ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი

„მოლოდინები ვარშავის სამიტის მიმართ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია. ყველაზე მნიშვნელოვანია, ნატოს წევრი ქვეყნები ვარშავის სამიტიდან გამოვიდნენ კიდევ უფრო ერთიანნი, კიდევ უფრო ძლიერნი. ჩვენი, როგორც ნატოს პარტნიორი, ასპირანტი ქვეყნის ამოცანა არის ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე. ვარშავაში არ უნდა იყოს საკითხები, რომლებიც გაყოფს ნატოს. რომლებიც ვინმეს შეუქმნის იმის განცდას, რომ არსებობს მთავარი დღის წესრიგები ნატოს წევრ სხვადასხვა ქვეყანასთან.  ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა ამ მთავარი გზავნილით, მთავარი ამოცანით მივდივართ ვარშავაში. გარდა ამისა, ბუნებრივია, გვაქვს ჩვენი ამოცანებიც – საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების უმთავრესი ამოცანები. ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე მისი თავდაცვისუნარიანობის  და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ვიდრე ის არის დღეს. ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც უელსის სამიტზე მოგვენიჭა, ამ შესაძლებლობების ზრდის დასაწყისია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ამოცანები და ამბიციები უფრო დიდია. ჩვენ ველოდებით, რომ ვარშავა პასუხს გასცემს იმ ძირითად კითხვებს, რომლებიც უელსის სამიტის შემდეგ დარჩა.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ ჩვენ ყველანი ჩამოვართმევთ ერთმანეთს ხელს, კმაყოფილი ამ შედეგებით,  საქართველო იქნება უფრო დაცული და ნატო იქნება უფრო ძლიერი.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

„ცოდნა ძალაა ჯარისკაცისთვის, ოფიცრისთვის, სერჟანტისთვის“

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი მეთაურ, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძეს აშშ-ში საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, საშტაბო სამეთაურო კურსის გასავლელად აცილებს.

ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე სასწავლო დაწესებულებას 3 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი რეფორმები სასწავლო ცენტრის განვითარებისთვის. პირადი შემადგენლობა განსაკუთრებულ წარმატებად ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სასწავლო კურსებს ასახელებს. ლაშა დავითაძე უამრავი სამხედრო ჯილდოს მფლობელია. ოფიცრის წოდება გერმანიაში მიიღო, აშშ-ში კი კაპიტნის საკარიერო კურსი დაამთავრა. მისი 17-წლიანი სამხედრო კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული განათლებასთან. პროფესიონალი სამხედრო ახლაც არ წყვეტს განვითარებას და მიაჩნია, რომ „ცოდნა ძალაა, ჯარისკაცისთვის, ოფიცრისთვის, სერჟანტისთვის.

მაიორი დიმიტრი დემეტრაძე: „ეს ადამიანი კიდევ უფრო გამოცდილი, კიდევ უფრო განათლებული დაუბრუნდება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებს და მაქსიმალურად შეეცდება თავის საქმე 100%-ით გააკეთოს.“

მაიორი კონსტანტინე ონიანი:  მისი დიდი ღვაწლი და დამსახურებაა, რომ სერჟანტთა მომზადების ცენტრს დღეისათვის ბევრად უკეთესი ბაზა, უკეთესად აღჭურვილი კლასები გააჩნია.

მთავარი სერჟანტი ჯამბულ კოპალიანი: განვითარდა კურსები. სერჟანტთა მომზადების ცენტრის და სერჟანტების მომზადებაში დიდი წვლილი შეიტანა ბატონმა ვიცე-პოლკოვნიკმა.“

მიუხედავად იმისა, რომ  ვიცე-პოლკოვნიკი  ლაშა დავითაძე ამერიკაში განვითარებისა და ახალი ცოდნის მისაღებად მიემგზავრება, უჭირს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის დატოვება. მეგობრების, ჯარიკაცების და იმ ადამიანების დატოვება, რომლებთან ერთადაც 3 წელი იმსახურა, ემსახურა საერთო საქმესა და მიზნებს.

ვიცე-პოლკოვნიკი  ლაშა დავითაძე: „ძალიან ბევრ რამეზე მწყდება გული, პირველ რიგში იმაზე, რომ ქვედანაყოფს ვტოვებ. ბევრი რამე დამიტოვა ქვედანაყოფმა, პირველ რიგში ეს ერთიანობის შეგრძნებაა, რაც მართლა გამძაფრდა ჩემში და ალბათ ვიტყვი, რომ გაათმაგდა გამოცდილება და ერთიანობის განცდა, რაც ამ ქვედანაყოფს ძალიან ძლიერად აქვს.“

მისი აზრით სამხედრო, საკარიერო სასწავლებლები არ არის მხოლოდ სამხედრო განათლებაზე ორიენტირებული. ეს ცხოვრებისთვის მომზადების ტოლფასია: მნიშვნელოვანია აგრეთვე კარიერისთვის, სხვადასხვა დილემებისთვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებისთვის მომზადებაც.

„ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე სასწავლო დაწესებულების განვითარებისთვის 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. ეს საქმე მისთვის ოჯახის ტოლფასია – სწორედ ასე იცნობენ მას და მის საქმეს, მის მიზნებსა და მისწრაფებებს, ვიცე-პოლკოვნიკს, რომლის ცხოვრებაშიც  გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი და მისი მეთაურობა დიდ პატივად დარჩება.

ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე: „ეს იყო ჩემი სახლი და ალბათ მთელი ცხოვრება, გარკვეული მიმართულებით,  დარჩება კიდეც ჩემს სახლად.

lasha davitadze გარეთ

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

„ვაქციოთ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად“

ჩვენმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან მთავარ პრიორიტეტად აგრარული სექტორი დაასახელა. სოფლის მეურნეობის  სამინისტროს მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკური კურსის ერთგულების პასუხისმგებლობაც მოჰყვა და სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმიდან უამრავი რეკომენდაცია მიიღო. რა ძირითადი პრიორიტეტების გათვალისწინებით მუშაობს სამინისტრო, რამდენად წარმატებით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს? რა პრობლემებია? სწორედ ამ თემებზე ესაუბრა გაზეთი „პრაიმტაიმი“ სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას.

ოთარ დანელია
ოთარ დანელია

– მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის  მიმართულებებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ისეთებს, როგორიც არის ეკონომიკა, პროფესიული განათლების ამაღლება და სივრცითი მოწყობა –  ინფრასტრუქტურის სრულყოფა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ეს გახლავთ დარგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, ვინაიდან როგორც საბანკო, ისე კერძო სექტორს ამის გამოცდილება არ გააჩნია და შესაბამისად, ამას დასჭირდა პერიოდი. ჩვენს პროდუქტებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ხშირად ვამბობ და პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, სლოგანადაც გვექცა: ვაქციოთ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად. პროგრესიც სახეზეა – ჩვენ უკვე გვაქვს 148-მდე ახალი საწარმო.  ჩვენ გვაქვს 700-მდე გადაიარაღებული საწარმო, რომელიც, როგორც გაფართოების, ისე სტანდარტების კუთხით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ბაზრის დივერსიფიკაციის კუთხით ევროკავშირის ბაზრები პირველია, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენს ნაწილში მოდიოდა 400-ზე მეტი დირექტივა, რომელიც  შესასრულებელი გვქონდა. ეს იყო ყველაზე დატვირთული უწყება სტანდარტების იმპლემენტაციის დანერგვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანი ექსპორტის მაჩვენებლის 1/3-ს  ევროკავშირის  ბაზრები იკავებს.

მნიშვნელოვანი მიმართულებაა კოოპერატივები. ამ კუთხით ძალიან დიდი გამოწვევა დაგვხვდა. პრაქტიკულად, ყველა მოლოდინს გადააჭარბა იმ მოლოდინმა, რომელიც რეალობად ვაქციეთ. საქართველოში გეგმაში იყო 50 კოოპერატივის დაარსება და 1000-ს გავცდით. ეს არ არის მხოლოდ რაოდენობა, ეს არის გამართული სისტემა, რომელშიც წარმოდგენილია ოჯახები, სოფლები.

სოფლის მეურნეობა აქტიურად მუშაობს მელიორაციის კუთხით. ბოლო ორი წლის განმავლობაში კოლოსალური რაოდენობის სამუშაოებია ჩატარებული. გვაქვს ტექნიკა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საჩუქრად მივიღეთ, დაახლოებით 11 მილიონი ლარის ღირებულების, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის დროს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ჩვენ გვქონდა ბაზა, სადაც ამორტიზებული, პრაქტიკულად უვარგისი ტექნიკა იყო.

ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სურსათის უვნებლობა. ამ კუთხით ყველაზე დიდი მიღწევაა რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტის პრაქტიკაში დანერგვა. დღეს თუ ვყიდულობთ მაწონს, ის არის ნამდვილად მაწონი. და თუ ის არ არის მაწონი და ხაჭო, მას „მაწონი“ და „ხაჭო” არ აწერია.

ვეტერინარიის კუთხით სახელმწიფო ვაქცინაციის არაერთი პროგრამა გვაქვს და შედარებისთვის, მაშინ, როცა საქართველოში ძალიან ბევრი დაავადების პრევენცია ვერ ხდებოდა,  დღეს გვაქვს რეაგირების, მონიტორინგისა და იდენტიფიცირების ძალიან სწრაფი მექანიზმები. შევიმუშავეთ ბრუცელოზის პროგრამა. დავიწყეთ გადასარეკი ტრასების მოწესრიგება. ბიოუსაფრთხოების პუნქტები უკვე ავაშენეთ და კიდევ რამდენიმეს აშენებას ვაპირებთ, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი გარღვევაა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიწყეთ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიცირება, რაც პრაქტიკაში არ არსებობდა. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ჩვენ ჩავერთეთ ბზის გადარჩენის პროგრამაში და კოლხური ბზის გადარჩენის პროცესი დაწყებულია.

სურსათის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ჰარმონიზაციის პროცესი, რაც ნიშნავს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს. ამ მიმართულებით სამინისტროში ჩამოვაყალიბეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნულ ღონისძიებაზე და ველოდებით, მაგალითისთვის, თაფლზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას. გადავაგზავნეთ მონიტორინგისთვის და ველოდებით მათ საბოლოო პასუხს, ასევე, თევზთან მიმართებით ვმუშაობთ ძალიან სერიოზულად. მიმდინარე წელი გამოვაცხადეთ აკვაკულტურის განვითარების კუთხით პრიორიტეტულად.

ამ ეტაპისთვის, რომლებია სამინისტროსთვის ყველაზე წარმატებული, პრიორიტეტული დარგები?

– ძალიან წარმატებული იყო როგორც გასული წლის ციტრუსის სეზონი, ასევე 2014 წელიც. ჩვენ მივაკვლიეთ ყველაზე მნიშვნელოვანს – რა იყო პრობლემა. არ არსებობდა შესაბამისი სტანდარტის მქონე მიმღები და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა. დღეს არსებობს და ამ მიმართულებით უკვე კონკურენციაც გაჩნდა. პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ყოველთვის იყო არასტანდარტული მანდარინი, რომელსაც ხალხი ყრიდა, მერე მიდიოდნენ ტელევიზიები, იღებდნენ ამ გადაყრილ მანდარინს. მაყურებლები ვერ არჩევდნენ, ეს მანდარინი სასურსათო იყო თუ არასტანდარტული. ჩვენ გვქონდა სუბსიდირება არასტანდარტულ მანდარინზე, რათა გლეხს გადაყრის არანაირი მიზეზი არ ჰქონოდა და როგორც შარშან, ისე შარშანწინ, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება 10 თეთრი იყო, 10 თეთრს ამატებდა მიმღები და, შესაბამისად, 20 თეთრად რეალიზება უღირდათ.

ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეცხოველეობის კუთხით გაზრდილია სულადობა და მერძეობის მიმართულებითაც გაუმჯობესებულია ინფრასტრუქტურა. ყველის არაერთი გადამამუშავებელი საწარმო გაკეთდა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. ჩვენ არ გვაქვს ამბიცია, რომ შევეჯიბროთ სხვებს რაოდენობრივად. ჩვენ უნდა შევეჯიბროთ ხარისხობრივად და ქართული პროდუქტი არ უნდა იყოს იაფი. პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი.

რომელი გარე ბაზარი აქვს ათვისებული ქართულ პროდუქციას და კონკრეტულად რუსეთის ბაზარზე გვითხარით სად გადის რუსეთში პროდუქტი და ძირითადად რა გაგვაქვს?

– ყველაზე დიდი დაინტერესება გალფის ყურის ქვეყნებიდან მოდის. ასევე, დიდია დაინტერესება ევროპიდან. ევროკავშირს აინტერესებს თევზი და თაფლი. ჩვენი ექსპორტის 30% ევროპის ქვეყნებია. ამერიკაში პროდუქციის პოზიციონირება ძალიან ძვირია, დიდი ბაზარია და სპეციფიკურ მარკეტინგს მოითხოვს. იაპონიიდან ძალიან დიდია დაინტერესება. ჩინეთი სავაჭრო ნაწილში მნიშვნელოვან ობიექტად რჩება და ეკონომიკის სამინისტროც თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთად მუშაობს. შარშან აგროსასურსათო ნაწილში ჩინეთთან ვაჭრობა გავაორმაგეთ. სხვა ტრადიციული ბაზარი არის უკრაინა. რუსეთს, რა თქმა უნდა, დიდი წილი უჭირავს, დაახლოებით 24%. რუსეთში გაგვაქვს თითქმის ყველაფერი, გარდა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა, იმიტომ რომ ამაზე ცალკე შეთანხმებაა საჭირო. ველოდებით კერძო სექტორის აქტიურობას. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ეს ხდება კერძო სექტორის მოწვევით, ამოწმებენ და სტრუქტურებს შორის ხდება შეთანხმება.

მიღწევებთან ერთად, რა არის ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევი და გადასალახია?

– სოფლის მეურნეობის კუთხით თქვენ თუ მეტყვით, რა ვერ გავაკეთეთ, უფრო კარგი იქნება. ჩვენ შევქმენით პირობები: აგროდაზღვევა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა და რომელმაც დააზღვია 200 მილიონ ლარამდე ღირებულების რისკი საქართველოში. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელმაც ძალიან კარგად და გასულ წელს 43 შემთხვევის პრევენცია უზრუნველყო. ჩვენ გვაქვს შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც სესხის პროცენტს ასუბსიდირებს და 0%-დან 1% ან 2%-მდე შეიძლება გამოვიდეს საპროცენტო განაკვეთი. გვაქვს საგრანტო კომპონენტი გადამამუშავებელ საწარმოზე, რომელიც 40%-იან საგრანტო კომპონენტს მოიცავს, 50% აგროკრედიტს და მხოლოდ 10%-ის მობილიზებაა საჭირო ბენეფიციარის მხრიდან. ჩვენ გვაქვს „დანერგე მომავალი“, რომელიც ნერგების 70%-სა და წვეთოვანი სისტემის 50%-ს ასუბსიდირებს. იგივე „აწარმოე საქართველოს“ ნაწილში, უძრავი ქონების გადაცემა ოთხმაგი ან ექვსმაგი, გამომდინარე ლოკაციიდან, ინვესტიციის პირობებით. სახელმწიფომ შექმნა აბსოლუტურად ყველა პირობა. სახელმწიფომ გაზარდა ბიუჯეტი 30 მილიონიდან 300 მილიონამდე. მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაზე სამას მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომელიც სახნავ და საგაზაფხულო სამუშაოებს ითვალისწინებს. მელიორაციაში 104 ათასამდე ჰექტრის წყალუზრუნველყოფა მოხდა. დრენირება – მხოლოდ დასავლეთ საქართველოში 650 კილომეტრამდე არხია გაწმენდილი და ეს გაკეთდა სამ წელიწადში. ჩვენ შევიმუშავეთ განვითარების სტრატეგია და მის საფუძველზე სამოქმედო გეგმა.

ასოცირების ხელშეკრულებაში რეფორმების დიდი წილი სწორედ სოფლის მეურნეობაზე მოდის, მაგალითად, პროდუქტის უვნებლობაზე. არსებობს გაწერილი გეგმა, როდის რა ნაბიჯი უნდა გადადგას ქვეყანამ ამ კუთხით. როგორ მივყვებით ამ გეგმას? გვაქვს ჩამორჩენები? კონკრეტულად სად? რა პრობლემებს წავაწყდით?

– მე პირადად ვაკონტროლებ ამ ვადების დაცვის საკითხებს. დავაჩქარეთ კიდეც რამდენიმე მიმართულება, რომლებიც ჩავთვალეთ, რომ ძალიან კომფორტული ვადით იყო წარმოდგენილი. ეს არის თევზისა და თაფლის მიმართულებები და 2017 წლის ნაცვლად 2016 წელს გადმოვიტანეთ. გვაქვს უფრო დაჩქარებული ტემპი და დაგვიანება არ ყოფილა და არ იქნება. შევქმენით სპეციალური დეპარტამენტი, რომ ასეთი რამე არ მოხდეს.

სალომე ჩადუნელი

4

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

“მინიბოსი” – სკოლა მოსწავლეებისთვის, რომელთაც ბიზნესი აინტერესებთ

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესსკოლების ქსელის „მინიბოსის~ ბათუმის ფილიალმა საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო. ბიზნესსკოლა „მინიბოსი“ ქმნის 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სამეწარმეო საქმიანობის შემსწავლელ ინოვაციურ, ევროპულ საგანმანათლებლო პროდუქტს, რომელიც გამოუმუშავებს მოზარდებს სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. „მინიბოსი“ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ადრეულ ასაკში დასახონ მიზანი და იყვნენ მოტივირებულები, რათა გაიზარდონ როგორც მომავალი ბიზნესმენები.

„მინიბოსი“
„მინიბოსი“

სასწავლო პროცესი 8 ეტაპს მოიცავს. თითოეული ეტაპი ორი სემესტრისგან შედგება, ზაფხულში კი მოეწყობა საზაფხულო ბანაკი. მეცადინეობები ჩატარდება შაბათობით და მოიცავს 4 აკადემიურ საათს. სასწავლო პროცესს გაუძღვებიან როგორც სერტიფიცირებული პედაგოგები სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამითა და ლიტერატურით, ისე პრაქტიკოსი ბიზნესმენები.

„მინიბოსის~ პროგრამის გავლის შემდეგ მოზარდებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ „ბიგბოსის“ სპეციალური პროგრამით, რომელიც 14-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. „მინიბოსისა“ და „ბიგბოსის“ მოსწავლეებს, კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ ევროპის საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში.

„მინიბოსი“
„მინიბოსი“
„მინიბოსი“
„მინიბოსი“
„მინიბოსი“
„მინიბოსი“

მიმდინარე წლის აგვისტოში ბათუმელი „მინიბოსელებით“ დაკომპლექტებული საქართველოს ეროვნული ნაკრები ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატში. მომავალ წელს შესაძლოა ტურნირი, რომელიც „მეწარმე-ბავშვების“ საუკეთესო ეროვნულ გუნდს გამოავლენს, ჩატარდეს ბათუმში.

სწავლის ღირებულება თვეში 150 ევროა. აჭარის სავაჭრო სამრეწველო-პალატისა და ბიზნესის განვითარების ევროპული ასოციაციის მხარდაჭერით, მშობლები თანხის მხოლოდ 50%-ს – 75 ევროს ექვივალენტს ლარში გადაიხდიან. ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო ლიტერატურითა და ჩანთებით.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია ახალი ჯგუფის დასაკომპლექტებლად, რომელიც პირველ მაისამდე გაგრძელდება.

სკოლის მისამართია: ა. მელაშვილის 26 [ყოფილი კამოსა და ლენინის ქუჩების კვეთა] მესამე სართული.

საკონტაქტო ტელეფონები: 577 20-22-32; 595 90-45-08

ფეისბუქგვერდი: MiniBoss Business School – Batumi, Georgia

ქალები მაღალმთიანი აჭარიდან – ფოტოგამოფენა ბათუმში [ანონსი]

დღეს, 23 აპრილს, 18 საათზე, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ფოტოპორტრეტების გამოფენა გაიხსნება.

„NIMD Democracy School -ის მცირე საგრანტო პროგრამის პროექტის ფარგლებში 7 მოყვარული ფოტოგრაფი შეირჩა, რომლებმაც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები გადაიღეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 35 ფოტოპორტრეტი. პროექტის მონაწილეები დღეს თავიანთ ფოტოებზე ისაუბრებენ, ხოლო გამოფენის თემას შეაჯამებს მოწვეული მომხსენებელი, გენდერის სპეციალისტი იდა ბახტურიძე.

ფოტოგამოფენა 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

სტუდენტი: უნივერსიტეტს არა აქვს პოლიტიკური ნება, რეალურად გახდეს ავტონომიური

რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 5192 ლარის გამოყოფა სამი სტუდენტის ევროპაში გასამგზავრებლად, იმ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც არ აქვს შეხება აკადემიურ სფეროსთან და წარმოადგენს პირად ინტერესს? რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტი იხარჯებოდეს გასართობი საღამოების მოსაწყობად? რამდენად მიზანშეწონილია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო სივრცეში სეკულარობის პრინციპს, – კონკრეტულად, ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში დასახმარებლად სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას? რა გარემოებებში ჩატარდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები? – ამ და კიდევ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან, მერაბ ხალვაშისგან ელის. დღეს, 23 აპრილს, სტუდენტებმა ამ თემაზე ბრიფინგიც გამართეს. „ბათუმელები“ თემაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს, თამარ ბაუჟაძეს ესაუბრა.

თამარ, რა თემას შეეხებოდა დღეს თქვენი ბრიფინგი?

21 მარტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას გამოვაქვეყნეთ მანიფესტი და შევიტანეთ უნივერსიტეტის კანცელარიაში. უნივერსიტეტმა საპასუხოდ მოგვწერა ოფიციალური წერილი, რომელიც იყო ძალიან ზოგადი. რასაც ჩვენ ვითხოვდით, კერძოდ, მომხდარიყო მნიშვნელოვანი საკითხების მოკვლევა – ეს არ მომხდარა.

გუშინ ჩვენ უკვე მეორედ შევიტანეთ მიმართვა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ და ლოგიკურ პასუხებს და არა ზოგად პასუხებს.

კონკრეტულად რა კითხვებზე ელით პასუხს უნივერსიტეტისგან?

ბევრი შეკითხვა გვაქვს. პირველ რიგში ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიასთან დაკავშირებული კითხვები. უნივერსიტეტმა ოფიციალურად მოგვწერა, რომ ავტონომიის შელახვასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის კანცელარიაში არ დაფიქსირებულა არც ზეპირი და არც წერილობითი განცხადება, მაგრამ ეს არის ტყუილი, რადგან 21-ში, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის საქმიანობაში რომ ხდებოდა „ოდეერების“ ჩარევა, ამაზე ისაუბრა ირაკლი ბარამიძემ, ყოფილმა პრორექტორმა და გიორგი მასალკინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი რამ ხდებოდა 2012 წლამდე. ასე რომ იმის თქმა, რომ ავტონიმიის შელახვაზე ზეპირი სახით არ დაფიქსირებულა საუნივერსიტეტო სივრცეში ინფორმაცია, არასწორია.

თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს უნივერსიტეტის პასუხი?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტს არა აქვს პოლიტიკური ნება, რომ ავტონომიის შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ხმამაღლა ისაუბროს, ამ პროცესების გამოსწორება დაიწყოს და უნივერსიტეტი რეალურად გახდეს ავტონომიური ერთეული. მათ [უნივერსიტეტის ადმინისტრაციას] უბრალოდ არ უნდათ უნივერსიტეტის ავტონომიის შელახვაზე საუბარი და არათუ საუბარი, არამედ ამ საკითხის უკანა ფლანგზე გადაწევაც სურთ.

თქვენი დაკვირვებით, როგორია ლექტორ-მასწავლებლების განწყობა ამ საკითხების მიმართ? გაქვთ თუ არა საუბარი მათთან ამ თემაზე?

ამ კუთხით ძალიან დაბალია ლექტორ-მასწავლებლების ჩართულობაც და ინტერესიც. გარკვეულ ლექტორებთან რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ამ თემებზე, მაგრამ საჯაროდ რომ დააფიქსირონ თავიანთი აზრი, ზოგს არ უნდა, ზოგს ჩრდილში ყოფნა ურჩევნია…

ზოგადი ფონი ის არის, რომ პირადად ჩემი აზრით, მათ არ სურთ ამ პროცესში ჩართვა, არ სურთ ხმამაღლა საუბარი და არ სურთ უნივერსიტეტში რამე შეიცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხმის ამოღებას ამ თემაზე ექნება მნიშვნელობა, რადგან კარგად არიან ამ სისტემის ნაწილებად ქცეულნი, ეს იქნება მყარი ბერკეტი იმისა, რომ დაიწყოს სისტემური ცვლილება, მაგრამ ამის სურვილი უნდა მოდიოდეს მათგან.

ჩვენ, სტუდენტები, ვსაუბრობთ ამაზე ხმამაღლა, ვსაუბრობთ საჯაროდ, თუმცა  უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებიდან ერთეულები თუ იღებენ ხმას. დანარჩენები უბრალოდ სიჩუმეს ირჩევენ.

ჩემთვის მათი ეს პოზიცია არა თუ მისაღები არ არის, არამედ გარკვეულწილად შეურაცხმყოფელიცაა, რადგან ლექტორები უნივერსიტეტში საუბრობენ თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, იდეებზე და ეს საუბარი რჩება მხოლოდ სალექციო კურსზე. იქ, სადაც მათ შეუძლიათ ცვილელებები, ისინი თავს იკავებენ. როცა თავისუფლების, უნივერსიტეტის ავტონიმიის დაცვა ხდება საჭირო, ისინი ჩრდილში დგებიან და თავს იქ კომფორტულად გრძნობენ, რადგან თვლიან, რომ ასე მათ არ შეეხებიან და მათზე არ განხორციელდება ზეწოლა, მიუხედავად იმისა, რომ თუ იქნება რომელიმე ლექტორზე ზეწოლა, [რომელიც ამ თემებზე ღიად ისაუბრებს], ჩვენ აუცილებლად დავიცავთ მის ინტერესებს.

თუ დაგისვამთ მათთვის შეკითხვა, რატომ იკავებენ თავს?

რამდენიმე ლექტორთან მე მისაუბრია ამ საკითხზე და ისინი ამბობენ, რომ ეს სისტემური და ფესვგამდგარი პრობლემაა, რომ არ არსებობს ნდობის ფაქტორი და იმედი, რომ შეიძლება ვინმე გვერდზე დაგიდგეს და დარჩები მარტო, მხარდაჭერის გარეშე. ჩემი აზრით ამის გამო ისინი თავს იკავებენ და ურჩევნიათ კომფორტულად იყვნენ, იმ პოზიციაზე, რა პოზიციაშიც ახლა არიან, რადგან თუ ხმას ამოიღებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათზე იქნება ზეწოლა და მათ უბრალოდ არ სურთ ასეთი წინააღმდეგობები შეხვდნენ.

ასეთ სიტუციაში, რა სურათიც თქვენ ახლა აღწერეთ – ლექტორ-მასწავლებლების განწყობა, ამას დამატებული ის, რომ სტუდენტების ჯგუფი, რომელიც ავტონომიაზე საუბრობს არც ისე დიდია სტუდენტების საერთო რაოდენობასთან შედარებით, გაქვთ იმის იმედი, რომ ცვლილებები შესაძლებელია?

ჩვენ გვაქვს იმედი. ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მოსაზრება და შეხედულებები, ვისაც რაღაც ცვლილებები მოაფიქრდათ. „აუდიტორია 115“-მა დაიწყო ეს პროცესები, ეს მოძრაობა და ჩვენ ვუერთდებით და სრულად ვიზიარებთ სისტემური ცვლილების, სისტემური რეფორმირების აუცილებლობას. რაც შეეხება ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტს, ჩვენთან არის შიდა პრობლემები, რომელიც მოსაგვარებელია შიდა ავტონომიურ სივრცეში, თუ აქვს პრეტენზია ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტს, რომ ის არის ნამდვილად დამოუკიდებელი ერთეული, არ უნდა გაურბოდეს მარტივ შეკითხვებს, კრიტიკულ მოსაზრებებს, უნდა დაწყოს ამ საკითხებზე მსჯელობა და მათი მოგვარება და არა გაქცევა ამ საკითხებიდან.

როდის აჩერებს სახელმწიფო უკანონო მშენებლობას

ბათუმში, საპატრულო პოლიციის შენობის გვერდით, უკანონო მშენებლობა ისე დასრულდა, რომ მშენებლებს დაბრკოლება არ შექმნიათ. 4-სართულიან კორპუსს ორი დაემატა. მშენებლობის შეჩერება გასული წლის აპრილში მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოითხოვა. იგივე მოითხოვა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა, განსხვავებით სხვა ობიექტებისგან, სადაც სახელმწიფოს მოთხოვნის აღსრულება მოხერხდა, მათ შორის, პოლიციის ძალით. „ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, როცა ერთ შემთხვევაში აჩერებ, მეორეში – ვერა. ეს შერჩევითი სამართალია“, – ამბობენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.

რატომ ვერ მოახერხა ბათუმის მერიამ ტბელ აბუსერიძის #9-ში უკანონო მშენებლობის შეჩერება? – მერიაში აღსრულების ეროვნულ ბიუროზე მიგვითითეს: „ჩვენი ბერკეტი არის ის, რომ უკანონო მშენებლობის მესაკუთრე გავაფრთხილოთ ან დავაჯარიმოთ. დანარჩენი აღსრულების საქმეა. ასეთი ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს გადაგზავნილი“, – გვითხრა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა. ამ სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის მიერ ხელმოწერილ, 2015 წლის 7 აპრილის დადგენილებაში წერია, რომ ტბელ აბუსერიძის #9-ში მრავალბინიან სახლზე დაშენება სანებართვო პირობების [პროექტის] დარღვევით მიმდინარეობს.

ზედამხედველობის სამსახურის შემდეგ, ტბელ აბუსერიძის #9-ში მისულა აღმასრულებელიც. მას სააღსრულებლო ფურცელში მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის გარდა, ჩაუწერია: „წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფრთხილებთ, რომ განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები“. აბუსერიძის #9-ში მას შემდეგ „იძულებითი ღონისძიებებისთვის“ არავინ მისულა.

„ეს იმიტომ, რომ კრედიტორ მხარეს, ანუ მერიას ხელახლა არ მოუმართავს ჩვენთვის“, – განმარტეს აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში: „მერიას შეეძლო თავად მიემართა სამართალდამცველებისთვის, ან მოემართა ჩვენთვის. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ჩვენ მივმართავდით პროკურატურას. სხვა სამართლებრივი რეგულირება არსად გაწერილი არ არის.“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის შეფასებით, მართალია, ასეთ შემთხვევაში არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ კანონიერი გადაწყვეტილება ვერ შესრულდეს: „შესაძლოა, კანონში ყველა დეტალი არ იყოს გათვალისწინებული, მაგრამ არსებობს სახელმწიფოებრიობის მთავარი პრინციპი – კანონიერება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუქცევადობას. ამ შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახურს, ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა მიემართათ პოლიციისთვის. სხვაგვარად საზოგადოებაში გაჩნდება კანონისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

„მე არ ვიცი, საია რას ამბობს, მაგრამ ასეთი რამ კანონმდებლობაში არ მიწერია. გავივლი კონსულტაციებს იურისტებთან და თუ მისაღებია, ასე მოვიქცევით. ეს იქნება ფანტასტიკური გამოსავალი აღმასრულებელსა და ჩვენ შორის ურთიერთობაში. გამოდის, საერთოდ აღარ დაგვჭირდება აღმასრულებელი“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.

გიორგი ხიმშიაშვილი რამდენიმე შემთხვევას იხსენებს იმის საილუსტრაციოდ, რომ მიდგომა შერჩევითია: „ბოლო პერიოდში არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, როცა სააღსრულებო ბიუროს არ აქვს შესაძლებლობა აღასრულოს გადაწყვეტილება. ეს გამოიკვეთა, მაგალითად, „ბათუმი პირსის“ შემთხვევაში, რომლის დემონტაჟიც ვერ უზრუნველყო. ამის პარალელურად, ციხისძირში ხეების გადარგვის პროცესი როცა მოექცა კანონის ჩარჩოებში – დაიწყო ხის გადარგვის პროცესი, იქ ხელშეშლა მაშინვე აღკვეთა პოლიციამ. ამ ფაქტით კარგად ჩანს, რომ თუ ნებელობა არის, კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულებას წინ ვერაფერი აღუდგება.“

რატომ არ მიმართა სამართალდამცველებს ბათუმის მერიამ, ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იგივე ტბელ აბუსერიძის #9-ში მიმდინარე უკანონო სამუშაოების იძულებით შესაჩერებლად? – ვერსია თავად ამ მისამართზე მცხოვრებ ადამიანებს აქვთ. ტბელ აბუსერიძის 9-ში ცხოვრობს და სართული დააშენა ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე იაკობ მანველიძემ. `ბათუმელებმა~ მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს უპასუხა ამ კორპუსში მცხოვრებმა დავით ქედელიძის შვილმა – აკაკი ქედელიძემ. ის აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების უფროსია. „ვადასტურებ, რომ მამაჩემი იმ კორპუსში ცხოვრობს. საქმე სასამართლოშია და იქ დადასტურდება ყველაფერი. რეალურად ჩვენ მიერ დაშენებულ სართულზე არ ჰქონია მერიას პრეტენზია. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრა აკაკი ქედელიძემ.

ქედელიძე ტბელ აბუსერიძის #9-სთან დაკავშირებით გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაშიც ფიგურირებს. სამეზობლო დავა აქ წლებია გრძელდება. საქმე ამჟამად ბოლო ინსტანციის სასამართლოშია. 2016 წლის თებერვალში კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის სასამართლოსგან განსხვავებით, დააკმაყოფილა ამ კორპუსში მცხოვრები ერთი პირის სარჩელი, რომელიც ამხანაგობის კრების ოქმის გაუქმებას ითხოვდა.

ქუთაისის სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებაში წერია: „რაც შეეხება მოწმეების: აკაკი ქედელიძისა და გურამ გოლიაძის ჩვენებებს, რომლებმაც მიუთითეს, რომ 2009 წლის 3 ივნისის კრება ნამდვილად ჩატარდა და რომ ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებებით მათი ოჯახების ფლობა-სარგებლობაში არსებული სხვენის ფართობები გადაეცათ მათვე საკუთრებაში. დადგენილია, რომ აკაკი ქედელიძე მოპასუხე დავით ქედელიძის შვილია, ხოლო გურამ გოლიაძე _ მოპასუხე ნარგიზ კონცელიძის მეუღლეა. ამდენად, მისი ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება განხილული, ვინაიდან ისინი, როგორც მოპასუხეების ახლო ნათესავები, საქმის შედეგით პირდაპირ დაინტერესებული პირები არიან“.

ტბელ აბუსერიძის #9 არ არის ერთადერთი შემთხვევა, სადაც ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობა ვერ გააჩერა. მიმდინარე წლის მარტში, როცა ვაჟა-ფშაველას #13-ში უკანონოდ განახლდა სამშენებლო სამუშაოები, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უკანონო მშენებლობაზე სამუშაოების შეჩერება არ შეუძლია. მაშინ უნებართვო მშენებლობა ვერც ადგილზე მისულმა პოლიციამა შეაჩერა.

რას საქმიანობს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

რა ქონებას ფლობს, რა საქმიანობას ეწევა და რა სერვისს სთავაზობს კლიენტებს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“? – ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს საწარმოში, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. მცირე მეწარმეების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ქარხანა ქმნის მათთვის არაკონკურენტუნარიან გარემოს მსხვილი მოთამაშეების სასარგებლოდ. შესაბამისად, გადარჩენა არ უწერია ნავთობის სფეროში შესულ არც ერთ წვრილ მოთამაშეს, თუნდაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არსებული ტარიფების გამო.

„ქარხანა აწარმოებს ნათელი ნავთობპროდუქტების მიღება-გადატვირთვის ოპერაციებს; გააჩნია რეზერვუარები და მასთან დაკავშირებული ინვენტარი, რითაც ხორციელდება ზემოხსენებული სამუშაოების შესრულება. ქარხანა თავის ბალანსზე რიცხულ ქონებას გასცემს იჯარით და ასევე დებს მომსახურების ხელშეკრულებებს სხვადასხვა იურიდიულ პირებთან,“ – მოგვწერეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან.

როგორია მომსახურების ფასი ქარხანაში – არ გვიპასუხეს, არ მოგვაწოდეს არც მომსახურების ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც ქარხანა კლიენტებს სთავაზობს.

„მომსახურების ფასებს ადგენს ქარხანა და ეს ფასები არის ერთნაირი ყველა იურიდიული პირისთვის. ეს არის ჩვენ მიერ შედეგენილი ხელშეკრულება, ჩვენი პირობებია ჩადებული და ამ პირობებზე მოდიან კომპანიები. ნებისმიერ კომპანიას აქვს უფლება არ მოაწეროს ამ ხელშეკრულებას ხელი. თუ ფასი არ აწყობთ, შესაბამისად ხელიც არ უნდა მოაწერონ. ჩვენი პირობები ყველასთვის ერთნაირია, გამონაკლისებს ვერ დავუშვებთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის იურისტმა ზეინაბ ჭელიძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულებაში ჩადებულია როგორც ფიქსირებული გადასახადი, რომელსაც ყველა იხდის, ასევე არის გადასახადი `ტონაჟობაზეც~ – რაც მეტს გადატვირთავს, მეტს გადაიხდის შემომტანი და „თუ არ აწყობს პირობები შემომტანს, რატომ აწერს ხელშეკრულებას ხელს?“

განბაჟებული საწვავის ვაგონებიდან გადმოტვირთვა [და შემდგომ ქსელში გატანა] სწორედ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში [ესტაკადაზე] ხდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ფასები ქარხანას ამ მომსახურებაში შემდეგნაირად აქვს დადგენილი: ყოველი 200 ტონა საწვავის გადმოტვირთვა 700 აშშ დოლარია. თუ ერთ ან ორ ვაგონს გადმოტვირთავ [ანუ 60 ან 120 ტონას] მაინც 700 აშშ დოლარს იხდი.

ესტაკადაზე ვაგონებიდან საწვავის გადმოტვირთვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ექსკლუზიური უფლებაა [ესტაკადა მისი საკუთრებაა]. კონკრეტულად რა ქონებას ფლობს და როგორ მართავს ამ ქონებას? – ამ კითხვის პასუხად ქარხნიდან მოგვწერეს, რომ „ქარხანა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ან საჯარო დაწესებულებას…“

საჯარო რეესტრის 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, „ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას“ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმზე“ 2013 წლის 4 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით, 2017 წლის 4 ივნისამდე იჯარით გადაცემული აქვს სარკინიგზო ესტაკადა, ასევე ოთხი რეზერვუარი [საერთო მოცულობა 4 200 კუბ/მ] და სხვა ქონება. საიჯარო ხელშეკრულებაში შეტანილია გარკვეული ცვლილებებიც, მათ შორის გაფორმებულა შეთანხმების აქტიც.

ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 715 კვ/მ მიწის ნაკვეთი და 3 ერთეული რეზერვუარი [750 კუბ/მ] იჯარით გადაცემული აქვს შპს „ექსპრესოილი“-ზე, რომელიც ქუთაისშია რეგისტრირებული. მისი 100% წილის მფლობელია რუსუდან მილორავა. ამ კომპანიის ქონება დაყადაღებულია.

[ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული 9834 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, უზუფრუქტით აქვს სარგებლობაში შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-ს 2006 წლიდან].

„ქარხნის საქმიანობა დღეის მონაცემებით მომგებიანია,“ – გარდა ამ განცხადებისა, დაწესებულების ადმინისტრაცია ფინანსებთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს არ გასცემს. `ბათუმელების~ ინფორმაციით, მსგავს რეკომენდაციას ქარხნის ხელმძღვანელი ნოდარ თებიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან იღებს.

„ბათუმელებმა“ აჭარის ხელისუფლების მიერ შექმნილი საწარმოების ქონებისა და შემოსავლების შესახებ აქამდეც მიმართა მთავრობას, საიდანაც გვაცნობეს, რომ: „აჭარის წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგებები, წარმოადგენს საწარმოების კომერციულ საიდუმლოებას და ნაწილობრივ პერსონალურ ინფორმაციას [ეკონომიკური მაჩვენებელი] და მისი მიღების უფლება აქვს მხოლოდ პარტნიორს…“

სამინისტრო ასაიდუმლოებს სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ ფინანსურ ინფორმაციასაც: „აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი რიგი საწარმოების 2012-2015 წლების ბალანსების გაცემის ვალდებულება სამინისტროს არ აქვს…

2014 წელში მომგებიანად აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით არსებული 14 საწარმო, მათგან 10 საწარმოს მიერ კუთვნილი წმინდა მოგების სახით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხულია 1 312 190 ლარი“.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების ბაზარს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირისგან გასულ წელს მიღებული ინფორმაციით: „ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტს ახორციელებენ: „სოკარი“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“, „გალფი“, „რომპეტროლ საქართველო“, „სენტა პეტროლიუმი“. კიდევ არის საზოგადოებისათვის უცნობი რამდენიმე კომპანია. რაც შეეხება საწვავის რეალიზაციას, აღნიშნული კომპანიების გარდა, საწვავის რეალიზაციას ახორციელებს ბევრი სხვა არაბრენდული გასამართი სადგური“.

კავშირში აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ეხება მთელ საქართველოს და დიფერენცია რეგიონების მიხედვით არ არსებობს. რაც შეეხება მონოპოლიას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიაჩნიათ, რომ „არავითარი მონოპოლისტი კომპანიები არ არსებობენ და საცალო გაყიდვაში ცნობილი კომპანიების ხვედრითი წილი მერყეობს 15-დან 23%-ის ფარგლებში“.

ხულოდან იალაღებზე მგზავრებს მიკროავტობუსი უფასოდ მოემსახურება

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა საზაფხულო იალაღებზე – ბეშუმსა და ზორტიყელში ერთი თვის განმავლობაში გადაადგილებას უფასოდ შეძლებს. ამ მომსახურების გასაწევად ხულოს გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამართა.

ხულო-ბეშუმისა და ღორჯომი-ზორტიყელის მიმართულებით მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის ხულოს გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 13 აპრილს, 9 660 ლარზე გამოაცხადა. ტენდერი 20 აპრილს დასრულდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ინდ. მეწარმე ასლან ქედელიძემ მიიღო, მან მგავრთა უფასო მომსახურებითვის 9 540 ლარი შესთავაზა გამგეობას. ხულოს გამგეობას ტენდერში მონაწილე ინდ. მეწარმესთან ხეშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია.

ივნისში, მთელი თვის მანძილზე ხულოდან ბეშუმის მიმართულებით ერთი მიკროავტობუსი დილის ცხრის ნახევარზე გავა და ბეშუმიდან ხულოს მიმართულებით 7 საათზე დაბრუნდება, ხოლო ზორტიყელის იალაღზე უფასოდ გადაადგილებას ადგილობრივები ორ დღეში ერთხელ შეძლებენ.

შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სინფორმაციის მიხედვით ხულოდან ბეშუმის მიმართულებით ორმხირივად სულ – 60, ხოლო ზორტიყელის მიმართულებით 30 რეისი უნდა შესრულდეს.

შემსრულებელი, რომელსაც ხულოს გამგეობა ხელშეკრულებას გაუფორმებს, ბეშუმის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ხულოს ცენტრიდან უნდა მოემსახუროს. რაც შეეხება ზორტიყელს, ამ მიმართულებით უფასო ტრანსპორტირება ღორჯომიდან მოხდება.

სატენდერო პორობების თანხმად, მიმწოდებელს საკუთრებაში ან ხელშეკრულებით მინიმუმ ორი, არანაკლებ 15-ადგილიანი, ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსი უნდა გააჩნდეს, ხოლო მძღოლი, რომელიც მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება „D“ კატეგორიის მართვის მოწმობა და სამი წლის მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებას შეწყვეტს, ან ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებას არ შეასრულებს, სახელშეკრულებო თანხის 5% -ის გადახდა დაეკისრება.

უსკო – არჩევნებისთვის სამზადისი ახალი უფროსის მოლოდინში

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] უფროსის შეცვლა-არშეცვლის, ხოლო კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან წასვლა-არწასვლის რეჟიმში მუშაობს. საქართველოს პრეზიდენტმა მომავალი საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი გამოაცხადა – წინასაარჩევნო კამპანია შესაბამისი აქტების გამოქვეყნებისთანავე იწყება. არჩევნების დღემდე ორი თვით ადრე კი სიტუაცია ყველაზე მეტად იძაბება. ამ დროისთვის საარჩევნო ადმინისტრაციები არჩევნების ჩასატარებლად მომზადებულები უნდა იყვნენ.

მაშინ, როცა არჩევნების თარიღი ცნობილია, უსკოს თავმჯდომარედ დავით კვაჭაძე და კომისიის წევრად მამუკა ჯაში აჭარის უმაღლესმა საბჭომ ისევ არ აირჩია. მთავრობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, დავით გაბაიძის ინფორმაციით, მთავრობა უსკოს ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. კონკურსი ორეტაპიანია და გარკვეულ ვადებს, ხოლო უმაღლეს საბჭოში დამტკიცების პროცედურა თავის ვადებს ითვალისწინებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაშიც კი, ახალი თავმჯდომარე შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში აირჩიონ.

რამდენად შეძლებს ახალი თავმჯდომარე (მისი არჩევა საერთოდ თუ მოახერხა აჭარის მთავრობამ) უსკოს მოკლე ვადაში ისე მობილიზებას, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდეს? – მოქმედი თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე მიიჩნევს, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურის გაჭიანურება უსკოს არჩევნებისთვის მომზადებას ხელს ვერ შეუშლის: „უსკო არჩევნებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს კოლეგიურად იღებს. ვთქვათ, მოქმედი თავმჯდომარე არ არის ადგილზე, წავიდეს სადმე, ან გაცივდა, გრიპი დაემართა – ეს მუშაობას ვერ შეაფერხებს… მე ვაგრძელებ მუშაობას, ვიდრე არ აირჩევენ ახალს და ვხელმძღვანელობ იმ კანონით, რითაც ახალმა უნდა იხელმძღვანელოს“.

კანონის მიხედვით, რომლითაც არჩილ მიქელაძე ხელმძღვანელობს, უსკოს თავმჯდომარე ასრულებს ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს. ამ ყველაფერს უსკოს თავმჯდომარის განმარტებით ხელი არ შეეშლება და მისი არ ყოფნის შემთხვევაში მოადგილეც გაართმევს თავს. თუმცა სხვაზე მიუთითებს არჩილ მიქელაძის პასუხები „ბათუმელების“ კითხვებზე, რაც არჩევნებისთვის სამზადისს უკავშირდება: “ყველაფერი, მათ შორის ჟურნალისტებთან ურთიერთობაც კი საარჩევნო პერიოდისთვის დაგეგმვას საჭიროებს“. ამავე მიზეზით ის არ გამორიცხავს, ახალმა თავმჯდომარემ, რომელსაც უკვე აქტიურ წინასაარჩევნო პერიოდში აირჩევენ, სამუშაო პროცესში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში დროის უქონლობა მოიმიზეზოს.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის უფლებასაც კანონმდებლობა უსკოს თავმჯდომარეს ანიჭებს – ეს უსკოს აპარატის თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების უფლებაა. უსკოს აპარატის 13 თანამშრომელი ახლა ორი თარიღის მოლოდინშია – თავად არჩევნების და უსკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის.

არჩილ მიქელაძის განმარტებით, აპარატის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კანონში არსებული ჩანაწერის მიუხედავად, უსკოს თანამშრომლები საჯარო სამსახურის კანონის შესაბამისად, კონკურსის წესით ინიშნებიან თანამდებობებზე. შესაბამისად, თავმჯდომარეს არ შეუძლია პირადი სიმპათიების გამო გაათავისუფლოს ან დანიშნოს რომელიმე თანამშრომელი. თუმცა, ახალ ხელმძღვანელს შეუძლია ჩაატაროს რეორგანიზაცია და ამ გზით გაათავისუფლოს არასასურველი თანამშრომელი.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ უსკოს ერთი ტენდერი თუ პირდაპირი შესყიდვა არ განუხორციელებია (მაშინ ახალი კომპიუტერები შეიძინეს). არჩილ მიქელაძე ამბობს, რომ შესაბამისი თანხა არ ჰქონდათ. წელს უსკოს ბიუჯეტი სამ მილიონს აჭარბებს, თუმცა ახალი ხელმძღვანელის მოლოდინი, როგორც ჩანს, უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას აორმაგებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” აჭარის ორგანიზაციის კოორდინატორის, მადონა ბერიძის შეფასებით: „არ არის გამორიცხული უსკოს დაკომპლექტება უფრო სერიოზულ პრობლემად იქცეს, რადგან შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანია მაისში დაიწყოს. უსკო კი პასუხისმგებელია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებაზე, რაც ასევე საპარლამენტო არჩევნებთან ერთად იმართება. შესაბამისად, უსკოს დროული დაკომპლექტება და გამართულად, სრულფასოვნად ფუნქციონირება მნიშვნელოვანია, რადგან ეს აისახება არჩევნების ხარისხზე“.

სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ

„არ შეიძლება სამსახურში მიდიოდნენ გოგოები და ეუბნებოდნენ, რომ ვიღაცის საწოლზე გადის მათი კარიერის გზა. მე დავკარგე კარიერა, დავკარგე სამსახური და მიუხედავად ყველაფრისა, ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო,“ – ამას თათია სამხარაძე ამბობს, ტელეკომპანია „იმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომელი, პირველი ქალი, ვინც სექსუალური შევიწროება ღიად გააპროტესტა და სასამართლოს მიმართავს. ის ყოფილ უფროსს, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს უჩივლებს. უფლებათადამცველები დარწმუნებული არიან, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი საქართველოში ძალიან ბევრია, მაგრამ ქალები ამ თემაზე დუმილს არჩევენ.

„დაექვემდებარეთ თუ არა ოდესმე სექსუალურ შევიწროებას? – კვლევის ფარგლებში დასმულ ამ კითხვას გასულ წელს 1400-მა ქალმა უპასუხა. პასუხი უარყოფითი იყო. ამავე კვლევით აღმოჩნდა, რომ გამოკითხულების უმრავლესობა, თურმე სექსუალური შევიწროების ობიექტი ყოფილა.

„კვლევამ დაგვანახა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ინფორმაციაც კი არ აქვს, რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება,“ – ამბობს ნინო აბრამიშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ მენეჯერი.

ევროპული სტანდარტით, სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა, მაგალითად, სექსუალური ხასიათის არასასურველი მზერა: „სექსუალური შევიწროება „გენდერული თანასწორობის კანონის“ მიხედვით არის ნებისმიერი სიტყვიერი ან არასიტყვიერი, ასევე ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. მთავარი მახასიათებელი ამ შევიწროების არის არასასურველობა, რომელიც, შესაძლოა, გამოხატული იყოს: სექსუალური ხასიათის ხუმრობაში, დაუსრულებელ გამოკითხვაში, სმს-ებში, მიმოწერებში, ფიზიკურ შეხებაში თავისთავად.“

კვლევის ავტორებმა კიდევ ერთი შეკითხვა დასვეს – მომავალში თუ დაექვემდებარებით სექსუალურ შევიწროებას, მიმართავთ თუ არა ზემდგომს? „ამ შეკითხვაზე დაახლოებით 97-მა პროცენტმა გვიპასუხა, რომ არ მიმართავს არც ზემდგომს და არც სამართალდამცავ ორგანოს. პასუხებით ჩანს, რამდენად ტაბუირებულია ეს თემა საზოგადოებაში“, – გვიყვება ნინო აბრამიშვილი. მისი აზრით, ქალებს ამ თემაზე ხმის ამოღების ეშინიათ, რადგან საზოგადოებას არ აქვს მგრძნობელობა სექსუალურ შევიწროებაზე.

საზოგადოებისგან რომ არ იგრძნობა დაკვეთა, ეს აისახა პარლამენტზეც – არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია, სექსუალური შევიწროება სისხლის სამართლებრივად დასჯადი გამხდარიყო, პარლამენტის სამმა კომიტეტმა წინა წლის საგაზაფხულო სესიაზე მოიწონა, მაგრამ ინიციატივა თაროზეა შემოდებული და მისი სასესიო განხილვა არც კი დაწყებულა.

„სახელმწიფომ სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს“, – ამ სათაურით ღია წერილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ~ გაავრცელა მას შემდეგ, რაც თათია სამხარაძემ სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ისაუბრა. ორგანიზაცია პრობლემად ასახელებს იმას, რომ „გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი“ აღსრულების მექანიზმებს არ მოიცავს და ქმედებას არც სხვა საკანონმდებლო აქტები არეგულირებს. შესაბამისად პირს, რომელიც სექსუალურ შევიწროებას ჩადის, არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის კუთხით, სანქცია არ ეკისრება. საია ხელისუფლებას ასევე ახსენებს „ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციას“ (სტამბოლის კონვენცია), რომლის თანახმად: „სახელმწიფო ვალდებულია დააწესოს სისხლისსამართლებრივი, ან სხვა სანქცია პირებისთვის, რომლებიც სექსუალურ შევიწროებას ჩადიან, ხოლო ქმედება უნდა ისჯებოდეს მიუხედავად იმისა, შევიწროება ხდება სამუშაო ადგილას თუ მის გარეთ“.

„სასამართლო დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი სექსუალურ შევიწროებას და დისკრიმინაციას. ამ ფაქტის დადგენა მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი“, – ამბობს ბაია პატარაია, კავშირ „საფარის“ დირექტორი და თათია სამხარაძის ინტერესების დამცველი: „იმ გარემოებებიდან, რასაც მე ვიცნობ, აშკარად იკვეთება სექსუალური შევიწროების ნიშნები. საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ შრომის კოდექსითა და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიხედვით, ყველა ფორმის დისკრიმინაცია, მათ შორის სექსუალური შევიწროებაც, აკრძალულია საქართველოში.“

პირველი ქალი, ვინც თანამშრომლისგან სექსუალური შევიწროების გამო სამსახურის უფროსს რეაგირება სთხოვა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში მუშაობდა. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“, – ასე შეაფასა სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ გათავისუფლების ბრძანებაში თანამშრომელი ფეხმძიმე ქალის პროტესტი 2014 წელს.

ვახტანგ წულაძის ხელმოწერილი ეს ბრძანება უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის თებერვალში უკანონოდ მიიჩნია და გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა, ასევე განაცდურის სრულად ანაზღაურება მოითხოვა. ჯერჯერობით გადაწყვეტილება ამ სამთავრობო დაწესებულებას არ შეუსრულებია. თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საია ქალთა კლუბის წევრებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს

მუნიციპალიტეტების გამგეობებში გენდერული სამსახურების ბაზაზე არსებულ „ქალთა კლუბში“ გაწევრიანებულ ქალებს უფასო იურიდიულ მომსახურებას საიას იურისტები გაუწევენ. ეს ინფორმაცია საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი ხიმშიაშვილმა დღეს ქედის „ქალთა კლუბის“ წევრებს გააცნო.

საინფორმაციო სახის შეხვედრაზე გიორგი ხიმშიაშვილმა ქვეყანაში არსებულ ძალადობასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაცია იურიდიულ მომსახურებას მხოლოდ „ქალთა კლუბის“ წევრებს გაუწევს, სამომავლოდ კი მსგავი მომსახურება სოფლის მოსახლეობისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი .

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალსა და „ქალთა ოთახებს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთდახმარებას სამართლებრივ პრობლემატიკასა და იმ საკითხებზე, რომლებიც რეგიონში წარმოიშვება ქალთა უფლებისა თუ ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით. ჩვენ მზად ვართ, ქალთა ოთახის წევრებს ნებისმიერ ეტაპზე გავუწიოთ სამართლებრივი დახმარება, კონსულტაცია იქნება საჭირო თუ ადვოკატირება. სამომავლოდ ქალთა ოთახების მეშვეობით მიზნად ვისახავთ გავაგრძელოთ კომუნიკაცია სოფლებში მცხოვრებ იმ ქალებთან, რომლებსაც რიგი პრობლემების გამო ყველაზე ნაკლებად აქვთ წვდომა მუნიციპალურ ცენტრებთან,“  – თქვა გიორგი ხიმშიაშვილმა.

ასეთივე მემორანდუმი საიას აჭარის ფილიალმა ხულოსა და შუახევის თვითმმართველ ორგანოებში არსებულ ქალთა კლუბებთანაც გააფორმა – „ჩვენ აბსოლუტურად მოვიცავთ აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ყველა „ქალთა ოთახს“, რაც შეეხება მომართვიანობას, ყველა რეგიონიდან თითქმის თანაბარად მოგვამართავს მოსახლეობა სამართლებრივი დახმარების მიზნით, თუმცა უფრო მეტი მომართვიანობა შეიძლება ბათუმიდან იყოს იმიტომ, რომ ბათუმში მეტი ადამიანი ცხოვრობს. ძალადობა არ ხდება მხოლოდ ქალაქისა და რეგიონის ცენტრებში, ძალადობა ყველგან და ყველა დასახლებაშია, ჩვენი ძირითადი მიზანია ძალადობის შესახებ აქტიურად დავიწყოთ საუბარი, რომ ყველამ იცოდეს ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში თავი როგორ  დაიცვას,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

 

ბათუმში თევზჰაკათონი 2016 იწყება

დღეს, დედამიწის დღეზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მესამე ყოველწლიური თევზჰაკათონი გაიხსნა.

თევზჰაკათონის ფარგლებში, ოცდაათი პროგრამისტი, დიზაინერი და მეცნიერებით გატაცებული ენთუზიასტი უქმეებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაატარებს, რათა მეთევზეობის პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო აპლიკაცია შექმნას.

ბათუმის აქტივობა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთელ მსოფლიოში ორგანიზებული თევზჰაკათონების ნაწილია. ესაა საჯარო და კერძო უწყებების თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის მთავრობის კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეკავშირებას. შეჯიბრს მსაჯთა გუნდი შეაფასებს. გამარჯვებულსა და მეორეადგილოსანს ჯილდოები გადაეცემათ. პროექტის პარტნიორი, საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია STEP, თავის პრიზს ცალკე კატეგორიაში გასცემს.

თევზჰაკათონის დასრულების შემდეგ, მობილური ტექნოლოგიებისა და მეთევზეობის ექსპერტთა გლობალური ჯგუფი გამარჯვებულ აპლიკაციებს შეაფასებს და გრან-პრის მფლობელს გამოავლენს. გამარჯვებული მსოფლიო ოკეანეების დღეს, 8 ივნისს გამოცხადდება. ერთი გუნდი კომპანია „ვირჯინის“დაწესებულ 10,000 ამერიკულ დოლარს მიიღებს. კიდევ ერთი გუნდის აპლიკაციის დახვეწაზე კი აშშ-ის მთავრობის კონტრაქტორი კომპანია იმუშავებს.

 

 

კაბელის დაზიანების გამო აბონენტებს შუქი არ მიეწოდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ელექტროკაბელის დაზიანების გამო თაყაიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მცხოვრებ აბონენტებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის  მიწის ქვეშ არსებული დაზიანებული კაბელის შესაცვლელად სპეციალური სამუშაოები ტარდება. აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად დაწყებულია ტროტუარზე არსებული ფილების დემონტაჟი,  შემდეგ კი დაიწყებენ კაბელის შეცვლას. რა დრო დასჭირდება კაბელის შეცვლას, ჯერჯერობით უცნობია.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე სამუშაოების წარმოებაზე ნებართვის გაცემა დროებით შეჩერებულია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.

 

სასჯელაღსრულების სამინისტრო “ბათუმელების” სტატიას გამოეხმაურა

“ბათუმელებში” გამოქვეყნებულ სტატიას “პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში” გამოეხმაურა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო. ჩვენ ამ უწყების მიერ გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

1 2 3 4 5

სოფელ მახალაკიძეებში მიმდინარე პროცესებს დამატებითი კომისია შეისწავლის

დღეს, 22 აპრილს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შუახევის ჰესის მშენებლობა გააპროტესტა სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ. სოფლის წარმომადგენლებმა მთავრობის აპარატში განცხადებაც შეიტანეს, რომლითაც აჭარის მთავრობას თავიანთი მოთხოვნები გააცნეს.

მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია მოთხოვნებს გაეცნო, საპროტესტო აქციის მონაწილეებს საპასუხო წერილიც გადასცა, რომელშიც წერია, რომ სოფელ მახალაკიძეებში მიმდინარე პროცესებს, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, მთავარობა დამატებით შეისწავლის: „აღნიშნულთან დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა დაწყებულია კომისიის შექმნის პროცესი, კომისიაში მონაწილეობის მიღების თხოვნით ოფიციალური წერილები უკვე დაეგზავნა სხვადასხვა უწყებას. კომისიის მუშაოებაში ჩაერთვება აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სხვა უწყებების შესაბამისი სპეციალისტები” – აღნიშნულია წერილში.

სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობის თქმით, ნაცვლად შეპირებული ბურღვითი სამუშაოებისა, სოფელში მშენებარე ჰესისათვის გვირაბი აფეთქებებით გაჰყავთ, რის გამოც სახლებზე გაჩნდა ბზარები. მათივე ცნობით, შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემაც და გაჩნდა მეწყრის ათამდე ახალი კერა.
აჭარის მთავრობის ცნობით,  შუახევიჰესის პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატის ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. შუახევიჰესის მშენებლობისთვის ინვესტიციის მოცულობა 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

 

11 დაჯარიმებული მძღოლი პარკირების წესების დარღვევისთვის [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს ბათუმში, 18:00 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 11 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის 5 – ტროტუარზე დგომის გამო და 6  დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.

ახალი ხეები აბაშიძის გამზირზე



დღეს, 22 აპრილს, “დედამიწის დღესთან” დაკავშირებით, ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე 4 ძირი მუხის ხე დარგო.

გამწვანების სამსახურის ცნობით, გამწვანების აქციები სამომავლოდაც იგეგმება.

საქართველოში დედამიწის დღე 26 წელია აღინიშნება. ამ დღეს, გარემოს დაცვის მიზნით, გამწვანებისა და დასუფთავების აქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება.

ლექციათა და ვიდეოჩვენებათა ციკლი – გერმანული თეატრის ისტორია და თანამედროვეობა

23-25 აპრილს, 16 საათზე, გოეთეს ინსტიტუტი და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი “კავკასია”, ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცესთან თანამშრომლობით, ლექციათა და ვიდეოჩვენებათა ციკლს გამართავს.

თემა: გერმანული თეატრის ისტორია და თანამედროვეობა – ბერტოლტ ბრეხტიდან მოძრაობის თეატრამდე.

პრეზენტაციების ავტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი  ლევან ხეთაგური.
დასწრება თავისუფალია

 

საკონსტიტუციო სასამართლო: ხელისუფლებამ ბინის გადაცემის საკითხი კითხვის ნიშნების გარეშე უნდა გადაწყვიტოს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლე მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემის საკითხს განცხადებით გამოეხმაურა:

„მოსამართლეთა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხი სავსებით ლეგიტიმურად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის განხილვისას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას, მის მიუკერძოებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე მხოლოდ მისი გადაწყვეტილებები მეტყველებს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული და უსაფუძვლო შეფასებებისგან.

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების კანონიდან მომდინარე ვალდებულება, მოსამართლეთა საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეუქმნას მათ სათანადო სოციალური გარანტიები, ემსახურება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის განმტკიცებას და, თავისთავად, ვერ დააყენებს კითხვის ქვეშ მათ მიუკერძოებლობას. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, მათ შორის, კანონმდებლობის დახვეწისა და მეტი განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც გამორიცხავს სხვადასხვა სახის სპეკულაციებს ამ საკითხის ირგვლივ,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიუთითებს ხელისუფლებას იმაზე, თუ რა სახით უნდა იქნეს შესრულებული კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ ნებისმიერი დროის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს საკითხი გადაწყვიტოს სრულფასოვნად, კითხვის ნიშნების გარეშე, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული საკანონმდებლო რეგულაცია არ გახდეს სპეკულირების საგანი და არ იქნეს გამოყენებული სასამართლოს რეპუტაციის დასაკნინებლად, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აქვს ადგილი.“

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის საკრებულო მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემას განიხილავს, „ბათუმელებმა“ 18 აპრილს გაავრცელა.

ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც ამ პრაქტიკას „მანკიერი“ უწოდა: „დაუშვებლად მიგვაჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების იმგვარი გამოყენება, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომში მოსამართლეს სიმბოლურ ფასად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საქმიანობისათვის შესაბამისი გარანტიების შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და ამ პროცესში თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება არ უნდა იქნეს გამოყენებული“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმის საკრებულოს მერაბ ტურასავათვის ბინის გადაცემის საკითხი 20 აპრილს უნდა განეხილა, თუმცა განხილვა გადაიდო.

სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა: ჰესის მშენებლობის გამო მეწყრის ახალი კერები გაჩნდა [ვიდეო]

დღეს, 22 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართა.

მოსახლეობა შუახევში მიმდინარე ჰესის მშენებლობის სამუშაოებს აპროტესტებს. მათი თქმით, ნაცვლად შეპირებული ბურღვითი სამუშაოებისა, გვირაბი აფეთქებებით გაჰყავთ, რის გამოც სოფელში სახლებზე გაჩნდა ბზარები. მათივე ცნობით, შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემაც და გაჩნდა მეწყრის ათამდე ახალი კერა.

მოსახლეობა აჭარის მთავრობას სთხოვს, აიძულოს სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი ნორვეგიული კომპანია შეხვდეს სოფლის მოსახლეობას, დაითვალოს მათ მიერ წარმოებული სამუშაოებისგან მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი და მისცეს მათ ფულადი კომპენსაცია, რადგან, მათი თქმით, სოფელში დარჩენა საშიშია.

 

 

 

ორსართულიანი, შვეიცარიული მატარებელი ბათუმი-თბილისის მიმართულებით

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, 2016 წლის ზაფხულში მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარიული მატარებლები მოემსახურება.

„ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

როგორც „ბათუმელებთან“ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, მატარებელი სავარაუდოდ ივლისიდან იმოძრავებს და მგზავრების გაზრდილ ნაკადს მოემსახურება. მისივე თქმით, ბილეთის ფასი უცვლელი დარჩება.

„ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ბრენდის მატარებელი, რომლით მგზავრობაც იქნება კომფორტული და უსაფრთხო. მატარებელი ადაპტირებულია. ამ ბრენდის მატარებლები მოძრაობს ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და ავსტრია,“ – აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

დედამიწის დღე 2016 – ხეები დედამიწისთვის


დღეს, 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება, რომლის წლევანდელი თემაც ხეების დარგვაა. ხუთ წელიწადში „დედამიწის დღეს“ 50 წელი შეუსრულდება, ამასთან დაკავშირებით მოძრაობის წევრები მოუწოდებენ ყველა ადამიანს, დაეხმარონ მათი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მიზნის მიღწევაში –  დაირგოს  7.8 მილიარდი ხე მსოფლიოს მასშტაბით.

„ხეების დარგვა იქნება პირველი იმ ხუთი მთავარი მიზნიდან, რომლის მიღწევაც „დედამიწის დღის“ 50 წლის იუბილისთვის 5 წელიწადში უნდა შესრულდეს. ერთად და ცალ-ცალკე ამ ინიციატივებს ექნებათ არსებითი და ხელშესახები ეფექტი დედამიწისთვის და უზრუნველყოფს უფრო სუფთა, უფრო ჯანმრთელ და უფრო მდგრად პლანეტას ყველასთვის,” – წერენ „დედამიწის დღის“ ქსელის წევრები.

Earth-Day-2016-Poster-Earth-Day-Network

როგორ ისჯებიან 16 წელს მიუღწეველი გოგონების ქმრები

18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მალე მამა გახდება, შვილის დაბადებისთანავე დაპატიმრებას ელის. მიზეზი – მისი მეუღლე შვილის გაჩენის დროისთვის 16 წლის არ იქნება. აჭარის პროკურატურამ უკვე წაუყენა ბრალი რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცს იმისათვის, რომ მათ 16 წელს მიუღწეველ გოგონებთან შექმნეს ოჯახი. 16 წელს მიუღწეველ გოგოსთან ქორწინება მკაცრად ისჯება – კანონი ითვალისწინებს პატიმრობას, ჯარიმას და, ასევე, განრიდებას.

საქართველოს კანონმდებლობით, 16 წელს მიუღწეველ გოგოსთან სრულწლოვანი მამაკაცის სექსუალური ურთიერთობა, მათ შორის ქორწინების გზით, კანონით მკაცრად ისჯება.

კანონი, რომელიც 16 წელს მიუღწეველ პირთან ქორწინებას კრძალავს, ახალი არ არის და მისი დარღვევისთვის პრობლემა 2016 წლამდე თითქმის არავის შექმნია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი, აჭარის პროკურატურამ სამ ახალგაზრდა მამაკაცს წაუყენა ბრალი სწორედ იმის გამო, რომ შვილი გაუჩნდათ გოგონებთან, რომლებიც 16 წელს მიუღწეველები იყვნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ორი შვილის მამა – ნადიმ პაქსაძე, რომელმაც 19 წლის ასაკში 13 წლის მაია სოლომონიძე მოიტაცა ცოლად შერთვის მიზნით. ნადიმ პაქსაძეს ბრალი სამი წლის შემდეგ, 2015 წელს, მეორე შვილის დაბადებისთანავე წაუყენეს. თუმცა, მის მიმართ, ისე, როგორც კიდევ ერთი მისი მოგვარის – მარად პაქსაძის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე უკვე შეწყვეტილია. სახელმწიფოს არც ერთი მათგანი არ დაუჯარიმებია.

პატარა გოგოსთან ქორწინების გამო კანონთან პრობლემა 22 წლის მკლავჭიდელ გოგიტა ხიმშიაშვილს სულ ახლახან შეექმნა. მან 14 წლის გოგოსთან სამი წლის წინ იქორწინა. მათ შვილი 2015 წლის 23 აგვისტოს შეეძინათ – სამართალდამცავებიც, არასრულწლოვანთან ქორწინებით ბავშვის დაბადებიდან სამ თვეში დაინტერესდნენ.

გოგიტა ხიმშიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასჯადობის შესახებ მხოლოდ შვილის დაბადების შემდეგ გაიგო, როცა ის პოლიციაში დაიბარეს. “ბავშვის დაბადებიდან მესამე თვეს დამიბარეს პოლიციაში და მითხრეს, რომ კანონი დავარღვიე. ჩვენ ირგვლივ ბევრს ჰყავს არასრულწლოვანი მეუღლე, მაგრამ ამის გამო პრობლემა არავის შექმნია. მე არ ვიცოდი, თუ ეს კანონით ისჯებოდა, თორემ პრობლემებს არ შევიქმნიდი”, – ირწმუნება ის.

გოგიტა ხიმშიაშვილს კანონის დარღვევის გამო შეიძლება პირობითი მსჯავრი შეეფარდოს, ან ფულადი ჯარიმა დაეკისროს. კანონით ასევე შეიძლება განრიდების დამტკიცებაც, ანუ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. არც ის არის გამორიცხული, რომ “ძიება შეწყდეს ვითარებიდან გამომდინარე”.

“მე არც პირობითი მსჯავრი მაწყობს და არც ფულადი ჯარიმა, რადგან თუ პირობითს მომისჯიან, საზღვრის გადაკვეთის უფლება აღარ მექნება. 22 წლის ვარ, დიდი მომავალი მაქვს, რადგან წარმატებული სპორტსმენი ვარ და კარიერისთვის ვემზადები, ნასამართლეობა პრობლემებს შემიქმნის… დედ-მამა და ცოლ-შვილი ჩემი სარჩენია. მამიდაც მწოლიარე ავადმყოფი მყავს, რომელიც ასევე ჩემი საზრუნავია. შემოსავლის ერთადერთი წყარო სპორტია, ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები და სპონსორებს ვეძებ, სად მაქვს ამდენი საშუალება [ჯარმის გადასახდელად]“, – ამბობს გოგიტა.

რა ელით გოგონებს, რომლებიც ადრე ქორწინდებიან?

თუ წინა წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ადრე დაქორწინებული გოგონების ნაწილი საშუალო განათლებასაც კი ვერ იღებს, შესაბამისად, ძირითადად სხვაზე ხდება დამოკიდებული. სპეციალისტების აზრით, ბიჭებისა თუ გოგონებისთვის თავისუფლებაზე უარის თქმა, ანუ ადრეულ ასაკში ქორწინება, სექსუალური ურთიერთობის უფლების მოპოვების ერთადერთ ლეგალურ გზად რჩება საქართველოში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს“ გენდერის სპეციალისტის იდა ბახტურიძის შეფასებით, „ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზი სხვადასხვაა. მათ შორის სოციალური პრობლემები, გენდერული უთანასწორობის პრობლემა და სტერეოტიპები. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად გოგონას არ შეუძლია შეხვდეს ბიჭს, რადგან ამით მისი რეპუტაცია ილახება. ამიტომ, გოგონების შემთხვევაში გამოსავალი არის ის, რომ „ლეგალიზება“ გაუკეთონ მათ ურთიერთობას. აქ საუბარი არ არის მაინც და მაინც სექსუალურ ურთიერთობაზე, შეხვედრების ლეგალიზებაც რომ მოახდინონ და მიკროსოციუმთან კონფლიქტი არ ჰქონდეთ, ინიშნებიან ან თხოვდებიან“.

იდა ბახტურიძის აზრით, ქორწინების მიზეზი გოგონების შემთხვევაში შეიძლება იყოს პერსპექტივის ვერ დანახვაც: „ვერ ახერხებენ რეალიზებას, რადგან არ აქვთ განათლება და არ არიან ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ“.

იდა ბახტურიძის თქმით, როცა არ ხდება მოზარდების ინფორმირება იმ საფრთხეების შესახებ, რაც ნაადრევ ქორწინებას შეიძლება მოჰყვეს, ეს სკოლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს. ცხადია, თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელსაც, „რომელსაც ჰგონია, რომ შვილის ნაადრევი ქორწინებით მის მომავალს უზრუნველყოფს, რადგან მიიჩნევს, რომ ბედნიერების მთავარი წყარო ქალისთვის არის ოჯახის შექმნა“.

ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ საფრთხეებზე არის საუბარი სახალხო დამცველის ანგარიშშიც: „16 წლამდე გოგონები 5-ჯერ უფრო დიდი რისკის ქვეშ დგანან მშობიარობის დროს… ზიანდება მათი რეპროდუქციული ფუნქციები და იზრდება სიმსივნური დაავადებების რისკები. ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, როდის გახდნენ დედა. საზოგადოების მოთხოვნები გათხოვილ გოგონებს შვილების გაჩენას აიძულებს“.

2015 წელს 1372 მოსწავლე გახდა დედა. არასრულწლოვანი დედების სტატისტიკა კიდევ უფრო მაღალი იყო 2014 წელს - 1527. ფოტოზე: მოსწავლე რომელიც დედობისთვის ემზადება. კადრი გაზეთ „ბათუმელების“ მედიასკოლის მიერ მომზადებული ფილმიდან - „ნაადრევი ქორწინება“.
2015 წელს 1372 მოსწავლე გახდა დედა. არასრულწლოვანი დედების სტატისტიკა კიდევ უფრო მაღალი იყო 2014 წელს – 1527. ფოტოზე: მოსწავლე რომელიც დედობისთვის ემზადება. კადრი გაზეთ „ბათუმელების“ მედიასკოლის მიერ მომზადებული ფილმიდან – „ნაადრევი ქორწინება“.

არასრულწლოვნების ქორწინება ციფრებში

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს ბავშვის დაბადების მომენტისთვის 1372 დედა არასრულწლოვანი იყო, 35 კი – არასრულწლოვანი მამა. 2015 წლის მონაცემებით, ბავშვის დაბადების მომენტში ორივე მშობელი არასრულწლოვანი იყო 42 შემთხვევაში. ეს ციფრი გაცილებით მაღალია 2014 წელს, როცა არასრულწლოვანი გოგონების რაოდენობა 1527 იყო, ორივე მშობლის შემთხვევაში – 61.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ნაადრევი ქორწინების დროს ორივე პირი არასრულწლოვანია, კანონი სასჯელს მაინც ითვალისწინებს.

„სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 14 წლის ზემოთ იწყება. სხვა შემთხვევაში კანონი სასჯელს არ ითვალისწინებს. 14 წლის ზემოთ კი კანონი საკმაოდ მკაცრია და 7-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ამის მიუხედავად, როგორც იურისტი ამბობს, პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა არასრულწლოვნები ამ მუხლით დაესაჯოთ: „შეიძლება ბავშვმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისეთი სასჯელი შევუფარდოთ, რაც მას უფრო მეტად დააზიანებს. 15-16 წლის ბავშვებისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, ვფიქრობ, უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება, ამიტომ შესაძლებელია, საპროცესო შეთანხმებით პირობითი მსჯავრის დაკისრებაც“.

იურისტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არასრულწლოვანს სასჯელს ფულადი ჯარიმის სახით აკისრებს, ჯარიმას მშობელი იხდის. „თუკი მშობელი ინფორმირებულია არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ, ან მშობლების ჩარევით ხდება ქორწინება, მშობელს 100-დან 300 ლარამდე დააჯარიმებენ“. თუმცა იურისტს მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში არ ახსენდება.

ბრძოლა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ

„გვინდა, ფსევდოტრადიციები, რომლებიც ბავშვზე, 11-13 წლის გოგონაზე ძალადობას გულისხმობს – აღარ იყოს. გვინდა, რომ პატარა გოგონები დავიცვათ ზრდასრული კაცების მხრიდან ძალადობისგან…“ – ეს სიტყვები საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკანს ეკუთვნის.

როგორია სახელმწიფოს რეაგირება ადრეულ ქორწინებებზე, რამდენი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის მოტივით და რამდენი პირი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებებში ამ ბრალდებით? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო მთავარი პროკურატურიდან. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით კი, 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს, სსკ-ის 140-ე მუხლით დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი 74 პროცენტითაა გაზრდილი. 2014 წელს სამართლებრივი დევნა 33 პირის მიმართ დაიწყო, 2015 წელს კი – 129 პირის მიმართ.

სსკ-ის 143-ე მუხლით ისჯება ქორწინების მიზნით არასრულწლოვნის მოტაცება. ბოლო წლებში გაზრდილია ამ მუხლით დევნის მაჩვენებელიც. თუ 2014 წელს უკანონო თავისუფლების აღკვეთის მიზნით 11 პირის მიმართ დაიწყო დევნა, 2015 წელს ამ ციფრმა 60-ს მიაღწია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით კი, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, 2015-2016 წლებში სსკ-ის 150-ე მუხლის გათვალისწინებული დანაშაულისთვის, „სასამართლოებში 2016 წელს განხილულია ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულს შეეფარდა პირობითი მსჯავრი“.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევე, როგორც მოლდოვას [19%] და თურქეთს [14%].

სექსმუშაკი, რომელსაც შვილის წართმევას უპირებენ

იმიტომ, რომ ბრალდებული სასამართლოში საბოლოო სიტყვის სათქმელად არ გამოცხადდა, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განაჩენის გამოცხადება გადადო. მ.კ.-ს წინასწარი პატიმრობა მას შემდეგ შეუფარდეს, როცა გირაოთი გათავისუფლებულს კიდევ ერთხელ დაედო ბრალი _ ოჯახურ ძალადობაში, ცემასა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაში. მან ეს დანაშაული განმეორებით აღმკვეთი ღონისძიების პერიოდში ჩაიდინა.

საქმის მასალების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უზბეკი ეროვნების ქალია, რომელიც ბრალდებულის ცოლი არ არის. მათ საერთო შვილი ჰყავთ, რომელიც 2 წლისაა. დაზარალებულმა ქალმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ მ.კ. სექსმუშაკად მუშაობის დროს გაიცნო, შვილის გაჩენის შემდეგ, რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ და მ.კ. მას ხშირად სცემდა.

ბრალდებულ მ.კ.-ს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მას შემდეგ, რაც უზბეკმა ქალმა მ.კ.-ს პოლიციაში უჩივლა ცემის გამო, საქმე აღიძრა ოჯახური ძალადობის მუხლითაც, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახის წევრებად ითვლებიან ის პირებიც, „რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“.

„ამ დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა პრობლემები მეუღლესთან და უზბეკ ქალთან ერთად ცხოვრობდა. ახლა მ.კ. თავის ოჯახს დაუბრუნდა და ცოლი თანახმაა, უზბეკ ქალთან გაჩენილი შვილი თვითონ გაზარდოს. ამ ქალის გაღიზიანება ძირითადად შვილს უკავშირდებოდა. ამბობს, რომ მ.კ.-ს მისთვის შვილის წართმევა უნდა. სოციალური სამსახურებიც უნდა დაინტერესდნენ, ალბათ, ამით. დაზარალებული არც ახლა მალავს, რომ ის ისევ სექსმუშაკია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ კვაჭანტირაძემ.

ბრალდებული სამივე ბრალდებას აღიარებს.

ლევან გიგინეიშვილი ბათუმში

24 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართება დისკუსია თემაზე ტოლერატობის ფენომენი თანამედროვე და ისტორიულ ჭრილში.

დისკუსიაზე მოხსენებას წაიკითხავს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან გიგინეიშვილი.

დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდება გაზეთ „ბათუმელებში“, სრული ვიდეო-ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“  „ფესიბუქ“გვერდზე და youtube-ის არხზე, აგრეთვე ვებგვერდზე www.presscafe.ge.

დისკუსია მზადდება არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“, NED-ის ფინანსური მხარდაჭერით.

მშენებელი კომპანიის მეწილეთა დავა და დაზარალებული მოქალაქეები

21 აპრილს, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე შეჩერებულ საცხოვრებელ კორპუსთან ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც წლებია მშენებლობის დასრულებასა და საცხოვრებელი ბინების გადაცემას ელოდებიან. აქციის მონაწილეების თქმით ამ ტერიტორიაზე იტალიური ეზოს ტიპის დასახლება მდებარეობდა. იქ მცხოვრებლებმა ფართობი აშენებულ სახლში ბინების მიღების სანაცვლოდ დათმეს. 

„მერია ხელს იბანს და ამბობს რომ მათ ეს არ ეხებათ, რადგან კერძო ინვესტორია მესაკუთრე, მაგრამ მოქალაქეები დაზარალებულები ვრჩებით. ეს მშენებლობა ასე არასდროს დასრულდება, რადგან ესენი თაღლითები არიან და აქვთ რაღაც მაფიოზური გარიგება. კატასტროფული მდგომარეობაა. სამი წელია ბინის ქირაც არ გადაუხდიათ მათთვის ვინც გაიყვანეს ტერიტორიიდან. 16 ოჯახია ასეთი. მე შეტანილი მაქვს წინასწარ ნასყიდობით და მეცხრე წელია ბინას ვერ ვიღებთ“, – ამბობს აქციის მონაწილე ნუგზარ ჩხაიძე.

?

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ითხოვენ ყურადღების მიქცევას სახელმწიფოს მხრიდან და კომპანიის იმედი აღარ აქვთ, რადგან კომპანიის ყოფილ დირექტორს იაშა გოჩიტიძეს კომპანიის მეორე მეწილესთან [რომელიც ახლანდელი დირექტორია] კონფლიქტი აქვს და ამას ეწირება მათი ინტერესები. აქციის მონაწილეები, წინააღმდეგ შემთხვევაში კორპუსის მიმდებარედ ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვას გეგმავენ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „ჰოლდერის“ დირექტორს დავით შეყლაშვილს, რომელმაც თქვა, რომ მშენებლობა იაშა გოჩიტიძის დირექტორობის პერიოდში დაიწყო, შესაბამისად პასუხისმგებლობაც მას ეკისრება: „შპს „ჰოლდერს“ ჰყავდა დირექტორი და მესაკუთრე იაშა გოჩიტიძე, რომელმაც გააფორმა ამ მოსახლეობასთან ხელშეკრულება. ტერიტორია სადაც ეს ხალხი ცხოვრობდა აიღო, დაანგრია ეს ტერიტორია და  გააკეთა ათი სართული შენობა, მაგრამ ფინანსურად უკვე  იაშა გოჩიტიძეს აღარ ჰქონდა საშუალება რომ დაემთავრებინდა და დარჩა ეს კორპუსი დაუმთავრებელი.  რა ვალდებულებები აქვთ ერთმანეთში და როგორ არიან და ვის რა ფული აქვს გადასახდელი ეს პირადად იაშა გოჩიტიძეს უნდა ჰკითხოთ“.

 

იაშა გოჩიტიძე თავის მხრივ ამბობს, რომ კორპუსის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2010 წელს უნდა ჩაბარებულიყო. დავით შეყლაშვილს დირექტორობა და კომპანიის 50%-იანი წილი კი კრიზისის მოგვარების მიზნით დაუთმო, თუმცა მან აღნიშნულ კორპუსზე პასუხისმგებლობა მოიხსნა: „მასთან სამართლებრივი დავა მაქვს ახლა, მოტყუებით მიიღო წილი და ახლა ამ ხალხს ტოვებს ბედის ამარა. 2014 წელში გვყავდა ინვესტორიც, მაგრამ სამმა პირმა სასამართლოში იჩივლა და სასამართლომ შპს „ჰოლდერს“ მათთვის 470 000 აშშ დოლარის ანაზღაურება დააკისრა იმ ფართის სანაცვლოდ რაც მათ უნდა მიეღოთ. ახლანდელმა დირექტორმა არ გააგრძელა სამართლებრივი ბრძოლა და საქმე აღსრულებაშია გადასული. თუმცა, როგორც ვიცი აუქციონზე გატანა ვერ ხერხდება, რადგან თუ გაიტანენ პროექტიც უნდა გაიყიდოს და მაშინ სხვაგვარად უნდა მოხდეს შეფასება, რასაც სააღმსრულებლო ბიურო ვერ ახერხებს“.

იაშა გოჩიტაშვილმა აღნიშნა, რომ ეძებს ინვესტორს, თუმცა ამ პროცესს ართულებს, ის რომ სამ მოქალაქეს საქმე აღსრულებაში აქვს შეტანილი.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს „ჰოლდერის“ 50%-ს იაშა გოჩიტიძე, ხოლო დანარჩენ 50%-ს დავით შეყლაშვილი ფლობს.

უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომაც არ შედგა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით,   21 აპრილის პლენარული სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. თავდაპირველად სხდომაზე დასასწრებად 8 დეპუტატი, ხოლო განმეორებითი რეგისტრაციის შემდეგ კი 9 დეპუტატი დარეგისტრირდა.

აღნიშნულ პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს უნდა წარმოედგინა 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, ამჯერად რიგგარეშე სხდომა, მიმდინარე წლის 27 აპრილს, 10 საათზე დაინიშნა.

„ბათუმის კორპუსის“ გამარტივებული ტენდერი ეზოების კეთილმოწყობაზე

დღეს, 21 აპრილს ააიპ „ბათუმის კორპუსმა“ ხელხლა გამოაცხადა ტენდერი ბათუმის კორპუსების 36 ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე. თავდაპირველად ტენდერი 23 მარტს გამოცხადდა და წინადადებების მიღების ვადა 13 აპრილს ამოიწურა, თუმცა არცერთ კომპანიას არ შეუტანია განაცხადი. ამჯერად გამარტივებული ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო თანხა 1 227 300 ლარია. ბათუმში 36 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთიმოწყობაა დაგეგმილი[ბორდიურების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება].

დღესვე, ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე ხნით ადრე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გელა დეკანაძემ აღნიშნულ თემაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც უამრავი კომპანია კონკურენტულ გარემოში ცდილობს სხვადასხვა ტენდერის მოგებას,  აღნიშნული ტენდერის ჩავარდნა, „ბათუმის კორპუსის“ მიერ შეგნებულად ან შეუგნებლად ტენდერის არაკომპეტენტურად გამოცხადებაზე მიუთითებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გელა დეკანაძე

„ტენდერი ათი დღეა ჩავარდნილია და ამ დროის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ მოუხდენია  „ბათუმის კორპუსს“, რომ მოეხდინა გამოსწორება სატენდერო დოკუმენტაციის და  განმეორებით  გამოეცხადებინა ტენდერი, ამიტომ ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ისინი მოითხოვენ გამარტივებული წესით შესყიდვის გზას და შემდეგ ამ ტენდერს მოარგებენ საკუთარ მეგობრებს და გადასცემენ“, – განაცხადა გელა დეკანაძემ.

„ბათუმის კორპუსის“ დირექტორი ზურაბ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ ტენდერის ჩავარდნის მიზეზს ასე ხსნის: „ბათუმში მრავალი ამ ტიპის სამუშაო მიმდინარეობს, რაც ასფალტის დაგებას თუ ბორდიურების მოწყობას გულისხმობს. კომპანიებმა გვთხოვეს სამუშაოების შესრულების ჩადებულ ორ თვიან პირობას ერთი თვით თუ გავაგრძელებდით მიიღებდნენ მონაწილეობას“, – მისივე თქმით, მან მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს ელექტრონული გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად, რაც ითვალისწინებს ტენდერის 22 სამუშაო დღის ნაცვლად 3 სამუშაო დღის განმავლობაში დასრულებას: „დღეს მივიღე თანხმობა და დღესვე გამოცხადდა ტენდერი, სადაც სამუშაოების შესრულების ვადად სამი თვე იქნა ჩადებული ნაცვლად ორისა“.

ა[ა]იპ „ბათუმის კორპუსი“ ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია.

 

 

ბათუმის მერია და ქობულეთის მუნიციპალიტეტი სტიქიის შედეგებზე

ქალაქ ბათუმის მერიის განცხადებით: „ბათუმში ძლიერმა ქარმა მწვანე ნარგავები დააზიანა. ქალაქის სხვადასხვა უბანში წაქცეულია რამდენიმე ხე. ამ დროისთვის გამწვანების სამსახური მოტეხილი ტოტების გატანის სამუშაოებს ახორციელებს. შპს ,,სანდასუფთავებამ“ უკვე დაასრულა ქარისგან დანაგვიანებული ქუჩების დასუფთავება ქალაქის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებშიც. გაწმენდილია სანაპირო ზოლიც“.

დღესვე განცხადება გაავრცელა ქობულეთის მუნიციპალიტეტმაც:

„ქობულეთში წუხელ ღამით ძლიერი ქარი დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. გამგეობაში სტიქიის საგანგებო შტაბი შეკრებილია. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.
გამთენიისას ქარიშხალმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, რის გამოც ჩაიხერგა გზები ბუკნარში, გვარასა და აღმაშენებლის გამზირზე. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო გამწვანების სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები და სამაშველო ბრიგადები. ოპერატიულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ამ დროისათვის ჩახერგილი გზები გაწმენდილია და სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია.
ძლიერი ქარის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია 4000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“. – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

აჭარასა და გურიაში ქარი წუხელ, დაახლოებით ღამის 2 საათზე გაძლიერდა.

რა წერია ისტორიის სახელმძღვანელოში 9 აპრილისა და აგვისტოს ომის შესახებ

„მიზერული და არასრულფასოვანი“, – ასე აფასებენ საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემულ მასალებს სკოლის პედაგოგები. მათი აზრით, დღეს არსებულ სასკოლო სახელმძღვანელოებში ქვეყნის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტებისა და ამბების დიდი ნაწილი უგულებელყოფილია.

ბათუმის #16 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ხათუნა ჯანელიძე გვეუბნება, რომ საქართველოს ისტორია სკოლაში მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლება, მე-11 კლასის სახელმძღვანელოში კი რამდენიმე თემაა შეტანილი.

„ავიღოთ თუნდაც ცხრა აპრილის თემა, რომელზეც ერთი ამბავი ატყდა მედიაში, რომ ახალგაზრდებმა არაფერი იციანო. ეს საკითხი მხოლოდ მე-9 კლასის ისტორიაშია შესული და იმდენად მშრალად, რომ შესაძლებელია არც კი დარჩეს მოსწავლეს მეხსიერებაში“. პედაგოგის თქმით, ასეთივე მშრალადაა გადმოცემული სახელმძღვანელოში 9 მარტის ტრაგედიის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდი, გასაბჭოება და ა.შ.

„საგაკვეთილო მასალაში სამხედრო გადატრიალება არც კი არის ნახსენები. მხოლოდ ის წერია, რომ ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი. რის გამო, რა მიზეზით – არსად წერია. ის, რომ სამხედრო გადატრიალების მოთავეები იყვნენ თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი, არ არის ნათლად ნაჩვენები. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 1992 წლის იანვარში ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ და იმავე წლის მარტში ქვეყნის მდგომარეობიდან გამოსაყვანად ედუარდ შევარდნაძე მოიწვიეს. ვფიქრობ, ზედმეტად დელიკატურადაა გადმოცემული ეს ფაქტები“.

ხათუნა ჯანელიძის აზრით, მასწავლებელს გაკვეთილზე შეუძლია დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ დამხმარე მასალებისთვის როგორიცაა, მაგალითად, ფოტო, ვიდეო ა.შ. დრო აღარ რჩება, რადგან გაკვეთილისთვის კონკრეტული საათია განკუთვნილი.

პედაგოგის თქმით, სახელმძღვანელოში მწირი ინფორმაციაა 9 მარტის ტრაგედიისა და მშვიდობიანი აქციის დარბევის შესახებაც. „წერია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები დახოცეს, რომ „საბჭოთა რეჟიმის „ლიბერალიზაცია“ შეუძლებელი იყო“. ვერ ჩაწვდნენ მოსწავლეები ამ ამბის სიმძიმეს ისე, როგორც საჭიროა ქვეყნის მოქალაქემ იცოდეს. კი ვუხსნი, მაგრამ მაინც უჭირთ იმ ეპოქის გააზრება ბოლომდე. ჩემი აზრით, ეს ცუდად მიწოდებული ინფორმაციის შედეგია“.

მასწავლებლის აზრით, თანამედროვე მოსწავლეებს ყველაზე მეტად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის გააზრება და დამახსოვრება უჭირთ.
„ცუდად იციან რეპრესიების პერიოდიც. მე ვაბრალებ იმას, რომ ამის შესახებ ისწავლება მხოლოდ ერთ კლასში და ისიც არა ამომწურავად. მხოლოდ სამოქალაქო განათლების საგანშია შეტანილი პიროვნების კულტი – სტალინის ამბავი იქ შეიძლება კიდევ გაიხსენო, სხვაგან არსად“.
პედაგოგის აზრით, მოსწავლეებს თემის მიმართ მგრძნობელობა მაშინ უფრო უჩნდებათ, თუ დამატებით წყაროებად მხატვრული ფილმი, მხატვრული ნაწარმოები ან ფოტომასალაა გამოყენებული.

„თვითმფრინავის გატაცების ამბავი როცა ავუხსენი, მანამდე ყველას დავავალე დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ წაეკითხათ. გაცილებით კარგად აღიქვეს ეს თემა და დარწმუნებული ვარ, მაღალკლასელებსაც ახსოვთ“.

საბჭოთა რეპრესიული კულტურის ნაწილში, ერთ-ერთ დამატებით წყაროდ სახელმძღვანელოში მითითებულია თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეების დიდ ნაწილს, არც მე-9 და არც მე-11 კლასში ეს ფილმი ნანახი არ ჰქონდა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მოსწავლეები ინფორმაციას მხოლოდ მე-9 კლასის სახელმძღვანელოთი იღებენ. ომის მოვლენები რამდენიმე ფრაზითაა გადმოცემული, გაკვეთილის 70 პროცენტი ეთმობა „ვარდების რევოლუციას“ და სააკაშვილის ხელისუფლების დროს განხორციელებულ ცვლილებებს. რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეიცვალა საქართველოს გერბი, ჰიმნი, დროშა, მოხდა პოლიციის რეფორმა, აშენდა იუსტიციის სახლები, „დაიწყო გზების ეფექტიანი მშენებლობა“ და ა.შ.

პედაგოგის აზრით, სახელმძღვანელოში მშრალადაა წარმოდგენილი აფხაზეთის ომის ამბებიც. „წერია მხოლოდ ის, რომ აფხაზებმა ისარგებლეს საქართველოში სამოქალაქო ომით და 1992 წლის ივლისში მიიღეს დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. 14 აგვისტოს შევიდა ქართული გვარდია და გაღვივდა კონფლიქტი. ცუდად ორგანიზებულ ქართულ ჯარს დაუპირისპირდნენ კაზაკები, მოხალისეები ჩრდილოეთ კავკასიიდან და რუსული არმიის ნაწილები. შემდეგ კი რუსული მხარის შუამდგომლობით ცეცხლი შეწყდა. ამ ამბების ცოტა უკეთ დამუშავება ნამდვილად შეიძლებოდა“, – ამბობს პედაგოგი.

საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს კრიტიკულად აფასებს ამავე სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი, თამარ თევზაძე. მისი აზრით, სკოლის სახელმძღვანელოებში „საქართველოს ისტორია იგნორირებულია. მხოლოდ მშრალი წინადადებების დონეზე აღწერენ ფაქტებს და ვერსად წაიკითხავ ანალიზს ან ისეთ დეტალებს, რომელთა ცოდნაც ნამდვილად სჭირდება მოსწავლეს.“

თამარ თევზაძეს მიაჩნია, რომ სხვადასხვა ავტორის მიერ გამოცემული წიგნები, გარდა შინაარსობრივი პრობლემებისა, ფაქტობრივ უზუსტობებსაც შეიცავს. „ერთ გამოცემაში ლაშა-გიორგის გარდაცვალების თარიღად წერია 1223 წელი, სხვა გამოცემაში – 1222 წელი. რომელი დაიმახსოვროს მოსწავლემ? ასეთი უზუსტობები სხვაც არის“, – ამბობს ის.

პედაგოგების თქმით, არის შემთხვევები, როცა სახელმძღვანელოს მასალები და საატესტატო საკითხები ერთმანეთს არ ემთხვევა. „ეროვნულ გამოცდებზე 4-5 ქულით ფასდება ისტორიული წყაროს ანალიზი, კარიკატურის ანალიზი, სახელმძღვანელოში ეს საკითხები არსად მოცემული არ არის, სად ისწავლოს ბავშვმა?“

ისტორიის მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებმა პრაქტიკოსი მასწავლებლების მოსაზრებები უნდა გაითვალისწინონ. მათი თქმით, წლების წინ მოისმინეს კიდეც პედაგოგების მოსაზრებები ავტორებმა, თუმცა არ გაუთვალისწინებიათ.

ქობულეთში სეზონური ობიექტების განსათავსებლად განცხადებების მიღება 15 მაისამდე გაგრძელდება

ქობულეთში სეზონური ობიექტების განთავსების მიზნით ტერიტორიების იჯარის წესით გასაცემად ქობულეთის გამგეობაში განცხადებების მიღება 15 მაისამდე გაგრძელდება.

„განცხადებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს ფართობის ნომერი, ასევე განცხადებებს თან უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი, ტერიტორიის სიტუაციური ნახაზი და ობიექტის ესკიზი. ხოლო ცენტრალურ პარკში ტერიტორიების იჯარის წესით გაცემა ელექტრონული აუქციონის წესით განხორციელდება, ასევე სეზონური ობიექტების განსათავსებლად აუქციონები გამოცხადდება იმ ტერიტორიებზე, რომელთა იჯარის წესით გაცემა წინა წლებში არ განხორციელებულა,“ – აღნიშნულია გამგეობის განცხადებაში.

ქობულეთის გამგეობაში იმასაც აცხადებენ, რომ წელს ტურისტული სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ტერიტორიების იჯარის წესით გასაცემად თადარიგი ნაადრევად დაიჭირეს: „სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ სეზონური ობიექტების განსათავსებლად განისაზღვრა ტერიტორიები, რომელთა დროებით განსაკარგავად გადაცემის საკითხს კომისია გადაწყვეტს“.

მორიგი უფასო სამედიცინო აქციები აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში

23 აპრილს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული, მორიგი უფასო სამედიცინო აქციები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარის აღმართში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში, ხოლო 24 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში ჩატარდება.

 

აქციების ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდება კონსულტაციები და სამედიცინო გამოკვლევები.
უფასო სამედიცინო აქციები 12:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები, ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას – ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმები, შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას _ მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის, ბათუმის N4 პოლიკლინიკისა და ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმები, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ონკოლოგიური საავადმყოფოს, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრისა და თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები.

 

ISIS-ის მხარდაჭერაში ბრალდებული პირების დედების განცხადება

ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ბრალდებული  გია ბახუნტარიძის, მირიან ირემაძის და ჯამბულ აბდულაევის დედებმა დღეს,  21 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ბრიფინგი გამართეს.  მათი განცხადებით,  მათი შვილები უკანონოდ არიან დაკავებული და ბრალიც არასწორად აქვთ წაყენებული.  ისინი  საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას და სასამართლო გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარებას ითხოვენ.

ნატო ირემაძე,  ბრალდებულ გია ბახუნტარაძის  დედა:  „ვფიქრობ,  ჩვენი შვილები უდანაშაულოები არიან და არასწორად დააკავეს. დაკავების დროს ბრალი ედებოდათ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაზე, მაგრამ შემდეგ ბრალი ტერორიზმთან კავშირის მუხლით  წაუყენეს  და ამით უარყოფითად განაწყეს საზოგადოება ჩვენი შვილების მიმართ“.

ნატო ირემაძის განცხადებით,  მისი შვილის და სხვა დაკავებულების მიმართაც დარღვეული იყო უდანაშაულობის პრეზუმფცია.

„იარაღიც მათი ჩალაგებული იყო, რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ გვითვალთვალებდნენ და, ბუნებრივია, ასეთ პირობებში იარაღს სახლში არ შევინახავდით და ასაფეთქებლებზე არ დავიძინებდით. გიას სამი თოთო ბავშვი ჰყავს და ასეთ იარაღს სახლში არ შეინახავდა, მხოლოდ ერთი პისტოლეტის ამოღება მოახერხეს“.

ნატო ირემაძის თქმით, სირიიდან გავრცელებულ მუქარის ვიდეოში ასახული პირები ნამდვილად მისი ოჯახის და შვილების მეგობრები და ახლობლები არიან, თუმცა, ის მათთან  იდეოლოგიურ კავშირს უარყოფს.

„ისინი იყვნენ  ჩვენი მეზობლები, მეგვარეები, ნათესავები… ათი დღის  წასვლით ეს ყველაფერი ხომ არ წყდება, მოკითხვის მიზნით ურაკევდნენ და წერდნენ. თავიანთ ოჯახებს კითხულობდნენ  და ამის გამო ნახევარი სოფელი ხომ არ უნდა დააკავო“, – ამბობს ნატო ირემაძე.

ნათელა ბერიძე, ბრალდებულ მირიან ბერიძის დედა: „მე ვითხოვ, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს მოეხსნას გრიფით საიდუმლო და ფართო საზოგადოებას მიეცეს გამოძიებისა და სასამართლო  განხილევბის მონიტორინგისა და კონტროლის შესაძლებლობა. თხოვნით მივმართავთ შს სამინისტროს, მთავრობას, რომ ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით ნუ დაარღვევს ადამიანის უფლებებს  და კანონის დაცვით აწარმოოს გამოძიება“.

ნათელა ბერიძის განცხადებით, სახელმწიფომ მათი შვილებისგან მტრის ხატები არ უნდა შექმნას. „ერთი-ერთი სირიაში წასული პირი, ჩემი ძმისშვილია და, ბუნებრივია, ერთმანეთს ნათესაურად წერდნენ. ეს იყო ტერორიზმთან კავშირი, თუმცა გამოძიება ამბობს, რომ ეს არის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი“.

ნატო ირემაძე ამბობს, რომ მისი შვილი ტერორისტებს ემიჯნებოდა: „ჩემი თვალით მაქვს წაკითხული, როცა ჩემი შვილი წერდა, ასეთი ცუდი მიმართვა რატომ გააკეთეთო, ნახოს უშიშროებამ ესეც“.

 მერი ივანაძე, ჯამბულ აბდულაევის დედა: „ჩემი შვილი იმავე დღეს აიყვანეს.  მას არც იარაღი ჰქონდა და არც „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა.

ბრალდებულების მშობლები ასევე აცხადებენ, რომ საქმეში ერთი და იგივე მოწმეები ფიგურირებენ.

ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალდებული ოთხი პირი – გია ბახუნტარაძე (25 წლის), ლაშა გობაძე, ჯამბულ აბდულაევი (24 წლის) და მირიან ბერიძე (21 წლის ბსუ-ს სტუდენტი) 2015 წლის 30 ნოემბერს დააკავეს.

მშობლების განცხადებით, დაკავებულების მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ. 22 აპრილს გაიმართება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყველა მათგანს მინიმუმ 10-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება ბათუმში

20 აპრილს ბათუმში ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება გაიხსნა. ტურნირი ასევე ეძღვნება ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილეს და „ნონას თასის“ ტიტულსაც ატარებს. საჭადრაკო თამაშები დღეიდან დაიწყება და 3 მაისამდე გაგრძელდება.

ტურნირში სულ 12 ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მონაწილეობს, მათ შორის 4 ქართველია. მათგან ერთ-ერთი კი, ბათუმელი ნინო ბაციაშვილია.

შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ ეს ტურნირი არის იმ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო, – “თქვენ იცით რომ ჩვენ 2018 წელს ვმასპინძლობთ მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადას. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება… სამზადისი ჩვენ 2015 წლიდანვე დავიწყეთ და მთლიანი 4 წელი გაწერილია სხვადასხვა ღონისძიება. ჩვენ განსაკუთრებულად ვემზადებით 2018 წლის ოლიმპიადისთვის, საქართველოს მთავრობა ჩართულია აჭარის მთავრობასთან ერთად საორგანიზაციო საკითხებში და ვფიქრობ, რომ ჭადრაკი ზოგადად ჩვენი ქალაქისა და რეგიონისთვის არის ძალია მნიშვნელოვანი,” – აღნიშნა ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ.

ძლიერი ქარი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში გუშინ ღამით ამოვარდნილმა ქარიშხალმა გარკვეული ზიანი მიაყენა ქალაქს, თუმცა ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიაში დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან რაიმე განცხადება არ შესულა.

ქარის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ‘ბათუმელებს განუცხადეს, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და დენის მიწოდება სრულად 2 საათის განმავლობაში აღდგება.

ბათუმში გუშინ მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. სინოპტიკოსები სამხრეთ-დასავლეთის ქარს გუშინვე პროგნოზირებდნენ. ძლიერი ქარი შესაძლოა განმეორდეს. ბათუმში 22 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს.

ქარი ბათუმში 21.04.2016 / ფოტო: გურამ მურვანიძე
ქარმა ბათუმში შენობებს სახურავი გადახადა. 21.04.2016 / ფოტო: გურამ მურვანიძე
ქარი ბათუმში 21.04.2016
 ქარმა ბათუმში შენობებს სახურავი გადახადა. 21.04.2016 / ფოტო: გურამ მურვანიძე
ქარი ბათუმში 21.04.2016
ქარმა ბათუმში შენობებს სახურავი გადახადა. 21.04.2016 / ფოტო: გურამ მურვანიძე
ქარი ბათუმში 21.04.2016
ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ავტომანქანა ბათუმში. 21.04.2016 / ფოტო: გურამ მურვანიძე
ქარი ბათუმში 21.04.2016
გუშინ ბათუმში ძლიერი ქარი ქროდა.21.04.2016 / ფოტო: გურამ მურვანიძე
ქარი ბათუმში 21.04.2016
გუშინ ბათუმში ძლიერი ქარი ქროდა. 21.04.2016 / ფოტო: გურამ მურვანიძე
ქარი ბათუმში 21.04.2016
გუშინ ბათუმში ძლიერი ქარი ქროდა. 21.04.2016 / ფოტო ირმა დიმიტრაძე
ქარი ბათუმში 21.04.2016
გუშინ ბათუმში ძლიერი ქარი ქროდა. 21.04.2016 / ფოტო: გურამ მურვანიძე
ქარი ბათუმში 21.04.2016
გუშინ ბათუმში ძლიერი ქარი ქროდა. 21.04.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ქარი ბათუმში 21.04.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
გუშინ ბათუმში ძლიერი ქარი ქროდა. 21.04.2016 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ქარი ბათუმში 21.04.2016
გუშინ ბათუმში ძლიერი ქარი ქროდა. 21.04.2016 / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
ქარი ქობულეთში. სოფელი კვირიკე 21.04.2016 / ფოტო არჩილ კახაძე
ქარი ქობულეთში. სოფელი კვირიკე 21.04.2016 / ფოტო: არჩილ კახაძე
ქარი ბათუმში 21.04.2016
ქარი ბათუმში. 21.04.2016 / ფოტო: გურამ მურვანიძე
Exit mobile version