სიახლეები

საია ქალთა კლუბის წევრებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს

22.04.2016
საია ქალთა კლუბის წევრებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს

მუნიციპალიტეტების გამგეობებში გენდერული სამსახურების ბაზაზე არსებულ „ქალთა კლუბში“ გაწევრიანებულ ქალებს უფასო იურიდიულ მომსახურებას საიას იურისტები გაუწევენ. ეს ინფორმაცია საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი ხიმშიაშვილმა დღეს ქედის „ქალთა კლუბის“ წევრებს გააცნო.

საინფორმაციო სახის შეხვედრაზე გიორგი ხიმშიაშვილმა ქვეყანაში არსებულ ძალადობასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაცია იურიდიულ მომსახურებას მხოლოდ „ქალთა კლუბის“ წევრებს გაუწევს, სამომავლოდ კი მსგავი მომსახურება სოფლის მოსახლეობისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი .

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალსა და „ქალთა ოთახებს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთდახმარებას სამართლებრივ პრობლემატიკასა და იმ საკითხებზე, რომლებიც რეგიონში წარმოიშვება ქალთა უფლებისა თუ ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით. ჩვენ მზად ვართ, ქალთა ოთახის წევრებს ნებისმიერ ეტაპზე გავუწიოთ სამართლებრივი დახმარება, კონსულტაცია იქნება საჭირო თუ ადვოკატირება. სამომავლოდ ქალთა ოთახების მეშვეობით მიზნად ვისახავთ გავაგრძელოთ კომუნიკაცია სოფლებში მცხოვრებ იმ ქალებთან, რომლებსაც რიგი პრობლემების გამო ყველაზე ნაკლებად აქვთ წვდომა მუნიციპალურ ცენტრებთან,“  – თქვა გიორგი ხიმშიაშვილმა.

ასეთივე მემორანდუმი საიას აჭარის ფილიალმა ხულოსა და შუახევის თვითმმართველ ორგანოებში არსებულ ქალთა კლუბებთანაც გააფორმა – „ჩვენ აბსოლუტურად მოვიცავთ აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ყველა „ქალთა ოთახს“, რაც შეეხება მომართვიანობას, ყველა რეგიონიდან თითქმის თანაბარად მოგვამართავს მოსახლეობა სამართლებრივი დახმარების მიზნით, თუმცა უფრო მეტი მომართვიანობა შეიძლება ბათუმიდან იყოს იმიტომ, რომ ბათუმში მეტი ადამიანი ცხოვრობს. ძალადობა არ ხდება მხოლოდ ქალაქისა და რეგიონის ცენტრებში, ძალადობა ყველგან და ყველა დასახლებაშია, ჩვენი ძირითადი მიზანია ძალადობის შესახებ აქტიურად დავიწყოთ საუბარი, რომ ყველამ იცოდეს ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში თავი როგორ  დაიცვას,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.