მთავარი,მთიანი აჭარა

უფუნქციო ჩოგბურთის კორტები ქედაში – საქმეს პროკურატურა იძიებს

06.03.2016 • 2053
უფუნქციო ჩოგბურთის კორტები ქედაში – საქმეს პროკურატურა იძიებს

ქედის სასპორტო სკოლის ეზოში 2011 წელს მოწყობილი ჩოგბურთის კორტები დღემდე უფუნქციოდაა. სპორტული ობიექტი, რომლის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 667 ლარი დახარჯა, მწყობრიდან გამოსულია, ამოყრილია მოედნის საფარი და წვრთნები სპორტსმენებს 2013 წლის თებერვლის შემდეგ არ ჩატარებიათ. რამდენად მიზნობრივად დახარჯა ქედის გამგეობამ 2011 წელს თანხა ბიუჯეტიდან? – ამ საკითხს ახლა პროკურატურა იძიებს.

ჩოგბურთის კორტისა და ფრენბურთის მოედნის მოსაწყობად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2011 წელს 87 700 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო და ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „გულები ო.დ“-მა გაიმარჯვა. ჩოგბურთის კორტისა და ფრენბურთის მოედნის მოსაწყობად ხელშეკრულება ქედის გამგეობამ შპს „გულები ო.დ“-თან 84 667 ლარზე გააფორმა. სატენდერო პირობების მიხედვით, დასრულებული ობიექტი კომპანიას წლის ბოლომდე უნდა ჩაებარებინა. შპს-ს დირექტორი ოთარ დიასამიძე კორტების საფარის დაზიანების ერთ-ერთ მიზეზად სამუშაოების ზამთარში შესრულებას ასახელებს. ის ამბობს, რომ გამგეობას სიტყვიერად სატენდერო პირობების გაგრძელება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

„ოქტომბერში დაიგეგმა და ნოემბერ-დეკემბერში დასრულდა სამუშაოები, ახალგაკეთებულ ბეტონს ადვილად მოერია ყინვა, მოიყინა და ამოცვივდა. ზაფხულში განვაახლეთ, გადავღებეთ, მაგრამ საღებავი არ დაიჭირა. ეს სამუშაოები ზამთარში არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ არ გათვალეს. მე მაგის სპეციალისტი ხომ არ ვიყავი, მხოლოდ ის სამუშაოები შევასრულე, რაც მევალებოდა“, – ამბობს ოთარ დიასამიძე.

როგორც ქედის სპორტსკოლის დირექტორი აჩიკო გორგილაძე ამბობს, ამ დროისთვის სასპორტო სკოლის ბაზაზე ჩოგბურთის სექცია აღარ არსებობს. სექციის გაუქმების მიზეზი მწყობრიდან გამოსული ის კორტებია, რომლის მოსაწყობად ხელისუფლებამ 2011 წელს 84 667 ლარი დახარჯა.

ჩოგბურთის შემსწავლელთა ჯგუფი ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა. სპორტის ამ სახეობას იმ დროისთვის 16 ქედელი ახალგაზრდა ეუფლებოდა. კორტების საფარის ამოცვენის გამო წვრთნები სწავლების დაწყებიდან ხუთ თვეში შეჩერდა, მას შემდეგ სამი წელი გავიდა, არც საფარი აღუდგენიათ და აღარც წვრთნები განახლებულა.

ფრენბურთის მოედნისა და ჩოგბურთის კორტების მოწყობაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ქედის გამგეობას 5-წლიანი საგარანტიო ვალდებულება ჰქონდა ჩადებული. შესაბამისად, შპს „გულები ო.დ“-ი გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ხუთი წლის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებდა.
საგარანტიო ვალდებულებებით გაწერილი ხუთწლიანი ვადა ჯერ არ გასულა. სპორტული წვრთნები საფარის დაზიანების გამო 2013 წლის თებერვალში გაჩერდა, ქედის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიას საფარის აღდგენასთან დაკავშირებით წერილობითი მოთხოვნა პირველ აპრილს გაუგზავნა.

შპს-ს დირექტორი ადასტურებს, რომ საგარანტიო ვალდებულებიდან გამომდინარე არაერთხელ სცადა პრობლემის მოგვარება, თუმცა უშედეგოდ: „ყველაზე ძვირადღირებული საღებავით სამჯერ გადავღებე კორტები, მაგრამ მაინც ამოცვივდა, საღებავს არ იჭერს“.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ კორტებთან დაკავშირებული საქმე მის კომპეტენციას სცდება.
„კორტები პრობლემური მანამდე იყო, ვიდრე გამგებლად დავინიშნებოდი. ხარვეზის აღმოსაფხვრელად კომპანიას მივმართეთ, კომპანიამ საფარი გადაღება, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქვეშა საფარი იყო დაზიანებული და ისეც დარჩა“, – ამბობს გამგებელი.
ოთარ დიასამიძე ადასტურებს, რომ ის გასულ წელს დაკითხეს პროკურატურაში და გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
პროკურატურამ გასულ წელს ქედის ყოფილი გამგებელი და მოქმედი უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ბარამიძეც დაკითხა. ყოფილი გამგებლის საგამოძიებო უწყებაში დაბარება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასეს.

ოთარ დიასამიძეს კორტების საფარის დაზიანების მიზეზად სიცივეში განხორციელებულ მშენებლობასთან ერთად ის პროექტი მიაჩნია, რომლის მიხედვითაც ჩოგბურთის მოედანი მოაწყო ქედაში. მისი თქმით, კორტის საფარი ასფალტზე უნდა გაკეთებულიყო.

„სამუშაოები როგორც პროექტში იყო გათვლილი, ისე გავაკეთე. ზუსტად ვერ გეტყვით რა გახდა დაზიანების მიზეზი, თუმცა იმ კომპანიებში, რომლებიც მსგავს სამუშაოებს ასრულებენ, მითხრეს, რომ კორტის საფარი ბეტონზე არ უნდა მოწყობილიყო“, – ამბობს ოთარ დიასამიძე.

რას აპირებს გამგეობა კორტებთან დაკავშირებით, რა დატვირთვა ექნება სამომავლოდ უფუნქციოდ დარჩენილ მოედანს? – კითხვის პასუხად გამგებელი ამბობს: „როგორც კი დადგება სამართლებრივი შედეგი, იმის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს. თუ ის დატვირთვა ვერ ექნება, რისთვისაც მოეწყო [კორტი] გადავაკეთებთ და სხვა დანიშნულებას მივცემთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ მშვილდოსნობის განვითარებაზე. ჩოგბურთი დიდი სიამოვნებაა, ქედის მუნიციპალიტეტში ვერც მსოფლიოს დონის ჩოგბურთელს გავზრდით და ვერც გავუტოლდებით მაგ საკითხში. ალბათ შევცვლით პროფილს, სერიოზულად არ მიფიქრია მაგ საკითხზე“, – ამბობს დავით დუმბაძე.

ქედის გამგებლის თქმით, კომპანიას, რომელმაც ჩოგბურთის კორტები გააკეთა ქედაში, სხვა ობიექტებზეც ჰქონდა პრობლემა, მაგალითად კი სოფელ ხუნკუდის გზა და დოლოგნის ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები მოიყვანა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: