მთავარი,სიახლეები

ქურდული სამყაროს წევრობის საქმე ბათუმის სასამართლოში

07.03.2016
ქურდული სამყაროს წევრობის საქმე ბათუმის სასამართლოში

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის საქმეს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. საქმის მასალების მიხედვით, თბილისიდან ბათუმში სტუმრად ჩამოსული გ.მ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა და ფულს სძალავდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობს. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ბრალდებული სხვა პირებთან ერთად, თურქეთის მოქალაქეს სარფის საბაჟოზე ახალშეძენილი მანქანის გადაყვანაში დაეხმარა.

ბრალდებულის ადვოკატის, ნოდარ მგელაძის თქმით, თურქეთის მოქალაქე ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და ის სისტემატურად არჩევდა სხვადასხვა პირს, ვინც საბაჟოზე მანქანის გადაყვანაში დაეხმარებოდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მომსახურებისთვის წინასწარ დაპირებული თანხის აღებას მოითხოვდა და მეტს არაფერს.

დაზარალებულის, ასევე მოწმეთა ჩვენებების მიხედვით კი, გ.მ. თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდა თურქეთის მოქალაქეს და მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა დამატებით 1400 ლარი გადაეხადა.

გ.მ. ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს და 2012 წლის ზაფხულში გათავისუფლდა. დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა რამაზ შავაძემ დასკვნითი სიტყვაც წაიკითხა, სადაც მოპოვებული მტკიცებულებებიდან, მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მოწერილი წერილი გაახმოვანა. წერილში ნათქვამია, რომ გ.მ. პატიმრობის დროს გ.მ. ქურდული სამყაროს წევრად თვლიდა თავს. პროკურატურის მასალებში ასევე მოხვდა ჩაქვში მომხდარი კონფლიქტი, სადაც ბრალდებულის მხარის მტკიცებით, გ.მ. მონაწილეობდა როგორც ქურდული სამყაროს წევრი.

პროკურორმა რამაზ შავაძემ სხდომაზე ნივთმტკიცების სახით, დაკავების დროს ამოღებული ბრალდებულის მობილური ტელეფონი და ჯვარი წარმოადგინა. „ეს არაფერს ნიშნავს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სატელეფონო საუბრებით მტკიცდება ქურდული სამყაროს მიმართ ინტერესი, მაგრამ უარი მივიღეთ ამ ჩანაწერების ექსპერტიზა დამოუკიდებელ ბიუროს ჩაეტარებია“- უთხრა „ბათუმელებს“   ბრალდეულის ადვოკატმა ნოდარ მგელაძემ.  მისი მტკიცებით, გ.მ.-ს დაკავების მიზეზი ხელისუფლების მიმართ წამოსული კრიტიკაა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ ქურდული სამყაროს წევრებს აღარ აპატიმრებს.

დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი შემდეგ სხდომაზე მოისმენს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გ.მ.-ს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: