მთავარი,სიახლეები

აჭარაში 5-9 წლამდე ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური პრეპარატები გაიცემა

14.09.2016
აჭარაში 5-9 წლამდე ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური პრეპარატები გაიცემა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 5–9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური [ჭიების საწინააღმდეგო] პრეპარატის გაცემას იწყებს.

ცენტრის ინფორმაციით, 5–6 წლამდე ასაკის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და 6–9 წლის  სკოლის მოსწავლეებს მშობლის ან მეურვის თანხმობის საფუძველზე ანტიჰელმინთური პრეპარატები დაურიგდებათ. თუ როგორ და რა ფორმით – ამასთან დაკავშირებით ბათუმის საბავშვო ბაღების დირექტორებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა დღეს, 14 საათზე, N4 საბავშვო ბაღში გაიმართება. შეხვედრაზე პროგრამის განსახორციელებლად საჭირო საკითხებს და ანგარიშგების ფორმებს განიხილავენ. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, „აჭარაში საკმაოდ მაღალია ჰელმინთებით ბავშვთა დასნებოვნება. 5–9 წლის ასაკის ბავშვებში ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემებით, სხვადასხვა ჰელმინთებით დაავადებული აღმოჩნდა ბავშვთა 30%. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქვეყნების რეგიონულმა ბიურომ 2016 წლისთვის ბავშვთა დეჰელმინთიზაციისთვის საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით პრეპარატი ვერმოქსი (მებენდაზოლი) გადმოსცა.  მოსაწოდებელი ოდენობა საშუალო ავადობის მონაცემებით იქნა გათვლილი და აჭარისთვის შეადგენს პრეპარატ ვერმოქსის  40 000 დოზას.

მსოფლიოში გავრცელებულია 250 სახეობის ადამიანის პარაზიტული ჭიები, მათგან 20 საქართველოსთვის ენდემურია. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია  ენტერობიუსი, ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში მხოლოდ ასკარიდოზით ყოველწლიურად ავადდება 1,2 მილიარდი ადამიანი და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბავშვებია“.

ცენტრში აცხადებენ, რომ ადამიანის დასნებოვნების გზებია: საყოფაცხოვრება-კონტაქტური – დაუბანელი ხელების საშუალებით; საკვებით – გაურეცხავი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, არასათანადოდ თერმულად დამუშავებული ხორცისა და ხორცპროდუქტების საკვებად მიღება;  წყლით – დაბინძურებული წყალსატევებიდან და სხვა წყლის რეზერვუარებიდან წყალის დალევა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: