მთავარი,სიახლეები

გონიოს მიწები – ბათუმის საკრებულო საკითხის განხილვას აჭიანურებს

02.03.2016 •
გონიოს მიწები – ბათუმის საკრებულო საკითხის განხილვას აჭიანურებს

რატომ არ პასუხობს ბათუმის საკრებულოს  ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და რა პოზიცია აქვს უწყებას გონიოს სადავო მიწების შესახებ –  გონიოელების საპროტესტო აქციის შემდეგ „ბათუმელების“ მიერ ორშაბათს დასმულ ამ შეკითხვას სააგენტომ დღეს უპასუხა. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მიწის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო არ იღებს და ის საკრებულოს შესაბამისი კომისიის საქმეა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ წელს ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან წერილი არ მიუღიათ.

გონიოელები ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პასუხს ორშაბათისთვის ელოდებიან. მათ გონიოს მაჟორიტარი საკრებულში ირაკლი მიქელაძე და საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი შეხვდნენ. საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საჯარო შეხვედრაზე ლევან კინწურაშვილმა თქვა, რომ კიდევ ერთი კვირა კომისიას ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს პოზიციის გასაგებად სჭირდება. „8 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მივწერეთ წერილი ქონების მართვის სააგენტოს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ამ მიწების მესაკუთრე ეს სააგენტოა. შესაბამისად, მათი პასუხია მნიშვნელოვანი,“ – თქვა ლევან კინწურაშვილმა გონიოელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

ორშაბათს გონიოელებს ეტყვიან, რომ თითოეული შემთხვევის შესწავლას საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია დაიწყებს. ეს „ბათუმელებს“ ამ კომისიის თავმჯდომარემ, ლევან კინწურშვილმა უთხრა. რატომ არ მუშაობდა ამ საკითხზე კომისია აქამდე და რის გამო გააჭიანურა შეგნებულად პროცესი ბათუმის საკრებულომ? ლევან კინწურაშვილმა ამ კითხვაზე გვიპასუხა, რომ კომისია „სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად“ მოქმედებს. „მთავრობაში განიხილება ამ მიწებისთვის სტრატეგიული დანიშნულების სტატუსის მინიჭება. ამ პროცესში ჩართულია  ეკონომიკური საბჭოც. ქონების მართვის სააგენტოსგან ჩვენ სწორედ ამ პოზიციის გაგებას ვცდილობდით: უბრუნებდნენ საკუთრებას ამ ხალხს, თუ სტრატეგიული გახდებოდა ეს მიწები და სხვა მიწის ნაკვეთს, ან კომპენსაციას მიიღებდა ის, ვისაც მიწა ნამდვილად უკანონოდ ჩამოართვეს,“- ამბობს ლევან კინწურაშვილი.

თუკი მთავრობა გონიოს მიწების სარფიანად გამოყენების ვერსიაზე ისევ მუშაობს, მაშინ რის განხილვას იწყებს საკრებულოს კომისია ამჯერად? „ძალიან დიდი დრო გავიდა, რაღაც უნდა ვუპასუხოთ მოქალაქეებს“ – ამბობს ლევან კინწურაშვილი. ის კომისიის ამუშავებას გონიოელების საპროტესტო აქციებს არ უკავშირებს. მისი განმარტებით, კომისიას შეუძლია თქვას, რომელ შემთხვევაში იყო მიწის ჩამორთმევა უკანონო, მაგრამ ეს არ იქნება მიწის დაბრუნების საფუძველი.

ასე არ ფიქრობენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. აქ მიიჩნევენ, რომ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხელს არაფერი უშლიდა შეესწავლა გონიოლების საქმე. „კომისია თუ მოინდომებდა, ამის შესაძლებლობა იყო, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი. ამ კომისიას უნდა ემსჯელა მხოლოდ მიწის საკუთრების აღიარების მოწმობების კანონიერების საკითხზე. პროცედურას თუ დაიცავდა კომისია და იტყოდა, რომ უკანონოდ იყო მიწები ჩამორთმეული, მოქალაქე მივიდოდა ამ გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრში. თუ რეესტრი შექმნიდა დაბრკოლებას, მაშინ მოქალაქე მიმართავდა სასამართლოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ხიმშიაშვილმა.

გონიოელები ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას 2014 წლის სექტემბრიდან ელოდებიან, მას შემდეგ, როცა გონიოს სადავო მიწებზე აჭარის მთავრობის შერეულმა სამთავრობო კომისიამ დასკვნა დადო. დასკვნის მიხედვით, 479 პირის საქმიდან 307 ოჯახზე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ქონების ჩამორმევის მართლზომიერების საკითხი სწორედ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას შეესწავლა. სამთავრობო კომისიამ ამ 307 პირის გარდა განსაზღვრა იმ ოჯახების რაოდენობაც, რომელთა საკუთრების აღიარებას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება და დადო მონაცემი იმ ოჯახებზეც, რომლებსაც საკუთრების დაბრუნების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ.

სადავო მიწები გონიოში 271 ოჯახს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა. 2010 წელს ეს მიწები გონიოელებს ჩამოართვეს. ხელისუფლებაში მოსვლადე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება სწორედ გონიოს მიწების დაბრუნება იყო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: