21 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართა საჯარო შეხვედრა სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის სხვადასხვა წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „აუდიტორია #115“ -ის წევრები. შეხვედრის ბოლოს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა შეჯამების სახით სტუდენტური მანიფესტი წარმოადგინა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ. მანიფესტს არ უერთდება ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი სრულიად ვიზიარებთ მოძრაობა „აუდიტორია #115“-ის მიერ წარმოდგენილ მანიფესტს, რომელიც ითვალისწინებს განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებას და მასში სტუდენტების უშუალო მონაწილეობას. მიგვაჩნია რა, რომ ეს პროცესები არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით, არამედ ის სცდება მის ფარგლებს და ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე.
ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემათა ჯაჭვი პირდაპირ კავშირშია დღეს არსებულ განათლების სისტემასთან, რომელიც არ აძლევს უნივერსიტეტს რეალურ ავტონომიას და შესაბამისად ის ვერ იქნება სტუდენტებისა და ლექტორების აკადემიური თავისუფლების გარანტი.
წლების განმავლობაში ეს მანკიერი სისტემა იწვევდა რიგ პრობლემებს, რომლებმაც კიდევ უფრო მეტად ჩაკეტა საუნივერსიტეტო სივცრცე თავისუფალი, კრიტიკული აზრისაგან და ძალოვანი სტრუქტურებისა თუ პარტიული მუშაკების ჩარევით მთლიანად დაუქვემდებარა ის მმართველ პარტიებსა თუ სხვა პრივილეგირებულ პირებს. შესაბამისად, დღეს უნივერსიტეტი იქცა მმართველი ძალების/პარტიის პოლიტიკური ინტერესების გამტარად საზოგადოებაში თუ პოლიტ. ცხოვრებაში.
დღევანდელ შეხვედრაზე წარმოებული პროცესი ცხადყოფს, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღემდე არსებობს ზემოთხსენებული პრობლემები და სისტემა კვლავაც განაგრძობს ძალადობას თავისუფალ აზრზე/სივრცეზე. ვფიქრობთ, რომ დღეს განხილული საკითხები მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბსუ-ს სტუდენტებისა და ლექტორებისათვის, საკითხები, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია ან კითხვის ნიშნებს ბადებს. კერძოდ:
1. 2007 წლის 8 ნოემბერს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, მოხდა სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა, რამაც გამოიწვია სასწავლო პროცესის ჩაშლა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ 7 ნოემბრის აქტივისტებს. ამ დღეს ძალოვანი სტრუქტურების წარმოამდგენლებმა მშვიდობიანი საპროტეტსქტო აქციის მოანწილეები და სხვა სტუდენტები რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბიეს.
2. უნივერსიტეტში ფიქსირდება შეიარაღებული პირი, რომელიც ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ის არის ე. წ. „ოდეერი“. აღიძრას საქმე უნივერსიტეტში იარაღის ტარების უფლებაზე.
3. თვითმმართველობის პრივილეგირებული პირების მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივი ფლანგვა, არასაგანმანათლებლო, მათ შორის ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც სწორხაზოვნად ეწინააღმდეგება სეკულარიზმის პრინციპს.
ამის გათვალისწინებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი მოვითხოვთ, ზემოთაღნიშნული პუნქტების სასწრაფო გამოძებისათვის სპეციალური კომისიის შექმნას და საქმის ობიექტურობისა და გამჭვირვალობისათვის მესამე სექტორის წარმომადგენლების ჩართულობას.
ჩვენი ძირითადი მოთხოვნები გარდა გამოძიებისა არის შემდეგი:
1. მოხდეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც უშიშროების საკითხის მოკვლევა, რომელშიც ჩაერთვებიან დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფები;
2. მოხდეს თვითმმართველობის რეფორმირება; ჩვენ მოვითხოვთ ამ პროცესებში ჩართულობას, კომისიის შემადგენლობაში შესვლას, სადაც დაცული იქნება ძალთა ბალანსი მხარეებს შორის;
3. მოხდეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებში ვიდეოთვლებისა და მოსასმენი აპარატების დემონტაჟი, რომელიც ლახავს სტუდენტებისა და ლექტორების უფლებებს;
4. მოხდეს წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოს რეფორმირება;
5. შეიქმნას სტუდენტებისა და ლექტორებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც განიხილავს და იმსჯელებს საუნივერსიტეტო სივრცეში არსებულ ყველა იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლებიც შეეხება უნივერსიტეტს.
წარმოდგენილი მოთხოვნების შესახებ ეფექტური რეაგირება ადმინისტრაციის მხრიდან უნდა მოხდეს „აუდიტორია #115“-ის მიერ შემუშავებული მანიფესტის პარალელურად, საქართველოს განათლების სამინისტროსათვის მიცემულ ვადებში. ჩვენი მოთხოვნების იგნორირების ან არაობიექტური გამოძიების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფი იტოვებს უფლებას შეუერთდეს სტუდენტთა მასობრივ გაფიცვას“.