შვიდივე ბენეფიციარმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა
სამთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ეკოლოგიურმა და შრომითმა მიგრანტმა ქალბატონებმა სტილისტის საქმიანობა შეისწავლეს და საგამოცდო კომისიის წინაშე თამამად და წარმატებით წარსდგნენ. სასწავლო კურსი ბენეფიციარებმა პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში გაიარეს.
პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირება და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლება რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში. პროექტს ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
კლასიკური ვარცხნილობა, მელირება, თმის ღებვა, კულულები, კულულები ფოლგაზე, თმის დახვევა დიფუზორით, ნაწნავი-ქუდი, ობობა, წაღმა-უკუღმა… ეს სტილისტის საქმიანობიდან ის ჩამონათვალია, რომლებიც მომავალმა სტილისტებმა გამოცდაზე წარადგინეს. მანეკენსა თუ ჩვეულებრივ ადამიანებზე შესრულებული დავალება უდავოდ უნაკლოდ გამოუვიდათ. შესაბამისად შეფასებაც მაღალი მიიღეს. გამოცდის დასრულებისთანავე კურსდამთავრებულებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარემ ლევან გობაძემ და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცეს.
„ძალიან წარმატებულები რომ იყვნენ, ამას ძალიან დიდი პრაქტიკა სჭირდება,“ – ამბობს საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ სტილისტის საქმის მასწავლებელი თამარ ემირიძე. იგი მიგრანტ ქალბატონებთან ურთიერთობით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ სამთვიანი კურსი მათთვის საინტერესო და ამასთანავე სასარგებლოც იყო: „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფი იყო ძალიან მოწესრიგებული. შვიდივე მსმენელი უაღრესად პუნქტუალური და მონდომებული იყო. ცდილობდნენ მაქსიმალურად მეტი ცოდნა წაეღოთ ჩვენგან. რაც პროგრამით გვქონდა გათვალისწინებული, სრულიად აითვისეს. პრაქტიკული მეცადინეობები აქტიურად მიმდინარეობდა, ვმუშაობდით როგორც მანეკენებზე, ასევე ადამიანებთან, ჰქონდათ კომუნიკაციის უნარი კლიენტებთან, იღებდნენ საკუთარ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ და რა უნდა გაეკეთებინათ. თვითონაც კმაყოფილები იყვნენ და მეც. დასაწყისისთვის ძალიან წარმატებულები არიან. რამდენიმეს უკვე აქვს სამუშაო გამოცდილება, ერთს საკუთარი სალონიც… რაც მთავარია მონდომებულები არიან და ვიმედოვნებ, რომ არც სამსახურის პოვნა გაუჭირდებათ.“
„ინტელექტის“ ბენეფიციარებმა ვარცხნილობებთან ერთად თმის დიაგნოსტიკა, თავის მოვლა, კლიენტთან კომუნიკაციაც შეისწავლეს. „პროფესიასთან ერთად მეგობრებიც შევიძინე, ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო სამი თვე გვქონდა,“ – ამბობს თამრიკო როყვა.
სტილისტის პროფესიის ათვისებით კმაყოფილია ყოფილი პედაგოგი ელენე რომანაძეც: „იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ არ შემიძლია სიტყვებით გადმოცემა… მე ყოველთვის ვოცნებობდი სტილისტობაზე, პედაგოგად რომ ვმუშაობდი მაშინაც. ვფიქრობ, რაღაც სასწაული მოხდა.. მე მთლიანად გადავერთე სტილისტის პროფესიაზე. უკვე შემიძლია ჩავერთო მუშაობაში. საინტერესო სამი თვე იყო. ბევრნი არ ვიყავით, მხოლოდ შვიდი… ყველა დავმეგობრდით. ყველანი მონდომებულები ვიყავით და შედეგიც გვაქვს. ეს ყველაფერი „ინტელექტის“ საშუალებით მივიღე. მადლობა ამ ორგანიზაციას, რომ ოცნება ამისრულა!“
ქალბატონ ელენეს სილამაზის სალონი უკვე აქვს. აქამდე როგორც მოყვარული სტილისტი ემსახურებოდა მეზობლებსა და ნათესავებს, დღეიდან როგორც პროფესიონალი ნებისმიერ მსურველს მიიღებს.
დარეჯან გოგიტიძე ვიდრე შრომითი მიგრანტი გახდებოდა, მანიკურის სპეციალისტი იყო. ემიგრაციაში წასვლა ოჯახურმა პირობებმა აიძულა. ის სამი თვის უკან ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ პროექტში „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ჩაერთო და დღეს უკვე პროფესიონალი სტილისტია: „მინდა მადლობა გადავუხადო ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტს“, ასეთ პროექტში რომ ჩაგვრთო და სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მოგვცა. რამდენიმე სალონიდან მაქვს უკვე შემოთავაზება და ვიმედოვნებ, რომ შევძლებ საქართველოში დავსაქმდე და მქონდეს ნორმალური ფინანსური შემოსავალი.“
„ვფიქრობ, საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი იყო ჩვენი ახლანდელი პროექტი. ჩვენთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჯგუფი იყო მოტივირებული და სწორად შერჩეული. კარგი პროფესიული ორიენტაცია ჰქონდათ ამ ქალბატონებს, დიდი მონდომებით მეცადინეობდნენ და ვფიქრობ, ეს 300 საათი, რომელიც მათთან იქნა ჩატარებული, აუცილებლად წაადგება მათ კვალიფიკაციას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი წარჩინებული სტუდენტები აუცილებლად დასაქმდებიან და აქ მიღებულ ცოდნას მათ საქმიანობაში გამოიყენებენ. „ახალი ტალღა“ ყოველთვის იქნება მზად მსგავსი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ საინტერესო და პასუხისმგებლიან ორგანიზაციასთან, როგორიც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ გახლავთ. ვფიქრობ, ყოველთვის გამოვნახავთ საერთო ინტერესებს, სადაც ჩვენი საქმიანობა გადაიკვეთება,“ – აღნიშნა სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა.
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ განათლების მეთოდისტმა ლია ფუტკარაძემ სტილისტების ჯგუფის წარმატებულობა საკუთარ მაგალითზე გამოსცადა. კონკურსანტს, რომელსაც ბილეთის მიხედვით გამოცდაზე „კლასიკური ვარცხნილობის“ გაკეთება დაევალა, თავისი კანდიდატურა შესთავაზა და შედეგითაც კმაყოფილია: `შეფასების კრიტერიუმებში ერთ-ერთი იყო კრეატიულობა, რამდენად შეუძლია სტილისტს განსაზღვროს როგორი ვარცხნილობა შეურჩიოს კლიენტს. სანამ დავიწყებდი ფიქრს, თუ როგორი ვარცხნილობა უნდა გამეკეთებინა, კონკურსანტმა თავად შემომთავაზა. ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ვიყავი სალონში და ჩემი სტილისტი მემსახურებოდა. ვფიქრობ, შედეგიც კარგი გამოვიდა.“
პროექტს დადებითად აფასებს და მიგრანტი სტილისტების წარმატებაში დარწმუნებულია „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან გობაძე: „ინტელექტის“ მიერ ადრე განხორციელებული ყველა პროექტი ორიენტირებული იყო აჭარის რეგიონის თემების მოსახლეობის მსხვილ ჯგუფებზე. „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ პირველი პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს ცალკეულ ადამინებს – ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს, გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ წარმატებული იქნება. ასეთი მოლოდინის საფუძველს გვაძლევს განაცხადების რაოდენობა პროფესიული გადამზადების და მცირე ბიზნესის პროგრამებში მონაწილეობისათვის. შრომითი მიგრანტების პირველმა ჯგუფმა წარმატებით გაიარა გადამზადების კურსი. მათი მომზადების ხარისხი საშუალებას აძლევს ამ ადამიანებს იყვნენ კონკურენტული რეგიონის შრომით ბაზარზე.“
ეკოლოგიური და შრომითი მიგრანტების მომზადება/გადამზადების პროგრამა პროექტის – „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში კვლავ გრძელდება. „ახალ ტალღაში“ დღეისათვის ექვსი მიგრანტი გადის კონდიტერის კურსს. უახლოეს მომავალში ბუღალტერიის, მზარეულის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ოფისმენეჯერის, მაღალი წნევის შემდუღებლის, მძიმე ტექნიკის ოპერატორისა და სხვა პროფესიული ჯგუფები დაკომპლექტდება, რომლებიც მომზადება/გადამზადების კურსს „ახალ ტალღაში“ და ბათუმის პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსში“ გაივლიან. პროექტის ფარგლებში სულ 100 ბენეფიციარი აითვისებს ახალ პროფესიას/აიმაღლებს კვალიფიკაციას.