მთავარი,სიახლეები

ვაჟა-ფშაველას 13 – სახელმწიფო უკანონო მშენებლობას ვერ აჩერებს

08.03.2016
ვაჟა-ფშაველას 13 – სახელმწიფო უკანონო მშენებლობას ვერ აჩერებს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, სადაც სამი თვის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა დაანგრია, სამშენებლო სამუშაოები უკანონოდ განახლდა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, თუმცა სამუშაოები არ წყდება. მერის ზედამხედველობის სამსახური ადგილზე კრიმინალური პოლიციის მოთხოვნით მივიდა.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მერიას ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ნებართვა არ გაუცია, თუმცა უშუალოდ მათ არ შეუძლიათ სამუშაოების შეჩერება. „საქმე ერთხელ უკვე გადავეცით სააღსრულებლო ბიუროს და კიდევ გადავცემთ, სამუშაოები მათ უნდა შეაჩერონ“ – ამბობენ ზედამხეველობის სამსახურის თანამშრომლები.

უკანონო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას 13-ში

უკანონო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას 13-ში

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი, მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას აცნობა პოლიციას ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო სამუშაოების შესახებ, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ნებართვებს წარადგენენ, საპატრულო პოლიციას კი სამუშაოების შეჩერების უფლება არა აქვთ.

სამშენებლო ობიექტზე გამოკრული არ არის სამშენებლო დაფა, რასაც მშენებელ კომპანიას კანონი ავალდებულებს.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს საბოლოო დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ისე, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015″ 10 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა საქმეს იძიებს პროკურატურაც.

ვაჟა-ფშაველას #13, სახლის დემონტაჟი

ვაჟა-ფშაველას #13, სახლის დემონტაჟი

ამავე თემაზე:

საუკუნის სახლი ბათუმში, რომლის დანგრევასაც აპირებენ [ფოტო]

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმეს

მირანდა ჩარკვიანი ვაჟა-ფშაველას #13-ზე: შესაძლოა უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო საჭირო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: