„გაუმარჯოს თვითმმართველობას, ძირს ათეისტები“ – ხმაური და დაპირისპირება უნივერსიტეტში


21 მარტს, სტუდენტების, ლექტორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებს შორის ღია შეხვედრა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, ხმაურიანი გამოდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრის მიზანი საუნივერსიტეტო საკითხებზე მსჯელობა იყო. შეხვედრას სტუდენტური მოძრაობა – “აუდიტორია #115”-ის წევრებიც ესწრებოდნენ, სწორედ მათი გამოსვლით დაიწყო დისკუსია და აღინიშნა, რომ ბსუ-ში მიმდინარე ეს პროცესი აუდიტორია #115”-ის მანიფესტის პათოსიდან ამოდიოდა.

პირველი მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა ლაშა ბობოხიძემ მიმართა საზოგადოებას: “მინდა ყველამ იცოდეს დღეს ვინ გვესაუბრება, ეს ის ხალხია, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ მოგვიწოდებდა თვითმმართველობის კაბინეტიდან ხატები გადაგვეყარა”, – განაცხადა მან. ამ მიმართვამ სტუდენტური თვითმმართველობის წევრი და მხარდამჭერი სტუდენტების აპლოდისმენტები დაიმსახურა, მოპასუხე მხარემ კი თვითმმართველობას სეკულარიზმზე მიუთითა:

„უნივერსიტეტი სეკულარული სივრცეა და დღესაც ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობის კაბინეტში იმხელა სამლოცველო კუთხე და ხატები არ უნდა იყოს”, – ასე უპასუხა თვითმმართველობას სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრმა გიორგი ბაგრატიონმა.

შეხვედრაზე სტუდენტებმა უნივერისტეტის იდეისგან მოწყვეტაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პრაქტიკის მიხედვით, უნივერსიტეტი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშაა. ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტებში “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობაზე. სტუდენტები შეხვედრაზე უნივერსიტეტის ადმნისტრაციის მხრიდან “ოდეერის” არსებობის დადასტურებას მოითხოვდნენ.

საუბარი შეეხო ყოფილ კანცლერს ედიშერ ჩავლეიშვილს და მის ნებაყოფილობით გადადგომას. ერთ-ერთი სტუდენტის მტკიცებით, ვიდრე კანცლერი გადადგომაზე განცხადებას დაწერდა, ერთი-ორი დღით ადრე იგი უნივერსიტეტის ეზოში დემონსტრაციულად ესაუბრებოდა შეიარაღებულ ენრიკო დევაძეს, პირს რომელზეც ამბობენ, რომ იგი ბსუ-ს “ოდეერია“.

დაისვა კითხვა, თუ რატომ აიყვანა თანაშემწედ ახალმა კანცლერმა უკვე ყოფილი კანცლერი და ამით შექმნა ახალი შტატი.

შეხვედრის ამ ნაწილის სადისკუსიო რეჟიმში, ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა აღნიშნა, რომ ის ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, ასრულებს თუ არა ენრიკო დევაძე უშიშროების სამსახურის დავალებებს, რადგან ის არც უნივერსიტეტის შტატში ფიქსირდება და არც ზეწოლა განხორციელებულა მისი მხრიდან.

რაც შეეხება სტუდენტების შენიშნვნას, რომ ენრიკო დევაძე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება, მან აღნიშნა, რომ არასდროს შეუნიშნავს ენრიკო დევაძე ცეცხლსასროლი იარაღით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.

ამ საკითხს გამოეხმაურა ბსუ-ს ლექტორი არმაზ კახიძე, რომელმაც თავდაპირველად რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „ეს პრობლემა აღარ დგას“, ხოლო სტუდენტების რეაქციის შემდეგ სიტყვაზე – “აღარ”, მან აღნიშნა რომ ასე არ უთქვამს და მსგავსი პრობლემა არც არასდროს მდგარა.

საკითხს გამოეხმაურა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ბსუ-ს ლექტორი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მასალკინიც, რომელმაც თვითმმართველობის წარმომადგენელ დამსწრე სტუდენტებს მიმართა, რომ მათ უნდა მიეცათ დამსწრეთა პოზიციების გაცნობის საშუალება და ასევე დასძინა, რომ უსაფრთხოების სამსახურის უნივერსიტეტში ყოფნას არ ეწინააღმდეგება იმ შემთხვევაში, თუ მისი ვინაობა ცნობილი იქნება და ის არ ჩაერევა უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკაში. მან ასევე აღნშნა, რომ წინააღმდეგია უნივერსიტეტს ტერტორიაზე ნებისმიერი პირის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგლებსა.

გიორგი მასალკინი

გიორგი მასალკინი

გიორგი მასალკინმა ასევე გაიხსენა, რომ ედიშერ ჩავლეიშვილს კანცლერობის დროს დაუდგენელ პირთა დავალებით გაჰყავდა სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სხვადასხვა მიტინგებზე. მასალკინის თქმით ჩავლეიშვილმა ხელისუფლების შეცვლის შემდგომაც არ აღიარა თუ ვის დავალებას ასრულებდა და ისე დატოვა თანამდებობა. მასალკინმა გაიხსენა ძველი ისტორიაც, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატზე “ოდეერის” მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, რის შედეგადაც მან კანდიდატურა მოხსნა. თუმცა, როგორც მასალკინმა აღნიშნა, ეს იყო უნივერსტეტის ძველი გამოცდილება და ახლა ბსუ-ში მხოლოდ პიროვნულ დონეზე დგას თავისუფლების შენარჩუნების საკითხი.

უფრო დაძაბული აღმოჩნდა შეხვედრის ის ნაწილი, რომელიც ბსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობის საქმიანობის განხილვას მიეძღვნა.

სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომაროს უჩა აბრამიშვილის მმართველი პარტიის მხარდასაჭერ აქტიურობას, როცა 2012 წელს აბრამიშვილი ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაისურში მხარს უჭერდა მაშინდელ მმართველ პარტიას თვითმმართველობის სხვა წევრებთან ერთად.

მომხსენებელ, სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრ თამარ ბაუჟაძეს უჩა აბრამიშვილმა კონტრ-ბრალდებით უპასუხა და აღნიშნა, რომ იმ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ სწორედ აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრები დიანა და თამარ ბაუჟაძეები.

გარდა ამისა, სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა მინურ პაქსაძემ სანიციატივო ჯგუფის წევრ გიორგი ბაგრატიონს შეახსენა, რომ იგი სწორედ იმ თვითმმართველობის პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს, რომლის გაუქმებასაც დღეს ითხოვს.

თვითმმართველობის წევრების მხრიდან გაისმა ბრალდება გოჩა სურგულაძის [ბსუ-ს ყოფილი სტუდენტი, ამჟამად თსუ-ს მაგისტრანტი, რომელიც მოძრაობა „აუდიტორია #115“-ის წარმომადგენლის სტატუსით ესწრებოდა შეხვედრას] და საინიციატივო ჯგუფის მიმართ, რომ ისინი წლების განმავლობაში „პროვოკაციებისა და კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებდნენ“. უჩა აბრამიშვილი მოუწოდებდა მათ გაეხსენებინათ ერთი ფაქტი, როდესაც სათანანმშრომლოდ, რაიმე ინიციატივით შესულან მის კაბინეტში.

თვითმმართველობის მხარდამჭერებმა სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფს ათეიზმსა და მარქსისტობაში დასდეს ბრალი.

შეხვედრაზე ურთიერთშეურაცხმყოფელი ბრალდებებიც გაჟღერდა. როგორც გოჩა სურგულაძემ საჯაროდ განაცხადა, უჩა აბარამიშვილი აგინებდა მათ, ვისაც ის „ოდეერი“ ჰგონია, რაზეც აბრამიშვილმა უპასუხა, რომ ვინც იმსახურებს, მას შეაგინებს კიდევაც. სტუდენტური თვითმმართველობის წევრი ლაშა ბობოხიძე რამდენიმე სტუდენტს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა. უჩა აბრამიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „შეაკვდება და უნივერსიტეტში მარქსიზმის ბუდეს არ გაახსნევინებს არავის“.

უნივერსიტეტს დაამთავრებთ და მორჩება, მერე სად მიდიხართ, ყველანი უფლის წინაშე უნდა წარვსდგეთ! – ასე მიმართა სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა გოგონამ სტუდენტური ინიციატივის ჯგუფის წევრებს.

საბოლოოდ დაპირისპირების განსამუხტად აკადემიური საბჭოს წევრმა გულიკო შერვაშიძემ სტუდენტებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რასაც რექტორიც დაეთანხმა.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა მანიფესტი წაიკითხა, რის შემდეგაც ბსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ დემონსტრაციულად დატოვა 55-ე აუდიტორია შეძახილით: „გაუმარჯოს თვითმმართველობას, ძირს ათეისტები!“

შეხვედრის თითქმის სრული ვიდეოჩანაწერი “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” მოამზადა. იხილეთ ვიდეომასალა:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან