფილების დაგებას, აქ სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეიდან ორ კვირაში მთლიანად დასრულდება.

ირაკლი კორტიას თქმით საზაფხულო სეზონის განმავლობაში რაიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ბულვარში არ იგეგმება. სეზონის დაწყებამდე, დაახლოებით მაისის შუა რიცხვებამდე კი მიმდინარე სამუშაოები აუცილებლად უნდა დასრულდეს.

ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ამჯერად მათი დაკვეთით მთლიანად შეიცვალა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, ასევე ელექტროგაყვანილობები. დაიგება დეკორატიუული ფილები. უახლოეს დღეებში შეიღებება ველობილიკები, ამორტიზებულის ნაცვლად ახალი ტრენაჟორები დამონტაჟდება ახალ ბულვარში „ჟილინის არხთან“. მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისთვის ბულვარი სხვადასხვა სახის ფილებსაც შეიძენს [დაზიანებულის შესაცვლელად].

IMG14552
ბულვარში არსებული კლასიკური [ძველი, 3 მეტრიანი] საბაღე სკამებიც კაპიტალურად გარემონტდება. ასეთი სკამი ბულვარში 260 ცალია [200 ხის ფერი, ხოლო 60 მწვანე]

6 თვის ბარბარე შიმშილის ზღვარზე

ოთახში სამი ძველი საწოლი დგას, კუთხეში კი ძველებური აკვანია, რომელშიც ექვსი თვის ბარბარე წევს. გოგონა ისეთი გამხდარია, ძლივს ჩანს მტკიცედ გადაჭერილ არტახებში. ბავშვი დროდადრო მოძრაობას ცდილობს და ტირილს იწყებს.  ექვსი  თვის ბარბარემ, მატების ნაცვლად, ბოლო ორი თვის მანძილზე ერთი კილოგრამი დაიკლო წონაში.

25 წლის გიული ბარბარეს დედაა, ის ცალი ხელით აკვანს არწევს, მეორე ხელში კი ბარბარეს წლინახევრის და, ანიტა უჭირავს.

გიული ამბობს, რომ ანიტა, უმცროსი დისგან განსხვავებით, შეესაბამება თავისი ასაკის წონას. ბავშვების დედა ყვება, რომ ანიტა სახელმწიფოსგან კვების ვაუჩერებს იღებდა, რის შედეგადაც „ჰუმანა“ და ბავშვებისთვის განკუთვნილი ფაფები არ აკლდა, რისი დამსახურებითაც ბავშვი ჯანმრთელი გაიზარდა.

ექვსი თვის ბარბარეს კი არ „გაუმართლა“. ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა და ბარბარეს კვების რაციონი ძალიან მწირია – წყალზე დამზადებული მოხალული ფქვილის ფაფა.

„8 თვის დაიბადა. თავიდან 40 დღემდე ვაწოვებდი ძუძუს, მაგრამ არ იყო რძე სასარგებლო, მერე აღარც მქონდა. ცოტა ხანს ანიტას ვაუჩერით აღებულ საჭმელს ვაჭმევდი, მერე მოხალული ფქვილის ფაფას. ფული არ გვქონდა ფაფების საყიდად“, –  ყვება გიული.

ოჯახში ამბობენ, რომ უბნის ექიმმა მშობლებს ბარბარეს ფქვილსა და წყალზე დამზადებული ფაფით კვება აუკრძალა და ბავშვს ვიტამინები და მკურნალობა დაუნიშნა, სუსტი ძვლების გამო. ოჯახმა პატარა ბარბარესთვის დანიშნული წამლების შეძენა ვერ შეძლო.

თურმანიძეების ოჯახი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა წინსვლაში ცხოვრობს. ოჯახში სულ რვა წევრია: გიული, მისი ქმარი ანტონი, მაზლი, ორი არასრულწლოვანი მულიშვილი, დედამთილი, პატარა ანიტა და ბარბარე. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული, მაგრამ დახმარებას დღეს ვერ იღებს. როგორც ოჯახში ყვებიან, გიულის მული თურქეთში წავიდა ცოტა ხნით, ოჯახს კი განცხადებით არ მიუმართავს სოციალური დაცვის სააგენტოსთვის, ამიტომ დახმარება შეუჩერდათ და როგორც თავად ამბობენ, ერთი წლის განმავლობაში განცხადებასაც ვერ შეიტანენ ხელახალი შესწავლის მოთხოვნით. ოჯახში, სადაც ოთხი ბავშვი ცხოვრობს, არავინ არ მუშაობს.

„არ ვიცი, რა უნდა ვქნა. ვიმუშაო, როგორ ვიმუშაო, სად ვიმუშაო, ბავშვები სად დავტოვო. ისევ ჩემებთან [მშობლებთან] წავიდე-მეთქი, მაგრამ იმათაც არაფერი აქვთ, თვითონ სოციალურად დაუცველები არიან“, – ყვება გიული და ბარბარე ამოჰყავს აკვნიდან, რომელიც პირს აცმაცუნებს და თან გამხდარ თითებს უცაცუნებს დედას ხელზე.

ოთახში შემოსული სოფლის ექთანი ჟუჟუნა შოთაძე გიულის საყვედურობს, გაფრთხილების მიუხედავად, რატომ აწვენენ ბავშვს ისევ აკვანში და ბარბარეს ათვალიერებს. იგი ამბობს, რომ ბავშვი უკეთ გამოიყურება, ვიდრე ორი კვირის წინ.

„ვურეკავდით მე და ექიმი ზამთარში გიულის, რომ აცრაზე მოეყვანათ ბავშვი. ხან დიდთოვლობა იყო, ხან ეტყობა გზის ფული ვერ ნახეს, რომ მოვიდა და ეს შედეგი იყო, ძალიან შევშინდით. ექიმმა ჯიბიდან მისცა ფული, ჰუმანა რომ ეყიდა, რამე უნდა ვუშველოთ. ისე, კვების ვაუჩერი რომ იყოს და მოუწევდეს, კარგი იქნებოდა. ძალიან მეშინია, ცოტა ხნის წინ არ იყო, ბავშვი შეუსაბამო წონის გამო რომ დაიღუპა? მე თვითონ რამდენს დავეხმარები? იქნებ ვინმემ ყურადღება მიაქციოს, ბავშვის გადარჩენაზეა საუბარი“, – წუხს უბნის ექთანი.

გიულის დედამთილი ვარდო ამბობს, რომ ვისგანაც შეიძლებოდა, ფული უკვე ისესხა. სახლში კი საკვები არც უფროსებისთვისაა, არც ბავშვებისთვის და იწურება ბარბარეს ფაფის მარაგიც. რა იქნება შემდეგ? ამ კითხვაზე ოჯახში პასუხი არავის აქვს.

წლინახევრის ანიტა ოთახის კუთხეში დგას და ჩუმად გვათვალიერებს. ცალ ხელში პურის ნაჭერი აქვს ჩაბღუჯული და როგორც კი მოიხელთებს, პირისკენ მიაქვს. უცხო ადამიანები ცოტა აფრთხობს და ტირილს იწყებს. „ნუ გეშინია, შენთან არ მოვა“, –  ამშვიდებს დედა.

unnamed (6)
გიული შვილებთან, ანიტასთან და ბარბარესთან ერთად / ირმა დიმიტრაძის ფოტო

ქობულეთელი მიგრანტი ქალები სტილისტის პროფესიას დაეუფლნენ

შვიდივე ბენეფიციარმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა

სამთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ეკოლოგიურმა და შრომითმა მიგრანტმა ქალბატონებმა სტილისტის საქმიანობა შეისწავლეს და საგამოცდო კომისიის წინაშე თამამად და წარმატებით წარსდგნენ. სასწავლო კურსი ბენეფიციარებმა პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში გაიარეს.

პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირება და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლება რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში. პროექტს ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

701932_1020696787977034_6554854105025485084_o
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

კლასიკური ვარცხნილობა, მელირება, თმის ღებვა, კულულები, კულულები ფოლგაზე, თმის დახვევა დიფუზორით, ნაწნავი-ქუდი, ობობა, წაღმა-უკუღმა… ეს სტილისტის საქმიანობიდან ის ჩამონათვალია, რომლებიც მომავალმა სტილისტებმა გამოცდაზე წარადგინეს. მანეკენსა თუ ჩვეულებრივ ადამიანებზე შესრულებული დავალება უდავოდ უნაკლოდ გამოუვიდათ. შესაბამისად შეფასებაც მაღალი მიიღეს. გამოცდის დასრულებისთანავე კურსდამთავრებულებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარემ ლევან გობაძემ და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცეს.

„ძალიან წარმატებულები რომ იყვნენ, ამას ძალიან დიდი პრაქტიკა სჭირდება,“ – ამბობს საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ სტილისტის საქმის მასწავლებელი თამარ ემირიძე. იგი მიგრანტ ქალბატონებთან ურთიერთობით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ სამთვიანი კურსი მათთვის საინტერესო და ამასთანავე სასარგებლოც იყო: „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფი იყო ძალიან მოწესრიგებული. შვიდივე მსმენელი უაღრესად პუნქტუალური და მონდომებული იყო. ცდილობდნენ მაქსიმალურად მეტი ცოდნა წაეღოთ ჩვენგან. რაც პროგრამით გვქონდა გათვალისწინებული, სრულიად აითვისეს. პრაქტიკული მეცადინეობები აქტიურად მიმდინარეობდა, ვმუშაობდით როგორც მანეკენებზე, ასევე ადამიანებთან, ჰქონდათ კომუნიკაციის უნარი კლიენტებთან, იღებდნენ საკუთარ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ და რა უნდა გაეკეთებინათ. თვითონაც კმაყოფილები იყვნენ და მეც. დასაწყისისთვის ძალიან წარმატებულები არიან. რამდენიმეს უკვე აქვს სამუშაო გამოცდილება, ერთს საკუთარი სალონიც… რაც მთავარია მონდომებულები არიან და ვიმედოვნებ, რომ არც სამსახურის პოვნა გაუჭირდებათ.“

„ინტელექტის“ ბენეფიციარებმა ვარცხნილობებთან ერთად თმის დიაგნოსტიკა, თავის მოვლა, კლიენტთან კომუნიკაციაც შეისწავლეს. „პროფესიასთან ერთად მეგობრებიც შევიძინე, ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო სამი თვე გვქონდა,“ – ამბობს თამრიკო როყვა.

სტილისტის პროფესიის ათვისებით კმაყოფილია ყოფილი პედაგოგი ელენე რომანაძეც: „იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ არ შემიძლია სიტყვებით გადმოცემა… მე ყოველთვის ვოცნებობდი სტილისტობაზე, პედაგოგად რომ ვმუშაობდი მაშინაც. ვფიქრობ, რაღაც სასწაული მოხდა.. მე მთლიანად გადავერთე სტილისტის პროფესიაზე. უკვე შემიძლია ჩავერთო მუშაობაში. საინტერესო სამი თვე იყო. ბევრნი არ ვიყავით, მხოლოდ შვიდი… ყველა დავმეგობრდით. ყველანი მონდომებულები ვიყავით და შედეგიც გვაქვს. ეს ყველაფერი „ინტელექტის“ საშუალებით მივიღე. მადლობა ამ ორგანიზაციას, რომ ოცნება ამისრულა!“

ქალბატონ ელენეს სილამაზის სალონი უკვე აქვს. აქამდე როგორც მოყვარული სტილისტი ემსახურებოდა მეზობლებსა და ნათესავებს, დღეიდან როგორც პროფესიონალი ნებისმიერ მსურველს მიიღებს.

დარეჯან გოგიტიძე ვიდრე შრომითი მიგრანტი გახდებოდა, მანიკურის სპეციალისტი იყო. ემიგრაციაში წასვლა ოჯახურმა პირობებმა აიძულა. ის სამი თვის უკან ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ პროექტში „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ჩაერთო და დღეს უკვე პროფესიონალი სტილისტია: „მინდა მადლობა გადავუხადო ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტს“, ასეთ პროექტში რომ ჩაგვრთო და სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მოგვცა. რამდენიმე სალონიდან მაქვს უკვე შემოთავაზება და ვიმედოვნებ, რომ შევძლებ საქართველოში დავსაქმდე და მქონდეს ნორმალური ფინანსური შემოსავალი.“

12823530_1020696791310367_1605858508325518212_o
სტილისტი მიგრანტი ქალები ქობულეთიდან

„ვფიქრობ, საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი იყო ჩვენი ახლანდელი პროექტი. ჩვენთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჯგუფი იყო მოტივირებული და სწორად შერჩეული. კარგი პროფესიული ორიენტაცია ჰქონდათ ამ ქალბატონებს, დიდი მონდომებით მეცადინეობდნენ და ვფიქრობ, ეს 300 საათი, რომელიც მათთან იქნა ჩატარებული, აუცილებლად წაადგება მათ კვალიფიკაციას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი წარჩინებული სტუდენტები აუცილებლად დასაქმდებიან და აქ მიღებულ ცოდნას მათ საქმიანობაში გამოიყენებენ. „ახალი ტალღა“ ყოველთვის იქნება მზად მსგავსი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ საინტერესო და პასუხისმგებლიან ორგანიზაციასთან, როგორიც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ გახლავთ. ვფიქრობ, ყოველთვის გამოვნახავთ საერთო ინტერესებს, სადაც ჩვენი საქმიანობა გადაიკვეთება,“ – აღნიშნა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა.

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ განათლების მეთოდისტმა ლია ფუტკარაძემ სტილისტების ჯგუფის წარმატებულობა საკუთარ მაგალითზე გამოსცადა. კონკურსანტს, რომელსაც ბილეთის მიხედვით გამოცდაზე „კლასიკური ვარცხნილობის“ გაკეთება დაევალა, თავისი კანდიდატურა შესთავაზა და შედეგითაც კმაყოფილია: `შეფასების კრიტერიუმებში ერთ-ერთი იყო კრეატიულობა, რამდენად შეუძლია სტილისტს განსაზღვროს როგორი ვარცხნილობა შეურჩიოს კლიენტს. სანამ დავიწყებდი ფიქრს, თუ როგორი ვარცხნილობა უნდა გამეკეთებინა, კონკურსანტმა თავად შემომთავაზა. ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ვიყავი  სალონში და ჩემი სტილისტი მემსახურებოდა. ვფიქრობ, შედეგიც კარგი გამოვიდა.“

პროექტს დადებითად აფასებს და მიგრანტი სტილისტების წარმატებაში დარწმუნებულია „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან გობაძე: „ინტელექტის“ მიერ ადრე განხორციელებული ყველა პროექტი ორიენტირებული იყო აჭარის რეგიონის თემების მოსახლეობის მსხვილ ჯგუფებზე. „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ პირველი პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს ცალკეულ ადამინებს – ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს, გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ წარმატებული იქნება. ასეთი მოლოდინის საფუძველს გვაძლევს განაცხადების რაოდენობა პროფესიული გადამზადების და მცირე ბიზნესის პროგრამებში მონაწილეობისათვის. შრომითი მიგრანტების პირველმა ჯგუფმა წარმატებით გაიარა გადამზადების კურსი. მათი მომზადების ხარისხი საშუალებას აძლევს ამ ადამიანებს იყვნენ კონკურენტული რეგიონის შრომით ბაზარზე.“

ეკოლოგიური და შრომითი მიგრანტების მომზადება/გადამზადების პროგრამა პროექტის – „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში კვლავ გრძელდება. „ახალ ტალღაში“ დღეისათვის ექვსი მიგრანტი გადის კონდიტერის კურსს. უახლოეს მომავალში ბუღალტერიის, მზარეულის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ოფისმენეჯერის, მაღალი წნევის შემდუღებლის, მძიმე ტექნიკის ოპერატორისა და სხვა პროფესიული ჯგუფები დაკომპლექტდება, რომლებიც მომზადება/გადამზადების კურსს „ახალ ტალღაში“ და ბათუმის პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსში“ გაივლიან. პროექტის ფარგლებში სულ 100 ბენეფიციარი აითვისებს ახალ პროფესიას/აიმაღლებს კვალიფიკაციას.

 

ევროკავშირი

მასალა  მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.
ინტელექტი
მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის 13, ტელ: 24 16 40;  ფაქსი: 24 16 50 , მობ: 592 57 18 00
ელფოსტა: info@intellect.org.ge;
ვებგვერდი: www.intellect.org.ge

უფასო კვლევები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის

12 მარტს, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, მერიის პროგრამების ფარგლებში უფასო კვლევები ჩატარდება.

კვლევები ათი საათიდან 17:00 საათამდე ჩატარდება. კონსულტაციას ჩაატარებს ენდოკრინოლოგი პროფესორი ელენე გიორგაძე.

პაციენტთა წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს 7, 8, 9, 10 და 11 მარტს.

გონიოს მაცხოვრებლები საკრებულოსგან საბოლოო პასუხს ელოდებიან

დღეს 7 მარტს, ბათუმის საკრებულოს წინ გონიოს მაცხოვრებლები შეიკრიბდნენ. ისინი მოითხოვენ რომ ხელისუფლებამ 2010 წელს მათ საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული მიწების  დაბრუნების საკითხი საბოლოოდ განიხილოს.

„ორი კვირის წინ, ჩვენ შევხვდით საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარეს ლევან კინწურაშვილს, ამ შეხვედრას ჩვენი უბნის დეპუტატი ირაკლი მიქელაძეც ესწრებოდა. დაგვპირდნენ  რომ დღეს 7 მარტს გაგვცემდნენ პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე, რომელიც  ჩვენი მიწების დაბრუნებას შეეხება“-ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2014 წლის 17 ნოემბერს მიწის აღიარების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თუ რამდენად კანონიერად მოხდა აღნიშნული მიწების ჩამორთმევა კერძო მესაკუთრეებზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული.

„გავიდა 15 თვე, სამჯერ მივმართეთ მთავრობას რომ განხილულიყო საკითხი, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. თუ ამ პრობლემას ხელისუფლება არ მოაგვარებს,  ჩვენ დავიწყებთ ფართომასშტაბიანს აქციებს.  აქციები იქნება მშვიდობიანი. ჩვენ გვაქვს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება რომელიც ხელისუფლებას ავალდებულებს რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები და კერძო საკუთრება იყოს დაცული. ცვენ ვითხოვთ ჩვენი საკუთრების დაბრუნევბას“- ამბობს ენვერ ირემაძე, გონიოს მაცხოვრებელი.

ბუნებრივი აირის მიწოდება სამი საათისთვის აღდგება

„სოკარის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება 15:00 საათისთვის სრულად აღდგება.

ბათუმში 16 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება 6 მარტს შეუწყდა. მიზეზი ბათუმში, მელიქიშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავარია იყო. მსუბუქი ავტომანქანა ბუნებრივი აირის რეგულირების კვანძს შეეჯახა, რის გამოც ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა.

„ამ ეტაპისთვის დაზიანება აღდგენილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს აბონენტების ჩართვა. დღის სამი საათისთვის კი სრულად აღდგება მიწოდება“-აცხადებენ „ბათუმელებთან“ საუბარში „სოკარის“ წარმომადგენლები.

ახალგაზრდების შერჩევა ჯანრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირებისთვის

,,ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის” იწყებს მონაწილეთა შერჩევას – თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირებისთვის, რომელიც მიმდინარე წლის მაისში არის დაგეგმილი.

თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება მეორედ აიღებს სტარტს, იგი წარმოადგენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების სიმულაციას, რომელიც საქართველოს მასშტაბით აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შანსს, გაიცნონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მისი ღირებულებები და პრინციპები. ასევე,  გაიღრმავონ ლიდერული უნარ-ჩვევები და  დაეუფლონ საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-იდან 28 წლის ახალგაზრდებს. სამუშაო ენა არის ქართული, Dress-Code კი ოფიციალური. ღონისძიება გაიმართება 28, 29 და 30 მაისს.

მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. როგორც „ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის“ განცხადებაშია ნათქვამი, „მონაწილეობის საფასურს იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოფიციალურად მოგენიჭებათ დელეგატის სტატუსი. მონაწილეობის თანხა ფარავს კვების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო ნივთების საფასურს. მონაწილეობის საფასურისას, შეღავათებია გათვალისწინებული დედმამიშვილების მონაწილეობის შემთხვევაში“. 

აპლიკაციის ფორმა, იხილეთ აქ.

შემთხვევა რის გამოც ბათუმის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა [ფოტო | ვიდეო]

რამდენიმე საათის წინ, მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბათუმში 15 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა რეგულირების კვანძს შეეჯახა, რის შედეგადაც მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, დაზიანებული კვანძის აღდგენა კი ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება.

ადგილზე  მაცხოვრებლების თქმით, შემთხვევის ადგილის მიმდებარე კვარტალში შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდებაც.

ავარიის გამო ბათუმში ათასობით აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა

ბუნებრივი აირის მიწოდება 15 ათასამდე აბონენტს ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეუწყდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა რეგულირების კვანძს, მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, დაზიანებული კვანძის აღდგენა კი ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება.

„ქალაქის საკმაოდ დიდ ნაწილს არ მიეწოდება გაზი. მიწოდება ხვალ, 7 მარტს, აღდგება, თუმცა ზუსტი დროს განახსაზღვრა ახლა ძნელია და დეტალური ინფორმაცია დილის საათებში გვექნება. ალბათ, ეტაპობრივად მოხდება ჩართვა უბნების, რის შესახებაც წინასწარ გავაფრთხილებთ აბონენტებს” – განუცხადეს „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარში“.

შემთხვევის ადგილის მიმდებარედ შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდებაც.

265,7 მილიონი ლარი საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის

საქართველოს მთავრობამ საქართველოში ფეხბურთის განვითარების [2016-2020 წწ.]  სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. 2016-2020 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხა კი ჯამში 265 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის დაფინანსების მიზნით, ქვეყნის მუნიციპალიტეტებსა და ავტონომიურ წარმონაქმნებს „ეთხოვათ“, რომ თავიანთ ბიუჯეტებში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული თანხიდან, 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით დარჩენილი რესურსი  გადარიცხონ ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში. ამავე ფონდში უნდა გადაირიცხოს ის თანხაც, რაც ზემოაღნიშნულ სუბიექტებს 2017 წლისთვის ჰქონდათ გათვლილი ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

მთავრობის დადგენილებით, „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა“  „პროგრამაში მითითებული ხარჯების დასაფინანსებლად უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ სუბსიდირების გზით გადარიცხული თანხების განაწილება და შესაბამისი მიმართვა გრანტების სახით; ასევე პროგრამის მიზნებისა და ამოცანების სრულად განხორციელებისათვის, პროგრამაში მითითებული ხარჯების თანადაფინანსებისთვის და გაუთვალისწინებელი სხვა ხარჯების დასაფინანსებლად უზრუნველყოს კერძო ინვესტიციების მოზიდვა“.

საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020წწ.) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება:

fexb

მუნიციპალიტეტებსა და ავტონომიებს ასევე ეთხოვათ, 2016 წლის 10 მარტამდე „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია ფეხბურთის მხარდაჭერის მიზნით მათი ბიუჯეტებიდან 2015 წელს გაწეული და 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების (საფეხბურთო ლიგებში მოთამაშე კლუბების, ბავშვთა სკოლების, საფეხბურთო ინფრასტრუქტურისთვისა და ფეხბურთის მხარდაჭერის მიზნით სხვა ღონისძიებებისათვის) შესახებ“

პროგრამის მიზნები და ამოცანებია:

საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა;
ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა;
კონკურენტუნარიანი თავისუფალი საფეხბურთო ბაზრის შექმნა;
ფეხბურთში, როგორც სოციალურ აქტივობაში ჩართულობის დონის ამაღლება,  მასობრივი და სხვადასხვა სახის ღონისძიებების (ქალთა და ჭაბუკთა პირველობები, რეგიონული ტურნირები, ფუტსალი, პლაჟის, ქუჩის და შშმპ ფეხბურთი, სასკოლო შეჯიბრებები და სხვ.) განხორციელება;
საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (ახალი ობიექტების აშენება და არსებულის აღდგენა-რეაბილიტაცია);
ფეხბურთის განვითარების მიზნობრივი პროექტების რეალიზაცია;
საფეხბურთო განათლების (მათ შორის, მწვრთნელთა, მსაჯთა და სხვა პერსონალის ლიცენზირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სათანადო დონეზე მომზადება-გადამზადებისთვის) ხელშემწყობი შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების სისტემის სრულყოფა და სათანადო საინფორმაციო მხარდაჭერის (მატჩების პირდაპირი ტელეტრანსლაციები, ტურის მიმოხილვა, ანალიტიკური გადაცემები, სხვადასხვა მედიააქტივობები) ხელშეწყობა;
კლუბების ფინანსური სტიმულირება, საბაზისო, საპრიზო და პრემიალური დაფინანსება.

ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი 2016 წლის 11 თებერვალსაა რეგისტრირებული. ორგანიზაციის მმართველი ორგანოა გამგეობა. გამგეობის წევრები [რეესტრის 4 მარტის ამონაწერის მიხედვით]: ტარიელ ხეჩიკაშვილი [თავმჯდომარე], აკაკი ლოდია [თავმჯდომარის მოადგილე], გიორგი ამაშუკელი, გიორგი კაკაურიძე, ლევან კობიაშვილი, ილია დარჩიაშვილი. ორგანიზაციის დირექტორია ზაზა დოლიძე.

920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის

ხულოს მუნიციპალიტეტი კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 920 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. კურორტის შიდა მთავარ გზებზე ძირითადად ასფალტის საფარი დაიგება.

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ქუჩების, გზების, გზატკეცილების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 000 000 ლარის ოდენობით;

ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს 2016 წლის 10 მაისიდან [ხელშეკრულების აღნიშნულ თარიღამდე გაუფორმებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმების დღიდან] და უნდა დაასრულოს 80 კალენდარულ დღეში.

შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს გაახორციელებს და თანხის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მონიტორინგისა და ანგარიშსწორების კომისია“.

შესრულებული და გადმოცემული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 3 წელს სამუშაოების დასრულებიდან. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის შემდეგ 15 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში მიმწოდებლის მიზეზით წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. თუ მიმწოდებელი საგარანტიო ვადის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით ვერ უზრუნველყოფს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრას, შემსყიდველი უფლებამოსილია გაფრთხილებიდან ვადის ამოწურვის შემდეგ მიმართოს სასამართლოს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

ელექტრონული ტენდერი 2016 წლის 24 მარტს დასრულდება.

topogegma
სარეაბილიტაციო გზები / ტოპოგეგმა სატენდერო დოკუმენტაციიდან

 

ლარის კურსი, სამშენებლო ბიზნესი და ფასები

უძრავი ქონების რეგისტრაცია წინა წლის ბოლოს არსებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა – ეს საჯარო რეესტრის ინფორმაციაა. შესაბამისად, შემცირებული გაყიდვების შემდეგ სამშენებლო ბიზნესის შესაძლო კრახის შესახებ დაანონსებული ინფორმაცია შედარებით პოზიტიური ინფორმაციით უნდა შეცვლილიყო. არის თუ არა ეს ასე? – „ბათუმელები“ დეველოპერებს დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და განწყობები ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. დეველოპერებსა და მომხმარებელს შორის შუამავალი კი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების შემდეგ დაწყებულმა პრობლემებმა ბინების არარეალური ფასი რეალურს მიუახლოვა.

„თუ წინა წლებში კვ/მ-ზე 500-დან 1000 დოლარამდე ღირებულების ბინებზე იყო მოთხოვნა, გასულ წელს დაბალფასიან ბინებზე იყო აქცენტი. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვია იმან, რომ ლარის კურსის ცვლილების შემდეგ შემცირდა მომხმარებლის შემოსავალი. ბიუჯეტიდან გამომდინარე უფრო ნაკლებფასიან ბინებს ეძებენ“, – ამბობს შპს „sastumroebi.ge“-ს მენეჯერი გიორგი კომახიძე, რომელიც დეველოპერებსა და მომხმარებელს შორის შუამავლის როლს ითავსებს.

მისივე ინფორმაციით, დღეს დეველოპერებს უფრო სტაბილური მდგომარეობა აქვთ, ვიდრე გასული წლის მეორე ნახევარში, რადგან დღეს ლარის კურსი უფრო სტაბილურია. გიორგი კომახიძის აზრით, დეველოპერები ძირითადად გათვლას საკურორტო სეზონზე გააკეთებენ და „შესაძლოა იმაზე მეტი ბინა გაყიდონ, ვიდრე გასულ წელს“. ამ პროგნოზს ის რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შესაძლო გაზრდის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს: `გასულ წელს თუ ათასი იყო რუსეთიდან, წელს ათი ათასი იქნება“.

ინფორმაციას, რომ უძრავი ქონება საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს ზღვისპირეთში მოთხოვნადია პოსტსაბჭოთა სივრცის მომხმარებლისთვის, დეველოპერებიც ადასტურებენ. თუმცა ამ კუთხით მოლოდინს გადაჭარბებულად მიიჩნევს კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე.

„ჩვენ მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნოთ ვვარაუდობ, რომ უცხოელ მყიდველთა პროცენტული მაჩვენებელი აჭარის რეგიონში 30, მაქსისმუმ 35-პროცენტს მიაღწევს. ქვეყნის მასშტაბით ეს ციფრი 15 პროცენტს არ გადააჭარბებს. საქმე იმაშია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონება ძალზე მოთხოვნადია საქათველოში მცხოვრებთა შორის და ამდენად კომპანიების უმრავლესობა უპირველსად ორიენტირებულია შიდა ბაზრის ათვისებაზე“.

„მარდი ჰოლდინგის“ დირექტორი ბინებზე ფასების კლებას ნაწილობრივ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას უკავშირებს: „ლარის გაუფასურების პროცესის საწყის ეტაპზე გაყიდვების კლება თვალშისაცემი იყო. დღეს სიტუაცია, შეიძლება ითქვას, სტაბილურია, რადგან მეტ-ნაკლებად ნათელია ეროვნული ვალუტის წონასწორობის ახალი მაჩვენებელი. ამას გარდა, უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების დაღმავალი ტენდენცია არ შეიძლება მარტო ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს დაბრალდეს. ბოლო ორი წლის მანძილზე ბაზარზე გამოჩნდა მრავალი ახალი სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, შესაბამისად, იმავე მოთხოვნის პირობებში მიწოდების ზრდამ განაპირობა უძრავ ქონებაზე ფასების კორექტირება. აგრეთვე დაიკლო ფასებმა როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებზე. გაზრდილმა კონკურენციამ და სხვა მნიშვნელოვანმა გარემოებებმა კომპანიებს უბიძგა მომსახურების პირობების გაუჯობესებისკენ.“

კომპანიის დორექტორის ინფორმაციით, „მარდი ჰოლდინგის“ შემთხვევაში მონაცემები თანხვედრაშია საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან. გაყიდვების მაჩვენებლის ნაკლებობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7-10 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

რადიკალურად განსხვავებული მონაცემები აქვს ამ მხრივ შპს „ცვლილებათა ქარს“. „ლარის კურსი ჩვენს გაყიდვებზე უარყოფითად აისახა. შვიდი თვეა ერთი კვადრატიც არ გაგვიყიდია. ვერ ვიტყვი, რომ მომხმარებელი ინტერესდება და შემდეგ აღარ იღებს გადაწყვეტილებას. ინტერესი საერთოდ გაქრა“, – ამბობს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ინგა გოგოლიშვილი.

ამბობენ იმასაც, რომ გაყიდვების შემცირება იპოთეკური სესხების მიმართ საბანკო პოლიტიკამაც გამოიწვია. ბანკებმა ლარის კურსის ცვლილების პარალელურად მომხმარებელს საპროცენტო განაკვეთი გაუზარდეს. კომპანიებში მიიჩნევენ, რომ კრედიტით საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფინანსური პროდუქტია და ლარის კურსის მერყეობის პირობებში იპოთეკური კრედიტების წილი საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების კალათაში მაღალია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის დეკემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 55 418 ერთეული შეადგინა.

ქუჩა, როგორც ძაღლის ტუალეტი და კანონი, რომელიც არ მუშაობს

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი სახლის წინ მწვანე საფარი სისტემატიურად ისვრება ძაღლის ფეკალური მასებით. „აქ მცენარეებს ვზრდით, ვუვლით… ვიღაცა კი თავისი ძაღლის ტუალეტისთვის იყენებს ამ ადგილს. უხერხულია, მაგრამ რამდენჯერმე ნამდვილად მიმიცია შენიშვნა ამის გამო ძაღლის პატრონისთვის. თუმცა უშედეგოდ“, – ამბობს ნაზი.

35 წლის მაია გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში მუშაობს. ეს პრობლემა მის სამსახურთანაც ხშირად დგას: „აქ ბავშვები დადიან, ფეხი ესვრებათ, რის გამოც ხშირად ძალიან უსიამო სუნი დგება ოფისში“.

ვეტერინარი ეკატერინე ბოგატოვა ამბობს, რომ შინაური ცხოველების მეპატრონეებს, რომლებიც თავიანთი ძაღლების მიერ დატოვებულ ფეკალურ მასებს არ წმენდენ, არ აქვთ გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რასაც შინაური ცხოველის ყოლა და მისი მოვლა ითვალისწინებს. „სამწუხაროდ, ჯერ იმასაც ვერ მიეჩვივნენ ადამიანები საქართველოში, რომ ძაღლი როცა დაბერდება ან ავად გახდება, სახლიდან არ გააგდონ. საზოგადოებას, სადაც ასეთი განწყობაა შინაური ცხოველებისადმი, სჭირდება ჯარიმები და მკაცრი კონტროლი ამ საკითხის მოსაგვარებლად. არ შეიძლება გაიყვანო ძაღლი გარეთ და მისი ფეკალიები დატოვო შუა ქუჩაში, ბულვარსა თუ ეზოში, სადაც ბავშვები თამაშობენ. ძაღლის პატრონმა აუცილებლად უნდა მოხვიოს პარკი ამ ნარჩენებს და მოათავსოს ნაგვის ურნაში“, – ამბობს ვეტერინარი.

მისი განმარტებით, ენტერიტის ან რომელიმე სხვა ვირუსით დაავადებული ცხოველის ფეკალური მასები საფრთხეს წარმოადგენს სხვა აუცრელი ძაღლებისთვისაც, ისინი შესაძლოა იმავე ვირუსებით დაავადდნენ. ეს განსაკუთრებით საშიშია ერთ წლამდე ლეკვებისთვის.

ეკატერინე ბოგატოვა მიიჩნევს, რომ ძაღლების უპასუხისმგებლო მეპატრონეებისთვის აუცილებელია მეტი ინფორმაციის მიწოდება სწორი ქცევის შესახებ და კონტროლის გამკაცრება გარემოს ამ ფორმით დაბინძურების შემთხვევებზე:

„მაშინ, როცა ევროპასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ძაღლების მეპატრონეთა 60% ასუფთავებს თავისი ცხოველის მიერ დასვრილ გარემოს, საქართველოში ამას მხოლოდ 20% თუ აკეთებს.

კონტროლის გამკაცრება ამ სახის დანაგვიანებაზე იქნება ეფექტური. ამ ეტაპზე დაჯარიმებითაც არავინ აჯარიმებს მათ. ადრე დაძრული მანქანიდან ცვიოდა ბანანის ქერქები და სხვა სახის ნარჩენები, ახლა სიტუაცია შეიცვალა, რადგან ჯარიმები და კონტროლი გამკაცრდა. საბავშვო მოედნებზე, ეზოებში, ბულვარსა და ცენტრალურ ქუჩებზე სპეციალური საინფორმაციო ნიშნები უნდა იყოს დადგმული. აუცილებელია ასეთ საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მედიის საშუალებითაც“, – ამბობს ის.

გარემოს დაცვის სფეროში ევროპული სტანდარტების ეტაპობრივ დანერგვას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც ავალდებულებს. სწორედ ამიტომ 2015 წელს ძალაში შევიდა კოდექსი ნარჩენების მართვის შესახებ, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს.

კოდექსის თანახმად – ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურება იწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის პატრონს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ადგილს.

ამ სახის დაბინძურების ფაქტების კონტროლსა და აღრიცხვაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში სწრაფი რეაგირების განყოფილების ეკიპაჟები არიან პასუხისმგებელნი. დღის განმავლობაში ბათუმს ერთი (სამკაციანი ეკიპაჟი), მუნიციპალიტეტებს კი – ორი ეკიპაჟი მეთვალყურეობს. თუმცა, უწყების ინფორმაციით, ბათუმში ამ მუხლით აქამდე არავინ დაუჯარიმებიათ.

„ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მიერ ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებაზე (ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე მუხლი) ჩვენი სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები არ შედგენილა,“ – ეს ინფორმაცია მოაწოდეს უწყებიდან `ბათუმელებს“.

სამმართველოს მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევისთვის 2015 წელს აჭარაში სულ 211 ადამიანი დაჯარიმდა, 2016 წელს კი – მხოლოდ ცხრა.

უფუნქციო ჩოგბურთის კორტები ქედაში – საქმეს პროკურატურა იძიებს

ქედის სასპორტო სკოლის ეზოში 2011 წელს მოწყობილი ჩოგბურთის კორტები დღემდე უფუნქციოდაა. სპორტული ობიექტი, რომლის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 667 ლარი დახარჯა, მწყობრიდან გამოსულია, ამოყრილია მოედნის საფარი და წვრთნები სპორტსმენებს 2013 წლის თებერვლის შემდეგ არ ჩატარებიათ. რამდენად მიზნობრივად დახარჯა ქედის გამგეობამ 2011 წელს თანხა ბიუჯეტიდან? – ამ საკითხს ახლა პროკურატურა იძიებს.

ჩოგბურთის კორტისა და ფრენბურთის მოედნის მოსაწყობად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2011 წელს 87 700 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო და ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „გულები ო.დ“-მა გაიმარჯვა. ჩოგბურთის კორტისა და ფრენბურთის მოედნის მოსაწყობად ხელშეკრულება ქედის გამგეობამ შპს „გულები ო.დ“-თან 84 667 ლარზე გააფორმა. სატენდერო პირობების მიხედვით, დასრულებული ობიექტი კომპანიას წლის ბოლომდე უნდა ჩაებარებინა. შპს-ს დირექტორი ოთარ დიასამიძე კორტების საფარის დაზიანების ერთ-ერთ მიზეზად სამუშაოების ზამთარში შესრულებას ასახელებს. ის ამბობს, რომ გამგეობას სიტყვიერად სატენდერო პირობების გაგრძელება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

„ოქტომბერში დაიგეგმა და ნოემბერ-დეკემბერში დასრულდა სამუშაოები, ახალგაკეთებულ ბეტონს ადვილად მოერია ყინვა, მოიყინა და ამოცვივდა. ზაფხულში განვაახლეთ, გადავღებეთ, მაგრამ საღებავი არ დაიჭირა. ეს სამუშაოები ზამთარში არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ არ გათვალეს. მე მაგის სპეციალისტი ხომ არ ვიყავი, მხოლოდ ის სამუშაოები შევასრულე, რაც მევალებოდა“, – ამბობს ოთარ დიასამიძე.

როგორც ქედის სპორტსკოლის დირექტორი აჩიკო გორგილაძე ამბობს, ამ დროისთვის სასპორტო სკოლის ბაზაზე ჩოგბურთის სექცია აღარ არსებობს. სექციის გაუქმების მიზეზი მწყობრიდან გამოსული ის კორტებია, რომლის მოსაწყობად ხელისუფლებამ 2011 წელს 84 667 ლარი დახარჯა.

ჩოგბურთის შემსწავლელთა ჯგუფი ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა. სპორტის ამ სახეობას იმ დროისთვის 16 ქედელი ახალგაზრდა ეუფლებოდა. კორტების საფარის ამოცვენის გამო წვრთნები სწავლების დაწყებიდან ხუთ თვეში შეჩერდა, მას შემდეგ სამი წელი გავიდა, არც საფარი აღუდგენიათ და აღარც წვრთნები განახლებულა.

ფრენბურთის მოედნისა და ჩოგბურთის კორტების მოწყობაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ქედის გამგეობას 5-წლიანი საგარანტიო ვალდებულება ჰქონდა ჩადებული. შესაბამისად, შპს „გულები ო.დ“-ი გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ხუთი წლის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებდა.
საგარანტიო ვალდებულებებით გაწერილი ხუთწლიანი ვადა ჯერ არ გასულა. სპორტული წვრთნები საფარის დაზიანების გამო 2013 წლის თებერვალში გაჩერდა, ქედის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიას საფარის აღდგენასთან დაკავშირებით წერილობითი მოთხოვნა პირველ აპრილს გაუგზავნა.

შპს-ს დირექტორი ადასტურებს, რომ საგარანტიო ვალდებულებიდან გამომდინარე არაერთხელ სცადა პრობლემის მოგვარება, თუმცა უშედეგოდ: „ყველაზე ძვირადღირებული საღებავით სამჯერ გადავღებე კორტები, მაგრამ მაინც ამოცვივდა, საღებავს არ იჭერს“.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ კორტებთან დაკავშირებული საქმე მის კომპეტენციას სცდება.
„კორტები პრობლემური მანამდე იყო, ვიდრე გამგებლად დავინიშნებოდი. ხარვეზის აღმოსაფხვრელად კომპანიას მივმართეთ, კომპანიამ საფარი გადაღება, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქვეშა საფარი იყო დაზიანებული და ისეც დარჩა“, – ამბობს გამგებელი.
ოთარ დიასამიძე ადასტურებს, რომ ის გასულ წელს დაკითხეს პროკურატურაში და გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
პროკურატურამ გასულ წელს ქედის ყოფილი გამგებელი და მოქმედი უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ბარამიძეც დაკითხა. ყოფილი გამგებლის საგამოძიებო უწყებაში დაბარება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასეს.

ოთარ დიასამიძეს კორტების საფარის დაზიანების მიზეზად სიცივეში განხორციელებულ მშენებლობასთან ერთად ის პროექტი მიაჩნია, რომლის მიხედვითაც ჩოგბურთის მოედანი მოაწყო ქედაში. მისი თქმით, კორტის საფარი ასფალტზე უნდა გაკეთებულიყო.

„სამუშაოები როგორც პროექტში იყო გათვლილი, ისე გავაკეთე. ზუსტად ვერ გეტყვით რა გახდა დაზიანების მიზეზი, თუმცა იმ კომპანიებში, რომლებიც მსგავს სამუშაოებს ასრულებენ, მითხრეს, რომ კორტის საფარი ბეტონზე არ უნდა მოწყობილიყო“, – ამბობს ოთარ დიასამიძე.

რას აპირებს გამგეობა კორტებთან დაკავშირებით, რა დატვირთვა ექნება სამომავლოდ უფუნქციოდ დარჩენილ მოედანს? – კითხვის პასუხად გამგებელი ამბობს: „როგორც კი დადგება სამართლებრივი შედეგი, იმის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს. თუ ის დატვირთვა ვერ ექნება, რისთვისაც მოეწყო [კორტი] გადავაკეთებთ და სხვა დანიშნულებას მივცემთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ მშვილდოსნობის განვითარებაზე. ჩოგბურთი დიდი სიამოვნებაა, ქედის მუნიციპალიტეტში ვერც მსოფლიოს დონის ჩოგბურთელს გავზრდით და ვერც გავუტოლდებით მაგ საკითხში. ალბათ შევცვლით პროფილს, სერიოზულად არ მიფიქრია მაგ საკითხზე“, – ამბობს დავით დუმბაძე.

ქედის გამგებლის თქმით, კომპანიას, რომელმაც ჩოგბურთის კორტები გააკეთა ქედაში, სხვა ობიექტებზეც ჰქონდა პრობლემა, მაგალითად კი სოფელ ხუნკუდის გზა და დოლოგნის ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები მოიყვანა.

სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში

ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში, სადაც 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი მინისტადიონებს აშენებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებით ამ დროისთვის მხოლოდ ორი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული.

„თავისუფალი ტურისტული ზონა, ზოგადად, ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებას – სტადიონები, ბილიკები, პარკინგები, გაზის, წყლის, ელექტროენერგიის შეყვანა – ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. სწორედ ამ სამუშაოების ფარგლებში ვაშენებთ ორ სტადიონს, თავისი გასახდელებით. შემდეგ მოეწყობა პარკინგი,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ.

ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სტადიონებს ტენდერში გამარჯვებული უკრაინული კომპანია „ატომბუდნაგლიადი“ [ООО „АТОМСТРОЙНАДЗОР“] აშენებს. კომპანიასთან ხელშეკრულება ქობულეთის გამგეობას 462 190 ლარზე აქვს გაფორმებული. სამუშაოები ივლისში უნდა დასრულდეს.

„ატომბუდნაგლიადი“, რომლის ფილიალი [წარმომადგენლობა] საქართველოში 2015 წლის ივნისში დაფუძნდა, სტადიონების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი იყო. თუმცა, ამ კომპანიას ქობულეთის მუნიციპალიტეტში სხვა ტენდერებიც აქვს მოგებული [საერთო ღირებულებით 2 მილიონ ლარამდე; მათ შორის გელაურის დასახლების კანალიზაციის სისტემისა და სატუმბო სადგურის მოწყობისა და ქობულეთის ცენტრალურ პარკში მდებარე ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები].

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ სპეციალური კანონის მიღებისა თუ ინვესტორებისთვის მთელი რიგი შეღავათების დაწესებისა, ტურისტული ზონა ფიჭვნარში ინვესტორებისთვის მიმზიდველი მაინც არ აღმოჩნდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ფიჭვნართან დაკავშირებით გასულ წელს მედიასთან განაცხადა, რომ „ერთი სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, ხოლო მეორე მშენებლობის პროცესშია… ამ ეტაპისთვის ინტერესი ძირითადად ბათუმზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სასტუმრო ფუნქციონირებს, ხოლო ორი სასტუმროს მშენებლობა ბოლო სამი წელია გაჩერებულია, აქედან ერთი, სომეხი ინვესტორი დაწყებული მშენებლობის გაყიდვას გეგმავს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „ყველა საინვესტიციო წინადადება შედის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, ამიტომ უნდა მიმართოთ სააგენტოს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ხელმძღვანელობს იმ კომისიას, რომელიც განიხილავს ამ წინადადებებს“.

„ბათუმელებმა“ ფიჭვნარის ზონასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან და ქონების ეროვნული სააგენტოსგან პასუხი ვერ მიიღო.

სტადიონის მშენებლობა ფიჭვნარის ტურისტულ ზონაში - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფოტო
სტადიონის მშენებლობა ფიჭვნარის ტურისტულ ზონაში – ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფოტო

ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე ფიჭვნარში სასტუმროს მშენებლობით ორი – ყაზახური და უკრაინული კომპანიაა დაინტერესებული.

„ყაზახ ინვესტორს, სავარაუდოდ, ორი ნაკვეთის გაერთიანება და გაცილებით დიდი სასტუმროს აშენება აქვს გადაწყვეტილი… ამ ბოლოს პირობები შეიცვალა, თუ ადრე სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროექტით უნდა აეშენებინა ინვესტორს სასტუმრო, ამჯერად ნებისმიერს შეუძლია თავისი პროექტი წარუდგინოს სახელმწიფო კომისიას და თანხმობის შემთხვევაში თავისი პროექტით დაიწყოს მშენებლობა,“ – აცხადებს ქობულეთის გამგებელი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმასაც აცხადებენ, რომ კომპანიას, რომელიც ტენდერის შედეგად სტადიონების მშენებლობასა და სხვა საქმიანობას ახორციელებს, საერთო არ აქვს ქობულეთში მცხოვრებ კიევის ყოფილ მერთან, ლეონიდ ჩერნოვეცკისთან. გამგეობისვე ინფორმაციით, ყოფილ მერთან დაკავშირებული არ არის არც ფიჭვნარის თავისუფალი ტურისტული ზონით დაინტერესებული კომპანია.

2011 წელს თავისუფალ ტურისტულ ზონაში [ფიჭვნარი, ანაკლია] სასტუმროს პროფილთან თავსებად საქმიანობად სასტუმროს ნომრების გაქირავება და მასთან პირდაპირ დაკავშირებული მომსახურება, ასევე სასტუმროს შენობაში კვების ობიექტების ფუნქციონირება განისაზღვრა. 2015 წლის 27 აგვისტოდან კი ამ თავსებადი საქმიანობების ჩამონათვალს სასტუმროს ტერიტორიაზე საცურაო აუზის, აკვაპარკისა და სამორინეს ფუნქციონირებაც დაემატა.

ინვესტორი, რომელიც ქობულეთის ტურისტულ ზონაში სულ მცირე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას დააბანდებდა, მომდევნო 15 წლის მანძილზე მოგებისა და ქონების გადასახადისგან თავისუფლდებოდა. თავდაპირველი ინიციატივით, სასტუმროს მშენებლობა ინვესტორს 2011 წლის პირველ აგვისტომდე უნდა დაესრულებინა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებდა საგადასახადო შეღავათებს. თუმცა შემდეგ აღნიშნული შეთავაზება შეიცვალა და გადაწყდა, რომ საბოლოო ვადებს თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისთვის სპეციალური სახელმწიფო კომისია განსაზღვრავს. დღეს ძალაშია 15 წლის მანძილზე გადასახადების გადახდისგან გათავისუფლების პირობაც.

ინფლაცია საქართველოში [სტატისტიკა]

inflaciaa
სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (33,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,0 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 10,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,00 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (19,6 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (16,5 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (14,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა: ფასები გაიზარდა 10,5 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,68 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

grafiki
სტატისტიკის ეროვნული სამსახური

შსს: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, „სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) და N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთებზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავეს“.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

“გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა სამყაროს უკეთ შესწავლის საშუალებაა”

აშშ-ში ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის მეცნიერებმა 1.3 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღა დააფიქსირეს. აღმოჩენის მნიშვნელობაზე “ბათუმელები” კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრს თეორიულ ფიზიკაში, მიშიკო გელენავას ესაუბრა. იგი 4 მარტს თბილისში, მეცნიერებათა აკადემიაში წაიკითხავს სემინარს იმავე თემაზე.

ბატონო მიშიკო, რას ნიშნავს ეს აღმოჩენა და რას წარმოადგენს გრავიტაციული ტალღა?

გრავიტაციული ტალღის არსებობის შესახებ თეორიული ვარაუდი მოვიდა აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიასთან ერთად. ეს არის თეორია, რომელიც აღწერს გრავიტაციულ ურთიერთქმედებას. როდესაც თეორიაში აინშტაინმა მიიღო ამ ურთიერთქმედების აღმწერი საბოლოო განტოლება, აღმოჩნდა, რომ განტოლებას აქვს ტალღური ამონახსნი, შესაბამისად, თუ განტოლებას აქვს ამონახსნი და ეს განტოლება ჭეშმარიტია, მისი ამონახსნი უნდა არსებობდეს ბუნებაში.

მას შემდეგ ასი წლის განმავლობაში ჩვენ ვერ ვახერხებდით გრავიტაციული ტალღის „დანახვას“, რადგან ის ძალიან სუსტია და მისი დაჭერა ექსპერიმენტით აქამდე შეუძლებელი იყო. ამჯერად ჩატარდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სიზუსტის ექსპერიმენტი, რაც ინჟინერიის უდიდესი მიღწევაც არის. ჩვენ შევქმენით დეტექტორები, რომელთა საშუალებითაც ასი წლის შემდეგ, პრაქტიკულად დავადასტურეთ გრავიტაციული ტალღის არსებობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კიდევ უფრო დავხვეწავთ ექსპერიმენტის ტექნიკას, შევძლებთ არა მხოლოდ გრავიტაციული ტალღის შესწავლას, არამედ გრავიტაციული ტალღების საშუალებით შევისწავლით იმ ციურ ობიექტებს, რომლებიც ამ ტალღას გვაძლევენ. ანუ სამყაროს შესწავლაში შეგვეძლება გრავიტაციული ტალღა დავიხმაროთ.

აქამდე ამისათვის მხოლოდ ელექტრო-მაგნიტურ ტალღას, ანუ სინათლეს, რენდგენის გამოსხივებას და ა.შ. ვიყენებდით. ვთქვათ, რომელიმე ციური სხეულიდან მოდიოდა სინათლე, მისი [სინათლის] საშუალებით ვიგებდით, სად მდებარეობს ეს ციური სხეული, რამხელაა, როგორ მოძრაობს. ახლა კი უკვე ისეთი სხეულების შესწავლაც შეგვეძლება გრავიტაციული ტალღების საშუალებით, რომელთაგანაც არ მოდის სინათლე, ეს იქნება შავი ხვრელები თუ სამომავლო პერსპექტივაში ნეიტრონული ვარსკვლავები. ასეთი სხეულებიდან მოსული გრავიტაციული ტალღების საშუალებით შესაძლებელი გახდება გავიგოთ: სად არიან, რა ზომის არიან, როგორ მოძრაობენ და ასე შემდეგ. ანუ გრავიტაციული ტალღები პერსპექტივაში სამყაროს უკეთ შესწავლის საშუალებაა.

წერენ, რომ ეს აღმოჩენა .. “დიდი აფეთქების ექოა”. რას გულისხმობს ეს და რამდენად ადასტურებს დიდი აფეთქების თეორიას?

ეს აღმოჩენა არ ადასტურებს დიდი აფეთქების თეორიას, მაგრამ გეტყვით რა კავშირში შეიძლება იყოს მასთან. დიდი აფეთქების თეორიის ბევრი ვარიანტი არსებობს. ბევრი ვერსიაა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროს ევოლუცია და მათ შორის ყველაზე უფრო პოპულარული ვარიანტი არის ე.წ. ინფლაციის თეორია. ეს ნიშნავს, რომ დიდი აფეთქებიდან ძალიან მცირე დროის მანძილზე სამყარო ფართოვდებოდა ძალიან დიდი სიჩქარით. ეს თეორია ძალიან ბევრ რამეს ხსნის, რაც დღესდღეობით გვაქვს სამყაროში, მაგრამ თავად ეს თეორია რომ აიხსნას, საჭიროა რაღაც-რაღაცების დადასტურება ექსპერიმენტით. მათ შორის ერთ-ერთი არის გრავიტაციული ტალღის არსებობის აუცილებლობა. ეს გრავიტაციული ტალღა არ არის, ის რაც ახლა აღმოაჩინეს, ეს სხვანაირი გრავიტაციული ტალღაა. მაგრამ, რადგან რაღაც სახის გრავიტაციული ტალღების დაჭერა უკვე შევძელით ექსპერიმენტით, გაჩნდა იმის ამბიცია და შანსი, რომ იმ გრავიტაციულ ტალღასაც აღმოვაჩენთ, თუ, რა თქმა უნდა, არსებობს. უბრალოდ, ის კიდევ უფრო სუსტია და საჭიროა კიდევ უფრო მგრძნობიარე დეტექტორების გამოყენება ექსპერიმენტისთვის. ამ აღმოჩენას ეს კავშირი აქვს დიდ აფეთქებასთან, თორემ თვითონ ტალღა, რაც ახლა აღმოაჩინეს, დიდი აფეთქებიდან მოსული კი არა, ორი შავი ხვრელის ერთმანეთთან გაერთიანებით წარმოქმნილი ტალღაა.

რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს აღმოჩენა მეცნიერებაში და საზოგადოებისთვის იქნება თუ არა რაიმე სახის ცვლილებები ხელშესახები. აღმოჩენა სათავეს დაუდებს რაიმე სხვა აღმოჩენებს, გამოგონებებს ან/და ტექნოლოგიურ განვითარებას?

როგორც ვთქვი, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ სამყარო უფრო კარგად შევისწავლოთ და ამ კარგად შესწავლის შედეგად რა აღმოჩნდება, რას მივიღებთ ამაზეა დამოკიდებული შედეგები. ბევრი საკითხია შავ ხვრელებთან დაკავშირებით, რაც არ ვიცით და გვაინტერესებს – ამ საკითხებს უფრო კარგად გავიგებთ. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, ინჟინერული თვალსაზრისით ეს ძალიან მაღალი დონის მიღწევაა. ეს იმას ნიშნავს, რომ, ზოგადად, ინჟინერია ისე განვითარდა, რომ ადამიანებს შეგვიძლია ამ დონის აღმოჩენის გაკეთება. შესაბამისად, ეს ინჟინერული ცოდნა შესაძლოა სხვა საკითხებშიც იქნას გამოყენებული, რაც არის არაპირდაპირი შედეგი ამ ექსპერიმენტის საკაცობრიო სარგებლიანობისა, ხოლო პირდაპირი შედეგი დრომ უნდა გვიჩვენოს.

Exit mobile version