მთავარი,სიახლეები

მშენებელი კომპანიის მეწილეთა დავა და დაზარალებული მოქალაქეები

21.04.2016 • 2651
მშენებელი კომპანიის მეწილეთა დავა და დაზარალებული მოქალაქეები

21 აპრილს, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე შეჩერებულ საცხოვრებელ კორპუსთან ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც წლებია მშენებლობის დასრულებასა და საცხოვრებელი ბინების გადაცემას ელოდებიან. აქციის მონაწილეების თქმით ამ ტერიტორიაზე იტალიური ეზოს ტიპის დასახლება მდებარეობდა. იქ მცხოვრებლებმა ფართობი აშენებულ სახლში ბინების მიღების სანაცვლოდ დათმეს. 

„მერია ხელს იბანს და ამბობს რომ მათ ეს არ ეხებათ, რადგან კერძო ინვესტორია მესაკუთრე, მაგრამ მოქალაქეები დაზარალებულები ვრჩებით. ეს მშენებლობა ასე არასდროს დასრულდება, რადგან ესენი თაღლითები არიან და აქვთ რაღაც მაფიოზური გარიგება. კატასტროფული მდგომარეობაა. სამი წელია ბინის ქირაც არ გადაუხდიათ მათთვის ვინც გაიყვანეს ტერიტორიიდან. 16 ოჯახია ასეთი. მე შეტანილი მაქვს წინასწარ ნასყიდობით და მეცხრე წელია ბინას ვერ ვიღებთ“, – ამბობს აქციის მონაწილე ნუგზარ ჩხაიძე.

?

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ითხოვენ ყურადღების მიქცევას სახელმწიფოს მხრიდან და კომპანიის იმედი აღარ აქვთ, რადგან კომპანიის ყოფილ დირექტორს იაშა გოჩიტიძეს კომპანიის მეორე მეწილესთან [რომელიც ახლანდელი დირექტორია] კონფლიქტი აქვს და ამას ეწირება მათი ინტერესები. აქციის მონაწილეები, წინააღმდეგ შემთხვევაში კორპუსის მიმდებარედ ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვას გეგმავენ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „ჰოლდერის“ დირექტორს დავით შეყლაშვილს, რომელმაც თქვა, რომ მშენებლობა იაშა გოჩიტიძის დირექტორობის პერიოდში დაიწყო, შესაბამისად პასუხისმგებლობაც მას ეკისრება: „შპს „ჰოლდერს“ ჰყავდა დირექტორი და მესაკუთრე იაშა გოჩიტიძე, რომელმაც გააფორმა ამ მოსახლეობასთან ხელშეკრულება. ტერიტორია სადაც ეს ხალხი ცხოვრობდა აიღო, დაანგრია ეს ტერიტორია და  გააკეთა ათი სართული შენობა, მაგრამ ფინანსურად უკვე  იაშა გოჩიტიძეს აღარ ჰქონდა საშუალება რომ დაემთავრებინდა და დარჩა ეს კორპუსი დაუმთავრებელი.  რა ვალდებულებები აქვთ ერთმანეთში და როგორ არიან და ვის რა ფული აქვს გადასახდელი ეს პირადად იაშა გოჩიტიძეს უნდა ჰკითხოთ“.

 

იაშა გოჩიტიძე თავის მხრივ ამბობს, რომ კორპუსის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2010 წელს უნდა ჩაბარებულიყო. დავით შეყლაშვილს დირექტორობა და კომპანიის 50%-იანი წილი კი კრიზისის მოგვარების მიზნით დაუთმო, თუმცა მან აღნიშნულ კორპუსზე პასუხისმგებლობა მოიხსნა: „მასთან სამართლებრივი დავა მაქვს ახლა, მოტყუებით მიიღო წილი და ახლა ამ ხალხს ტოვებს ბედის ამარა. 2014 წელში გვყავდა ინვესტორიც, მაგრამ სამმა პირმა სასამართლოში იჩივლა და სასამართლომ შპს „ჰოლდერს“ მათთვის 470 000 აშშ დოლარის ანაზღაურება დააკისრა იმ ფართის სანაცვლოდ რაც მათ უნდა მიეღოთ. ახლანდელმა დირექტორმა არ გააგრძელა სამართლებრივი ბრძოლა და საქმე აღსრულებაშია გადასული. თუმცა, როგორც ვიცი აუქციონზე გატანა ვერ ხერხდება, რადგან თუ გაიტანენ პროექტიც უნდა გაიყიდოს და მაშინ სხვაგვარად უნდა მოხდეს შეფასება, რასაც სააღმსრულებლო ბიურო ვერ ახერხებს“.

იაშა გოჩიტაშვილმა აღნიშნა, რომ ეძებს ინვესტორს, თუმცა ამ პროცესს ართულებს, ის რომ სამ მოქალაქეს საქმე აღსრულებაში აქვს შეტანილი.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს „ჰოლდერის“ 50%-ს იაშა გოჩიტიძე, ხოლო დანარჩენ 50%-ს დავით შეყლაშვილი ფლობს.

გადაბეჭდვის წესი