სიახლეები

სუნი და ანტისანიტარია ღია არხებიდან

11.04.2015 • 1945
სუნი და ანტისანიტარია ღია არხებიდან

 

„47 წელია აქ ვცხოვრობ და ილია წულუკიძე რომ იყო მერი, მაშინ გაწმინდეს არხი.   დაგვპირდა დავლუქავთო, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. არც გაწმენდილა. ბაგრატიონის ქუჩიდან კობალაძემდე მონაკვეთში არხი გვირაბში შევარდნაძის დროს, გასული საუკუნის 70-იან წლებში მოაქციეს, ეგ იყო და ეგ“ – გვეუბნება გრიგოლ ხიბაია, რომელიც კობალაძის ქუჩის შესახვევში ცხოვრობს.

 

ჟილინის არხი მის ეზოში, სახლსა და ჭიშკარს შორის გადის და ბეტონის ფილებითაა   დახურული: „ეს ფილები ჩემი დალაგებულია, მაგრამ არხი ეზოს ორთავე მხარეს ღიაა. როცა რეაბილიტაცია დაიწყო, მუშაობის პერიოდში კეტავდნენ არხს, ქვემოთ  სამუშაო პირობები რომ ჰქონოდათ. გაწვიმდებოდა და სანამ დავრეკავდით, სანამ ტრაქტორი მოვიდოდა და მათ ჩაყრილ ქვებს თუ ღორღს ამოიღებდა, წყალი სახლში  კიბის მესამე საფეხურამდე აღწევდა. საერთოდ, ამ ბოლოს ოთხჯერ წამოიწყეს სამუშაოები და ოთხივეჯერ შეაჩერეს. ახლაც, ხელახლა გაიმარჯვა ვიღაცამ ტენდერშიო და ველოდებით“.

 

ჟილინის არხი

 

ჟილინის არხის მიმდებარედ მცხოვრებლებს „ახალი გამარჯვებულისა“ და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ, თუმცა, ადრე რასაც ეუბნებოდნენ, იმის გათვალისწინებით, დღეს პრობლემა მოგვარებული უნდა ყოფილიყო.

 

გრიგოლ ხიბაიას ეზომდე ვერ მივიდა, მაგრამ მის მეზობლად, მამია აბაშიძეს, როგორც თავად ამბობს, მერიის ტენდერში შარშან გამარჯვებულმა კომპანიამ ეზოს დამცავი ჯებირები დაუნგრია და ბეტონის ფილები, რომლითაც არხი იყო დახურული, ეზოში დაულაგა.

 

„როცა სახლი ავაშენე 1999 წელს, შევისყიდე სამშენებლო ბლოკები და მოვაწყვე ჯებირები, რკინაბეტონის ფილებით დავფარე არხი, რაც 6 ათასი ლარი დამიჯდა. კი ხედავთ აგერ, ბავშვები გამოდიან და როგორი მდგომარეობაცაა დღეს. ეს  ანტისანიტარია რომ არ ყოფილიყო სახლის წინ, ამიტომ გავიღე ხარჯი“, – ამბობს მამია აბაშიძე.

 

მისი თქმით, 2013 წლის ზაფხულში არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო ზღვისპირიდან, თუმცა გაკეთდა პატარა მონაკვეთი და სამუშაოები შეჩერდა: „ჩაიშალა იმის გამო, რომ კომპანიამ, რომელსაც ხუთმილიონიანი ტენდერი ჰქონდა მოგებული, სამუშაოები დროზე ვერ შეასრულა. როგორც ჩვენ ვიცით, 1 მილიონ 100 ათასი ლარი თანხა გაქრა და დანარჩენი გადმოვიდა 2014 წლის ბიუჯეტში. 2014 წელი კი ისე დასრულდა, არაფერი. გამოვლინდა გამარჯვებული, მოვიდა ნოემბრის ბოლოს, თუ არ ვცდები ქუთაისელები იყვნენ. მითხრეს, ავიღებთ შენს ფილებსო. ვუთხარი, გაკეთებული მაქ და ნუღარ დამიშლით-მეთქი. მერე ტექნიკა სად ვეძებოთო, ხელი არ შეგვიშალოო და მეც დავთანხმდი – თუ გააკეთებთ, ხელს როგორ შეგიშლით-მეთქი. დაშალეს და სამუშაოებიც შეწყდა. აქვე მეზობლად იქირავეს ბინაც, მუშები ცხოვრობდნენ. ბინის ქირა არ მიუციათ, მაღაზიაში ნისიად გამოჰქონდათ პროდუქტი, კომპანიას უნდა გადაეხადა, თუ იმ მუშებს ეს აღარ ვიცი“.

ჟილინის არხი

 

 

სამუშაოების შეჩერების მიზეზი მამია აბაშიძემ მერიაში მოიკითხა: „გიორგი ერმაკოვთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ არ შემახვედრეს და გამიშვეს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან. არ შევხვედრივარ, სატელეფონი საუბარი მქონდა. მოვიდნენ ამ სამსახურიდან – ერთი ბაგრატიონი იყო გვარად, მეორე არ ვიცი. ავუხსენი რა მდგომარეობაც იყო და მითხრეს – ამ ფილების ხელახლა ჩაწყობას აზრი არ აქვს, დაახლოებით ერთ თვეში შემოდის ახალი კომპანია და მაისის პირველ რიცხვამდე დასრულდება სამუშაოებიო. აპრილი დაიწყო და არავინ გამოჩენილა“.

 

„ზაფხულში ტურისტრები შემოდიან, ერთ-ორ კაპიკს ვაკეთებდით. ახლა მაისიდან სეზონი დაიწყება და აქ ვინმე მოვა? თუ შენ არ აკეთებ, ჩემს გაკეთებულს ნუღარ მიშლი. მაისის ბოლომდე ეს თუ არ გაკეთდა – სასამართლოს უნდა მივმართო და ზარალის ანაზღაურება მოვითხოვო. მერია იქნება თუ კომპანია, არ ვიცი… ან მოვიდნენ და ჩემი გაკეთებული მაინც აღადგინონ“, – ამბობს მამია აბაშიძე.

 

ჟილინის არხის რეაბილიტაციაზე მესამედ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ ბათუმის მერიამ ხელშეკრულება შპს „მშენებელი 80“-თან 30 მარტს გააფორმა. ხელშეკრულება 6 მილიონ 317 ათას 776 ლარსა და 90 თეთრზე გაფორმდა.

 

„ეს სერიოზული კომპანიაა და არ გაგვაწვალებს ისე, როგორც წინა ორმა გაგვაწვალა“, – ამბობენ მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.

 

სამუშაოები 6 აპრილიდან უნდა დაიწყოს და 2017 წლამდე უნდა დასრულდეს. შედეგად, ჟილინის არხი მთლიანად დახურულ სისტემაზე გადავა.

 

 

 

არხის გაწმენდას ელოდებიან ხახულის ქუჩაზეც, ასევე ხახულის მეორე შესახვევშიც.   მდგომარეობა აქაც ანალოგიურია (სხვათა შორის, ჟილინის არხს „ოფიციალურად” ჰქვია სანიაღვრე, თორემ არხში ფეკალიებიც ხვდება, რადგან მასში მიმდებარე უბნებიდან საკანალიზაციო წყლებიც ჩაედინება. ეს არხი ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე ზღვას ახალ ბულვართან უერთდება. რეაბილიტაციის პარალელურად ფეკალური კანალიზაციები უნდა მიუერთდეს ქალაქის საკანალიზაციო ქსელს).

 

„ანტისანიტარიაა, სუნი… ნაგავი. წვიმის დროს ეზოებიც იტბორება. აგერ, მეზობელი, მაგალითად, არხთან ახლოს მიწას ვერ ამუშავებს – მერიიდან მოვლენ და უნდა ამოწმინდონო. ამოღებული შლამი რომ მის დამუშავებულ ნაკვეთში დაიყაროს, დაზარალდება. როდის გაწმენდენ, კონკრეტულად არაფერი ვიცით“, – გვითხრა ხახულის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

 

„ხახულის ქუჩა, მეჯინა – ამ მონაკვეთის პროექტი მუშავდება, დაახლოებით დათვლილია თანხაც, სადღაც 1 მილიონ 700 ათას ლარამდე დასჭირდება (შლამის ამოღებას და გატანას). თუმცა ბევრი პრობლემაა – მათ შორის დაშენებები ზედ არხზე, ზოგი უკანონოა, ზოგმა დააკანონა კიდეც. ამოღებული შლამი და ნაგავი აუცილებლად უნდა იქნეს გატანილი, რაც ასევე პრობლემაა. ამ ეტაპზე, ჯერ არც ადგილი გვაქვს მითითებული, მაგრამ გატანის დროს, ერთ მანქანას რომ მიაქვს ამოღებული ტალახი, მეორე უნდა მიყვებოდეს და წყლით გზას ასუფთავებდეს. ამ არხის გაწმენდაზე, სავარაუდოდ, „ბათუმის წყალი“ გამოაცხადებს ტენდერს“, – ამბობს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბახტაძე.

 

ბათუმის მერია ღია სანიაღვრე არხების მოვლა-ექსპლუატაციისთვის სპეციალურ ქვეპროგრამასაც ახორციელებს, რისთვისაც წელს ჯამში 870 800 ლარია გათვალისწინებული.

 

სანიაღვრე ქსელების მოვლა-ექსპლუატაციის ფარგლებში დაგეგმილია: 2400 სანიაღვრე ჭის გაწმენდა, შლამის ამოღება და გატანა (ყოველთვიურად); დახურული სანიაღვრე არხების გაწმენდა; ღია სანიაღვრე არხების გაწმენდა (50 000 გრძივი მეტრი); ასევე სანიაღვრე მილების გაწმენდა ჭურვის გატარებით; სანიაღვრე ჭების მიმდინარე შეკეთება; ზღვაში გასასვლელი არხების გაწმენდა; გადახურვის ფილის გამოცვლა; სანიაღვრე არხების სანიტარულ-ჰიგიენური დამუშავება; მდინარეების ფსკერების გაწმენდა.

 

ქალაქის მერია 96 100 ლარს დახარჯავს ასევე წელს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობაში, ხოლო თამარის დასახლებაში, სახლი N1 და სახლი N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე სისტემის რეკონსტრუქციაში – 62 800 ლარს.

 

ჟილინის არხი

გადაბეჭდვის წესი