კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში

06.03.2016 • 2274
სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში

ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში, სადაც 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი მინისტადიონებს აშენებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებით ამ დროისთვის მხოლოდ ორი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული.

„თავისუფალი ტურისტული ზონა, ზოგადად, ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებას – სტადიონები, ბილიკები, პარკინგები, გაზის, წყლის, ელექტროენერგიის შეყვანა – ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. სწორედ ამ სამუშაოების ფარგლებში ვაშენებთ ორ სტადიონს, თავისი გასახდელებით. შემდეგ მოეწყობა პარკინგი,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ.

ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სტადიონებს ტენდერში გამარჯვებული უკრაინული კომპანია „ატომბუდნაგლიადი“ [ООО „АТОМСТРОЙНАДЗОР“] აშენებს. კომპანიასთან ხელშეკრულება ქობულეთის გამგეობას 462 190 ლარზე აქვს გაფორმებული. სამუშაოები ივლისში უნდა დასრულდეს.

„ატომბუდნაგლიადი“, რომლის ფილიალი [წარმომადგენლობა] საქართველოში 2015 წლის ივნისში დაფუძნდა, სტადიონების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი იყო. თუმცა, ამ კომპანიას ქობულეთის მუნიციპალიტეტში სხვა ტენდერებიც აქვს მოგებული [საერთო ღირებულებით 2 მილიონ ლარამდე; მათ შორის გელაურის დასახლების კანალიზაციის სისტემისა და სატუმბო სადგურის მოწყობისა და ქობულეთის ცენტრალურ პარკში მდებარე ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები].

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ სპეციალური კანონის მიღებისა თუ ინვესტორებისთვის მთელი რიგი შეღავათების დაწესებისა, ტურისტული ზონა ფიჭვნარში ინვესტორებისთვის მიმზიდველი მაინც არ აღმოჩნდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ფიჭვნართან დაკავშირებით გასულ წელს მედიასთან განაცხადა, რომ „ერთი სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, ხოლო მეორე მშენებლობის პროცესშია… ამ ეტაპისთვის ინტერესი ძირითადად ბათუმზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სასტუმრო ფუნქციონირებს, ხოლო ორი სასტუმროს მშენებლობა ბოლო სამი წელია გაჩერებულია, აქედან ერთი, სომეხი ინვესტორი დაწყებული მშენებლობის გაყიდვას გეგმავს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „ყველა საინვესტიციო წინადადება შედის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, ამიტომ უნდა მიმართოთ სააგენტოს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ხელმძღვანელობს იმ კომისიას, რომელიც განიხილავს ამ წინადადებებს“.

„ბათუმელებმა“ ფიჭვნარის ზონასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან და ქონების ეროვნული სააგენტოსგან პასუხი ვერ მიიღო.

სტადიონის მშენებლობა ფიჭვნარის ტურისტულ ზონაში - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფოტო

სტადიონის მშენებლობა ფიჭვნარის ტურისტულ ზონაში – ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფოტო

ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე ფიჭვნარში სასტუმროს მშენებლობით ორი – ყაზახური და უკრაინული კომპანიაა დაინტერესებული.

„ყაზახ ინვესტორს, სავარაუდოდ, ორი ნაკვეთის გაერთიანება და გაცილებით დიდი სასტუმროს აშენება აქვს გადაწყვეტილი… ამ ბოლოს პირობები შეიცვალა, თუ ადრე სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროექტით უნდა აეშენებინა ინვესტორს სასტუმრო, ამჯერად ნებისმიერს შეუძლია თავისი პროექტი წარუდგინოს სახელმწიფო კომისიას და თანხმობის შემთხვევაში თავისი პროექტით დაიწყოს მშენებლობა,“ – აცხადებს ქობულეთის გამგებელი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმასაც აცხადებენ, რომ კომპანიას, რომელიც ტენდერის შედეგად სტადიონების მშენებლობასა და სხვა საქმიანობას ახორციელებს, საერთო არ აქვს ქობულეთში მცხოვრებ კიევის ყოფილ მერთან, ლეონიდ ჩერნოვეცკისთან. გამგეობისვე ინფორმაციით, ყოფილ მერთან დაკავშირებული არ არის არც ფიჭვნარის თავისუფალი ტურისტული ზონით დაინტერესებული კომპანია.

2011 წელს თავისუფალ ტურისტულ ზონაში [ფიჭვნარი, ანაკლია] სასტუმროს პროფილთან თავსებად საქმიანობად სასტუმროს ნომრების გაქირავება და მასთან პირდაპირ დაკავშირებული მომსახურება, ასევე სასტუმროს შენობაში კვების ობიექტების ფუნქციონირება განისაზღვრა. 2015 წლის 27 აგვისტოდან კი ამ თავსებადი საქმიანობების ჩამონათვალს სასტუმროს ტერიტორიაზე საცურაო აუზის, აკვაპარკისა და სამორინეს ფუნქციონირებაც დაემატა.

ინვესტორი, რომელიც ქობულეთის ტურისტულ ზონაში სულ მცირე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას დააბანდებდა, მომდევნო 15 წლის მანძილზე მოგებისა და ქონების გადასახადისგან თავისუფლდებოდა. თავდაპირველი ინიციატივით, სასტუმროს მშენებლობა ინვესტორს 2011 წლის პირველ აგვისტომდე უნდა დაესრულებინა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებდა საგადასახადო შეღავათებს. თუმცა შემდეგ აღნიშნული შეთავაზება შეიცვალა და გადაწყდა, რომ საბოლოო ვადებს თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისთვის სპეციალური სახელმწიფო კომისია განსაზღვრავს. დღეს ძალაშია 15 წლის მანძილზე გადასახადების გადახდისგან გათავისუფლების პირობაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: