მთავარი,სიახლეები

სულ სხვა 8 მარტი

08.03.2016
სულ სხვა 8 მარტი

საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღესასწაული ძირითადად ქალებისთვის ყვავილების ჩუქებით აღინიშნება. უკარგავს თუ არა მნიშვნელობას ამ დღესასწაულს ქალთა დღის მხოლოდ მსგავსი ფორმებით აღნიშვნა? ამ თემაზე „ბათუმელებმა” კომენტარი გენდერის მკვლევარს, კინომცოდნე თამთა თათარაშვილს სთხოვა.

თამთა თათარაშვილი

თამთა თათარაშვილი

თამთა თათარაშვილი: 8 მარტის სტერეოტიპულად აღნიშვნა აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობას სძენს ამ დღეს, სრულიად საწინააღმდეგოს იმისა, რისთვისაც ეს დღე დაწესდა. საბჭოთა კავშირში ქალთა უფლებები რაღაც ეტაპზე, დაახლოებით 30-იანი წლებიდან, მხოლოდ წარმომადგენლობით, ზედაპირულ საკითხად იქცა და შესაბამისად 8 მარტმაც დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა.

საბჭოთა კავშირში არ მომხდარა მამაკაცთა ემანსიპაცია. კი, ქალები გავიდნენ სახლიდან, დაიწყეს მუშაობა, მაგრამ საქმეზე, რომელიც დარჩა სახლში: ოჯახზე, ბავშვებზე, არ გაინაწილა პასუხისმგებლობა მამაკაცმა და ქალი ორმაგად და ხშირად სამმაგადაც დაიტვირთა.

გენდერის მკვლევარები ხშირად ამ ორმაგად დატვირთულ ქალებს „სუპერქალების“ სახელითაც მოიხსენიებენ, რომელიც ყველაფერს ასწრებს. ამის კარგი ილუსტრაციაა ლანა ღოღობერიძის ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, ასეთი სუპერქალების სხვადასხვანაირ სახეთა პალიტრაა წარმოდგენილი ფილმში მთავარი გმირის ჩათვლითაც.

საბჭოთა კონტექსტმა საკმაოდ კარგად მოირგო ნაციონალისტური ხედვებიც, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქალი, იდეოლოგიისთვის მისაღები ქალი, და ასე გაჩნდა თბილისის თავზე ქართლის დედის ქანდაკება, ერთგვარი კვინტესენცია მასკულინიზირებული, ყოჩაღი, მეომარი და ამასთანავე კდემამოსილი, არასექსუალური ქალისა, რომელიც მამულს მეომრებს უზრდის და თავზე ლეჩაქი ხურავს. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. ასეთივე ქვეყნის დედის ქანდაკებები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შეგვიძლია ვნახოთ (სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში).

მე ვფიქრობ, ტრადიციული 8 მარტიც სწორედ ასეთ, იდეოლოგიისთვის მისაღებ ქალებს ეძღვნებათ ხოლმე.

ეს სტერეოტიპი თანამედროვე საქართველოშიც დარჩა, ყველაფერი დავიდა იქამდე, რომ მამაკაცი უნდა გავიდეს დილით და მოუტანოს ქალს ყვავილები და როგორც წესი, ამით ამოიწურება 8 მარტის მნიშვნელობა ჩვენთან. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის მედიასაც. სჯობს მედიამ გამოიყენოს 8 მარტის იდეა და ამ დღეს უფრო მეტად პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება. მაგალითად, ოჯახში ძალადობის საკითხზე, ქალთა შრომითი უფლებების პრობლემებზე და ა.შ.

ბოლო წლებში საქართველოში რამდენიმე ფემინისტურმა ჯგუფმა და ორგანიზაციამ სცადა 8 მარტი არასტერეოტიპულად აღენიშნა და საზოგადოებისთვის შეეხსენებინა, რომ ამ დღეს სხვა მნიშვნელობა აქვს, თუმცა რამდენად წვდება ეს ფართო საზოგადოებას, არ ვიცი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: