Batumelebi | რას საქმიანობს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რას საქმიანობს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – Batumelebi
RU | GE  

რას საქმიანობს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

რა ქონებას ფლობს, რა საქმიანობას ეწევა და რა სერვისს სთავაზობს კლიენტებს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“? – ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს საწარმოში, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. მცირე მეწარმეების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ქარხანა ქმნის მათთვის არაკონკურენტუნარიან გარემოს მსხვილი მოთამაშეების სასარგებლოდ. შესაბამისად, გადარჩენა არ უწერია ნავთობის სფეროში შესულ არც ერთ წვრილ მოთამაშეს, თუნდაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არსებული ტარიფების გამო.

„ქარხანა აწარმოებს ნათელი ნავთობპროდუქტების მიღება-გადატვირთვის ოპერაციებს; გააჩნია რეზერვუარები და მასთან დაკავშირებული ინვენტარი, რითაც ხორციელდება ზემოხსენებული სამუშაოების შესრულება. ქარხანა თავის ბალანსზე რიცხულ ქონებას გასცემს იჯარით და ასევე დებს მომსახურების ხელშეკრულებებს სხვადასხვა იურიდიულ პირებთან,“ – მოგვწერეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან.

როგორია მომსახურების ფასი ქარხანაში – არ გვიპასუხეს, არ მოგვაწოდეს არც მომსახურების ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც ქარხანა კლიენტებს სთავაზობს.

„მომსახურების ფასებს ადგენს ქარხანა და ეს ფასები არის ერთნაირი ყველა იურიდიული პირისთვის. ეს არის ჩვენ მიერ შედეგენილი ხელშეკრულება, ჩვენი პირობებია ჩადებული და ამ პირობებზე მოდიან კომპანიები. ნებისმიერ კომპანიას აქვს უფლება არ მოაწეროს ამ ხელშეკრულებას ხელი. თუ ფასი არ აწყობთ, შესაბამისად ხელიც არ უნდა მოაწერონ. ჩვენი პირობები ყველასთვის ერთნაირია, გამონაკლისებს ვერ დავუშვებთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის იურისტმა ზეინაბ ჭელიძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულებაში ჩადებულია როგორც ფიქსირებული გადასახადი, რომელსაც ყველა იხდის, ასევე არის გადასახადი `ტონაჟობაზეც~ – რაც მეტს გადატვირთავს, მეტს გადაიხდის შემომტანი და „თუ არ აწყობს პირობები შემომტანს, რატომ აწერს ხელშეკრულებას ხელს?“

განბაჟებული საწვავის ვაგონებიდან გადმოტვირთვა [და შემდგომ ქსელში გატანა] სწორედ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში [ესტაკადაზე] ხდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ფასები ქარხანას ამ მომსახურებაში შემდეგნაირად აქვს დადგენილი: ყოველი 200 ტონა საწვავის გადმოტვირთვა 700 აშშ დოლარია. თუ ერთ ან ორ ვაგონს გადმოტვირთავ [ანუ 60 ან 120 ტონას] მაინც 700 აშშ დოლარს იხდი.

ესტაკადაზე ვაგონებიდან საწვავის გადმოტვირთვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ექსკლუზიური უფლებაა [ესტაკადა მისი საკუთრებაა]. კონკრეტულად რა ქონებას ფლობს და როგორ მართავს ამ ქონებას? – ამ კითხვის პასუხად ქარხნიდან მოგვწერეს, რომ „ქარხანა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ან საჯარო დაწესებულებას…“

საჯარო რეესტრის 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, „ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას“ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმზე“ 2013 წლის 4 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით, 2017 წლის 4 ივნისამდე იჯარით გადაცემული აქვს სარკინიგზო ესტაკადა, ასევე ოთხი რეზერვუარი [საერთო მოცულობა 4 200 კუბ/მ] და სხვა ქონება. საიჯარო ხელშეკრულებაში შეტანილია გარკვეული ცვლილებებიც, მათ შორის გაფორმებულა შეთანხმების აქტიც.

ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 715 კვ/მ მიწის ნაკვეთი და 3 ერთეული რეზერვუარი [750 კუბ/მ] იჯარით გადაცემული აქვს შპს „ექსპრესოილი“-ზე, რომელიც ქუთაისშია რეგისტრირებული. მისი 100% წილის მფლობელია რუსუდან მილორავა. ამ კომპანიის ქონება დაყადაღებულია.

[ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული 9834 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, უზუფრუქტით აქვს სარგებლობაში შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-ს 2006 წლიდან].

„ქარხნის საქმიანობა დღეის მონაცემებით მომგებიანია,“ – გარდა ამ განცხადებისა, დაწესებულების ადმინისტრაცია ფინანსებთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს არ გასცემს. `ბათუმელების~ ინფორმაციით, მსგავს რეკომენდაციას ქარხნის ხელმძღვანელი ნოდარ თებიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან იღებს.

„ბათუმელებმა“ აჭარის ხელისუფლების მიერ შექმნილი საწარმოების ქონებისა და შემოსავლების შესახებ აქამდეც მიმართა მთავრობას, საიდანაც გვაცნობეს, რომ: „აჭარის წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგებები, წარმოადგენს საწარმოების კომერციულ საიდუმლოებას და ნაწილობრივ პერსონალურ ინფორმაციას [ეკონომიკური მაჩვენებელი] და მისი მიღების უფლება აქვს მხოლოდ პარტნიორს…“

სამინისტრო ასაიდუმლოებს სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ ფინანსურ ინფორმაციასაც: „აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი რიგი საწარმოების 2012-2015 წლების ბალანსების გაცემის ვალდებულება სამინისტროს არ აქვს…

2014 წელში მომგებიანად აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით არსებული 14 საწარმო, მათგან 10 საწარმოს მიერ კუთვნილი წმინდა მოგების სახით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხულია 1 312 190 ლარი“.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების ბაზარს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირისგან გასულ წელს მიღებული ინფორმაციით: „ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტს ახორციელებენ: „სოკარი“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“, „გალფი“, „რომპეტროლ საქართველო“, „სენტა პეტროლიუმი“. კიდევ არის საზოგადოებისათვის უცნობი რამდენიმე კომპანია. რაც შეეხება საწვავის რეალიზაციას, აღნიშნული კომპანიების გარდა, საწვავის რეალიზაციას ახორციელებს ბევრი სხვა არაბრენდული გასამართი სადგური“.

კავშირში აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ეხება მთელ საქართველოს და დიფერენცია რეგიონების მიხედვით არ არსებობს. რაც შეეხება მონოპოლიას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიაჩნიათ, რომ „არავითარი მონოპოლისტი კომპანიები არ არსებობენ და საცალო გაყიდვაში ცნობილი კომპანიების ხვედრითი წილი მერყეობს 15-დან 23%-ის ფარგლებში“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com