მთავარი,სიახლეები

„სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აირიდა“ – იურისტი ბათუმში უკანონო მშენებლობაზე

08.03.2016 • 1579
„სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აირიდა“ – იურისტი ბათუმში უკანონო მშენებლობაზე

იურისტის განმარტებით, დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში განახლებულ უკანონო მშენებლობაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მოეხდინა და საქმის გარკვევამდე მშენებლობა შეეჩერებინა, რადგან იგივე კომპეტენცია მერიის ზედამხედველობის სამსახურს არ აქვს. საიას იურისტი ამბობს, რომ „სახელმწიფომ დღეს პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის იურისტის, ანა მდინარაძის განმარტებით, „ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს არ აქვს უფლებამოსილება, გააჩეროს მშენებლობა. შეუძლია გასცეს მითითება და მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ეს ეფექტური მექანიზმი ვერ იქნება, რადგან დროშია გაწელილი. ამ შემთხვევაში ზოგად ადმინისტრაციული კოდექსით, ადმინისტრაციულ ორგანოებს აქვთ ერთმანეთისადმი დახმარების ვალდებულება. კარგი პარალელი იქნება ციხისძირის თემა. მივიდა იქ საპატრულო, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და პროცესი გაჩერდა.

ვიდრე სასამართლოს მიმართავენ და დაიწყებოდეს პროცესი, ეს კი დროში საკმაოდ გაწელილი თემაა, მანამდე უმჯობესი იქნება, თუ მიმართავენ ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოისაზღვრება ეს ტერიტორია და არ განხორციელდება სამშენებლო სამუშაოები. მე მიმაჩნია, რომ ასე უფრო ეფექტური იქნება ამ პროლემის მოგვარება.

რადგან დღეს ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში იმყოფებოდა პოლიცია და მშენებლობა არ შეჩერდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფომ არ მოახდინა რეაგირება. სახელმწიფო ორგანოებმა თავიდან მოიშორეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიცით, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრეულია და აღარ არსებობს. ასევე, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. მართალია, დღეს მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩართული იყო პროცესში, მაგრამ შედეგებით უნდა ავხსნათ, რომ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფაქტს აქვს ადგილი“.

დღეს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13 – ში შპს „სლავა 2015“ – მა სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გარეშე განაახლა. მანამდე ამავე კომპანიამ ნებართვის გარეშე დაანგრია ამ ადგილზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რის გამოც კუტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კომპანიას უჩივლა. დღეს ვაჟა-ფშავალას 13- ში მშენებლობა ნებართვის გარეშე განაახლეს, ადგილზე იმყოფებოდა როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე კრიმინალური პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახური – მშენებლობის შეჩერება ვერც ერთმა უწყებამ მოახერხა. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს, რაზეც შეტყობინება გადაგზავნილია აღსრულების ბიუროში.

„სლავა 2015“-მა საპატრულო პოლიციისა და ზედამხედველობის სამსახურის მობილიზების პირობებში დაასრულა საძირკვლის ჩასხმის სამუშაო.

გადაბეჭდვის წესი