კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში

21.04.2016 •
პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში

„პენიტენციურ დაწესებულებებში წამება და არაადამიანური მოპყრობა, როგორც სისტემური დანაშაული, აღმოფხვრილია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს,“ – წერია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილში, რომლითაც უწყება სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაზე, ანუ ბათუმის ციხეზე, სახალხო დამცველი საპირისპიროს ამტკიცებს და ადასტურებს იმას, რასაც აქამდე არაერთი პატიმარი „ბათუმელებს“ წერდა. „პირობები, რომელიც არის „ანტივანდალურ საკანში“ უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას“, – ამბობს ომბუდსმენის წარმომადგენელი. პატიმრები გვწერდნენ: „საკანში არის საშინელი უჰაერობა…“

„აქ საერთოდ არ არის საწოლი, რის გამოც გვიწევს პირდაპირ ბეტონის იატაკზე დაძინება. ასევე არ არსებობს მაგიდა და სკამი, გვიწევს იატაკზე საჭმლის ჭამა. ამ მდგომარეობას ამძიმებს ღია მდგომარეობაში არსებული საპირფარეშო. აქვე ვახსენებთ, რომ როგორც დასალევი, ასევე სხვა საშუალებებისთვის გამოსაყენებელი წყალი მოგვეწოდება ძალზე მცირე ოდენობით… საკანი არის სისხლით მოთხვრილი, კედლებს არ წმენდენ განზრახ, რათა იმოქმედოს ჩვენს ფსიქოლოგიაზე“, – ამ წერილს რამდენიმე პატიმარი აწერს ხელს.

„მძიმე პირობებში ყოფნა პატიმრებს ზოგჯერ ერთ თვეზე მეტი ხნით უწევთ,“ – ამბობს ნიკა კვარაცხელია, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. სახალხო დამცველის რეკომენდაციები „ანტივანდალურ საკნებში“ (აქ გადაჰყავთ ის პატიმრები, ვინც შესაძლოა თვითდაზიანება მიიყენოს) პირობების შეცვლაზე შეუსრულებელია.

„უსაფრთხოების, იგივე „ანტივანდალურ საკანს“, როგორც ტერმინს საერთოდ არ იცნობს „პატიმრობის კოდექსი“. ეს ოთახები არ არის შესაბამისად ადაპტირებული. მართალია, იქ არ არის და არც უნდა იყოს ისეთი ნივთები, რაც საფრთხეს შექმნის, მაგრამ საკანი არ არის ისე აღჭურვილი, პატიმარმა თვითდაზიანება რომ ვერ მოახერხოს. მთავარი პრინციპი არის არა პატიმრის იზოლირება, არამედ მასთან უნდა იმუშავოს მულტიდისციპლინარულმა ჯგუფმა, რაც არ ხდება“, – გვითხრა ნიკა კვარაცხელიამ.

ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, თუკი პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი “ანტივანდალურ საკანში”? – სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ: “დაწესებულების დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს დაწესებულების დებულებით, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ არის დამტკიცებული. ამ დებულებით უსაფრთხო საკანში მოთავსების მაქსიმალური ვადა განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, დირექტორმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, ამოიწურა თუ ისევ არსებობს პატიმრის უსაფრთხო საკანში ყოფნის დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმები. ასეთ პირობებში გართულებულია დირექტორის პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხი. მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს კანონმდებლობაში და განისაზღვროს უსაფრთხო საკანში მოთავსების მაქსიმალური ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, რაც ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი გარანტია იქნება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თავიდან აცილების თვალსაზრისით და ამავდროულად, გაამარტივებს დირექტორის პასუხისგებაში მიცემას ამ მაქსიმალური ვადის დარღვევის გამო, ვინაიდან მისი მხრიდან ადგილი ექნება აშკარად უკანონო, თვითნებურ ქმედებას.”

„თუ პატიმრების უსაფრთხოების თემაზეა საუბარი, საერთო პოზიციაზე უნდა შევჯერდეთ. რა მნიშვნელობა აქვს, უშიშროება დამავალებს, თუ სახალხო დამცველი გადაწყვეტილების მიღებას? მე ჩემს პოზიციებში ვარ თავისუფალი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ. რატომ ვერ მოახერხა აქამდე პარლამენტმა პოზიციის შეჯერება და სამართლებრივი რეგულაციების განსაზღვრა თუნდაც „ანტივანდალურ საკანზე“? – გედევან ფოფხაძემ “ბათუმელების“ ამ და სხვა შეკითხვებს, სატელეფონო საუბრის დროს, აღარ უპასუხა: „სხდომაზე შემოვედი უკვე, ვეღარ გიპასუხებთ“.

წამების კუთხით ომბუდსმენი თავის რეკომენდაციებში კიდევ ერთ მოთხოვნას ააქტიურებს: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლში შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს, რომ წამება შესაძლებელია ჩადენილი იყოს მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მდუმარე თანხმობით“.

ბათუმის #3 საპყრობილე. ნათია როყვას ფოტო

ბათუმის #3 საპყრობილე. ნათია როყვას ფოტო

სახალხო დამცველის აპარატში გვითხრეს, რომ ამ რეკომენდაციის ერთ-ერთი მიზეზი გასულ წელს მომხდარი ფაქტიცაა: სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ერთ-ერთი პატიმარი ძალადობის მსხვერპლი გახდა – შვიდ პატიმარს წამების გამო ახალი მსჯავრი შეეფარდა. ამ საქმეზე დაწესებულების დირექტორი – გიორგი ელიზბარაშვილიც დააკავეს, თუმცა არა წამების (ისჯება თავისუფლების აღკვეთით 12-დან 17 წლამდე), არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე, თანამდებობის დაკავების ჩამორთმევით 3 წლამდე).

„მეც პატიმარი ვარ და მაქვს ტკივილის გრძნობა,“ – ასე პატიმარმა კახა მეცხვარიშვილმა მარტში მოგვწერა. ის წერილებს ციხიდან პერიოდულად აგზავნის ჟურნალისტებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უფლებათადამცველებთან და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას ითხოვს:
„მთელი ღამე ველოდებოდი, ნებისმიერი ნემსი გაეკეთებინათ, რომ მუხლის არეში ტკივილი გამყუჩებოდა. პატიმრის ამ წერილის საპასუხოდ მაშინ სასჯელაღსრულების სამინისტრომ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდება და პირიქით, მან მადლობის წერილიც კი მიწერა დაწესებულების ექიმებს.

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ: „კვლავ პრობლემად რჩება პენიტენციური დეპარტამენტის #2 და #3 დაწესებულებებში არსებული პრაქტიკა… რომ მიიღოს საჭირო სამედიცინო მომსახურება, პატიმარმა უნდა დაწეროს განცხადება სამედიცინო მომსახურების საჭიროების შესახებ და გადასცეს დაწესებულების მორიგე კონტროლიორს. ამ უკანასკნელს დღის განმავლობაში შეგროვებული განცხადებები მიაქვს კანცელარიაში, საიდანაც განცხადებები ეგზავნება დაწესებულების ექიმს. გადაუდებელ შემთხვევაში მიაქვს მორიგე კონტროლიორს განცხადება კანცელარიაში დაუყოვნებლივ, თუმცა გაუგებარია, როგორ უნდა დაადგინოს სამედიცინო განათლების არმქონე კონტროლიორმა შემთხვევის გადაუდებლობა… ეს პროცედურა ქმნის დამატებით ბარიერს სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში, ამასთან არღვევს კონფიდენციალურობის პრინციპს“.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ციხეს 6 ექიმი და 5 ექთანი ემსახურება. „ეს არ არის საკმარისი რაოდენობა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა ვერ ხერხდება… ჩვენი მონიტორინგის შედეგად ასევე დაფიქსირდა მედიკამენტების პრობლემა. მედიკამენტები, რომელიც საერთო ნუსხით არის გათვალისწინებული, ადგილზე არ აღმოჩნდა. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს ძირითადად მოთხოვნის და მიღების პროცედურასთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ნიკა კვარაცხელია.

ომბუდსმენის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პატიმრებს ჯერ კიდევ აქვთ იმის განცდა, რომ მათ უსმენენ. ამონარიდი ანგარიშიდან: „დაწესებულების საგამოძიებო ოთახებში გარდა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებისა, პატიმრებს ხვდებიან ადვოკატები, სასულიერო პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ვისთან საუბრის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებულია. ყველა ოთახში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა. პატიმართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ოთახებში არსებული სათვალთვალო კამერების საშუალებით მიმდინარეობს მათი საუბრის აუდიო-ვიდეოჩაწერა. ეს უარყოფითად მოქმედებს პატიმართა გახსნილობაზე და საუბრის დროს ზღუდავს მათ“.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნიკა კვარაცხელია განმარტავს, რომ კამერები მუდმივად არის ჩართული მე-3 დაწესებულებაში და ხშირ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული ადმინისტრაციის მხრიდან ვიზუალური მეთვალყურეობის აუცილებლობა: „პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, მეთვალყურეობა უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამის საჭიროება არსებობს და ყველა სხვა საშუალება ამოწურულია“.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ნიკა კვარაცხელია ბათუმის ციხესთან დაკავშირებით აფიქსირებს, სარეაბილიტაციო პროგრამებია: „ძალიან მწირია ის აქტივობები, რაც ხორციელდება და რაც მთავარია – პატიმრების ჩართულობა ძალიან დაბალია. მაგალითად, ჩაატარეს შაშის და ჭადრაკის ტურნირი, ინგლისური ენის შესწავლა და ასე შემდეგ. უნდა გვახსოვდეს, რომ მე-3 დაწესებულება მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაა და იქ პატიმრები დღე-ღამის განმავლობაში 23 საათს საკანში ატარებენ“.

ადასტურებს თუ არა სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირებულ პრობლემებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – ამ უწყებაში „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხეს. პრესსამსახურმა გვითხრა, რომ შეგვიძლია სამინისტროს წერილობითი, საჯარო განცხადებით ვისარგებლოთ. სამინისტროს ოფიციალურ წერილში არაფერია ნათქვამი ზემოთ აღწერილ პრობლემებზე. ამონარიდი საჯარო განცხადებიდან: „2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა, რომლის ძირითადი მიზანი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოვებაა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: