კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

გარდაცვლილი 4 თვის ჩვილი და შერჩევითი დასჯა „უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის“

04.03.2016 • 1910
გარდაცვლილი 4 თვის ჩვილი და შერჩევითი დასჯა „უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის“

4 თვის გაბრიელ ხალვაში იანვარში „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ გარდაიცვალა. მას ექიმებმა მწვავე მენინგო-კოკცემიის დიაგნოზი დაუდგინეს. შეეძლოთ თუ არა ჩვილის გადარჩენა ექიმებს – შემთხვევას „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ სწავლობს, თუმცა ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია. დასკვნის დადებამდე სააგენტომ ამ კლინიკის პირველადი გადაუდებელი დახმარების განყოფილების – „ემერჯენსის“ ექიმი ლ.ა. უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცა. ექიმი ლ.ა. ადასტურებს, რომ სერტიფიცირებული მართლაც არ არის, მაგრამ „ემერჯენსში“ სერტიფიკატი არავის აქვს.

ჩვილი კლინიკაში თავდაპირველად დედას მიუყვანია. გაბრიელს სახეზე გამონაყარი ჰქონია და ყურები გასივებია. „პირველად ექიმი ლ.ა. მოგვემსახურა, მერე ალერგოლოგ ვ.ბ.-ს დაგვაკავშირა, რაღაც წამლები გამოგვიწერა იმ კაცმა და გამოგვიშვეს. ექიმს თუ არ ენდე, აბა, ვის უნდა ენდო? რამე არ ჭირსო, ასე იძახდნენ, მაგრამ ბოლოს…“ – გვიყვება გაბრიელის დედა, მზექალა შურღაია. დედას ბავშვი სახლში დაუბრუნებია, ქედაში, სოფელ წონიარისში.

ხუთი დღის შემდეგ, ღამით მშობლებმა სასწრაფო სამედიცინო სამსახური გამოიძახეს და გაბრიელი მაღალი სიცხით ისევ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“ ჩამოიყვანეს. დილით გაბრიელი გარდაიცვალა.

თავდაპირველად ბავშვს რომ მხოლოდ ალერგიული გამონაყარი ჰქონდა, ადასტურებს ექიმი პედიატრი ლ.ა.-ც. ექიმის განმარტებით, მან ბავშვს მხოლოდ პირველადი სამედიცინო მომსახურება გაუწია, რასაც ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული „გაიდლაინები“ და მშობლებმა ბავშვის კლინიკაში დატოვება არ ისურვეს.

ექიმმა წერილიც გვაჩვენა ჩვილის დედის ხელმოწერით, სადაც ვკითხულობთ: „მიუხედავად შესაძლო რისკისა, ოჯახური პირობების გამო, უარს ვაცხადებ ჩემს შვილს ჩაუტარდეს სტაციონარული მკურნალობა. ვიცი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს“.

გაბრიელის დედა კი ყვება, რომ ექიმი ცრუობს: „პირიქით იყო, გვითხრა, გადავსებულია საავადმყოფო, დასაწოლი ადგილი არ არისო, თან რომ მოგათავსოთ, ისე არიან დავირუსებული ბავშვები, შეიძლება რამე გადაედოს, უმჯობესია, სახლში წაიყვანოთო“.

მზექალა შურღაიას არ ახსოვს, მოაწერა თუ არა ხელი თანხმობას ბავშვის ოჯახში წაყვანაზე: „იმდენ დოკუმენტზე მოგვაწერინეს ხელი, აღარ მახსოვს“.

რატომ შეიძლება წაეყვანათ ჩვილი კლინიკიდან მშობლებს, თუ მას რეალურად სჭირდებოდა კლინიკაში ყოფნა, ან რატომ მიანიჭა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექიმმა მშობლის მოთხოვნას? „მდგომარეობა იყო მხოლოდ საშუალო სიმძიმის. დაავადებას რეციდივი ახასიათებს, ანუ განმეორება და უმჯობესად ჩავთვალე, ბავშვის კლინიკაში გაჩერება მონიტორინგის მიზნით“, _ უთხრა „ბათუმელებს“ ექიმმა ლ.ა.-მ.

გაბრიელის დედა, მზექალა შურღაია ამბობს, რომ ბავშვს შესაბამისი მომსახურება ვერც მეორედ მისვლის დროს გაუწიეს: „ღამის 12 საათზე ჩამოვედით, ერთ საათზე მეტი გვალოდინეს შესასვლელში. ვუთხარი, სხვაგან გადავიყვანთ, თუ აღარაა საშველი-მეთქი. მითხრეს, ბავშვს რამე რომ დაემართოს, თქვენ აგებთ მაშინ პასუხსო. გაბრიელი ძალიან ცუდად იყო. ექიმმა როგორც კი მოიცალა ჩვენთვის, აქეთ გვისაყვედურა, სად გყავდათ აქამდეო და რეანიმაციულ განყოფილებაში წაიყვანეს. დილით შვილი აღარ მყავდა“.

ჩვილის ცხედრისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. მზექალა შურღაია ამბობს, რომ ამის უფლებას არც მისცემდა ვინმეს. ბავშვის მშობლებს არც კლინიკისთვის უჩივლიათ. „ჩივილს რა აზრი აქვს? არც ის მესმის, მარტო ამ ერთ ექიმს რატომ სთხოვენ პასუხს“, – ამბობს გაბრიელის დედა. 4 თვის ბავშვის გარდაცვალებაზე არც გამოძიება დაწყებულა. შსს-ს პრესცენტრის თქმით, მათთან აქამდე შეტყობინება არ შესულა. „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ კი გვითხრეს, რომ საქმის შესწავლის დასრულებამდე არ იციან, იკვეთება თუ არა სამედიცინო პერსონალის ბრალი პატარა გაბრიელის გარდაცვალებაში.

„მოკვლევის დროს აღმოჩნდა, რომ კონკრეტულ ექიმს არ ჰქონდა შესაბამისი სერტიფიკატი, რის გამოც შედგა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი. თუკი სასამართლო ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ის 1000 ლარით დაჯარიმდება, ასევე აეკრძალება „ემერჯენსის“ მიმართულებით მუშაობის უფლება, ვიდრე სერტიფიცირებული არ გახდება“, – უთხრა „ბათუმელებს“ დავით ებრალიძემ, „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ იურისტმა.

„პირველადი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში არავის აქვს სერტიფიკატი, – ამბობს რეგულირების სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ექიმი. – ემერჯენსის განყოფილება 2011 წელს შეიქმნა და შესაბამისი კურსების გავლა ჯერ ვერ მოვახერხეთ. დაახლოებით 25-წლიანი გამოცდილება მაქვს პედიატრიაში, მაგრამ გადაუდებელი დახმარების მიმართულებით მუშაობას ცალკე სერტიფიცირება სჭირდება. ახლა არის წასული თბილისში ორი ექიმი ჩვენგან სერტიფიკატის მისაღებად. ყველა ერთად ხომ არ წავალთ? ექვსი თვე სჭირდება კურსის გავლას“.

რატომ არ ისჯებიან სხვა ექიმები სერტიფიკატის უქონლობის გამო? „როგორც კი აღმოვაჩენთ, სხვებსაც დავაჯარიმებთ“, – გვითხრა რეგულირების სააგენტოს იურისტმა. რატომ სჭირდება ამას `აღმოჩენა“, გაუგებარია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტისთვის. „სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მასთან დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს. თუ სააგენტოს არ აწვდიან ამ ინფორმაციას, ეს უკვე დარღვევაა“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

ჩვენი არაერთი მცდელობისა და პრესსამსახურის დაპირების მიუხედავად, კითხვებს არ უპასუხეს „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში“. ამ ცენტრის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი სამედიცინო კომპანია „ევექსია“. „ბათუმელებს“ სურდა გაეგო, რატომ მუშაობენ კლინიკაში ექიმები სერტიფიცირების გარეშე და რაში გამოიხატება თავად კლინიკის პასუხისმგებლობა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ მონიტორინგი ფატალურ შედეგზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. „სერტიფიცირების აუცილებლობა კანონითაა განსაზღვრული, განსაკუთრებით იქ, სადაც რისკი მაღალია. სახელმწიფო სერტიფიკატით აღიარებს კონკრეტული პირების კვალიფიკაციას. კანონმდებლობით, როცა ექიმს შესაბამისი სერტიფიკატი არ აქვს, პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება როგორც ექიმზე, ისე – სამედიცინო დაწესებულებაზე“, – ამბობს საია-ს აჭარის ფილიალის ხემძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტები კი განმარტავენ, რომ სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა არ დააყენეს, რადგან ორი თვის წინ ამავე კლინიკაში კიდევ ერთი ექიმი დააჯარიმეს სერტიფიკატის არქონის გამო. მაშინ კლინიკაც დაჯარიმდა 5 ათასი ლარით და მიეცა ოთხთვიანი გამოსაცდელი ვადა. სააგენტომ ვერ გვიპასუხა, რატომ ვერ გამოვლინდა ექიმთა შესაბამისი სერტიფიკატების საქმე გეგმიური შემოწმების დროს, რომელსაც სააგენტო რეგულარულად ახორციელებს, ხოლო ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ე.წ. „ემერჯენსის“ განყოფილება 2011 წლიდან მოქმედებს.

„არც ისე მარტივად ყოფილა საქმე“, – ამ ფრაზით შეწყვიტა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 26 თებერვალს ლ.ა.-ს საქმის განხილვა, როცა მან ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო. მანამდე მოსამართლეს ექიმი მოუყვა, რომ მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სერტიფიკატის მოთხოვნა მხოლოდ მიმდინარე წლიდან გააქტიურდა.

ბავშვის კლინიკაში ხელახლა მიყვანისა და მისი გარდაცვალების შესახებ ექიმის ადვოკატისგან ნათქვამი მოსამართლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მოსამართლემ აუცილებლად მიიჩნია სხდომაზე სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს დასწრება, რომლის წარმომადგენელი სასამართლოში უკვე მეორედ არ გამოცხადდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: