Batumelebi | უსკო – არჩევნებისთვის სამზადისი ახალი უფროსის მოლოდინში უსკო – არჩევნებისთვის სამზადისი ახალი უფროსის მოლოდინში – Batumelebi
RU | GE  

უსკო – არჩევნებისთვის სამზადისი ახალი უფროსის მოლოდინში

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] უფროსის შეცვლა-არშეცვლის, ხოლო კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან წასვლა-არწასვლის რეჟიმში მუშაობს. საქართველოს პრეზიდენტმა მომავალი საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი გამოაცხადა – წინასაარჩევნო კამპანია შესაბამისი აქტების გამოქვეყნებისთანავე იწყება. არჩევნების დღემდე ორი თვით ადრე კი სიტუაცია ყველაზე მეტად იძაბება. ამ დროისთვის საარჩევნო ადმინისტრაციები არჩევნების ჩასატარებლად მომზადებულები უნდა იყვნენ.

მაშინ, როცა არჩევნების თარიღი ცნობილია, უსკოს თავმჯდომარედ დავით კვაჭაძე და კომისიის წევრად მამუკა ჯაში აჭარის უმაღლესმა საბჭომ ისევ არ აირჩია. მთავრობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, დავით გაბაიძის ინფორმაციით, მთავრობა უსკოს ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. კონკურსი ორეტაპიანია და გარკვეულ ვადებს, ხოლო უმაღლეს საბჭოში დამტკიცების პროცედურა თავის ვადებს ითვალისწინებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაშიც კი, ახალი თავმჯდომარე შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში აირჩიონ.

რამდენად შეძლებს ახალი თავმჯდომარე (მისი არჩევა საერთოდ თუ მოახერხა აჭარის მთავრობამ) უსკოს მოკლე ვადაში ისე მობილიზებას, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდეს? – მოქმედი თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე მიიჩნევს, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურის გაჭიანურება უსკოს არჩევნებისთვის მომზადებას ხელს ვერ შეუშლის: „უსკო არჩევნებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს კოლეგიურად იღებს. ვთქვათ, მოქმედი თავმჯდომარე არ არის ადგილზე, წავიდეს სადმე, ან გაცივდა, გრიპი დაემართა – ეს მუშაობას ვერ შეაფერხებს… მე ვაგრძელებ მუშაობას, ვიდრე არ აირჩევენ ახალს და ვხელმძღვანელობ იმ კანონით, რითაც ახალმა უნდა იხელმძღვანელოს“.

კანონის მიხედვით, რომლითაც არჩილ მიქელაძე ხელმძღვანელობს, უსკოს თავმჯდომარე ასრულებს ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს. ამ ყველაფერს უსკოს თავმჯდომარის განმარტებით ხელი არ შეეშლება და მისი არ ყოფნის შემთხვევაში მოადგილეც გაართმევს თავს. თუმცა სხვაზე მიუთითებს არჩილ მიქელაძის პასუხები „ბათუმელების“ კითხვებზე, რაც არჩევნებისთვის სამზადისს უკავშირდება: “ყველაფერი, მათ შორის ჟურნალისტებთან ურთიერთობაც კი საარჩევნო პერიოდისთვის დაგეგმვას საჭიროებს“. ამავე მიზეზით ის არ გამორიცხავს, ახალმა თავმჯდომარემ, რომელსაც უკვე აქტიურ წინასაარჩევნო პერიოდში აირჩევენ, სამუშაო პროცესში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში დროის უქონლობა მოიმიზეზოს.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის უფლებასაც კანონმდებლობა უსკოს თავმჯდომარეს ანიჭებს – ეს უსკოს აპარატის თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების უფლებაა. უსკოს აპარატის 13 თანამშრომელი ახლა ორი თარიღის მოლოდინშია – თავად არჩევნების და უსკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის.

არჩილ მიქელაძის განმარტებით, აპარატის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კანონში არსებული ჩანაწერის მიუხედავად, უსკოს თანამშრომლები საჯარო სამსახურის კანონის შესაბამისად, კონკურსის წესით ინიშნებიან თანამდებობებზე. შესაბამისად, თავმჯდომარეს არ შეუძლია პირადი სიმპათიების გამო გაათავისუფლოს ან დანიშნოს რომელიმე თანამშრომელი. თუმცა, ახალ ხელმძღვანელს შეუძლია ჩაატაროს რეორგანიზაცია და ამ გზით გაათავისუფლოს არასასურველი თანამშრომელი.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ უსკოს ერთი ტენდერი თუ პირდაპირი შესყიდვა არ განუხორციელებია (მაშინ ახალი კომპიუტერები შეიძინეს). არჩილ მიქელაძე ამბობს, რომ შესაბამისი თანხა არ ჰქონდათ. წელს უსკოს ბიუჯეტი სამ მილიონს აჭარბებს, თუმცა ახალი ხელმძღვანელის მოლოდინი, როგორც ჩანს, უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას აორმაგებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” აჭარის ორგანიზაციის კოორდინატორის, მადონა ბერიძის შეფასებით: „არ არის გამორიცხული უსკოს დაკომპლექტება უფრო სერიოზულ პრობლემად იქცეს, რადგან შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანია მაისში დაიწყოს. უსკო კი პასუხისმგებელია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებაზე, რაც ასევე საპარლამენტო არჩევნებთან ერთად იმართება. შესაბამისად, უსკოს დროული დაკომპლექტება და გამართულად, სრულფასოვნად ფუნქციონირება მნიშვნელოვანია, რადგან ეს აისახება არჩევნების ხარისხზე“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი