კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ

23.04.2016 • 3283
სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ

„არ შეიძლება სამსახურში მიდიოდნენ გოგოები და ეუბნებოდნენ, რომ ვიღაცის საწოლზე გადის მათი კარიერის გზა. მე დავკარგე კარიერა, დავკარგე სამსახური და მიუხედავად ყველაფრისა, ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო,“ – ამას თათია სამხარაძე ამბობს, ტელეკომპანია „იმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომელი, პირველი ქალი, ვინც სექსუალური შევიწროება ღიად გააპროტესტა და სასამართლოს მიმართავს. ის ყოფილ უფროსს, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს უჩივლებს. უფლებათადამცველები დარწმუნებული არიან, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი საქართველოში ძალიან ბევრია, მაგრამ ქალები ამ თემაზე დუმილს არჩევენ.

„დაექვემდებარეთ თუ არა ოდესმე სექსუალურ შევიწროებას? – კვლევის ფარგლებში დასმულ ამ კითხვას გასულ წელს 1400-მა ქალმა უპასუხა. პასუხი უარყოფითი იყო. ამავე კვლევით აღმოჩნდა, რომ გამოკითხულების უმრავლესობა, თურმე სექსუალური შევიწროების ობიექტი ყოფილა.

„კვლევამ დაგვანახა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ინფორმაციაც კი არ აქვს, რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება,“ – ამბობს ნინო აბრამიშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ მენეჯერი.

ევროპული სტანდარტით, სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა, მაგალითად, სექსუალური ხასიათის არასასურველი მზერა: „სექსუალური შევიწროება „გენდერული თანასწორობის კანონის“ მიხედვით არის ნებისმიერი სიტყვიერი ან არასიტყვიერი, ასევე ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. მთავარი მახასიათებელი ამ შევიწროების არის არასასურველობა, რომელიც, შესაძლოა, გამოხატული იყოს: სექსუალური ხასიათის ხუმრობაში, დაუსრულებელ გამოკითხვაში, სმს-ებში, მიმოწერებში, ფიზიკურ შეხებაში თავისთავად.“

კვლევის ავტორებმა კიდევ ერთი შეკითხვა დასვეს – მომავალში თუ დაექვემდებარებით სექსუალურ შევიწროებას, მიმართავთ თუ არა ზემდგომს? „ამ შეკითხვაზე დაახლოებით 97-მა პროცენტმა გვიპასუხა, რომ არ მიმართავს არც ზემდგომს და არც სამართალდამცავ ორგანოს. პასუხებით ჩანს, რამდენად ტაბუირებულია ეს თემა საზოგადოებაში“, – გვიყვება ნინო აბრამიშვილი. მისი აზრით, ქალებს ამ თემაზე ხმის ამოღების ეშინიათ, რადგან საზოგადოებას არ აქვს მგრძნობელობა სექსუალურ შევიწროებაზე.

საზოგადოებისგან რომ არ იგრძნობა დაკვეთა, ეს აისახა პარლამენტზეც – არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია, სექსუალური შევიწროება სისხლის სამართლებრივად დასჯადი გამხდარიყო, პარლამენტის სამმა კომიტეტმა წინა წლის საგაზაფხულო სესიაზე მოიწონა, მაგრამ ინიციატივა თაროზეა შემოდებული და მისი სასესიო განხილვა არც კი დაწყებულა.

„სახელმწიფომ სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს“, – ამ სათაურით ღია წერილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ~ გაავრცელა მას შემდეგ, რაც თათია სამხარაძემ სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ისაუბრა. ორგანიზაცია პრობლემად ასახელებს იმას, რომ „გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი“ აღსრულების მექანიზმებს არ მოიცავს და ქმედებას არც სხვა საკანონმდებლო აქტები არეგულირებს. შესაბამისად პირს, რომელიც სექსუალურ შევიწროებას ჩადის, არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის კუთხით, სანქცია არ ეკისრება. საია ხელისუფლებას ასევე ახსენებს „ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციას“ (სტამბოლის კონვენცია), რომლის თანახმად: „სახელმწიფო ვალდებულია დააწესოს სისხლისსამართლებრივი, ან სხვა სანქცია პირებისთვის, რომლებიც სექსუალურ შევიწროებას ჩადიან, ხოლო ქმედება უნდა ისჯებოდეს მიუხედავად იმისა, შევიწროება ხდება სამუშაო ადგილას თუ მის გარეთ“.

„სასამართლო დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი სექსუალურ შევიწროებას და დისკრიმინაციას. ამ ფაქტის დადგენა მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი“, – ამბობს ბაია პატარაია, კავშირ „საფარის“ დირექტორი და თათია სამხარაძის ინტერესების დამცველი: „იმ გარემოებებიდან, რასაც მე ვიცნობ, აშკარად იკვეთება სექსუალური შევიწროების ნიშნები. საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ შრომის კოდექსითა და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიხედვით, ყველა ფორმის დისკრიმინაცია, მათ შორის სექსუალური შევიწროებაც, აკრძალულია საქართველოში.“

პირველი ქალი, ვინც თანამშრომლისგან სექსუალური შევიწროების გამო სამსახურის უფროსს რეაგირება სთხოვა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში მუშაობდა. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“, – ასე შეაფასა სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ გათავისუფლების ბრძანებაში თანამშრომელი ფეხმძიმე ქალის პროტესტი 2014 წელს.

ვახტანგ წულაძის ხელმოწერილი ეს ბრძანება უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის თებერვალში უკანონოდ მიიჩნია და გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა, ასევე განაცდურის სრულად ანაზღაურება მოითხოვა. ჯერჯერობით გადაწყვეტილება ამ სამთავრობო დაწესებულებას არ შეუსრულებია. თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: