Batumelebi | სასამართლომ ექიმი უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის დააჯარიმა სასამართლომ ექიმი უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის დააჯარიმა – Batumelebi
RU | GE  

სასამართლომ ექიმი უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის დააჯარიმა

„ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის“ ექიმი ლ.ა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა.  ექიმის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მას შემდეგ შეადგინა, როცა კლინიკაში 4 თვის ჩვილი – გაბრიელ ხალვაში გარდაიცვალა. ბავშვს კლინიკაში  თავდაპირველად ალერგიული შეტევა დაუდგინდა, ერთი კვირის შემდეგ კი, გაბრიელი მწვავე ვირუსული ინფექციით სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

სააგენტოს  ბავშვის გარდაცვალების მიზეზებზე მოკვლევა ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა ამ პროცესში მან პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, ე.წ. „ემერჯენსში“ უნებართვო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დააფიქსირა.  ექიმი ლ.ა. -ს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს პედიატრიის მიმართულებით, თუმცა მას არ აქვს სერტიფიკატი კონკრეტულად „ემერჯენსში“ მუშაობისთვის.

„არ ვარ წინააღმდეგი ავიღო ეს სერტიფიკატი. ამას სჭირდება 6 თვე, რის დროც აქამდე არ მქონდა. ახალია ეს რეგულაციები“ – უთხრა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს ექიმმა ლ.ა.-მ.

„რეგულაცია ახალი ამოქმედებული არ არის, 2011 წლიდან მოქმედებს ამ კლინიკაში „ემერჯენსი“ – თქვა სასამართლო პროცესზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა ნინო წიკლურმა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ექიმს არ ექნება „ემერჯენსში“ მუშაობის უფლებაც, ვიდრე ის შესაბამის სერტიფიკატს არ აიღებს. ექიმი ლ.ა. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს. მანამდე ექიმმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ემერჯენსში“ სულ 12 ექიმი მუშაობს და არავის აქვს სერიტიფიკატი.

რატომ დაისაჯა შერჩევით მხოლოდ ერთი ექიმი და რატომ არ დაისვა თავად სამედიცინო კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხი? – სამედიცინო რეგულირების სააგენტოში გვითხრეს, რომ  ამ შემთხვევამდე სხვა ექიმიც დაჯარიმდა ამავე კლინიკაში უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის, კლინიკაც დაჯარიმდა და მას გამოსასწორებელი დრო – 6 თვე მიეცა. „ამ დროის გასვლის შემდეგ დადგება ხელახლა კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი ისევ დაფიქსირდება უნებართვო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი“ – უთხრა „ბათუმელებს“ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა ნინო წიკლაურმა.

2011 წლიდან დღემდე რატომ ვერ დააფიქსირა სააგენტომ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები, როცა „ემერჯენსის“ ექიმები შესაბამისი ნებართვის გარეშე მუშაობდნენ – ამ კითხვას ვერ პასუხობს სამედიცინო რეგულირების სააგენტო. კითხვებს არ პასუხობენ სამედიცინო კორპორაცია „ევექსში“, ვისი საკუთრებაც არის „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი