მთავარი,სიახლეები

როგორ ისჯებიან 16 წელს მიუღწეველი გოგონების ქმრები

22.04.2016 • 4721
როგორ ისჯებიან 16 წელს მიუღწეველი გოგონების ქმრები

18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მალე მამა გახდება, შვილის დაბადებისთანავე დაპატიმრებას ელის. მიზეზი – მისი მეუღლე შვილის გაჩენის დროისთვის 16 წლის არ იქნება. აჭარის პროკურატურამ უკვე წაუყენა ბრალი რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცს იმისათვის, რომ მათ 16 წელს მიუღწეველ გოგონებთან შექმნეს ოჯახი. 16 წელს მიუღწეველ გოგოსთან ქორწინება მკაცრად ისჯება – კანონი ითვალისწინებს პატიმრობას, ჯარიმას და, ასევე, განრიდებას.

საქართველოს კანონმდებლობით, 16 წელს მიუღწეველ გოგოსთან სრულწლოვანი მამაკაცის სექსუალური ურთიერთობა, მათ შორის ქორწინების გზით, კანონით მკაცრად ისჯება.

კანონი, რომელიც 16 წელს მიუღწეველ პირთან ქორწინებას კრძალავს, ახალი არ არის და მისი დარღვევისთვის პრობლემა 2016 წლამდე თითქმის არავის შექმნია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი, აჭარის პროკურატურამ სამ ახალგაზრდა მამაკაცს წაუყენა ბრალი სწორედ იმის გამო, რომ შვილი გაუჩნდათ გოგონებთან, რომლებიც 16 წელს მიუღწეველები იყვნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ორი შვილის მამა – ნადიმ პაქსაძე, რომელმაც 19 წლის ასაკში 13 წლის მაია სოლომონიძე მოიტაცა ცოლად შერთვის მიზნით. ნადიმ პაქსაძეს ბრალი სამი წლის შემდეგ, 2015 წელს, მეორე შვილის დაბადებისთანავე წაუყენეს. თუმცა, მის მიმართ, ისე, როგორც კიდევ ერთი მისი მოგვარის – მარად პაქსაძის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე უკვე შეწყვეტილია. სახელმწიფოს არც ერთი მათგანი არ დაუჯარიმებია.

პატარა გოგოსთან ქორწინების გამო კანონთან პრობლემა 22 წლის მკლავჭიდელ გოგიტა ხიმშიაშვილს სულ ახლახან შეექმნა. მან 14 წლის გოგოსთან სამი წლის წინ იქორწინა. მათ შვილი 2015 წლის 23 აგვისტოს შეეძინათ – სამართალდამცავებიც, არასრულწლოვანთან ქორწინებით ბავშვის დაბადებიდან სამ თვეში დაინტერესდნენ.

გოგიტა ხიმშიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასჯადობის შესახებ მხოლოდ შვილის დაბადების შემდეგ გაიგო, როცა ის პოლიციაში დაიბარეს. “ბავშვის დაბადებიდან მესამე თვეს დამიბარეს პოლიციაში და მითხრეს, რომ კანონი დავარღვიე. ჩვენ ირგვლივ ბევრს ჰყავს არასრულწლოვანი მეუღლე, მაგრამ ამის გამო პრობლემა არავის შექმნია. მე არ ვიცოდი, თუ ეს კანონით ისჯებოდა, თორემ პრობლემებს არ შევიქმნიდი”, – ირწმუნება ის.

გოგიტა ხიმშიაშვილს კანონის დარღვევის გამო შეიძლება პირობითი მსჯავრი შეეფარდოს, ან ფულადი ჯარიმა დაეკისროს. კანონით ასევე შეიძლება განრიდების დამტკიცებაც, ანუ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. არც ის არის გამორიცხული, რომ “ძიება შეწყდეს ვითარებიდან გამომდინარე”.

“მე არც პირობითი მსჯავრი მაწყობს და არც ფულადი ჯარიმა, რადგან თუ პირობითს მომისჯიან, საზღვრის გადაკვეთის უფლება აღარ მექნება. 22 წლის ვარ, დიდი მომავალი მაქვს, რადგან წარმატებული სპორტსმენი ვარ და კარიერისთვის ვემზადები, ნასამართლეობა პრობლემებს შემიქმნის… დედ-მამა და ცოლ-შვილი ჩემი სარჩენია. მამიდაც მწოლიარე ავადმყოფი მყავს, რომელიც ასევე ჩემი საზრუნავია. შემოსავლის ერთადერთი წყარო სპორტია, ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები და სპონსორებს ვეძებ, სად მაქვს ამდენი საშუალება [ჯარმის გადასახდელად]“, – ამბობს გოგიტა.

რა ელით გოგონებს, რომლებიც ადრე ქორწინდებიან?

თუ წინა წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ადრე დაქორწინებული გოგონების ნაწილი საშუალო განათლებასაც კი ვერ იღებს, შესაბამისად, ძირითადად სხვაზე ხდება დამოკიდებული. სპეციალისტების აზრით, ბიჭებისა თუ გოგონებისთვის თავისუფლებაზე უარის თქმა, ანუ ადრეულ ასაკში ქორწინება, სექსუალური ურთიერთობის უფლების მოპოვების ერთადერთ ლეგალურ გზად რჩება საქართველოში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს“ გენდერის სპეციალისტის იდა ბახტურიძის შეფასებით, „ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზი სხვადასხვაა. მათ შორის სოციალური პრობლემები, გენდერული უთანასწორობის პრობლემა და სტერეოტიპები. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად გოგონას არ შეუძლია შეხვდეს ბიჭს, რადგან ამით მისი რეპუტაცია ილახება. ამიტომ, გოგონების შემთხვევაში გამოსავალი არის ის, რომ „ლეგალიზება“ გაუკეთონ მათ ურთიერთობას. აქ საუბარი არ არის მაინც და მაინც სექსუალურ ურთიერთობაზე, შეხვედრების ლეგალიზებაც რომ მოახდინონ და მიკროსოციუმთან კონფლიქტი არ ჰქონდეთ, ინიშნებიან ან თხოვდებიან“.

იდა ბახტურიძის აზრით, ქორწინების მიზეზი გოგონების შემთხვევაში შეიძლება იყოს პერსპექტივის ვერ დანახვაც: „ვერ ახერხებენ რეალიზებას, რადგან არ აქვთ განათლება და არ არიან ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ“.

იდა ბახტურიძის თქმით, როცა არ ხდება მოზარდების ინფორმირება იმ საფრთხეების შესახებ, რაც ნაადრევ ქორწინებას შეიძლება მოჰყვეს, ეს სკოლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს. ცხადია, თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელსაც, „რომელსაც ჰგონია, რომ შვილის ნაადრევი ქორწინებით მის მომავალს უზრუნველყოფს, რადგან მიიჩნევს, რომ ბედნიერების მთავარი წყარო ქალისთვის არის ოჯახის შექმნა“.

ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ საფრთხეებზე არის საუბარი სახალხო დამცველის ანგარიშშიც: „16 წლამდე გოგონები 5-ჯერ უფრო დიდი რისკის ქვეშ დგანან მშობიარობის დროს… ზიანდება მათი რეპროდუქციული ფუნქციები და იზრდება სიმსივნური დაავადებების რისკები. ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, როდის გახდნენ დედა. საზოგადოების მოთხოვნები გათხოვილ გოგონებს შვილების გაჩენას აიძულებს“.

2015 წელს 1372 მოსწავლე გახდა დედა. არასრულწლოვანი დედების სტატისტიკა კიდევ უფრო მაღალი იყო 2014 წელს - 1527. ფოტოზე: მოსწავლე რომელიც დედობისთვის ემზადება. კადრი გაზეთ „ბათუმელების“ მედიასკოლის მიერ მომზადებული ფილმიდან - „ნაადრევი ქორწინება“.

2015 წელს 1372 მოსწავლე გახდა დედა. არასრულწლოვანი დედების სტატისტიკა კიდევ უფრო მაღალი იყო 2014 წელს – 1527. ფოტოზე: მოსწავლე რომელიც დედობისთვის ემზადება. კადრი გაზეთ „ბათუმელების“ მედიასკოლის მიერ მომზადებული ფილმიდან – „ნაადრევი ქორწინება“.

არასრულწლოვნების ქორწინება ციფრებში

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს ბავშვის დაბადების მომენტისთვის 1372 დედა არასრულწლოვანი იყო, 35 კი – არასრულწლოვანი მამა. 2015 წლის მონაცემებით, ბავშვის დაბადების მომენტში ორივე მშობელი არასრულწლოვანი იყო 42 შემთხვევაში. ეს ციფრი გაცილებით მაღალია 2014 წელს, როცა არასრულწლოვანი გოგონების რაოდენობა 1527 იყო, ორივე მშობლის შემთხვევაში – 61.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ნაადრევი ქორწინების დროს ორივე პირი არასრულწლოვანია, კანონი სასჯელს მაინც ითვალისწინებს.

„სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 14 წლის ზემოთ იწყება. სხვა შემთხვევაში კანონი სასჯელს არ ითვალისწინებს. 14 წლის ზემოთ კი კანონი საკმაოდ მკაცრია და 7-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ამის მიუხედავად, როგორც იურისტი ამბობს, პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა არასრულწლოვნები ამ მუხლით დაესაჯოთ: „შეიძლება ბავშვმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისეთი სასჯელი შევუფარდოთ, რაც მას უფრო მეტად დააზიანებს. 15-16 წლის ბავშვებისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, ვფიქრობ, უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება, ამიტომ შესაძლებელია, საპროცესო შეთანხმებით პირობითი მსჯავრის დაკისრებაც“.

იურისტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არასრულწლოვანს სასჯელს ფულადი ჯარიმის სახით აკისრებს, ჯარიმას მშობელი იხდის. „თუკი მშობელი ინფორმირებულია არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ, ან მშობლების ჩარევით ხდება ქორწინება, მშობელს 100-დან 300 ლარამდე დააჯარიმებენ“. თუმცა იურისტს მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში არ ახსენდება.

ბრძოლა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ

„გვინდა, ფსევდოტრადიციები, რომლებიც ბავშვზე, 11-13 წლის გოგონაზე ძალადობას გულისხმობს – აღარ იყოს. გვინდა, რომ პატარა გოგონები დავიცვათ ზრდასრული კაცების მხრიდან ძალადობისგან…“ – ეს სიტყვები საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკანს ეკუთვნის.

როგორია სახელმწიფოს რეაგირება ადრეულ ქორწინებებზე, რამდენი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის მოტივით და რამდენი პირი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებებში ამ ბრალდებით? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო მთავარი პროკურატურიდან. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით კი, 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს, სსკ-ის 140-ე მუხლით დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი 74 პროცენტითაა გაზრდილი. 2014 წელს სამართლებრივი დევნა 33 პირის მიმართ დაიწყო, 2015 წელს კი – 129 პირის მიმართ.

სსკ-ის 143-ე მუხლით ისჯება ქორწინების მიზნით არასრულწლოვნის მოტაცება. ბოლო წლებში გაზრდილია ამ მუხლით დევნის მაჩვენებელიც. თუ 2014 წელს უკანონო თავისუფლების აღკვეთის მიზნით 11 პირის მიმართ დაიწყო დევნა, 2015 წელს ამ ციფრმა 60-ს მიაღწია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით კი, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, 2015-2016 წლებში სსკ-ის 150-ე მუხლის გათვალისწინებული დანაშაულისთვის, „სასამართლოებში 2016 წელს განხილულია ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულს შეეფარდა პირობითი მსჯავრი“.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევე, როგორც მოლდოვას [19%] და თურქეთს [14%].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: