სპორტი

20 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხულოდან

13.08.2014
20 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხულოდან
შმაგი, როგორ შეაფასებ მსოფლიო ჩემპიონატს?

მსოფლიო ჩემპიონატი რთული შეჯიბრია. ყველა მოწინააღმდეგე კარგად არის მომზადებული. საქართველოს ნაკრების წევრებმა ინტენსიური შეკრებები გავიარეთ და კარგად მოვემზადეთ. ყველა მობილიზებული ვიყავით და გადაწყვეტილი გვქონდა მაგრად გვეჭიდავა. პირველ დღეს გელა ბოლქვაძემ იჭიდავა და მესამე ადგილი დავიკავეთ. მეორე დღეს ოთხი მოჭიდავე გავედით. აქედან სამს შედეგი გვქონდა.

პირველ შეხვედრაში მონღოლს მოვუგე დამაჯერებლად. მეტოქე ძლიერი შემხვდა. მეორე შეხვედრაზე ჩინელი დავამარცხე, მესამეზე – თურქ მოჭიდავეს შევხვდი. მას მსაჯი ეხმარებოდა, მაგრამ შევძელი და მოვუგე. მეოთხე შეხვედრაზე უნგრელ მოჭიდავეს ვძლიე და ფინალში აზერბაიჯანელთან გავიმარჯვე.

კარგად ვიყავი მომზადებული, რაც ტრენერების დამსახურებაა. ჩემი პირადი მწვრთნელი ავთანდილ აბულაძეა, ის ჩემი პირველი მასწავლებელიცაა. მეორე ტრენერი თბილისში ვაჟა კრევეიშვილია. ამჟამად, ძირითადად, თბილისში, „ფალავანდთა“ კლუბში ვვარჯიშობ.

როდის დაიწყე ჭიდაობა?

ჭიდაობა 2000 წელს, პირველი კლასიდან ხულოში, ავთანდილ აბულაძესთან დავიწყე და უკვე მეთოთხმეტე წელია ვვარჯიშობ. კარგად გამომდიოდა ჭიდაობა, ხშირად ვიგებდი შეჯიბრებებს. ჭიდაობაზე მამამ მიმიყვანა. ის დამყვებოდა ყველა შეჯიბრებაზე და მხარში მედგა.

როცა მიდიოდი მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ ფიქრობდი, რომ პირველი ადგილით დაბრუნდებოდი საქართველოში?

კი. 2013 წელში ბულგარეთში, სოფიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავედი. წელს ჩემპიონობაზე ვფიქრობდი, ჩემპიონობა მინდოდა და სხვა არაფერი.

რა უნდა გაითვალისწინოს სპორტსმენმა, როცა მსოფლიოზე ასპარეზობს?

უნდა იყო შენ თავში დარწმუნებული, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდები. წაგებაზე არ  უნდა იფიქრო, მობილიზებული უნდა იყო და თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ მოგებაზე იფიქრო.

რა გეგმები გაქვს?

მე დავასრულე ახალგაზრდულ კატეგორიაში ასპარეზობა. უახლოეს მომავალში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. ვფიქრობ, ოლიმპიადაში მონაწილეობასაც, რომელიც 2016 წელს ბრაზილიაში ჩატარდება. ამისთვის უნდა მოვემზადო.

რაზე  ოცნებობ?

ოლიმპიურ ჩემპიონობაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: