რა წერია ისტორიის სახელმძღვანელოში 9 აპრილისა და აგვისტოს ომის შესახებ


„მიზერული და არასრულფასოვანი“, – ასე აფასებენ საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემულ მასალებს სკოლის პედაგოგები. მათი აზრით, დღეს არსებულ სასკოლო სახელმძღვანელოებში ქვეყნის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტებისა და ამბების დიდი ნაწილი უგულებელყოფილია.

ბათუმის #16 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ხათუნა ჯანელიძე გვეუბნება, რომ საქართველოს ისტორია სკოლაში მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლება, მე-11 კლასის სახელმძღვანელოში კი რამდენიმე თემაა შეტანილი.

„ავიღოთ თუნდაც ცხრა აპრილის თემა, რომელზეც ერთი ამბავი ატყდა მედიაში, რომ ახალგაზრდებმა არაფერი იციანო. ეს საკითხი მხოლოდ მე-9 კლასის ისტორიაშია შესული და იმდენად მშრალად, რომ შესაძლებელია არც კი დარჩეს მოსწავლეს მეხსიერებაში“. პედაგოგის თქმით, ასეთივე მშრალადაა გადმოცემული სახელმძღვანელოში 9 მარტის ტრაგედიის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდი, გასაბჭოება და ა.შ.

„საგაკვეთილო მასალაში სამხედრო გადატრიალება არც კი არის ნახსენები. მხოლოდ ის წერია, რომ ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი. რის გამო, რა მიზეზით – არსად წერია. ის, რომ სამხედრო გადატრიალების მოთავეები იყვნენ თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი, არ არის ნათლად ნაჩვენები. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 1992 წლის იანვარში ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ და იმავე წლის მარტში ქვეყნის მდგომარეობიდან გამოსაყვანად ედუარდ შევარდნაძე მოიწვიეს. ვფიქრობ, ზედმეტად დელიკატურადაა გადმოცემული ეს ფაქტები“.

ხათუნა ჯანელიძის აზრით, მასწავლებელს გაკვეთილზე შეუძლია დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ დამხმარე მასალებისთვის როგორიცაა, მაგალითად, ფოტო, ვიდეო ა.შ. დრო აღარ რჩება, რადგან გაკვეთილისთვის კონკრეტული საათია განკუთვნილი.

პედაგოგის თქმით, სახელმძღვანელოში მწირი ინფორმაციაა 9 მარტის ტრაგედიისა და მშვიდობიანი აქციის დარბევის შესახებაც. „წერია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები დახოცეს, რომ „საბჭოთა რეჟიმის „ლიბერალიზაცია“ შეუძლებელი იყო“. ვერ ჩაწვდნენ მოსწავლეები ამ ამბის სიმძიმეს ისე, როგორც საჭიროა ქვეყნის მოქალაქემ იცოდეს. კი ვუხსნი, მაგრამ მაინც უჭირთ იმ ეპოქის გააზრება ბოლომდე. ჩემი აზრით, ეს ცუდად მიწოდებული ინფორმაციის შედეგია“.

მასწავლებლის აზრით, თანამედროვე მოსწავლეებს ყველაზე მეტად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის გააზრება და დამახსოვრება უჭირთ.
„ცუდად იციან რეპრესიების პერიოდიც. მე ვაბრალებ იმას, რომ ამის შესახებ ისწავლება მხოლოდ ერთ კლასში და ისიც არა ამომწურავად. მხოლოდ სამოქალაქო განათლების საგანშია შეტანილი პიროვნების კულტი – სტალინის ამბავი იქ შეიძლება კიდევ გაიხსენო, სხვაგან არსად“.
პედაგოგის აზრით, მოსწავლეებს თემის მიმართ მგრძნობელობა მაშინ უფრო უჩნდებათ, თუ დამატებით წყაროებად მხატვრული ფილმი, მხატვრული ნაწარმოები ან ფოტომასალაა გამოყენებული.

„თვითმფრინავის გატაცების ამბავი როცა ავუხსენი, მანამდე ყველას დავავალე დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ წაეკითხათ. გაცილებით კარგად აღიქვეს ეს თემა და დარწმუნებული ვარ, მაღალკლასელებსაც ახსოვთ“.

საბჭოთა რეპრესიული კულტურის ნაწილში, ერთ-ერთ დამატებით წყაროდ სახელმძღვანელოში მითითებულია თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეების დიდ ნაწილს, არც მე-9 და არც მე-11 კლასში ეს ფილმი ნანახი არ ჰქონდა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მოსწავლეები ინფორმაციას მხოლოდ მე-9 კლასის სახელმძღვანელოთი იღებენ. ომის მოვლენები რამდენიმე ფრაზითაა გადმოცემული, გაკვეთილის 70 პროცენტი ეთმობა „ვარდების რევოლუციას“ და სააკაშვილის ხელისუფლების დროს განხორციელებულ ცვლილებებს. რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეიცვალა საქართველოს გერბი, ჰიმნი, დროშა, მოხდა პოლიციის რეფორმა, აშენდა იუსტიციის სახლები, „დაიწყო გზების ეფექტიანი მშენებლობა“ და ა.შ.

პედაგოგის აზრით, სახელმძღვანელოში მშრალადაა წარმოდგენილი აფხაზეთის ომის ამბებიც. „წერია მხოლოდ ის, რომ აფხაზებმა ისარგებლეს საქართველოში სამოქალაქო ომით და 1992 წლის ივლისში მიიღეს დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. 14 აგვისტოს შევიდა ქართული გვარდია და გაღვივდა კონფლიქტი. ცუდად ორგანიზებულ ქართულ ჯარს დაუპირისპირდნენ კაზაკები, მოხალისეები ჩრდილოეთ კავკასიიდან და რუსული არმიის ნაწილები. შემდეგ კი რუსული მხარის შუამდგომლობით ცეცხლი შეწყდა. ამ ამბების ცოტა უკეთ დამუშავება ნამდვილად შეიძლებოდა“, – ამბობს პედაგოგი.

საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს კრიტიკულად აფასებს ამავე სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი, თამარ თევზაძე. მისი აზრით, სკოლის სახელმძღვანელოებში „საქართველოს ისტორია იგნორირებულია. მხოლოდ მშრალი წინადადებების დონეზე აღწერენ ფაქტებს და ვერსად წაიკითხავ ანალიზს ან ისეთ დეტალებს, რომელთა ცოდნაც ნამდვილად სჭირდება მოსწავლეს.“

თამარ თევზაძეს მიაჩნია, რომ სხვადასხვა ავტორის მიერ გამოცემული წიგნები, გარდა შინაარსობრივი პრობლემებისა, ფაქტობრივ უზუსტობებსაც შეიცავს. „ერთ გამოცემაში ლაშა-გიორგის გარდაცვალების თარიღად წერია 1223 წელი, სხვა გამოცემაში – 1222 წელი. რომელი დაიმახსოვროს მოსწავლემ? ასეთი უზუსტობები სხვაც არის“, – ამბობს ის.

პედაგოგების თქმით, არის შემთხვევები, როცა სახელმძღვანელოს მასალები და საატესტატო საკითხები ერთმანეთს არ ემთხვევა. „ეროვნულ გამოცდებზე 4-5 ქულით ფასდება ისტორიული წყაროს ანალიზი, კარიკატურის ანალიზი, სახელმძღვანელოში ეს საკითხები არსად მოცემული არ არის, სად ისწავლოს ბავშვმა?“

ისტორიის მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებმა პრაქტიკოსი მასწავლებლების მოსაზრებები უნდა გაითვალისწინონ. მათი თქმით, წლების წინ მოისმინეს კიდეც პედაგოგების მოსაზრებები ავტორებმა, თუმცა არ გაუთვალისწინებიათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com