მთავარი

სტუდენტი: უნივერსიტეტს არა აქვს პოლიტიკური ნება, რეალურად გახდეს ავტონომიური

23.04.2016 • 2222
სტუდენტი: უნივერსიტეტს არა აქვს პოლიტიკური ნება, რეალურად გახდეს ავტონომიური

რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 5192 ლარის გამოყოფა სამი სტუდენტის ევროპაში გასამგზავრებლად, იმ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც არ აქვს შეხება აკადემიურ სფეროსთან და წარმოადგენს პირად ინტერესს? რამდენად მიზნობრივია უნივერსიტეტის ბიუჯეტი იხარჯებოდეს გასართობი საღამოების მოსაწყობად? რამდენად მიზანშეწონილია უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო სივრცეში სეკულარობის პრინციპს, – კონკრეტულად, ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში დასახმარებლად სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას? რა გარემოებებში ჩატარდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები? – ამ და კიდევ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან, მერაბ ხალვაშისგან ელის. დღეს, 23 აპრილს, სტუდენტებმა ამ თემაზე ბრიფინგიც გამართეს. „ბათუმელები“ თემაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს, თამარ ბაუჟაძეს ესაუბრა.

თამარ, რა თემას შეეხებოდა დღეს თქვენი ბრიფინგი?

21 მარტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას გამოვაქვეყნეთ მანიფესტი და შევიტანეთ უნივერსიტეტის კანცელარიაში. უნივერსიტეტმა საპასუხოდ მოგვწერა ოფიციალური წერილი, რომელიც იყო ძალიან ზოგადი. რასაც ჩვენ ვითხოვდით, კერძოდ, მომხდარიყო მნიშვნელოვანი საკითხების მოკვლევა – ეს არ მომხდარა.

გუშინ ჩვენ უკვე მეორედ შევიტანეთ მიმართვა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ და ლოგიკურ პასუხებს და არა ზოგად პასუხებს.

კონკრეტულად რა კითხვებზე ელით პასუხს უნივერსიტეტისგან?

ბევრი შეკითხვა გვაქვს. პირველ რიგში ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიასთან დაკავშირებული კითხვები. უნივერსიტეტმა ოფიციალურად მოგვწერა, რომ ავტონომიის შელახვასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის კანცელარიაში არ დაფიქსირებულა არც ზეპირი და არც წერილობითი განცხადება, მაგრამ ეს არის ტყუილი, რადგან 21-ში, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის საქმიანობაში რომ ხდებოდა „ოდეერების“ ჩარევა, ამაზე ისაუბრა ირაკლი ბარამიძემ, ყოფილმა პრორექტორმა და გიორგი მასალკინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი რამ ხდებოდა 2012 წლამდე. ასე რომ იმის თქმა, რომ ავტონიმიის შელახვაზე ზეპირი სახით არ დაფიქსირებულა საუნივერსიტეტო სივრცეში ინფორმაცია, არასწორია.

თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს უნივერსიტეტის პასუხი?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტს არა აქვს პოლიტიკური ნება, რომ ავტონომიის შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ხმამაღლა ისაუბროს, ამ პროცესების გამოსწორება დაიწყოს და უნივერსიტეტი რეალურად გახდეს ავტონომიური ერთეული. მათ [უნივერსიტეტის ადმინისტრაციას] უბრალოდ არ უნდათ უნივერსიტეტის ავტონომიის შელახვაზე საუბარი და არათუ საუბარი, არამედ ამ საკითხის უკანა ფლანგზე გადაწევაც სურთ.

თქვენი დაკვირვებით, როგორია ლექტორ-მასწავლებლების განწყობა ამ საკითხების მიმართ? გაქვთ თუ არა საუბარი მათთან ამ თემაზე?

ამ კუთხით ძალიან დაბალია ლექტორ-მასწავლებლების ჩართულობაც და ინტერესიც. გარკვეულ ლექტორებთან რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ამ თემებზე, მაგრამ საჯაროდ რომ დააფიქსირონ თავიანთი აზრი, ზოგს არ უნდა, ზოგს ჩრდილში ყოფნა ურჩევნია…

ზოგადი ფონი ის არის, რომ პირადად ჩემი აზრით, მათ არ სურთ ამ პროცესში ჩართვა, არ სურთ ხმამაღლა საუბარი და არ სურთ უნივერსიტეტში რამე შეიცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხმის ამოღებას ამ თემაზე ექნება მნიშვნელობა, რადგან კარგად არიან ამ სისტემის ნაწილებად ქცეულნი, ეს იქნება მყარი ბერკეტი იმისა, რომ დაიწყოს სისტემური ცვლილება, მაგრამ ამის სურვილი უნდა მოდიოდეს მათგან.

ჩვენ, სტუდენტები, ვსაუბრობთ ამაზე ხმამაღლა, ვსაუბრობთ საჯაროდ, თუმცა  უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებიდან ერთეულები თუ იღებენ ხმას. დანარჩენები უბრალოდ სიჩუმეს ირჩევენ.

ჩემთვის მათი ეს პოზიცია არა თუ მისაღები არ არის, არამედ გარკვეულწილად შეურაცხმყოფელიცაა, რადგან ლექტორები უნივერსიტეტში საუბრობენ თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, იდეებზე და ეს საუბარი რჩება მხოლოდ სალექციო კურსზე. იქ, სადაც მათ შეუძლიათ ცვილელებები, ისინი თავს იკავებენ. როცა თავისუფლების, უნივერსიტეტის ავტონიმიის დაცვა ხდება საჭირო, ისინი ჩრდილში დგებიან და თავს იქ კომფორტულად გრძნობენ, რადგან თვლიან, რომ ასე მათ არ შეეხებიან და მათზე არ განხორციელდება ზეწოლა, მიუხედავად იმისა, რომ თუ იქნება რომელიმე ლექტორზე ზეწოლა, [რომელიც ამ თემებზე ღიად ისაუბრებს], ჩვენ აუცილებლად დავიცავთ მის ინტერესებს.

თუ დაგისვამთ მათთვის შეკითხვა, რატომ იკავებენ თავს?

რამდენიმე ლექტორთან მე მისაუბრია ამ საკითხზე და ისინი ამბობენ, რომ ეს სისტემური და ფესვგამდგარი პრობლემაა, რომ არ არსებობს ნდობის ფაქტორი და იმედი, რომ შეიძლება ვინმე გვერდზე დაგიდგეს და დარჩები მარტო, მხარდაჭერის გარეშე. ჩემი აზრით ამის გამო ისინი თავს იკავებენ და ურჩევნიათ კომფორტულად იყვნენ, იმ პოზიციაზე, რა პოზიციაშიც ახლა არიან, რადგან თუ ხმას ამოიღებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათზე იქნება ზეწოლა და მათ უბრალოდ არ სურთ ასეთი წინააღმდეგობები შეხვდნენ.

ასეთ სიტუციაში, რა სურათიც თქვენ ახლა აღწერეთ – ლექტორ-მასწავლებლების განწყობა, ამას დამატებული ის, რომ სტუდენტების ჯგუფი, რომელიც ავტონომიაზე საუბრობს არც ისე დიდია სტუდენტების საერთო რაოდენობასთან შედარებით, გაქვთ იმის იმედი, რომ ცვლილებები შესაძლებელია?

ჩვენ გვაქვს იმედი. ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მოსაზრება და შეხედულებები, ვისაც რაღაც ცვლილებები მოაფიქრდათ. „აუდიტორია 115“-მა დაიწყო ეს პროცესები, ეს მოძრაობა და ჩვენ ვუერთდებით და სრულად ვიზიარებთ სისტემური ცვლილების, სისტემური რეფორმირების აუცილებლობას. რაც შეეხება ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტს, ჩვენთან არის შიდა პრობლემები, რომელიც მოსაგვარებელია შიდა ავტონომიურ სივრცეში, თუ აქვს პრეტენზია ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტს, რომ ის არის ნამდვილად დამოუკიდებელი ერთეული, არ უნდა გაურბოდეს მარტივ შეკითხვებს, კრიტიკულ მოსაზრებებს, უნდა დაწყოს ამ საკითხებზე მსჯელობა და მათი მოგვარება და არა გაქცევა ამ საკითხებიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: