რექტორის წერილი ბსუ-ს სტუდენტებს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ – „ავტონომია უნივერსიტეტს“ 22-ის აპრილის განცხადებაზე, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან ოფიციალური პასუხი მიიღო. როგორც „ავტონომია უნივერსიტეტს“ წევრები აცხადებენ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან 25 მარტს შეტანილ განცხადებაზე მიღებული პასუხი სტუდენტებისთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ამიტომ მათ კონკრეტებული კითხვებით ბსუ-ს ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ [22 აპრილს] ხუთ ძირითად საკითხზე მიმართეს:

საუნივერსიტეტო საქმიანობაში ჩარევა – ამ პუნქტში მოცემულია 21 მარტის შეხვედრაზე ყოფილი პრორექტორის, ირაკლი ბარამიძისა და ბსუ-ს მოქმედი ლექტორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გიორგი მასალკინის ხმაურიანი განცხადებები. სტუდენტები ამ განცხადებებზე მოკვლევის დაწყებასა და მათ ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე პასუხებს ითხოვდნენ.

სტუდენტური თვითმმართველობა – ამ პუნქტში სტუდენტები ითხოვენ სამი სტუდენტის – მინურ პაქსაძის, უჩა აბრამიშვილისა და ბოჩია ზარანდიას ევროპაში გამგზავრების, წვეულებებისა და საჯარო სივრცის სეკულარულობის პრინციპის დამრღვევ ღონისძიებათა ხარჯების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნულ პუნქტში ნათქვამია: „თვითმმართველობას არ აქვს უფლებამოსილება დამოუკიდებლად განკარგოს ბიუჯეტი და, შესაბამისად, მას ვერ ექნება ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას დავაყენოთ ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი. რადგანაც მათ მიერ მოხდა იმ თანხების გამოყოფა, რომლებიც თვითმმართველობამ მოითხოვა და არამიზნობრივად დახარჯა. მოვითხოვთ შესაბამისმა სამსახურებმა მოიკვლიონ არსებული ხარჯები, ყურადღება გაამახვილონ იმ ხარჯებზე, რომლებიც სცდება აკადემიური სფეროს ინტერესებს“. 

ვიდეო-კამერები – ამ პუნქტის თანახმად სტუდენტური მოძრაობის წევრები ითხოვენ სალექციო აუდიტორიებში არსებული ვიდეო-კამერების დემონტაჟს, როგორც აკადემიური თავისუფლებისთვის უნივერსიტეტის მზაობის დამადასტურებელ ქმედებას.

ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილება საუნივერსიტეტო სივრცეში – ამ პუნქტში ნათქვამი იყო იმაზე, რომ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა პირად საუბრებში თქვა, რომ მან ენრიკო დევაძისგან [პირი, რომელსაც მოძრაობის წევრები არაოფიციალურ „ოდეერად“ ასახელებენ] მოისმინა სავარაუდო შესაძლებლობა 2014 წელს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეიარაღებული გადაადგილების შესახებ. სტუდენტები ამ საკითხზე შემდგომი რეაგირების შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ.

წერილში, რომელიც სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერით მიიღეს და ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებზე პასუხებს შეიცავს წერია, რომ უნივერსიტეტის რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ისევე როგორც კანცლერის არჩევნები ჩატარდა  მშვიდ გარემოში, საარჩევნო პროცედურების სრული დაცვით და მასთან დაკავშირებით არც ერთ კანდიდატს პრეტენზია არ გამოუთქვამს [მათ შორის არც ირაკლი ბარამიძეს].

ირაკლი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით წერილში ასევე ნათქვამია: „შეგიძლიათ მიმართოთ ბატონ ირაკლი ბარამიძეს, რომელსაც არჩევნების მიმდინარეობის პროცესში ეკავა რექტორის მოადგილის თანამდებობა“.

წერილში განმარტებულია ახალი კანცლერის დანიშვნის შემდეგ ბსუ-ს საშტატო განრიგისთვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის უფროსის თანამდებობის დამატებისა და ამ თანამდებობაზე ყოფილი კანცლერის, ედიშერ ჩავლეიშვილის დანიშვნის საკითხი. ეს საკითხი ახსნილია სამართლებრივი რეგულაციებით, რის საფუძველზეც იქნა გადაწყვეტილება მიღებული.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სტუდენტური მოძრაობის განცხადების ასლები გადაეგზავნათ ედიშერ ჩავლეიშვილსა და გიორგი მასალკინს, რათა წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები. უნივერსიტეტს არ აქვს ინფორმაცია ედიშერ ჩავლეიშვილის მიერ თანამდებობაზე ყოფნის პერდიოში რაიმე ტიპის პოლიტიკური დაკვეთების შესრულების შესახებ [რაზეც გიორგი მასალკინი საუბრობდა 21 მარტის შეხვედრაზე].

სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ დასმულ საკითხზე განმარტებულია დასახელებული სამი სტუდენტისათვის ქალაქ ვენაში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობის ხარჯის ანაზღაურების სამართლებრივი ინსტრუმენტები: “სტუდენტებმა წარმოადგინეს ყველა შესაბამისი დოკუმენტი”. თუმცა აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ „გაცემული თანხის მგზავრობისთვის, პროგრამაში მონაწილეობის რეგისტრაციისა და ცხოვრებისთვის ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი“.

ვიდეო-კამერების შესახებ ნათქვამია, რომ „განცხადება გადაეგზავნა უნივერსიტეტის ფაკულტეტების ადმინისტრაციას, რათა წარმოადგინონ სამსახურებრივი ბარათები ვიდეო-კამერების განთავსების ადგილებზე არსებობის საფუძვლიანობისა და მიზანშეწონილობის შესახებ“.

ცეცხლსასროლი იარაღით უნივერსიტეტის სივრცეში გადაადგილების საკითხთან დაკავშირებით სტუდენტებს ეცნობებათ, რომ უნივერსიტეტის დოქტორანტ ენრიკო დევაძეს გაეგზავნა განცხადების ასლი შესაბამისი განმარტების წარმოსადგენად და მიღებული პასუხი დამატებით ეცნობებათ სტუდენტებს.

უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კიდევ ერთი პირის იარაღით გადაადგილებაზე ასევე მითითებულია წრილში, რომელიც სტუდენტებმა უნივერსიტეტისგან 5 აპრილს მათი 31 მარტის განცხადების პასუხად მიიღეს. ამ წერილში უნივერისტეტის კანცლერი იტყობინებოდა, რომ მართლაც დადგინდა 30 მარტს 14 საათიდან 15 საათამდე შუალედში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეირაღებული პირის გადაადგილება: „ეზოში შემოსულ ავტომანქანაში [ავტომანქანის მარკა „შკოდა“ სახელმწიფო ნომრისთ „XRX 089“]  იმყოფებოდა ორი პიროვნება, ერთი სამოქალაქო ტანსაცმლით, რომელიც აღმოჩნდა ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის  სტუდენტი – ზურაბ მამულაძე, ხოლო მეორე – პოლიციის თანამშრომელი ზვიად კერვალიშვილი [რომელსაც ტანთ ეცვა უნიფორმა წარწერით „პოლიცია“ და თან ჰქონდა ცეცლსასროლი იარაღი]. ისინი ავიდნენ უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მეხუთე სართულზე. ეს პიროვნებები შენობაში მცირე დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მალევე დატოვეს უნივერსიტეტის ტერიტორია“.

კანცლერის ხელმოწერილი წერილში ასევე განმარტებულია, რომ 4 აპრილის წერილით ეთხოვა  აჭარის პოლიციის დეპარტამენტს შეიარაღებული პირების უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების მიზნების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.

„ავტონომია უნივერისტეტს“ წევრების თქმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კიდევ ერთი ღია შეხვედრის ჩატარების შეთავაზებაზე უარი განაცხადა. თუმცა, დოკუმენტებში, რომელიც  “ბათუმელებს” მოგვიანებით გააცნეს უნივერსიტეტში, წერია, რომ ადმინისტრაცია მზად არის სხვა ნებისმიერ დროს მიიღოს მონაწილეობა სტუდენტების მიერ ორგანიზებული მსგავსი საკითხების განხილვაში. 

სტუდენტური მოძრაობა „ავტონომია უნივერისტეტს”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარტის თვეში განვითარებული მოვნლენებისა და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია #115“-ის ჩამოყალიბების პარალელურად შეიქმნა. თავდაპირველად ბსუ-ს სტუდენტთა ნაწილი „აუდიტორია #115“-ის წევრებს სოლიდარობას უცხადებდნენ და მათ მოთხოვნებს უერთდებოდნენ. მათ ასევე დააყენეს ბსუ-ში არაოფიციალური „ოდეერის“ არსებობის საკითხი.

21 მარტს, ბსუ-ს 55-ე აუდიტორიაში „ავტონომია უნივერსიტეტს“ ინიციატივით  ღია შეხვედრა მოეწყო სტუდენტების, ლექტორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებს შორის.

შენიშვნა: მოცემული სტატიის თავდაპირველი ვერსია შეიცავდა გარკვეულ უზუსტობებს, შესაბამისად, ის ვებგვერდზე განთავსებულია შეცვლილი სახით.

ხულოში დიდაჭარობა აღნიშნეს [ფოტო]

12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამავე დღეს აღინიშნება დიდაჭარობა.

ყოველწლიურად  ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარას სტუმრობენ, სადაც ანდრია პირველწოდებულის სახელობის ნაეკლესიარია. სოფელში იმართება კონცერტი და სხვადასხვა ღონისძიება.

წელს დიდაჭარობაზე სტუმრებს შორის იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი,  ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე, ასევე ხულოსა და შუახევის გამგებლები – ბესიკ ბაუჩაძე და ტარიელ ებრალიძე.

სტუმრებმა ნაეკლესიარიდან დიდაჭარის საჯარო სკოლის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც სასულიერო პირებმა ღვთისმშობლისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატებიც მიიტანეს.

სკოლის მოსწავლეებმა და ადგილობრივებმა სკოლაში საზეიმო კონცერტი გამართეს.

13224143_529036220637685_2102951047_o
სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის ეზო / 12.05.2016
13225116_529036103971030_705888202_o
კონცერტი სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში / 12.05.2016
13230866_529035997304374_650401310_o
კონცერტი სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში / 12.05.2016
13230890_529035993971041_650146608_o
კონცერტი სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში / 12.05.2016
13224107_529036020637705_585868773_o
კონცერტი სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში / 12.05.2016

ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში

გიორგი ბრწყინვალისა და 26 მაისის ქუჩების კუთხეში, ავტოსამრეცხაოს უკან, ძველი, ქვის კედლებზე ჩამოშლილი კრამიტებიანი სახურავია. ამ სახურავის ქვეშ, ქვის კედლებში (რომლებიც ნელ-ნელა იშლება), ლპობაშეპარულ ხის იატაკსა და ჭერს შორის ორი ოჯახი ცხოვრობს. შესასვლელი ხის ფიცრებით შეჭედილი პატარა ხიდულაა, სადაც ჩამოშლილი სახურავის ბოძებისა და ფიცრებისგან, ისევე, როგორც ამ სახურავიდან გადმოწეული კრამიტებისგან, თავის ასარიდებლად სიფრთხილე გმართებთ. ვიწრო დერეფნის ხის იატაკი დაწეულია, ალაგ-ალაგ ჩანს სარდაფიც… ჭერის ბოძები ნახევრად ჩამოშლილია, შესაძლოა სწრაფი მოძრაობის ან სიბნელის გამო სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიიღო.

სწორედ ამიტომ ხშირად გვიმეორებს გულნარა სალუქვაძე, რომ ფრთხილად ვიყოთ, შემობრუნების დროსაც კი. თან საკუთარი ბინის კარისკენ მიგვიძღვება, სადაც დედამთილი და მეუღლე ელოდებიან. ბინაშიც არ არის განსხვავებული მდგომარეობა, ჩამოსული წყლის კვალი, ხვრელები ჭერში…

შესასვლელი კარის პირდაპირ გულნარა სალუქვაძის დედამთლი, 82 წლის მარია ლეონოვა ზის. ის გიორგი ბრწყინვალის 48 ნომერში ყველაზე დიდი ხნის მკვიდრია. როგორც ყვება, ტყავის ქარხანაში მუშაობდა მთავარ ბუღალტრად. იმ სახლში, სადაც ახლა ცხოვრობს, ბუღალტრების „კანტორა“ ყოფილა. როცა სხვა მისამართზე გადაუტანიათ ეს „კანტორა“, ძველ შენობაში მარია ლეონოვასთვის, რომელიც ნაქირავებში ცხოვრობდა, ბინა გადაუციათ. ეს იყო 1959 წელს. მარია ლეონოვა დღემდე ინახავს მაშინ გაცემულ ორდერს.

სახლი, რომელშიც ორი ოჯახი დღემდე ცხოვრობს

ამ დროისთვის მარია ლეონოვა 62 წლის ვაჟთან და 56 წლის რძალთან ერთად ცხოვრობს. შვილიშვილები არ ჰყავს. მხედველობისა და სმენის პრობლემები აქვს, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან ერთად. ამბობს, რომ სამი წელია სახლიდან ვერ გადის და რძალი – გულნარა სალუქვაძე უვლის. ოჯახს არც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, არადა, შემოსავალი მხოლოდ მარიას პენსიაა. ახლა ყველაზე დიდი პრობლემა მათთვის სახლია, რომელიც ყოველდღიურად თავზე ენგრევათ.

გულნარა სალუქვაძე სადარბაზოში შესასვლეს გვაჩვენებს
გულნარა სალუქვაძე სადარბაზოს შესასვლელთან

„არ მინდა მაგათი ფული, გაგვიყვანონ აქედან ჩვენი ბინის სანაცვლოდ, ან ეს გაამაგრონ და გაარემონტონ. ყოველდღე რისკის ქვეშ ვცხოვრობთ. ერთი ძლიერი ქარი დაანგრევს ყველაფერს“, – ყვება გულნარა სალუქვაძე.

მათ ისედაც ძველ და სარემონტო სახლს სახურავი იანვრის დიდთოვლობაზე ჩამოექცა. გულნარა სალუქვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ სხვადასხვა ინსტანციას არაერთხელ მიმართა – დახმარება არსაიდან ჩანს. ახლა იხსენებს, რომ დიდთოვლობამდე რამდენიმე წლით ადრე სახლის გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება უნდოდა, მაგრამ შესაბამის სამსახურებში უთხრეს, რომ მხოლოდ ხის კონსტრუქციები შეეძლო გამოეყენებინა, ხოლო ბეტონის ჩამოსხმის შემთხვევაში მას დააჯარიმებდნენ.

სადარბაზოში შემოსასვლელი, ხის ფიცრებით შეჭედი პატარ ხიდია
სადარბაზოში შემოსასვლელი ხის ფიცრებით შეჭედილი პატარა ხიდი
სადარბაზოს იატაკი გადახრილი და ჩამოცვენილია ჭერის ბოძები
სადარბაზოს იატაკი გადახრილია, ჩამოცვენილია ჭერის საყრდენი ბოძები
შუა სადარბაზოში ნახევრად ამოვარდნილი წვეტიანი ჭერის ბოძი
შუა სადარბაზოში ჩამოვარდნილი წვეტიანი ბოძი

„30 იანვარს მივმართე მერიას, მას შემდეგ ექვსი განცხადება მაქვს და წესიერი პასუხი არ მიმიღია. ხან იმას გადააწერეს, ხან მეორეს, არ ვიცი პასუხი სადაა. მანველიძესთან [ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე] ვიყავი მისული, ერთხელ შემხვდა და მერე აღარ მხვდებოდა, ხან ვითომ ის მიზეზი, ხან – ეს… მერე მთავრობაშიც ვიყავი მისული და დამირეკა მანველიძემ მოდიო. სიტყვიერად დამპირდა ნაქირავებში გაგიყვანთ და სამი თვე 350 ლარს გადაგიხდითო.

მართლაც ასე იყო, გასული ვიყავით ნაქირავებში. ორი თვის ფული დაგვიანებით ირიცხებოდა და ბინის მეპატრონემ გამოგვიშვა. ისევ ძველ სახლში დავბრუნდით. მეოთხე თვე მიდის და მესამე თვის ფული ჯერაც არ არის დარიცხული, როგორ არ დავბრუნდებოდი… სადმე ხომ უნდა ვიცხოვროთ?! ეს მოხუცი სად წავიყვანო?! ჩემმა ქმარმა სამსახური დაკარგა, რაც ჰქონდათ იქაც 150 ლარამდე იყო ხელფასი. ის ეთნიკურად რუსია, ჩვენთან ქართველს უჭრის მუშაობა და მას ვინ ამუშავებს… „ბალკები“ ჩამოშლილი, ყოველდღე ცვივა კრამიტი და ხის კონსტრუქციის ნამსხვრევები, წყალი დიდი ხანია ჩამოგვდის… ცოტა ხნის წინ, ძლიერი ქარის დროს, მეზობლებთან შევაფარეთ თავი“, – ყვება გულნარა სალუქვაძე.

მისი თქმით, მერიამ მთავრობასთანაც გადაამისამართა, მაგრამ მათგან მიიღო პასუხი, რომ მთავრობაში მხოლოდ ეკომიგრანტებისთვის იყო გამოყოფილი მსგავსი დახმარება და კვლავ მერიასთან გადაამისამართეს. 

ბინაში ჭერში ხვრელებია და წყალი ჩამოდის
ჭერში ხვრელებია და წყალი ჩამოდის
ადგილებზე სადაც წყლის წვეთი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჩამოდის ტატშტები აქვთ დადგმული
ადგილებზე, სადაც წყალი დიდი ოდენობით ჩამოდის, ტაშტები აქვთ დადგმული

მარია ლეონოვა ცდილობს აგვიხსნას, რომ მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა და ახლა, როცა დასვენებისა და მშვიდი სიბერის დრო უნდა ჰქონდეს, გარეთ გაუსვლელად ცხოვრობს საკუთარ სახლში, რომელიც იქცა ერთგვარ საფრთხედ. იმეორებს, რომ მხოლოდ გაცვლა უნდა საკუთარი ბინის ან უსაფრთხოების უზრუნველყოფა.  რომ ამ ქვეყანაში მისი ასაკის ხალხი არავის სჭირდება, ბოლო დროინდელმა ამბებმა კი ყველა იმედი გადაუწურა და ყურის სასმენ აპარტზე ოცნებაც შეაწყვეტინა. ახლა ის აწუხებს, მისი წამლების ხარჯებთან ერთად ამდენი პრობლემა დააწვა თავის რძალ-შვილს.

82 წლის მარია ლეონოვა
82 წლის მარია ლეონოვა

„ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, რომ პირი, ვისაც მარია ლეონოვასა და გულნარა სალუქვაძის განცხადებებზე შეუძლია ინფორმაციის მოწოდება, შვებულებაში იმყოფებოდა და ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი პროგრამა – ბავშვებში კალციუმის დეფიციტის პრევენციისთვის

2017 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მოქმედ პროგრამებს კიდევ ერთი ახალი პროგრამა დაემატება, რომლის მიზანიც რეგიონის ბაღის აღსაზრდელებში კალციუმის დეფიციტისa და ოსტეოპოროზის ადრეული გამოვლენაა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2017 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა გუშინ, 11 მაისს მოეწყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრიორიტეტებზე ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის – ,,Ca–ის დეფიციტის პრევენცია სამიზნე ჯგუფში“- ფარგლებში დაგეგმილია ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა ინსტრუმენტულ -ლაბორატორიული გამოკვლევით (ულტრაბგერითი დენსიტომეტრია, კალციუმის განსაზღვრა სისხლში) და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური პროფილაქტიკა.

პროგრამის მოსარგებლეები რეგიონის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები იქნებიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, ცვლილება შევა პროგრამაში – ,,ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში“. 2017 წელს ყველა მოსარგებლეს ჩაუტარდება მედიკამენტოზური პროფილაქტიკა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ორსულს გადაეცემა მედიკამენტის სამკურნალო დოზის გარკვეული მარაგი.

78 წლის ხელოსანი კომპანიამ მოატყუა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ შევაბურში მცხოვრები 78 წლის იური ბასილაძე შპს „კაპიტალს“ 3 400 ლარს ედავება. კომპანიასა და იური ბასილაძეს შორის დავის მიზეზი სოფელ ბელტურში ბაგირზე დაკიდული ის ხიდია, რომელიც იურიმ ორ შვილთან ერთად კომპანიასთან სიტყვიერი მოლაპრაკების საფუძველზე შეაკეთა. იურის თქმით, გაწეული სამუშაოებისთვის კომპანია მას დაპირებულ ანაზღაურებას არ უხდის.

78 წლის იური ბასილაძემ სოფელ ბელტურში ბაგირზე დაკიდული ხიდი შპს „კაპიტალთან“ სიტყვიერი მოლაპარაკების საფუძველზე გასულ წელს ორ შვილთან ერთად გაარემონტა. როგორც თვითონ ამბობს, ხიდის გასარემონტებლად 45 დღე დასჭირდა. იურის თქმით, სკოლის მოსწავლვლეებისთვის გადაადგილების პრობლემა რომ აეცილებინა და რემონტი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაესრულებინა, ამ ხნის განმავლობაში დილიდან საღამომდე თავდაუზოგავად მუშაობდა.

იური ბასილაძე
იური ბასილაძე
„უამრავი ბაგირის ხიდი მაქვს გაკეთებული და გარემონტებული, ეს ყველამ იცოდა. როდესაც კომპანიამ ბაგირზე დაკიდული ხიდის ტენდერი მოიგო და დასჭირდა ამ საქმის მცოდნე, უთხრეს, რომ მე ვიყავი სპეციალისტი. სწორედ ასე დამიკავშირდა ეს კომპანია. პირველ ეტაპზე სიტყვიერად მოვილაპარაკეთ, რომ 3 400 ლარს გადაგვიხდიდა. პირველ აგვისტოს დავიწყეთ მუშაობა და 15 სექტემბერს დავასრულეთ“, – ამბობს იური. მისი თქმით, მუშაობის ათეულობით წლების გამოცდილება აქვს, მაგრამ დღემდე ასე არავის მოუტყუებია.

„ეს პირველი შემთხვევაა, მოტყუებული რომ დამტოვეს მოხუცებული კაცი. ჯერ კიდევ სამუშაოს დაწყებისთანავე ვთხოვდი კომპანიის წარმომადგენლებს ხელშეკრულება გაეფორმებინათ ჩვენთვის. სამი დღის შემდეგ საერთოდ აღარ გამოჩენილან ობიექტზე, მხოლოდ ტელეფონით ვუკავშირდებოდი. ხიდის გარემონტების დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვე იქნებოდა გასული, როდესაც გავიგე, რომ ამ კომპანიას ქედაში სხვა ობიექტები ჰქონდა აღებული და ის ობიექტები მიეტოვებინა. გამგებელთან ავედი, ვუთხარი კომპანიის წარმომადგენლები არ მოდიოდნენ, მე ხელშეკრულება არ მქონდა გაფორმებული და უხელფასოდ ხომ არ დავრჩებოდი. გამგებელმა მითხრა, ხიდის მშენებლობა არ გამიჩერო და რაც იმუშავე, ერთი თეთრიც არ დაგეკარგებაო. მეც გამგებლის სიტყვას ვენდე, მუშაობა გავაგრძელე და ხიდის გარემონტება დავასრულე. ვინმეს რომ არ ეთქვა ხიდი გაუღებავია და დაუსრულებელიაო, საღებავიც კი საკუთარი თანხით ვიყიდე, 85 ლარი გადავიხადე და სამუშაოები ხიდის გაღებვით დავასრულე“, – ყვება იური.

ხიდის შეკეთების დასრულებიდან შვიდი თვე გავიდა, თუმცა იურის და მის შვილებს დაპირებული თანხა – 3 400 ლარი დღემდე არ მიუღიათ. იურის სასამართლოს იმედი აქვს და სჯერა, რომ მისი შრომის საფასურს ამ გზით დაიბრუნებს. მის ინტერესებს სასამართლოში საიას იურისტები დაიცავენ.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ადასტურებს, რომ ხიდი 78 წლის იურიმ შეაკეთა. თუმცა, მისი თქმით, გამგეობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია კომპანია აიძულოს, სამუშაოს შემსრულებელს თანხა გადაუხადოს.

„ერთადერთი, რაც ჩვენ შეიძლება კომპანიას მოვთხოვოთ, ეს არის დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვა. რაც შეეხება ანაზღაურებას, ყველა მუშამ უნდა მოითხოვოს და ხელშეკრულება გააფორმოს კომპანიასთან. მე ვუთხარი ბატონ იურის სასამართლოსთვის მიემართა. გამგეობა დაადასტურებს, რომ ხიდი მან შეაკეთა, ჩვენ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გავწყვიტეთ, რადგან ქედის გამგეობის ორი ტენდერით აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და ობიექტები დაუსრულებელი დატოვა. ამ სამუშაოების დასასრულებლად მეორედ მოგვიხდა ტენდერის გამოცხადება“, – ამბობს დავით დუმბაძე.

კომპანიის დირექტორი როლანდ დიასამიძე ამბობს, რომ ცდილობს იური ბასილაძეს მისი კუთვნილი თანხა მანამდე გადაუხადოს, ვიდრე სასამართლო პროცესი დაიწყება: „ქედის გამგეობამ შესრულებული სამუშაოებისთვის 7 000 ლარი ჩაგვირიცხა, რაც შეეხება ხიდზე მომუშავეთა ანაზღაურებას, იმ ობიექტზე მინდობილმა პირმა მომატყუა და იური ბასილაძეს თანხა არ ჩაურიცხა, ვცდილობ, თანხა მოვიძიო და გადავუხადო“.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბელტურის ბაგირზე დაკიდული საცალფეხო ხიდის, დამცავი გაბიონისა და მასთან ერთად სამ ობიექტზე ტენდერი ქედის გამგეობამ 37 305 ლარზე გასული წლის 25 მაისს გამოაცხადა. ხელშეკრულება ქედის გამგეობამ ტენდერში გამარჯვებულ შპს „კაპიტალთან“ 27 898 ლარზე ივნისში გააფორმა. იმავე დღეს გამგეობამ ამ კომპანიას კიდევ ერთი ხელშეკრულება გაუფორმა, რითაც კომპანია ვალდებულებას იღებდა, რომ 49 999 ლარით ქედის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებდა. კომპანიამ ორივე ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების მხოლოდ ნაწილი შეასრულა, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებისთვის შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ქედის გამგეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კომპანია შავ სიაში გადაიყვანა.

ფოტოზე: ბაგირის ხიდი აჭარაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

როდის დაიცავენ ქვეყანაში მშენებელი მუშების უფლებებს

ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე სახლის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა დაიღუპა. ეს უკვე 359-ე უბედური შემთხვევაა ბოლო 10 წლის განმავლობაში მშენებლობიდან ადამიანის ჩამოვარდნის და დაღუპვის. მხოლოდ წელს ბათუმში უკვე სამი ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა მშენებარე კორპუსის სხვადასხვა სართულიდან გადმოვარდნის შედეგად. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არავის აქვს უფლება აკონტროლოს არის თუ არა დაცული შრომის უსაფრთხოების პირობები მშენებლობის დროს. არც დასჯის უფლება აქვს ვინმეს.

„ჩვენ სწორი გზით მივდივართ“, – მიიჩნევს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია იმის მიუხედავად, რომ მის სამსახურს, მშენებელი კომპანიის ნებართვის გარეშე, არ აქვს უსაფრთხოების ნორმების შემოწმების უფლება. დეპარტამენტს არ აქვს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სანქციის გატარების უფლებამოსილება.

მშენებლობებზე ადამიანების დაღუპვის მაჩვენებელი კი მატულობს: „ბევრი დარღვევაა უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატისტიკა საკმაოდ პოზიციტიურია. შემოწმებული კომპანიებიდან 60 პროცენტს ნაწილობრივ შესრულებული აქვს რეკომენდაციები, 30 პროცენტს – სრულად, ხოლო 10 პროცენტს, ეს სადღაც 7 კომპანია გამოდის, არ გაუთვალისწინებია რეკომენდაციები“.

ელზა ჯგერენაიას აზრით, შრომის დაცვის ინსპექცია მართებულად გააუქმეს, რადგან კორუფციის რისკები ძალიან მაღალი იყო და რეალურ კონტროლს ეს მექანიზმი ვერ უზრუნველყოფდა. ამ სფეროში ჩართული პირები კი პირიქით ფიქრობენ. მათი მტკიცებით, მაკონტროლებელი ორგანოს გაუქმება იყო დანაშაული და გაუქმების ნაცვლად, ის უნდა გაეძლიერებინათ.

„მუშა აბსოლუტურად დაუცველია, ელემენტარული ჩაფხუტი და ქამარიც კი არ აქვთ ბევრგან“, – ამბობს აჭარის მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, იაშა გურგენიძე. ის წლებია ამ მიმართულებით მუშაობს. მისი დაკვირვებით, ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, როცა 2006 წელს შრომის დაცვის ინსპექცია გაუქმდა. „მარტო აჭარაში ამჟამად დაახლოებით 7 ათასამდე ადამიანი მუშაობს მშენებლობებზე. ამ ადამიანების დაუცველი შრომა რატომღაც დღემდე არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ. კანონში ყველაფერი შესანიშნავად წერია, მაგრამ არავინ ამოწმებს არის თუ არა სადმე დაცული უსაფრთხოების ნორმები. ელემენტარული ნორმების დაცვას არც ისე ბევრი თანხა სჭირდება, მაგრამ ინვესტორები ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ, რისკავენ, სიხარბე სძლევთ“, – ამბობს იაშა გურგენიძე.

მშენებელი კომპანიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებენ დამსაქმებელთა ასოციაციაშიც. „ბევრი აბრალებს მუშებს, რომ ისინი არ იცავენ დისციპლინას, მაგრამ თუკი დამსაქმებელი მოითხოვს, შეუძლებელია, უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტის დაცვა პრობლემა იყოს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ფუნდამენტური პრინციპების დაუცველობა ხდება უბედური შემთხვევის მიზეზი. ვიდრე სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხი არ დადგება, არავინ ამოწმებს უსაფრთხოების პირობებს“, – გვეუბნება დავით ჭყონია, „დამსაქმებელთა ასოციაციის“ აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე დაწყებულ გამოძიებებს თვალს ადევნებს იაშა გურგენიძეც: „არ გამიგია ვინმე დაეპატიმრებინოთ ამის გამო. აჯარიმებენ 10-12 ათასი ლარით და ისევ გრძელდება მშენებლობა“.

გამოძიება უკვე დაწყებულია კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშის საქმეზე. კომპანიის ხელმძღვანელობა ჯერ გასაუბრებას დაგვპირდა, თუმცა შემდეგ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

გამოძიება არ დასრულებულა, მაგალითად, მიმდინარე წლის 8 თებერვალს „პორტა ბათუმის“ მშენებლობაზე მუშის დაღუპვის საქმეზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

„აქ 200-მდე მუშაა. ბევრი გათავისუფლდა, ან თავისი სურვილით წავიდა, რადგან უსაფრთხოების კუთხით მოთხოვნების შესრულება არ სურს“, – ამბობს თემურ ზანაქიძე, „პორტა ბათუმის“ მშენებლობის უსაფრთხოებაზე ხელმძღვანელი პირი. მისი თქმით, მუშის დაღუპვა მისივე გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. „ხელშეკრულების გაფორმების დროს, მათ დეტალურად ვაცნობთ უსაფრთხოების ინსტრუქციებს. შემდეგ თვეში ორჯერ ვუტარებ ტრენინგებს და დეტალურად ვახსენებ წესებს. თითოეულ ჯგუფს ვაკვირდები ყოველდღიურად, რომ არ იმუშავოს, მაგალითად, ჩაფხუტის, ან შესაბამისი ჟილეტის გარეშე“, – გვიყვება თემურ ზანაქიძე.

რატომ არიდებს თავს ხელისუფლება სანქციების ამოქმედებას იმ მშენებელი კომპანიების მიმართ, ვინც უსაფრთხო შრომის პირობებს არ ქმნის? – ელზა ჯგერენაია, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სანქციები უნდა დაწესდეს, მაგრამ ეტაპობრივად: „ეს არაა დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოზე, დასაქმებულზე ან დამსაქმებელზე – სამივეს ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ. შესაძლოა, მკაცრმა სანქციებმა გარკვეული მშენებლობის შეჩერება და უმუშევრობა გამოიწვიოს. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ ამაზე მსჯელობა პროფესიულ კავშირებთან და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად. აუცილებლად უნდა შემუშავდეს კანონპროექტი ამ კუთხით და ეს წლის ბოლომდე გაკეთდება. ზაფხულის დასაწყისში ამ თემაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მრგვალ მაგიდას მოაწყობს. იქ ვიმსჯელებთ, სანქციების რა მოდელი იქნება ყველაზე ეფექტური“.

კანონის სრული სიმკაცრით ამოქმედების მომხრე არც „დამსაქმებელთა ასოციაციაა“. „კანონმდებლობა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოშია მიღებული. ეს კანონი საკმაოდ მკაცრია და მისი სრულად ამოქმედება დაარტყამს ბაზარს, მაგრამ ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერ მშენებელს მოსთხოვონ მინიმალური პირობების დაკმაყოფილება, მაგალითად, აღჭურვილობის შეძენა, რაც ერთი მუშის შემთხვევაში 200 ლარამდე ჯდება“, – აცხადებს დავით ჭყონია.

რატომ აარიდა თავი, ან რატომ ვერ მოიცალა ხელისუფლებამ დღემდე უსაფრთხო შრომითი ნორმებისთვის, რომლის დაუცველობასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება? – „ასე არ არის, არ აგვირიდებია თავი. უბედური შემთხვევა ყველა ქვეყანაში ხდება და შრომის ინსპექცია არ არის იმის გარანტი, რომ 100 პროცენტით აღმოიფხვრება ასეთი შემთხვევები,“ – ამბობს ელზა ჯგერენაია, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„ჩვენთვის სად სცალიათ პოლიტიკოსებს? ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს და ამას ვეუბნები სხვებსაც. ეთამაშებიან სიკვდილს, სიცოცხლე ყველას გვინდა, მაგრამ ბევრს ჩაქნეული აქვს ხელი ყველაფერზე“, – გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსთან, რომლის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 40 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ევროპული ქალაქის არაევროპული ავტოსადგური

ავტოსადგურები ტურისტული ქალაქების ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ბათუმს კი აქვს ავტოსადგური, რომლის ინფრასტრუქტურა წლებია არ განახლებულა. ქალაქის შემოსასვლელში არსებული სადგურის შენობა, ასევე მიმდებარე ტერიტორია მოუწესრიგებელია – მგზავრებს გადაადგილება არაჰიგიენურ გარემოში უწევთ. როგორც ჩანს, ბათუმის ავტოსადგურის განახლება ჯერ არ იგეგმება. ამ თემაზე სააქციო საზოგადოება „ბათუმის სადგურის“ უფროსის მოადგილემ, ბადრი სოლომონიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ბადრი სოლომონიძე
ბადრი სოლომონიძე
ბატონო ბადრი, იგეგმება თუ არა 2016 წლისთვის ავტოსადგურის ინფრასტრუქტურის განახლება და თუ არა, რატომ?

ინფრასტრუქტურა გასაახლებელია და ვაპირებთ რაღაცების გაკეთებას. ტურისტული სეზონის დაწყებამდე მეორე სართულის მოწესრიგებას ვგეგმავთ შიგნიდან. გასულ წელს მეორე სართულზე სასტუმრო გავაკეთეთ და სახურავი მოვაწესრიგეთ. პირველ სართულზე ტერიტორია მთლიანად არის მობეტონებული, დანარჩენი კი კომერციული ობიექტებია და ცდილობენ მოაწესრიგონ გარემო… მთლიანობაში ინფრასტრუქტურაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი.

შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც ავტოტრანსპორტი ჩერდება, არაფრის შეცვლას არ აპირებთ?

მიმდებარე ტერიტორიაც გვინდა მოვაწესრიგოთ, დავხაზოთ ადგილები და ისე გავაჩეროთ ავტომანქანები. მოიშლება ღობეც, რომელიც ავტოსადგომს აქვს შემოკრული, არც თავის დროზე იყო საჭირო მაგის გაკეთება.

ავტობუსების გასაჩერებელ ადგილზე სახურავი არის დახავსებული, წვიმა ჩამოდის და დგება ტბორები. ამ მიმართულებით რას შეცვლით?

მართალია, ეგ სახურავიც შესაბათქაშებელია და ამ სამუშაოებს წელს შევასრულებთ.

გაქვთ პროექტი, რისი მიხედვითაც აახლებთ შენობის ინტერიერს ან ექსტერიერს, თუ სამუშაოები სპონტანურად ხორციელდება?

ჩვენ გვინდა ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობები ამის საშუალებას არ იძლევა. იმდენი არ არის, რამდენიც ავტოსადგურის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ევროსდანტარდებთან მიახლოებას სჭირდება.

სახელმწიფო წილი რამდენია „ბათუმის ავტოსადგურში“ და ამ წილიდან გამომდინარე აკისრია რაიმე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს?

ეკონომიკის სამინისტროს აქვს 30-პროცენტიანი წილი, მაგრამ ცალკე სამინისტრო ვერაფერს გააკეთებს, ერთად უნდა შევიმუშაოთ პროექტი.

როდის და რაზე იმუშავეთ ერთად და როგორია სამინისტროს პოზიცია მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე?

სამი წლის განმავლობაში 480 ათასი ლარის სარემონტო სამუშაოები გავაკეთეთ და ეკონომიკის სამინისტროსთვის ეს ცნობილია. გვქონდა სამმილიონიანი პროექტი, ინვესტორიც გვყავდა, მაგრამ წინა ხელისუფლებამ არ დაგვიმტკიცა და ინვესტორიც წავიდა.

მოქმედი მთავრობის დროს ხომ შეგეძლოთ ისევ წარგედგინათ ეს პროექტი?

რადგან ინვესტორი წავიდა, პრობლემები გაჩნდა და საქმე დღემდე სასამართლოშია. ვედავებით ინვესტორსაც და ძველ მთავრობასაც, ვითხოვთ პროექტზე დახარჯული თანხის კომპენსაციას. ორი პროექტი გავაკეთეთ, რომელიც 50 ათასი დოლარი დაგვიჯდა.

თქვენ თქვით, რომ შემოსავალი ცოტა აქვს სადგურს, ხომ არ აპირებთ ბიზნესპარტნიორის მოძიებას და რას შეცვლის ეს?

რა თქმა უნდა, მაგაზე ვფიქრობთ, რადგან სადგურების საკითხი ქალაქში მოწესრიგებული არ არის და მთელი ქალაქი გავსილია მიკროავტობუსებით, მინიბუსებით და ამის გამო მგზავრი სადგურში აღარ შემოდის. ამიტომ ვცდილობთ მოვიყვანოთ ვინმე პარტნიორი და გავზარდოთ შემოსავლები. სამი მილიონი ლარი სჭირდება სადგურის მოწესრიგებას, ეს თანხა კი ამ დროისთვის არ გვაქვს.

ბათუმის ავტოსადგური
ბათუმის ავტოსადგური

ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ნივთების გამოფენა ბათუმში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, 26 მაისთან დაკავშირებით, დღეს, 12 მაისს, ბათუმში, „ვარდების სკვერში“  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ექსპონატები გამოფინეს. გამოფენა ბათუმში 17:00 საათამდე გაგრძელდება, ხვალ კი ექსპონატებს ოზურგეთში  გამოფენენ.  საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ექსპონატების გატანას რეგიონებში.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია ფრანგულ ენაზე. გამოცემის წელი 1919. ფოტო: ლელა დუმბაძის.
საქართველოს პირველი კონსტიტუცია ფრანგულ ენაზე. გამოცემის წელი 1919.
ფოტო: ლელა დუმბაძის

 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლის,  ჯული ცხვედიანის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტი, 1919 წელს, ფრანგულ ენაზე დაბეჭდილი საქართველოს პირველი კონსტიტუცია, 1918-21 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო თამარ მეფის ორდერი, პირველი პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები – საბეჭდი მანქანა, ხელჯოხი და სამელნეები. აქვეა წარმოდგენილი ნოე რამიშვილისა  და ექვთიმე თაყაიშვილის ნაქონი ხელჯოხებიც.

ნოე ჟორდანიას და ნოე რამიშვილის პირადი ნივთები. ფოტო: ლელა დუმბაძის
ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის პირადი ნივთები.
ფოტო: ლელა დუმბაძის

 

ექსპონატები დასავლეთ საქართველოს ხუთ ქალაქში გამოიფინება, შემდეგ კი აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში გამოფენენ.

ექვთიმე თაყაიშვილის ხელჯოხი. ფოტო: ლელა დუმბაძის
ექვთიმე თაყაიშვილის ხელჯოხი.
ფოტო: ლელა დუმბაძის

 

ნოე ჟორდანიას საბეჭდი მანქანა.
ნოე ჟორდანიას საბეჭდი მანქანა.

 

სამელნეები, რომლითაც ნოე ჟორდანია სარგებლობდა.
სამელნეები, რომლითაც ნოე ჟორდანია სარგებლობდა.

 

ნოე რამიშვილის პირველი სავიზიტო ბარათი
ნოე რამიშვილის პირველი სავიზიტო ბარათი

 

1918 წლის საქართველოს მთავრობის წევრები.
1918 წლის საქართველოს მთავრობის წევრები.

ენმ: დავით ქარცივაძეს უსკოს თავმჯდომარედ მხარს არ დავუჭერთ

დღეს, 12 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა: მიშა მჟავანაძემ [ფრაქცია „მაჟორიტარები“], ასმათ დიასამიძემ [ფრაქცია „თავისუფლება“], პეტრე ზამბახიძემ და ეკატერინე თარგამაძემ [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“]  ერთიანი ბრიფინგი გამართეს. ისინი აჭარის თავმჯდომარის მიერ  აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად უმაღლესი საბჭოსთვის დავით ქარცივაძის, ხოლო უსკოს წევრობის კანდიდატებად მამუკა ჯაშისა და ირაკლი გვარამიას კანდიდატურების წარდგენას გამოეხმაურნენ. მათი თქმით მხარს არ დაუჭერენ დავით ქარცივაძისა და მამუკა ჯაშის კანდიდატურებს და იგივესკენ მოუწოდებენ სხვა დეპუტატებსაც.

„ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი იყო სწორედ იმ სიაში, რომლიდანაც აარჩიეს დეპუატატის შვილი და  პარტიული ნიშნით, ცალკეული პარტიის – „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი. ეს არის მიუღებელი და მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ყველა დეპუტატს, ვინც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ არ წავიდეს კანონის და საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ, რათა არ მივიღოთ მართული საარჩევნო ადმინისტრაცია“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პეტრე ზამბახიძემ.

ფრაქცია „თავისუფლების“ წარმომადგენელმა, ასმათ დიასამიძემ განაცხადა, რომ ფრაქციის ორი წევრი – თავად, ასმათ დიასამიძე და მურმან ბერიძე, უერთდებ აღნიშნულ განცხადებას და თვლიან, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მიკერძოებულად წარმოადგინა კანდიდატურები და უარი თქვა სხვა ნეიტრალურ კანდიდატებზე კომისიის მიერ წარდგენილი სიიდან:

„ამ შემთხვევაში ძალიან გულდასაწყვეტია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს თავისი კანდიდატურის და კანდიდატის წარმოდგენას, მხარდაჭერას. მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ პირველ რიგში იყვნენ მართლანი საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ასმათ დიასამიძემ.

კონკურსი სოციალური საწარმოების ასამოქმედებლად

სოციალური მეწარმეობის ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში 4 პროექტი შეირჩევა. თითოეული ჯგუფი დაფინანსების სახით 8 ათას ევროს მიიღებს. პროექტი ითვალისწინებს იმ ბიზნესპროექტის განხორციელებას, რომელიც რომელიმე სოციალური პროგრამის მოგვარებას შეუწყობს ხელს, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასაქმება, ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება და ასე შემდეგ.

პროექტს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ასევე ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი უწევს ორგანიზებას ევროკავშირის მხარდაჭერით. დღეს პროექტის ორგანიზატორებმა საინფორმაციო შეხევდრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს.

„ამ პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდების ჩართულობა. პროექტი სამწლიანია და ყოველწლიურად დაფინანსებული 4  ბიზნესჯგუფის გარდა, დაფინანსებას მიიღებს სტუდენტთა ერთი ჯგუფიც – დაახლოებით 20 ათასი ლარის ოდენობით. პროექტში ჩართული სტუდენტების ნაწილი ასევე მიიღებენ დაფინანსებას, დაახლოებით 1500 ლარის ოდენობით, უკვე არსებული სოციალური საწარმოების მხარდასაჭერად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი გიგა ჩიტიშვილი.

ეს ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს ამ პროექტს. ამჯერად სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ევროკავშირი გახდა და გაიზარდა პარტნიორი ორგანიზაციების ქსელიც. გიგა ჩიტიშვილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე 50 სოციალური საწარმოა შექმნილი: „ბათუმში ასეთია „აგროდილერი“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მარწყვს აწარმოებს. სოციალური წარმოების კარგი მაგალითია ტრადიციული მოდის სახლიც, სადაც შშმ პორები ქართული ორნამენტებით ევროპულ ტანსაცმელს კერავენ“.

პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო ცენტრი ქუთაისში გაიხსნება. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ საინიციატივო ჯგუფს შეუძლია, სადაც მინიმუმ ორი წევრი მაინცაა გაერთიანებული. ყოველწლიურად 16 ჯგუფი შეირჩევა. მათ სოციალურ წარმოებაზე სამთვიანი ტრენინგი ჩაუტარდებათ. გამარჯვებული 4 გუნდი კი დაფინანსებას მიიღებს და სოციალურ საწარმოს აამუშავებს.

socialuri mecarmeoba

საკრებულოს წევრი სარეკრეაციო ზონაში მშენებლობას აპროტესტებს

ზუბალაშვილის და ლუკა ასათიანი ქუჩების კვეთაში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია„თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელმა, კობა ჩხეიძემ გააპროტესტა. მისი თქმით, სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს.

„საქმე გვაქვს სამართალდარღვევასთან, რომელსაც ხელი შეუწყო ბათუმის მერმა, საკრებულოს წინა თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა. ამ უკანონობას დღესაც უწყობს ხელს მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც არ რეაგირებს ამ დარღვევებზე. ეს არის დივერსიული აქტი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  მხრიდანაც არის წახალისებული.  ერთადერთი ინტერესი აქ არის ის, რომ ინვესტორი იყოს ფუფუნებაში საჯარო ინტერესების დაცვის ხარჯზე“ – აცხადებს კობა ჩხეიძე.

3737
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის N02/610 ბრძანებით ზუბალაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში არსებული ტერიტორიის ნაწილი სარეკრეაციო ზონაა. ბრძანებას თან ახლდა რუკა, სადაც სარეკრეაციო ზონები მწვანე ფერითაა აღნიშნული.

ვიდრე ზუბალაშვილის ქუჩა N37-ში მშენებლობას კომპანია „DS GROUP” დაიწყებდა, ტერიტორიიდან 25 ძირი მრავალწლიანი ხე გადაიტანეს, 2 – მოჭრეს. ქალაქის ცენტრალურ ადგილას სარეკრეაციო ზოლს მალე მრავალსართულიანი კორპუსი ჩაანაცვლებს. „ორი ძირი კვიპტომერია ისეც მოსაჭრელი იყო, გამხმარი იყო თითქმის. დანარჩენი კი გადავრგით და ყველა კარგადაა“ – უთხრა „ბათუმელებს“ მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა, ეთერ მაჭუთაძემ. მისი განმარტებით, 12 ძირი ოლიანდრა ლერმონტოვის ქუჩაზე მოწყობილ სკვერში გადაირგო, ხოლო დარაჩენს, მათ შორის რამდენიმე მუშმულას ხე, სპეციალურ სანერგეშია მოთავსებული და გამწვანების სამსახური მათ გადარგვას ბაგრატიიონის ქუჩაზე მოწყობილ სკვერში აპირებს.

„ეს ადგილი, როგორც მახსოვს, სარეკრეაციო ზონა არ არის.  დაზუსტებით არქიტექტურის სამსახური გეტყვით“ – ასე გამოემხაურა დღეს კობა ჩხეიძის ბრიფინგს ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი. ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძემ კი, „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

საკრებულოს წევრის, კობა ჩხეიძის განმარტებით, ბათუმის მერს თვალები დაახუჭინეს: „ნებართვა ასე IMG_0008არასწორად გასცა საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ შენობის დემონმტაჟის ნებართვაა გაცემული, მიმდინარეობს საძირკვლის მომზადება ახალი მშენებლობლისთვის“

ზუბალაშვილის ქუჩაზე 3392 კვ/მ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს მიჰყიდა შპს „კმ გრუპს“. რამდენიმე თვის წინ ამ კომპანიამ ტერიტორია „DS GROUP“-ს გადასცა. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მშენებელი კომპანია ვალდებულია შეინარჩუნოს დარჩენილი სკვერი [რომელიც ასევე სარეკრეაციო ზონაა]. საუბარია რამდენიმე ძირ მაგნოლიაზე, საქალაქო სასამართლოს პირდაპირ.

IMG_0007
ზუბალაშვილის #37

 

„წიგნის კუთხე“ – ფინალში ბათუმის #2 და #10 საჯარო სკოლები შეხვდებიან [ვიდეო]

ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ.

ნახევარფინალური თამაშები 7-8 მაისს გაიმართა. ნახევარფინალების ლიტერატურულ ნაწარმოებთა სია ასე გამოიყურება:

  • ჰომეროსი – „ოდისეა“;
  • გურამ დოჩანაშვილი – „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“;
  • ფიოდორ დოსტოევსკი – „დანაშაული და სასჯელი“;
  • სტივენ კინგი – „მწვანე გზა“; 
  • ჯეკ ლონდონი – „მარტინ იდენი“.

პირველ ნახევარფინალურ თამაშში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბათუმის #20 [სალომე ციმნარიძე, ნათია ბასილაძე, ანა აბაშიძე] და #2 [ანა გათენაძე; ირაკლი ხუხუნაიშვილი; სესილი მეტრეველი] საჯარო სკოლების გუნდები. თამაშის შედეგებით ფინალში გადავიდა ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა, ანგარიშით 10:7.

მეორე ნახევარფნალურ თამაშში ერთმანეთს შეხვდნენ: სკოლა „ევრო 2000“ [ანა აბუსელიძე; ანი ტუღუში; მარიამ დოლიძე] და ბათუმის #10 [მაკა ვაშაკიძე; მეგი ქამაშიძე; ნინო ჭაღალიძე] საჯარო სკოლა. საბოლოო შედეგებით, ანგარიშით – 14:6 ფინალურ ეტაპზე გადავიდა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა.

ფინალისტი გუნდების წევრებს ორი კვირა აქვთ, რომ გასული თამაშების განმავლობაში დაგროვებული ლიტერატურული ნაწარმოებები კიდევ ერთხელ გადაიკითხონ და მოემზადონ ფინალისათვის. ფინალური თამაშის ფორმატი განსხვავებული იქნება; თამაშში იქნება 7 ძირითადი შეკითხვა, ბლიც-კითხვები იქნება ყველა გავლილი ნაწარმოებიდან და ბლიცის დრო 45-დან 60 წამამდე გაიზრდება. ამჯერად მონაწილეებმა არ იციან, თუ კონკრეტულად რომელი 7 ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ დაისმება ძირითადი შეკითხვები.

15 ლიტერატურული ნაწარმოები, რომელთაგანაც 7 ნაწარმოები ფინალური ეტაპის ძირითად შეკითხვებში მოხვდება. 

  1. ევრიპიდე – „მედეა“;
  2. ოსკარ უაილდი – „დორიან გრეის პორტრეტი“;
  3. დენიელ კიზი – „ყვავილები ელჯერნონისთვის“;
  4. ვაჟა-ფშაველა – „ალუდა ქეთელაური“;
  5. ერნესტ ჰემინგუეი – „მოხუცი და ზღვა“;
  6. ჯორჯ ორუელი – „1984“;
  7. უილიამ შექსპირი – „ჰამლეტი“;
  8. ენტონი ბერჯესი – „მექანიკური ფორთოხალი“
  9. ანტუან დე სენტ ეკზიუპერი – „პატარა პრინცი“;
  10. ალბერტ კამიუ – „უცხო“;
  11. ილია ჭავჭავაძე – „კაცია ადამიანი?!“;
  12. ვირჯინია ვულფი – „საკუთარი ოთახი“;
  13. გაბრიელ გარსია მარკესი – „მარტოობის ასი წელიწადი“;
  14. ჰომეროსი – „ოდისეა“;
  15. სტივენ კინგი – „მწვანე გზა“. 

20 ლიტერატურული ნაწარმოები, რომელთა შესახებაც ფინალურ თამაშში ბლიც-კითხვები დაისმება: 

  1. ნოდარ დუმბაძე – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“;
  2. „ანა ფრანკის დღიური“;
  3. ორჰან ფამუქი – “თოვლი”;
  4. ალექსანდრე დიუმა – “კავკასია”;
  5. პროსპერ მერიმე – “მათეო ფალკონე”;
  6. რეი ბრედბერი – „451 ფარენჰეიტით“;
  7. ჯემალ ქარჩხაძე – „ოპერაცია დეიდა ტასო“;
  8. ფრედერიკ ბეგბედერი – „99 ფრანკი“;
  9. სოფოკლე – „ოიდიპოს მეფე“;
  10. ალექსანდრე ყაზბეგი – „ხევისბერი გოჩა“;
  11. ჩარლზ დიკენსი – „ოლივერ ტვისტი“;
  12. კონსტანტინე გამსახურდია – „მთვარის მოტაცება“;
  13. რიუნოსკე აკუტაგავა – „წყლის კაცების ქვეყანაში“;
  14. ჰერბერტ უელსი – „უჩინარი კაცი“;
  15. მიხეილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“;
  16. რიჩარდ ბახი – „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“;
  17. ბერტოლტ ბრეხტი – „კავკასიური ცარცის წრე“;
  18. ჰომეროსი – „ოდისეა“;
  19. დოჩანაშვილი – „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“;
  20. ჯეკ ლონდონი – „მარტინ იდენი“.

ფინალი 22 მაისს გაიმართება.

„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული სტუდია „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებს ბათუმში.

პროექტის ფარგლებში ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი.  გამარჯვებული გუნდები დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ამავე თემაზე იხილეთ:

„წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში

„წიგნის კუთხე“ – ნახევაფინალში მონაწილე სკოლები გამოვლენილია

ბნქ-ს ყოფილი ქონება იჯარით გაიცემა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბნქ-ს ტერიტორიაზე არსებულ ანგარის ტიპის შენობის სამწლიანი იჯარით გაცემას გეგმავს. შესაბამისი უპირობო აუქციონი სამინისტროს გამოცხადებული აქვს და ის 13 მაისს უნდა დასრულდეს. ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის [ბნქ] ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ ეს და სხვა ქონება თავის დროზე ქარხნის ბალანსიდან გაიტანეს, პარალელურად კი სამინისტრომ დაბლოკა ყველა ინიციატივა, რომელთა განხორციელებაც ქარხნისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნებოდა.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილი დირექტორი, ლევან ჯინჭარაძე აცხადებს, რომ ინვესტორების მოთხოვნა იყო  რკინიგზისა და სასაწყობე მეურნეობის მოწესრიგება, რასაც ქარხანამ იმ დროს გაართვა თავი, თუმცა ინვესტორები დაბლოკა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, „ამიტომ იძულებული გავხდი დამეწყო პერსპექტიული ტვირთების მოძიება. კერძოდ, კომპანია „ტრანსისტემი“ მზად იყო  ჩვენი საწყობის გავლით დაემუშავებინა მშრალი ტვირთი, საიდანაც წელიწადში 144 ათას ლარს მიიღებდა ქარხანა, ტვირთის არარსებობის შემთხვევაში კი კომპანია მზად იყო, [ფიქსირებულად] გადაეხადა წელიწადში 24 ათასი ლარი. ასევე გვქონდა „კარგო ტრანს გრუპის“ შემოთავაზება. ტექნიკურად შესაძლებელი იყო ორივე კომპანიის მომსახურება“.

Untitledყოფილი დირექტორი ასევე ამბობს, რომ კომპანია „მაქსოილ პლიუსის“ თხოვნაც არ იქნა გათვალისწინებული იმავე სასაწყობე მეურნეობის მიწის ნაკვეთში რკინიგზის გასწვრივ მიწაში ჩაეფლო 200 გრძივი მეტრი ლითონის მილი, რათა გაეგრძელებინა მუშაობა.

„აქაც ქარხანამ  წელიწადში 74 250 ლარი დაკარგა. სამინისტროს მხრიდან უარის მიზეზები, როგორც სხვა, ასევე ამ შემთხვევაშიც, არ იქნა განმარტებული…  პროკურატურაში შევიტანე განცხადება სამინისტროს კორუფციულ სქემებზე, თუმცა პროკურატურის ერთადერთი პასუხი გახლდათ ის, რომ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადეცა,“ – ამაბობს ლევან ჯინჭარაძე, რომელიც ქარხნის დირექტორად 2013-2014 წლებში მუშაობდა.

ამჟამად გამოცხადებული აუქციონის მიხედვით, შენობის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური სამინისტროს მითითებული აქვს 2900 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მოიჯარე შენობას 2019 წლის 13 მაისამდე ისარგებლებს. მას ასევე წარმოეშვება ვალდებულება, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების დღიდან ერთ თვეში გამოათავისუფლოს საიჯარო ქონება. ქონებაზე გაწეული ხარჯები კი არ ანაზღაურდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლევან ჯინჭარაძე „საწარმოთა მართვაში არსებული ნაკლოვანებების გამო უწყებამ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით კი სამინისტრო იქნა გამართლებული. შესაბამისად, ჩვენი კომენტარი არის ის, რომ მისი განცხადებები რეალურ საფუძველს მოკლებულია“.

ლევან ჯინჭარაძის თქმით კი, საქმე არ დასრულებულა და ის დავის გაგრძელებას ევროპულ სასამართლოში აპირებს.

download
იჯარით გასაცემი ნაგებობა

ანგარის ტპის შენობა-ნაგებობაში [516,96 კვ.მ] ამჟამად განთავსებულია შპს „ქ. ბათუმის N1 საავადმყოფოს“ საარქივო დოკუმენტაცია და ინვენტარი. სამინისტროს პრივატიზების განყოფილების უფროსის, ია ზაქარაძის განცხადებით, როცა აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდება, ისინი შენობას გამოათავისუფლებენ.

ტერიტორია, რომელზეც იჯარით გასაცემი ნაგებობა დგას, თავის დროზე ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ბალანსზე იყო. საუბარია  დღეს უკვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, თამარის დასახლება ბნქ-ს ტერიტორიაზე მდებარე ექვსი შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული 40 547 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

რა ქონებას ფლობს, რას საქმიანობს და რა სერვისს სთავაზობს კლიენტებს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“? – ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს საწარმოში, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. 

შენობას ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა – სააგენტოს განმარტება და მშენებლობა ზუბალაშვილის #37-ში

ზუბალაშვილის 37გაზეთ „ბათუმელების“ N15-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „ბიზნესი მორიგი ძეგლის განადგურების ხარჯზე“, რომელშიც საუბარია ბათუმში, ზუბალაშვილის N37-ში მდებარე შენობის დემონტაჟზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა, რასაც ადასტურებდა სააღრიცხვო ბარათი N0103320, რომელშიც აღწერილი იყო ძეგლის მახასიათებლები.

სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, მირანდა ჩარკვიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ კომენტარს დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შეძლებდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მირანდა ჩარკვიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ შენობას არ გააჩნია ძეგლის სტატუსი და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებაში [რომლის თანახმადაც ერთ-ერთ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა], შეცდომითაა მითითებული მისამართი და ფაქტობრივად აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს არა ზუბალაშვილის ქ. N37-ში, არამედ ზ. გამსახურდიას ქ. N39/ხულოს ქ. N9-ში:

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია

კომპანია „გეოგრაფიკმა“ ასევე მოგვაწოდა სია, [„სამინისტროს მიერ  საგანგებოდ გამოყოფილი სამუშაო ჯგუფისა და ტენდერის მონაწილეთა ერთობლივი განხილვის შედეგად შეჯერებული სტატუსი და კატეგორია“], სადაც ზუბალაშვილის 37-ში ორი ძეგლია: სიითი ნომრები – 239 [ამჟამინდელი „თიბისი“ ბანკის შენობა] და 259.

siaaa
ამონარიდი „გეოგრაფიკის“ მიერ მოწოდებული სიიდან
dzeglis agwera
ზუბალაშვილის 37-ში დანგრეული შენობის დახასიათება

„სტატუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, იქნებ მოუხსნეს კიდეც, ან რაღაც ეტაპზე არ ჰქონდა, თუმცა, ზუბალაშვილის 37-ში მდებარე ერთსართულიანი შენობა, რომელიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იყო აგებული, ნამდვილად წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტს – ის შეიცავდა მოდერნის ელემენტებს“ – აცხადებენ კომპანია  „გეოგრაფიკში“, რომელმაც ამჯერად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით, აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული ძეგლების ინვენტარიზაცია უნდა ჩაატაროს.

„ბათუმელები“ გთავაზობთ გაზეთში დაბეჭდილი სტატიის კორექტირებულ ვერსიას:

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, #37-ში მდებარე შენობა კერძო კომპანიამ დაანგრია. კომპანიაში აცხადებენ, რომ შენობის დემონტაჟზე ნებართვა ბათუმის მერიამ დაახლოებით ორი თვის წინ გასცა.

ზუბალაშვილის ქუჩაზე, #37-ში, 3392 კვ/მ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს დღეს შპს „დს გრუპი“ აწარმოებს, რომელსაც ეს ნაკვეთი საკუთრებაში შპს „კ.მ გრუპმა“ გარიგების საფუძველზე გადასცა.

აქ მდებარე შენობის აღწერის ბარათი კომპანია „გეოგრაფიკმა“ მოამზადა გასულ წელს, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის დროს. ბარათის მიხედვით, ბათუმში, ზუბალაშვილის #37-ში მდებარე [უკვე დანგრეული] ერთსართულიანი შენობა, აგებული იყო მე-20 საუკუნის პირველ პერიოდში და წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურულ ძეგლს, კატეგორიის გარეშე. ბარათი შედგენილია 2015 წლის 15 სექტემბერს. სააღრიცხვო ბარათის თანახმად, ამ დროისთვის შენობა საშუალო მდგომარეობაში იყო, მხოლოდ სახურავიდან ჩადიოდა წყალი.

ზემოაღნიშნული ნაგებობა, როგორც არქიტექტურული ძეგლი, დატანილია „გეოგრაფიკის“ მიერ შედგენილ რუკაზეც. „გეოგრაფიკმა“ კი ქალაქ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობითი ძეგლების ინვენტარიზაცია, ბათუმის განვითარების ფონდის დაკვეთით, გასულ წელს ჩაატარა და შედეგების საჯარო პრეზენტაცია გასული წლის დეკემბერში – ზუბალაშვილის 37-ში შენობის დანგრევამდე სამი თვით ადრე, – ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობაში გამართა.

რატომ ვერ მოხერხდა შენობის დაცვა; რა ინფორმაციას ფლობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო? – „ბათუმელები“ სააგენტოს ხელმძღვანელს, მირანდა ჩარკვიანს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სააგენტოში საკითხს სწავლობენ და კომენტარს მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტის გაცნობა-შესწავლის შემდეგ გააკეთებენ.

DSCN9884„ჩვენი ინფორმაციით, არავითარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მანდ შენობას არ გააჩნდა. ჩვენ სხვა კომპანიისგან შევისყიდეთ ტერიტორია და გამზადებული პროექტი გვაქვს აღებული. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას – ჯერ არ არის გაცემული, ამას აქვს თავისი პროცედურა, რომელიც ტერიტორიის გასუფთავების შემდეგ დაიწყება. რაც შეეხება შენობების დემონტაჟს, შესაბამისი ნებართვა დაახლოებით ორი თვის წინ გაიცა,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში კომპანია „დს გრუპის“ წარმომადგენელმა დავით სალაძემ.

აღნიშნული ტერიტორია ზუბალაშვილის 37-ში [ჭავჭავაძის, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებს შორის] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს პირობებით გაასხვისა შპს „კ.მ გრუპზე“ [კომპანიის ძირითადი ვალდებულება იყო აეშენებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა საცხოვრებელი სახლი და მოეწყო სკვერი].

2015 წლის ბოლოს, როგორც რეესტრის დოკუმენტებით ირკვევა, ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც ტერიტორია შემოღობეს და მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიწყო.

რეესტრის ამონაწერით „კ.მ გრუპ“-მა აღნიშნული ტერიტორია 2016 წლის აპრილში გარიგების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა შპს „დს გრუპი DS GROUP“-ს.

„დს გრუპმა“ კი ტერიტორია საკუთრებაში 2016 წლის 27 აპრილს დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში [„ბათუმელების“ ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 16 აპრილს დაანგრიეს].

სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, „კ.მ გრუპ“-ს ვალდებულების შესრულებამდე, ანუ საცხოვრებელი სახლის აშენებამდე, არ ჰქონდა უფლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე განეკარგა ან დაეტვირთა აღნიშნული ქონება.

სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მათი მხრიდან თანხმობა – ერთი კომპანიის მიერ ქონების სხვა კომპანიისთვის გადაცემაზე – ვალდებულების შესრულების პირობით, დაახლოებით ერთი თვის წინ გაიცა. სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „დს გრუპი“ „კ.მ გრუპს“ ასაშენებელ სახლში პირველ სართულზე გადასცემს: ორ არასაცხოვრებელ ფართობს – ჯამში 900 კვ/მ-ს; ასევე სხვადასხვა სართულზე 11 ბინას – ჯამში 1449 კვ/მ-ს; მანსარდის სართულზე – 104,1 კვ/მ ბინას და ტერასაზე – 529 კვ/მ ფართობს.

„დს გრუპი“ ასაშენებელ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც, მინიმუმ 10-სართულიანი მაინც იქნება, ბინებს უკვე ყიდის – 1 კვ მეტრს – 650 აშშ დოლარიდან. ჩვენი ინფორმაციით, ბინებს მიიღებს აჭარის მთავრობაც – ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობით, ამავე კომპლექსში კომპანიამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში უნდა გადასცეს ჯამში 400 კვ/მ საცხოვრებელი ფართობი.

ყოფილი ძეგლის შენობიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე [ასევე ამ ადგილიდან „თიბისი“ ბანკის შენობის მხარეს, რომელიც ასევე ძეგლია] არსებული მონაკვეთი [ზუბალაშვილის ქუჩის გასწვრივ] ბათუმის საკრებულოს მიერ 2013 წელს დამტკიცებული „კონკრეტული ფუნქციური ზონირების რუკის“ მიხედვით, ქალაქის სარეკრეაციო ზონაა.

მშენებარე კომპლექსთან სკვერის მოწყობის ვალდებულება კომპანიას ხელშეკრულებით აქვს, თუმცა აქვე, სარეკრეაციო ზონაში მდებარე ზემოაღნიშნული სკვერი [ზუბალაშვილისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში] მიმდინარე სამუშაოების შედეგად, უკვე განადგურებულია.

„არავითარ სარეკრეაციო ზონაზე ინფორმაცია არ გვაქვს. მანდ იყო პატარა ბუჩქნარი. საერთოდ, ტერიტორიიდან გამწვანების სამსახურმა რვა მანქანა მცენარე გაიტანა და გადარგო. სკვერი იქ მოეწყობა, სადაც ამჟამად მრავალწლიანი მაგნოლიებია, ანუ ეს მაგნოლიები დარჩება. ეს პროექტი 2010 წლიდან არის მზად, უბრალოდ „კ.მ გრუპმა~ ვერ მოახერხა მშენებლობის დაწყება და გადავადდა… ამასთან, ყველა დოკუმენტაცია დევს სახელმწიფო უწყებებში. თუ სარეკრეაციო ზონა იყო, თუ ძეგლი იყო, ამაზე საუბარი აქამდე უნდა დაწყებულიყო,“ – აღნიშნა დავით სალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში „დს გრუპს“ აჭარის მთავრობამ [ბუნებრივია, ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანხმობით და ნებართვით], ასევე სარეკრეაციო ზოლის, ფაქტობრივად, სკვერის ნაწილი მიჰყიდა. აქ კომპანია მრავალსართულიან კომპლექსს აშენებს.

„დს გრუპი“ კიდევ ერთი ცათამბჯენის აშენებას ძველ ბულვართან აპირებს.

თურქეთის კონსული მძღოლებს საპროტესტო აქციის შემდეგ შეხვდა

დღეს, 11 მაისს, თურქეთის საკონსულოს მანქანას საკონსულოს ტერიტორიიდან გამოსვლის საშუალება იმ მძღოლებმა არ მისცეს, რომელთაც სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ათეულობით მძღოლი სამუშაოს გარეშე დარჩენას აპროტესტებდა. მათი თქმით, თურქეთის მხარის მებაჟეები მათ არ აძლევენ საშუალებას, ქართველი მუშები საკუთარი მიკროავტობუსებით თურქეთის ტერიტორიაზე შეიყვანონ. მძღოლები ამ პრობლემაზე უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ.

მძღოლების საპროტესტო აქციას დღეს თავად თურქეთის კონსული იასინ თემიზქანიმი გამოეხმაურა. ის ჟურნალისტებთან ერთად, ერთ-ერთ მძღოლს და არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელს, თამაზ ბაკურიძეს შეხვდა.  კონსულის თქმით, ის ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებული არ იყო და მისი გარკვევა საკონსულოს თანამშრომელს დაავალა.

“პრობლემა იქნება იმის გამო, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი ნებართვა, რაც სატრანსპორტო საშუალებით თურქეთის ტერიტორიაზე რამდენჯერმე შესვლის საშუალებას მისცემს” – თქვა საკონსულოს წარმომადეგნელმა, რომელიც შეხვედრას შემოუერთდა. კონსულთან მყოფმა მძღოლმა თქვა, რომ თითოეულ მიკროავტობუსს შესაბამისი ნებართვა აქვს და ეს რეალური მიზეზი ვერ იქნება. IMG_0029“იქნებ იმის გამო გადაიტვირთა მოძრაობა, რომ ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო” – აღნიშნა კონსულმა, რასაც არასამთავრაბო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თამაზ ბაკურიძემ ინიციატივით უპასუხა: “უმჯობესია, შეიმქნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ნახავს, რა მდგომარეობაა სარფის საბაჟოზე. როცა ორი დღის წინ იქ ტელევიზიებთან ერთად მივედი, უპრობლემოდ გაატარეს მანქანები.“

მონიტორინგის ჯგუფის შექმნას კონსული არ დაეთანხმა. ის მძღოლებს ვითარების გარკვევას დაჰპირდა.

შექმნილ პრობლემაზე ინფორმაციას არ ფლობენ შემოსავლების სამსახურში. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათთვის ამ პრობლემით თურქეთის საბაჟოს არ მოუმართავს.

გუშინ მძღოლებმა საპროტესტო აქცია სარფის საბაჟოსთანაც გამართეს. მათ თურქეთიდან მომავალ ავტობუსს არ მისცეს ბათუმის მიმართულებით წამოსვლის საშუალება: “ამის შემდეგ მოვიდა ჩვენი საპატრულო პოლიცია და მათი დახმარებით მოგვცეს გადასვლის საშუალება. დღეს ისევ ჩაგვიკეტეს გზა. მებაჟეები გაიძახიან, კოდი, კოდი არ არისო, მეტი არაფერი ვიცით” – ამბობს “ბათუმელებთან” როლანდ გორგილაძე, „დოუ კა­რა­დე­ნი­ზ ბათუმის“დირექტორი.

რამდენიმე კომპანიას მიკროავტობუსებით მუშები თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავთ. მძღოლების თქმით, ისინი მგზავრებს უფრო იაფად ემსახურებიან, ვიდრე თურქეთის მხარეს მდგომი სატრანსპორტო საშუალებები. “ამას გარდა, ჩვენ სარფიდან კონკრეტულ სოფლამდე აგვყავს მუშები, სადაც მათ ჩაი, ან თხილი უნდა დაკრიფონ” – გვითხრა როლანდ გორგილაძემ.

IMG_0022

“ორი მხარე” – გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში [ანონსი]

14 მაისს, შაბათს, 18 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა – „ორი მხარე“ გაიხსნება.

„ორი მხარე“ ორი ხელოვანის – თამარ ბოჭორიშვილისა და რაიმონდა სერეიკეიტის ერთობლივი პროექტია. „ორივე ავტორი ცდილობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა ისინი მიზნად არ ისახავენ კონკრეტული განცხადების მტკიცებას, მხოლოდ კითხვებს სვამენ და რეაგირებენ. მათი ნამუშევრები აერთიანებს რამდენიმე მედიას, რის საშუალებითაც ქმნიან სხვადასხვა ტიპის ობიექტსა და ინსტალაციას. სივრცის ორიგინალური ათვისების მეთოდით მაყურებელს საშუალებას აძლევენ, საკუთარი სამყაროს პრიზმიდან დაინახონ გარე სამყარო და მოვლენები,“ – აღნიშნულია ღონისძიების პრესრელიზში.

გამოფენა 4 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება უფასოა.

მისამართი: ზვიად გამსახურდიას ქუჩა 1/5

დავით ქარცივაძე – უსკოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დავით ქარცივაძის, ხოლო უსკოს წევრობის კანდიდატებად მამუკა ჯაშისა და ირაკლი გვარამიას კანდიდატურები წარუდგინა.

მარჯვნიდან პირველი პირველ რიგში დავით ქარცივაძე
მარჯვნიდან პირველი, პირველ რიგში დავით ქარცივაძე

დავით ქარცივაძის საარჩევნო გამოცდილება: 2005-2010 წლებში დავით ქარცივაძე #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. დავით ქარცივაძე სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშიც N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მოდუს ვივენდი“-ს დამკვირვებელი იყო.

არჩილ ხაბაძე და დავით ქარცივაძე
არჩილ ხაბაძე და დავით ქარცივაძე

ოპოზიციური ფრაქციები უმაღლეს საბჭოში, რომლებმაც უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას მანამდე მხარი სამჯერ არ დაუჭირეს, არჩილ ხაბაძისგან ნეიტრალური, არაპარტიული კანდიდატის წარდგენას ითხოვდნენ.

მაკლერს ყალბი ფულის გასაღებას ედავებიან

ყალბი ფულის გასაღებას პროკურატურა რ.შ.-ს ედავება. ბრალდებული მაკლერად მუშაობს და სამი შვილის დედაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ქალს ბრალი მას შემდეგ დაუმძიმდა, როცა გამოძიებას სხვა პირები დაუსახელა, ვინც ყალბი ფულის გავრცელებაში იყო ჩართული.

„მოატყუეს და წინა ადვოკატმაც ვერ დაიცვა. იფიქრა, რომ საპროცესოს გაუფორმებდნენ და გაუშვებდნენ, თუკი სხვების შესახებ მიაწვდიდა ინფორმაციას. პირიქით მოხდა, ბრალი დაუმძიმდა და ამჯერად მას ბრალი ედება ყალბი ფულის გასაღებაში წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ. რ.შ. არ აღიარებს ჯგუფთან ერთად მოქმედებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ნოდარ ბოლქვაძემ.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა 700 დოლარის ყალბი კუპიურა გაყიდა და ამის სანაცვლოდ 350 დოლარი მიიღო. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულს კონკრეტული პირი ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერად გაეცნო, რომელმაც მას ყალბი ფულის გასაღება შესთავაზა. „ეს მენეჯერი მოგვიანებით ფინანსური პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა, ვინც მაკლერთან საუბარი აუდიომოწყობილობით ჩაიწერა”.

ყალბი ფულის გასაღების საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

 

ჯარიმა სიგარეტის ავტომანქანიდან გადაგდებისთვის

„მერაბ ცეცხლაძე გადაადგილდებოდა ბათუმში ავტომანქანით, რა დროსაც მან მანქანის სალონიდან პირდაპირ ქუჩაში გადმოაგდო თამბაქოს კოლოფი“, – ასე აღწერა შემთხვევა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა, ლანა კიკავამ სასამართლო პროცესზე. მან პირის სამართალდამრღვევად ცნობა და მისთვის ჯარიმის – 120 ლარის გადახდა მოითხოვა.

„არ მესმის ამ სისტემის არაფერი. იქვე ახლო-მახლო ნაგვის ურნა ვერ შევნიშნე და ამიტომ გავაკეთე. ვაღიარებ, არ უნდა მექნა, დამაჯარიმეთ, თუ არაა სხვა გამოსავალი“, – მიმართა მოსამართლეს მერაბ ცეცხლაძემ. ის მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ 120 ლარით დააჯარიმა.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტის ინფორმაციით, ეს არაა პირველი შემთხვევა და მსგავს შემთხვევებს ყოველთვის სასამართლო განიხილავს.

ქედის ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივ სიყალბეს ედავებიან

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ მაღალჩინოსნებს: ოქროპირ ბერიძეს [გამგებლის ყოფილი მოადგილე], დავით დიასამიძეს [ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს] და მის მოდგილეს გია გათენაძეს სამსახურებრივ სიყალბესა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. საქმე ეხება ორ სპორტულ მოედანს, რომელიც ტენდერში მოგებულმა კომპანიამ 2011 წლის ბოლოს მოაწყო. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა დაუსრულებელი სამუშაოები ჩაიბარეს, რითაც ზიანი მიადგა ბიუჯეტს.

ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

„საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, მხოლოდ აუდიტის დასკვნა არსებობს, თანაც აუდიტმა შემოწმება სამუშაოების შესრულებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო. ფაქტია, რომ ორივე სპორტული მოედანი დაზიანებულია და ის რამდენჯერმე შეკეთდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პირებმა ჩაიბარეს სამუშაოები არასწორად“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულების ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ქედის გამგეობის ყოფილ მაღალჩინოსნებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ, ან თავისუფლების აღკვეთა – 2-დან 4 წლამდე.

დაზარალებული ოჯახი ქედის გამგეობის შეთავაზებაზე უარს აცხადებს

სოფელ ტაკიძეებში მეწყრის შედეგად დაზარალებულ ლევან ალიშანიძის ექვსსულიანი ოჯახი ხელისუფლების შეთავაზებაზე უარს აცხადებს და ღამეს მეზობელთან ათევს.
დაზარალებულ ლევან ალიშანიძის თქმით, ქედის გამგებელი დახმარების სახით მათ სამ ვარიანტს სთავაზობს: დაბა ქედაში არსებულ ეკომიგრანტთა საცხოვრებელ სახლში 40 კვადრატულ ბინას, მეზობელ სოფელში საუკუნოვან ხის სახლს, ან 25 000 ლარს. ლევან ალიშანიძის თქმით, მრავალსულიანი ოჯახი 40 კვ/მ ბინაში ვერ მოთავსდება, საუკუნის ხის სახლი ფარღალალაა, ფულადი დახმარებით კი საცხოვრისს ვერ მოიწყობენ. დაზარალებულები მინიმუმ სამოთახიან ბინას ითხოვენ.

ლევან ალიშანიძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ორი დღის წინ ჩამოწვა. მეწყერმა ხევში დამხმარე ნაგებობა და დაახლოებით 1000 კვადრატული მიწა ჩაიტანა. სოფელ ტაკიძეებში მეწყრული პროცესები საფრთხეს კიდევ ექვს ოჯახს უქმნის. ქედის გამგებლის თქმით კი, განსახლებას მხოლოდ ლევან ალიშანიძის ოჯახი ექვემდებარება.

„თავისუფალი ინიციატივების“ პროგრამის ფარგლებში მერია პროექტებს დააფინანსებს

თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბათუმის მერია ექსპერიმენტული თეატრის პროექტს აფინანსებს. პროექტის ფარგლებში სამუელ მარშაკის ცნობილი პიესის „თორმეტი თვე” დადგმა იგეგმება. სპექტაკლი გათამაშდება ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე. გარდა ამისა, გაიმართება ღია ჩვენებები ბათუმის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის. მერიის ინფორმაციით, პროექტი მუნიციპალური ბიუჯეტიდან 9998 ლარით დაფინანსდა.

თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად მერიაში ამ დროისათვის 15- მდე განცხადია შესული, რომელთაგან ათი უკვე შერჩეულია . პროგრამის ბიუჯეტი 150 ათას ლარს შეადგენს. განაცხადების მიღება გრძელდება.

მერიის „ახალგაზრდული ცენტრი“ შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება

ბათუმის მერია რუსთაველის ქუჩაზე,  N51 – ში [ბათუმის დელფინარიუმთან] ახალგაზრდული ცენტრის მოწყობას გეგმავს. შენობის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიის შესყიდვების სამსახურმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის ბიუჯეტი 96 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. წინადადებების წარდგენის ვადა 27 დეკემბერს დასრულდება.
მერიამ ტენდერი გამოაცხადა ასევე “ახალგაზრდული ცენტრის” ფარგლებში შეხვედრების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზების შესყიდვაზე. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ბათუმის მერიის ადმინისტრაციის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების მიერ დაგეგმილი ტრენინგის წარმართვისათვის ტრენერის მოწვევა და ჰონორარით უზრუნველყოფა. შესყისვის ღირებულება 20 000 ლარია.

მერია ახალგაზრდული ცენტრის ღონისძიებების ფარგლებში გეგმავს ტრენინგების მოწყობას შემდეგ თემებზე: პროექტების მართვა, პროექტის ინიცირება, პროექტის საჭიროების არგუმენტირება, კვლევის მეთოდები პროექტის ინიცირების საფუძველზე, პროექტის დაგეგმვა, დოკუმენტაციის მართვა, პროექტის შესრულება.

მედეა ვასაძის გამოხმაურება გაზეთ „ბათუმელების“ სტატიაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე გაზეთ „ბათუმელების“ ორი მაისის ნომერში [#9] გამოქვეყნებულ სტატიას – „მოქალაქე ამბობს, რომ კორპუსის მშენებლობით დეპუტატი მედეა ვასაძეა დაინტერესებული“ გამოეხმაურა. მედეა ვასაძის განმარტება სტატიაშიც სათანადოდ იყო წარმოჩენილი, თუმცა დეპუტატმა საკითხთან დაკავშირებით თავისივე წერილში, რომლითაც რედაქციას მიმართა, კიდევ ერთხელ განმარტა გარემოებები და წერილის გამოქვეყნება მოითხოვა. წერილს თან ახლავს დოკუმენტები.

გთავაზობთ დეპუტატის წერილს სტილის დაცვით:

„დიახ, კორპუსის მშენებლობით ნამდვილად ვარ დაინტერესებული და ეს ინტერესი სახელმწიფოებრივია“

საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე აჭარის ა.რ. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას და პირადად მე, ხშირად მოგვმართავენ მოქალაქეები, ამიტომ, აპარატში, ამ შინაარსის, არა ერთი განცხადებაა რეგისტრირებული. ჩემი ჩარევა ამ საკითხებში, სამართლებრივი ხასიათისაა, თუმც, ზოგჯერ, მედიატორობაც მიკისრია და გარკვეული დადებითი შედეგისთვისაც მიგვიღწევია.

დიახ, ამ საკითხებისადმი და მათ შორის, კონკრეტულად საგაზეთო სტატიაში მითითებული კორპუსის მშენებლობისადმი მაქვს გარკვეული ინტერესი, კერძოდ, ის, რომ წარმატებით მუშაობდეს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის თაობაზე. ბარაკებში მცხოვრები ბათუმელებისათვის უმჯობესდებოდეს საყოფაცხოვრებო პირობები, ქალაქი იწმინდებოდეს ამ ტიპის შენობებისაგან და უმჯობესდებოდეს მისი იერსახე, ამასთან, როგორც ხელისუფალი ვახალისებდე და ხელს ვუწყობდე ბიზნესს. ამდენად, ამ საკითხებისადმი ჩემი ინტერესი გამოკვეთილია, ხოლო მოტივაცია გაცხადებული – იგი ცალსახად სახელმწიფოებრივია.

ეს კონკრეტული შემთხვევაც ერთ-ერთი იმათთაგანია, თანაც ტიპიური, კერძოდ, 11 თანამესაკუთრე ( ოჯახებით, დაახლოებით, 50-მდე პირი) მთხოვს დახმარებას სხვადასხვა საკითხებში ( მაგ., ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნაში, მემკვიდრეობის დაკანონებაში და სხვა). ერთი მათგანი კი უპირისპირდება ამ 50 ადამიანის საერთო ინტერესს, რაც გამოიხატება მის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში და უპერსპექტივოს ხდის ინვესტორის დაინტერესებას მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ათვისებაზე.

თავდაპირველად ვიფიქრე, რომ უპასუხოდ დამეტოვებინა ეს წერილი, მოგვიანებით კი გადავწყვიტე, რომ მოქალაქე გულნარა გოგიას (ვნების უმძიმეს კვირაში ნაკადრები) ტყუილები საჭიროებდა პასუხს, ხოლო საზოგადოება გარკვეულ განმარტებას.

თანმიმდევრულად მივყვეთ და შევაფასოთ საგაზეთო სტატიაში გამოქვეყნებული ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებაში, რაც ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით გამაჩნია, რომელთანაც ვარ შემხებლობაში.

1. ტყუილია, რომ გულნარა გოგიას კანონდარღვევით მიმდინარე მშენებლობა, თითქოსდა, ინვესტორის შპს „სითი თაუერის“ გაუჩინარებამ გამოიწვია, რადგან ჩემს ხელთ არსებული (და ამ წერილზე თანდართული) მასალებით, გოგიასა და ინვესტორს შორის მშენებლობის პირობების მიზანგანზრახულობაზე ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წლის 1 სექტემბერს. მშენებლობა, კი, გოგიამ, წამოიწყო 20 დღეში, რომლის შეჩერების თხოვნით, 2015 წლის 6 ოქტომბერს, მიღებული აქვს წერილი, სადაც ამავდროულად, აღნიშნულია იმის თაობაზეც, რომ პირობების შეცვლით გამოწვეულ მატერიალურ ზარალზე კომპანიას, მის მიმართ, ექნებოდა პრეტენზია. იქვეა აღნიშნული, რომ მშენებლობის დაწყება იგეგმებოდა წლის ბოლოს და ადგილი არ უნდა ჰქონოდა მის ხელშეშლას. მიუხედავად ამისა, გოგია, დაჩქარებული წესით აგრძელებს მშენებლობას, რომელიც დღეისათვის, ქალაქის ცენტრში, ერთ მახინჯ კონსტრუქციას წარმოადგენს და რასაც იყენებს ინვესტორთან მოთხოვნის 400%-მდე გაზრდისათვის (გამოძალვისათვის). (მისი შვილის კუთვნილ 64 კვადრატულ მეტრში ითხოვს 240 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ, 25 კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს და 25000 აშშ დოლარს).

2. ამ არაგონივრულმა მოთხოვნამ საფრთხის ქვეშ დააყენა პროექტი, რამაც გამოიწვია თანამესაკუთრეთა აღშფოთება და კონკრეტული საკითხებით დაინტერესება. დადგინდა, რომ აშენებული შენობა სრულ შეუსაბამობაშია პროექტთან, რაზედაც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას. გოგია არად აგდებს თვითმმართველობის წარმომადგენელთა მითითებებს და აგრძელებს მშენებლობას, რის გამოც, მას, როგორც ნებართვის მიმღებს. ეკისრება ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა. ადმინისტრაციული წარმოება, ამ დროისთვისაც, გრძელდება და ვვარაუდობ, რომ დადგება, მშენებლობის, პროექტთან შესაბამისობაში, იძულებითი წესით მოყვანის აუცილებლობა.

3. მტკნარი სიცრუეა ის, რომ თითქოსდა, ტელეფონის საშუალებით გოგიას ვემუქრები. ასეთ შემთხვევაში მან უნდა წარმოადგინოს ნომერი, თუ საიდან ვანხორციელებდი ამ მუქარას, ისევე როგორც, მე, ჟურნალისტს, შეპირებისამებრ ვურდგენ ჩემს ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების დეტალურ ამონაწერს, რომლის მიხედვით ჩანს, ზედიზედ, სამჯერ, შემომავალი ზარი 5772215… ნომრიდან, საიდანაც გოგია, ქალისათვის შეუფერებელი უშვერი სიტყვებით ისტერიულად ვიღაცეებს (ვერ გავიგე ვის) ლანძღავს და რისი დასრულების საშუალებას არ ვაძლევ (ტელეფონის გათიშვით).

4. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გოგიას ოჯახისადმი, უფრო სწორედ, მისი ვაჟიშვილის ვალდებულებებისადმი გააქტიურების საკითხით, მხოლოდ სტატიის გაცნობის შემდეგ დავინტერესდი. სააღსრულებო ბიურო განმარტავს, რომ გოგიას შვილს, ჯარიმის სახით აქვს სახელმწიფოს დავალიანება, ერთი წარმოადგენს სამართალდარღვევას, სატრანსპორტო საშუალების სპეციალური ნებართვის გარეშე მართვის ფაქტზე, ხოლო, მეორე – ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარების ფაქტზე (2014-2015 წწ.). აღმასრულებლის განმარტებით მათ, არაერთგზის აქვთ გაგზავნილი წერილობითი გაფრთხილება ჯარიმის თანხის ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე, თუმც უშედეგოდ. ამიტომ, დღის წესრიგში დამდგარა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მოვალის მისამართზე ქონების დაყადაღების აუცილებლობა, რასაც მოყოლია გოგიას არაადეკვატური რეაქცია და აგრესია, უარი უთქვამს პროცედურულად აუცილებელ ხელმოწერებზე, რასაც შედეგად მოჰყოლია ამ ნივთების ამოღება.

სააღსრულებო წარმოება გოგიას ვაჟის მიმართ არ დასრულებულა და ჯარიმის თანხის სრულად ამოღებამდე, მომავალშიც გაგრძელდება.

5. არასწორია, რომ გოგია, თითქოსდა, ცხოვრობს ქალიშვილთან. თვალთმაქცურია მასსა და ქალიშვილს შორის შემდგარი ნასყიდობის ხელშეკრულება. გოგიამ ქონება უფლებრივად გადამალა, თავს კი, ისევ ფაქტიურ მესაკუთრედ მიიჩნევს. ამის დასტურია ის, რომ ამ სადაო და დაუმთავრებელი შენობის პირველი სართულის გაქირავების ხელშეკრულებაზე გოგია ხელს აწერს არა როგორც მინდობილი პირი, არამედ როგორც მესაკუთრე, რითაც შეცდომაში შეჰყავს დამქირავებელი.

6. არასწორია ფაქტი, რომ ინვესტორი ჩემი დეიდაშვილია, კიდევ ერთხელ უარვყოფ მასთან არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ნაცნობობასაც კი. რაც შეეხება შპს „სიტი ტაუერის“ დირექტორის განცხადებას, რომ მიცნობს (უბნიდან და კიდევ იქედან, რომ ყადაღის მოხსნაში დავხმარებივარ) არ ნიშნავს ორმხრივ ნაცნობობას, მით უფრო, რომ ყადაღის ნაწილში კომპანიამ კი არა, თანამესაკუთრეებმა მომმართეს (იხ. თანდართული მასალები). ამასთან, ჩემი, როგორც საჯარო პირის ცნობადობა გაცილებით მაღალია, ვინემ 2015 წელს დაარსებული კომპანიის მენეჯერის ცნობადობის ალბათობა. ამდენად, სტატიის ბოლოს „ჩადებული ჟურნალისტური ინტრიგა“ ვფიქრობ, რომ მთლად ჯანსაღი არ უნდა იყოს.

წერილს ვურთავ რა ჩემს ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას, მათ შორის თანამესაკუთრეთა სახელით შემოსული განცხადება-საჩივრის ასლს, განვმარტავ, რომ ისინი შესაბამისი რეაგირებისათვის გადაგზავნილი მაქვს მერისათვის და მერიის სამსახურებისათვის. მიმართვის შინაარსის მიხედვით საკითხი კონტროლზეც კი არ მყავს აყვანილი, რაც გამორიცხავს ჩემს სუბიექტურ დაინტერესებას, თუმც მიმაჩნია, რომ აღნიშნული თემა და შექმნილი ვითარება, კერძოდ, მოქალაქე გოგიას თვითნებობა, თანამესაკუთრეთა და კომპანიის შელახული ინტერესები თუ უფლებები, ამასთან, მშენებლობის პროცესში საზოგადოებრივი ინტერესი და კანონიერება იმსახურებს იმაზე მეტ ყურადღებას, ვინემ ეს დღემდე გამომიჩენია. ამდენად, კომისია და პირადად მე, ხვალიდანვე შევუდგებით მონიტორინგის განხორციელებას ქალაქის ცენტრში, ლერმონტოვის ქუჩის 12 ნომერში მიმდინარე უსახურ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამ დროისათვის, ადმინისტრაციული წარმოების პირობებში, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი სადაო შენობის იჯარით გაცემისა და მესაკუთრისათვის გარე ვაჭრობის ნებართვის მიღების, ამასთან, კომერციული მიზნით ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრისა და სხვა საკითხების კანონიერებაზე.

გაზეთ „ბათუმელებს“, ვაწვდი რა შესაბამის მტკიცებულებებს, ვთხოვ, ამ პასუხის იმავე ფორმატში გამოქვეყნებას, რა ფორმატითაც ჩემს მიერ გაანალიზებული სტატიაა გამოქვეყნებული.“

მედეა ვასაძემ „ბათუმელებს“ მიაწოდა სატელეფონო ამონაწერი შპს „მაგთიკომიდან“ გულნარა გოგიას მიერ მასთან განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე და სხვა დოკუმენტები.

ყოფილი საჯარო მოხელე ქრთამის აღებას აღიარებს

მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს ქ.ი.-ს საქმეს. მას ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებაში სდებს ბრალს. ქ.ი. ხელვაჩაურის სატყეო სამსახურში მუშაობდა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ქრთამი წაბლის მასალის უკანონოდ დამზადებისთვის აიღო. საქმეში წარმოდგენილია ვიდეოინფორმაციაც, სადაც ჩანს, რომ ბრალდებული 500 ლარის მიღების სანაცვლოდ კონკრეტულ პირს ხის მასალის დამზადებას ჰპირდება. ვიდეო მეტყევეს ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა  გადაუღო.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს ბრალს და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე. დიდი ალბათობით, პროკურორი ამას დათანხმდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულის ადვოკატმა, პაატა ბოლქვაძემ.

მეტყევე წინა სხდომაზე გირაოთი გაათავისუფლეს. მას ბრალი 8 დეკემბერს წაუყენეს. აჭარის სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის, იამზე შავაძის ინფორმაციით, მეტყევემ საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ.

უფუქციოდ დარჩენილი წისქვილები აჭარის სოფლებში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში აშენებული წისქვილით დღემდე არავის უსარგებლია, რადგან ელექტროენერგიაზე მომუშავე წისქვილებში მრიცხველები ვერ დაამონტაჟეს.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭალახმელაში, მოსიაშვილებსა და ხარაულაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აშენებული წისქვილები არ ფუნქციონირებს – წისქვილების ელექტროქსელში ჩართვა სოფლებმა დღემდე ვერ მოახერხეს. საჭირო თანხა სოფლის პრიორიტეტად დასახელებულ ობიექტებში მრიცხველების დასამონტაჟებლად ვერც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამონახა.
დღემდე არ არის მრიცხველი სოფელ ინაშარიძეებში, ამავე პროგრამით 2009 წელს გარემონტებულ ელექტროწისქვილშიც, რომლის გასარემონტებლად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი დაიხარჯა. აქ არსებული პრობლემა მოსახლეობამ საკუთარი დენის წყაროზე მიერთებით დროებით გადაჭრა.

„წისქვილი დღემდე არ გამრიცხველიანებულა, თუმცა ერთმა ოჯახმა მიაერთა საკუთარი დენი და ვინც სიმინდს აფრქვევს, თანხასაც ის იხდის,~ _ ამბობს ნიაზ დიასამიძე, სოფლის მცხოვრები.

წისქვილების აშენება სოფლის მოსახლეობამ საჭიროებიდან გამომდინარე ითხოვა. თუმცა, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში არ გაითვალისწინეს მრიცხველის დამონტაჟებისთვის საჭირო თანხა, ამიტომ აშენებული წისქვილები გაჩერებულია. მრიცხველების დასამონტაჟებლად საჭირო თანხა ქედის გამგეობას არც მიმდირე წლის ბიუჯეტში აქვს გათვალისწინებული.

უფუნქციოდ დარჩენილი ელექტროწისქვილებიდან ერთ-ერთი სოფელ ხარაულაში გასულ წელს მოაწყვეს, რომლისთვისაც 4 000 ლარი დაიხარჯა. უფუნქციოდაა დარჩენილი სოფელ ჭალახმელასა და მოსიაშვილებში აშენებული წისქვილებიც.

ელექტროენერგიაზე მომუშავე წისქვილების გარდა უფუნქციოდაა დარჩენილი წყლის წისქვილებიც, უწყლობის გამო სოფელ ჭინკაძეებში მოწყობილ წისქვილს სოფლის მოსახლეობა ვერ იყენებს.

ქედის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძე ამბობს, რომ სოფელ ჭინკაძეებში წყლის წისქვილი მოსახლეობის მოთხოვნით ინერტული მასალის მომპოვებელმა კომპანია „რასემ~ მოაწყო. მისი თქმით, ზოგიერთ სოფელში წისქვილი მოსახლეობამ ინდივიდუალურად, საკუთარი ნებით მოაწყო, ზოგან კი პროგრამის ფარგლებში გააკეთა. შესაბამისად, ზოგიერთი მათგანი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ირიცხება და იმ შემთხვევაში, თუ საერთო დანიშნულების წისქვილებს წყლის ან ელექტროენერგიის პრობლემა აქვს, სოფლის მოსახლეობას შეუძლია გამგეობას წერილობით აცნობოს. ამის საფუძველზე, სამსახურის უფროსის თქმით, შესაბამისი ღონისძიება გატარდება.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ წისქვილებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას წელს ეკონომიებიდან მიღებული თანხით მოაგვარებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის განკარგვაზე პასუხისმგებელია სოფლის მოსახლეობა, შესაბამისად, როდესაც წისქვილების მოწყობა გადაწყვიტეს, არავინ იფიქრა, რომ კვების წყაროზე მიერთებას 1200 ლარი სჭირდებოდა. როგორც ვიცი, გამრიცხველიანების პრობლემა ოთხ სოფელშია, შესაბამისად 4 800 ლარია საჭირო. ვფიქრობ, წისქვილებთან დაკავშირებულ პრობლემას ამ წელში გადავჭრით“ – ამბობს გამგებელი.

71 წლის ქალი შიფერის გასასწორებლად სახურავზე

ქვედა მახუნცეთში მცხოვრებ დებს – თინასა და სონიას ყოველი გაწვიმება აშინებს. დების სახლის სახურავი დაზიანებულია, წვიმის დროს წყალი სახლში ჩადის და 71 წლის სონია იძულებულია სახურავის სახელდახელოდ შესაკეთებლად სახურავზე ავიდეს.

71 წლის სონია და 68 წლის თინა კურცხალიძეები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში ცხოვრობენ შიფერით გადახურულ, ქვის, ორსართულიან სახლში. სახლის მეორე სართულის აივანს ძველი ბრიზენტი აქვს აფარებული. ეს მარტო მცხოვრები დების მამისეული სახლია. სონია და თინა ამბობენ, რომ ბევრი პრობლემა აქვთ, თუმცა მათი მთავარი გასაჭირი მაინც დაზიანებული სახურავია, რომლის შეკეთებასაც წლებია ვერ ახერხებენ. სახურავი განსაკუთრებით დაზიანდა გასული წლის ნოემბერში, როცა ქარმა სახლს შიფერი ალაგ-ალაგ მოგლიჯა და მეორე სართულზე ოთახებში წვიმის გუბეები დადგა.

„კასრებით ვაქცევდით წყალს, ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ქედის გამგებელს დავურეკე, ვუთხარი გაუსაძლის მდგომარეობაში რომ ვიყავი და ვთხოვე, იქნებ ბრეზენტი გქონდეთ, დაგვეხმაროთ სახლს გადავახურავთ-მეთქი, გამგებელმა მითხრა არ მაქვსო. ბოლოს გადავწყვიტეთ ცოტა შიფერი მაინც გვეყიდა და სადაც ძალიან დაზიანებული და ახდილი იყო სახურავი, ის ნაწილი მაინც გადაგვეხურა, თუმცა შიფერი გასაყიდიც კი ვერ ვნახეთ. ლითონის ფურცლები რომ გვეყიდა, თანხა ჩვენ არ გვქონდა. მერე ნათესავები დაგვეხმარნენ და მეორადი სახურავი მოგვცეს, ასე შევაკოწიწეთ და შევარემონტეთ სახურავი, თუმცა ისევ გვაწვიმს სახლში,“ – ყვება თინა.

ის ამბობს, რომ გამგებლის წარმომადგენლები ორჯერ იყვნენ მისულები და დახმარებასაც დაჰპირდნენ, თუმცა – ამაოდ.

„ჯერ კიდევ სამი წლის წინ დავწერე განცხადება ქედის გამგეობაში სამასალე ხის გამოყოფასა და მეორადი სახურავით დახმარებაზე, თუმცა არც მაშინ მომაქციეს ყურადღება. დღემდე ჩემი 71 წლის და არემონტებს ფარღალალა სახურავს. 2012 წელს მიწისძვრა რომ მოხდა, სახლში ბათქაში ჩამოცვივდა, მინები ჩაიმსხვრა და დღედე ჩამსხვრეული მინებიც კი ვერ გამოვცვალეთ. ჭერიც ასე დაზიანებულია დღემდე. სად არის მაგის თანხა შევაკეთოთ და მინები გამოვცვალოთ,“ – ამბობს თინა კურცხალიძე.

დების შემოსავალი პენსია და თინას მწირი ხელფასია. თინა ბათუმში მეზღვაურთა ცენტრში მუშაობს და ყოველ სამუშაო დღეს მახუნცეთიდან ბათუმში მიკროავტობუსით დადის. ამბობს, რომ გასულ კვირას მაქსიმალური ხელფასი – 120 ლარი აიღო, ისიც იმიტომ, რომ რამდენიმე დღეა შემცვლელი ექთნის ნაცვლადაც მუშაობს და, შესაბამისად, ხელფასიც ამიტომ მეტი გამოუვიდა.

სონია ახალგაზრდა დაქვრივდა, ერთი წლის წინ შვილი, 40 წლის გოგიტაც გარდაეცვალა. თინა ამბობს, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ სონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, წნევა და ოსტეოქონდროზი აწუხებს და პენსია წამლებისთვის ძლივს ჰყოფნის.

სონია კურცხალიძე
სონია კურცხალიძე

ერთი კვირის წინ სონია ქედის ცენტრში ჩავიდა გამგებელთან, დავით დუმბაძესთან შესახვედრად. ამ შეხვედრაზე საუბარი სონიას უჭირს და ცრემლი ერევა:

„ვუთხარი, დაზარალებული ოჯახი ვართ, სახურავს ვითხოვთ. რა გქონდა პირველად დახურულიო? – უხეშად მკითხა. ვუთხარი შიფერი, მერე შიფერი გქონდა და თუნუქის სახურავი გინდაო? ვუპასუხე, არ მომითხოვია თუნუქის სახურავი, ახლა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ-მეთქი. არც სოფლის გზა გვივარგა, ჩემი შვილი 12 წლის გადავარდა და სხვაც რომ არ გადავარდეს იქ, გზა გასაკეთებელია-მეთქი – ამაზეც ვუთხარი და მითხრა, ვალდებული არ ვარ, გზები ვაკეთოო. რწმუნებულებს დაუძახა შემოსულიყვნენ, შემოივიდნენ ისინი და უთხრა, რატომ დაპირდით ამას დახმარება, რომ დაპირდით, ახლა უყიდეთ და აუტანეთო. რა მექნა, წამოვედი განერვიულებული, წნევა ამიწია, არ მახსოვს სახლში როგორ ჩავედი, მთელი კვირა ცუდად ვიყავი. რომ არ მიჭირდეს, ავიდოდი მოხუცი ქალი იქ სათხოვნელად?!“ – ყვება სონია.

2015 წელს ქედაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 24 ოჯახს გადასცეს ლითონის ფურცლები, კურცხალიძეების გარდა ადგილობრივ ხელისუფლებას სახლის გადასახურად დახმარებას 80-მდე ოჯახი სთხოვს. ქედის გამგეობის გათვლით, საჭირო რაოდენობის ლითონის ფურცლების შეძენას 100 000 ლარი სჭირდება.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ქედის გამგებელს, დავით დუმბაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ამ თემაზე სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა.

სახალხო დამცველი ბიოლოგიის სახელმძღვანელოში დისკრიმინაციული ტერმინების შეცვლას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი მე-8 კლასის ბიოლოგიის სახელმძთვანელოში წამალდამოკიდებულ ადამიანებთან მიმართებით გამოყენებული ტერმინის – „ნარკომანის“,  სხვა ტერმინით ჩანაცვლებას ითხოვს. მისი განცხადებით, „ნარკომანი“,  მცდარი ტერმინია და ის უნდა შეიცვალოს. „გარდა ამისა, წამალდამოკიდებული ადამიანი აღქმულია როგორც საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება“- ნათქვამია სახალხი დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

„2016 წლის 30 აპრილს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ზოგადი წინადადებით სახალხო დამცველმა მოუწოდა სამინისტროს ბიოლოგიის VIII კლასის გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოდან ამოღებულ იქნეს წამალდამოკიდებული, აივ ინფექციისა და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი ფრაზები და მსჯელობები.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბიოლოგიის სახელმძღვანელოში, წამალდამოკიდებულ ადამიანებთან მიმართებით გამოყენებულია მცდარი ტერმინი „ნარკომანი“, ამასთან, წამალდამოკიდებული ადამიანი აღქმულია როგორც საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება. სახელმძღვანელოში ასევე მცდარი ინფორმაციაა მოწოდებული შიდსის გავრცელებისა და აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლის შესახებ. სახელმძღვანელოში ასევე ასახულია შიდსით დაავადებული წამალდამოკიდებული პირის „შემზარავი“ ფოტო“- ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს, რომ სახელმძღვანელოში გამოყენებული ფრაზები, მსჯელობა და მცდარი ინფორმაცია ხელს უწყობს წამალდამოკიდებული, აივ ინფექციის და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების და სტიგმის გაძლიერებას და ახალისებს სხვადასხვა სფეროში მათი უფლებების შეზღუდვას დისკრიმინაციული მოტივით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში გვხვდებოდეს ისეთი გამონათქვამები, რომელიც არასწორ ინფორმაციას აწვდის ბავშვს და კონკრეტულ საკითხზე უქმნის მას ისეთ წარმოდგენას, რამაც შეიძლება წაახალისოს კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზაცია და ხელი შეუწყოს სტერეოტიპული აზროვნების განვითარებას სკოლის ასაკიდანვე.

დელფინარიუმმა დისკრიმინაციული ფასი შეცვალა

ბათუმის დელფინარიუმმა სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულა, რომელიც მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დისკრიმინაციული ფასის გაუქმებას ავალდებულებდა.

ბათუმის დელფინარიუმში დელფინებთან 15-წუთიანი ინტერაქტივის ფასი 3–დან 16 წლამდე პირთათვის  100 ლარი,  16 წელს გადაცილებულთათვის – 150 ლარი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ყველაზე ძვირი – 160 ლარი ღირდა.

მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაციამ – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – შეიტანა.  ისინი მიიჩნევდნენ, რომ დელფინარიუმის მიერ შშმ ბავშვებისთვის დაწესებული ფასი – 160 ლარი, დისკრიმინაციულია და არღვევს ადამიანის უფლებებს.

სასამართლომ ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა, ბათუმის დელფინარიუმმა კი სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულა და დისკრიმინაციული ფასი შეცვალა.

„სასამართლო გადაწყვეტილება ჩაგვბარდა თუ არა, მაშინვე შეიცვლება ფასები და შშმ ბავშვებისთვისაც იქნება იგივე ფასი, რაც სხვა პირებისთვის,“- განაცხადა დელფინარიუმის დირექტორმა დავით ლეკვეიშვილმა.

საცდელი „ელექტროსკამი“ ბათუმში დაამტვრიეს

ბათუმის მერიასთან ახლოს, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, გასული წლის ბოლოს დამონტაჟებული საცდელი ელექტროსკამი დამტვრეულია.

IMG1401
ლითონისა და პლასტმასის კონსტრუქციის სკამის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის იკეცებოდა და თან ღამით განათებული იყო. ასეთი სკამი ქალაქში მხოლოდ ერთი იყო. თავის დროზე ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამბობდნენ, რომ – სკამი საცდელად დაამონტაჟეს.

მოქალაქე: კორპუსის მშენებლობით დეპუტატი მედეა ვასაძეა დაინტერესებული

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში ფარნავაზ მეფისა (ყოფილი ტელმანი) და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, სადაც მისი საცხოვრებელი სახლია, კორპუსის მშენებლობით უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძეა დაინტერესებული. შეთახმებისას წარმოქმნილი პრობლემების გამო კი, მას დეპუტატი ემუქრება. თავად მედეა ვასაძე ბრალდებას უარყოფს.

გულნარა გოგიას თქმით, გასული წლის ბოლოს მასთან ინვესტორი მივიდა და საცხოვრებელი სახლის დათმობის სანაცვლოდ ახალ კორპუსში ბინა შესთავაზა: „მკითხეს, რას ითხოვო. ჩემი გოგო ქვრივია. კიდევ ბიჭი მყავს. ამიტომ ვუთხარი, რომ ერთი ბინა, 80 კვ/მეტრი, ერთი შვილისთვის მინდოდა, ხოლო მეორე – 80კვ/მ ბიჭისთვის. შევთანხმდით, მაგრამ მაშინ სახლი ძველი იყო. არც ფანჯრები ჰქონდა. მთელი ზამთარი გაუკეთებელ სახლში ვიყავი. გამაფრთხილეს ხელი არაფერს მოკიდოო, მაგრამ მერე აღარ გამოჩნდნენ. ამიტომ მერიას ცვლილებაზე მივმართე და რაღაცები ავაშენე, სახლი გავარემონტე. ფანჯრებიც ჩავსვი. რის გამოც შემდეგ ათასი ლარით დამაჯარიმეს. ცოტა ხნის წინ კიდევ მოვიდა იგივე ინვესტორი, მაგრამ რადგან უკვე სახლი გაკეთებული მქონდა, აღარ დავთანხმდი და 240 კვადრატი და მაღაზიის ფართობიც მოვითხოვე. არ დამთანხმდნენ. ამის შემდეგ დეპუტატი მედეა ვასაძე ტელეფონით მელაპარაკა და დამემუქრა. მითხრა, პროექტში დახარჯულ ფულს, 50 000-ლარს შენგან ამოვიღებო.“

გულნარა გოგიას თქმით, ინვესტორი, რომელიც ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე კორპუსის აშენებას გეგმავდა, დავით გოგუაძე იყო.
გულნარა გოგიას თქმით, სახლის მშენებლობით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარე, მედეა ვასაძეა დაინტერესებული: „გოგუაძე მან მოაგზავნა. თავად არ ჩანს“.

როგორც მოქალაქე ყვება, ინვესტორთან წარმოქმნილი პრობლემების შემდეგ ის ბათუმის მერიამ მშენებლობის წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. მოქალაქე ირწმუნება, რომ ინვესტორთან ვერ შეთანხმებიდან მალევე მათთან ასევე გამოჩნდა სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი, რომელმაც მის შვილზე – მინდია მეგენეიშვილზე ერთი წლის წინ გამოწერილი საჯარიმო თანხა [ავტომანქანის მართვის წესების დარღვევა] ნატურის სახით ამოიღო დაჯარიმებულის დის სახელზე რეგისტრირებული სახლიდან – აღმასრულებელმა მაცივარი და სარეცხი მანქანა წაიღო. „ეს ჩემი ქვრივი გოგოს ნივთები იყო, მე მასთან ვცხოვრობ“, – ირწმუნება გულნარა გოგია, რომელიც აღმასრულების გააქტიურებას დეპუტატ მედეა ვასაძეს უკავშირებს.

თავად დეპუტატი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში არ უარყოფს, რომ გულნარა გოგიას იცნობს და ინვესტორთან დაკავშირებულ პრობლემებზეც აქვს ინფორმაცია: „საქმის კურსში ვარ იმასთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ მესაუბრებით. ჩემი სამეზობლოა, ამ უბანში ვცხოვრობდი 45 წელი. მათთან ვმეზობლობ და მაქვს ურთიერთობები. მოვიდნენ და მთხოვეს ინვესტორია მოსული, ერთ-ერთი მესაკუთრის სახლს ყადაღა ადევს და დაგვეხმარეო, ნებისმიერი ინვესტორი უარს ამბობს, რადგან ერთ-ერთი მესაკუთრის ყადაღა არ იხსნებაო. ეს არის ბარაკის ტიპის დასახლება. შევპირდი, რომ როდესაც დადგებოდა საკითხი დღის წესრიგში, დაველაპარაკებოდი აღმასრულებელს. როცა მივიდა ინვესტორი, მესაკუთრეს დავაწერინე განცხადება, დაველაპარაკეთ სააღსრულებო ბიუროს და მივაღწიეთ შედეგს. როგორც ჩანს, მოლაპარაკება მათ შორის შედგა. მათ შორის გოგიამაც მოუწერა ხელი შეთანხმებაზე ინვესტორს. როგორც დანარჩენი 13 ოჯახი მეუბნება, მას ინვესტორისგან მოუთხოვია 170 მ/კვ ფართობი და 10 000 დოლარი, რაზეც ინვესტორი დათანხმდა. შედგა წერილობითი შეთანხმებაც. შემდეგ, როგორც მეუბნებიან, საცხოვრებელი ფართობის 45 კვადრატი გაუსხვისებია თავის შვილზე და მას დაუწყია მშენებლობა. ამის შემდეგ გაუზრდია მოთხოვნა არაგონივრულად. ინვესტორმა გააკეთა პროექტი და როგორც ვიცი შეათანხმა მერიას, მაგრამ ამ გოგიამ ჩაშალა მთელი 13 ოჯახის ინტერესი. ინვესტორი, რომელსაც მე არ ვიცნობ, შეიძლება გაღიზიანდეს და სულ წავიდეს. ასე დაიპირისპირა მთელი სამეზობლო. მე მათ მხოლოდ ყადაღის ნაწილში დავეხმარე, რადგან ისინი ჩემი ამომრჩევლები არიან. ამის შემდეგ არ ვიცი რა მოხდა. მათი შიდა კონფლიქტი რა ჩემი საქმეა. არც ის ვიცი, ჩემგან რა უნდა – პირიქით მადლობას უნდა მიხდიდნენ, რადგან ისინი ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ და ინვესტორთან პრობლემა მოვუგვარე“.

მედეა ვასაძის თქმით, ის გულნარა გოგიას არასდროს დამუქრებია და არც მისთვის დაურეკავს. ის ამტკიცებს, რომ პირიქით – მას დაურეკა რამდენჯერმე გულნარა გოგიამ და შეუძლია „ბათუმელებს“ ამის დამადასტურებელი სატელეფონო ამონაწერიც მოაწოდოს.

კომპანია, რომელიც ბათუმში ლერმონტოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში კორპუსის მშენებლობას გეგმავს, „სიტი ტაუერია“. ამ კომპანიის დირექტორის, დავით გოგუაძის ტელეფონის ნომრის დადგენაში მედეა ვასაძე დაგვეხმარა. დავით გოგუაძე კომპანიის ერთპიროვნული მფლობელია. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მან კომპანია 2015 წლის აგვისტოში დააფუძნა. გულნარა გოგია ირწმუნება, რომ ის მედეა ვასაძის დეიდაშვილია, რასაც მედეა ვასაძეც უარყოფს და თავად დავით გოგუაძეც.

დავით გოგუაძის თქმით, ის ბათუმში, ლერმონტოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში კორპუსის მშენებლობას ნამდვილად გეგმავს. სწორედ ამ მიზნით მან იქ მცხოვრებ 13 ოჯახთან შეთანხმებაც გააფორმა, მათ შორის იყო გულნარა გოგიას ოჯახიც. ამის შემდეგ ინვესტორმა პროექტი მოამზადა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურებს გადიოდა: „ვიდრე ნებართვას არ მივიღებდი, ვერავის გამოვიყვანდი ბინიდან და ვერაფერს შევეხებოდი. შემდეგ გავიგე, რომ ვიდრე მე ამ პროცედურების მოგვარების რეჟიმში ვიყავი, გოგიას მიშენება-დაშენება დაუწყია. შემდეგ მან ბევრი მოინდომა. მე უფრო მეტი შევთავაზე, ვიდრე მანამდე და პასუხს დღესაც ველოდები. გაწეული მაქვს ხარჯები, ორი ეტაპი გავიარე. ახლა გაჩერებული ვარ. შეთანხმება 170 კვადრატზე გვაქვს და გირაოთი ასაღები ფართობის ხარჯზე, 10 000 დოლარზე. ახლა რასაც ითხოვს ის რომ მივცე, მაშინ სხვებიც აჯანყდებიან და აღარ მიღირს“.
კითხვაზე, იცნობს თუ არა დეპუტატ მედეა ვასაძეს, ინვესტორი პასუხობს: „როგორ არა, ვიცნობ, ჩემი უბნელია და დახმარების თხოვნითაც მივმართე ერთ-ერთი მესაკუთრის სახლზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით“.

მედეა ვასაძემ კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ინვესტორს არ იცნობს და ვერც მისი სახელი და გვარი გაიხსენა.

Exit mobile version