მთავარი,სიახლეები

ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ბრალდებულები და მათი ოჯახები

13.04.2016 • 2371
ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ბრალდებულები და მათი ოჯახები

14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალდებული საქართველოს ოთხი მოქალაქის – გია ბახუნტარაძის (25 წლის), ლაშა გობაძის, ჯამბულ აბდულაევისა (24 წლის) და მირიან ბერიძის (21 წლის ბსუ-ს სტუდენტი) სასამართლო პროცესები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყველა მათგანს მინიმუმ 10-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულის ახლობლების თქმით, სახელმწიფოს ამ საქმეში ის მოწმეები ეყოლება, ვინც ტერორიზმის მუხლით დაკავებული პანკისელი აიუფ ბორჩაშვილის საქმეში ფიგურირებს.

2015 წლის 30 ნოემბერს დაკავებული ოთხი პირიდან სამის მშობლები ბათუმში, ოზურგეთის რაიონის სოფლებიდან 11 აპრილს საგანგებოდ ბრიფინგის გასამართად უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ბრიფინგი ერთ-ერთ ბრალდებულის, გია ბახუნტარაძის სატელეფონო ზარის გამო გადაიდო (ამის შესახებ ბათუმელებს, ბახუნტარაძის დედამ განუცხადა).

მშობლები ხელისუფლებას მიმართავენ, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ბრალდებული მათი შვილების საქმეზე გამოძიება ობიექტურად ჩაატარონ, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვენ დაინტერესდნენ ამ საქმით, საზოგადოებამ  ობიექტური ინფორმაცია რომ მიიღოს. მშობლებმა შესაბამისი პროფილის არასამთავრობოებს საადვოკატო მომსახურების თხოვნითაც მიმართეს, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღიათ. გასულ კვირას ისინი სახალხო დამცველის აპარატის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელთან შესახვედრად საგანგებოდ თბილისშიც იმყოფებოდნენ.

ოთხივე დაკავებულის ასაკი 25-წლამდეა.

328-ე მუხლი – ტერორიზმის მხარდაჭერა

გასული წლის 30 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული 3 პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზოტსა და ნასაკირალშია რეგისტრირებული, ხოლო მეოთხე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მათი დაკავების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან იზორიამ თქვა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები, საბრძოლო ვაზნები, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები.

თავდაპირველად დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით წარუდგინეს, რაც იარაღის უკანონო ფლობას გულისხმობს და ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატ ნატო წიკლაურის ინფორმაციით, დაახლოებით 14 დღის წინ დაკავებულებს ბრალი 328-ე მუხლით დაუმძიმეს. ეს ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მიუხედავად იმისა, რომ გია ბახუნტარაძის, ლაშა გობაძის, ჯამბულ აბდულაევისა და მირიან ბერიძის წინააღმდეგ საქმე იარაღის უკანონო ფლობაზე აღიძრა, სახელმწიფომ მას თავიდანვე გრიფით საიდუმლო მიანიჭა. შესაბამისად, ვერც ადვოკატი და ვერც პროკურორი ვერ ისაუბრებენ იმაზე, თუ რა მტკიცებულებები მოიპოვა სახელმწიფომ დაკავებულების წინააღმდეგ.

დაკავებულების ახლობლების ინფორმაციით კი, მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ძირითადი მტკიცებულება იქნება მოწმეთა ჩვენება და ის ნივთები, რომლებიც მათ სახლებში სპეცსამსახურებმა ჩადო – მეხსიერების ბარათები, ისლამური სახელმწიფოს დროშები და იარაღი. მათივე თქმით, ამ საქმეში, ისე როგორც იმავე მუხლით ბრალდებული პანკისელი იმამის – აიუფ ბორჩაშვილის საქმეში, ძირითადი მოწმე იქნება ვინმე გიორგი კუპრავა. კუპრავას გარდა სახელმწიფოს კიდევ ორი მოწმე ეყოლება, მათ შორის ერთი იქნება აიუფ ბორჩაშვილის, ხოლო მეორე ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.

დაკავებულის ბებია: მირჩევნია აქ იყოს და ციხეში, ვიდრე იქ [სირიაში]

რა კავშირი ჰქონდა თქვენს შვილს იმ ადამიანებთან, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს სახელით საქართველოს მოქალაქეებს თავების დაჭრით დაემუქრნენ, რატომ დააკავეს მაინცადამაინც ეს ოთხი და არა სხვები? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ერთ-ერთი დაკავებულის, 25 წლის გია ბახუნტარაძის დედას. 45 წლის ნატო ირემაძის პასუხები მხოლოდ ვარაუდს ემყარება. ის ამბობს:

ბადრი ირემაძე ჩემი ნათესავია, მამუკა ანთაძეც (2015 წლის ნოემბერში გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეომიმართვის ავტორები) ნასაკირალელი მეზობელი და ნათესავია. ხვიჩა გობაძე ახალშენელი ბიჭი იყო (ნოემბერში გავრცელებული ვიდეომუქარის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც სირიაში მოკლეს – ავტ.), მეოთხე, მათთან ერთად რომ იდგა, ზოტელია – მაგას არ ვიცნობ. ის სამი, ზოტელის გარდა, ახლო მეგობრები იყვნენ – კლასელობა, მეზობლობა, ნათესაობა აკავშირებდათ. ამას დაუმატეთ საერთო რელიგია…

წასვლიდან დიდი ხანი არ შემოსულან საიტზე. ერთი დღესაც, მე და გია ერთად ვისხედით და გიამ მითხრა, ბადრი [ირემაძე] გამოჩნდაო (თავიდან, რაც თურქეთში სამუშაოდ წასულები ეგონათ, მშობლები ეძებდნენ. მერე გამოჩნდნენ საიტზე და თქვეს, რომ სირიაში არიან). ვათსაფით მოგვიკითხა [სოციალური ქსელი, სადაც ხმოვანი შეტყობინებები იგზავნება]… როგორ ხართო, ჩვენ კმაყოფილები ვართ. ვინმეს არ დაუჯეროთ, რომ აქ ყოფნა ძნელიაო… სურათებს გზავნიდნენ, კარგად ვცხოვრობთო… სულ რამდენჯერმე მოგვიკითხეს. გობაძემ ისიც უთხრა, ცოლ-შვილს მიმიხედეო.

მაგათი მომართვის შემდეგ აგვიყვანეს თვალთვალზე… არ ვიცი, იქ რომ ჩადიან როგორ ამუშავებენ. როცა აქ იყვნენ, მაშინ ეგენიც არ ფიქრობდნენ თავის მოჭრაზე. ისლამური სახელმწიფო რასაც აკეთებს, ყველაფერი საშინელებაა. ჩვენც თქვენსავით ვუყურებთ ამ ყველაფერს და შოკში ვართ. მაგათ ქმედებებსა და შეხედულებებს ვინ ჭკუათმყოფელი აღიარებს. მაგათ არავითარი კავშირი არ აქვთ ჩვენს რელიგიასთან.

ჩემს შვილს ვეუბნებოდი, პრობლემები გვექნება, გამორთე ტელეფონი, რომ ვერ დაგიკავშირდნენ-მეთქი. სულ ერთად ვიყავით და ტელეფონი როგორ გამოვურთოო. ახალშენელმა ბიჭებმა, ვინც ჩვენი ახლობლები არიან, ტელეფონები ყველამ გადაყარა, კონტაქტი რომ არ შემდგარიყო. გიამ არ გადააგდო ტელეფონი.

გიას იქ წასვლა რომ ჰქონოდა გეგმაში, ან ცოლს რატომ მოიყვანდა, ან სამ შვილს რატომ გააჩენდა? ის შავი დროშა შვილების ტანსაცმელში ჩაუდეს.

დაკავებულის ბებია, შურა/შადიე ბახუნტარაძე (70 წლის): წასვლა რომ ჰქონოდა ფიქრში, იმათ წაჰყვებოდა, წასულები რომ არიან. ვერ დაგვტია ჩვენ, ბაღნები… მადლობა ღმერთს, იქ რომ ვერ წავიდა და აქ არის.

იქ [სირიაში] წასვლას ჯობია, აქ ციხეში იყოს. არ მინდა იქ. ფული გავუგზავნე, წერილი მიდის, ხმა მესმის. აქ ყველაფერს მოხდა აქვს, ცოცხალია. იქედან ვინმე აღარ მოვა, მე იქ წასულებს აღარ ველი. ჩემი შვილი მოვა, ღმერთი მოეხმარება და მოვა… სამი შვილი ჰყავს, ახალგაზრდა ცოლი, უწლოვანო და, ავადმყოფი ბებია. ერთი ბადიში მყავდა სახლში კაცი წევრი, ისიც დეიკავეს. პურის შემომტანი არ გვყავს, ამდენი ხალხი ვართ და ერთი ქალის ამარად დავრჩით…

რომ შემოვიდნენ [სპეცრაზმი], კაბა ვერ ვნახე, ტიტველი ხომ ვერ გავიდოდი. შემოსასვლელ დივანში დადეს იარაღი, მერე აწია ერთმა კაცმა და მითხრა, ეს რა არისო? მე ვუთხარი ეგ იარაღია, თქვენ ჩადეთ-მეთქი“.

გია ბახუნტარაძის 23 წლის ცოლი მარიამ მარგოშვილი პანკისელია. ამბობს, რომ ადამიანებს ბათუმში მისი იმის გამოც შეშინებიათ, რომ თავზე ახურავს. მას სამი მცირეწლოვანი შვილის მოვლაში ქმრის დედა და ბებია ეხმარებიან.

ბახუნტარაძეების თქმით, პანკისელი ცოლი ჰყავდა სირიაში წასულ ბადრი ირემაძესაც, მაგრამ მათი ოჯახი სწორედ იმიტომ დაინგრა, რომ „ცოლ-ქმარს ამ მიმართულებით პრობლემები ჰქონდა“. ცოლი გაშორდა ისლამური სახელმწიფოს რიგებში მებრძოლ მამუკა ანთაძესაც, რომელიც განქორწინების შემდეგ ბათუმის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სწავლობს.

გადაბეჭდვის წესი