მთავარი,სიახლეები

„ბათუმის კორპუსის“ გამარტივებული ტენდერი ეზოების კეთილმოწყობაზე

21.04.2016
„ბათუმის კორპუსის“ გამარტივებული ტენდერი ეზოების კეთილმოწყობაზე

დღეს, 21 აპრილს ააიპ „ბათუმის კორპუსმა“ ხელხლა გამოაცხადა ტენდერი ბათუმის კორპუსების 36 ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე. თავდაპირველად ტენდერი 23 მარტს გამოცხადდა და წინადადებების მიღების ვადა 13 აპრილს ამოიწურა, თუმცა არცერთ კომპანიას არ შეუტანია განაცხადი. ამჯერად გამარტივებული ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო თანხა 1 227 300 ლარია. ბათუმში 36 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთიმოწყობაა დაგეგმილი[ბორდიურების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება].

დღესვე, ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე ხნით ადრე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გელა დეკანაძემ აღნიშნულ თემაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც უამრავი კომპანია კონკურენტულ გარემოში ცდილობს სხვადასხვა ტენდერის მოგებას,  აღნიშნული ტენდერის ჩავარდნა, „ბათუმის კორპუსის“ მიერ შეგნებულად ან შეუგნებლად ტენდერის არაკომპეტენტურად გამოცხადებაზე მიუთითებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გელა დეკანაძე

„ტენდერი ათი დღეა ჩავარდნილია და ამ დროის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ მოუხდენია  „ბათუმის კორპუსს“, რომ მოეხდინა გამოსწორება სატენდერო დოკუმენტაციის და  განმეორებით  გამოეცხადებინა ტენდერი, ამიტომ ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ისინი მოითხოვენ გამარტივებული წესით შესყიდვის გზას და შემდეგ ამ ტენდერს მოარგებენ საკუთარ მეგობრებს და გადასცემენ“, – განაცხადა გელა დეკანაძემ.

„ბათუმის კორპუსის“ დირექტორი ზურაბ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ ტენდერის ჩავარდნის მიზეზს ასე ხსნის: „ბათუმში მრავალი ამ ტიპის სამუშაო მიმდინარეობს, რაც ასფალტის დაგებას თუ ბორდიურების მოწყობას გულისხმობს. კომპანიებმა გვთხოვეს სამუშაოების შესრულების ჩადებულ ორ თვიან პირობას ერთი თვით თუ გავაგრძელებდით მიიღებდნენ მონაწილეობას“, – მისივე თქმით, მან მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს ელექტრონული გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად, რაც ითვალისწინებს ტენდერის 22 სამუშაო დღის ნაცვლად 3 სამუშაო დღის განმავლობაში დასრულებას: „დღეს მივიღე თანხმობა და დღესვე გამოცხადდა ტენდერი, სადაც სამუშაოების შესრულების ვადად სამი თვე იქნა ჩადებული ნაცვლად ორისა“.

ა[ა]იპ „ბათუმის კორპუსი“ ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: