სიახლეები

როდის აჩერებს სახელმწიფო უკანონო მშენებლობას

23.04.2016 • 2559
როდის აჩერებს სახელმწიფო უკანონო მშენებლობას

ბათუმში, საპატრულო პოლიციის შენობის გვერდით, უკანონო მშენებლობა ისე დასრულდა, რომ მშენებლებს დაბრკოლება არ შექმნიათ. 4-სართულიან კორპუსს ორი დაემატა. მშენებლობის შეჩერება გასული წლის აპრილში მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოითხოვა. იგივე მოითხოვა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა, განსხვავებით სხვა ობიექტებისგან, სადაც სახელმწიფოს მოთხოვნის აღსრულება მოხერხდა, მათ შორის, პოლიციის ძალით. „ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, როცა ერთ შემთხვევაში აჩერებ, მეორეში – ვერა. ეს შერჩევითი სამართალია“, – ამბობენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.

რატომ ვერ მოახერხა ბათუმის მერიამ ტბელ აბუსერიძის #9-ში უკანონო მშენებლობის შეჩერება? – მერიაში აღსრულების ეროვნულ ბიუროზე მიგვითითეს: „ჩვენი ბერკეტი არის ის, რომ უკანონო მშენებლობის მესაკუთრე გავაფრთხილოთ ან დავაჯარიმოთ. დანარჩენი აღსრულების საქმეა. ასეთი ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს გადაგზავნილი“, – გვითხრა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა. ამ სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის მიერ ხელმოწერილ, 2015 წლის 7 აპრილის დადგენილებაში წერია, რომ ტბელ აბუსერიძის #9-ში მრავალბინიან სახლზე დაშენება სანებართვო პირობების [პროექტის] დარღვევით მიმდინარეობს.

ზედამხედველობის სამსახურის შემდეგ, ტბელ აბუსერიძის #9-ში მისულა აღმასრულებელიც. მას სააღსრულებლო ფურცელში მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის გარდა, ჩაუწერია: „წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფრთხილებთ, რომ განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები“. აბუსერიძის #9-ში მას შემდეგ „იძულებითი ღონისძიებებისთვის“ არავინ მისულა.

„ეს იმიტომ, რომ კრედიტორ მხარეს, ანუ მერიას ხელახლა არ მოუმართავს ჩვენთვის“, – განმარტეს აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში: „მერიას შეეძლო თავად მიემართა სამართალდამცველებისთვის, ან მოემართა ჩვენთვის. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ჩვენ მივმართავდით პროკურატურას. სხვა სამართლებრივი რეგულირება არსად გაწერილი არ არის.“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის შეფასებით, მართალია, ასეთ შემთხვევაში არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ კანონიერი გადაწყვეტილება ვერ შესრულდეს: „შესაძლოა, კანონში ყველა დეტალი არ იყოს გათვალისწინებული, მაგრამ არსებობს სახელმწიფოებრიობის მთავარი პრინციპი – კანონიერება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუქცევადობას. ამ შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახურს, ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა მიემართათ პოლიციისთვის. სხვაგვარად საზოგადოებაში გაჩნდება კანონისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

„მე არ ვიცი, საია რას ამბობს, მაგრამ ასეთი რამ კანონმდებლობაში არ მიწერია. გავივლი კონსულტაციებს იურისტებთან და თუ მისაღებია, ასე მოვიქცევით. ეს იქნება ფანტასტიკური გამოსავალი აღმასრულებელსა და ჩვენ შორის ურთიერთობაში. გამოდის, საერთოდ აღარ დაგვჭირდება აღმასრულებელი“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.

გიორგი ხიმშიაშვილი რამდენიმე შემთხვევას იხსენებს იმის საილუსტრაციოდ, რომ მიდგომა შერჩევითია: „ბოლო პერიოდში არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, როცა სააღსრულებო ბიუროს არ აქვს შესაძლებლობა აღასრულოს გადაწყვეტილება. ეს გამოიკვეთა, მაგალითად, „ბათუმი პირსის“ შემთხვევაში, რომლის დემონტაჟიც ვერ უზრუნველყო. ამის პარალელურად, ციხისძირში ხეების გადარგვის პროცესი როცა მოექცა კანონის ჩარჩოებში – დაიწყო ხის გადარგვის პროცესი, იქ ხელშეშლა მაშინვე აღკვეთა პოლიციამ. ამ ფაქტით კარგად ჩანს, რომ თუ ნებელობა არის, კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულებას წინ ვერაფერი აღუდგება.“

რატომ არ მიმართა სამართალდამცველებს ბათუმის მერიამ, ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იგივე ტბელ აბუსერიძის #9-ში მიმდინარე უკანონო სამუშაოების იძულებით შესაჩერებლად? – ვერსია თავად ამ მისამართზე მცხოვრებ ადამიანებს აქვთ. ტბელ აბუსერიძის 9-ში ცხოვრობს და სართული დააშენა ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე იაკობ მანველიძემ. `ბათუმელებმა~ მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს უპასუხა ამ კორპუსში მცხოვრებმა დავით ქედელიძის შვილმა – აკაკი ქედელიძემ. ის აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილების უფროსია. „ვადასტურებ, რომ მამაჩემი იმ კორპუსში ცხოვრობს. საქმე სასამართლოშია და იქ დადასტურდება ყველაფერი. რეალურად ჩვენ მიერ დაშენებულ სართულზე არ ჰქონია მერიას პრეტენზია. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრა აკაკი ქედელიძემ.

ქედელიძე ტბელ აბუსერიძის #9-სთან დაკავშირებით გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაშიც ფიგურირებს. სამეზობლო დავა აქ წლებია გრძელდება. საქმე ამჟამად ბოლო ინსტანციის სასამართლოშია. 2016 წლის თებერვალში კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის სასამართლოსგან განსხვავებით, დააკმაყოფილა ამ კორპუსში მცხოვრები ერთი პირის სარჩელი, რომელიც ამხანაგობის კრების ოქმის გაუქმებას ითხოვდა.

ქუთაისის სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებაში წერია: „რაც შეეხება მოწმეების: აკაკი ქედელიძისა და გურამ გოლიაძის ჩვენებებს, რომლებმაც მიუთითეს, რომ 2009 წლის 3 ივნისის კრება ნამდვილად ჩატარდა და რომ ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებებით მათი ოჯახების ფლობა-სარგებლობაში არსებული სხვენის ფართობები გადაეცათ მათვე საკუთრებაში. დადგენილია, რომ აკაკი ქედელიძე მოპასუხე დავით ქედელიძის შვილია, ხოლო გურამ გოლიაძე _ მოპასუხე ნარგიზ კონცელიძის მეუღლეა. ამდენად, მისი ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება განხილული, ვინაიდან ისინი, როგორც მოპასუხეების ახლო ნათესავები, საქმის შედეგით პირდაპირ დაინტერესებული პირები არიან“.

ტბელ აბუსერიძის #9 არ არის ერთადერთი შემთხვევა, სადაც ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობა ვერ გააჩერა. მიმდინარე წლის მარტში, როცა ვაჟა-ფშაველას #13-ში უკანონოდ განახლდა სამშენებლო სამუშაოები, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უკანონო მშენებლობაზე სამუშაოების შეჩერება არ შეუძლია. მაშინ უნებართვო მშენებლობა ვერც ადგილზე მისულმა პოლიციამა შეაჩერა.

გადაბეჭდვის წესი