მთავარი,სიახლეები

“გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა სამყაროს უკეთ შესწავლის საშუალებაა”

05.03.2016 • 1874
“გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა სამყაროს უკეთ შესწავლის საშუალებაა”

აშშ-ში ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის მეცნიერებმა 1.3 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღა დააფიქსირეს. აღმოჩენის მნიშვნელობაზე “ბათუმელები” კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრს თეორიულ ფიზიკაში, მიშიკო გელენავას ესაუბრა. იგი 4 მარტს თბილისში, მეცნიერებათა აკადემიაში წაიკითხავს სემინარს იმავე თემაზე.

ბატონო მიშიკო, რას ნიშნავს ეს აღმოჩენა და რას წარმოადგენს გრავიტაციული ტალღა?

გრავიტაციული ტალღის არსებობის შესახებ თეორიული ვარაუდი მოვიდა აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიასთან ერთად. ეს არის თეორია, რომელიც აღწერს გრავიტაციულ ურთიერთქმედებას. როდესაც თეორიაში აინშტაინმა მიიღო ამ ურთიერთქმედების აღმწერი საბოლოო განტოლება, აღმოჩნდა, რომ განტოლებას აქვს ტალღური ამონახსნი, შესაბამისად, თუ განტოლებას აქვს ამონახსნი და ეს განტოლება ჭეშმარიტია, მისი ამონახსნი უნდა არსებობდეს ბუნებაში.

მას შემდეგ ასი წლის განმავლობაში ჩვენ ვერ ვახერხებდით გრავიტაციული ტალღის „დანახვას“, რადგან ის ძალიან სუსტია და მისი დაჭერა ექსპერიმენტით აქამდე შეუძლებელი იყო. ამჯერად ჩატარდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სიზუსტის ექსპერიმენტი, რაც ინჟინერიის უდიდესი მიღწევაც არის. ჩვენ შევქმენით დეტექტორები, რომელთა საშუალებითაც ასი წლის შემდეგ, პრაქტიკულად დავადასტურეთ გრავიტაციული ტალღის არსებობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კიდევ უფრო დავხვეწავთ ექსპერიმენტის ტექნიკას, შევძლებთ არა მხოლოდ გრავიტაციული ტალღის შესწავლას, არამედ გრავიტაციული ტალღების საშუალებით შევისწავლით იმ ციურ ობიექტებს, რომლებიც ამ ტალღას გვაძლევენ. ანუ სამყაროს შესწავლაში შეგვეძლება გრავიტაციული ტალღა დავიხმაროთ.

აქამდე ამისათვის მხოლოდ ელექტრო-მაგნიტურ ტალღას, ანუ სინათლეს, რენდგენის გამოსხივებას და ა.შ. ვიყენებდით. ვთქვათ, რომელიმე ციური სხეულიდან მოდიოდა სინათლე, მისი [სინათლის] საშუალებით ვიგებდით, სად მდებარეობს ეს ციური სხეული, რამხელაა, როგორ მოძრაობს. ახლა კი უკვე ისეთი სხეულების შესწავლაც შეგვეძლება გრავიტაციული ტალღების საშუალებით, რომელთაგანაც არ მოდის სინათლე, ეს იქნება შავი ხვრელები თუ სამომავლო პერსპექტივაში ნეიტრონული ვარსკვლავები. ასეთი სხეულებიდან მოსული გრავიტაციული ტალღების საშუალებით შესაძლებელი გახდება გავიგოთ: სად არიან, რა ზომის არიან, როგორ მოძრაობენ და ასე შემდეგ. ანუ გრავიტაციული ტალღები პერსპექტივაში სამყაროს უკეთ შესწავლის საშუალებაა.

წერენ, რომ ეს აღმოჩენა .. “დიდი აფეთქების ექოა”. რას გულისხმობს ეს და რამდენად ადასტურებს დიდი აფეთქების თეორიას?

ეს აღმოჩენა არ ადასტურებს დიდი აფეთქების თეორიას, მაგრამ გეტყვით რა კავშირში შეიძლება იყოს მასთან. დიდი აფეთქების თეორიის ბევრი ვარიანტი არსებობს. ბევრი ვერსიაა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროს ევოლუცია და მათ შორის ყველაზე უფრო პოპულარული ვარიანტი არის ე.წ. ინფლაციის თეორია. ეს ნიშნავს, რომ დიდი აფეთქებიდან ძალიან მცირე დროის მანძილზე სამყარო ფართოვდებოდა ძალიან დიდი სიჩქარით. ეს თეორია ძალიან ბევრ რამეს ხსნის, რაც დღესდღეობით გვაქვს სამყაროში, მაგრამ თავად ეს თეორია რომ აიხსნას, საჭიროა რაღაც-რაღაცების დადასტურება ექსპერიმენტით. მათ შორის ერთ-ერთი არის გრავიტაციული ტალღის არსებობის აუცილებლობა. ეს გრავიტაციული ტალღა არ არის, ის რაც ახლა აღმოაჩინეს, ეს სხვანაირი გრავიტაციული ტალღაა. მაგრამ, რადგან რაღაც სახის გრავიტაციული ტალღების დაჭერა უკვე შევძელით ექსპერიმენტით, გაჩნდა იმის ამბიცია და შანსი, რომ იმ გრავიტაციულ ტალღასაც აღმოვაჩენთ, თუ, რა თქმა უნდა, არსებობს. უბრალოდ, ის კიდევ უფრო სუსტია და საჭიროა კიდევ უფრო მგრძნობიარე დეტექტორების გამოყენება ექსპერიმენტისთვის. ამ აღმოჩენას ეს კავშირი აქვს დიდ აფეთქებასთან, თორემ თვითონ ტალღა, რაც ახლა აღმოაჩინეს, დიდი აფეთქებიდან მოსული კი არა, ორი შავი ხვრელის ერთმანეთთან გაერთიანებით წარმოქმნილი ტალღაა.

რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს აღმოჩენა მეცნიერებაში და საზოგადოებისთვის იქნება თუ არა რაიმე სახის ცვლილებები ხელშესახები. აღმოჩენა სათავეს დაუდებს რაიმე სხვა აღმოჩენებს, გამოგონებებს ან/და ტექნოლოგიურ განვითარებას?

როგორც ვთქვი, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ სამყარო უფრო კარგად შევისწავლოთ და ამ კარგად შესწავლის შედეგად რა აღმოჩნდება, რას მივიღებთ ამაზეა დამოკიდებული შედეგები. ბევრი საკითხია შავ ხვრელებთან დაკავშირებით, რაც არ ვიცით და გვაინტერესებს – ამ საკითხებს უფრო კარგად გავიგებთ. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, ინჟინერული თვალსაზრისით ეს ძალიან მაღალი დონის მიღწევაა. ეს იმას ნიშნავს, რომ, ზოგადად, ინჟინერია ისე განვითარდა, რომ ადამიანებს შეგვიძლია ამ დონის აღმოჩენის გაკეთება. შესაბამისად, ეს ინჟინერული ცოდნა შესაძლოა სხვა საკითხებშიც იქნას გამოყენებული, რაც არის არაპირდაპირი შედეგი ამ ექსპერიმენტის საკაცობრიო სარგებლიანობისა, ხოლო პირდაპირი შედეგი დრომ უნდა გვიჩვენოს.

გადაბეჭდვის წესი